მთავარი,სიახლეები

პანდემიის რისკები აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში სათანადოდ არაა ასახული – აუდიტი

22.11.2020 • 1322
პანდემიის რისკები აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში სათანადოდ არაა ასახული – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, აჭარის მთავრობის მიერ წარმოდგენილ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში „სათანადოდ არ არის გაანალიზებული პანდემიისა და მისგან გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ეფექტების გამო არსებული რისკების მატერიალიზაციის მაღალი ალბათობა“.

ამასთან, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებების დაფინანსება 2021 წლისთვის შემცირებულია 15 855 000 ლარით, რაც „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზების გათვალისწინებით, საფუძვლიან დასაბუთებას საჭიროებს,“ – აცხადებს აუდიტი.

მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროგრამაში კი აღნიშნულია, რომ „ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ორგანიზება გაეწევა საკარანტინო ზონების მოწყობას, რაც გულისხმობს საქართველოში ჩამოსული მგზავრების სასტუმრო მომსახურებას, კვებას, დეზინფექციას, ტრანპორტით მომსახურებას საბაჟო-გამშვები პუნქტიდან სპეციალურ საკარანტინე ზონამდე და კარანტინის დასრულების შემდეგ სახოვრებელ ადგილამდე, ასევე სხვა საქონლის/მომსახურებების შესყიდვას, რომელიც აუცილებელი იქნება საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის“.

აჭარის 2021 წლის ბიუჯეტში ამ პროგრამისთვის 1 445 000 ლარია გათვალისწინებული, მაშინ როდესაც 2020 წლისთვის ამ კუთხით 17 300 000 ლარია გაწერილი. პანდემიის დაწყებიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით კი, გახარჯულია 11 მილიონზე მეტი ლარი.

აჭარის მთავრობას 2021 წლისთვის „რისკ ჯგუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფისთვის“ 200 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული, ხოლო „საკარანტინო სივრცეების და კოვიდსასტუმროების სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფისთვის“ – 2 800 000 ლარი.

„2020 წლის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვა, ფუნქციონირებისთვის გაწეულია 2 100 000 ლარის ხარჯი, გაფორმდა ხელშეკრულებები საკარანტინე სივრცეში და კოვიდსასტუმროში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალთან, ხოლო რისკ-ჯგუფებისათვის შესყიდულია 1 606 000 ლარის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები“ – აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის პროგრამა, 2020 წლის სამი კვარტალის მონაცემებით, მხოლოდ 53,8 პროცენტით შესრულდა.

„კანონპროექტში  პროპორციულად არ  არის ასახული  პანდემიისა  და  მის  მიერ  გამოწვეული  ნეგატიური  ეკონომიკური ეფექტების საპასუხოდ 2021 წელს გასატარებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირო ხარჯები. მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების საპროგნოზო მოცულობები, შემდგომი წარდგენის პროცესში, კიდევ გადაიხედოს.“ – მიაჩნია აუდიტს.

[red_box]აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე აუდიტის დასკვნაში ასევე აღნიშნულია:[/red_box]

  • „მიზანშეწონილია, განხორციელდეს სხვა შემოსავლების შესაბამის კომპონენტებში ფაქტობრივად მიღებული თანხების ანალიზი და სისტემურობის გათვალისწინებით, განისაზღვროს დასაგეგმი წლის საბიუჯეტო პარამეტრები;
  • მაკონტროლებელმა სამინისტროებმა უნდა უზრუნველყონ აჭარის წილობრივად მოქმედ საწარმოებში უკეთესი მენეჯმენტის განხორციელება;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი 31 საწარმოდან, 2020 წლის 10 თვეში დივიდენდი გადახდილი აქვს მხოლოდ 2 საწარმოს (შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა“ – 563.0 ათასი ლარი, შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“ – 137.5 ათასი ლარი);
  • ვერ მოხერხდა საწარმოთა საბალანსო მონაცემებში რიცხული 1,5 მილიონი ლარის დავალიანებების იდენტიფიცირება.  ამასთანავე, არ არის უზრუნველყოფილი ძირითადი აქტივების სრული აღრიცხვა და დაცულობა, რაც წარმოშობს მათი შესაძლო უკანონო გასხვისების რისკებს;
  • არ ხდება საწარმოების წლიური ფინანსური ანგარიშგებების საფუძვლიანი  განხილვა-შეფასება, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება, ბიზნესგეგმების დამტკიცება და ა.შ. რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს საწარმოების არაეფექტიან მენეჯმენტს და შესაბამისად, უარყოფით ფინანსურ შედეგებს;
  • მიზანშეწონილია, მაკონტროლებელი სამინისტროების მიერ წარმოდგენილ იქნეს ხედვა, არამომგებიანი საწარმოების ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, შერწყმის ან პრივატიზაციის მიმართულებით;
  • ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, მიზანშეწონილია, უზრუნველყოფილ იქნეს პრივატიზაციის პროცესის ეფექტიანი განხორციელება, მათ შორის, არსებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით და ახალი რესურსების მოძიების გზით;
  • პროგრამულ ბიუჯეტთან დაკავშირებით, წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, პროგრამული ბიუჯეტი ჯერ კიდევ არ წარმოადგენს ბიუჯეტის კანონის ნაწილს და ხარვეზებით ხასიათდება.
  • არ ხდება პროგრამების/ქვეპროგრამების დეტალურ ღონისძიებებად ჩაშლა და წარმოდგენილია მხოლოდ ზოგადი ინფორმაციის სახით; შეფასების ინდიკატორების ნაწილი ვერ უზრუნველყოფს მიღწეული შედეგების გაზომვასა და პროგრამის ეფექტიანობის შეფასებას ან მათი ნაწილი შეფასებისთვის საჭიროებს დამატებით ინდიკატორს.
  • მიზანშეწონილია, გაგრძელდეს მუშაობა  პროგრამების მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორების შემდგომ სრულყოფასა და გაუმჯობესებაზე“.

„2020 წლის გეგმასთან მიმართებით 2021 წელს შემოსულობების და გადასახდელებების საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდა იმ პირობებში, როდესაც 2020 წლის 10 თვის მონაცემებით შემოსულობების შესრულება წლიური გეგმის მხოლოდ 71.4%-ს შეადგენს და ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზის შემთხვევაშიც, მოსალოდნელია, რომ წლიური შესრულება 90-92%-ის ფარგლებში იქნება, დამატებით დასაბუთებას საჭიროებს. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის განმარტებითი ბარათი არ მოიცავს შემოსულობების ზრდის ფინანსურ დასაბუთებას“ – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

დასკვნაში ასევე ხაზგასმულია, რომ ბიუჯეტის კანონპროექტით დაფინანსება ეზრდება ზოგიერთ ისეთ პროგრამას, რომელთა შესრულების მაჩვენებელი 2020 წლის 10 თვის მდგომარეობით 60%-ზე დაბალია.

შესაბამისი უწყებების მიერ პროგრამების შეუსრულებლობის დასახელებული მიზეზებიდან გამომდინარე კი, აუდიტი თვლის, რომ „მიზეზანშეწონილია, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, შეფასებული იქნეს მოსალოდნელი რისკები და გატარდეს ეფექტიანი ღონისძიებები მომდევნო საბიუჯეტო წელს ანალოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად.“

2020 წლის გეგმურ მაჩვენებლებთან მიმართებით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით შემცირებულია ჯანმრთელობის დაცვის სფეროს დაფინანსება − 9.9%-ით და სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსება − 68.9%-ით.

„სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსების მნიშვნელოვანი შემცირება ძირითადად გამოწვეულია „ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებების“ დაფინანსების 15 855 000 ლარით შემცირების გამო. რაც საფუძვლიან დასაბუთებას საჭიროებს.

რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების შემცირებას, ბიუჯეტის წარმოდგენილ  ვერსიაში  პროპორციულად არ  არის ასახული COVID-19 პანდემიისა  და  მის  მიერ  გამოწვეული  ნეგატიური  ეფექტების საპასუხოდ 2021 წელს გასატარებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირო ხარჯები“ – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

აჭარის მთავრობის გათვლებით, 2021 წელს აჭარის ბიუჯეტში 328 მილიონ 474 ათასი ლარი შევა, თუმცა ბიუჯეტიდან 21 მილიონი ლარით მეტი, 349 მილიონ 474 ათასი ლარი დაიხარჯება. აქედან ხელფასებისთვის ჯამში 38,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, 19 ნოემბერს საფინანსო კომიტეტმა მხარი დაუჭირა აჭარის 2021 წლის კანონის პროექტთან დაკავშირებით რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების გაგრძელებას; პროექტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა კი, ცნობად მიიღო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: