მთავარი,სიახლეები

ირაკლი ჩავლეიშვილი: ამხელა ბულინგი გადავიტანე ამ დღეებში, რად უნდა მიღირდეს?

21.12.2020 • 2175
ირაკლი ჩავლეიშვილი: ამხელა ბულინგი გადავიტანე ამ დღეებში, რად უნდა მიღირდეს?

ირაკლი ჩავლეიშვილი დღეს, 21 დეკემბერს, უმაღლეს საბჭოში მივიდა. დღესვე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ექვსმა წევრმა, რომლებიც არჩეული დეპუტატები არიან, აჭარის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილების მოხსნის თხოვნით მიმართეს.

ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმს ცოტა ხნის წინ ირაკლი ჩავლეიშვილიც იზიარებდა და ეს წერილობითაც ჰქონდა დადასტურებული, თუმცა მან გადაწყვეტილება შეცვალა და უმაღლეს საბჭოში შევიდა. მისი ამ გადაწყვეტილებით „ოცნებას“ გაუჩნდა შესაძლებლობა თქვას, რომ „უმაღლესი საბჭო ერთპარტიული არ არის“. რატომ შეუწყო ხელი ამას ირაკლი ჩავლეიშვილმა? – ამ და სხვა კითხვებით ირაკლი ჩავლეიშვილის ჩაწერა დღეს მოვახერხეთ.

  • დავიწყოთ განცხადებით, რომელიც საკუთარი ხელით დაწერეთ და შინაარსი გულისხმობდა უარს უმაღლეს საბჭოში შესვლაზე. აცხადებდით, რომ არჩევნები გაყალბდა. შემდეგ რა მოხდა?

სიმართლე გითხრათ, კმაყოფილი ვარ, რომ ეს განცხადება დავწერე თავის დროზე. სამწუხაროდ, ახლა  მიფრიალებენ ცხვირწინ.

ეს იყო ალბათ პირველი ან ორი ნოემბერი, აღარ მახსოვს ზუსტად, როცა გააკეთა ოპოზიციამ განცხადება, რომ ისინი აცხადებდნენ ბოიკოტს. დამირეკა გიორგი კირთაძემ [ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე] და მითხრა, ბრიფინგს ვაკეთებთო. ოპოზიციური პარტიები, ყველა ვინც ვართ, რომლებმაც გადალახეს ან ვერ გადალახეს ბარიერი, მოდიან ჩვენს ოფისში და ხელს ვაწერთ გადაწყვეტილებას, რომ არ შევდივართ უმაღლეს საბჭოშიო. მე მივედი ერთი საათით ადრე და არ ავედი ოფისში, დავუძახე გიორგი კირთაძეს და ვუთხარი, რომ ბოიკოტის რეჟიმი ჩემთვის მიუღებელია, ღრმად მწამს, რომ პარლამენტში უნდა შევიდეთ, რა ძალებითაც გამოგვიწერა ხელისუფლებამ, იმ ძალებით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და, რა თქმა უნდა, გარეთაც უნდა ვიბრძოლოთ-მეთქი.

შემდეგ მეგობრებთან ერთად ვიმსჯელე, მირჩიეს უხერხულად გამოგივა და მაინც დაწერე განცხადებაო. მივედი მეორე დღეს ნაციონალური მოძრაობის ოფისში და დავწერე განცხადება, რომ უარს ვამბობდი დეპუტატის მანდატზე.

ახლა საინტერესო პროცესი მიდის, ათას რამეს ლაპარაკობენ ჩემი კოლეგები. ეს განცხადება გიორგი კირთაძეს ჩავაბარე და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა. 2 დეკემბერს უკვე ამ განცხადებების დარეგისტრირების ვადა იწურებოდა. მე ეს ამბები არ ვიცოდი.

  • რა ამბები არ იცოდით?

რომ ეს განცხადება არ მიიტანეს უსკოში, რომ მიეტანათ, ამას აღარ მოჰყვებოდა ამდენი ინტერპრეტაცია. უკან როგორ დავიხევდი, როცა უკვე გაუქმებული იქნებოდა ჩემი მანდატი. ათი დღის წინ ისევ დამირეკეს და მითხრეს, უნდა დავილაპარაკოთო. მივედი კარავში, შევიკრიბეთ ვინც ვიყავით სიით გასული დეპუტატები. ბატონი ლევანიც [ვარშალომიძე] იყო იქ, თქვეს, ხვალ მიტინგი გვაქვს და საჯაროდ უნდა მოვაწეროთ ხელი, რომ არ შევდივართ უმაღლეს საბჭოშიო. ვუთხარი უკვე მოგეცით განცხადება-მეთქი და იმას უკვე გაუვიდა ვადაო.

შევთანხმდით იმაზე, რომ პარტიასთან  უნდა გამევლო კონსულტაციები. ისიც ვუთხარი, თუ მე რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებ, გთხოვთ ერთმანეთს იარლიყებს ნუ ავკიდებთ, რადგან ეს იქნება ჩემი პირადი გადაწყვეტილება-მეთქი. ბატონმა ელგუჯა ბაგრატიონმა მითხრა, რაზეა ლაპარაკი, თუ თქვენს მიმართ ვინმე რამეს იტყვის, ჩვენ დაგიცავთო. მე, რა თქმა უნდა, არავისი დასაცავი არაფერი არ მჭირს.

  • ჩვენ ვიცით, რომ მათთვის მოულოდნელი იყო თქვენი გადაწყვეტილება. თქვენ ამბობთ, რომ ეს ასე არ იყო?

ეს მათთვის არ იყო მოულოდნელი, ჩემი ძველი თანაპარტიელი იყო მედეა ვასაძე, მას ამ თემაზე ველაპარაკე ზუსტად იმ დღეს, როცა კარავიდან გამოვედი. სხვათა შორის, არც ჩემი პარტიის წევრებს ჰქონდათ იმ დღემდე ინფორმაცია. გადაწყვეტილება მივიღე დამოუკიდებლად და დღესაც ვთვლი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა და პარლამენტარებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში.

  • გვითხარით, რომ მეგობრებს ელაპარაკეთ, „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა, რომელიც ასევე თქვენი მეგობარი იყო, იცოდა თქვენი გადაწყვეტილების შესახებ?

რა თქმა უნდა, ეს ისეთი თემაა, რომლის განუხილველობა… მით უმეტეს, რომ მე და დათო ამ პარტიის სათავეებიდან მოვდივართ. ამდენი წლის განმავლობაში ამ პარტიაში შემოვრჩით და მეგობრობაც გვაკავშირებს. რა თქმა უნდა, მე მათი აზრიც მაინტერესებდა და მივიღე მხარდაჭერა.

მე ადრე ვიყავი ასევე ეროვნული კომიტეტის წევრი, ახალა არა ვარ. ამ კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. როდესაც ეროვნული კომიტეტი წინააღმდეგია, მე თავისუფალი ადამიანი არ ვარ, ვარ ორგანიზაციის წევრი. აზრთა სხვადასხვაობა რესპუბლიკურ პარტიაში მყოფი ადამიანების და ჩემი სხვა დროსაც ყოფილა. მე იმიტომ ვარ ამ პარტიის წევრი, რომ არ იყო აქ აზრთა სხვადასხვაობის პრობლემა. ასეთი იყო, მაგალითად, ჩემსა და მურმან დუმბაძეს შორის აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებით, მაშინ მოხდა რეზონანსული პირველი განხეთქილება პარტიაში, მურმანი თავის პოზიციაში სწორი იყო და მეც სწორი ვიყავი…

  • სუს-ს ჰქონდა თქვენს წინააღმდეგ რაიმე, რის გამოც თქვენ იძულებული გახდით…

ისეთი ნაბიჯი არ გადამიდგამს, რომ შემრცხვენოდა. 1921 წელს მაზნიაშვილის ჯარები რომ იბრძოდნენ, ბაბუაჩემი ვანო წამოვიდა მოხალისედ და იცავდა ბათუმს. 2008 წელს ჩემი შვილები 20-21 წლის ბიჭები გავუშვი ომში. მე ასეთი ცხოვრება მაქვს გავლილი და ტალახის სროლა არის მარტივი, ამიტომ არ მინდოდა სხვისი გადაწყვეტილებით მიმეღო მე გადაწყვეტილება.

  • საქართველოში პირადი ცხოვრების კადრებიც კი გამოიყენეს ადამიანების წინააღმდეგ… ითქვა, რომ სუს-ში რამდენიმე დოკუმენტზე ჰქონდათ თქვენთან კითხვები, რომელზეც, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს, გქონდათ ხელი მოწერილი.

იმ ადამიანებს, რომლებსაც მე დავუპირისპირდი, ან ჟურნალისტებს, ან უშიშროებას, თუ რაიმე კომპრომატი აქვთ ჩემ წინააღმდეგ, მაშინ დადონ. მე ამისთვის მზად ვარ. ფრთიანი ანგელოზი არ ვარ, აბა, რით დავამტკიცო, რომ სპილო არ ვარ? – გეუბნებით, რომ ჩემს ცხოვრებაში არ გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი… კი, ბატონო, წითელზე გამივლია მანქანით.

შეიძლება ყოფითი შეცდომებიც დამიშვია, მაგრამ ის, რომ კანონი დამერღვია, ან ანტისახელმწიფოებრივი ქმედება მქონოდა… სამი შვილი მყავს, შვილიშვილი, ამხელა ბულინგი გადავიტანე ამ დღეებში, რად უნდა მიღირდეს? – სახლიც მაქვს, მანქანაც, სოფელიც, რეალიზებული ადამიანი ვარ, არასდროს არ მქონდა პრობლემა… ეს რომ მდომოდა „რესპუბლიკურ“ პარტიაში არ ვიქნებოდი… როცა არ ვიქნები, ვიღაცები კიდევ შემაფასებენ.

  • ალბათ ეს გამოცდილებაც განაპირობებს კითხვებს, მაგალითად, სუს-ის მიერ თქვენს მიმართ შესაძლო ზეწოლაზე…

მიღებულია, რომ რადგან ადამიანი თანამდებობის პირი იყო, რაღაცა უნდა მოეპარა. სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულება დღესაც მეფობს. ვერ წარმოუდგენიათ, რომ პატიოსნად შეიძლება ემსახურო სამშობლოს. პირველად არჩევნებში მონაწილეობა მივიღე 1990 წელს და მაშინ ვიყავი ერთი მაჟორიტარი, პირველი ტური წავაგე მრგვალ მაგიდასთან და მეორე მოვიგე. შემდეგ, როდესაც მოვიდა ნაციონალური მოძრაობა, გამიყალბეს არჩევნები და წავაგე, დავრჩი უმაღლესი საბჭოს გარეთ. 2006 წელს მივიღე მონაწილეობა და მოვხვდი საკრებულოში, ერთი კაცი ვიყავი. რა გამოდის, მაშინ ნაციონალურ მოძრაობას „ვუპრავებდი“, რომ შევდიოდი? მაშინაც შეკრული ვიყავი და ახლაც შეკრული ვარ? – ამიხსნან მაშინ.

  • ახლა მოახერხა ოპოზიციამ გაერთიანება… ხომ იცოდით, რომ თქვენ შესვლას უმაღლეს საბჭოში „ოცნება“ გამოიყენებდა სათავისოდ და უკვე თქვეს კიდეც, რომ უმაღლესი საბჭო არ არის ერთპარტიული. გამოდის, მის წისქვილზე ასხამთ წყალს?

თქვენ ფიქრობთ, მე ვერ მივხვდებოდი, რომ „ოცნება“ ამით ისარგებლებდა?!

მოდით ცოტა უკან დავიწიოთ. როცა „რესპუბლიკური“ პარტია და ენმ გაერთიანდა ერთ ბლოკში, 2018 წლის  არჩევნების შემდეგ „რესპუბლიკური“ პარტია იყო პირველი, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა გრიგოლ ვაშაძეს: მაშინ ვეთანხმებოდი ამ გადაწყვეტილებას, იმედი მქონდა, რომ ვაშაძის და სხვა ახალგაზრდების სახით, რომლებსაც არ ჰქონდათ ისეთი ძირეული შეხება პარტიასთან, რაც აკეთეს იმ ხნის განმავლობაში, სრულიად ახალ გზაზე დადგებოდა ეს პარტია. დღეს რა მოხდა? – ისევე დააბულინგეს გრიგოლ ვაშაძე. მე უკმაყოფილო ვარ იმ პარტიის წევრების, რომლებიც დღეს ამ გაერთიანებაში არიან. გრიგოლ ვაშაძე მხოლოდ ენმ-ის თავმჯდომარე არ იყო, ის იყო ოპოზიციური გაერთიანების თავმჯდომარეც. როგორ წარმოგიდგენიათ ევროპული სახელმწიფო, როდესაც ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერი ტოვებს გაერთიანებას და ამაზე ფართო დისკუსია არ იწყება. არ გამოუვიდა ვაშაძეს თავისი პოზიციის გატანა, იძულებული იყო და წავიდა.

დირექტივები მოდიოდა სხვა მხრიდან, რა თქმა უნდა, მიშას ვგულისხმობ, ზუსტად ამიტომ დაემთხვა ვაშაძის წასვლას დაუმორჩილებლობის გამოცხადება. ეს იყო მიშას ხაზი.

რევოლუციების მე არ მჯერა, ყველა ქუჩა გავლილი მაქვს და ისიც, 2007 წელს რომ დაგვარბიეს მთავრობის სახლის წინ. აუზში ვიბანავე და შემდეგ გაწუწული წავედი რიყეზე, ვიღაცის შტაბში ჩავიცვი რეიტუზები.

მე მწამს არჩევნების გზა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კიდევ ერთი რევოლუცია დაანგრევს ჩვენს ქვეყანას. როდესაც დეპუტატი არ შედის პარლამენტში, უმაღლეს საბჭოში… 90 – იან წლებში ზუსტად ეს გზა გავიარეთ, როდესაც თოფიანი კაცები მომრავლდნენ, ერთმანეთს ტყვია ესროლეს.

არჩევნები სულ ყალბდებოდა. შეურაცხყოფად მიიღეს, როგორ აკადრა აშშ -ს ელჩმა, როცა თქვა – თქვენ 30 წელია ამ ამბავში არ ხართ ისედაცო. ეს მიიღეს ეროვნულ შეურაცხყოფად, ეროვნული იდენტობის ნიშანი გახდა უკვე  გაყალბება და ცოტა ხანში შეიძლება ძეგლად ჩამოგვიყალიბდეს, როგორც აჭარული ხაჭაპური.

მე მიმაჩნია, რომ ყველა დეპუტატი უნდა შევიდეს უმაღლეს საბჭოში და პარლამენტშიც, ქუჩა იწვევს დეგრადაციას, მე არ მინდა კოლექტიური აზროვნების მსხვერპლი ვიყო, ჩემი გონება როგორც მიკარნახებს ისე მინდა გადავწყვიტო. ჩვენ ევროპელი ფასილიტატორები გვეუბნებიან, მოდი სისტემა შევცვალოთ. რა გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ, მოვიდა გამათავისუფლებლის დროშით და პირველივე წელს გააყალბა არჩევნები, იმავე წრეზე მივდივართ.

  • გჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილი შეცვლის სისტემას? 

მაშინ აზრი არ ჰქონია ჩვენს ბრძოლას. მე მაინც მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი პროგრესს ხელს ვერ შეუშლის. ხომ შეიძლება მივიღოთ ის ნაბიჯები, რომელზეც ხელისუფლებაც მზადაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: