მთავარი,სიახლეები

თაღლითობის რისკი სუს-ში ხელფასების გაცემისას – აუდიტი

21.12.2020 •
თაღლითობის რისკი სუს-ში ხელფასების გაცემისას – აუდიტი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუს-ში] „შრომის ანაზღაურების დარიცხვის პროცესში არსებობს მექანიკური შეცდომის ან თაღლითობის რისკი, რომელსაც ვერ ფარავს შიდა კონტროლის არსებული მექანიზმები“, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სარეკომენდაციო წერილში, რომელიც აუდიტმა სუს-ს გადაუგზავნა.

2019 წელს სუს-ში ხელფასებისთვის 82 577 877 ლარი დაიხარჯა. 2020 წელს ხელფასებისთვის გათვალისწინებულია 84,5 მილიონი ლარი, ხოლო 2021 წლისთვის – 87 მილიონი ლარი.

„შრომის ანაზღაურების პროგრამაში პირველადი მონაცემები მექანიკურად [ხელით] შეაქვს საბუღალტრო სამსახურის თანამშრომელს ისე, რომ ამ პროცესის დამოწმება სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ოფიციალურად არ ხორციელდება. არ არსებობს სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვის ოფიციალური ფორმა, არ არის შექმნილი შიდა კონტროლის დამატებითი მექანიზმები. სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები არც ერთ ეტაპზე არ მონაწილეობენ თავიანთი თანამშრომლებისათვის შრომის ანაზღაურების დარიცხვის პროცესში. აღნიშნულმა გარემოებამ შესაძლოა, რომ გამოიწვიოს გათავისუფლებული თანამშრომლისთვის ან გარეშე პირისთვის ხელფასის დარიცხვა“, – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის სამსახურმა სუს-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. აუდიტმა ანგარიში და რეკომენდაციები 2020 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით „სუს-ის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მონაწილეობა თავიანთი თანამშრომლებისთვის ხელფასების დარიცხვის პროცესში, მინიმუმამდე შეამცირებდა გათავისუფლებული თანამშრომლისთვის ან გარეშე პირისთვის ხელფასის დარიცხვის რისკს“.

სუს-ის თანამშრომლებზე 2019 წელს გაცემულია ასევე 138 755 ლარის პრემია და დანამატი, რაც, აუდიტის მიხედვით, არ შეესაბამება ამ თანამშრომლებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების პირობებს.

„კანონით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის სახელფასო დანამატის მიცემა შესაძლებელია, თუ ეს უფლებამოსილება გამომდინარეობს ხელშეკრულების პირობებიდან. 2019 წელს სამსახურის [სუს] მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლებისთვის პრემიის და დანამატის მუხლებით ჯამურად გაცემულია 138 755 ლარი, ხელშეკრულებების პირობებით კი მსგავსი უფლებამოსილება განსაზღვრული არ არის“, – აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის მიხედვით, სუსი, „მომუშავეთა მიმართ სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების“ ანგარიშზე აღრიცხავს თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების სახით ზედმეტად გაცემულ თანხებს.

„აღსანიშნავია, რომ ანგარიშზე რიცხული ნაშთი წლების მანძილზე მზარდია და 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 40 592 ლარს შეადგენს. აღნიშნულის მიზეზებია შემდეგი: თანამშრომლების გათავისუფლება გასული თარიღით, ეკონომიკური დეპარტამენტისთვის შესაბამისი ბრძანების დაგვიანებით გაგზავნა ან თანამშრომლების ხელფასის დარიცხვის თარიღის შემდეგ გათავისუფლება, რაც ძალოვანი უწყებებისთვის დამახასიათებელი პრობლემაა. მიუხედავად სუს-ის ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ განხორციელებული აქტივობებისა, ზედმეტად გაცემული თანხების სრულად დაბრუნება ვერ ხერხდება“, – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის მიხედვით, სუს-ში არსებული სსიპ − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ „არ არის შეფასებული და ბალანსზე აღრიცხული ხელფასების დარიცხვის სპეციალური პროგრამა“, რომელიც სააგენტოს მიერ „საკუთარი ძალებით არის შექმნილი“.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით სუსის 2019 წლის საბიუჯეტო ხარჯები, მთლიანობაში განსაზღვრული იყო 136 მილიონი ლარით, ფაქტობრივად კი გაიხარჯა 136 293 867 ლარი. ეს თანხა მოიცავს საკუთარი შემოსავლებით გაწეულ ხარჯებსაც.

„საკუთარი შემოსავლების მობილიზება ხდება დამკვეთი მხარისთვის სხვადასხვა სახის საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურების გაწევით. შემოსავლების წყაროს შესაძლოა წარმოადგენდეს გრანტებიც“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 137,5 მილიონი ლარი. აქედან ხელფასებისთვის – 87 მილიონი ლარი. სუს-ში 3 850 ადამიანი მუშაობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: