ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„ბასკოს“ შენობა და მიმდებარე ტერიტორია უკვე „ორბის“ საკუთრებაა

10.08.2020
„ბასკოს“ შენობა და მიმდებარე ტერიტორია უკვე „ორბის“ საკუთრებაა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობა და მიმდებარე ტერიტორია დღეიდან, 10 აგვისტოდან, შპს „ორბი ჯგუფი ბათუმის“ საკუთრებაა.

13 540 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი და ჯამში 3000 კვ/მ-მდე შენობა-ნაგებობები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობებიან აუქციონზე 2020 წლის 23 ივლისს 19,5 მილიონ ლარად გაყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულება სამინისტროსა და „ორბი ჯგუფი ბათუმს“ შორის კი, 2020 წლის 4 აგვისტოს გაფორმდა.

ერთ-ერთი მთავარი პირობით, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში „ორბმა“ ამ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური [არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო] კომპლექსი უნდა აამოქმედოს, რაშიც არანაკლებ 60 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

„ორბს“ უფლება აქვს, ყოფილი „ბასკოს“ შენობა აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით დაანგრიოს. მანამდე კი, შენობა, სადაც დღეს ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლა ფუნქციონირებს, „ორბმა“ ამავე სკოლას უფასოდ უნდა დაუთმოს.

[3 წლის წინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ „ბასკოს“ შენობა არ დაინგრეოდა.]

ყოფილი „ბასკოს“ შენობას მას შემდეგ დაანგრევენ, რაც ლეონიძის ქუჩაზე მშენებარე სპორტულ კომპლექს ან/და ყინულის სახლის მიმდებარედ არსებულ სპორტის სასახლეს ექსპლუატაციაში მიიღებენ, შესაბამისად აღჭურავენ და ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლას გადასცემენ სარგებლობაში.

ნასყიდობის ხელშეკრულების სხვა დეტალები ნახეთ ბმულზე:

„ორბი“ ბათუმის სასპორტო სკოლასთან მესამე ცათამბჯენსაც ააშენებს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: