საქართველოს მთავრობამ სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება სრულად 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, თუმცა მანამდე, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, უკვე დღეიდან, 2020 წლის 22 იანვრიდან, უფლებამოსილია შეამოწმოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და გასცეს რეკომენდაციები სათამაშოების [ამ რეგლამენტთან] შესაბამისობაში მოსაყვანად.
თავის მხრივ, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია დაუშვას სააგენტოს წარმომადგენელი პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას ბაზარზე განთავსებული პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები.
მწარმოებელი ვალდებული იქნება სათამაშოს თან დაურთოს ქართულ ენაზე შედგენილი შესაბამისი უსაფრთხოების ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
„მწარმოებელი, რომელიც თვლის ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული სათამაშო არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის სათანადო მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები, აღნიშნული სათამაშოს შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს სათამაშოს ამოღება ან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ სათამაშო ქმნის რისკს, მწარმოებელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია შეუსაბამობის და მიღებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ“, – აღნიშნულია რეგლამენტში.
მწარმოებელი, 2021 წლის პირველი იანვრიდან, ვალდებული იქნება, უზრუნველყოს ბაზარზე მხოლოდ ისეთი სათამაშოს განთავსება, რომელიც დაპროექტებული და დამზადებულია დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად და თან ერთვის შესაბამისობის დეკლარაცია.
სათამაშოების იმპორტიორი კი, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან, ვალდებული იქნება შემოსავლების სამსახურს და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება“ [რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი, შემდგომში საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრება].
იმპორტის გზით სათამაშოს საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება,“ რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით [სამინისტროებმა, 2021 წლის პირველ იანვრამდე, უნდა უზრუნველყონ აღნიშნული წესის დამტკიცება].
შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი სათამაშოს საქართველოს ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარდგენილი დადასტურებული „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება.“
თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა, საქონლის მიმართ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები, საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით.
შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს პროდუქტი პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.
იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ პროდუქტი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება.
სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობა, შემოსავლების სამსახურისგან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა.
სააგენტო უფლებამოსილია, „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტური კონტროლი.
სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს პროდუქტის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შესაბამისი საექსპერტო დასკვნის სააგენტოში წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
ეს წესი 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.
მთავრობის დადგენილებით საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო გამოაქვეყნებს იმ სტანდარტ(ებ)ს, რომელიც უზრუნველყოფს სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას.
დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო განისაზღვრა.
ტექნიკურ რეგლამენტში აღნიშნულია, რომ ის ვრცელდება „პროდუქტებზე (სათამაშოებზე), რომლებიც, დაპროექტებულია ან განკუთვნილია 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ სათამაშოდ გამოყენებისათვის, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პროდუქტი დაპროექტებულია ან განკუთვნილია მხოლოდ სათამაშოდ გამოყენებისთვის თუ არა“.
ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ სათამაშოებზე:
[checklist]
საჯარო გამოყენებისათვის განკუთვნილი სათამაშო მოედნების მოწყობილობები;
საჯარო გამოყენებისათვის განკუთვნილი, მონეტებზე ან მათ გარეშე მომუშავე ავტომატური სათამაშო მანქანები;
წვის ძრავით აღჭურვილი სათამაშო მანქანები;
სათამაშო ორთქლის ძრავები;
შურდულები და კატაპულტები.
[/checklist]
რეგლამენტის მიხედვით უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნებია:
[checklist]
სათამაშო, მასში შემავალი ქიმიური ნაერთების ჩათვლით, დანიშნულების მიხედვით ან/და ბავშვის ქცევის გათვალისწინებით სხვა მოსალოდნელი გზით გამოყენებისას, არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს მომხმარებლის ან მესამე პირების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას. გათვალისწინებული უნდა იქნეს მომხმარებლის და, შესაბამის შემთხვევაში, მისი ზედამხედველის შესაძლებლობები, მათ შორის, 36 თვემდე ასაკის ან სხვა მითითებული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისათვის განკუთვნილი სათამაშოების შემთხვევაში. ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად დატანილი ეტიკეტი და სათამაშოს თანმხლები ინსტრუქცია, მკაფიოდ უნდა უთითებდეს სათამაშოს გამოყენებისათვის დამახასიათებელ საფრთხეებზე და შესაძლო ზიანზე, ასევე აღნიშნული საფრთხისა და ზიანის თავიდან აცილების გზებზე.
ბაზარზე განთავსებული სათამაშო, წინასწარ სავარაუდო და გონივრული ვადით გამოყენების განმავლობაში უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს.
[/checklist]
„სათამაშო, რომელიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, შეიძლება წარმოდგენილ იქნეს გამოფენებზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე დატანილი იქნება ნიშანი, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს, რომ სათამაშო არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და, რომ არ მოხდება მისი ბაზარზე განთავსება, სანამ არ იქნება შესაბამისობაში მოყვანილი ამ მოთხოვნებთან“, – აღნიშნულია რეგლამენტში.
ნახეთ რომელი პროდუქტები არ განიხილება სათამაშოებად ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის:
სადღესასწაულო დეკორაციები.
საკოლექციო პროდუქტები, თუ უშუალოდ პროდუქტზე ან მის შეფუთვაზე ცალსახად მითითებულია, რომ აღნიშნული პროდუქტი გამიზნულია 14 წლის ან უფროსი ასაკის მომხმარებლისთვის. მათ შორის:
ა) შემცირებული მასშტაბის დეტალური და ზუსტი მოდელები;
ბ) შემცირებული მასშტაბის დეტალური მოდელის ასაწყობი ნაკრებები;
გ) ეროვნული და დეკორატიული თოჯინები და მსგავსი ნივთები;
დ) ისტორიული სათამაშოს ასლები;
ე) ნამდვილი ცეცხლსასროლი იარაღების რეპროდუქციები.
სპორტული აღჭურვილობა, მათ შორის გორგოლაჭები (ჩექმაზე ორხაზად განლაგებული ოთხი ან მეტთვლიანი, ჩექმაზე ცალხაზად განლაგებული 2 ან მეტთვლიანი), სკეიტბორდები, რომლებიც განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომელთა წონაც აღემატება 20 კგ-ს.
ველოსიპედები, რომელთა სავარძლის სიმაღლე (ვერტიკალური მანძილი მიწიდან სავარძლის ზედაპირამდე) აღემატება 435 მმ-ს, როდესაც სავარძელი ჰორიზონტალურ პოზიციაშია და სავარძლის საყრდენი ღერძი ყველაზე დაბალ რეგულირებად ნიშნულზეა.
სკუტერები და ტრანსპორტირების სხვა საშუალებები, რომლებიც დაპროექტებულია სპორტული აქტივობებისთვის ან განკუთვნილია საზოგადოებრივ გზებზე ან ბილიკებზე გადაადგილებისათვის.
ელექტროენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტი, რომელიც განკუთვნილია საზოგადოებრივ გზებზე, ბილიკებზე ან ქვაფენილზე მგზავრობისთვის.
წყლის აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია ღრმა წყლებში გამოსაყენებლად, ასევე ბავშვისთვის ცურვის სასწავლებელი მოწყობილობა.
თავსატეხები, რომელიც შედგება 500-ზე მეტი ნაწილისაგან.
მშვილდოსნობისთვის განკუთვნილი 120 სანტიმეტრზე დიდი ზომის მშვილდები, პნევმატური თოფები და პისტოლეტები, გარდა წყლის თოფებისა და წყლის პისტოლეტებისა.
პიროტექნიკა, მათ შორის ასაფეთქებელი ნაწილები, რომლებიც არ არის უშუალოდ სათამაშოსთვის განკუთვნილი.
მეტალის წვერიანი დართსის ნაკრების მსგავსი პროდუქტები და თამაშები, რომლებშიც გამოიყენება სასროლები, ბასრი წაწვეტებული თავით.
ფუნქციონალური საგანმანათლებლო პროდუქტები, მათ შორის, ელექტროღუმელები, უთოები და სხვა ფუნქციონალური პროდუქტები, რომლებიც მუშაობს 24 ვოლტზე მაღალ ნომინალურ ძაბვაზე და განკუთვნილია ექსკლუზიურად სასწავლო მიზნებისთვის ზრდასრულის ზედამხედველობის ქვეშ გამოსაყენებლად.
პროდუქტი, მათ შორის, სამეცნიერო აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია სკოლაში ან სხვა პედაგოგიურ კონტექსტში საგანმანათლებლო გამოყენების მიზნით, ზრდასრული ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ გამოსაყენებლად.
ელექტრონული აღჭურვილობა, როგორიცაა პერსონალური კომპიუტერი და სათამაშო კონსოლი, რომელიც გამოიყენება ინტერაქტიულ პროგრამასთან და მასთან დაკავშირებულ პერიფერიულ მოწყობილობებზე წვდომისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ელექტრონული აღჭურვილობა და მისი პერიფერიული მოწყობილობები კონკრეტულად ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და გააჩნიათ საკუთარი სათამაშო ღირებულება, როგორიცაა მიზნობრივად დაპროექტებული პერსონალური კომპიუტერები, კლავიატურები, ჯოისტიკები ან საჭეები.
ინტერაქტიული პროგრამა, რომელიც განკუთვნილია დასვენებისა და გართობისთვის, მაგალითად, კომპიუტერული თამაში და მისი შესანახი საშუალება მათ შორის კომპაქტური დისკი.
ბავშვის საწოვარები.
ბავშვებისთვის მიმზიდველი მანათობელი ნივთები.
სათამაშოსთვის განკუთვნილი ელექტროგადამყვანი.
ბავშვების მოდური აქსესუარები, რომლებიც არ არის განკუთვნილი სათამაშოდ გამოყენებისთვის.
რეგლამენტით:
სათამაშოების მიმართ დადგენილია სპეციალური უსაფრთხოების მოთხოვნები; სათამაშოების ფიზიკური და მექანიკური მახასიათებლები, მოთხოვნები სათამაშოს აალებადობის, ქიმიური, ელექტრული თვისებების მიმართ; ჩამოთვლილია ის ალერგიულ-არომატული ნივთიერებები, რომლებსაც არ უნდა შეიცავდეს სათამაშო. განსაზღვრულია სათამაშოების ჰიგიენასთან დაკავშირებული და რადიოაქტიურობის მიმართ მოთხოვნები, ასევე კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკური ნივთიერებებისა და მათი დაშვებული გამოყენების სია.
მოყვანილია ძირითადი გამაფრთხილებელი მითითებები და ქიმიური ნივთიერებების სპეციალური ზღვარი, რომლებიც გამოიყენება 36 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებში და სათამაშოებში, რომლებიც განკუთვნილია პირში ჩასადებად.