მთავარი,სიახლეები

რატომ ყიდის აფთიაქი Covid 19-ის „საწინააღმდეგო საკვებდანამატს“ – მადლი ღვთისა

21.12.2020
რატომ ყიდის აფთიაქი Covid 19-ის „საწინააღმდეგო საკვებდანამატს“ – მადლი ღვთისა

„აუცილებლად გადაიწერეთ პირჯვარი და ისე მიიღეთ,“ – გვიპასუხეს კომპანიაში „მადლი ღვთისა“, რომლის მიერ „წარმოებული საკვებდანამატის“ შესახებ ინფორმაცია ფეისბუქში ვრცელდება. ფეისბუქში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „მადლი ღვთისა“ კოვიდის „საწინააღმდეგო ძლიერმოქმედ საშუალებას“ ყიდის. „ბათუმელებმა“ მითითებულ ნომრებზე იმის გადასამოწმებლად დარეკა, რამდენად იყო ეს ხუმრობა ან განზრახ გავრცელებული ყალბი ამბავი. აქ გვითხრეს, რომ მედიკამენტსაც იგივე სახელწოდება აქვს – „მადლი ღვთისა“.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, სამყაროში ჯერ არ არსებობს მედიკამენტი ან სხვა რამე დანამატი, რაც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო საშუალებად მიიჩნევა. მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გაუვრცელებია.

„საკვებდანამატი დამზადებულია საქართველოს მადლიანი მიწა-წყლის, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოპოვებული, უნიკალური ჯიშისა და სახეობის მცენარეებისგან და წარმოადგენს ვირუსული და ინფექციური ჯგუფის დაავადების, მათ შორის, ახალი კორონავირუსის [კოვიდ-19] საწინააღმდეგო ძლიერმოქმედ საშუალებას…“ – აღნიშნულია საკვებდანამატის აღწერაში.

„უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები არ გააჩნია“, – დასძენს იქვე კომპანია „მადლი ღვთისა“. აქ ირწმუნებიან, რომ, მაგალითად, ზუგდიდში 400-მდე ინფიცირებული განკურნეს ამ საკვებდანამატით. კომპანიაში გვითხრეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო დანამატი უკვე მთელ ქვეყანაში იყიდება.

„ბათუმელები“ ანზორ ჯაფარიძეს დაუკავშირდა, შპს „მადლი ღვთისას“ დამფუძნებელს.

„ეს არის ჩვენი ექსკლუზივი… ოთხ ენაზე ნათარგმნი და აღიარებულია, სერტიფიკატებს ყველაფერს გაჩვენებენ „ავერსში“, ამ სააფთიაქო ქსელში იყიდება მხოლოდ ეს საკვებდანამატი… კარგია იმუნიტეტზე და კორონავირუსის წამალია… ოთხი აბია სულ ოთხი დღისთვის და ღირს 60 ლარი,“ – გვითხრა ანზორ ჯაფარიძემ.

კომპანია „ავერსის“ საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ნამდვილად ყიდიან „მადლი ღვთისას“, 4 აბია სულ და 60 ლარი ღირს.

„ამ დროისთვის მხოლოდ მუხიანის ფილიალშია და დიდუბის მეტროსთან რომ აფთიაქია, იქ გვაქვს. ასევე არის სენაკის ფილიალში…“ – გვითხრა „ავერსის“ ცხელი ხაზის ოპერატორმა.

რა დოკუმენტაციით დასტურდება, რომ „მადლი ღვთისა“ საკვებდანამატია და შეესაბამება სტანდარტებს ან აქვს კოვიდ 19 – ის საწინააღმდეგო თვისება? – კომპანია „ავერსში“ ამ ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ და მას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

„მადლი ღვთისას“ ფარმაცევტულ კომპანია „დავათში“ ამზადებენ. აქ გვითხრეს, რომ ისინი მხოლოდ შემსრულებლები არიან და არ იციან, რა ზემოქმედება აქვს ამ საკვებდანამატს კორონავირუსზე.

„ჩვენ მოგვიტანეს სერტიფიკატი, რომელიც არის გაცემული ფარმაცევტულ ბაზარზე აკრედიტებული „გლობალ ტესტის“ მიერ… სხვა არაფერს ჩვენ არ ვამოწმებთ, გვაწვდიან ნედლეულს და ჩვენ ვამზადებთ საკვებდანამატს,“ – გვიპასუხა „დავათის“ წარმომადგენელმა, ვახტანგ ჯიბაშვილმა.

„მადლი ღვთისა“ 2020 წლის 22 ოქტომბერსაა დაფუძნებული და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია ანზორ ჯაფარიძე, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ. „ბათუმელები“ ელოდება სამედიცინო რეგულირების სააგენტოს განმარტებას ამ თემაზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: