„მოსახლეობა ცხოვრობს საწარმოო ზონაში. მოსახლეობა და საწარმო ერთ ზონაში არ უნდა იყოს. ეს ადგილი საუკუნეა საწარმოო ზონადაა გამოცხადებული,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანია MIG-ის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიძე. ეს კომპანია ბათუმში, შანიძის პირველ ჩიხში, აგურებს აწარმოებს. საწარმოს მიმდებარედ 180 ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ საწარმოს ძლიერი დაკვამლიანება წლებია აწუხებთ.
„თავდაპირველად საწარმოს არ ჰქონდა ფილტრი, შემდეგ დავაყენეთ ფილტრი, მაგრამ ისევ ბუღი გამოდის. როცა ცემენტს ტვირთავენ, აქ საშინელი მდგომარეობაა, ყველა აპროტესტებს ამას და თუ ყურადღება არავინ მოგვაქცია, საწარმოსთვის გზის გადაკეტვას არ გამოვრიცხავთ,“ – ამბობს შანიძის პირველ ჩიხში მცხოვრები იამზე მჟავანაძე.
„ფილტრი გამართულად მუშაობს, ვიზუალურად შესაძლოა ჩანს კვამლი, მაგრამ გარემოს ზედამხედველობამ დაახლოებით ერთი წლის წინ შეამოწმა, როცა ფილტრი დავაყენეთ… ვაღიარებთ, რომ იყო პრობლემა, როცა დიდ ოდენობას ვტვირთავდით, მაგრამ ახლა ამასაც ვითვალისწინებთ,“ – გვითხრა აგურის საწარმოს მფლობელმა, გიორგი აბაშიძემ.
შანიძის ქუჩის მოსახლეობის პროტესტის და ამავე ბეტონის საწარმოს შესახებ „ბათუმელები“ 2017 წელსაც წერდა. მაშინ საწარმო კომპანია „გუმბათი აგურს“ ეკუთვნოდა. 2018 წლიდან ბეტონის საწარმო MIG-ის საკუთრებაა.
გარემოს ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ ამ საწარმოს საქმიანობის შესახებ დაინტერესდებიან.
_____
მთავარი ფოტო: იამზე მჟავანაძე, MIG-ის საწარმოს დაკვამლიანება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 მაისის 21 საათიდან 14 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 21 – 26 გრადუსი
ღამით: 8 – 13 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს – 15-16 მაისს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
დღეს, 13 მაისს, ბათუმის ბულვარის“ ყოფილ დირექტორს, ირაკლი ჯინჭარაძეს სასამართლოში სარჩელი შეაქვს. ყოფილი დირექტორის ინტერესებს საია იცავს. როგორც საია აცხადებს, სარჩელით ითხოვენ ირაკლი ჯინჭარაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული განკარგულების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას. ამასთან, ირაკლი ჯინჭარაძე ასევე ითხოვს, სასამართლომ დაადგინოს მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია განსხვავებული შეხედულებების გამო.
„საყურადღებოა, რომ გათავისუფლების განკარგულების მიღებას წინ უსწრებდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის სხდომა, სადაც ირაკლი ჯინჭარაძემ გააპროტესტა დაახლოებით 4500 კვ/მ ფართობის პლაჟის ბრენდირებული სასტუმროებისთვის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის ინიციატივა, ვინაიდან ამით ხსენებული სანაპირო მონაკვეთი აღარ იქნებოდა ხელმისაწვდომი ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლებისთვის.
სხდომის დასრულებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ ის გამოაძევა დარბაზიდან. წარდგენილ სარჩელში მოსარჩელე ასაბუთებს, რომ მისი გათავისუფლება დაუსაბუთებლად, დისკრიმინაციული საფუძვლით განხორციელდა“, – აცხადებს საია.
ირაკლი ჯინჭარაძე „ბათუმის ბულვარის“ დირექტორობიდან 2021 წლის 12 აპრილს გაათავისუფლეს აჭარის მთავრობის განკარგულებით. მიზეზად სახელმწიფო აუდიტის 2020 წლის 4 ნოემბრის ანგარიში დასახელდა.
ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „საბურთალოს“ საფეხბურთო მატჩზე, რომელიც ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე 16 მაისს გაიმართება, ყველა ბილეთი თითქმის გაიყიდა.
ამ დროისათვის [12:00] დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე 25-ლარიანი და 800-ლარიანი ბილეთი [ლოჟა 6 ადგილით].
საფეხბურთო მატჩზე 6 წლამდე ბავშვები უბილეთოდ დაიშვებიან.
ბილეთების გაყიდვა წუხელ დაიწყო.
ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე სულ 20 000 ადგილია, თუმცა პანდემიის გამო მატჩებზე დასწრება შეზღუდულია.
16 მაისის მატჩზე 6 450-მდე ბილეთი უკვე გაიყიდა.
სატურნირო ცხრილში „დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგის სიის სათავეშია „დინამო“ თბილისთან ერთად. ორივე კლუბს 28 ქულა აქვს. 22 ქულით მესამე ადგილზეა გორის „დილა“.
„საბურთალოს“, რომელსაც „დინამო ბათუმი“ 16 მაისს ხვდება, 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.
„დინამო ბათუმის“ კიდევ ერთი მატჩია ჩანიშნული 23 მაისს – ბათუმური კლუბი „ლოკომოტივს“ შეხვდება.
ეროვნული ჩემპიონატის ბოლო მატჩს „დინამო“ ბათუმი წლის ბოლოს, 4 დეკემბერს, გამართავს გორის „დილასთან“.
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი რამდენიმე ადგილზე იმდენადაა დაზიანებული, რომ საფრთხეს უქმნის როგორც ქვეითებს, ასევე ავტომანქანების მოძრაობას – ამას „ბათუმელები“ 2019 წლის მაისში წერდა. ამ ადგილებში, სავარაუდოდ, ადიდებულმა აჭარისწყალმა გამორეცხა ფერდობი, დაზიანებულია სპეციალური რკინის მოაჯირები, მდინარის კალაპოტი კი თითქმის გზის [ასფალტის საფარის] ზოლიდან იწყება.
ზუსტად 2 წლის შემდეგ, გზის ამ მონაკვეთებში არაფერი შეცვლილა.
„ყველა ასეთი ადგილი დასურათებულია და გადაგზავნილია გზების დეპარტამენტში. ალბათ ჩამოვლენ დეპარტამენტის საპროექტოდან სპეციალისტები და შეადგენენ პროექტს, რომლის მიხედვითაც ამ ადგილების აღდგენა-გამაგრებაზე დეპარტამენტი, ალბათ, ტენდერს გამოაცხადებს“, – ეს ერთ-ერთ კომპანიაში „ბათუმელებს“ 2 წლის წინ უთხრეს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში დღეს ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს, თუმცა პირველკლასელთა ნაწილი სასურველ სკოლაში ვერ მოხვდა. ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბათუმის შვიდ სკოლაში ამ დროისთვის 175 თავისუფალი ადგილია. თუმცა ამ სკოლებზე მოთხოვნა, როგორც ჩანს, არ არის ან ტერიტორიულად არ მიესადაგება კონკრეტულ პირველკლასელს.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვი ვერ დარეგისტრირდა იმ უბანში ან ახლომდებარე სკოლაში, სადაც ცხოვრობს?
„თუ მაინც და მაინც მესამე სკოლას ელოდებიან, იქ ფიზიკურად არ არის შესაძლებლობა დარეგისტრირების. შეიძლება პირველ, მეორე, მესამე საჯარო სკოლებში ვერ მოხვდეს ბავშვი, მაგრამ სხვა, ცოტა განაპირა სკოლებში ადგილები დაემატება.
ჩვენ ვმუშაობთ სკოლებთან და ვისაც აქვს დამატებითი კლასის გახსნის საშუალება, იქ დაემატება პარალელური კლასები. მაგალითად, ბათუმის მე-6 სკოლას 50 ადგილი დაემატება, მე-14 სკოლას – 25 ადგილი. მე-20 სკოლასაც დაემატება კლასები. ასევე ბენზეში და გოროდოკში მე-5 სკოლას დაემატება თითო-თითო კლასი. შესაძლოა მე-9 სკოლაშიც დაემატოს კლასი. ასე, რომ ამ საკითხებზე ვმუშაობთ. ყოველ შემთხვევაში, არც ერთი ბავშვი არ დარჩება სკოლის გარეთ“, – ამბობს გოჩა დავითაძე.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ათას-ათასი ადგილი რომც გამოუყონ პირველ, მეორე და მესამე სკოლას, მაინც შეივსება. „ყველა ამ სკოლებში წავა. ახლახან დამირეკა ერთმა მოქალაქემ, რომელიც ხელვაჩაურში ცხოვრობს, იქ, 22-ე და 25-ე სკოლებში ადგილები იყო და არ დაარეგისტრირა შვილი, მაინც და მაინც მესამე სკოლა გვინდაო. რა ვქნათ? ასეა გონიოს, ახალსოფლის, ახალშენის შემთხვევაშიც, ყველას უნდა ქალაქის ცენტრში დარეგისტრირება“, – ამბობს დავითაძე.
სისტემა მშობელს აძლევს უფლებას, იმ სკოლაში დაარეგისტრიროს შვილი, რომელიც მას სურს, მიუხედავად გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა. „დასწრებაზეა რეგისტრაცია, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვი ვერ დარეგისტრირდა ახლომდებარე სკოლაში, შეგვიძლია მივმართოთ საქართველოს განათლების მინისტრს და მივიღოთ უფლება, რომ 26-ე ან 27-ე მოსწავლედ ჩაირიცხოს ბავშვი. თუმცა ეს მხოლოდ რეგისტრაციის დასრულების შემდეგაა შესაძლებელი“.
გოჩა დავითაძის თქმით, სკოლებმა ჯერ კიდევ თებერვალში განსაზღვრეს რამდენი პირველკლასელის მიღებას აპირებდნენ, თავიანთი მატერიალურ-ტექნიკური ბაზიდან გამომდინარე და ეს არის 2 746 ადგილი.
„აქედან 2 571 დარეგისტრირდა და დარჩა 175 ადგილი“, – ამბობს გოჩა დავითაძე.
13 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 982 კვლევა ტესტით.
ბოლო 24 საათში საქართველოში 16 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.
ახალი შემთხვევების რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 359 შემთხვევა, აჭარაში – 79, იმერეთში – 81, ქვემო ქართლში – 56, შიდა ქართლში – 13, გურიაში – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 84, კახეთში – 30, მცხეთა-მთიანეთში – 41, სამცხე-ჯავახეთში – 10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.
12 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.43 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.56%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.79%.
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 15 572 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია – 903.
უმაღლეს სასწავლებელში სწავლების პერიოდი იმითიც არის მიმზიდველი და საინტერესო, რომ უმეტესობა ჩვენგანს სწორედ ამ დროს ეძლევა რეალური შანსი, წავიდეს საზღვარგარეთ; იცხოვროს, ისწავლოს და გახდეს რეალურად დამოუკიდებელი; გამოსცადოს საკუთარი თავი ახალ და უცხო გარემოში და საქართველოში დაბრუნებულმა თან ახალი ცოდნა, გამოცდილება და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და მოგონებები ჩამოიტანოს.
ამ შანსს ყველა პრესტიჟული უნივერსიტეტი გვაძლევს. გაცვლითი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია, როგორც წესი, უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაშია ხოლმე გამოტანილი.
უცხოური უნივერსიტეტების ჩამონათვალთან ერთად ამ გვერდზე აუცილებლად შეხვდები იმ აუცილებელი დოკუმენტების სრულ სიას, რაც აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს.
ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რა უნდა იცოდე, ზოგადად, გაცვლითი პროგრამების შესახებ.
მოწესრიგებული დოკუმენტაცია
როგორც წესი, გაცვლითი პროგრამებისთვის საბუთების მიღება წელიწადში ორჯერ შემოდგომაზე და გაზაფხულზე ხდება; აპლიკაციების გადარჩევა და საბოლოო შედეგების გამოცხადება ერთ თვემდე მიმდინარეობს, ხოლო დაზუსტებულ პასუხს აპლიკანტი სწავლის დაწყებამდე 2-3 თვით ადრე იღებს ზაფხულში.
ძირითადი დოკუმენტების სია, რომელსაც ყველა უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს, ასე გამოიყურება:
[checklist]
ცნობა სტუდენტობის შესახებ;
ნიშნების ფურცელი;
ენის დამადასტურებელი ცნობა (როგორც წესი, ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების შემთხვევაში ეს ან TOEFL ან IELTS არის ხოლმე). ამგვარი ცნობის არქონის შემთხვევაში უნივერსიტეტი ატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას/ტესტირებას აპლიკანტის ენის ცოდნის დონის განსაზღვრელად;
CV Europass-ის ფორმატში (იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში შეგაქვთ განაცხადი);
სამოტივაციო წერილი.
[/checklist]
აპლიკანტები შემდეგი კრიტერიუმებით ირჩევიან: ინგლისური ენის ცოდნის დონე, აკადემიური მოსწრება და GPA; სტუდენტობის პერიოდში უმაღლეს სასწავლებლის გარე აქტივობები (ტრენინგები, კურსები, მოხალისეობა და ა.შ.) და მოტივაცია, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას კომისიაზე დიდ გავლენას ახდენს.
ფინანსების მართვა
თუკი გაცვლითი პროგრამის შერჩევის ეტაპები წარმატებით გაიარე, შემდეგი გამოწვევის დრო დგება: კარგად გაარკვიე, რას და რამდენით აფინანსებს გაცვლითი პროგრამა და როდის რიცხავს ის თანხას. ასევე, პასუხის ლოდინის პერიოდში მოძებნე საცხოვრებლის ფასები უმაღლეს სასწავლებელთან რაც შეიძლება ახლოს.
სწავლის დაწყებამდე 1 თვით ადრე საცხოვრებლის მოძებნა დისტანციურად ფანტასტიკის სფეროა, ამიტომაც დაიწყე შერჩევა რამდენიმე თვით ადრე, რათა ყველა ვარიანტი განხილული გქონდეს. საცხოვრებლის უმაღლეს სასწავლებელთან სიახლოვე კატეგორიულად მნიშვნელოვანი იმითაც არის, რომ არ დაგეხარჯოს ზედმეტი თანხა და დრო საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
დამოუკიდებლობის ლოჯისტიკა
შეგიძლია თუ არა მარტო ცხოვრება? აქ არ არის საუბარი ერთ ან ორ დღეზე და შემწვარი კვერცხით ან სოსისით თავის გატანაზე. რამდენად შეძლებ თუნდაც საყიდლების დაორგანიზებას ისე, რომ მთელ 1 ან 2 კვირაზე გადაანაწილო პროდუქტები? შეგიძლია თუ არა უმარტივესი კერძის მომზადება? სარეცხი მანქანის ჩართვა? გაფუჭებული ონკანის შეკეთება?
გაცვლითი პროგრამა ერთი მხრივ, არაჩვეულებრივ შანსს გვთავაზობს, გავატაროთ დაუვიწყარი დღეები, თუმცა ამ დაუვიწყარ დღეებს თავისი ფასი აქვს: ამ პერიოდში იმდენი ვალდებულება გემატება, ძალაუნებურად, ხვდები, რამდენი პრობლემა არ გქონია, სანამ მშობლებთან ცხოვრობდი.
საერთო ჯამში, გაცვლითი პროგრამებიც სტუდენტური თავგადასავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც აუცილებლად უნდა გამოსცადო და შენი სტუდენტობაც 100%-ით სრულყოფილად აქციო.
ამაში აუცილებლად დაგეხმარება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტებს უამრავ გაცვლით პროგრამას სთავაზობს ევროპის და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. შემოხაზე 115, ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებებით
აირჩიე 115 – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ პრიორიტეტად და მიიღე 100 ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია პირველ სემესტრში+ ლეპტოპი;
100% ან 70%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელ სტუდენტს – CIU გრანტი + ლეპტოპი + 100 ლარიანი სტიპენდია პირველ სემესტრში;
მეორე პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში მიიღე 100 ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია პირველ სემესტრში ან ლეპტოპი;
მხოლოდ 13 მაისს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლები ოთხ სააქციო პაკეტის გააქტიურებას შეძლებენ 30 დღით.
კომბინაციით *202# მომხმარებელი ჩაირთავს:
[checklist]
2 GB უსწრაფეს ინტერნეტს – 3 ლარად
300 ლოკალური წუთი – 5 ლარად
8 GB უსწრაფეს ინტერნეტს – 8 ლარად
3 GB + 500 ლოკალური წუთი – 10 ლარად
[/checklist]
პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად – ერთად და ცალ-ცალკე.
აქცია ხელმისაწვდომია ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.
ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.
აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.
პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს – 1 MB – 15 თეთრი.
*წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე, ასევე სპეციალური დანიშნულების ნომრებზე.
მუსლიმური სამყარო დღეს მარხვის დასრულების დღესასწაულს, რამადან ბაირამს აღნიშნავს. ბათუმში მცხოვრები მუსლიმების ნაწილმა ბაირამი ბათუმის ახალ მეჩეთში, ნაწილმა კი ძველ მეჩეთში აღნიშნა.
ლოცვა დილის 6:40 საათზე დაიწყო. ბათუმის ახალ მეჩეთში მომლოცველთა დიდი ნაკადი იყო. მათ პირბადები ეკეთათ, თუმცა დისტანციის დაცვა ვერ ხერხდებოდა. საჯარო სივრცეში შეკრებისას დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებიდან ერთ-ერთია.
ლოცვა ღია ცის ქვეშ ბათუმის ახალ მეჩეთში
ბათუმის ახალ მეჩეთში არ გამოჩენილან არც ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი და არც აჭარის მთავრობის წარმომადგენლები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მხოლოდ ქუთაისის ქუჩაზე მდებარე ძველ მეჩეთში მივიდა.
ქართველი მუსლიმები წლებია ითხოვენ ბათუმში მეჩეთის მშენებლობას. მიუხედავად იმისა, რომ იყიდეს მიწა, ბათუმის მერია მათ სალოცავის აშენების უფლებას არ აძლევს. მუსლიმებმა უკვე ორი ინსტანციის სასამართლოში მოუგეს დავა ბათუმის მერიას.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 30 სექტემბერს დისკრიმინაციად მიიჩნია მუსლიმი თემის მიმართ ბათუმის მერიის დამოკიდებულება „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მერიის გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს.
2021 წლის 13 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ძალაში დატოვა.
ბაირამის ლოცვა ბათუმის ახალ მეჩეთშილოცვის შემდეგ 13.05.2021
სასტუმრო კომპლექსი, საცხოვრებელი უბნები, საზაფხულო ბანაკი და სპორტული ცენტრი, ასევე, კურორტ გოდერძის ძირითად ნაწილთან შესაძლო შიდა კავშირისათვის საბაგირო გზის მოსაწყობად განკუთვნილი ტერიტორია – ამ ყველაფერს ითვალისწინებს კონცეფცია, რომელიც ხულოში, სოფელ დანისპარაულთან ახლოს მდებარე ტერიტორიის განაშენიანებას ითვალისწინებს. საპროექტო ტერიტორიაზე გამოყოფილია ბიატლონისათვის არენის, სასროლეთისა და საჯარიმო წრისთვის გამოსაყენებელი არეალი.
აღნიშნულ საპროექტო ტერიტორიას კვეთს ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი, კონცეფციის მიხედვით კი, ტერიტორიის განვითარება დაგეგმილია გზის ორივე მხარეს… „ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ამგვარმა განვითარებამ არ გამოიწვიოს შიდასახელმწიფოებრივი გზის შიდაკვარტალურად გარდაქმნა, როგორც ვიზუალური ასევე ქალაქთმშენებლობითი თვალსაზრისით, საცხოვრებელი უბნები დასაგეგმარებელი ტერიტორიის სიღრმეში განთავსდება, გზის მოშორებით“.
საპროექტო არეალი 114,8 ჰექტარია, საიდანაც, კონცეფციის მიხედვით, განაშენიანებული ტერიტორია იქნება 20 ჰექტარი, ანუ მთელი ტერიტორიის 18%.
ფოტო კონცეფციიდან
საპროექტო ტერიტორიაზე არის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთები.
საცხოვრებელი ზონები დაგეგმილია ოთხი ტიპის განაშენიანებით:
სააგარაკე საცხოვრებელ ზონაში – ინდივიდუალური საცხოვრებელი კოტეჯების სახით, რომელთა სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 2 სართულს მანსარდული ან ნახევრადმანსარდული სართულის ჩათვლით.
დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც შესაძლებელია ერთიანი სისტემაში მოქცეული მცირე საოჯახო სასტუმროების ან ინდივიდუალური საცხოვრებელი ბლოკირებული სახლების მშენებლობა, რომელთა სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 3 სართულს მანსარდული ან ნახევრადმანსარდული სართულის ჩათვლით.
საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაში – შესაძლებელია ცალკე მდგომი მრავალბინიანი ან საოჯახო სასტუმროს მშენებლობა, რომელთა სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 5 სართულს მანსარდული ან ნახევრადმანსარდული სართულის ჩათვლით.
მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონში, დაგეგმილი სასტუმროების მშენებლობა, მიზანშეწონილია განხორციელდეს ჩამოყალიბებული რელიეფის გათვალისწინებით – ტერასულად, რომლის სართულების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 6 სართულს მანსარდული ან ნახევრადმანსარდული სართულის ჩათვლით.
საპროექტო ტერიტორიის ზონირება გოდერძის მიმდებარედ / ფოტო კონცეფციიდან
ხულოს მერიის ინფორმაციით, „კურორტ „გოდერძი“-ს მიმდებარე ტერიტორიის სამშენებლო განვითარების საკითხი ბოლო წლებში გააქტიურებულია მიწის მესაკუთრეთა მხრიდან. მუნიციპალიტეტის თხოვნის საფუძველზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაწყებული აქვს მითითებული ტერიტორიის განაშენიანების დეტალურ გეგმაზე მუშაობა, ტერიტორიის მოსალოდნელი განაშენიანების რეგულირების, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექნისა და ქაოსური, უსისტემო სამშენებლო განვითარების თავიდან აცილების მიზნით“.
კურორტ „გოდერძის“ მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმის“ პროექტთან დაკავშირებით სკრინინგის განცხადებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხულოს მერიამ მიმართა.
სკრინინგი არის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროებას.
სამინისტროს გადაწყვეტილებით აღნიშნული გეგმა სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას დაექვემდებარა.
[toggle title=”ნახეთ ამონარიდი სამინისტროს გადაწყვეტილებიდან:“]
„კურორტ „გოდერძის“ მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმა“ ახდენს ამჟამად გაუნაშენებელი ტერიტორიის განაშენიანებას.
მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული დოკუმენტის გეგმაში არ არის მოცემული ინფორმაცია საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის შესახებ, აღნიშნულმა გეგმამ უნდა დაადგინოს სამომავლო განვითარების ჩარჩო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ I და II დანართებით გათვალისწინებული კონკრეტული საქმიანობებისთვის, განსაზღვროს მათი მოცულობები და მასშტაბები.
სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციების განხორციელების შედეგად მოსალოდნილია ზემოქმედება ტერიტორიაზე არსებულ ნიადაგზე, ატმოსფერულ ჰაერსა და წყლის ობიექტებზე.
დოკუმენტით გათვალისწინებული კონცეფციების განხორციელებით გარკვეულ ტერიტორიაზე შეიცვლება ნიადაგის საფარი, ასევე არსებული ლანდშაფტი.
ტერიტორიის განაშენიანებას მოჰყვება ტურისტული ნაკადის ზრდა, შესაბამისად, გაიზრდება წყლის რესურსებზე მოთხოვნა. ნარჩენების გენერირება მოსალოდნელია როგორც მშენებლობის, ასევე დოკუმენტით გათვალისწინებული კონცეფციების განხორციელების შემდგომ.
სამშენებლო პერიოდში ადგილი ექმება ხმაურის მომატებას, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის და სატრანსპორტო გამონაბოლქვის გავრცელებას.
ვინაიდან გარემოს დაცვის თვალსაზრისით ამ ეტაპზე არ არის ჩატარებული შესაბამისი საბაზისო კვლევები, შესაძლებელია წარმოდგენილი გეგმით გათვალისწინებულმა საქმიანობებმა გამოიწვიოს გარემოზე ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი ზემოქმედება, რაც საჭიროებს შეფასებას და შესწავლას.
ამასთან სგშ-ის ეტაპზე უნდა დადგინდეს გარემოსდაცვითი რისკები და განისაზღვროს სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების, შერბილებისა და კომპენსირების ღონისძიებები“. [/toggle]
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება [სგშ] – ეს არის გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას.
„მომვლელი აღარაა ვინმე, ეს არის პრობლემა,“ – ამბობს ზურაბ აბაშიძე, რომელიც ხულოში, სოფელ კალოთაში ცხოვრობს და რქოსანი პირუტყვი აღარ ჰყავს. დაახლოებით 10 წლის წინ მის ოჯახს ბევრი ძროხა ჰყოლია, ცხვარი და თხაც. ზურაბ აბაშიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მაღალმთიან სოფელში პირუტყვის გარეშე დარჩა.
„მიზეზი ისაა, რომ ჩემი ცოლი არ ჩადიოდა ბოსელში, არ შეუძლია საქონლის მოვლა, ძროხას მიხედვა უნდა, ნაწველს დამუშავება, აქ ვიზამდი რამეს, მარა ზაფხულში როცა მთაზე უნდა წაიყვანო, მე ხომ მემთეური ვერ გავხდები?“ – კითხულობს ზურაბ აბაშიძე და ნანობს, რომ საქონელი აღარ ჰყავს.
ზურაბ აბაშიძე საკუთარი ავტომანქანით კერძო შეკვეთებზე დადის, მისი მეუღლე კი სკოლის მასწავლებელია.
„ადრე დედაჩემი წველიდა, უვლიდა, მაგას რა ჯობდა, როცა საქონელი გყავს… მინიმუმ 15 სული საქონელი ყოველთვის გვყავდა, 15-ს ვამბობ, თორემ იმას თავისი კამეჩი, ხბოები, ცხვარი მოსდევდა – ყველაზე ცოტა 4-5 ძროხა გვყავდა, თხა – 10-12 სული მაინც. ჩემს სოფელში ბევრს აღარ ჰყავს. ვისაც ჰყავს, იმანაც რაოდენობა შეამცირა. თუ მოუვლი და შეგიძლია, მაგას რა ჯობია? ადრე გასაღებაც პრობლემა იყო და ახლა მარტო ჩემს სოფელში რომ ამოდიან ქალაქიდან, იგენს რომ მიჰყიდო, გეყოფა. ახლა ყველიც ძვირია, რძე და ხორციც.
მიზეზი სხვადასხვაა: ზოგი თურქეთში გადადის სეზონურად და იქ მუშაობს, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი აქ აღარ ცხოვრობს და ქალაქში მიდიან, მოხუცებს აღარ შეუძლიათ იმდენის მოვლა, რამდენიც ახალგაზრდობაში,“ – გვიყვება ზურაბ აბაშიძე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო წლებში ინტენსიურად მცირდება ქვეყნის მასშტაბით რქოსანი პირუტყვის მაჩვენებელი – 2011 წელს ქვეყანაში 1 მილიონ 870 600 საქონელი იყო აღრიცხული, 2019 წელს – 869 500 სული. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით პირუტყვის რაოდენობა რვა წლის განმავლობაში 218 000 სულით, ანუ 1/5-ით შემცირდა.
რაც შეეხება აჭარას, 2011 წელს ამ რეგიონში 87 700 მსხვილფეხა პირუტყვი იყო, 2019 წელს კი, ეს მაჩვენებელი 53 600-მდე შემცირდა. შესაბამისად, აჭარაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 1/3-ით შემცირდა.
ამავე წლებში ცხვრის რაოდენობა იმდენად შემცირდა, რომ აჭარის რეგიონში ამ მონაცემს ცალკე აღარც ითვლიან და ის ამ კატეგორიაში ერთიანდება: „დანარჩენი რეგიონები“.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ბოლო ორი წლის მონაცემები არ გამოუქვეყნებია.
რატომ აღარ უღირთ აჭარის სოფელში პირუტყვის ყოლა? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩვენ რამდენიმე სოფლის რწმუნებულს დავურეკეთ ხულოში. მაგალითად, ხიხაძირის თემში ხულოს მერის რწმუნებულმა გურამ ხალვაშმა გვითხრა, რომ მის ოჯახსაც წლების წინ მინიმუმ 20 – 22 სული საქონელი ჰყავდა.
„ახლა გვყავს მხოლოდ 3, მეტი არა, 24 საათი მოვლა უნდა პირუტყვს, თურქეთში რომ წახვალ და იმუშავებ, რომ დაბრუნდები, ის [პირუტყვი] აღარ დაგხვდება. სამუშაოდაც დადის ხალხი, ესეც არის კი, მაგრამ უფრო სიზარმაცეა, აღარ უნდა ხალხს საქონლის მოვლა,“ – გვითხრა გურამ ხალვაშმა.
„30 თეთრად გავყიდე 100 ტონა კარტოფილი. გაფუჭებას და გადაყრას ასე სჯობდა. სხვები ამ ფასადაც ვერ ყიდიან,“ – ამბობს ენოკ ბაბაჯანიანი, რომელიც ახალქალაქში, სოფელ მურჯახეთში ცხოვრობს. ენოკი გვიყვება, რომ მყიდველმა კარტოფილი გადაარჩია და რჩეული კარტოფილის ფასი იყო 30 თეთრი. წინა წლებში კი, როცა კარტოფილის ასეთი დიდი მოსავალი არ იყო, კარტოფილს დაახლოებით 40-70 თეთრად ყიდდა.
„დღეს რომ ჩავიარე სოფლის ცენტრში, იმასაც ამბობდნენ, უფასოდაც მივცემთ ვინმეს, ფუჭდება და სუნი აქვს უკვეო,“ – ამბობს ენოკი. მისი თქმით, მეკარტოფილეების პრობლემა ხელისუფლებამ კარგად იცის, მაგრამ არ იმჩნევს. ხელისუფლება კარტოფილზე სუბსიდიის გაცემასაც არ აპირებს და საჭიროდ არ მიიჩნევს განმარტოს: რა გამოსავალს სთავაზობს სახელმწიფო ადამიანებს, რომლებიც კარტოფილის მოყვანით ირჩენენ თავს.
„სახელმწიფოს შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება, მით უფრო ახლა, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი. როცა ის მინისტრი იყო, ინიციატივა ჰქონდა დიდ საბიუჯეტო ინსტიტუციებს, როგორიცაა: ჯარი, პოლიცია და პენიტენციური სისტემა, გარკვეული საკვები, მათ შორის, კარტოფილი, მხოლოდ საქართველოში წარმოებული შეესყიდათ.
„გაგიჟდიო? – მირეკავდნენ. სამინისტროს შიგნითაც ბევრი დამიპირისპირდა ამის გამო. განათლებულ ადამიანს ეს როგორ გეშლება, ეს არის პროტექციონიზმიო. მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ეს მიდგომა უპირისპირდება თავისუფალი ბაზრის პრინციპს, მაგრამ რეალური არგუმენტი ხშირ შემთხვევაში იყო ის, რომ ეს სისტემა მათ ბიზნესს დაარტყამდა.
ჩემი დასაბუთება იყო შემდეგი: თუკი მილიონებს ხარჯავს სახელმწიფო კონკრეტული დარგების განვითარებისთვის, წყალში იყრება ეს ფული, თუკი გლეხს გასაღების ბაზარი არ ექნება და მოსავალი ლპება. ვამბობდი, რომ ეს ჩარევა უნდა ყოფილიყო არა მუდმივი ხასიათის მქონე, არამედ, მაგალითად, 4 წლის ვადით, როცა ფერმერული მეურნეობები გაძლიერდებოდა, სესხსაც უფრო მარტივად მიიღებდნენ და შემდეგ მარტივად შევიდოდნენ ბაზარზე… ჩემი ინიციატივა იყო, რომ ჯარს, პენიტენციურ სისტემას და შსს-ს ერთობლივად დაგვეწყო ეს, რადგან გაჩენილიყო ერთიანი ბაზა და გამსხვილებული სისტემა მიგვეღო, რომელიც სტაბილურად უზრუნველყოფდა, მაგალითად, იგივე კარტოფილის მოწოდებას, რადგან მიზანი არის ის, რომ ჯარისკაცი მშიერი არ უნდა დაგრჩეს,“ – მინისტრობის დროინდელ გამოცდილებას გვიზიარებს თინა ხიდაშელი.
თინა ხიდაშელი იმ წლებში, როცა ის თავდაცვის მინისტრი იყო, ახალქალაქსა და ახალციხეში მეკარტოფილეებს შეხვედრია იმის გასარკვევად, თუ რამდენად რეალურად მოახერხებდნენ ფერმერები ჯარისთვის კარტოფილის მიწოდებას. თავდაცვის ყოფილი მინისტრი იხსენებს, რომ ამ პროცესში მალევე მარტო დარჩა და კანონშიც შესაბამისი ცვლილებების შეტანა ვერ მოხერხდა, რაც ამ მიდგომის სამართლებრივ საფუძველს შექმნიდა, როცა ჯარი თუ ციხე ქართულ კარტოფილს მიიღებდა.
„მთავრობის სხდომაზე ვთქვი, თუ ვერ ესწრება საკანონმდებლო ცვლილებები, მზად ვარ, კანონი დავარღვიო და დამიჭირეთ-მეთქი. საბოლოოდ, მხოლოდ ხორცზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება ინდივიდუალურად სამინისტროში, კარტოფილამდე ვეღარ მივედით… ლევან იზორია როგორც კი გახდა მინისტრი, ეს გადაწყვეტილებაც ხორცზე შეცვალა. თუმცა, შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროიდან, ხორცი ისევ საქართველოში წარმოებული შედის ჯარში, როგორც ვიცი,“ – გვიყვება თინა ხიდაშელი.
რამდენად გამართლებულია სამართლებრივად, როცა საჯარო უწყება აცხადებს ტენდერს და პირობაში წერს, რომ ის „მხოლოდ ქართულს“ შეიძენს? – ესეც ვკითხეთ პროფესიით იურისტ თინა ხიდაშელს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს სატენდერო დოკუმენტებში არც ახლაა ნახსენები ის, რომ ხორცი აუცილებლად საქართველოში წარმოებული უნდა იყოს, მაგრამ პირობა იმგვარადაა შედგენილი, რომ სხვა ქვეყნიდან ხორცის მიწოდება ჯარისთვის პრაქტიკულად ვერ მოხერხდება. თინა ხიდაშელი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თუკი პოლიტიკური ნება არსებობს და ფერმერის ხელშეწყობა სურს ხელისუფლებას, „იურიდიული გამოსავალი“ მოიძებნება.
„მეც თავის დროზე იმას კი არ ვამბობდი, რომ ევრორეგულაციები დავარღვიოთ, ან რამე ჩუმად გავაკეთოთ-მეთქი. ვამბობდი, რომ ეს ყველაზე მეტად წაახალისებს ფერმერული მეურნეობების განვითარებას და დროის რაღაც მონაკვეთში შესაძლებელი იყო შექმნილიყო ასეთი სისტემა,“ – დასძინა თინა ხიდაშელმა „ბათუმელებთან“.
რამდენად გამართლებულია სუბსიდია, ე.წ. კვოტების დაწესება იმპორტირებულ საკვებზე ან ჯარისა და ციხეებისთვის საქართველოში წარმოებული პროდუქტის შეძენა, მით უფრო, როცა ჭარბი მოსავალი გვაქვს? – ეკონომისტების და იურისტების პოზიციები განსხვავებულია. დომინანტურია პოზიცია, რომ მსგავსი ჩარევები დაუშვებელია, არღვევს თავისუფალი ვაჭრობის ჩარჩოს და თავისუფალი ბაზრის პრინციპის დაცვაა გამოსავალი. როცა ამ მოსაზრების დამცველ ექსპერტებს ახსენებ, რომ საუბრის პარალელურად ჯავახეთში ტონობით კარტოფილი ულპება მეკარტოფილეებს, გიპასუხებენ, რომ „უკიდურეს სიტუაციაში საჭიროა ჩარევა“.
„ძალიან ბევრი ასეთი პროგრამაა, რომელთა ეფექტურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შესაძლებელია გვქონდეს მსგავსი სოციალური პროექტი, მაგრამ ნუ ვიტყვით, რომ ეს არის ბიზნესის გაძლიერებისთვის,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე, ირინე გურული.
ეკონომისტი განმარტავს, რომ ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტული დარგების სუბსიდიაც გაუმართლებელია იმ ფონზე, როცა ღარიბი ქვეყანა ვართ და საგარეო ვალი „ძალიან მაღალ ნიშნულზეა ასული“.
ევროპის ქვეყნებიც ხომ გასცემენ სუბსიდიას სოფლის მეურნეობების კონკრეტულ დარგებზე?
„ეს ძირითადად ხდება ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების გადასახედიდან. არსებობს გათვლა, რომ რაღაც რაოდენობა ქვეყნის შიგნით უნდა იწარმოებოდეს, რომ მთლიანად იმპორტდამოკიდებული არ იყვნენ… ჩვენ რომ გვქონდეს ავსტრიის მსგავსი ბიუჯეტი, გასაგები იქნებოდა მაშინ, მაგრამ ჩვენთან ამის სახსრები არ არის ბიუჯეტში“, – ამბობს ირინა გურული.
როგორ ხდება, რომ სხვა ქვეყანაში მოყვანილ და მერე იქედან საქართველოში შემოტანილ კარტოფილს უფრო იაფად აწვდიან, მაგალითად, ჯარს და უფრო ძვირია საქართველოში მოყვანილი კარტოფილი? – ესეც ვკითხეთ ეკონომისტს.
„მათი პროდუქტიულობა გაცილებით დიდი, ათჯერ, ოცჯერ მეტია და იგებენ მასშტაბის ხარჯზე. ბევრი ქვეყნის მიერ წარმოებული პროდუქცია არის უფრო იაფი და ხარისხიანი, ვიდრე ჩვენი. ჩვენ ხშირად ვაწარმოებთ არაკონკურენტულ პროდუქციას: ხარისხის მხრივ არის მიუღებელი, ან ფასი არის იმაზე უფრო მაღალი, ვიდრე შემოტანილი. თუ გვაქვს ჭარბი მოსავალი და ვერ ვყიდით, ვერ შევდივართ კონკურენციაში, მაშინ უნდა შევეშვათ სოფლის მეურნეობას, სუბსიდია გამოსავალი არ არის, ე.წ. კვოტები მით უმეტეს,“ – მიიჩნევს ირინე გურული.
„როცა ჭარბია მოსავალი, შესაძლებელია დროებით კარტოფილის იმპორტის შეზღუდვა,“ – მიიჩნევს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ჟღენტი.
ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ დადგენილი რეგულაციები არ დაირღვევა და ვერც ვერავინ მოგვედავება.
კონსტანტინე ჟღენტი ზოგადად სუბსიდიას არ ემხრობა, მაგრამ მიაჩნია, რომ თუკი საქართველო სათანადოდ შეამოწმებს სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი კარტოფილის ხარისხს, მაშინ საქართველოში დახლებზე ძირითადად ქართული კარტოფილი დარჩება.
„ნიშნის მოგებით კი არ ვამბობ, უბრალოდ ვიცი, რომ იგივე თურქეთიდან საქართველოში შემოტანილი კარტოფილი არაერთხელ შემოწმდა ფიტოსანიტარიული წესით და უკან გააბრუნეს. ახალქალაქის კარტოფილი მართლაც უფრო ჯანსაღია, აქ არაა გავრცელებული კარტოფილის კიბო და ასე შემდეგ. გამიგია, რომ კარტოფილის უკან დაბრუნებაც იყო პოლიტიკოსებს შორის საუბრის თემა,“ – გვითხრა კონსტანტინე ჟღენტმა.
პანდემიის გამო სახელმწიფოსგან კონკრეტულ ჩარევას არათუ მისაღებად, არამედ საჭიროდ მიიჩნევს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. იურისტის აზრით, პანდემიის დროს, როცა ეკონომიკური შეფერხებები მკაფიოა, სახელმწიფომ ფერმერებს სუბსიდიაც უნდა მისცეს, მოწეული მოსავლის რეალიზებაშიც უნდა დაეხმაროს, ან თავად შეისყიდოს პირდაპირი შესყიდვის წესით.
„მთავარია, ამას არ ჰქონდეს სისტემური ხასიათი, რომ არ გაჩნდეს კორუფციის რისკი. ჩვენ ვიცით წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, რა შედეგს ვიღებთ, როცა სახელმწიფო პირდაპირ ინტერვენციას ახდენს რომელიმე ეკონომიკური მიმართულებით… თუმცა დღევანდელი მოცემულობა განსხვავდება წინა წლებისგან. ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა არის აუცილებელი,“ – მიიჩნევს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.
გიორგი ხიმშიაშვილი „წონადს“ უწოდებს იმ ადამიანების არგუმენტს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სუბსიდია არ უნდა გაიცეს.
„მაგრამ პანდემია არის სხვა მოცემულობა. ფაქტია, რომ ახლა არც ტურიზმია და არც სხვა სექტორები, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის, როგორც ბიზნესის სტიმულაციას. ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ სხვადასხვა გზით ფერმერი უნდა წაახალისოს კიდეც, მაგალითად, შესაძლებელია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შეძენა, რაც, ცხადია, შეამცირებს ხარჯებს და, საბოლოო ჯამში, პროდუქციის ფასსაც შეამცირებს,“- დასძინა გიორგი ხიმშიაშვილმა.
რას აპირებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეკარტოფილე ფერმერების დასახმარებლად? გაიცემა თუ არა სუბსიდია ჯავახეთში მცხოვრები ფერმერებისთვის, როგორც ეს ხდება, მაგალითად, კახეთში რთველის დროს ან აჭარაში ციტრუსის სეზონზე? – ვკითხეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ მეკარტოფილეებს ექსპორტიორებს დააკავშირებენ, ხოლო დანარჩენი „თავისუფალ ბაზარზეა დამოკიდებული“.
ზოგიერთ გლეხს ახალქალაქში 50-100 ტონა კარტოფილი აქვს გასაყიდი
აჭარის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. ვაქცინაციაზე დარეგისტრირება ამ დროისთვის არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არის შესაძლებელი, ადგილები დაჯავშნილია.
ნარგიზ დეკანაძე ხულოს საკრებულოს წევრი და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. ის რამდენიმე დღის წინ „სინოფარმით“ აიცრა. იგი ფიქრობს, რომ ვირუსისგან დასაცავად ეს ერთადერთი გზაა და სხვებსაც მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დარეგისტრირდნენ და აიცრან. ნარგიზ დეკანაძის თქმით, განსაკუთრებით ის ადამიანები უნდა იყვნენ მობილიზებული, ვინც უახლოეს მომავალში მთაში წასვლას აპირებენ, რომ შემდეგ აუცრელები და დაუცველები არ დარჩნენ.
„მე თვითონაც გადავიტანე ვირუსი, რთულად არა, მაგრამ არც მარტივად. როგორც კი დაიწყო რეგისტრაცია ხულოში, მაშინვე გადავწყვიტე [აცრა].
ნდობა მაქვს ვაქცინაციის პროცესის მიმართ და სხვებსაც მოვუწოდებ.
არ მიყვარს ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ ამ შემთხვევაში ფოტოებიც დავდე, რომ სხვებიც წამეხალისებინა.
ბევრს დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ უნდა ავიცრათ, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს“.
ნარგიზ დეკანაძე
ნარგიზ დეკანაძის ინფორმაციით, ხულოს საკრებულოს თითქმის ყველა წევრი უკვე აცრილია. ის, რომ ხულოში ყველა ვაქცინა დაჯავშნილია, მისთვის სასიხარულო ფაქტია.
ნუგზარ ბერიძე. ფოტო: facebook
„სინოფარმით“ აიცრა კორონავირუსზე ნუგზარ ბერიძე. რეგისტრაციისას თავისუფალი ადგილი შუახევში დაფიქსირდა და მან ამ შესაძლებლობით ისარგებლა.
„ვაქცინაციის გეშინია მაშინ, როცა ინფორმაცია არ გაქვს“, – გვითხრა მან.
ნუგზარ ბერიძე ამბობს, რომ „სინოფარმზე“ ინფორმაცია ინტერნეტში მოიძია, გაეცნო და ასაცრელად დარეგისტრირდა.
„მე კორონავირუსი არ გადამიტანია. რადგან ვაქცინა გამოჩნდა, ვიფიქრე ავიცრები და იქნებ ისეც მოხდეს, რომ საერთოდ არ გადავიტანო-მეთქი. სხვებსაც მინდა ვუთხრა, ნუ შეეშინდებათ, ნახევარი საათის წინ ავიცერი და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მალე მეორე დოზითაც ავიცრები“, – გვითხრა ნუგზარ ბერიძემ.
ჯუმბერ შარაძე ქედის მუნიციპალიტეტის აგროსერვისცენტრის თანამშრომელია. ისიც „სინოფარმით“ აიცრა.
ჯუმბერ შარაძე. ფოტო: facebook
„რეკლამის ფარგლებში მოვუსმინე ინფორმაციას და უცებ მივიღე გადაწყვეტილება, დავრეგისტრირდი და ორი დღის წინ ჩავიტარე ვაქცინაცია. ჩემ გარშემო ადამიანებს ყველას ვურჩიე, რომ აუცილებლად აიცრან და რამდენიმეს დარეგისტრირებაშიც დავეხმარე.
ახლაც ვეწევი აქტიურ აგიტაციას ჩემი სურვილით, რომ ყველამ დაცულად ვიგრძნოთ თავი“, – გვითხრა ჯუმბერ შარაძემ.
დღეის მონაცემებით აჭარაში 6417 ადამიანია აცრილი კორონავირუსზე, მათგან 3240 – „ფაიზერით“, 1814 – „ასტრაზენეკათი“ და 1363 – „სინოფარმით“.
როგორია მეცნიერი თქვენს წარმოდგენაში? შესაძლოა ახალგაზრდების აზრით, მეცნიერის ყოველდღიური ცხოვრება მხოლოდ რუტინულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული, რაც თავის თავში ჩაკეტილობასთანაც არის ასოცირებული. ამ წარმოადგენას თავისი ობიექტური თუ მცდარი მიზეზები აქვს, თუმცა მეცნიერის ცხოვრება დღეს ნამდვილად განსხვავდება ამ სტერეოტიპისგან.
საინტერესო კვლევები და აღმოჩენები; საქმე, რომელიც ნამდვილად გიყვარს და ყოველდღე გაოცებს; მეგობრები დედამიწის გარშემო; მოგზაურობა, მასშტაბური თუ მეგობრული შეხვედრები საინტერესო თემების გარშემო და ნორმალური ანაზღაურება – ესაა მეცნიერებით დაკავებული ადამიანების ყოველდღიურობა.
სესილი გოგიძე
„დღეს ისეთი სპეციალობებია ტრენდული, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებაზეა დაფუძნებული. ადამიანები კი, განსაკუთრებით სტუდენტები, ძნელად თუ წარმოიდგენენ, რომ მეცნიერის ყოველდღიურობაც სწორედ ასეთია: თუკი აზროვნებ, სვამ კითხვებს და ეძებ მათზე პასუხებს, რაღაცის გაკეთება შეგიძლია, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება მზადაა, მიგიღოს“, გვიყვება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სესილი გოგიბერიძე. „მით უმეტეს, ინტერნეტისა და ტექნოლოგიების ეპოქამ ეს საქმიანობა სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანა“, აღნიშნავს ის.
სამეცნიერო საქმიანობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო პროდუქტის შექმნაზეა ორიენტირებული. კვლევები, კონფერენციები, ფორუმები, მრგვალი მაგიდები, შრომები – სწორედ ამ მიმართულებით ხორციელდება.
ბოლო რამდენიმე წელია, უნივერსიტეტში ამ მხრივ საქმიანობა კიდევ უფრო გააქტიურდა. პარალელურად გაზრდილია დაფინანსებაც სამეცნიერო მიმართულებით, რაც კსუ-ს საერთო ბიუჯეტის 7%-ს შეადგენს.
უნივერსიტეტს ორი ტიპის საგრანტო დაფინანსება გააჩნია სამეცნიერო კვლევებისთვის: „მცირე გრანტები“, რომელიც თითოეული პროექტისთვის დაახლოებით 5000 ლარის ოდენობისაა და „გრანტები ფუნტამენტური კვლევებისთვის“. ამ შემთხვევაში გრანტის ოდენობა 20-25 000 ლარს შეადგენს. ორივე შემთხვევაში, კონკურსების გამარჯვებულებს მოეთხოვებათ, სტატიები საერთაშორისო ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში გამოაქვეყნონ.
გარდა ამისა, უნივერსიტეტი აგრეთვე თანადაფინანსებასაც ახორციელებს. კსუ-ს სამეცნიერო პერსონალი, დოქტორანტები თუ მაგისტრანტები ხშირად იღებენ მონაწილეობას სამეცნიერო კონკურსებში. ძირითადად, ეს არის რუსთაველის სამეცნიერო ფონდის კონკურსები, რომელში გამარჯვების შემთხვევაშიც, ისინი უნივერსიტეტისგანაც იღებენ თანადაფინანსებას. ეს შეიძლება იყოს არამხოლოდ კვლევითი პროექტი, არამედ – კონფერენციაც ან სამეცნიერო მივლინება.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ან თანადაფინანსებული სამეცნიერო პროექტების შინაარსობრივი არეალი საკმაოდ ფართოა. უნივერსიტეტში უამრავი საინტერესო პროექტი განხორციელდა.
მათგან აღსანიშნავია ჩატარებული 3 მასშტაბური კონფერენცია: „ქართული ღვინო და ვაზი, ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები“, „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგიის მე-2 საერთაშორისო სკოლა/კონფერენცია“; საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სიმსივნის იმუნოთერაპია და იმუნომონიტორინგი”.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში გაიხსნა „სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოპრეპარატების სინთეზის და კვლევის ცენტრი“, სადაც პროფესორები თენგიზ წივწივაძე და ნოდარ ჩიგოგიძე აწარმოებენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
როგორ უნდა ჩაერთო სამეცნიერო საქმიანობაში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეს გზა ფაქტობრივად გაკვალულია. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გრანტის გაცემისას არის ის, რომ კვლევაში აუცილებლად უნდა იყონ ჩართული სტუდენტებიც.
„შემდეგ უკვე მკვლევარსა და პროექტის ხელმძღვანელზეა დამოკიდებული, როგორ და რა ფორმით იქნებიან ჩართული სტუდენტები სამეცნიერო პროექტში. ეს შეიძლება იყოს ინფორმაციის მოგროვება, ან მისი დამუშავება, ანალიზი“, გვიყვება ქალბატონი სესილი. „ამ პროცესში, ჩვენთვის, სამეცნიერო დეპარტამენტისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ახალი თაობა აქტიურად ჩაერთოს სამეცნიერო საქმიანობაში; ხელმძღვანელზე ბევრი რამეა დამოკიდებული: როგორ აანთებს, როგორ დამუხტავს სტუდენტს ამ სფეროში ჩასართველად“, აღნიშნავს ქალბატონი სესილი.
სამეცნიერო საქმიანობას სტუდენტები უნივერსიტეტში მოხვედრისთანავე იწყებენ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამას ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციით უზრუნველყოფს, რომელიც წელს უკვე მერვედ ჩატარდა.
ასევე, გარდა საგრანტო კონკურსებისა, უნივერსიტეტმა პრესტიჟული პრემია „თამარი“ დააწესა. პრემია ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა პირველი და მეორე ადგილები, მესამე კი – ახალგაზრდა მეცნიერის კატეგორიაში. პირველმა კონკურსისთვის რომელიც 2017 წელს ჩატარდა, განვლილი 5 წლის სამეცნიერო საქმიანობა შეჯამდა, ხოლო მეორე კონკურსისთვის 2020 წლის დასაწყისში, ორწლიანი საქმიანობა.
ცოდნას, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ახალი თაობები ამდიდრებენ. სამეცნიერო ჟურნალები, გამოცემები, მონოგრაფიები, კვლევები თუ სტატიები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალებში დაიბეჭდა – ხელმისაწვდომია, როგორც მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის.
სამეცნიერო საზოგადოების 2020
კითხვაზე, რამდენად შეაფერხა 2020 წლის საყოველთაო პანდემიამ სამეცნიერო საქმიანობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქალბატონი სესილი გოგიბერიძე არაერთგვაროვნად პასუხობს – პირველ რიგში, უნივერსიტეტს, ცხადია, მოუხდა იმ პროექტების დაკორექტირება ან შეჩერება, რომელიც სამეცნიერო მივლინებებსაც ითვალისწინებდა. თუმცა მეორე მხრივ, პანდემიამ და ამის გამო ონლაინში გადასულმა სამუშაოების დიდმა ნაწილმა აბსოლუტურად სხვა გზები გაუხსნა ქართველ მეცნიერებს.
„ჩვენ ისეთ ფორუმებსა თუ კონფერენციებსაც დავესწარით დისტანციურად, რასაც სხვა დროს ვერ მოვახერხებდით ფინანსების თუ სხვა მიზეზების გამო. ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს, ყველაფერი სახლიდან, „ზუმის“ მეშვეობით ტარდებოდა“, იხსენებს ქალბატონი სესილი.
მიუხედავად შეწყვეტილი მივლინებებისა თუ სხვადასხვა საინტერესო პროექტების შეჩერებისა, 2020 წელი პუბლიკაციების თვალსაზრისით, მაინც საკმაოდ წარმატებული გამოდგა. სოფიო კასრაძე, გიორგი ლომიძე, დავით მაღრაძე, ვახტანგ მაისაია, ბექა ქანთარია, შორენა ქურდაძე, ალექსანდრე რუსეცკი, ოლღა დოროჰინა, ნინო ბარათაშვილი, ნინო მინდიაშვილი, თეა კასრაძე და სხვანი – ეს ის მეცნიერები არიან, რომლებმაც სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალებში თავიანთი პუბლიკაციები გამოაქვეყნეს.
უნივერსიტეტი 2021 წელს გეგმებითა და დაკორექტირებული, თუმცა კვლავაც აქტუალური პროექტებით აგრძელებს. ქართველი მეცნიერები საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან ერთად ცდილობენ უპასუხონ იმ კითხვებს, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის საინტერესოა.
ქედაში, სოფელ წონიარისში, ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ამის შესახებ ინფორმაცია ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ დაგვიდასტურა. მისი ინფორმაციით ხევში გადავარდა ბათუმიდან შუახევში მიმავალი ავტომობილი.
სოფელ წონიარისში მერის წარმომადგენლის ინფორმაციით ავტომანქანაში 7 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 2 მცირეწლოვანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე ინფორმაციით მცირეწლოვნები თავს კარგად გრძნობენ.
დაშავდნენ თუ არა ავტომანქანაში მყოფი სხვა პირები, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს.
დღეს, 12 მაისს, 20 საათიდან კორონავირუსზე „ასტრაზენეკას“ აცრისთვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება უკვე 45 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის.
აქამდე „ასტრაზენეკას“ ვაქინით აცრა დაშვებული იყო მხოლოდ 55 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის დასაშვები ინტერვალია 4 კვირიდან (28 დღე) – 12 კვირამდე (84 დღე) პერიოდი. ამასთან, 8-12-კვირიანი (56-84 დღე) ინტერვალი ოპტიმალურია უფრო მაღალი იმუნიტეტის მისაღწევად.
12 მაისის მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა 71 570 აცრა კორონავირუსზე. სრულად აცრილია 12 375 ადამიანი.
ვაქცინა სახელწოდებით – AZD1222 – ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის, „ასტრაზენეკას“ პროდუქტია. ვაქცინა დაშვებული იქნა 2020 წლის 30 დეკემბერს.
ეს ციხისძირია, სადაც ულამაზესი კლდოვანი სანაპიროა. ამ სანაპიროზე, წყალში უზარმაზარი ქვის ლოდები ყრია. თუ კარგად დააკვირდები, ზოგიერთი გოლიათ ადამიანსაც ჩამოჰგავს. აქვეა ხის ძელებით მოწყობილი მომცრო ზომის პლაჟი. მსგავს პლაჟს აჭარის სანაპიროზე სხვაგან ვერსად შეხვდებით.
პლაჟამდე მისასვლელად, უფრო ზუსტად,ჩასასვლელად ქვის კიბეებით უნდა ისარგებლო, რომელიც დაბურულ ხეივანშია მოწყობილი და გარემოს ეგზოტიკურ იერს სძენს.
გარშემო ულამაზესი, ძირითადად, ორსართულიანი სახლებია, სადაც ალბათ ერთ დროს სიცოცხლე ჩქეფდა, მაგრამ ახლა გამოკეტილი და ცარიელია.
გარდა ამისა, ზღვაზე მისვლამდე, გზაზე არის სიმინდის ყანა.
თითქმის 150 მეტრის სიგრძის დაღმართი ბილიკი ქვის საფეხურებით, რომელსაც ზღვასთან მიჰყავხარ. ჩასასვლელი გზა დაბურულია ხეებით.ხის ძელებით მოწყობილი მომცრო ზომის პლაჟი. მსგავს პლაჟს აჭარის სანაპიროზე სხვაგან ვერსად შეხვდებით/ფოტო: კახა გურგენიძე
პლაჟის სიახლოვეს რამდენიმე მიტოვებილი ლამაზი სახლი დგას მწვანე ეზოებით.ქვის ლოდები ზღვაში, პლაჟის სიახლოვეს/ფოტო:კახა გურგენიძე
ამ მონაკვეთიდან ულამაზესი ხედი იშლება. აქ ზღვის წყალი განსაკუთრებით სუფთაა/ფოტოა: კახა გურგენიძე
სანაპიროს ამ მონაკვეთში დიდი ლოდებიც გხვდება, რაც აჭარის სანაპიროს ნაკლებად ახასიათებს/ ფოტო: კახა გურგენიძეამ მონაკვეთიდან ულამაზესი ხედი იშლება. აქ ზღვის წყალი განსაკუთრებით სუფთაა/ფოტოა: კახა გურგენიძეჰორიზონტი კლდოვანი სანაპიროდან
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მაჩვენებლებით უკვე ლოქდაუნი უნდა გამოცხადდეს, მაგრამ ეკონომიკური და სხვა ფაქტორები ამის საშუალებას არ იძლევა.
„დღევანდელი ეპიდსიტუაცია, რაც ახლა არის, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა რომ შეაფასონ და ჩვენი ეკონომიკა იძლეოდეს საშუალებას, დღეს ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ დაახლოებით 4-დან 6 კვირამდე შემოიღო ძლიერი ლოქდაუნი ქვეყანაში და ზაფხულში შეხვიდე უკვე საკმაოდ კარგი მაჩვენებლებით.
დღეს ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება ყველა განზომილებით.
ამას უკვე დღევანდელი ეკონომიკა ვერ გაუძლებს განსხვავებით გაზაფხულისა, როცა იყო რეზერვები, როცა იყო დახმარების მეტი მოლოდინი და მეტი საშუალებები და ხალხის დამყოლობა ძლიერი იყო. დღეს, ეს სამივე კომპონენტი, სამწუხაროდ, ვერ იმუშავებს. ამიტომ ახლა არის ე.წ. „ოქროს შუალედი “და დანის პირზე სიარული,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ Forbes Health-ის დისკუსიაში 11 მაისს.
ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ახალი და ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები იზრდება. 11 მაისის მდგომარეობით, საქართველოში ეპიდვითარების დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.5 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.82%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.48%.
ხვალ, 13 მაისს, საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი განახლდება.
ასევე, 13 მაისიდან მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომლის მოძრაობაც შეჩერებული იყო უქმე დღეების გამო.
მთავრობის გადაწყვეტილებით, კვლავ ძალაში დარჩა შეზღუდვა ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე.
11 მაისის მდგომარეობით, საქართველოში ეპიდვითარების დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.5 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.82%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.48%.
ბათუმის მერია 40 ახალი საქალაქო ავტობუსის შესაძენად ფასებს აზუსტებს. ავტობუსები უნდა იყოს სიგრძით 10 მეტრი [16 ცალი] და 8,5 მეტრი [24 ცალი], დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავით – არანაკლებ Euro 5 და Euro 6 ემისიის სტანდარტის შესაბამისი.
ავტობუსები უნდა იყოს ადაპტირებული, ამასთან, არანაკლებ 60 მგზავრზე გათვლილი. საქალაქო ავტობუსების შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევა „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ გამოაცხადა.
დაინტერესებული პირებისგან კომერციულ წინადადებებს „ავტოტრანსპორტი“ 2021 წლის 18 მაისამდე პერიოდში მიიღებს. ღირებულების წარდგენა დასაშვებია ლარში. ფასების დადგენის შემდეგ კი, ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება.
ავტობუსების მიწოდების საორიენტაცია პერიოდი 4 თვე იქნება. რაც შეეხება თანხის გადახდის პირობას, ბაზრის კვლევის მიხედვით, მიმწოდებელს პირველ ეტაპზე, ავტობუსების მიღებიდან 10 დღეში გადაუხდიან ღირებულების 10 პროცენტს, დანარჩენ 90 პროცენტს კი ოთხ ეტაპად: 2022 წლის 1-ელ ივლისამდე – 22,5 %; 2022 წლის 31 დეკემბრამდე – 22,5%; 2023 წლის 1-ელ ივლისამდე – 22,5 % და 2023 წლის 31 დეკემბრამდე – 22,5%.
2021 წლის ბათუმის მერიის ბიუჯეტში ავტობუსების შესაძენად თანხა გათვალისწინებული არ არის. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ფასების დაზუსტების შემდეგ, ავტობუსების შესყიდვას დააფინანსებს როგორც მერია [ქალაქის ბიუჯეტიდან], ასევე „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, საკუთარი შემოსავლებიდან.
12 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1409 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 40 275 კვლევა ტესტით.
ბოლო 24 საათში საქართველოში 27 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით 4 363 პირი გარდაიცვალა.
11 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.5 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.82%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.48%.
დღევანდელი მონაცემებით საქართველოში კოვიდით ინფიცირების 16 341 აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 192 პირი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 744 შემთხვევა, აჭარაში – 102, იმერეთში – 149, ქვემო ქართლში – 83, შიდა ქართლში –54, გურიაში – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთში –149, კახეთში – 59, მცხეთა-მთიანეთში –24, სამცხე-ჯავახეთში –13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11.
თვითიზოლაციაშიიმყოფება28 864 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 21 544 პირი, აჭარაში – 1 778, იმერეთში – 1 269.
ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, ყინულის ახალი არენითა და საცურაო აუზით 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, ხოლო არსებული მოქმედი სასახლე უნდა დაეშალათ. პროექტის ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარია. მშენებლობის პროცესი ჯერ დროში გაიწელა, შემდეგ კი ტენდერში გამარჯვებულ მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტეს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეირჩევა ახალი კომპანია, რომელიც პროექტს დაასრულებს, თუმცა როდის, ჯერ არ ვიცით.
ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, N27-ში, ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზი კანადურ კომპანია Westincor Limited-ს უნდა აეშენებინა „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ დაკვეთით. შემსრულებელმა კომპანიამ 2018 წელს დაკვეთა კონკურენციის პირობების გარეშე, პირდაპირი წესით მიიღო, თუმცა ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა.
თავის დროზე კანადურმა კომპანიამ ქვეკონტრაქტორად შპს „ანაგი“ დაიქირავა, რომელმაც ააშენა დარბაზი, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა. ტერიტორიაზე კიდევ ერთი შენობაა, რომელიც „სპორტმშენსერვისმა“ განათლების სამინისტროს დაკვეთით ააშენა.
ამ დრომდე მოქმედი შეთანხმებით, არსებული ყინულის სასახლის გარდა უნდა დაიშალოს იქვე მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურიც და აშენდეს ახალი.
ახალი ქვესადგურის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ [ყოფილი შპს „სტადიონი“] ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან „ინლაით-გ“-სთან ხელშეკრულება 8 475 ლარზე გააფორმა. კომპანიამ დამკვეთს ხარჯთაღრიცხვა 2019 წლის იანვრის ბოლოს წარუდგინა.
„ინლაით-გ“-ს ინფორმაციით, სატრანსფორმატორო ქვესადგურის მშენებლობისთვის მთავრობა 243 845 ლარს დახარჯავს. „სტადიონს“ ახალი ქვესადგურის ასაშენებლად ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია. შესაბამისად, მისი ფასი დიდი ალბათობით გაიზრდება.
ქვესადგურის მშენებლობის შესყიდვის დაგვიანებას სამინისტროში იმით ხსნიდნენ, რომ ის მიბმულია პროექტზე და მასთან ერთად უნდა განხორციელდეს.
კანადურმა კომპანიამ ქვეკონტრაქტორად შპს „ანაგი“ დაიქირავა, რომელმაც ააშენა დარბაზი, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა. ტერიტორიაზე კიდევ ერთი შენობაა, რომელიც „სპორტმშენსერვისმა“ განათლების სამინისტროს დაკვეთით ააშენა.
ბავშვობაში არაფრის მეშინოდა. თავად შიშისაც კი. იმიტომ, რომ ბებიაჩემი, ასე ვთქვათ, ჯადოქარი იყო. იცოდა მრავალგვარი ლოცვა: „თვალისა”, „შეშინებულისა”, კიდევ ისეთი, მეძუძურ დედებს რომ შველოდა, როცა ძუძუს ვერ აწოვებდნენ პატარებს.
ეს ლოცვები განსაკუთრებით მაშინ გამომადგა, როცა გავიზარდე და სახლში გვიან დავიწყე მისვლა. აჭარაში ამბობენ, ღამე თუ გარეთ, განსაკუთრებით უცნობ ადგილებში დადიხარ, „უჟმური” [ავი სული] აგყვებაო, მერე ეს უჟმური ძილს დაგიფრთხობს და მოსვენებას დაგაკარგვინებს. ჰოდა, ეს უჟმური ჩვენს სახლს ახლოსაც ვერ ეკარებოდა ბებიაჩემის შიშით.
რა უცნაურია ისე, როცა ბებიასთან ერთად იზრდები, გგონია, რომ არასდროს მოკვდება. როცა ასე ხდება, დიდხანს არ გჯერა. ამ წერილის დაწერაც არაცნობიერად, ალბათ, იმიტომ მომინდა, რომ ვაღიარო ეს ამბავი. სახლში მისული ბებიაჩემი აღარ ვეძებო და რაც მთავარია, მოვუყარო თავი მასზე ჩემს მეხსიერებაში არსებულ პატარა ამბებს.
ბებიაჩემი 1940 წლის ცხელ ზაფხულს დაიბადა სოფელ კირნათში და იზრდებოდა 3 დისა და 4 ძმის გარემოცვაში. უფროსი და იყო და ყველას უვლიდა. მერეც, როცა ის და ბაბუა ქალაქში გადმოვიდნენ საცხოვრებლად, ყველა ჩვენი ახლო ნათესავი ჩვენს სახლში ათევდა ღამეს. ბებიაჩემი იხსენებდა, როგორ ააშენეს სახლი, როგორ დაჰქონდა ქვები, მერე ამუშავებდა კოლექტივის მიწას, ბაზარში ყიდდა პროდუქტებს და თან თეატრშიც დადიოდა, უყვარდა ზღვის წყალში ფეხების ჩაწყობა და ლამაზი კაბები. ჰო, კიდევ წითელი “მანიკურები”, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ატარა.
ბებიაჩემს არასდროს ავიწყდებოდა დაბადების დღეები. ეს წერილი 2015 წელს დამიწერა, როცა 19 წლის გავხდი. იმ წლებში, როცა თბილისში ვსწავლობდი, მიგზავნიდა წერილებს, ლამაზ ლექსებს, რომელშიც მუდამ იყო ოცლარიანები გახვეული. ჩემს სახელზე “კამფეტები” იყიდეო.
თუ ვიტყვით, რომ ადამიანები გემოებთან ერთად შემოდიან ჩვენს მეხსიერებაში, ბებიაჩემს ჩემთვის ტკბილი ხარჩოს გემო აქვს. არ ვიცი, საერთოდ ეს საჭმელი არსებობდა მანამდე თუ ბებიაჩემმა გამოიგონა, მაგრამ ნალექიანი ყავის მოდუღებასთან ერთად, ერთ-ერთი პირველი რამ იყო, რასაც დამოუკიდებლად ვამზადებდი. რეცეპტი მარტივზე მარტივია:
მარგარინი (მაშინ კარაქი დიდი ფუფუნება იყო) უნდა გაგედნო პატარა ქვაბში, მერე შაქარს ამატებდი, როცა გალღვებოდა ცოტა წყალსაც, ადუღების მერე კი ძველი პურის ნატეხებს ჩაყრიდი ამ სიროფში და 2 წუთში უგემრიელესი ხარჩოც მზად იყო.
სიარული გვიყვარდა ორივეს, სანამ პანდემია დაიწყებოდა. ბევრგან წავაწყდი სიტყვებს, რომ 2020-2021 ბებია-ბაბუების დაკარგვის წლები გამოდგაო, მართლაც ასე იყო. ბებიაჩემი კოვიდით არ გარდაცვლილა, ალბათ, უფრო პანდემიამ გადაიყოლა. თავისი რიტმიდან ამოვარდა, სულ სახლში მოუწია ყოფნა და ვატყობდი, როგორ დააღონა ამ ყველაფერმა.
პირველ კლასში ვიყავი, როცა აჭარის მთავარ მდინარეებს მივუყვებოდით მისი და-ძმების სოფლებისკენ, ბებიაჩემი გზადაგზა მეუბნებოდა მდინარეების სახელებს: ჭოროხი, მაჭახელა, აჭარისწყალი, მეც ვიმახსოვრებდი. ბებიაჩემის მისტიკური ცოდნის გამოისობით დავინტერესდი მეცნიერებით; სულ მთვარეს აკვირდებოდა, აი, ახლა მთვარე რომ შეიცვლება, გამოიდარებს, მთვარე აღმა რომ იქნება, მზე გამოვა, ძველი მთვარეობისას თმის შეჭრა კარგია, თუ არ გინდა, რომ მალე გაგეზარდოს, თუ პირიქით გინდა, ახალმთვარეობისას უნდა შეიჭრაო; როცა მოხარშულ მაკარონს ან მარცვლეულს ცხელ წყალს უწურავ, ონკანში ცივი წყალიც მოუშვი, რომ მილები არ დაზიანდესო. რაც უფრო დამოუკიდებელი ვხდები, მით უფრო ვიაზრებ ამ ცოდნის ღირებულებას.
მარცხნიდან: 1. ბებიაჩემი ბოსტანში გადააქვს ჩითილები. 2 ბაბუაჩემი და ბებიაჩემის ქორწინების საიუბილეო ფოტო. 3. ბებიაჩემი კურორტ სულორში 1980 წ.
ვერაფრით მოვინელეთ, რომ სიცოცხლის ბოლო დღეები საავადმყოფოში გაატარა, ჩვენ კი ვერც ვნახეთ.
სამგლოვიარო სუფრისთვის ძირითადად უხორცო საჭმელს ამზადებენ. ასევე ზოგ რაიონში 7 დღემდე ხორციანი საკვების მომზადებისგან თავს იკავებენ
ეს ფოტოები მისი სახლში ყოფნის ბოლო დღეებში გადავიღე, ყველაფერი ისე ჩატარდა, როგორც თვითონ ისურვებდა. ოჯახში სიკვდილს ყველაზე უფრო პრაგმატულად ბებიაჩემი უყურებდა, ძალიან ბევრი წლით ადრე უკვე გამზადებული ჰქონდა თეთრი სუფთა მარლა, რომელსაც პირზე გადააფარებდნენ, როცა გარდაიცვლებოდა.
აჭარაში, ტრადიციულად, გასვენების წინა საღამოს კეთდება ჰალვა, რომელიც გასვენების დღეს ჭირისუფალს ურიგდება. ასევე ჰალვას აკეთებენ მეშვიდე და 52-ე დღეს.
იმ საღამოს თავისი საყვარელი ჰალვაც გავაკეთეთ სახლში.
აჭარაში მუსლიმური ტრადიციებით დაკრძალვისას ძირითადად კუბოს თავსახურს არ ახურავენ. აქაურების რწმენით ამგვარი დაკრძალვა იმქვეყნიურ ტვირთს უმსუბუქებს მიცვალებულს და ბუნებასთან მარტივად შერწყმას უადვილებს სხეულს.
ყველაზე სევდიანი იმ სახლში დაბრუნებაა, რომლის ამშენებელიც და გამმართავიც ცოტა ხნის წინ მიაბარე მიწას. თუმცა თან იმასაც გრძნობ, თუ რამდენი რამ გაიღეს წინაპრებმა იმისთვის, რომ ღირსეულად გეცხოვრა, ჯანსაღ გარემოში გაზრდილიყავი და ყველაფერი გქონოდა.
სანამ გარდაცვლილს სახლიდან გაასვენებენ სარკეებს ქსოვილებით ფარავენ
აჭარაში ადამიანის გარდაცვალებიდან 52-ე დღეს სულის მოსახსენიებელ ლოცვებს კითხულობენ და გარდაცვლილის ნივთებს უნაწილებენ ახლო ნათესავებს ან მათ, ვისაც ეს ყველაზე უფრო სჭირდება.
აჭარაში სწამთ, რომ გარდაცვალებიდან 52-ე დღეს მიცვალებულის “ძვალი და რბილი” ერთმანეთს შორდება, სული კი მარადისობაში გადადის. ამ დღეს ოჯახში სულის სავედრებელ ლოცვებს კითხულობენ, აკეთებენ ბევრ ჰალვას და ახლობლებს ურიგებენ.
52 დღემდე გარდაცვლილის ფოტოსთან წყლით სავსე ჭიქასაც დგამენ, რომელსაც ზემოდან ხშირ შემთხვევაში დანა ადევს.
სანამ ტანსაცმელს გააჩუქებენ, თურმე წესი ყოფილა, სამჯერ უნდა გაირეცხოს ყველაფერი. როგორი ტრადიციაა, თითქოს იმ ადამიანის სუნისა და კვალის წაშლაა, რომელიც ფიზიკურად აღარ არსებობს. თავიდან ძალიან გავბრაზდი ამაზე, მერე ნელ-ნელა შევეგუე ამ აზრსაც, ბოლოს და ბოლოს, ნივთებია-მეთქი.
ბებოს ნივთებიდან ეს საფულე შემხვდა, ძირითადად, ქაღალდის ერთ კუპიურას და ხურდებს ინახავდა. “მარო, ფული თუ გინდა, ჩემს საფულეში ნახე” – ეს ფრაზა ალბათ, ყველაზე უფრო მეტჯერ მექნება მოსმენილი მეც და ბებიას სხვა შვილებსა და შვილიშვილებს.
არ ვიცი, მაინცადამაინც საფულე რატომ წამოვიღე, ეს ხომ თითქოს პასუხისმგებლობის წამოღებას ჰგავს იმ სახლიდან, სადაც დაიბადე და გაიზარდე. მაგრამ ალბათ უცებ იზრდები, როცა ბებიას კარგავ.
მშვიდობით, თინა, არ მოგკლებოდეს ლამაზი კაბები და ზაფხულის გრილი ნიავი, რომელიც ასე გიყვარდა, იქ, სადაც ხარ.
ხულოში, ხიხაძირის ხეობაში მდებარე ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკი მოეწყობა. სამუშაოებისთვის 865 ათასი ლარია გამოყოფილი. ტენდერი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2021 წლის 27 მაისს დაიწყება და პირველ ივნისს დასრულდება.
„კეთილმოწყობილი ასასვლელი ბილიკი, რომელიც ასვლას არ ამარტივებს, მაგრამ ქმნის უსაფრთხო გარემოს, ციხე-სიმაგრეს კიდევ უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის უკვე არამხოლოდ მოლაშქრეებისთვის, არამედ ვიზიტორებისთვის,“ – აღნიშნულია სატენდერო განცხადებაში.
„შესყიდვის მიზანია აჭარის რეგიონში, ერთ-ერთ ყველაზე მაღალ რელიეფზე მდებარე და რთულად მისასვლელ ციხეზე თანამედროვე სტანდარტების ასასვლელი ბილიკის მშენებლობა და ბილიკთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს სხალთა-ხიხანის ხეობაში ტურისტული ნაკადების ზრდას, ამავდროულად გაზრდის მის როგორც ტურისტული პროდუქტის ცნობადობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე“, – აღნიშნულია სატენდერო განაცხადში.
ხიხანის ციხე / 2018 წელი /
„ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და ყველაზე რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა მაღალმთიან აჭარაში. უნიკალურია, როგორც თავისი ადგილმდებარეობით და იერ-სახით, ისე გარშემორტყმული ლანდშაფტით. ციხე განთავსებულია მთის ფერდობზე ერთ-ერთ ყველაზე რთულ რელიეფზე, სადაც ასვლა შესაძლებელია მხოლოდ მთის აღმართში გაკვალული ბილიკით, რომელიც დღეის მდგომარეობით გარკვეულ მონაკვეთებში არის სახიფათო და მისი დალაშქვრა განსაკუთრებულ ფიზიკურ მზაობას მოითხოვს“.
„აქ-კაცო-კაცს-რაუნდა“ – წარწერა ხის ძელზე, რომელიც ციხესთან ასასვლელ ბილიკზე, ფერდობთან, ერთგვარი დაცვის მიზნით არის გადებული /2018 წელი /
მკაცრი კლიმატური პირობების და რელიეფის გამო პროექტით გათვალისწინებულია მდგრადი, ამტანი და მოცურების საწინააღმდეგო კონსტრუქციის მოწყობა, მათ შორის კიბეების, ზოგან კი, ბილიკის გაფართოება.
ტენდერის მიხედვით, ვინაიდან რელიეფიდან გამომდინარე ბილიკზე გავლა შესაძლებელია მხოლოდ მაისი – ოქტომბრის თვეში [სეზონის სხვა პერიოდი ეს ხეობაში თოვლით არის დაფარული], ამიტომ სამშენებლო სამუშაოების პერიოდიც მხოლოდ წლის ამ მონაკვეთს მოიცავს.
ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის პირველ ნოემბრამდე პერიოდი, თუმცა „სამშენებლო ობიექტის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, 2021 წლის 1-ლი ნოემბრიდან 2022 წლის 1-ელ მაისამდე პერიოდი ვალდებულების შესრულების ვადაში არ ითვლება. ამ პერიოდში სამუშაოების წარმოება უნდა შეჩერდეს“.
ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოწყობა ადრე დაიგეგმა. 2020 წელს კი, ხიხანის ციხეზე გეოლოგები და ტოპოგრაფები კვლევით სამუშაოებს ატარებდნენ:
ზაფხულის მოახლოებასა და ტემპერატურის მატებასთან ერთად მატულობს საკვებითა და წყლით ინტოქსიკაციის შემთხვევები.
რა სიმპტომებით ამოიცნობა საკვებით მოწამვლა და როგორ მოვიქცეთ ამ დროს? – „ბათუმელების“ კითხვებს პირველადი გადაუდებელი დახმარების სპეციალისტი, ექიმი ტოქსიკოლოგი ვოვა მგელაძე პასუხობს.
ბატონო ვოვა, როგორ უნდა ამოვიცნოთ საკვებით მოწამვლა?
საკვებით ინტოქსიკაციის ამოცნობა ძირითადად ანამნეზის შეკრებით ხდება. კერძოდ, საკვების მიღებიდან მალევე, მსუბუქ შემთხვევაში, ვითარდება გულისრევა და თავბრუსხვევა, მძიმე შემთხვევაში – ღებინება, მუცლის ტკივილი და ა.შ.
სიმპტომები შესაძლოა საკვების მიღებიდან დაახლოებით ნახევარ საათში განვითარდეს. მოგეხსენებათ, საკვების შეწოვა ძირითადად იწყება კუჭში, ამიტომაც გააჩნია მიღებული საკვებიდან კუჭში მოხვედრილი ტოქსინის რაოდენობას და ტოქსინის სახეს.
თუ კუჭში მოხვედრილი ტოქსინის რაოდენობა ძლიერია/მაღალია, შეიძლება საკვების კუჭში მოხვედრიდან 15 წუთშიც კი განვითარდეს ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები: ღებინება, თავბრუსხვევა, გულისრევა, ფეხზე დგომის გაძნელება და ზოგადი საერთო სისუსტე – მთავარი სიმპტომი. ამ დროს ადამიანს აწუხებს გულისრევის მუდმივი შეგრძნება, რომელიც არ იხსნება არანაირი მედიკამენტით.
რამდენად შესაძლებელია საკვებისგან მოწამვლით განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია?
ანაფილქსიური მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს, როცა ჰიპერმგრძნობიარეა ადამიანი, ალერგიული ჰიპერსენსიტიურობაჰქვია ამას. გააჩნია მდგომარეობას, მაგალითად თაფლით ინტოქსიკაციის დროს, თუ რამდენიმე სახის მცენარეა შემადგენლობაში, რომელიც შეიცავს სპეციფიკურ ალკალოიდებს, ამ დროს შეიძლება განვითარდეს ბრადიკარდია ანუ გულის ცემის შენელება გულის გაჩერებამდეც კი, ამას ანაფილაქსიური მდგომარეობა ჰქვია. გააჩნია ალკალოიდს, რომლისგანაც წარმოშობილია ეს თაფლი.
რა ტიპის საკვებია განსაკუთრებით საყურადღებო მოწამვლის მხრივ?
ძირითადად მოსარიდებელია მალფუჭებადი პროდუქტები და კერძები: არაჟნიანი, ასევე მაიონეზის შემცველი პროდუქტები. საკვები, რომელიც მოითხოვს შენახვის სპეციფიკურ პირობებს, მაგალითად, +4 გრადუსამდე ტემპერატურას. ასეთი საკვები აუცილებლად უნდა იყოს ახალი.
აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება პროდუქტების რეცხვას. ზაფხულში ნივთიერებათა ცვლა მომატებულია, ძირითადად ხილ-ბოსტნეულსა და ბაღჩეულს მივირთმევთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს პროდუქტი გაირეცხოს ძალიან კარგად, რადგან არსებობს რისკი პროდუქტზე მოხვდეს ის ბაქტერიული ტოქსინები, რომლებიც, მაგალითად, არის მიწაში, შესაწამლ საშუალებებში (იგივე აზოტოვანი თუ სხვა სასუქები).
რძის პროდუქტებიც უნდა იყოს ყოველთვის ახალი. ასევე, მაიონეზიანი სალათის მომზადების დროს მალევე უნდა მოხდეს მისი ათვისება (მირთმევა), რადგან შენახვის პირობების მკაცრი დაცვაც კი არ არის ზოგჯერ გამოსავალი.
პირველადი დახმარება როგორია საკვებით მოწამვლის დროს?
მსუბუქ შემთხვევებში უნდა მოხდეს კუჭის ამორეცხვა და მძიმე შემთხვევებში სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება.
მსუბუქი შემთხვევებისას უნდა მოხდეს აუცილებლად გამაღიზიანებელი ხსნარებით კუჭის შიგთავსის დაცლა, ანუ კუჭის ამორეცხვა. ეს არის პირველადად მთავარი ქმედება, რომელიც სახლშიც შეიძლება ჩაიტაროს პაციენტმა და გარეთაც – სანამ სასწრაფო მოვა. გამაღიზიანებელი ხსნარი შესაძლოა იყოს უბრალოდ თბილი წყალი ან სოდანარევი წყალი. თბილი ასეთ დროს იწვევს ღებინების ცენტრისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებას, ამის შემდეგ რეფლექტორულად წარმოიშობა ღებინების რეფლექსი.
თუ ადამიანი უგონოდაა და განვითარდა მოწამვლა, ამ დროს ექიმის მოსვლამდე არაფერი კეთდება, რადგან კუჭის ამორეცხვასაც კი ამ დროს შეიძლება მოჰყვეს ფატალური შედეგი, ე.წ. ასპირაციის სახით, კუჭზე ნაღებინები მასები შესაძლოა გადავიდეს ტრაქეაში და შესაბამისად ფილტვებში.
თუ უგონო მდგომარეობა აღენიშნება ადამიანს, ასპირაციის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია თავი გადავუწიოთ გვერდზე და საჭიროა სასუნთქი გზების გახსნა, იგულისხმება ყბის წინ წამოწევა და არავითარ შემთხვევაში რაიმე სხვა სახის ზედმეტი ძალისხმევა, უბრალოდ ყბა უნდა წამოვწიოთ წინ ისე, რომ არ დავაზიანოთ კბილები.
არის შემთხვევები, როცა ტოქსინის ნაწილი კუჭიდან გადასულია თორმეტგოჯა და თეძოს ნაწლავებში, აქედან გამომდინარე კუჭის ამორეცხვა ტოქსინების რაღაც ნაწილისგან, რა თქმა უნდა, გაათავისუფლებს ორგანიზმს, მაგრამ ამ დროს ნაწლავების ამორეცხვა არ ხდება, შესაბამისად ამორეცხვის შემდეგ შესაძლოა კარგად იგრძნოს თავი ადამიანმა, მაგრამ მალევე დაეწყოს იგივე მოვლენები. ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
ამ შემთხვევაში ინიშნება დეზინტოქსიკაციური ინფუზიური მკურნალობა (გადასხმა), ზოგჯერ ხდება დიარეის ხელოვნური გამოწვევა, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს სტაციონარში. მძიმე შემთხვევებში ვიწვევთ დიარეას, რომ ადამიანი გათავისუფლდეს ტოქსინებისგან, შემდეგ კი ვავსებთ ორგანიზმში დიარეის დროს დაკარგულ ნივთიერებებს.
მოწამვლისას ძირითადად გამოიყენება ინფუზიური თერაპია, რომელიც 50-იანი წლებიდან არის მოწოდებული და ძალიან კარგად მუშაობს. ასევე ხდება ზოგადი, პირველადი გადაუდებელი დახმარება, რომელიც გულისხმობს პაციენტის მონიტორინგს.
მსუბუქი შემთხვევის დროს როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს რეაბილიტაციაში სახლის პირობებში?
თუ ადამიანს არ აქვს ქრონიკული დაავადებები, ისეთი, როგორიცაა, მაგალითად, თირკმლის უკმარისობა ან გულის უკმარისობა, ასევე ჰიპერტენზია, როცა სითხით დატვირთვა შეზღუდულია, მაშინ მოწამლულ ადამიანს შეუძლია მიიღოს სითხე, ასევე აბსორბენტული [შემწოვი] საშუალებები, ესენია: ნახშირი, ენტეროსგელი, რაც ბოჭავს დარჩენილ ტოქსინს ნაწლავებში. ასეთი ქრონიკული ასეთი დაავადებების მქონე ადამიანებმა, თუნდაც ინტოქსიკაციის დროს, ზედმეტი სითხის მიღებისგან უნდა შეიკავონ თავი და პირდაპირ მიმართონ ექიმს.
თუ ადამიანი ნორმალურად გამოყოფს მიღებულ სითხეს და არ აღენიშნება ამ მხრივ რაიმე გართულებები, სითხით დატვირთვა ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, ასევე რეკომენდებულია დიეტა – ცხარე, მჟავე და შემწვარი საკვების გამორიცხვა და მოხარშულის მიღება.
_______________________
საკვებით მოწამვლა ხშირად გადადის 48 საათში, იმისთვის, რომ თავს დაეხმაროთ გამოჯანმრთელებაში, MayoClinic გირჩევთ:
დაასვენეთ მუცელი. შეწყვიტეთ საკვებისა და სითხის მიღება რამდენიმე საათის განმავლობაში.
სცადეთ სითხის მიღება პატარა ყლუპებით ან ყინულის პატარა ნატეხით. ასევე შეგიძლიათ სცადოთ მინერალური წყალი.
თუ გაქვთ დეჰიდატრაციის სიმპტომები ან დიარეა, შეგიძლიათ მიიღოთ რეჰიდრატაციის ორალური საშუალებები (თუ თქვენი ნორმალურად შარდავთ და შარდი არ არის მუქი ფერის, ესეიგი საკმარის სითხეს ღებულობთ).
დაიწყეთ კვება რბილი, არაცხიმიანი, მარტივად გადასამუშავებელი საკვებით, როგორიცაა ტოსტი, ბანანი და ბრინჯი. შეწყვიტეთ ჭამა, თუ ღებინების შეგრძნება დაგიბრუნდათ.
მოერიდეთ კონკრეტულ საკვებსა და ნივთიერებებს, მანამ სანამ თავს უკეთესად იგრძნობთ. ეს არის რძის პროდუქტები, კოფეინი, ალკოჰოლი, ნიკოტინი, ცხიმიანი ან ძლიერად შეკმაზული კერძები.
დაისვენეთ, რადგან ავადმყოფობამ და გაუწყლოებამ შეიძლება დაგასუსტოთ და დაგღალოთ.
მოიჯარეს, რომელსაც სახელმწიფოსგან მიწა იჯარით აქვს აღებული, შეუძლია ეს მიწა შეისყიდოს, უკვე მისი ღირებულების 75%-ის გადახდით. მიწის ფასს დამოუკიდებელი ექსპერტი ადგენს. ამ დრომდე მოიჯარეს მიწის გამოსასყიდად ღირებულების 100% უნდა გადაეხადა.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიწის გამოსყიდვა შეუძლია იმ მოიჯარეს [ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს], რომელსაც იჯარის ხელშეკრულება ამ პროგრამის ამოქმედებამდე, ანუ 2020 წლის 24 ივლისამდე, არანაკლებ 6 თვით ადრე აქვს დადებული სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან; ამასთან, განცხადების წარდგენის დროისათვის ეს ხელშეკრულება მოქმედია და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა 10 მაისს განაცხადა, რომ მოიჯარეებს, რომელთაც მიწის გამოსყიდვა მოუნდებათ, სახელმწიფო 25%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს.
2021 წლის 11 მაისიდან კი ძალაში შევიდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც „პროგრამით დადგენილი წესით მოიჯარისთვის უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, საპრივატიზებო თანხა განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნით დადგენილი მიწის ნაკვეთისა (მასზე არსებული ნარგავების ღირებულების ან/და მოიჯარის მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურის გარეშე) და იჯარის ხელშეკრულების დადებისას ამავე მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის საბაზრო ფასის 75%-ის ოდენობით.“
მოიჯარემ უძრავი ნივთის საპრივატიზებო თანხა უნდა გადაიხადოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში.
სამი ქართველი სტუდენტისგან შემდგარმა გუნდმა მართლმსაჯულების საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა.
ნინო საყვარელიძე, მარიამ გეგუჩაძე და ანა ჯიქია გამარჯვებული გუნდის წევრები არიან. ისინი კემბრიჯის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან.
ნინო საყვარელიძე კი, რომელიც საუკეთესო სპიკერადაც დასახელდა, ლუქსემბურგშიც გაემგზავრება სტაჟირებაზე ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში.
გამარჯვებული გუნდის წევრებს „ბათუმელები“ ესაუბრა. ნინო საყვარელიძე „თავისუფალ უნივერსიტეტში“ სწავლობს, მარიამი და ანა კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტები არიან.
კონკურსი Central and East European Moot Court Competition-ი 1996 წლიდან იმართება და საქართველო წელს პირველად გახდა ამ კონკურსის გამარჯვებული. კონკურსში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 20-მდე ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველოც.
„საკონკურსო საკითხები მთლიანად ეხებოდა ევროკავშირის სამართალს, საჯარო შესყიდვებს და მოცემული გქონდა კონკრეტული ქეისები ევროკავშირის სასამართლო საქმეებიდან, რაზეც უნდა გვემსჯელა. დაახლოებით 30-ზე მეტი საქმე იყო, ასევე საკითხები მოიცავდა ევროკავშირის კანონმდებლობას და რეგულაციებს.
ჩეხეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის წევრები არიან და ამ მხრივ მათ წარმომადგენლებს მეტი გამოცდილება ჰქონდათ, რადგან კონკრეტულ ქეისებთან ჰქონდათ შეხება, ჩვენ კი, ამ მხრივ დიდი გამოცდილება არ გვქონია. ამის მიუხედავად, ტრენერის გარეშე, ჩვენ სამმა მაინც შევძელით ამ შედეგის მიღწევა,“ – გვითხრა ნინო საყვარელიძემ.
ნინო, მარიამი და ანა კონკურსში მონაწილეობის დროს
გოგოების თქმით, სახელმწიფო შესყიდვები აქტუალური საკითხია საქართველოსთვის და ამიტომაც დაინტერესდნენ მსგავსი კონკურსით.
„კონკურსის სპეციფიკა ის იყო, რომ ამ ქეისებიდან ამოგვეკრიფა რელევანტური არგუმენტები. ერთ-ერთ ქეისში საუბარი იყო იმაზე, რომ კერძო კომპანიამ ყოველგვარი შეჯიბრის გარეშე გააფორმა ხელშეკრულება სხვა კომპანიასთან, ანუ ქვეკონტრაქტორთან და უნდა განგვეხილა, ჰქონდა თუ არა მას ვალდებულება ქვეკონტრაქტორის აყვანაზე საჯაროდ გამოეცხადებინა კონკურსი, რადგან მას თანხა მიღებული ჰქონდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან.
ერთი მხარის არგუმენტი იყო, რომ კონკურსი უნდა ყოფილიყო საჯარო, რადგან ევროკავშირის ბიუჯეტთან გვაქვს საქმე, თუმცა მეორე მხარე ამტკიცებდა, რომ ის კერძო კომპანიაა და უნდა ჰქონდეს ამ თანხის თავისუფლად განკარგვის უფლება, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მიიღო ეს თანხები“ – გვეუბნება ნინო. მისი თქმით, ასეთ იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობა საინტერესოა იმით, რომ სწორი პასუხი რეალურად არავის არ აქვს და დღემდე მსჯელობენ როგორც კანონმდებლები, ასევე ევროსასამართლოს მოსამართლეები.
„საქართველოში საჯარო ტენდერებთან შეხება არ მქონია, თუმცა ყოველთვის, ყველა ქვეყანაში აქტუალურია ეს საკითხი იმ მხრივ, რომ ყოველთვის არსებობს კორუფციის რისკები,“ – ამბობს ნინო.
შეჯიბრი ოთხი ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე კონკურსანტ გუნდს უნდა მოემზადებინა მემორანდუმი, შემდეგ იყო პირველი ზეპირი გამოსვლა, სადაც გუნდს ორი თამაში ჰქონდა. თამაშში მონაწილეობდა როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე მხარე. შემდეგ არის ნახევარფინალი სადაც ასევე ორი მხარე მონაწილეობს დაპირისპირებულ თამაშში. ფინალურ ეტაპზეც ორი თამაში იყო მოცემული, თუმცა როგორც გოგონები ამბობენ, განსხვავება კითხვებს და თემებს შორის იყო.
„სლოვენიის გუნდი იყო მეორე ფინალისტი და მათ ვეთამაშეთ. ობიექტურად, ძალიან რთული იყო ფინალური რაუნდი, რადგან მოქმედი კანონმდებლები მონაწილეობდნენ და მოქმედი მოსამართლეები მსაჯობდნენ. არასწორი პასუხის შემთხვევაში მაშინვე გისახელებდნენ საპირისპირო არგუმენტს და იქვე უნდა მოგეფიქრებინა სწორი პასუხიც,“ – ამბობს ნინო.
მისი თქმით, ერთ-ერთი თემა შეეხებოდა დავას. თუკი რომელიმე მხარე საჯარო შესყიდვის შედეგებს ვინმე გაასაჩივრებდა, ეს დავა უნდა გადაწყვეტილიყო შიგნით, ფარულად თუ საჯაროდ? „მხარეები ამბობდნენ, რომ საჯაროდ, რადგან ეს გამორიცხავს მოსყიდვის რისკებს“ – გვეუბნება ნინო საყვარელიძე.
„ჩვენს ერთ-ერთ ქეისში ერთ მხარეს იყო კერძო კომპანია, მეორე მხარეს კი – ევროკომისია. იყო კითხვა, რომ ევროკომისიამ ეს ხელშეკრულება დადო როგორც კერძო პირმა, თუ საჯარო ორგანომ და ჩვენ ამაზე უნდა გვემსჯელა,“ – ამბობს ნინო.
მარიამ გეგუჩაძის თქმით, ქართულ უნივერსიტეტებში იმიტირებული შეჯიბრებები თითქმის არ იმართება, ცოდნას ძირითადად თეორიულად იღებენ სტუდენტები და აუცილებელია, რომ ეს კომპონენტი გაძლიერდეს.
„პრაქტიკულ გამოცდილებას ნაკლებად ვიღებთ ხოლმე სტუდენტები. ამასთან, ჩვენ რადგან კერძო სამართლის მიმართულებით ვსწავლობთ, ევროკომისიის მოსამართლეები გვესწრებოდნენ, ისინი მსაჯობდნენ და მათთანაც მუშაობის გამოცდილება ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო.
სრულიად განსხვავებულია ქართველი მოსამართლეებისგან მათი კითხვების დასმის ტექნიკაც და ენობრივი ბარიერების დაძლევის მხრივაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ,“ – ამბობს მარიამი.
მისი თქმით, ამ კონკურსში გამარჯვებამ ის კიდევ ერთხელ დაარწმუნა გუნდური მუშაობის მნიშვნელობაში.
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გუნდური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროფესიისთვის. პირველი შემთხვევაა ისიც, რომ ორი უნივერსიტეტი გაერთიანდა და გაიმარჯვა საქართველოს სახელით“.
მარიამის აზრით, უნივერსიტეტებში იმიტირებული თამაშების დაფინანსებით კერძო კომპანიებიც უნდა დაინტერესდნენ, რადგან ევროპულ უნივერსიტეტებს სწორედ ეს თანამშრომლობა ეხმარებათ პრაქტიკული ცოდნის გაძლიერებაში.
ანა ჯიქია ამბობს, რომ მისთვის იმ მხრივ იყო ამ კონკურსში მონაწილეობა მნიშვნელოვანი, რომ დამამთავრებელ კურსზეა და სხვა დროს არ ჰქონია ასეთი შესაძლებლობა.
„მე პირადად არასამთავრობო ორგანიზაციაში ვსაქმიანობ და ეს სფერო დამეხმარა საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლაში. ჩვენი ქეისიც ეხებოდა ევროკავშირის გრანტს და მის ფარგლებში დაკისრებულ გარკვეულ ვალდებულებებს,“ – ამბობს ანა.
უნივერსიტეტებში პრაქტიკის გაძლიერებაზე ანაც საუბრობს. მისი თქმით, ქართულ უნივერსიტეტებში რამდენიმე საერთაშორისო იმიტირებული პროცესი დანერგილია, თუმცა ამ შემთხვევაში არ ყოფილა უნივერსიტეტის მხრიდან ხელშეწყობა და საერთაშორისო მართლმსაჯულების კონკურსში მონაწილეობისთვის გოგოები მოხალისეობრივად გაერთიანდნენ.
„მე, პირადად, პრაქტიკული გამოცდილება მუშაობის პროცესში შევიძინე და არა უნივერსიტეტში სწავლის დროს,“ – გვითხრა ანამ.
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, შინდისის გმირების სახელობის სკვერი დაზიანებულია. ნარგავები შენარჩუნებულია, თუმცა დამტვრეულია სკამები და ბორდიურები. სკვერის გარშემო მცხოვრებთა თქმით, გვიან ღამით აქ გამოდიან დასალევად, შემდეგ კი ინფრასტრუქტურას აზიანებენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შინდისის გმირების სახელობის სკვერში ინფრასტრუქტურა ვანდალურად დააზიანეს.
შინდისის გმირების სახელობის სკვერიდაზიანებულია სკამები
სავალალო მდგომარეობაშია ამ სკვერში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშო.
დაზიანებულია ასევე ურნები.
ბათუმი მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ამ სკვერის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება:
„შემდეგი კვირიდან უკვე აიღებენ დაზიანებულ სკამებს, რომელთა შეკეთებაც ადგილზე ვერ მოხერხდება და დაიწყება დაზიანებული ინფრასტრუქტურის განახლება.“
შინდისის გმირების სახელობის სკვერის მშენებლობისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 902 ათასი ლარი დაიხარჯა. სკვერი 2016 წლის აპრილში გაიხსნა, განსხვავებული კონცეფციით მოწყობილი პარკი ოთხ ჰექტარზეა გაშენებული.
ადგილობრივების თქმით, რომლებსაც აქ ბავშვები სასეირნოდ დაჰყავთ, რეკრეაციული სივრცის არსებობა და მისი ინფრასტრუქტურის გამართულობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ფერმერების მიერ დაწერილი პროექტების განხილვა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილმა კომისიამ უკვე დაასრულა. შერჩეულ ფერმერებს მონიტორინგის ჯგუფები ამ დღეებში ადგილზე ნახავენ და დააზუსტებენ, რამდენად შეესაბამება რეალობას ის, რაც ფერმერებმა პროექტში ჩაწერეს.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე „ბათუმელებთან“ ინტერვიუში საუბრობს: როგორ შეირჩა პროექტები, რას მიენიჭა უპირატესობა და რის დაფინანსებაზე თქვა უარი სამინისტრომ 2021 წელს.
ბატონო გიორგი, რამდენი პროექტი შეირჩა „საოჯახო მეურნეობების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში და რა ეტაპზე ხართ ახლა?
სულ იყო 3 ათასამდე საპროექტო განაცხადი და შერჩეულია 317 პროექტი. კომისიამ ყველა განაცხადი შეისწავლა, დასორტირდა მიმართულებების მიხედვით და არსებული ბიუჯეტის ფარგლებში გამოიყო პრიორიტეტულად დასაფინანსებელი მიმართულებები. შეირჩა ის პროექტები, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩვენს პრიორიტეტულ მიმართულებას და წესთან შესაბამისობაშია.
როგორც ცნობილია, ჩვენ გვაქვს ბიუჯეტი 1 მილიონამდე ლარი. შესაბამისად, შეირჩა ისეთი მიმართულებები, რის დაძლევასაც შეძლებს ეს ბიუჯეტი. პანდემიის პირობების გათვალისწინებით, მაგალითად, ჩვენ მცირე ტექნიკის დაფინანსებაზე უარი ვთქვით, რადგან ბოლო 10 წლის განმავლობაში დიდი რაოდენობით მცირე ტექნიკაა გაცემული: შესაწამლი აპარატები, მოტობლოკები და მსგავსი დანადგარები.
2 953 ფერმერიდან, ვინც სამინისტროს პროექტით მიმართა, უმრავლესობა – 2 231 ადამიანი ითხოვდა მცირე მექანიზაციის საშუალებებს, მათ შორის, ძირითადად მოტობლოკებს. რის საფუძველზე მიიჩნიეთ, რომ ეს არ იყო პრიორიტეტი? განაცხადების ეს რაოდენობა აჩვენებს, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა მოტობლოკებზე იყო.
მოთხოვნა დიდი იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრიორიტეტულია… გეტყვით, როგორ ვიმსჯელეთ: თითქმის 8 ათასამდე ტექნიკა გვაქვს დარიგებული 2013 წლის შემდეგ. ეს მოტობლოკები შესაძლოა ისურვოს ნებისმიერმა იმის მიუხედავად, რამდენად სჭირდება. გარდა ამისა, ჩვენ წელს ასევე გვაქვს პროგრამა უფასო ხვნა-თესვის და ფარცხვის მიმართულებით. შარშანდელთან შედარებით 500-600 ჰექტარით მეტ მიწის ფართობს დავამუშავებთ. რეალურად არ დარჩება ფერმერი, რომელსაც მიწის ნაკვეთი დარჩება დაუხნავი.
მეორე კატეგორიაა მეციტრუსეები, რომლებსაც მოტობლოკის დაფინანსება სურთ, თუმცა ციტრუსის ნაწილში მოტობლოკის გამოყენება საერთოდ არაა რეკომენდებული.
მინიმუმ წინასწარ რატომ არ უთხარით ფერმერებს ამის შესახებ, რომ მათ ეს მოლოდინი არ გასჩენოდათ და ტყუილად პროექტები არ დაეწერათ?
სამინისტრო განსაზღვრავს პოლიტიკას. იცით, როგორ არის? ყველა ეს განაცხადი მოტობლოკზე რჩება აქტიური. 2021 წელს მოტობლოკების დაფინანსება პრიორიტეტულად არ ჩაითვალა, თუმცა 2022 წლის ბიუჯეტს დავგეგმავთ შემოსული განცხადებების საფუძველზე. ჩვენ შემოსული განაცხადით დავთვალეთ რომელი მიმართულება რა დაჯდებოდა: მაგალითად, მრავალწლიან კულტურებზე შემოსულ განაცხადებს დასჭირდებოდა დაახლოებით 2 მილიონი, სათბურებს – 3-4 მილიონი ლარი, მოტობლოკებს – 4-5 მილიონი ლარი.
ჩვენ რომ დაგვეწყო მოტობლოკების დაფინანსება, გაცილებით ნაკლებ პროექტს დავაფინანსებდით და ეს იმ პირობებში, როცა აჭარაში უფასოდ ვხნავთ მიწის ნაკვეთებს. მოტობლოკებზე შემოსული განცხადების დაფინანსება პრიორიტეტად არ ჩაითვალა, თუმცა რაც წელს დაფინანსდა, მაგალითად, მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურა და კენკროვანი კულტურა, მომავალ წელს ამ კულტურებს აღარ დავაფინანსებთ და დავაფინანსებთ ან სათბურებს, ან მოტობლოკებს და შესაწამლ აპარატებს, კიდევ სხვა მიმართულებებს, რაც წელს არ დავაფინანსეთ: ვაზი, თხილის სარჩევი, ღვინის მარნები.
მომავალ წელს რა მიმართულებაზეც გვექნება დაფინანსება, განვიხილავთ უკვე წელს მიღებულ განაცხადებს. თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ მოთხოვნილი განაცხადი არის დადგენილ წესთან მიმართებით სრულყოფილი, ასეთი ტიპის განცხადებები დაფინანსდება. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს პირველად მიეცა შესაძლებლობა ფერმერს, თავად განესაზღვრა საჭიროებები. ჩვენთვის მარტივად დასანახია ფერმერთა ხედვები ქვემოდან ზემოთ და ამის შესაბამისად განისაზღვრა პრიორიტეტები. ამ მიდგომამ ასევე მოგვცა შესაძლებლობა, რომ 2022 წლის ბიუჯეტი დავგეგმოთ მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად.
კონკრეტულად რა სახის პროექტები დაფინანსდა წელს?
წელს პრიორიტეტად შევარჩიეთ კაკლოვანი და კენკროვანი კულტურები ანუ მრავალწლიანი ბაღების გაშენება, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მეფრინველეობა. ადრე თუ ჩვენ მხოლოდ კაკლის ნერგებს ვარიგებდით, წელს ასე აღარ იქნება: ფერმერმა რაც გადაწყვიტა, რომ სჭირდება, იმის შეძენას დავუფინანსებთ. ასევე დაფინანსდა საშრობი, კომპოსტის წარმოება, მესაქონლეობა, მეფუტკრეობა, მებოცვრეობა, მეფრინველეობა, მეღორეობა, დაფნა, ვაშლი, თხილი, მოცვი, კაკალი, ჟოლო, ხურმა, ტყემალი, ქლიავი, კივი, ციტრუსი, წვეთოვანი სისტემები.
ეს 317 პროექტი, რაც შერჩეულია, მის განხორციელებას დასჭირდება მილიონ-ნახევარი ლარი, თუმცა ვვარაუდობთ, რომ მონიტორინგის შედეგად რაღაც გაიცხრილება და საბოლოო ჯამში ჩამოვა მილიონ ლარამდე. თუკი მოხდა ისე, რომ ბევრი პროექტი გაიცხრილა, მაშინ არსებული განაცხადებიდან, რაც შემოსულია და არ შეგვირჩევია, დავამატებთ პრიორიტეტულ მიმართულებას. მაისის ბოლომდე მონიტორინგის პროცესი დასრულდება და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ.
გიორგი სურმანიძე
ყველაზე მეტი რა სახის პროექტები დაფინანსდა? საინტერესოა ასევე გადანაწილება მუნიციპალიტეტების მიხედვით.
ყველაზე მეტი გამოდის მოცვის ბაღები. მოცვი, რა თქმა უნდა, პრიორიტეტია, რადგან ფასი ძალიან კარგია და დღითიდღე იზრდება ამ პროდუქტზე მოთხოვნა. ბაზარზე გაყიდვის პრობლემაც მოცვს არ აქვს.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტს: 317 შერჩეული, მაგრამ დასამონიტორინგებელი განაცხადიდან ხულოდან არის 98, შუახევიდან – 35, ქედიდან -47, ხელვაჩაურიდან – 62, ბათუმიდან – 11, ქობულეთიდან – 64. ჩვენი მიდგომა ასეთია, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში დავაფინანსოთ მინიმუმ 30 განაცხადი, ანუ ეს კვოტაა, ხოლო 30-ის შემდეგ იქნება უკვე საერთო კონკურენცია. თუ ბენეფიციარს უკეთესი მონაცემები აქვს სხვა ფერმებთან შედარებით, მნიშვნელობა აღარ მიენიჭება მუნიციპალიტეტს, სადაც მას აქვს მიწის ნაკვეთი.
თუკი მონიტორინგით გამოვლინდა, რომ ფერმერების მიერ შევსებული მონაცემები ზუსტია, როგორ შეარჩევთ სასურველი რაოდენობის პროექტებს, რომ ჯამში მილიონ ლარს არ გასცდეს დაფინანსება?
აქ იქნება მნიშვნელოვანი, ვის უფრო დიდი მიწის ნაკვეთი აქვს, მონაწილეობდა თუ არა ჩვენს რომელიმე პროგრამაში აქამდე. მაგალითად, თუკი მიღებული აქვს წლების წინ მოტობლოკი და გაყიდა ან გააჩუქა, ეს შეიძლება იყოს პირობა, რამდენად კეთილსინდისიერად იყენებს სიკეთეს, რასაც სახელმწიფოსგან იღებს.
დაფინანსდა თუ არა რომელიმე ინოვაციური პროექტი?
ყველაზე საინტერესო იყო კომპოსტის წარმოება ჭიაყელების გამოყენებით. ახალგაზრდა ფერმერს აქვს ეს ბიზნესი შუახევში და მის გაფართოებაზე შემოიტანა განაცხადი. ის ჭიაყელების გამოყენებით ქმნის სასუქს. ცნობილია, რომ ბიოწარმოება არის პრიორიტეტი ზოგადად და ბიომეურნეობებისთვის ასეთი სასუქები არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ნეოლოგიზმები ენაში ახალგაჩენილ სიტყვებს და გამოთქმებს ჰქვია. გერმანელები, ფრანგები და ესპანელები, მაგალითად, ცდილობენ, რომ ინტერნაციონალურ სიტყვებსაც კი საკუთარ ენაზე მოუძებნონ ანალოგი და ასე დაამკვიდრონ. ხან ამართლებს ეს მეთოდი და ხან – ვერა.
ქართულ ენაშიც, ტექნიკურ პროგრესთან ერთად, რადიო-ტელევიზიისა და ავტოტრანსპორტის გაჩენის შემდეგ უამრავი ახალი სიტყვა გაჩნდა. მეცნიერები თუ მწერლები ცდილობდნენ ქართული ანალოგები შეექმნათ ნეოლოგიზმებისთვის. წარმატებით დამკვიდრდა, მაგალითად, „ლიანდაგი”, „თვითმფრინავი”, „მაყუჩი”, „ონკანი” და ა.შ. მაგრამ იყო სიტყვები, რომლებიც ხელოვნურად შექმნეს, თუმცა ენამ ეს სიტყვები ვერ შეითვისა და დღეს მხოლოდ ფილოლოგებს ან ენით განსაკუთრებულად დაინტერესებულ ადამიანებს თუ ახსოვთ რას ნიშნავს დენცქვიტა, ქვეგრიალა ან მოწოწნიკი.
„პოლიციამ იძულებით ჩაგვსვა მანქანაში, გვემუქრებოდა, 20 ტყვია მაქვს და მუხლებს დაგიხვრეტთო. ბოლოს ჭოროხის პირას დაგვყარა“, – ამბობს ბათუმში მცხოვრები 16 წლის მოზარდი. მისი თქმით, მას და კიდევ ორ არასრულწლოვანს პოლიციელი გუშინ, 10 მაისს, ღამით პოლიციის მანქანაში ემუქრებოდა.
16 წლის დათოს [სახელი შეცვლილია] თქმით, ის და მისი ორი მეგობარი დაახლოებით ღამის თორმეტ საათზე ბათუმში, ინასარიძის ქუჩიდან პოლიციელმა სახლამდე მიიყვანა. იმავე პოლიციელს მოზარდები დილის ექვსის ნახევარზეც შეხვდნენ და ისევ ქუჩაში. ბიჭების მონათხრობით, მეორე შეხვედრის შემდეგ პოლიციელმა ისინი ავტომანქანაში ჩაისვა და დაემუქრა.
„ისე მოხდა, რომ დაახლოებით ღამის თორმეტზე მივდიოდით სახლში, ექვსი ვიყავით… პოლიციამ გაგვაჩერა ამ დროს და გვკითხა, რატომ ვიყავით ქუჩაში. ერთ-ერთს, ვინც ჩვენთან ერთად იყო, ადრე პრობლემები ჰქონდა პოლიციასთან. პოლიციელი გვეკითხებოდა, იციან თქვენმა მშობლებმა, რომ ამის მეგობრები ხართო?
მერე პოლიციელმა მე და კიდევ ორი მეგობარი მანქანით წაგვიყვანა სახლში, დანარჩენები ახლოს იყვნენ სახლთან.
დილის ექვსის ნახევარზე მე და ჩემი მეგობრები ისევ გამოვედით გარეთ იმისთვის, რომ საჭმელი გვეყიდა – „ვილმარტში“ წავედით, კობალაძის ქუჩაზე. ჩემთან მყოფი ერთი მეგობარიც 16 წლისაა, მეორე – 13 წლის. „ვილმარტიდან“ როცა გამოვედით, ისევ იმავე პოლიციელმა გაგვაჩერა, თქვენ კიდევ ქუჩაში ხართო? ჩემმა მეგობარმა უთხრა, რა პრობლემაა, კომენდანტი ხომ უკვე მოხსნილიაო და პოლიციელმა გვითხრა, ყ—ზე მკიდია ეგ, დაჯექითო.
მანქანაში ორი პოლიციელი იყო. ერთი პოლიციელი იყო აგრესიული. გვაგინებდა. ასე გვითხრა, თქვენნაირი ბიჭები ბათუმს დედას უტ….სო, აგერ 20 ტყვია მაქვს და მაგრად დაგენ……თო, მუხლებს დაგიხვრეტთო. ვერ გავიგეთ, რა უნდოდათ. რამე დავაშავეთ-მეთქი და რა არ დააშავეთო. მეორე პოლიციელმა მობილური გამომართვა, ჩემს მესინჯერში შევიდა, ვაიბერშიც და მერე დამიბრუნა. ქალაქს რამდენჯერმე დავარტყით წრე და ბოლოს აეროპორტის ბოლოს, ჭოროხთან მისვლამდე ჩამოგვსვა მანქანიდან“, – ამბობს დათო „ბათუმელებთან“.
დათომ გვითხრა, რომ ის დედასთან ერთად ცხოვრობს, რომელიც მუშაობს და თვითონ სკოლაში აღარ დადის.
„მე-9 კლასიდან გამოვედი, ვაპირებ, რომ პროფესიულში ვისწავლო,“ – დასძინა მან.
მოზარდები ბათუმისკენ ფეხით წამოვიდნენ. ბათუმელი კაცი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ მოზარდები მას ახალ ბულვარში შეხვდნენ შემთხვევით, ხელი დაუქნიეს და ისინი სახლამდე (ვილმარტთან) წაიყვანა…
16 წლის დათო და მისი დედა ამბობენ, რომ პოლიციელებს არ უჩივლებენ – „აზრი არ აქვს“.