მთავარი,სიახლეები

სათამაშოების უსაფრთხოებაზე ახალი წესი 2021 წლის ივლისამდე აღარ ამოქმედდება

20.12.2020
სათამაშოების უსაფრთხოებაზე ახალი წესი 2021 წლის ივლისამდე აღარ ამოქმედდება

სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 2021 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, 6 თვის შემდეგ, 2021 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 17 დეკემბერს მიიღო.

ტექნიკური რეგლამენტით, რომელიც მთავრობამ 2020 წლის 20 იანვარს დაამტკიცა, სათამაშოების მიმართ დადგენილია სპეციალური უსაფრთხოების მოთხოვნები; ასევე ვალდებულებები – სათამაშოების მწარმოებლების, იმპორტიორებისა და რეალიზატორების მიმართ.

საქართველოს ფინანსთა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს 2021 წლის პირველ იანვრამდე ერთობლივი ნორმატიული აქტით – სათამაშოების იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმა და მისი შევსების/დადასტურების წესიც უნდა დაემტკიცებინათ. მთავრობამ ეს ვადაც 2021 წლის პირველ ივლისამდე გადაწია.

ზედამხედველობის სააგენტოს უფლება ჰქონდა, 2020 წლის 22 იანვრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში შეემოწმებინა ბაზარზე განთავსებული სათამაშოების შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და გაეცა რეკომენდაციები სათამაშოების [ამ რეგლამენტთან] შესაბამისობაში მოსაყვანად. ახალი დადგენილებით, ეს უფლება სააგენტოს 2021 წლის პირველ ივლისამდე შეუნარჩუნდება.

შესაბამისად, „ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან და უზრუნველყოს ამ ორგანოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები“.

მწარმოებელი 2021 წლის პირველი ივლისიდან [ნაცვლად პირველი იანვრისა] ვალდებული იქნება, უზრუნველყოს ბაზარზე მხოლოდ ისეთი სათამაშოს განთავსება, რომელიც დაპროექტებული და დამზადებულია დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად და თან ერთვის შესაბამისობის დეკლარაცია.

სათამაშოების იმპორტიორი კი, 2021 წლის პირველი ივლისიდან [ნაცვლად პირველი იანვრისა] ვალდებული იქნება შემოსავლების სამსახურს და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება“ [რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა ერთობლივი ბრძანებით უნდა დაამტკიცონ].

ტექნიკური რეგლამენტით სათამაშოების მიმართ დადგენილია სპეციალური უსაფრთხოების მოთხოვნები; სათამაშოების ფიზიკური და მექანიკური მახასიათებლები, მოთხოვნები სათამაშოს აალებადობის, ქიმიური, ელექტრული თვისებების მიმართ; ჩამოთვლილია ის ალერგიულ-არომატული ნივთიერებები, რომლებსაც არ უნდა შეიცავდეს სათამაშო.

რეგლამენტით განსაზღვრულია სათამაშოების ჰიგიენასთან დაკავშირებული და რადიოაქტიურობის მიმართ მოთხოვნები, ასევე კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკური ნივთიერებებისა და მათი დაშვებული გამოყენების სია.

უფრო დეტალურად ნახეთ ბმულზე:

ევროსტანდარტების მიხედვით საბავშვო სათამაშოებმა ექვსი ტიპის შემოწმება უნდა გაიაროს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: