მთავარი,სიახლეები

კეთილი ინებონ და იფიქრონ ჩვენთან ერთად – ბათუმის ბიუჯეტი ოპოზიციის გარეშე დაამტკიცეს

21.12.2020 • 1391
კეთილი ინებონ და იფიქრონ ჩვენთან ერთად – ბათუმის ბიუჯეტი ოპოზიციის გარეშე დაამტკიცეს

ბათუმის საკრებულომ დღეს, 21 დეკემბერს, 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შემცირებულია. შესაბამისად, შემცირებულია დაფინანსება რამდენიმე მიმართულებით. სხდომას არ ესწრებოდნენ და არც მის განხილვებში მიუღიათ მონაწილეობა ოპოზიციური ფრაქციის წევრებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. შენიშვნებზე ძირითადად საკრებულოს უპარტიო წევრებმა – რაულ თავართქილაძემ [„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი] და არჩილ მამულაძემ [„პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი] ისაუბრეს.

2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით [რომელიც საკრებულომ 2019 წლის ბოლოს დაამტკიცა], 2021 წლის ბათუმის ბიუჯეტი 21 მილიონით მცირდება. 2020 წლის ბათუმის ბიუჯეტი, რაც 172 მილიონი ლარი იყო, პანდემიის პირობებში ორჯერ დაკორექტირდა – შემცირდა როგორც ხარჯვითი ნაწილი, ასევე შემოსულობები და საპროგნოზო მაჩვენებლებიც. ზოგიერთი დაგეგმილი ღონისძიება კი საერთოდ გაუქმდა.

საბოლოოდ, 2021 წლის ბიუჯეტი, რომელიც საკრებულომ დღეს დაამტკიცა, 151 მილიონი ლარია. მერიის განმარტებით ბარათშივეა ნათქვამი, რომ სათუოა ამ ბიუჯეტის შესრულებაც. მერიის განმარტებით, პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვეველი მდგომარეობა ართულებს 2021 წლის ზუსტ პროგნოზირებას.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 68 მილიონ 879 200 ლარი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება, მათ შორის, 37 მილიონ 805 000 ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დაიხარჯება, 2 მილიონ 876 800 ლარი კი გარე განათების ქსელის განვითარებას და მოვლა-პატრონობას უნდა მოხმარდეს…

2020 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, გზების რეაბილიტაციაზე წელს 70 მილიონ 348 500 ლარი უნდა დახარჯულიყო.

„ბიუჯეტი დეფიციტურია“ – განაცხადა დღეს სხდომაზე საკრებულოს წევრმა „კონსერვატორებიდან“ ნატალია ძიძიგურმა, რაც არ მოეწონა „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს ნატალია ზოიძეს და გადაწყვიტა, რომ ამის შესახებ მეტი განმარტება იყო საჭირო:

„ვინაიდან მოსახლეობა გვისმენს, მე მინდა ნათელი მოვფინო ამ ტერმინს. რამდენადაც ვიცი, ბიუჯეტი დეფიციტურია, თუ შემოსავლები ნაკლებია ხარჯებთან მიმართებაში. ბიუჯეტი 151 მილიონია და ხარჯები არის გადანაწილებული შესაბამისად. ასევე სპეციალური და კაპიტალური ტრანსფერით მუნიციპალიტეტს ექნება შესაძლებლობა ყველა ის პროექტი და სოციალური მხარდაჭერა, რაც მოსახლეობის კეთილდღეობისთვის არის საჭირო, გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში“.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის ბოლო ვარიანტის მიხედვით, ბათუმის მერია სოციალური სფეროს დაფინანსებას, ერთი შეხედვით, 1.5 მილიონით ზრდის.

 

შენიშვნების დიდი ნაწილი ძირითადად მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას, საპარკინგო და სავალი ნაწილების გადანაწილებას და უსაფრთხოებას ეხებოდა. საკრებულოს წევრმა რაულ თავართქილაძემ აქცენტი გააკეთა ბათუმის ცენტრალურ პარკში ღიად დატოვებულ ელექტროსადენებზე, რის გამოც ცოტა ხნის წინ ძაღლი დაიღუპა.

„ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ნატალია ზოიძე დაინტერესდა, ვის აქვს ჩაბარებული პარკის უსაფრთხოების საკითხი. ითქვა ისიც, რომ პარკი არასაკმარისად არის განათებული. „ცხრა ძიძის ხელშია და შედეგი სახეზეა“, – განაცხადა მან.

არჩილ მამულაძემ თქვა, რომ მოუვლელია და ტყეად არის გადაქცეული ბარცხანის ხიდის მიმდებარე ტერიტორია. მისი ინფორმაციით, მოსახლეობას აქვს პრეტენზია, რომ კახაბრის დასახლებაში არც ერთ ქუჩაზე არ არის ბავშვთა გასართობი ატრაქციონი. იყო საუბარი იმაზეც, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ახალი ბაღის მშენებლობა არ არის დაფინანსებული.

2021 წლის ბიუჯეტით არც ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაფინანსებული არ არის.

2021 წელს ბათუმში არც ერთი საბავშვო ბაღი არ აშენდება – ბიუჯეტის პროექტი

ბაღების საკითხზე დაწყებული გამოსვლა ნატალია ზოიძემ ენმ-ის ფრაქციის კრიტიკით გააგრძელა. მან გაიხსენა საბავშვო ბაღების შენობები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა:

„ეს ის წინა ხელისუფლებაა, რომელიც დღეს ე.წ. მთავარი ოპოზიციის რანგში გვევლინება, მენტორული ტონით გვესაუბრება და ჭკუას გვარიგებს იმის ნაცვლად, რომ აქ ისხდნენ ახლა, ჩვენთან ერთად იფიქრონ და ღებულობდნენ გადაწყვეტილებას. გარდა იმისა, რომ შენობაა ასაშენებელი, ტერიტორიაც საძებნელი გვაქვს ბაღისთვის“, – განაცხადა მან.

თუმცა, აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ „ქართულ ოცნებას“ დღემდე ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის მიერ ინიცირებული არც ერთი წინადადებისთვის არ დაუჭერია მხარი.

სხდომებს არ ესწრება საკრებულოს წევრი თემურ კახიძე, საპარლამენტო არჩევნების წინ მან „ოცნება“ დატოვა და „ევროპულ საქართველოში“ გადავიდა. მისი ამ გადაწყვეტილების შემდეგ იურიდიულ კომისიას თავმჯდომარე აღარ ჰყავს. უკვე ვაკანტურია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც – ამ თანამდებობიდან ლაშა სირაბიძე პირდაპირ უმაღლეს საბჭოში გადავიდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: