„პირდაპირ გეთქვათ, გააჩერეთ აქციებიო… პირდაპირ გვითხარით, შეწყვიტეთ აქციები და წადით სახლშიო, თქვენ ხართ მურუსიძის მოსამართლე,“ – ამ სიტყვებით ბათუმის აქციის მონაწილე ხათუნა ბერიძემ მოსამართლე კობა გოცირიძეს მიმართა, ვიდრე ის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს გამოაცხადებდა.
სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე ხათუნა ბერიძემ სიტყვა ითხოვა, მაგრამ მოსამართლემ მას ამის საშუალება არ მისცა. „ეს თქვენმა ადვოკატმა კარგად წარმოადგინა,“ – აღნიშნა მოსამართლემ და ისე ჩაიკითხა სარეზოლუციო ნაწილი, რომ ხათუნა ბერიძეს არ მოუსმინა და არც მის შეფასებებზე ჰქონია რეაქცია.
დღეს მოსამართლე კობა გოცირიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის საპროტესტო აქციაზე 15 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 პირის საქმე განიხილა. ამ დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, აქციის მონაწილეებმა კი, საყვირების ფონზე სტიკერების გაკვრა სცადეს საბჭოს ღობეზე – „მონობა ტეხავს“.
მოსამართლემ დაკავებულთაგან თემურ ბერიძეს, რისმაგ ხოზრევანიძეს, ანა კონცელიძეს და მზია ქედელიძეს სიტყვიერი შენიშვნა მისცა, გიორგი სოკოლოვი 1500 ლარით დააჯარიმა, ხათუნა ბერიძე კი – 1000 ლარით. ეს პირები ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან, ხათუნა ბერიძე კი, „ალტერნატივას“ ხელმძღვანელია.
აქციის 6 მონაწილე მას შემდეგ დააკავეს, როცა რამდენიმე მათგანმა ღობეზე ასვლით სცადა სტიკერის გაკვრა. პოლიციელებმა დააკავეს აქციის ის მონაწილეებიც, რომლებიც უმაღლეს საბჭოსთან მხოლოდ სტიკერის გაკვრას ითხოვდნენ.
„რატომ მედავებიან დაუმორჩილებლობას, როცა მე წინააღმდეგობა არ გამიწევია?“ – კითხულობს ხათუნა ბერიძე. პოლიციელებმა უმაღლეს საბჭოს ღობეზე შემომდგარ ხათუნა ბერიძეს ტროტუარზე ჩამოსვლა მოსთხოვეს. მას ამაზე უარი არ უთქვამს, თუმცა მიმართავდა პოლიციელებს, რომ მისთვის სტიკერის გაკვრის საშუალება უნდა მიეცათ.
„მათ ეს სტიკერი ღობეზე შემოდგომის დროს არ გაუკრავთ, სცადეს და არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ გააკრეს,“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.
სტიკერების და ბანერების გაკვრას სახელმწიფო შენობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ნებართვა სჭირდება. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს კანონი უკანონოა, ხოლო სამართალი შერჩევითი, რადგან იგივე უმაღლესი საბჭოს შენობის ღობეზე სამართალდამცველებს არ დაუშლიათ სტენსილი წარწერით „არა მიშას“.
სასამართლოში შსს ხათუნა ბერიძის და გიორგი სოკოლოვის ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებას ითხოვდა, რადგან მათ ხელმეორედ დაუდგინდათ სამართალდარღვევის ჩადენა.
ხათუნა ბერიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე მეორედ დააჯარიმა. 25 ნოემბერს მოსამართლე როინ კახიძემ ხათუნა ბერიძე 500 ლარით დააჯარიმა. მიზეზი ბათუმის საოლქო კომისიასთან გამართული საპროტესტო აქცია იყო. მაშინ ხათუნა ბერიძე და აქციის სხვა მონაწილეები საარჩევნო ოლქების წარმომადგენლებს ხვდებოდნენ შეძახილებით: „მონებო“, „სირცხვილია“… საია-მ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების კუთხით სახიფათოდ შეაფასა.
ხათუნა ბერიძეს ბათუმის საპროტესტო აქციების შემდეგ სისხლის სამართლის საქმეზეც წარუდგინეს ბრალი. მას პროკურატურა ერთ-ერთ აქციაზე ძალადობის ჩადენას ედავება. ხათუნა ბერიძე სასამართლოს 1000-ლარიანი გირაოს საფუძველზე ჰყავს გათავისუფლებული. ხათუნა ბერიძე აცხადებს, რომ მას ეს თანხა არ აქვს და ვერ გადაიხდის.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ხათუნა ბერიძემ საპროტესტო აქცია მოსამართლეების სახლთანაც დააანონსა. „კანონებს მოგიტანთ“, – თქვა მან.
___
აქციები ბათუმში, სხვადასხვა ადგილას, 3 ნოემბრის შემდეგ იმართება. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა.
ამ თემაზე:
სად შეგიძლია გააკრა სტიკერი – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება