მთავარი,სიახლეები

ქართველი, რომელიც ყოველ დღე შვედეთიდან დანიაში დადის სამსახურში

21.12.2020 • 3420
ქართველი, რომელიც ყოველ დღე შვედეთიდან დანიაში დადის სამსახურში

30 წლის ნინო მირესაშვილი უკვე 11 წელია შვედეთში ცხოვრობს. ნინო 2009 წელს შვედეთში ჩავიდა, როგორც სტუდენტი, შვედეთის პატარა ქალაქ იონშოპინგში დაამთავრა ბაკალავრიატი ეკონომიკის მიმართულებით, მაგისტრატურაში კი სწავლა სტოკჰოლმში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, კაროლინსკას ინსტიტუტში გააგრძელა ჯანდაცვის ეკონომიკის მიმართულებით.

ახლა ნინო შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეა, საპორტო ქალაქ მალმოში ცხოვრობს და დანიაში, კოპენჰაგენში მუშაობს.

ყოველ სამუშაო დღეს იგი შვედეთიდან დანიაში მიდის სამსახურში მალმოს ხიდის გავლით, რომელიც ცნობილი სკანდინავიური სერიალის, „ხიდის“ გამოსვლის შემდეგ განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ეს ყველაზე გრძელი ხიდია ევროპაში, რომელიც შვედეთსა და დანიას აკავშირებს:

„ბაკალავრიატში ეკონომიკას ვსწავლობდი, მაგისტრატურაში კი ავირჩიე ჯანდაცვის ეკონომიკის მიმართულება და ახლა ვმუშაობ დანიურ ფარმაცევტულ კომპანიაში ჯანდაცვის ეკონომიკის მენეჯერის პოზიციაზე. უკვე სამი წელზე მეტია აქ ვმუშაობ და ძალიან მომწონს ჩემი საქმე“.

ნინო ამბობს, რომ ჩამოსვლის პირველ წელს სწავლა ადვილი არ იყო – სრულიად ახალი გარემო და ფაქტი, რომ ქალაქში ჯერ არავის იცნობ, ერთდროულად რთული და საინტერესოც იყო, – თუმცა ერთი წლის შემდეგ ყველაფერს აუღო ალღო და მაგისტრატურა კაროლინსკას ინსტიტუტში წარმატებით დაასრულა – ყველა საგანში უმაღლესი შეფასებით.

„მომავალ სტუდენტებს მინდა ვუთხრა – მთავარია მონდომება. ახლა უკვე ფასიანია სწავლა შვედეთში, მაგრამ ქართველი სტუდენტებისთვის არის სწავლის და დაფინანსების მოპოვების არაერთი საშუალება“.

როცა შვედეთში ჩამოვედი სასწავლებლად, დარჩენაზე არ მიფიქრია. ვფიქრობდი, რომ მივიღებდი კარგ განათლებას, რაც დამეხმარებოდა საქართველოში კარგი სამსახურის პოვნაში, მაგრამ ისე მოხდა, რომ აქ ვიპოვე კარგი სამსახური.

შვედეთიდან დანიამდე, კოპენჰაგენამდე, სადაც ჩემი სამსახური მდებარეობს, გზაში დაახლოებით ნახევარი საათი მჭირდება. შვედები, ვინც დანიაში ვმუშაობთ, ერთი მანქანით დავდივართ. ყოველ დღე სხვადასხვა ადამიანი ატარებს მანქანას, რაც ძალიან კომფორტულია, რადგან საჭესთან ხშირად არ გვიწევს ყოფნა, თან ოთხის ნაცვლად ერთი მანქანა მოძრაობს, რაც საცობების წარმოქმნის პრევენციაა და გარემოსაც ნაკლებად აზიანებს“, – ამბობს ნინო.

საშობაოდ მორთული მალმო. შვედეთი. ნინო მირესაშვილის ფოტო

იგი ამბობს, რომ შვედეთში კლიმატი საქართველოსგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

„ზამთარი აქ დაახლოებით 6 თვემდე გრძელდება, ნოემბერში და დეკემბერში კი დღის 4 საათზე უკვე ბნელა. სამაგიეროდ ზაფხულში არაჩვეულებრივი სილამაზეა,  მზე საღამოს 10-11 საათამდე არ ჩადის და დღის განმავლობაშიც სასიამოვნოდ თბილა.

ივნისის ბოლოს აღინიშნება ზაფხულის მზედგორობა, ეს არის წლის ყველაზე გრძელი დღის და ყველაზე მოკლე ღამის დღესასწაული. ბევრი ადგილობრივი მოსახლე მიიჩნევს, რომ ეს შვედეთის კალენდარში ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს თქვენ ნახავთ მინდვრის ყვავილების გვირგვინებით დამშვენებულ ქალებს და ბავშვებს, რომლებიც ასრულებენ ხალხურ სიმღერებს და ცეკვებს.

შვედეთსა და ქართველოს შორის სხვაობა მხოლოდ კლიმატში არ არის, ხალხიც  განსხვავებულია, შვედები ისე იოლად არ შემოდიან კონტაქტში როგორც ქართველები, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს ხალხი, რადგან გამორჩეულად პატიოსანი, თავმდაბალი, გონიერი და კანონმორჩილი ხალხია. არასდროს მინახავს შვედეთში რიგში ვინმეს სხვისი ადგილი დაეკავებინოს, ყველა მოთმინებას იჩენს.

ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ჯანმრთელი ცხოვრების წესს. ათი შვედიდან შვიდი კვირაში ერთხელ მაინც ვარჯიშობს, ეს ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქუჩასა და პარკებში, ზამთარ-ზაფხულ, დღის ყველა მონაკვეთში, დარში თუ ავდარში ნახავთ ადამიანებს, რომლებიც ვარჯიშობენ. ჩემი შვედი მეგობრების ერთ-ერთი საყვარელი გამოთქმაა: „არ არსებობს ცუდი ამინდი, არსებობს მხოლოდ ამინდისთვის შეუსაბამო ტანსაცმელი“ – ჰყვება ნინო.

რა განსხვავებაა შვედებსა და დანიელებს შორის? ნინო ამბობს, რომ განსხვავება არის და ეს, პირველ რიგში, ხასიათს უკავშირდება. კერძოდ, ნინო მიიჩნევს, რომ დანიელები შვედებზე უფრო მეტად გულღია ხალხია, უფრო სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებას, უფრო უყვართ ყველაფერზე ხუმრობა და ხმამაღალი საუბარი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც, ზოგადად, სკანდინავიის ქვეყნებს გამოარჩევს, საზოგადოების ხელისუფლებისადმი ნდობის მაღალი მაჩვენებელია.

„ამ საკითხზე ხშირად მისაუბრია ჩემს შვედ მეგობრებთან, რადგან ძალიან საინტერესოა, რა იწვევს ნდობის ასეთ მაღალ მაჩვენებელს.

შვედი ხალხი ხანდახან ხელისუფლებას მზრუნველ მშობელს ადარებს, რადგან არსებობს უამრავი სახელმწიფო უწყება, რომელიც ეხმარება ადამიანს ცხოვრების ყველა ეტაპზე. მაგალითად: ბაღი, სკოლა და უნივერსიტეტი შვედეთის მოსახლეობისთვის უფასოა, უმუშევრობის პროცენტი დაბალია, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი უმუშევარი რჩება სახელწიფო დახმარებას იღებს. სრულიად უფასოა ასევე ჯანდაცვაც, საპენსიო ასაკს კი შვედების დიდი ნაწილი სიხარულით ელოდება, რადგან პენსია არამარტო საყოფაცხოვრებო მინიმუმს, არამდედ საზღვარგარეთ მოგზაურობებსაც უზრუნველყოფს.

კორონავირუსთან ბრძოლის „შვედური მოდელი“ დღემდე დისკუსიის საგანია. ახლაც, როცა კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა შვედეთში დღეში 7-8 ათასს აღწევს, შეზღუდვები სხვა ქვეყნებთან შედარებით არც ისე მკაცრია:

„წინა კვირას შვედეთმა შეზღუდვების სია განაახლა და მომავალ წლამდე შემდეგი წესების დაცვა გვმართებს: 20.00 საათიდან რესტორნებში აკრძალულია ალკოჰოლის გაყიდვა, ასევე, რესტორნებში თითო მაგიდასთან მსხდომთა რაოდენობა ოთხ ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს, საშუალო სკოლებმა დისტანციური სწავლება 2021 წლის 24 იანვრამდე უნდა გააგრძელონ, ბიბლიოთეკები, მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილები დაკეტილია, სახლიდან მუშაობის რეკომენდაცია კი ისევ ძალაში რჩება“.

ნინო გვიამბობს, რომ შვედეთისგან განსხვავებით, დანიაში აკრძალვები უფრო მკაცრია.

„წინა კვირას დანიაშიც ამოქმედდა დამატებითი შეზღუდვები, დაიკეტა მაღაზიები, ბარები რესტორნები, სპორტული დარბაზები, სამსახურში ისედაც იყო დისტანციურად მუშაობის რეკომენდაცია“ – ამბობს ნინო.

საშობაოდ მორთული მალმო. შვედეთი. ნინო მირესაშვილის ფოტო

წლევანდელი შობა სკანდინავიაშიც შეზღუდვების ფონზე აღინიშნება. ნინო გვიყვება, რომ წელს საშობაო ბაზრობები არ გაიმართება, მაგრამ ქალაქი უკვე მორთულია საახალწლო განათებებით.

ნინო ამბობს, რომ წელს პირველი წელია, როცა საახალწლოდ საქართველოში ვერ ჩამოდის, რადგან კარანტინის გავლა მოუწევს როგორც საქართველოში, ისე შვედეთში დაბრუნებულს.

„პირველი წელია, როცა ვერ მოვახერხე ჩამოსვლა შეზღუდვების გამო, ამიტომ შობა და ახალი წელი განსხვავებული იქნება, მაგრამ მალე ვაქცინაცია დაიწყება და 2020 კორონავირუსი წლის მოგონებად იქცევა“ – იმედოვნებს ნინო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: