მთავარი,სიახლეები

მეეზოვე ცისანა, მებაღე ფატმანი და კაცი, რომელიც ქუჩებს დატბორვისგან იცავს

21.12.2020 • 2117
მეეზოვე ცისანა, მებაღე ფატმანი და კაცი, რომელიც ქუჩებს დატბორვისგან იცავს

თვალები დახუჭეთ და წარმოთქვით სიტყვა ქალაქი. მერე დააკვირდით, რა წარმოგიდგებათ თვალწინ? შენობები, ხალხით სავსე ქუჩები, შადრევნები და დიდი პარკები, ტრანსპორტის ხმაური… ალბათ, ძირითადად ეს.

თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც ქალაქთან სხვაგვარი კავშირი აქვთ:

მათ ცოცხებმა ქალაქის მოკირწყლული ქუჩების თითოეული ქვა იცის, ყველა ხის ფოთოლი შეუგროვებიათ;

მათ იციან თითოეული ქუჩის ძარღვებივით დაქსელილი წყლის არხების გეოგრაფია;

მათი ხელები ქალაქის მიწის შავ გრუნტს ფერად გაზონებად აქცევს.

ვისით იწყება ქალაქი? – ალბათ იმ ხალხით, ვინც მზის სხივებზე უფრო ადრე ეფინება ქუჩებს, ქალაქი რომ უფრო სუფთა, მწვანე და კომფორტული იყოს.

ცისანა და „ცუგა“ – მეეზოვე ბათუმიდან

ბათუმის ქუჩებს ყოველდღიურად 348 მეეზოვე გვის. მეეზოვეები ძირითადად უხილავები არიან. მათ მანამ უნდა მოასწრონ ქუჩების დასუფთავება, სანამ ქალაქი გაიღვიძებს. როცა ქუჩები ახმაურდება, მეეზოვეები ქრებიან, დროებით, შემდეგ ცვლამდე.

როცა დილის 9-10 საათზე სამსახურისკენ სუფთა ტროტუარით მიაბიჯებ, მეეზოვეები უკვე დაღლილები არიან და ისვენებენ. მათი ძილი ბევრად ხანმოკლეა, ვიდრე ქალაქის დანარჩენი მცხოვრებლების.

55 წლის ცისანა მსხალაძე 14 წელია ბათუმის ქუჩებს გვის. ამბობს, რომ ძილის ადამიანური რეჟიმი მისთვის ფუფუნებაა, რაც კარგა ხანია აღარ აქვს: იღვიძებს დილის 5 საათზე, ზუბალაშვილის ქუჩის სუპერმარკეტში რამდენიმე სხვა მეეზოვესთან ერთად ყავას სვამს და 6 საათიდან გორგასლის, ბარათაშვილის ქუჩებს, მიმდებარე ჩიხებს გვის.

ცისანა მსხალაძე და ცუგა

„წვიმაში, ქარში, კარგ ამინდში, სულ ვმუშაობთ. კვირაში ერთი დღე გვაქვს დასვენება. თუ წვიმს, როგორც დღეს, სანიაღვრე არხებს ვასუფთავებთ ფოთლების, წიწვების, პარკების და ბოთლებისგან.

დილის 6-დან 9 საათამდე ვგვი ქუჩებს, მერე 2-დან  6 საათამდე,“ – ამბობს ცისანა მსხალაძე. დაგვისას მისი მუდმივი თანამგზავრი ქუჩის ნაცნობი ძაღლია, რომელსაც უბრალოდ „ცუგას“ ეძახის.

ცუგა მეეზოვეს დილიდანვე, ყავის სმისას ეგებება და მერე მთელი დღე თან დაჰყვება. ცისანას ყოველ დილით საჭმელი მოაქვს მისთვის.

ცისანა და ბათუმის სხვა მეეზოვეები ერთადერთნი არ არიან, რომელთა შრომა ქალაქის მოვლაში, გალამაზებასა და მოწესრიგებაში ხშირად უხილავია.

ფატმანი – მებაღე

არიან მებაღეები, რომელთა შრომის შედეგია ბათუმში ყვავილები გაზონებში, გასხლული ბუჩქები და ახალი ნარგავები.

ქალაქის სკვერების გამწვანება-გალამაზებაზე, სეზონური ყვავილების დარგვასა და მოვლაზე მზრუნველ ადამიანებს ბათუმში ადვილად იცნობთ: მებაღეები მწვანე სამოსით, ჯგუფ-ჯგუფად გადაადგილდებიან სკვერიდან სკვერამდე, ბაღიდან ბულვარამდე. ცარიელი ზამთრის სკვერი, რომელსაც დილით ჩაუარეთ, საღამოს მებაღეების შრომის შედეგად შეიძლება ნარგავებით იყოს გამწვანებული, ერთ კვირაში კი – აყვავებულიც.

„მწვანე ბათუმის“ მებაღეებს დიდ და მცირე სათბურებში თავად გამოჰყავთ ჩითილები, აკალმებენ მცენარეების ტოტებს და მერე გრუნტში გადმოაქვთ.

ზამთარში მებაღეები ყინვისგან დასაცავად ხე-მცენარეებს ფუთავენ, ჭიგოებით ამაგრებენ და ზამთრის ერთწლოვან, ყინვაგამძლე ყვავილებს რგავენ.

მებაღეებს ნარგავები ხშირად დაზიანებული ხვდებათ.

„არ მოვითხოვ, უბრალოდ ვთხოვთ მოსახლეობას, რომ თუ დაინახავენ, ძაღლი აფუჭებს ნარგავებს – დაუყვირონ, თუ ბავშვი წაეპოტინება ყვავილებს – აუხსნან, რომ ეს არ შეიძლება, მეტი ყურადღება რომ გამოვიჩინოთ, ცუდი არ იქნება. მცენარე ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელსაც უვლი, გახარებს შენი ნაშრომით და საყვედურსაც არასდროს გეტყვის,” – ამბობს მებაღე ფატმან ზოიძე.

ბათუმის გასამწვანებლად ის ყოველდღე, დილის 7 საათზე სოფელ ერგედან ჩამოდის და დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე მუშაობს.

ფატმან ზოიძე

ბათუმის ბულვარში, სკვერებსა და ბაღებში ზამთარშიც ყვავილობენ მცენარეები. ეს ძირითადად ყინვაგამძლე, ზამთრის მოყვავილე მცენარეებია: ვიოლები, აზალიები, მიხაკები და ბალზამინები.

სკვერებში ყვავილების ჯიშების შერევა-გადანაწილებაზე დიზაინერები მუშაობენ მებაღეებთან შეთანხმებით: რომელ სკვერში რომელი მცენარე დაირგოს, ფერები როგორ უნდა შეერიოს, რომელი ჯიშები უნდა დაირგოს ერთად და რომელი ცალ-ცალკე. ასევე ითვალისწინებენ იმასაც, რომ სხვადასხვა უბანში სხვადასხვა ჯიში დაირგოს – ერთფეროვნების თავიდან ასაცილებლად.

დაზმირი – კაცი, რომელიც ქალაქის არხებს ამოწმებს

დაგვილ ქუჩებსა და გამწვანებულ სკვერებს წყლის ტბორი დაფარავდა, რომ არა ფოსფორისფერ უნიფორმებში გამოწყობილი ადამიანების ყოველდღიური შრომა – სანიაღვრე არხები რომ არ გადაივსოს წვიმისას, საკანალიზაციო ჭები რომ არ გაიჭედოს ქალაქში. ეს „ბათუმის წყლის“ თანამშრომლები არიან, 600-მდე ადამიანი.

დაზმირ ძიძიგური 17 წელია ,,ბათუმის წყალში“ მუშაობს და ყოველდღე წყლის არხების ქსელებს ამოწმებს. ეს არხები, როგორ წესი, ძირითადად ცხაურებქვეშაა მოქცეული და ქუჩაში სეირნობისას შეიძლება ვერც კი შენიშნოთ.

„რა მოხდებოდა, 10 დღით რომ შეგვეწყვიტა მუშაობა? ქალაქი დაიტბორებოდა, საშინელი სუნი დადგებოდა“ – 71 წლის დაზმირ ძიძიგური ამბობს, რომ მძიმე შრომას ქალაქის სიყვარული აბალანსებს, რის გარეშეც ერთსა და იმავე საქმეს 17 წელი ვერ გააკეთებდა:

„შეიძლება დღეს გაწმინდო წყლის არხები მთელ ქალაქში და ხვალ ისევ ფოთლებით იყოს სავსე. შეიძლება ქუჩა დაგვილი იყოს, მაგრამ ქარში ფოთლები უცებ ჩამოცვივდეს, წვიმამ მაშინვე ჩარეცხოს არხებში და რაც წინა დღით გააკეთე, ისევ გასაკეთებელი იყოს. თუ თითო ქუჩის წყლის არხებს კვირაში ორჯერ მაინც არ ჩამოვუარეთ და შევამოწმეთ, არხებიდან წყალი გადმოვა, სუნი დადგება.

დაზმირ ძიძიგური

ვმორიგეობთ შუაღამითაც. როგორია, დილის 5 საათზე რომ დაგირეკავენ და მაშინვე უნდა ადგე?! მაგრამ რას ვიზამთ. ამ საქმეს სხვა ვერ გააკეთებს ჩვენ გარდა და ვაკეთებთ რაც გვევალება” – ამბობს „ბათუმის წყლის“ სანიაღვრე არხების ბრიგადის წევრი, დაზმირ ძიძიგური.

როცა მშრალ ქუჩაზე მივაბიჯებთ უპრობლემოდ, ეს თავისთავად არ ხდება – ესე იგი, დაზმირის ან „ბათუმის წყლის“ სხვა ბრიგადამ არხები გაასუფთავა ნარჩენებისგან და ქუჩაში წყალი არ დადგა.

გზად რომ სეირნობისას ცელოფნის პარკები და ძირს დაყრილი ნაგავი არ გვიშლის ხელს, ესე იგი, მთელმა გუნდმა იშრომა ამისთვის დილის 5 საათიდან.

და გაზონი რომ მწვანეა, ზამთარშიც რომ ვხედავთ ყვავილებს ქუჩაში, არც ეს ხდება თავისთავად, ამაზე ბათუმელმა მებაღეებმა იზრუნეს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: