„დინამო“ ბათუმი 1:0 თბილისის „დინამო“ [ფოტო]

8 მაისს, ბათუმის ახალ სტადიონზე „დინამო“ ბათუმმა თბილისის „დინამო“ 1:0 დაამარცხა. გუნდები ეროვნული ლიგის მე-12 ტურში შეხვდნენ ერთმანეთს.

ბათუმის ახალ სტადიონზე ეს პირველი მატჩი იყო, რომელსაც გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

ბათუმის სტადიონი / 8.05.2021 / გურამ მურვანიძის ფოტოები
ბათუმის სტადიონი / 8.05.2021 / გურამ მურვანიძის ფოტოები
ბათუმის სტადიონი / 8.05.2021 / გურამ მურვანიძის ფოტოები
ბათუმის სტადიონი / 8.05.2021 / გურამ მურვანიძის ფოტოები
ბათუმის სტადიონი / 8.05.2021 / გურამ მურვანიძის ფოტოები
ბათუმის სტადიონი / 8.05.2021 / გურამ მურვანიძის ფოტოები
ბათუმის სტადიონი / 8.05.2021 / გურამ მურვანიძის ფოტოები
ბათუმის სტადიონი / 8.05.2021 / გურამ მურვანიძის ფოტოები
ბათუმის სტადიონი / 8.05.2021 / გურამ მურვანიძის ფოტოები

 

 

მიტროპოლიტი ანტონი ჟურნალისტს ყელში სწვდა – „რა არის შენი გადასაწყვეტი ბიჭო“

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს ფიზიკურად მიაყენა შეურაცხყოფა. კერძოდ, მიტროპოლიტმა ჯერ მიკროფონს მოაძრო და მოისროლა ე.წ. ღრუბელი, შემდეგ კი ყელში სწვდა ჟურნალისტს.

შემთხვევა გუშინ, 7 მაისს მოხდა, „მთავარმა“ ინფორმაცია დღეს გაავრცელა გადაცემაში „მთავარი შაბათს“.

„მთავარის“ ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში სინოდის წევრების შეხვედრის გასაშუქებლად იყო ჩასული.

„მოსული ხართ გააშუქოთ, ხალხს რაღაც ნეგატივი გადადოთ“ – ასე დაიწყო ეპისკოპოსმა ჟურნალისტთან საუბარი. მან თქვა, რომ ჟურნალისტის „დანახვა არ უნდა“ და „ხალხს ეზიზღება ჟურნალისტები“.

„ჩემ ეპარქიაში არ დაგინახო ჩემთან მოსული, არ მომწონხარ, გიკრძალავ კატეგორიულად“ – უთხრა მან ჟურნალისტს, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ ეს მისი გადასაწყვეტია.

„რა არის შენი გადასაწყვეტი ბიჭო, ჩემთან მოსვლა არის შენი გადასაწყვეტი?“ – ამ სიტყვებით ეპისკოპოსი ჟურნალისტს ყელში სწვდა.

„მთავარმა“ დღეს ამ ინციდენტის ამსახველი ვრცელი მასალა გაავრცელა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სასულიერო პირები ფიზიკურად უპირისპირდებიან ჟურნალისტებს.

4 მაისს დავითგარეჯში სასულიერო პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ივერი მელაშვილსა და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს.

4 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, რომელმაც შს სამინისტროს ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდა.

____________

ფოტოზე: კადრი „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან.

დინამო ბათუმმა თბილისის დინამო 1:0-ით დაამარცხა

დღეს 8 მაისს, ბათუმის ახალ არენაზე ერთმანეთს ბათუმისა და თბილისის „დინამოები“ დაუპირისპირდნენ. გუნდები ეროვნული ლიგის მე-12 ტურში შეხვდნენ ერთმანეთს.

პირველი გოლი ბათუმის დინამოს ფეხბურთელმა ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა, თამაშის დაწყებიდან 42-ე წუთზე. თბილისის დინამომ გოლის გატანა ვერც მეორე ტაიმში შეძლო.

ახალ სტადიონზე მაყურებლის თანდასწრებით პირველად გაიმართა თამაში. სტადიონზე 6 ათას მაყურებელზე იყო ბილეთი გაყიდული.

ბათუმი არენაზე „დინამო“ ბათუმი და „დინამო“ თბილისი ხვდებიან

დღეს, 8 მაისს, ბათუმი არენაზე ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ერთმანეთს „დინამო“ ბათუმი და თბილისის „დინამო“ შეხვდნენ. მატჩი 20:15 წუთზე დაიწყო.

ბათუმი არენაზე ბათუმისა და თბილისის „დინამო“ ხვდება.

სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს, თუმცა ამ თამაშზე, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე მხოლოდ 6 ათასი ბილეთი გაიყიდა. დღეს ახალ სდატიონზე მაყურებელი პირველად ესწრება თამაშს.

ახალ ბათუმი არენაზე დღეს პირველად გაიმართა თამაში მაყურებლის თანდასწრებით.

ბილეთის შეძენისას აუცილებელი იყო თითოეული პირის სრული მონაცემების შეყვანა, რადგან საშვი მხოლოდ ამის საფუძველზე გაიცემა 00:00 საათამდე.

სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელი იყო ყველა გულშემატკივარს ბილეთზე მითითებული ადგილი დაეკავა.

ბათუმი არენაზე თბილისისა და ბათუმის „დინამოები“ ხვდებიან

 

ბარიერები, რასაც სახელმწიფო საშემოსავლო უკან დაბრუნებისას უქმნის შშმ პირებს

ავტორი: ესმა გუმბერიძე

შემოსავლების სამსახური წლებია, შშმ დასაქმებულებს, განსაკუთრებით იმათ, ვისაც ჩემსავით წელიწადში რამდენიმე დროებითი სამსახური აქვთ, პრობლემებს გვიქმნის კანონით კუთვნილი საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლებით სარგებლობასა და საშემოსავლო გადასახადის სახით დაკავებული თანხის დაბრუნებაში. უკვე ისეთი განცდა მაქვს, რომ დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერებს შეგნებულად გვიწესებენ, რომ ბოლოსდაბოლოს დავიღალოთ ყოველწლიურად თანხის დაბრუნების მცდელობებით და შევეშვათ.

საშემოსავლო გადასახადისგან გასათავისუფლებლად არსებობს ორი გზა: 1. შეგიძლია, დამსაქმებელს შემოსავლების სამსახურიდან მიუტანო ცნობა, რომ არ დაგბეგროს. 2. წლის დასაწყისში შეავსო დეკლარაცია და განცხადებით მოითხოვო გასულ წელს უკვე დაკავებული თანხის დაბრუნება.

პირველი ვარიანტი კარგია მუდმივად დასაქმებული შშმ პირებისთვის: ცნობას ერთხელ მიიტანენ და წლების განმავლობაში დამსაქმებელი ავტომატურად არ ბეგრავს. მაგრამ წელიწადში 5 სამუშაო ადგილს რომ იცვლი, გამოდის, რომ ყოველ ჯერზე წინა დამსაქმებელს უნდა გამოართვა ცნობა, რომ მისგან ანაზღაურებას აღარ იღებ, მიიტანო ეს შემოსავლების სამსახურში, მათ გამოაწერინო ცნობა შემდეგი დამსაქმებლისთვის, რომ ე.წ „საგადასახადო შეღავათით“ სხვაგან აღარ სარგებლობ და მიიტანო ეს ამ ახალ დამსაქმებელთან.

მე, პირადად, წლის გასვლის შემდეგ, წინა წლისას ვიბრუნებ ხოლმე, რადგან ძალიან რთულია, ერთჯერადად სადმე ლექციისთვის რომ გიხდიან ფულს ამხელა ბიუროკრატია გაიარო ყოველ ჯერზე. ეს დაბრუნება ყოველწლიურად რამდენიმეთვიან ომად მიჯდება. ყოველთვის სხვადასხვა პრობლემას მიქმნიან. წლების წინ ჩემგან მოითხოვდნენ დეკლარაციის შესავსებად ყველა დამსაქმებლისგან ცნობების შეგროვებას – თუ რა თანხა გადამიხადეს და რამდენი დამიკავეს გადასახადის სახით. არადა ეს ინფორმაცია ისედაც ჰქონდათ. დამსაქმებლები გიჟდებოდნენ, ეს ხომ ისედაც მივაწოდეთ შემოსავლების სამსახურს და ერთი და იგივე რატომ უნდა ვუკოპიროთო. ამ თემაზე საჯარო პოსტებისა და განცხადებების წერის, ასევე ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსთან გასაუბრების შემდეგ ამას აღარ მთხოვდნენ. შემდეგ მოიგონეს, რომ დეკლარაციისა და განცხადების შევსებაში ვეღარ დამეხმარებიან.

შარშან მითხრეს გადაჭრით, რომ ოპერატორები ამ უფლებამოსილებით აღარ არიან აღჭურვილნი და რომ, თურმე, „ბუღალტერი უნდა დავიხმარო“. დიახ, არც მეტი და არც- ნაკლები. მე, კერძო პირმა, რამდენიმე ასეული ლარი რომ დავიბრუნო, ჩემი ხარჯით უნდა ავიყვანო ბუღალტერი. შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალი უსინათლოსთვის არაა მისაწვდომი. უფრო მეტიც, წლების წინ დამსაქმებლების ბუღალტრებს რომ ვთხოვდი იმ სხვადასხვა ცნობებს, ისინი ვერ ერკვეოდნენ, სად და რა უნდა აეტვირთათ. შარშან ხვეწნა-მუდარის მიუხედავად ცივი უარით რომ გამისტუმრა შემოსავლების სამსახურის ორთაჭალის ფილიალმა, ჩემით რომ ვერ გავაკეთებდი დეკლარაციას, ჩემს მეგობარს ვთხოვე: მივეცი ჩემი პაროლი, კოდი, საერთოდ თუ რამე მქონდა, ყველაფერი იმ პლატფორმის. ის ადამიანი ტენდერების კუთხით მუშაობს და მაინც ვერ გაერკვა ბოლომდე. განცხადება რამდენჯერმე დაგვიხარვეზეს. ბოლოს ვიპოვე ერთი ბუღალტერი, რომელიც დამეხმარა და დამაბრუნებინა თანხა შარშან. ამასობაში მივმართე სახალხო დამცველს.

სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაცია. ისინი წერილით შეჰპირდნენ, რომ მართალია, ოპერატორები ზედმეტად დაბეგრილი თანხის დაბრუნების პროცესში მოქალაქეებს დახმარებას აღარ უწევენ, მაგრამ შშმ პირი თუ მიმართავს, გამონაკლისის სახით დაეხმარებიან.

დეკლარაცია წელსაც იმ ღვთისნიერ ბუღალტერს შევავსებინე. განცხადება კი უკვე შემოსავლების სამსახურის საბურთალოს ფილიალში დამაწერინეს ამა წლის პირველ აპრილს. თანხას განცხადების შეტანიდან 30 დღეში რიცხავენ ბანკის ანგარიშზე, როგორც წესი. გუშინ, რომ არ დამხვდა ანგარიშზე ის თანხა ჩარიცხული, ერთ  თვეზე მეტი ხნის მერე, დავრეკე შემოსავლების სამსახურში. განცხადების ნომერი და შტრიხკოდი ვუთხარი – მითხრეს, რომ ჩემს განცხადებაზე 12 აპრილს უარი მეთქვა. რის საფუძველზე და განცხადება არაუფლებამოსილი პირის მიერ არის შევსებულიო! არადა ჩემი სახელით იყო. რომ დაველაპარაკე იურისტს, უარესი მითხრა: „თქვენ დამოუკიდებლად თუ ვერ იყენებთ იმ პორტალს, მინდობილი პირი უნდა გყოლოდათ და მას მინდობილობა უნდა აეტვირთა“.

ჯერ ერთი მტკიცებულების გარეშე რა უფლება აქვთ, ავტომატურად ჩათვალონ, რომ ჩემი სახელით სხვა მოქმედებდა! მეორე – ამ განცხადების გასაჩივრების ვადა არის 30 კალენდარული დღე. 13 მაისამდე კი არც ერთ სერვისცენტრში მოქალაქეებს პირისპირ არ იღებენ. ელექტრონულად კიდევ მე ვერ გავასაჩივრებ, რადგან პორტალი არ არის ჩემთვის მისაწვდომი. ამასობაში გასაჩივრების ვადას ვუშვებ.

და ბოლოს: განცხადება დამიწერეს შემოსავლების სამსახურის საბურთალოს ფილიალში და ბალანსი ვერ დამისვეს სწორად! დეკლარაციით სხვა თანხის დაბრუნება მეკუთვნის, მათ კი განცხადებაში სხვა ჩამიწერეს. მაგრამ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი ამ უზუსტობის საფუძვლით კი არა, არაუფლებამოსილი პირის მიერ შევსების გამო მეთქვა. 2015 წლიდან ვიბრუნებ ამ თანხებს. მთელი ეს პერიოდი მიქმნიან პრობლემებს. ვეხვეწებოდი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისსაც, გაეროს განვითარების პროგრამასაც, მთავრობის ადმინისტრაციასაც, რომ როგორმე იმუშავონ ფინანსთა სამინისტროსთან ამ პრობლემის აღმოფხვრაზე. ეს ხომ არ მოითხოვს ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხების გამოყოფასაც კი.

შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონით ყველა უწყებას, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს, აქვს ინკლუზიის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავების ვალდებულება. ამ პროცესში მაინც რატომ არ გვრთავენ? რატომ არის ასე ძნელი ადამიანების მოსმენა და უმარტივესი პრობლემების გადაჭრა?! ამის შემდეგ კიდევ ვინმე გაბედავს იმის თქმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს? სახელმწიფო, გარემო და საზოგადოება ყოველ ნაბიჯზე გვიზღუდავს შესაძლებლობებს.

ეს ცუდი ტენდენციაა მსოფლიოში, რაზეც დავსვი ახლა აქცენტი. ჩვენთან თუ ჯერ საგადასახადოს ეხება, მაღალგანვითარებულ ქვეყნებში გაექცათ ეს პროცესები. ახლა მიხვდნენ, რამხელა ტვირთად აწვებათ შშმ პირებს ის, რომ თვითონ უწევთ ციფრულ ლაბირინთებში გზის გარკვევა და ფაქტობრივად მარტო რჩებიან ისევ სახელმწიფო მანქანის წინაშე. შეიცვალა საშუალება მხოლოდ და არსი დარჩა იგივე. საყურადღებო თემაა ნამდვილად და სამსჯელო რომ იგივე არ მოხდეს ჩვენთანაც და როცა გადავალთ მთლიანად ციფრულ თვითმომსახურებაზე არ დაგვავიწყდეს რისკების გათვლა.

ესმა გუმბერიძე

„მდუღარე წყალს გადაგასხამ… გადახტი“ – 26 წლის ქალმა გაუპატიურების შემდეგ თავი მოიკლა

პროკურატურა იუწყება, რომ თბილისში დააკავეს ყაზახეთის მოქალაქის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ქალმა გაუპატიურების შემდეგ თავი მოიკლა.

ყაზახურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის ყაზახეთის მოქალაქე, ასელ აიპაევა საქართველოში სამუშაოდ აპრილში ჩამოვიდა.

დღეს, 8 მაისს, „რუსთავი 2“-მა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, რომელშიც ისმის, რომ ქალი ესაუბრება ვინმე ბესოს, რომელიც მას შეურაცხყოფას აყენებს და ფანჯრიდან გადახტომისკენ მოუწოდებს.

„მდუღარე წყალს გადაგასხამ… ვითომ ფანჯრიდან გინდოდა გადახტომა.. რატომ არ გადახტი? მიდი…“ – ისმის რუსულენოვან ჩანაწერში.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 26 წლის ქალმა თავის ნათესავს მისწერა, რომ მუქარის მსხვერპლია და სიცოცხლე აღარ შეუძლია.

პრიკურატურა შსს-ზე დაყრნდნობით შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5  მაისს, თბილისში,  ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა.

ბ.თ.-ს ქმედების შედეგად, მძიმე ფსიქო-ტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა.-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს  დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

არ ვაპირებთ გაერთიანებას რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან – გოლეთიანი

„რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ კატეგორიულად გამორიცხავენ გაერთიანებას რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან. გოლეთიანმა უარყო ხმები იმის შესახებ, რომ რიონის ხეობის მცველები აპირებენ შეურთდნენ ლევან ვასაძის მიერ დაანონსებულ აქციას 16 მაისს.

„არაერთგზის გაგვიკეთებია ამასთან დაკავშირებით განცხადება და გვითქვამს, რომ არ ვაპირებთ გავერთიანდეთ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან.

ზოგადად, არ მივიჩნევთ, რომ პარტიულ დღის წესრიგს შეუძლია გადაწყვიტოს ის პრობლემა, რა პრობლემის ირგვლივაც ვართ აქ შეკრებილი და 182-2 ღამეს ვათევთ კონკრეტულად მოცემულ მომენტში სოფელ გუმათში.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პრობლემას გადაწყვეტს ჩვენი სიმრავლე და ჩვენი დამოკიდებულება, სულისკვეთება რომელიც გვაქვს და ამით მივიდეთ ბოლომდე და საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ – ესაა მნიშვნელოვანი.

პარტიული დღის წესრიგით, ვხედავთ, რომ რამდენიმე ათეული წელია საქმე არ კეთდება ამ ქვეყანაში და ერთ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ ყველა ერთად“ – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა პირდაპირ ჩართვაში ფეისბუქგვერდზე – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“.

მისივე თქმით, მათ არა აქვთ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან პრობლემა, მაგრამ ჰესის მოწინააღმდეგეების ერთობა არის სახალხო მოძრაობა.

„ჩვენ ვართ სახალხო მოძრაობა და ვცდილობთ თვითონ ჩვენ, ხალხმა მოვახერხოთ გაერთიანება ამა თუ იმ პრობლემის ირგვლივ და ჩვენი გაერთიანებით, ყოველგვარი პარტიული დღის წესრიგის გარეშე შევძლოთ გადაწყვეტა და იძულება დაქირავებული ხელისუფლების, რომ იყოს გამტარი და აღმსრულებელი ხალხის ნების. ეს არის ჩვენი სურვილი.

რაც შეეხება იმ ფეისბუქგვერდებს, რომელიც იქმნება ისტერიულად და თან სპონსორდებიან ასეთი გვერდები, ვინ დგას ამის უკან ეს ჩვენ არ ვიცით და სიმართლე გითხრათ არც გვაინტერესებს, მაგრამ ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს 16 მაისის აქციასთან ვერთიანდებით, რომ ჩვენი ხედვები ერთი და იგივეა რიგ საკითხებთან დაკავშირებით.

რაღაც ხედვებში შეიძლება არსებობდეს თანხვედრა, მაგრამ საბოლოო ჯამში დღის წესრიგის და მესიჯბოსქების მიხედვით გვაქვს მთელი რიგი მნიშვნელოვანი აცდენები.

კიდევ ერთხელ ვამბობ, იდეოლოგიურად და საფუძველშივე გამოვრიცხავთ რაიმე პარტიული გზებით მოქმედებას“ – განაცხადა გოლეთიანმა.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 6 მაისს განაცხადა, რომ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას და 16 მაისს თბილისში, 9 აპრილის ბაღში დემონსტრაციას გამართავს. ვასაძემ ასევე აღნიშნა, რომ 23 მაისს ის რიგით მონაწილედ შეუერთდება ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას.

ბათუმში გაავდრდება, ჰაერის ტემპერატურა დაიწევს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 მაისის 21 საათიდან 9 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და წვიმა – ზოგან ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ღამით 10-15 მ/წმ-ში,  დღისით – 17-22მ/წმ-ში.

ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი ღელვა.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 10 მაისს ისევ იწვიმებს, მომდევნო 2 დღეს კი, 11-12 მაისს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო
ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +14 გრადუსია.

ფულად დახმარებას მიიღებენ II მსოფლიო ომის ვეტერანები და ომში დაღუპულთა ოჯახები

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

საქართველოს მთავრობის ცნობით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები მიიღებენ 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები  – 500 ლარს.

დახმარება ერთჯერადია.

___________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

საქართველოში კოვიდის 1564 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

8 მაისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 564 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 27 384 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდით 18 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 564 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 900 შემთხვევა, აჭარაში – 105, იმერეთში – 162, ქვემო ქართლში – 72, შიდა ქართლში – 52, გურიაში – 36სამეგრელო – ზემო სვანეთში – 115, კახეთში – 64მცხეთა-მთიანეთში – 31, სამცხე-ჯავახეთში – 18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 9.

7 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.71 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.71%.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდით ინფიცირების 17 041 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 4 284 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

აჭარაში კოვიდის 105 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 8 მაისი

8 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის105 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 493 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით, მათგან 11 ხელოვნურ სუნთქვაზეა.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 332 ადამიანი იმყოფება.

რისი ნიშანია გახშირებული შებერილობა და ყაბზობა – ექიმი გირჩევთ

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი მოიცავს იმ სიმპტომების ერთობლიობას, რომლებიც გამოწვეულია ნაწლავის ფუნქციონალური დარღვევით, მაგალითად, ტკივილით მუცლის არეში, მეტეორიზმით, ყაბზობით ან ფაღარათით ან მათი მონაცვლეობით. გარდა ტკივილისა და დისკომფორტისა, დაავადებას უყურადღებოდ თუ დავტოვებთ, შესაძლოა მძიმე გართულებები მოჰყვეს, თუნდაც ბუასილის სახით, რომელიც ქრონიკული ყაბზობისა და ფაღარათის შედეგად ვითარდება.

გასტროენტეროლოგი ნანა ბოლქვაძე ამბობს, რომ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი განსაკუთრებით 20-40 წლის ასაკში იჩენს თავს და მისი განმაპირობებილი არასწორი კვების რაციონის გარდა ხშირად სტრესული გარემოც ხდება.

  • რა ფაქტორები განაპირობებს ამ სინდრომის განვითარებას?

სამწუხაროდ, დღემდე გამომწვევი ფაქტორი სრულად შესწავლილი არ არის. მისი გამწვავება უფრო კვებასთან და ფსიქოგენურ ფაქტორთანაა დაკავშირებული, ანუ სიმპტომების გამწვავების მიზეზი შესაძლოა იყოს კვების რეჟიმის დარღვევა. ასევე, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ხშირად განიხილება როგორც ფსიქოსომატური დაავადება. ეს ნიშნავს, რომ სტრესის ფონზე აქვს რეციდივი, ანუ ახასიათებს ხელახალი გამწვავება. დაძაბულობისგან, სტრესის ფონზე, სიმპტომებსაც უფრო ემოციურად აღიქვამს ადამიანი. ასეთ დროს ჩვენც (თერაპევტების გარდა), გასტროენტეროლოგებიც ვნიშნავთ სედატიურ პრეპარატებს. ცხადია, სიმპტომური მკურნალობის პარალელურად.

MayoClinic: ადამიანების უმრავლესობას სტრესის მატების პერიოდში უუარესდება და უხშირდება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები. 

  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი შესაძლოა ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთი გართულებით გამოვლინდეს?

რა თქმა უნდა, შესაძლებელია პათოგენეზში ერთდროულად სამივე წამყვანი ფაქტორი მოქმედებდეს, ასევე დამოუკიდებლად თითოეული მათგანი.

  • რა სიმპტომები ახასიათებს მას და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ეს დიაგნოზი შეიძლება ჩაითვალოს საიმედოდ თუ, რა თქმა უნდა, არ გამოვლინდა ორგანული პათოლოგია და ასევე სახეზე გვაქვს ამ სიმპტომთაგან/ნიშანთაგან ხუთი მაინც:

  • 20-დან 40 წლამდე ასაკი
  • შებერილობა ანუ მეტეორიზმი
  • ტკივილი მუცლის არეში, ნებისმიერი ხანგრძლივობის და ლოკალიზაციის
  • დეფეკაციის ცვლილება ანუ ყაბზობა, ფაღარათი ან მათი მონაცვლეობა
  • ასევე დაავადების მიმდინარეობა 6 თვეზე მეტი ხნით
  • ფეკალური მასის ცვლილება შესაძლოა არ იყოს ყაბზობა და არ იყოს ფაღარათი, მაგრამ პაციენტი აღნიშნავს, რომ შეცვლილია ფორმა
  • წონისმატებისკენ მიდრეკილება (მიუხედავად კვების რაციონში ცვლილებისა)
  • ობიექტური მონაცემის ცვლილება, ანუ მუცლის ნახვის დროს პერკუსის დროს შებერილი და მტკივნეული მუცელი
  • ფეკალურ მასაში ლორწოს არსებობა
  • ხშირი შარდვაც, რადგან გადაბერილი ნაწლავი ზეწოლას ახდენს შარდის ბუშტზე. გულისრევა, ქოშინი, კარდიალურ შეტევებსაც კი იწვევს გადაბერილი ნაწლავი, როცა დიაფრაგმას აწვება
  • ასევე ცრუ შეგრძნება, თითქოს უნდათ მოსაქმება, მაგრამ არ არის მოქმედება
  • დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დეფეკაციის შემდეგ

კუჭის მოქმედება ინდივიდუალურია, მაგრამ ნორმალურად მიიჩნევა კუჭის მოქმედება ყოველდღიურიდან სამ დღეში ერთხელ, ტკივილის გარეშე. სამ დღეზე მეტი თუა, უკვე ყაბზობაა.

დისკომფორტისა და გართულებების თავიდან აცილების გარდა, მნიშვნელოვანია უყურადღებოდ არ დავტოვოთ ეს სიმპტომები, თუნდაც იმიტომ, რომ გამოირიცხოს სხვა, მსგავსი სიმპტომატიკით მიმდინარე დაავადებები, თუნდაც ლაქტოზის აუტანლობა.

  • რა საკვების მიღება შეიძლება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისას?

გააჩნია რითი მიმდინარეობს, ახლა, სეზონურობიდან გამომდინარე, დამახასიათებელია შებერილობით ანუ მეტეორიზმი. შებერილობით მიმდინარეობისას აუცილებელია კვების რაციონიდან ამოვიღოთ რძე, კიტრი, ლობიო, ფხალი, კომბოსტო, ახალი პური, გაზიანი სასმელი.

ყაბზობისა და ფაღარათის დროს პირიქით, სასურველია კვების რაციონი გავამდიდროთ კონკრეტული პროდუქტებით. მაგალითად, მაწონი, იოგურთი – ესენი შეიცავენ ბიფიდო და ლაქტობაქტერიებს, რომლებიც განავლის ანალიზში ყოველთვის დაქვეითებულია ამ დაავადების მიმდინარეობისას.

ყაბზობის დროს რაციონიდან უნდა ამოვიღოთ კარტოფილი ანუ კრახმალი, ბრინჯი. წვნიანში ცოტა რაოდენობით არაუშავს, საუბარია შემწვარ და მოხარშულ კარტოფილზე. ან ბრინჯი ფლავის სახით; ფაღარათის დროს კვების რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ცხიმიანი (ცხოველური) პროდუქტები; რძის პროდუქტებიდან შესაძლებელია მხოლოდ უცხიმო ხაჭო და უცხიმო ყველი.

სითხის მიღება რეკომენდებულია როგორც ყაბზობის, ისე ფაღარათის დროს. განსაკუთრებით უზმოზე ერთი დიდი ჭიქა წყალი, ოთახის ტემპერატურაზე ან ამ სეზონზე ონკანიდან მოშვებული. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამიდან ერთი საათის შემდეგ. მინიმუმ 2 ლიტრი დღეში.

  • როგორ მკურნალობენ აღნიშნულ დაავადებას?

პირველი არის ექიმის მიერ სწორად, ინდივიდუალურად შერჩეული დიეტა და პლუს მედიკამენტოზური მკურნალობა. ეს ორი მეთოდი ერთად ეფექტურია.

რას ფიქრობენ მოიჯარეები ბულვარის გენგეგმაზე

„სინამდვილეში მათ ჩვენი გაყრა უნდათ ბულვარიდან, რომ შემდეგ პლაჟები და სხვა ადგილები დიდ სასტუმროებს დაუკანონონ. ასე არ გამოვა. ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით“, – ამ განწყობით მივიდნენ ბულვარის განაშენიანების გეგმის პრეზენტაციაზე მოიჯარეები, რომლებიც წლების განმავლობაში ბათუმის ბულვარში კომერციულ საქმიანობას  ეწევიან.

მათ უმეტესობას ბულვარში ძირითადად სეზონური ბიზნესი აქვს. ბევრს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა ან მოკლევადიანი შეთანხმება აქვს, ზოგ შემთხვევაში კი იჯარით აღებულ ნაკვეთებზე, მოიჯარეები ფლობენ კაპიტალურ შენობებს. ეს შენობები თავად იმ პირობით ააშენეს, რომ მომავალში [საიჯარო ხელშეკრულებების ვადის გასვლის შემდეგ], თუ მათ ამ ტერიტორიების დატოვება მოუწევდათ, სახელმწიფო შენობებს გამოისყიდდა.

წლების შემდეგ, ეს საკითხი მერიასა და მოიჯარეებს შორის გრძელვადიანი დავის საგნად იქცა.

ათავისუფლებს თუ არა მერია ადგილს ბულვარში მცირე ბიზნესებისგან მსხვილი ინვესტორებისთვის

დღეს მოიჯარეების დიდი ნაწილი ბულვარის განაშენიანების გეგმას ეჭვის თვალით უყურებს. ზოგიც თანახმაა დააკმაყოფილოს ბულვარის ახალი კონცეფციის მოთხოვნები, იმ შემთხვევაში თუ მას ბულვარში მუშაობაში ხელს არ შეუშლიან.

მოიჯარეები უკმაყოფილოები არიან ასევე მთავრობის შეთავაზებით, რაც ხელშეკრულებების ერთი წლით  გაგრძელებას გულისხმობს. მოიჯარეები მინიმუმ სამწლიან ხელშეკრულებებს ითხოვენ.

ამ ჯგუფს შორის განსაკუთრებით უკმაყოფილოები ის მოიჯარეები არიან, რომლებმაც იციან, რომ გენგეგმა ბულვარის პირველ ზოლში სანაპიროს მხრიდან შენობებს არ მოიაზრებს, მათი შენობები კი სწორედ ამ ზოლშია.

სამწლიანი ხელშეკრულებების მოთხოვნით ბულვარის მოიჯარეები დღეს, 7 მაისს აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ და მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს. მათგან უმრავლესობამ გვითხრა, რომ ბულვარის განაშენიანების გეგმას არ იცნობს და ზუსტად არც ის იცის, რა წერია დოკუმენტში. ზოგს კი მასზე ზედაპირული წარმოდგენა შეექმნა პრეზენტაციაზე, რომელიც გენგეგმის ავტორმა კომპანიამ მოაწყო.

„იყო საჯარო განხილვა, მაგრამ ჩვენს შორის, ვინც ბულვარში ვმუშაობთ, ბევრი ვერ მოხვდა ამ შეხვედრაზე. ვინც ესწრებოდა მათაც, ბევრმა ვერ გაიგო ყველაფერი. ჩვენ გვაწუხებს ის, რომ შემოგვთავაზეს ერთწლიანი ხელშეკრულებები. ჩვენ ბულვარში ვმუშაობთ წლების განმავლობაში, მაშინაც არ გამოვსულვართ პრეტენზიებით, როცა ტურისტი არ შემოდიოდა ქალაქში. 2020 წელს ჩვენ გავაგრძელეთ სეზონი, რადგან ფრენებს და დამსვენებელს ელოდნენ. გვიან დავიწყეთ და აგვისტოს ბოლოს პანდემიის გამო ისევ შეფერხდა ჩვენი მუშაობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გვქონდა თხოვნა, რომ 3 წლით გაეგრძელებინათ ხელშეკრულებები“, – გვითხრა ბექა გუგუნავამ.

მოიჯარეები აჭარის მთავრობის სახლთან

ბექას ბათუმის ბულვარის პლაჟზე, იჯარის წესით ათვისებულ ტერიტორიაზე შეზლონგების გაქირავების ბიზნესი აქვს. ის ამბობს, რომ ამ დრომდეც ითვალისწინებდა ბულვარის ადმინისტრაციის მითითებებს: „თეთრი იყოს შეზლონგიო, თეთრი შემოვიტანეთ, ცვეთის შემთხვევაში ვანახლებდით. ტერიტორიას ვასუფთავებდით. ვფიქრობთ, ბულვარის გენგეგმის მოთხოვნებსაც დავაკმაყოფილებთ“.

ბულვარში მუშაობს ჯაბა გოხიძეც, ისიც ერთ-ერთი მოიჯარეა მათ შორის, ვინც დღეს საჯარო ხელშეკრულებების ვადის სამი წლით გაგრძელების მოთხოვნით თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდა. მისივე მოსაზრებით მთავრობამ უნდა გამონახოს დრო და ბულვარის გენგეგმა მოიჯარეებს გააცნოს:

„პანდემიაა, მაგრამ ისეთი ლამაზი ბულვარი გვაქვს, შეიძლება იქ მოვაწყოთ შეხვედრა.“

მოიჯარეების ერთ ნაწილს, ვინც ღიად საუბარს ერიდება [ითხოვეს, რომ ნუ დავწერთ მათ ვინაობას], ეჭვი აქვს, რომ ერთწლიანი იჯარა მთავრობის სტრატეგიაა: „ჩვენს ნაწვალებ ადგილებს დიდ სასტუმროებს მისცემენ, მათთვის ამზადებენ. ახლა ცდილობენ, რომ ამას ნელ-ნელა შეგვაგუონ.“

მოიჯარეებს თავიანთი ინტერესის სფეროები აქვთ გენგეგმასთან მიმართებაში იმის მიხედვით, ვინ რით არის დაკავებული ბულვარში – კაფე აქვს, სანაყინე, შეზლონგების გაქირავება თუ სხვა. არიან ისეთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ გენგეგმა შენიშვნების გათვალისწინებისა და დაკორექტირების შემდეგ ყველასთვის მისაღებ სახეს მიიღებს:

„მე როგორც ვიცი, გეგმა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. მიდის მოლაპარაკებები ასევე მოიჯარეებთან, ეცნობიან როგორია მათი აზრი ამ ყველაფერზე. ვფიქრობ, კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია. ყველა ბიზნესს თავისი სპეციფიკა აქვს. ჩვენც გვაქვს რაღაც შენიშვნები, არ არის ამაში არაფერი განსაკუთრებული. ჩვენც გვინდა, რომ უკეთესობისკენ წავიდეს ბულვარში ყველაფერი. იყოს გარევაჭრობის ობიექტები ერთგვარი, როგორც ამას გენგეგმა ითხოვს – მე ვარ თანახმა, რომ ამ საკითხებზე შევთანხმდეთ. ასევე მინდა ვთქვა, რომ ექვსი წელია ბულვარში ვმუშაობთ და არასდროს გვქონია ჩვენ პრობლემა ბულვარის ადმინისტრაციასთან, ყოველთვის შეთანხმებით ვმუშაობდით“, – ამბობს ალეკო ბუკია. მას კაფეტერიების ქსელი აქვს ბულვარში.

პაატა ბაკურიძე მათ შორისაა, ვინც ხელშეკრულების ვადის გაგრძელებით [1 წლით] კმაყოფილია. მისი თქმით, ფინანსთა მინისტრსა და ბათუმის მერთან ერთობლივ შეხვედრაზე იმყოფებოდა და სჯერა, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ გენგეგის დამტკიცების შემდეგ მოიჯარეები გულნატკენები რომ არ დარჩნენ.

გენგეგმის მომზადებისას მოიჯარეების ჩართულობის პრობლემაზე აკეთებს აქცენტს გიორგი დოლიძე. მისი თქმით, საკმარისი არ არის მხოლოდ 300-მდე პირის გამოკითხვა იმის დასადგენად, საზოგადოებას რა მოლოდინები აქვს ბულვართან მიმართებაში.

„გასაგებია, რომ ბულვარი ძველი იერ-სახით უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რას დავახვედრებთ ბულვარში სხვადასხვა ინტერესების მქონე ტურისტს, რადგან კარგად ვიცით, რომ დღეს ბულვარი ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი მთავარი მიზიდულობის ადგილია.“

ბულვარის განაშენიანების გეგმის მოსამზადებლად სახელმწიფომ თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა. ბულვარის ადმინისტრაციამ დოკუმენტის შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა, დოკუმენტი კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ბაუ დიზაინმა“ მოამზადა. კონკურსის პირობების თანახმად კომპანიას ჰქონდა ვალდებულება, რომ ამ დოკუმენტის საჯარო განხილვა მოეწყო.

„ვტიროდი და კედლებს ვკოცნიდი“ – ბიჭი, რომელმაც მკითხველის დახმარებით ბინა იყიდა [Video]

28 წლის მამუკა ფოცხორაია მარტვილის ცენტრში ცეკვავდა, დედისთვის აუცილებელი გულის სარქვლის ოპერაციისთვის 2500 ლარი რომ შეეგროვებინა.

მამუკა ცეკვავდა სახლის საყიდლად საჭირო ფულისთვისაც, ამბობდა, რომ ნელ-ნელა და ოდესმე იმედი ჰქონდა, რომ საჭირო თანხას შეაგროვებდა.

„ბათუმელებმა“ მამუკას შესახებ მასალა ერთი თვის წინ, პირველ აპრილს გამოაქვეყნა. მკითხველებმა ბიჭს დედისთვის გულის სარქვლის ოპერაციის გასაკეთებლად საჭირო თანხაც შეუგროვეს და შეუგროვეს სახლის საყიდლად საჭირო თანხაც.

მკითხველმა მამუკას 42 ათას ლარზე მეტი გადაურიცხეს.

„ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ ერთ-ერთი კლინიკის ექიმები, რომლებიც უსასყიდლოდ გაუკეთებენ მამუკას დედას, ნატო ფოცხორაიას გულის სარქვლის ოპერაციას. ოპერაცია რამდენიმე დღეში უნდა გაკეთდეს.

YouTube video player
11 500 დოლარად მამუკამ მარტვილის ცენტრში კეთილმოწყობილი ბინა იყიდა, ავეჯით და ტექნიკით. შეიძინა ახალი, დიდი მუსიკალური ცენტრი, სმარტფონი, ტელევიზორი და სახლისთვის საჭირო წვრილმანი.

„პირველად რომ შემოვედი, დიდი სიხარული და ყველაფერი კარგი ვიგრძენი ამ სახლში. გული ასე – „ბახ – ბუხს“ იძახდა. არ მჯეროდა, რომ ჩემი იყო, ვტიროდი და კედლებს ვკოცნიდი“, – ამბობს მამუკა.

სახლი სამსართულიანი კორპუსის პირველ სართულზეა. აქვს დიდი ეზო და გადაჰყურებს დიდ, გამწვანებულ სივრცეს.

ბაზრობაზე მამუკა ისევ ცეკვავს. ამბობს, რომ ამ საქმეს თავს არ დაანებებს, რადგან სწორედ ცეკვით დაამახსოვრა თავი ადამიანებს.

„ახლაც ვცეკვავ, მაგრამ ეს უკვე სიხარულის ცეკვაა“, – ამბობს მამუკა.

ჯანმომ „სინოფარმს“ ავტორიზაცია მიანიჭა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინას გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტი აწარმოებს და ინექციებს შორის ინტერვალი 21-28 დღე უნდა იყოს. ვაქცინა +2,+8 გრადუსზე ინახება.

სხვადასხვა ქვეყანაში მესამე ფაზის კლინიკური კვლევის მონაცემებით Sinopharm/BBIBP-ის ეფექტიანობა 78.1 %-ია 18-59 ასაკობრივ ჯგუფში.

საქართველომ ჩინეთისგან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმის“ 100 000 დოზა აპრილის დასაწყისში შეიძინა.  ვაქცინაციამდე მთავრობას მოლოდინი ჰქონდა, რომ WHO პოზიტიურ დასკვნას გამოაქვეყნებდა. თუმცა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 29 აპრილს ცვლილება შეიტანა ბრძანებაში, რომელიც , COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცებას შეეხება.

მოქალაქეების რეგისტრაცია სინოფარმით ვაქცინაზიაზე საქართველოში 27 აპრილს დაიწყო, უშუალოდ ვაქცინაცია კი – 4 მაისს. ბოლო მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრირებულია 25 700-ზე მეტი მოქალაქე.

საქართველომ აღნიშნული ვაქცინის 100 000 დოზა შეიძინა. ვინაიდან პრეპარატით იმუნიზაცია ორჯერადად ხდება 21-28 დღის ინტერვალში, აღნიშნული დოზებით სრულად 50 000 მოქალაქის აცრა იგეგმება.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში იგეგმება ამავე წარმოების 600 000 დოზა ვაქცინის შემოტანა.

არჩევნები ისევ თამარ ჟვანიამ უნდა ჩაატაროს? – სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოზიციები

„თამარ ჟვანიაც უნდა წავიდეს, მაგრამ მხოლოდ მისი წასვლა არაა საკმარისი,“ – მიიჩნევს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე. მას და სადამკვირვებლო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებს ვკითხეთ: საჭიროა თუ არა ცესკოს თავმჯდომარემ დატოვოს პოსტი იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენის შანსი გაჩნდეს?

მესამე სექტორში ამ კუთხით ოპტიმისტური განწყობაა. მიიჩნევენ, რომ ცესკოს შემადგენლობა რომც არ შეიცვალოს, თუკი „შეთანხმების დოკუმენტის“ ჩანაწერი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაზე აღსრულდება, არსებითი მნიშვნელობა აღარ ექნება იმას, თამარ ჟვანია იქნება ცესკოს თავმჯდომარე თუ ვინმე სხვა.

„იმისთვის, რომ ნდობა გაიზარდოს, ლოგიკური იქნება, ახალი წესის შესაბამისად დაკომპლექტდეს ცესკო“, – გვითხრა ლევან ნატროშვილმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროგრამის მენეჯერმა. ლევან ნატროშვილი არ არის დარწმუნებული, საბოლოო ცვლილება საარჩევნო კანონმდებლობაში შეუწყობს თუ არა ხელს ნდობის გაზრდას საარჩევნო ადმინისტრაციის და ცესკოს მიმართ, მაგრამ თუ საარჩევნო კოდექსში ის ჩაიწერა, რაც „შეთანხმების დოკუმენტში“ წერია, მაშინ „დომინანტური პოზიცია“ აღარ ექნება მმართველ პარტიას“.

რამდენად შესაძლებელია აღდგეს ნდობა, თუკი ისევ თამარ ჟვანია იქნება ცესკოს თავმჯდომარე იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული არჩევნების გამო არ შედიოდა ოპოზიცია პარლამენტში?

„როდესაც არ გენდობიან, სასურველია არ იყო ამ თანამდებობაზე, თან როცა ასეთი საყოველთაო პროტესტი მოჰყვა ამ პროცესს,“ – გვიპასუხა ლევან ნატროშვილმა.

„სასურველია ეს თუ საჭირო?“ – დაკონკრეტება ვთხოვეთ „გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელს.

„ნდობის ასამაღლებლად სასურველია და საჭირო, რომ მოვიდნენ ისეთი ადამიანები, რომელთა მიმართ ნდობა, პირველ რიგში, ექნებათ პოლიტიკურ პარტიებს,“ – აღნიშნა ლევან ნატროშვილმა.

„რადგან ნდობა ცესკოს მიმართ არის დაბალი, ცესკოს ცვლილება აუცილებელია,“ – კატეგორიულია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე. ის ყურადღებას ამახვილებს „შეთანხმების დოკუმენტზე“, რომელიც დასავლელი პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის შედეგად შეიქმნა და სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი იმ საკითხების ჩამონათვალშია, რაც უნდა მოგვარდეს.

„ამან კიდევ ერთხელ აჩვენა რამდენად პრობლემურია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება. ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა ვიხილეთ არჩევნების შედეგების შეჯამების დროს და თუნდაც საჩივრების განხილვის დროს, რამაც გამოიწვია ის, რომ ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ დაეცა, განსაკუთრებით კი ცესკოს მიმართ. ცესკო არ არის მხოლოდ ერთი ადამიანი, ეს არის კოლეგიალური ორგანო. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალეულობა არ არის ეს… ეს იყო არამხოლოდ თამარ ჟვანიას პასუხისმგებლობა, ბრალეულობა გადადის მათზე, ვინც იღებდა გადაწყვეტილებას,“ – ამბობს ნინო დოლიძე.

„ორმაგ უმრავლესობაზე“ აკეთებს აქცენტს ნიკა სიმონიშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი. ორმაგი უმრავლესობა გულისხმობს იმას, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიის უმრავლესობის და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის თანხმობის მიღწევაა საჭირო იმისთვის, რომ ცესკოს წევრები აირჩიო. ეს რეკომენდაცია ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირმაც დაგვიწერეს და ამ ეტაპზე უცნობია, აისახება თუ არა ის  საბოლოოდ კანონმდებლობაში.

ნიკა სიმონიშვილი ჰყვება, რომ „ორმაგ უმრავლესობაზე“ შეთავაზება საია-საც ჰქონდა, როცა დანიელსონის ჩართულობით მედიაციის პროცესი დაიწყო. შეთანხმების დოკუმენტში „ორმაგი უმრავლესობა“ ნახსენები არ არის, მაგრამ წერია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომლექტებას პარლამენტში 2/3-ის თანხმობა სჭირდება, ანუ „ქართული ოცნება“ მხოლოდ მარტივი უმრავლესობით ვეღარ აირჩევს მისთვის სასურველ პირებს არჩევნების ჩამტარებლებად.

მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ წელს ცესკოს არც ერთ წევრს და არც თამარ ჟვანიას უფლებამოსილების ვადა არ ეწურება და დიდი ალბათობით საარჩევნო კოდექსის ახალი ჩანაწერით ცესკოს ახალ წევრებს [დამატებით პროფესიული ნიშნით არჩეული წევრი] შეარჩევენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ნდობის შესაქმნელად საჭიროა 2021 წლის არჩევნები ახალი წესით დაკომლექტებულმა საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატაროს.

„ჩვენი აზრით, მისაღები იქნებოდა გადანიშვნა. თუ ოპოზიციის მხარდაჭერა არ იქნება, ცესკოს რომელიმე წევრი ან თავმჯდომარე ვერ დაინიშნება. ეს არის საჭირო იმისთვის, რომ ცესკოს და ზოგადად საარჩევნო სისტემის მიმართ ნდობა არის ნაკლები და ცესკოს ამ შემადგენლობით არჩევნების ჩატარებამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა,“ – ამბობს საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

საიას ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ცესკომ თავისი გადაწყვეტილებებით თავად შეუწყო ხელი უნდობლობას.

„ყველაზე თვალშისაცემი იყო დისბალანსი ოქმებში და შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციის რეაგირება, როცა უბნების გადათვლაზე უარს გვეუბნებოდნენ… არაფერი ახალი ამ არჩევნებზე არ ყოფილა, მაგრამ რაოდენობრივად ეს დისბალანსი იყო ძალიან ბევრი. საარჩევნო ადმინისტრაცია ჩვენ გაურკვეველი დასაბუთებით გვეუბნებოდა უარს საჩივრების განხილვაზე. ამ პროცესმა გააჩინა კითხვები და სანდოობა დაუკარგა პროცესს,“ – ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

რას ფიქრობს თავად თამარ ჟვანია პოსტის დატოვებაზე ან იმ რეკომენდაციებზე, რაც ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირის აქვს საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებაზე – კითხვებით ცესკოს პრესცენტრს მივმართეთ. უწყებაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე თამარ ჟვანია პოზიციას არ დააფიქსირებს და ის მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

ისრაელში დახურულ სივრცეში 50 ადამიანის შეკრება დაუშვეს

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით 6 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით ქვეყანაში განახლებული რეგულაციებია.

კერძოდ:

დახურულ სივრცეში ადამიანთა დასაშვები რაოდენობა 50-ს, ხოლო ღია სივრცეში 500-ს შეადგენს.

ფიტნესდარბაზებზე, სპორტულ კომპლექსებზე, ასევე, დახურულ სივრცეში განთავსებულ საცურაო აუზებსა და ატრაქციონებზე ვრცელდება ე.წ. „იასამნისფერი სტანდარტი“, რაც ვიზიტორებს ათავისუფლებს „მწვანე პასპორტის“ ქონის აუცილებლობისგან.

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ისრაელში.

ასევე, 29 აპრილიდან ისრაელში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაზე შეზღუდვა გაუქმდა, 18 აპრილიდან კი შეზღუდვა პირბადის ტარებაზე ღია სივრცეში.

ბოლო მონაცემებით, ისრაელის მოსახლეობის 53 პროცენტი სრულად, ორჯერადად არის აცრილი კოვიდზე.

 

„ფლექსის“ გამარჯვებული მოსწავლე ბათუმიდან

ბათუმელი თაკო შანთაძე ახალ სასწავლო წელს ამერიკაში დაიწყებს. ის მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში (FLEX) შეარჩიეს.

თაკო წელს მეათე კლასს ამთავრებს, ბათუმის მეათე საჯარო სკოლაში სწავლობს და ამბობს, რომ ყოველთვის უნდოდა ამერიკაში მოგზაურობა.

პიროვნული სიძლიერე, თავდაჯერებულობა, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარი – ამ თვისებებს აქცევენ  ყურადღებას პროგრამაში შერჩევისას.

„ოჯახის გარეშე შორს დიდი ხნით არ მიცხოვრია და ბუნებრივია, აშშ-ში ერთი წლით ცხოვრება ერთგვარი გამოწვევა იქნება ჩემთვის, თუმცა იმდენად მაინტერესებს როგორია ამერიკული განათლების სისტემა, ყოფა, ცხოვრება, კულტურა, ოჯახური, ადამიანური ურთიერთობები, რომ ვფიქრობ, შორს ყოფნასაც შევეგუები.

ჩემს წარმოდგენებში ამერიკა ისეთია, როგორსაც ფილმებში ვუყურებ. თუ ეს წარმოდგენები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ესეც სიახლე იქნება ჩემთვის,“ – ამბობს თაკო.

თაკო ამბობს, რომ მისთვის თავისუფლება საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობაა, „ამიტომ დამოუკიდებელი ცხოვრება სწორედ ამაში გვეხმარება.“

თაკო ამბობს, რომ მოსწონს აქტიური ცხოვრება, სწორედ ამიტომ იყო ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში:

„ამერიკულ კუთხესთან ვთანამშრომლობდი და ნებისმიერი აქტივობა, იქნება ეს სადისკუსიო კლუბი, ფილმების განხილვა თუ სხვა, მეხმარებოდა პიროვნულ განვითარებაში. ასევე ჩართული ვარ ამერიკულ სასტიპენდიო პროგრამაში „ექსესი“, რომელიც ინგლისური ენის გაუმჯობესებაშიც გვეხმარება ბავშვებს და კულტურული მრავალფეროვნების შესწავლაშიც.“

პანდემიის პერიოდი მისთვისაც საკმაოდ რთული იყო, რადგან იზოლაციისა და დისტანციური სწავლების პერიოდში დაშორდა მეგობრებს, თანატოლებს, „თუმცა ამ პერიოდში ჩემი ახალი ნიჭი აღმოვაჩინე და ხატვა და ქარგვა დავიწყე,“ – გვეუბნება თაკო. ამ ეტაპზე მის მთავარ ინტერესს ხელოვნება და მათემატიკა წარმოადგენს.

კითხვაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი გოგონების, ქალების დამოუკიდებლობა და რა წინააღმდეგობები ხვდებათ დღეს მოზარდებს ცხოვრებაში, თაკო ამბობს, რომ დამოუკიდებლობა გაძლევს შესაძლებლობას, უფრო მეტად დაიცვა შენი უფლებები, ამაში კი სწორედ განათლება გეხმარება:

„დამოუკიდებლობა – იქნება ეს ფინანსური თუ მენტალური, ქალისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და საერთოდ, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომ სტერეოტიპების  გავლენების გარეშე ვიცხოვროთ.

მე, შესაძლოა, არ მიგრძნია თავისუფლების შეზღუდვა ჩემს გარემოცვაში, მაგრამ თანატოლებისგან მესმის ხოლმე მსგავს პრობლემებზე. დღესაც არის შემთხვევები, როცა ოჯახშიც კი იჩაგრებიან გოგონები მხოლოდ იმიტომ, რომ გოგოები არიან  და მეტ უფლებებს ანიჭებენ ბიჭებს, ვფიქრობ ასეთი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს,“ – ამბობს თაკო.

ყველაზე მეტად რასიზმი, ჰომოფობია და ქსენოფობია აღიზიანებს და ცდილობს დაეხმაროს თანატოლებსაც მსგავს შეხედულებებთან გამკლავებაში.

„მე პირადად ამაში ძალიან დამეხმარა არაფორმალური განათლება, მედიაწიგნიერება და ვფიქრობ, უფრო ხშირად უნდა მიდიოდეს მსგავს თემებზე დისკუსია, რომ ბავშვებმა, მოზარდებმა შეძლონ ყალბი ინფორმაციისგან თავის დაცვა,“ – გვეუბნება თაკო.

თაკო შანთაძის გარდა სექტემბერში საქართველოდან აშშ-ში კიდევ რამდენიმე ბავშვი გაემგზავრება.

კოლეჯი „გოლდენ სიი“ ბათუმში – დუალური სწავლება და მუშაობა გამოცდების გარეშე!

შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“ მიღებისა და დასაქმების ახალ ტალღას სწავლას დუალურ რეჟიმში იწყებს. კოლეჯში სტუდენტები მისაღები გამოცდების გარეშე მიიღებიან,მითითებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე:

[checklist]

  • მზარეული
  • კონდიტერი
  • სარესტორნო მომსახურება
  • სასტუმრო მომსახურება
  • ბუღალტერი
  • მასაჟისტ-რეაბილიტატორი
  • კომპიუტერული ქსელი და სისტემები(აიტი)

[/checklist]

ჩვენი პარტნიორებია: The Grand Gloria Hotel , Euphoria Hotel Batumi, Intourist Batumi Hotel & Casino Piazza Batumi, Jrw Welmond Hotel Spa Casino Sky Tower, Hotel Raddison Blue Batumi, Windham Batumi.

საბუთები მიიღება 10 დღის განმავლობაში მითითებულ მისამართზე: ქ.ბათუმი, დ.თავდადებულის 49.

შესაძლებელია ელექტრონული რეგისტრაციაც. გამოაგზავნეთ საბუთები ელ-ფოსტაზე: batumigoldensea@gmail.com

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577-19-06-53.

www. goldensea.ge

უსინათლოთა ბილიკები, ტროტუარები – როცა კერძო კომპანიები საჯარო სივრცეს იტაცებენ [ფოტოამბავი]

ბათუმში, ფიროსმანისა და ჟიული შარტავას ქუჩების კვეთაში, სამშენებლო ღობე დიდი ხანია მოხსნილია და აქ ტროტუარიც და უსინათლოთა ბილიკებიც მოწყობილია. მიუხედავად ამისა, უსინათლოთა ბილიკზე ზებრა გადასასვლელთან ხელოვნური ბარიერებია მოწყობილი – ქვის ქოთნებით და რკინაბეტონით. ეს ბარიერები კი, ისეა მოწყობილი, რომ არამარტო უსინათლოებს და ეტლით მოსარგებლეებს უშლის ხელს გადაადგილებაში, არამედ ნებისმიერ ქვეითს.

ამ ადგილთან ახალაშენებული კორპუსები კომპანია DAR BUILDING-ის ეკუთვნის, ხოლო ადგილი ანუ ტროტუარი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა.

ბათუმი, ჟიული შარტავას და ფიროსმანის ქუჩების კვეთა / 7.05.2021
ბათუმი, ჟიული შარტავას და ფიროსმანის ქუჩების კვეთა / 7.05.2021
ბათუმი, ჟიული შარტავას და ფიროსმანის ქუჩების კვეთა / 7.05.2021
ბათუმი, ჟიული შარტავას და ფიროსმანის ქუჩების კვეთა / 7.05.2021
ბათუმი, ჟიული შარტავას და ფიროსმანის ქუჩების კვეთა / 7.05.2021
ბათუმი, ჟიული შარტავას და ფიროსმანის ქუჩების კვეთა / 7.05.2021
ამ ბილიკს თუ გაყვებით, იუსტიციის სახლთან მიგიყვანთ. აქ ტროტუარი არ არის. ავტომანქანების სავალი ნაწილიდან დაახლოებით 4 მეტრის დაშორებით ტერიტორია აჭარის, ხოლო დანარჩენი ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაშია. მიწით შს სამინისტრო სარგებლობს. „ამ ეტაპზე, ქ. ბათუმში, სამინისტროს სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოყენების თაობაზე მიმდინარეობს კონსულტაციები“, – ეს შსს-დან 2019 წელს მოგვწერეს, თუმცა ამ დრომდე ნაკვეთი აუთვისებელია. / ბათუმი, ჟიული შარტავას ქუჩა / 7.05.2021

ამ კონკრეტულ ადგილზე წლებია გორგილაძის ქუჩის ტროტუარი და უსინათლოთა ბილიკი აცდენილია ზებრა გადასასვლელს, რომლითაც ქვეითები ჟიული შარტავას ქუჩას კვეთენ. ადგილი სადაც ტროტუარი და უსინათლოთა ბილიკია მოწყობილი ბათუმის მერიის საკუთრებაშია, კეთილმოუწყობელი ტერიტორია კი, რაც ფოტოზე ჩანს – აჭარის და შსს-ს. / ბათუმი, ჟიული შარტავას ქუჩა [გორგილაძის ქუჩის ბოლო]/ 7.05.2021
ბათუმი, ჟიული შარტავას ქუჩა [გორგილაძის ქუჩის ბოლო]/ 7.05.2021

ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა/ 7.05.2021

ეს ზებრა გადასასვლელიც ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზეა. აქ ვერ გაიგებ, სად არის ტროტუარი და სად კომპანია „ალიანსის“ ნაკვეთი [ადგილს კომპანია მანქანების შესასვლელად იყენებს]. რეესტრის მიხედვით კი, აქ ტროტუარი უნდა იყოს – მინიმუმ 4 მეტრი, გამწვანების ჩათვლით.  / 7.05.2021
ეს შევიწროებული ტროტუარი ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზეა [შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის დასაწყისი] ყოფილი „ლუჟკოვის სახლის“ მიმდებარედ, სადაც „ალიანს სითი“ ახალ კომპლექსს აშენებს / 7.05.2021

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობა დასრულდა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობა დასრულდა და მოედანი ეროვნული ლიგის, დინამო ბათუმისა – დინამო თბილისის მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.

მინდვრის საფარი მოწყობა ბრიტანულმა წამყვანმა კოპანიამ „Sispitches“-მა უზრუნველყო კომპანია ანაგის სახსრებით.

მინდვრის ჰიბრიდული საფარი თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ საფართან ერთად მოეწყო. მისი სიმტკიცე რამდენიმეჯერ გაზრდილ ცვეთამდეგობისა და კილიმატური პირობების მიმართ მდგრადობას უზრუნველყოფს.

მოედნის ჰიბრიდული მინდვრის საფარი გამოყენებულია ისეთ ცნობილ სტადიონებზე როგორებიცაა: მილანის „სანსირო” და ბარსელონას „კამპ ნოუ“.

YouTube video player

დააკავეს 5 აფთიაქის ხელმძღვანელი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ხუთი აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს.

„გამოვლინდა ეგრეთ წოდებული სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები. თბილისის მასშტაბით სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად, რეცეპტის გარეშე გაიცემოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.

შესაბამისი განჩინების საფუძველზე დაკავებულია ხუთი აფთიაქის ხელმძღვანელი, რომლებსაც ბრალად ედებათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება,“-ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ.

აღნიშნული აფთიაქებიდან ამოიღეს დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები.

კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა საქართველოში, გარდაიცვალა 18 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 7 მაისის დილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში საქართველოში  კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გარდაიცვალა 18 პაციენტი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 541 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 212 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 329 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  319 266-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.66%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.76%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 131  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 298 807-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 4 245 პირი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 547 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 907 შემთხვევა, აჭარაში – 141, იმერეთში – 115, ქვემო ქართლში – 77, შიდა ქართლში – 43, გურიაში – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 117, კახეთში – 52, მცხეთა-მთიანეთში – 46, სამცხე-ჯავახეთში – 13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 188, მათგან 4 354 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 504, აჭარაში – 521, იმერეთში – 428.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 917 პირი, მათ შორის, თბილისში – 481, აჭარაში – 83, იმერეთში -114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი, მათგან თბილისში – 118, აჭარაში – 10, იმერეთში – 12.

759 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის, 423 – თბილისში, 331 – აჭარაში.

11 075 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 61, ხოლო აჭარაში – 7.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 553 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 27 134 პირი, აჭარაში – 2 283, იმერეთში – 1 127.

ბათუმში კოვიდით 1 ადამიანი გარდაიცვალა – 7 მაისი

7 მაისის მდგომარეობით აჭარაში კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა ერთი პაციენტი, მართვით სუნთქვაზე კი 8 პაციენტი იმყოფება.

გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 118 პაციენტი, კლინიკა დატოვა 36-მა პაციენტმა.

ამ დროისთვის კლინიკებში მკურნალობს  451 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 351, ონლაინკლინიკაში  კი – 742 პაციენტი.

ოფლიანობა და ანტიპერსპირანტი – რა უნდა ვიცოდეთ

ჰიპერჰიდროზი ჰქვია ჭარბოფლიანობას, რომელიც არ უკავშირდება სიცხეს ან ფიზიკურ აქტივობას.

ყოველდღიური დისკომფორტის მიღმა, ამ ტიპის მძიმე ოფლიანობა შესაძლოა მუდმივი შფოთვისა და უხერხულობის მიზეზიც გახდეს, თუმცა ადამიანები ამ პრობლემით იშვიათად მიმართავენ სპეციალისტს და ჰიპერჰიდროზის უსიამო სიმპტომებთან გამკლავებას თვითნებურად შეძენილი სამკურნალო ანტიპერსპერანტებით ცდილობენ. ექიმ ენდოკრინოლოგ ნინო ბერიძის განმარტებით, ეს შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საზიანოც გამოდგეს.

  • როდის და რატომ გამოიყოფა ოფლი ჩვეულებრივ?

ფიზიოლოგიურად (ბუნებრივად), დღის განმავლობაში ადამიანი 500 მლ. ოფლს გამოყოფს. გარკვეულ პირობებში ოფლს დამცავი ფუნქციაც აკისრია, მაგალითად, გვიცავს გადახურებისგან გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს, ფიზიკური დატვირთვისას, ემოციური დაძაბულობისას.

ამ დროს ხდება საოფლე ჯირკვლების აქტივაცია, ოფლი გამოიყოფა კანის ზედაპირზე, სითხე აქტიურად ორთქლდება, რაც ამცირებს სხეულის ტემპერატურას და ხელს უწყობს ორგანიზმის გაგრილებას, ამის შემდეგ საოფლე ჯირკვლები იხურება და ოფლის გამოყოფა წყდება.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია არ გამოვიყენოთ უკონტროლოდ (განსაკუთრებით სხეულის დიდ ფართობზე) ოფლის საწინააღმდეგო ისეთი სამკურნალო ანტიპერსპერანტები, რომლებიც ოფლის ფიზიოლოგიურ გამოყოფას უშლიან ხელს. ეს არ ეხება ჰიპერჰიდროზს, ანუ საოფლე ჯირკვლების მიერ ოფლის ჭარბი რაოდენობით გამოყოფას, რომლის რეგულაციასაც ვერ ახდენს ორგანიზმი, რომლის მკურნალობის საკითხიც ინდივიდიალურად უნდა შეირჩეს ექიმის მიერ.

როდესაც არის გარკვეული ფიზიოლოგიური პირობები, რა დროსაც ოფლი უნდა გამოიყოს და ამ დროს ოფლი არ გამოიყოფა – ეს შესაძლოა გაცილებით უფრო მავნე იყოს ორგანიზმისთვის. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო, როდესაც საქმე ეხება იმ ანტიპერსპერანტების ან დეოდორანტების გამოყენებას, რომლებიც ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია და თვითნებურად იყენებენ ხოლმე პაციენტები ოფლიანობის შესამცირებლად.

  • რა დეოდორანტები და ანტიპერსპერანტებია ეს?

დეოდორანტები და ანტიპერსპერანტები განსხვავებულად მოქმედებენ.

დეოდორანტი ოფლის გამოყოფას არ უშლის ხელს, ის უსიამოვნო სუნის წარმოქმნას უშლის ხელს.

ოფლი თვითონ უსუნოა, მაგრამ კანის ზედაპირზე არსებულ ბაქტერიასთან კონტაქტის შემდეგ ის სპეციფიკურ სუნს იძენს, დეოდორანტებში შემავალი ნივთირებები მოქმედებენ ბაქტერიებზე, შესაბამისად მათი გამოყენებისას უსიამოვნო სუნის ნეიტრალიზაცია ხდება.

ანტიპერსპირანტები, რომლებიც ძირითადად შეიცავენ ალუმინის ქლორიდს, საოფლე სადინრების დახშობას განაპირობებენ.

დეოდორანტების და ანტიპერსპირანტების უსაფრთხოება ჯერ კიდევ საკამათო თემაა, ბევრი დეოდორანტი შეიცავს ნივთირებებს, რომლებიც ორგანიზმისთვის არც ისე უსაფრთხოა.

აღსანიშნავია, რომ სპრეის გამოყენების შემთხვევაში დეოდორანტში შემავალი ნივთირებები ნაკლებად შეიწოვება, შესაბამისად შედარებით უსაფრთხოდ შეიძლება სპრეის სახით მისი გამოყენება.

ანტიპერსპირანტებში შემავალი ალუმინის ქლორიდზე გამოთქმული მოსაზრებები თითქოს ის მკერდის კიბოს ან ალცჰეიმერის დაავადებას იწვევს, კვლევებით არ დასტურდება, თუმცა როგორც აღნიშნეთ, ოფლის გამოყოფას თერმორეგულაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ანტიპერსპერანტები გამოიყენება ძირითადად ჰიპერჰიდროზის სამკურნალოდ და მათ თავიანთი გამოყენების ჩვენება და წესი აქვთ.

მაგალითად, ასეთი ანტიპერსპირანტის გამოყენება ძირითადად ღამის საათებში შეიძლება, აუცილებლად კარგად გასუფთავებულ და მშრალ კანზე, მეორე დღეს აუცილებელია მისი მოშორება სხეულიდან, უნდა ჩამოვიბანოთ. ანტიპერსპირანტების გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჰიპერჰიდროზის ხარისხზე, სწორედ ამიტომ უმჯობესია ექიმთან კონსულტაციით გადაწყდეს, კონკრეტულ შემთხვევაში რომელი ანტიპერსპირანტის და რა ინტერვალებით გამოყენება სჯობს.

  • შესაძლოა ჭარბი ოფლიანობა სხვა დაავადების სიმპტომი იყოს?

გამოყოფენ ჰიპერჰიდროზის ლოკალურ (ადგილობრივ) და გენერალიზებულ სახეებს. ადგილობრივი ჰიპერჰიდროზის დროს ადგილი აქვს ოფლის ჭარბ გამოყოფას ძირითადად: ხელის ან ფეხის გულების, იღლიის ან სახის მიდამოში, ხოლო გენერალიზებული ფორმის დროს ჭარბი ოფლი გამოიყოფა მთელ სხეულზე.

გარდა ამისა, გამოყოფენ იდოპათიურ ანუ პირველად ჰიპერჰიდროზს, რომლის დროსაც ძნელია გამომწვევი მიზეზის დადგენა, ის შეიძლება მემკვიდრეობით ხასიათს ატარებდეს. უპირატესად ლოკალური ხასიათი აქვს და ძირითადად დღის საათებში გამოიხატება.

რაც შეეხება მეორად ჰიპერჰიდროზს, ის როგორც წესი გარკვეული დაავადებების სიმპტომია და ძირითადად გენერალიზებული სახ აქვს.

  • კონკრეტულად რა დაავადებებს ახასიათებთ ჰიპერჰიდროზი?

ეს უპირველესად შეიძლება იყოს ენდოკრინული დაავადებები – სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ჰიპოგლიკემია, კლიმაქტერული პერიოდი, თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები, D-ვიტამინის,კალციუმის თუთიის დეფიციტი.

რაც შეეხება არაენდოკრინულ დაავადებებს, ეს შეიძლება იყოს ნერვული სისტემის დაავადებები, ინფექციები, მაგალითად, ტუბერკულოზის დროს ძალიან ხშირი სიმპტომია ჭარბოფლიანობა, ავთვისებიანი სიმსივნეები, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები.

ჰიპერჰიდროზი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი მედიკამენტის მიღებამაც. ამიტომ არის მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკა, საიდან მოდის სიმპტომი და შესაბამისად წარიმართოს მკურნალობა.

  • როდის მივმართოთ ექიმს, რა ნიშნების დროს?

ფიზიოლოგიურად ოფლის გამოყოფა მატულობს გარემოს ტემპერატურის მატების დროს, ფიზიკური დატვირთვისას, ემოციური დაძაბულობის დროს, ტკივილის დროს, ცხარე და ცხელი საკვების მიღებისას, სინთეტიკური მასალისგან დამზადებული ტანსაცმლის ტარებისას, ასევე არაკომფორტული და არახარისხიანი ფეხსაცმელის ტარების დროსაც.

შესაბამისად, თუ ოფლის გამოყოფა არ უკავშირდება ზემოაღნიშნულ მიზეზებს, თუ უეცრად შესამჩნევად იმატა ოფლის გამოყოფამ, თუ ოფლიანობა გიშლით ხელს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ან შეიცვალა სუნი, ოფლიანობა შეიძლება ჩაითვალოს პათოლოგიურად და საჭირო გახდეს სპეციალისტის ჩართულობა.

ოფლის ჭარბი გამოყოფა მხოლოდ ესთეტიკური პრობლმა არ არის. იგი იწვევს მორალურ ზიანს, ქმნის უხერხულობას ურთიერთობებში, იწვევს დეპრესიას და ნევროზს და საგრძნობლად ამცირებს ცხოვრების ხარისხს. გარდა ამისა,  ჭარბი ოფლის გამოყოფის ფონზე იზრდება კანის ინფექციების განვითარების რისკი.

  • რა რეკომენდაციები არსებობს ჭარბი ოფლიანობის თავიდან ასაცილებლად?

ჰიგიენის ნორმების გაძლიერება, ხშირი შხაპი. ნატურალური, რაც შეიძლება ბუნებრივი ნაჭრებისგან შექმნილი თვისუფალი ტანსაცმელი გვეხმარება ოფლის გამოყოფის შემცირებაში, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ არ ჩაიცვათ სინთეტიკური ტანსაცმელი, არამედ იყოს მაქსიმალურად ნატურალური.

იგივე ეხება ფეხსაცმელს.

ძალიან მნიშვნელოვანია წინდები, რომელიც ასევე უნდა იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი ბოჭკოებისგან დამზადებული.

ოფლის გამოყოფის შემცირებაში დაგვეხმარება ასევე კვებითი ჩვევების კორექტირება, ცხარე, მჟავე საკვების და ალკოჰოლის ამოღება მენიუდან, ასევე სტრესული სიტუაციების შემცირება.

ოფლის გამოყოფის შესამცირებლად ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა არ არის რეკომენდებული, თუმცა მნიშვნელოვანია დაკარგული სითხის ანაზღაურება, ანუ სითხის მიღება. წყლის რაოდენობა დამოკიდებულია ასაკზე, წონაზე, ფიზიკურ აქტივობასა და თანხმლებ დაავადებებზე.

  • როგორ მკურნალობენ ჰიპერჰიდროზს?

მეორადი და გენერალიზებული ჰიპერჰიდროზის შემთხვევაში, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, გარკვეული დაავადების სიმპტომია, მკურნალობა მოიცავს იმ დაავადების მკურნალობას, რომელმაც გამოიწვა ჰიპერჰიდროზი.

იდიოპათიური ჰიპერჰიდროზის დროს პირველია ჰიგიენური ნორმების დაცვა, სპეციალური სამკურნალო ანტიპერსპერანტების გამოყენება, რომლებიც ალუმინის ქლორიდს შეიცავს, გარკვეული მედიკამენტების მიღება, რომლებიც ამცირებენ ოფლის გამოყოფას.

გარდა ამისა, გამოიყენება მკურნალობის ისეთი მეთოდები, რომლებიც შედარებით გრძელვადიან და მყარ ეფექტს იძლევიან, ეს არის იონტოფორეზი, რაც ელექტროფორეზის ერთ-ერთი სახეა. ეს მეთოდი განსაკუთრებით გამოიყენება ხელისა და ფეხის გულების ოფლიანობის დროს. კვირაში 2-3 პროცედურა, რამენიმე კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად ამცირებს ოფლის გამოყოფას გარკვეული პერიოდის მანძილზე.

ასევე არსებობს ბოტულინოტოქსინის ინექციები კონკრეტულ ზონებში, რომლებიც ახდენენ საოფლე ჯირკვლის მაინერვირებელი ნერვების ბლოკირებას.

გარდა ამისა, არსებობს ქირურგიული მკურნალობის მეთოდებიც: კიურეტაჟი – რა დროსაც ხდება საოფლე ჯირკვლის ამოღება, სიმპატექტომია – ამ დროს ხდება იმ ნერვის გადაკვანძვა, რომელიც საოფლე ჯირკვალს აინერვირებს.

  • როგორი ანტიპერსპერანტების გამოყენებაა რეკომენდებული ყოველდღიურ ცხოვრებაში?

დეოდორანტების და ანტიპერსპირანტების გამოყენების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ საჭიროების მიხედვით შევარჩიოთ ჩვენთვის საჭირო და უსაფრთხო საშუალება.

როგორც წესი, ჩვეულებრივი, ფიზიოლოგიური ოფლიანობის დროს დეოდორანტის გამოყენება საკმარისიც არის და უსაფრთხოც. ასევე მინდა აღნიშნო, რომ დეოდორანტი სპრეის გამოყენების შემთხვევაში მასში შემავალი ნივთირებები უფრო ნაკლებად შეიწოვება და შესაბამისად უფრო უსაფრთხოც არის, ვიდრე ბურთულიანი დეოდორანტის გამოყენება.

დეოდორანტების გამოყენება შეიძლება დღეში რამდენჯერმე, ანტიპერსპირანტების – 24 საათში ერთხელ. ასევე ყოველთვის ჯობია, რომ ორივე გამოვიყენოთ გასუფთავებულ კანზე. 

________________________________________

MayoClinic-ის რჩევები ჰიპერჰიდროზის დროს:

  • დაიბანეთ ყოველდღიურად – რეგულარული დაბანა ხელს უწყობს თქვენს კანზე ბაქტერიების რაოდენობის კონტროლს. კარგად გაიმშრალეთ, განსაკუთრებით თითებს შუა და იღლიებში.
  • გამოიცვალეთ წინდები ხშირად – წინდები/კოლგოტი გამოიცვალეთ დღეში ერთხელ ან ორჯერ, ყოველ ჯერზე კარგად გაიმშრალეთ ფეხი. გამოიყენეთ ფეხის პუდრა, რომლებიც შეიწოვს ოფლს.
  • გაანიავეთ ფეხები. იარეთ ფეხშიშველმა, როცა ამის საშუალება გექნებათ, ან პერიოდულად გაიხადეთ ფეხსაცმელი.
  • შეარჩიეთ თქვენი საქმიანობის შესაბამისი ტანსაცმელი. საერთოდ, ატარეთ ბუნებრივი ქსოვილები, როგორიცაა: ბამბა, აბრეშუმი, ისინი კანს სუნთქვის საშუალებას აძლევენ.
    ვარჯიშისას შეარჩიეთ ტენიანობის შემწოვი ქსოვილის ტანისამოსი.

ბათუმის მე-15 სკოლას ახალ კორპუსს მიაშენებენ – ბიუჯეტიდან 2,9 მილიონია გამოყოფილი

ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის არსებულ შენობაზე მიშენება-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 986 577 ლარია.

სკოლის შენობა ბათუმში, გორგასლისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში მდებარეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, განხორციელდება არსებული შენობის სრული რეაბილიტაცია და მასზე მიშენდება ახალი, 3-სართულიანი კორპუსი. რეკონსტრუქციის შემდეგ სკოლას დაემატება 12 საკლასო ოთახი, სპორტული და სააქტო დარბაზები, მოეწყობა ლიფტი და პანდუსი. შენობა ადაპტირებული იქნება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ახალ კორპუსში 700-ზე მეტი მოსწავლე ისწავლის ორ ცვლაში.

ახალი კორპუსი და სპორტდარბაზი ძირითადად კერამიკული აგურის ფილებით მოპირკეთდება, დანარჩენი ნაწილი და ძირითადი შენობა კი – დეკორატიული ფაქტურიანი ფითხით.

სატენდერო პირობის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 24 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.
მე-15 სკოლა – პროექტი

„საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით მშენებლობის ვადაა 18 თვე. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოების წარმოების პარალელურად, ძირითად კორპუსში გაგრძელდება სასწავლო პროცესი, გაზრდილია მოწოდების ვადა 24 თვემდე. ვადის ცვლილების (გაზრდის) საფუძველს არ წარმოადგენს თოვლი, წვიმა და სხვა მსგავსი მეტეოროლოგიური მოვლენები (მოწოდების ვადა განისაზღვრა მსგავსი გარემოებების გათვალისწინებით), ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები და სასწავლო პროცესი,“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 23 მაისს დაიწყება და 28 მაისს დასრულდება.

ამონარიდი პროექტიდან

 

კონკურსი მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლაში მისაღებად 

გაზეთიბათუმელები„ბათუმის ამერიკულ კუთხესთან“ ერთად აცხადებს კონკურსს სკოლის მოსწავლეებისათვის მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის  მსმენელები 2 თვის განმავლობაში გაივლიან კურსს ჟურნალისტიკასა და მედიაწიგნიერებაში.

მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის მონაწილეები ისწავლიან ახალი ამბებისა და ვიდეო/ფოტომასალის მომზადებას, ინტერვიუს ჩაწერას, ციფრული მედიის სპეციფიკას, მედიაწიგნიერების ისეთ საკითხებს, როგორიცაა ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და ..

პროგრამის მონაწილეები თავად მოამზადებენ ჟურნალისტურ მასალებს ტრენერების დახმარებით. მათ მიერ მომზადებული ნამუშევრები გამოქვეყნდებაბათუმელებისვებგვერდზე batumelebi.ge.

მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სერტიფიკატს.

  მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლაში სწავლა უფასოა.

კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ X, XI და XII კლასის მოსწავლეებს აჭარიდან;
  • კონკურსის მონაწილე უნდა ფლობდეს კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარულ უნარ-ჩვევებს (ბეჭდვა, ელ.ფოსტა, სოციალური ქსელები)

კონკურსში მონაწილეობისთვის გამოგზავნეთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი (რატომ გინდათ მონაწილეობა მედიაწიგნიერების საკვირაო  სკოლაში) ელექტრონულ ფოსტაზე – schoolbatumelebi@gmail.com 

სათაურში (subject) ქართული შრიფტით მიუთითეთ: მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლა და თქვენი სახელი და გვარი [მაგალითად: მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლაანა დუმბაძე].

კონკურსში განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 15 მაისი.

შერჩეულ კანდიდატებს თავად დავუკავშირდებით და შედგება გასაუბრება, რის საფუძველზეც შეირჩევა მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის მონაწილე 12 მოსწავლე.

სწავლა მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლაში დაიწყება მაისის ბოლოს.

შეხვედრები მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლაში შედგება კვირაში ორჯერ, შაბათკვირას.  ტრენერები იქნებიან გაზეთბათუმელებისჟურნალისტები.

პროგრამა ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

მშენებლობა გონიოს პლაჟთან – სადაც გინდა და როგორც გინდა [ფოტო]

არავის აქვს პასუხი კითხვაზე – განაშენიანების რა სტანდარტია დაცული გონიოს პლაჟის გასწვრივ ნებართვების გაცემისას.

კვარიათის ზღვის სანაპიროს სასეირნო ბილიკის ბოლოდან ბათუმის მიმართულებით თუ გავიხედავთ, დავინახავთ, რომ შენობები თანდათან ზღვისკენ მოიწევს და არა ერთ, სწორ ხაზს, არამედ დახრილ რკალს ქმნის, რომელიც ზღვის მიმართულებით ვიწროვდება.

გონიო-კვარიათის სანაპირო

ამას ემატება ისიც, რომ ბევრ მშენებელს შენობის ეზოდ და პარკინგის ადგილად პლაჟის ტერიტორია ან სასეირნო ბილიკი აქვს მოაზრებული და ისიც, რომ მშენებლები ცდილობენ, ზღვასთან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე თითოეული კვადრატული მეტრი მშენებლობისთვის აითვისონ.

შენობები შენდება შენობების უკან, მარჯვნივ, მარცხნივ, დაბლობსა და  ფერდობებზე… მაღალი და დაბალი შენობები ისე ქაოსურადაა, რომ ზოგჯერ, ვიდრე უშუალოდ შენობასთან არ მიხვალ, იმის გაგებაც კი ჭირს, საიდან ექნება კონკრეტულ ნაგებობას შესასვლელი.

ასე შეიქმნა გონიო-კვარიათის ზღვის პირველ ზოლში შენობების რამდენიმე უსწორმასწორო ზოლი და ეს პროცესი გრძელდება.

გონიო-კვარიათის სანაპირო

კითხვაზე, რატომ შენდება სანაპირო ზოლზე ასე ქაოსურად შენობები, გადაწყვეტილების მიმღები პირები ხშირად გვპასუხობენ, რომ ნებართვები სამშენებლო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული, ხოლო დანარჩენი გემოვნების საკითხია.

თუმცა მათ, ვისაც მშენებლობის ასეთი სტანდარტი არ მოსწონთ, უჩნდებათ კითხვები:

  • არ შეიძლება აშენდეს ისე, რომ კანონმდებლობაც დაცული იყოს და ქალაქმა იერსახე არ დაკარგოს?
  • რისთვის გვჭირდება მერიის არქიტექტურისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური – კანონმდებლობის მიხედვით ნებართვის გაცემას ხომ იურისტიც მოახერხებდა?

კითხვები უპასუხოდ რჩება.

ძველი და ახალი მშენებლობები კი სანაპიროს გასწვრივ  გრძელდება.

შპს „ტმის“ 12-სართულიანი შენობა, აპარტოტელი „პანორამა კვარიათი“ ფაქტობრივად პლაჟზე დგას. იქვე პლაჟის მხრიდან აქვს შენობას მცირე ზომის, დაახლოებით 10 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგის ადგილი.

არავინ იცის, როგორ აპირებს კომპანია შენობის სრული დატვირთვით ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ პარკინგის პრობლემის მოგვარებას.

შპს „ტმის“ 12-სართულიანი შენობის გვერდით მერიამ კიდევ ერთ კომპანიას მისცა შედარებით მცირე მასშტაბის შენობის მშენებლობის ნებართვა. პარკინგის და ეზოს პრობლემა ამ შენობასაც ექნება, თუმცა ნებართვის გაცემისას ეს არავის გაუთვალისწინებია.
ფოტო იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად ახლოსაა შენობა ზღვასთან. ფაქტობრივად, პლაჟია შენობის ეზო და პარკინგის ადგილიც.

კიდევ ერთ მასშტაბურ მშენებლობას გონიოს პლაჟზე შპს „ნექსთ გონიო“ იწყებს. კომპანია ზღვის პირველ ზოლში 4176 კვ.მ. ფართობს ფლობს, ტერიტორიაზე მრავალწლიანი ხეებიც არის. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, აქ 25-სართულიანი აპარტოტელის მშენებლობა იგეგმება. „ხეებს შევინარჩუნებთ,“ – გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა.

ეს ნაკვეთი „გონიო 2020“-ს საკუთრება იყო, ახლა „ნექსთ ჯგუფს“ ეკუთვნის.

საინფორმაციო დაფა ჯერ არა, თუმცა მშენებლობის ადგილზე დაგეგმილი პროექტის რენდერია გამოფენილი. კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა ისიც, რომ საინფორმაციო დაფა უკვე აქვთ და მას უახლოეს მომავალში გამოფენენ. იმ  ბანერის მიხედვით კი, რომელიც ადგილზე გვაჩვენეს, შპს „გონიო 2020“-ს, ნაკვეთის ყოფილ მფლობელ კომპანიას, მშენებლობის ნებართვა ამ ადგილზე 2010 წელს მიუღია.

შეიცვალა თუ არა პროექტი ან განახლდა მისი მოქმედების ვადა, ჯერ არ ვიცით, რადგან მერიის შესაბამისი სამსახური მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად 12 მაისის ჩათვლით ისვენებს,  იმ საინფორმაციო ბანერზე კი, რომელიც კომპანიამ ადგილზე გვაჩვენა, რიცხვები ხელით იყო გადასწორებული.

გონიოს სანაპიროზე, პლაჟთან ახლოს, თავისსავე სასტუმროს წინ ახალ აპარტოტელს – „ლაბაუ გონიოს“  აშენებს შპს „მგზავრები“.  ეს კომპანიის რიგით მეოთხე პროექტია გონიოში.

მარცხნივ მოქმედი სასტუმრო „მგზავრებია“ , ხოლო მარჯვნივ – მშენებარე პროექტის კარკასი
პროექტის რენდერი – შენობა შავი ფასადით, ასევე მის მარჯვნივ და მარცხნივ მდებარე კარკასები სასტუმრო „ლაბაუ გონიოს“ რენდერია – პროექტი სამ კარკასს აერთიანებს. მარცხნივ კი მოქმედი სასტუმრო „მგზავრები“მდებარეობს. ფოტო: კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან.

კვარიათის ზღვის სანაპიროზე ახალ პროექტს იწყებს ასვე კომპანია „გუმბათი ჯგუფი“. კომპანია აქ მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს.

გუმბათი ჯგუფის რენდერი

34 მილიონ ადამიანს შიმშილით სიკვდილი ემუქრება – გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ პლანეტაზე მცხოვრებ 34 მლნ ადამიანს უკვე დღეს ემუქრება შიმშილით სიკვდილი.

ორგანიზაცია ეყრდნობა უახლეს ანგარიშს, რომელიც მომზადებულია გლობალური ქსელის ექსპერტების მიერ. ამ ქსელში შედიან: გაერო, ევროკავშირი და, ასევე, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ, 2020 წელს, მინიმუმ 155 მლნ ადამიანს მსოფლიოს 55 ქვეყანაში არ ჰქონდა საკმარისი საკვები. ეს 20 მილიონით მეტია ორი წლის წინანდელ მაჩვენებელზე. მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური დანაკარგების გამოც.

გაერო იუწყება, რომ შიმშილსა და არასაკმარის საკვებზე საგანგაშო ტენდენცია ყოველწლიურად იზრდება 2017 წლიდან, როცა პირველად მომზადდა მსგავსი ანგარიში.

გაერო ხელმძღვანელობს საერთაშორისოდ ცნობილი საზომით, რომელიც აჩვენებს კრიზისის მასშტაბებს. გასულ წელს 133 ათასი ადამიანი აღმოჩნდა „კატასტროფულ პირობებში“ – ეს არის საკვების დეფიციტის მეხუთე, ბოლო სტადია. ეს ადამიანები ცხოვრობენ ბურკინა ფასოში, იემენსა და სამხრეთ სუდანში.

„კატასტროფული დონე“ ნიშნავს, რომ 21-ე საუკუნეში, სადღაც ჩვენ გვერდით ადამიანები მასობრივად მოკვდებიან შიმშილით,“ – წერს გაერო.

28 მლნ ადამიანს 38 ქვეყანაში ერთი ნაბიჯი აშორებს „კატასტროფისგან“ – ეს არიან კრიზისის მეოთხე სტადიაში მყოფნი. მათ ასევე სჭირდებათ სწრაფად დახმარება. ამავე ქვეყნებში მოსახლეობის ნაწილი საკვების მწვავე უკმარისობას განიცდის, მაგრამ მათი მდგომარეობა შეფასებულია, როგორც მესამე ხარისხის კრიზისი და ხუთი წლის განმავლობაში ამ ადამიანების რიცხვი 94 მილიონიდან 147 მილიონამდე გაიზარდა.

კიდევ ერთი სტატისტიკური ინფორმაცია – 55 ქვეყანაში ხუთ წლამდე 90 მილიონ ბავშვს განვითარების შეფერხება აღენიშნება, რაც კვების დეფიციტითაა გამოწვეული.

იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც შიმშილითა და საკვების უკმარისობით იტანჯებიან, აფრიკაში ცხოვრობს. ამ ქვეყნების რიცხვშია, ასევე, იემენი, ავღანეთი, სირია და ჰაიტი.

გასულ წელს, ისევე როგორც წინა წლებში, საკვების დეფიციტის მთავარი მიზეზი ომები და შეიარაღებული კონფლიქტები იყო. მეორე მიზეზი – ეკონომიკის ვარდნა, რომელიც ძირითადად პანდემიას უკავშირდებოდა. გასულ წლებში მეორე ადგილზე კლიმატის ცვლილები იყო, რომელიც ახლა უკვე საკვების დეფიციტის მესამე მიზეზია.

________________

ფოტოზე: იემენელი ბავშვი ჰუმანიტარული საკვების რიგის წინ მიწაზე ზის. იემენში ექვსწლიანი ომის პარალელურად უამრავი ადამიანი შიმშილობს. სოფელში, სადაც ეს ბიჭუნა ცხოვრობს, შიმშილით სიკვდილს რომ გადაურჩნენ ადამიანები, ხის ფოთლებს ჭამენ. ფოტო გადაღებულია 2021 წლის თებერვალში.

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/YAHYA ARHAB

„მინდა, ჩემმა ძმამ ისევ გაიაროს“ – 3 ძმის ნატვრა ოცნების ქალაქიდან

ამ შენობაში რამდენიმე წლის წინ სამხედროებს ეძინათ. ახლა აქ საცხოვრებელი სახლია მოწყობილი სახელდახელოდ. ოდესღაც შეღებილი კედლებიდან ბეტონის ბლოკებია გამოჩრილი. ბეტონისვე იატაკზე პირდაპირ ლინოლიუმია დაგებული, იატაკის მოშიშვლებულად დარჩენილ ნაწილს ძველი, ჭრელი ფარდაგები ფარავს. კუთხეში მიდგმულ დივანზე 18 წლის ბიჭი წევს. ზეწრის და საბნის გარეშე, პირადაპირ პლედზე სძინავს, ტანსაცმლით. გეგონება, რომ ამ წამს მიწვა, დაისვენებს და ცოტა ხანში ადგება. მაგრამ ოთო თაფლაძე უკვე ექვსი თვეა ასე წევს. მენჯსა და ქვედა კიდურებში კუნთები მთლიანად გალეული აქვს. კანქვეშ მხოლოდ ძვლებია.

ავადმყოფობის გამო ოთომ სკოლაში სწავლა ნაადრევად შეწყვიტა. ასევე ნაადრევად შეწყვიტა სწავლა მისმა 15 წლის ძმამ – ონლაინსწავლებაზე გადასვლის შემდეგ, ტელეფონის უქონლობის გამო, ის გაკვეთილებს ვეღარ დაესწრო.

მარჯვენა კუთხეში მიდგმულ დივანზე ოთო თაფლაძე წევს. 18 წლის ბიჭი უკვე 6 თვეა ფეხზე ვეღარ დგება.
  • „სკოლაში მეექვსე კლასის მერე აღარ მივლია. ვეღარ ვიტან ადამიანების ლაპარაკს, აღარ შემიძლია“

6 წლის იყო ოთო თაფლაძე, ქვედა კიდურების სისუსტე რომ დაეწყო. უბრალოდ, სუსტი მუხლები ჰქონდა, მაგრამ ჩვეულებრივად ვითარდებოდა, დანარჩენი ბავშვებივით. წლებთან ერთად ტკივილმა იმატა, ბოლო 6 თვეა ბიჭი საერთოდ ვეღარ დგება საწოლიდან. დივანზე სპეციალურად წევს. ზეწრიან საწოლში ყოფნა სამუდამოდ წოლის სიმბოლოა. ოთოს ასე არ უნდა. ასე ურჩევნია, დივანზე წოლა ტანსაცმლით, იმ იმედის შესანარჩუნებლად, რომ ცოტაც და ისევ გაივლის.

18 წლის ოთოს მეექვსე კლასის შემდეგ სკოლაშიც აღარ უვლია. გვეუბნება, რომ ვეღარ იტანს ადამიანების ხმას, საუბარს და აღარ შეუძლია გაკვეთილების მოსმენა.

„ჯერ კიდევ 6 თვის წინ კალათბურთსაც ვთამაშობდი. კი ვერ დავრბოდი მთლად, მაგრამ კალათში ზუსტად ვისროდი. ახლა ვწევარ. ყველაფერი მტკივა. მთელი დღეები მძინავს. ღამით ვერ ვიძინებ. სანამ ღამით გამაყუჩებლის დოზა იმოქმედებს ამასობაში თენდება, ისე, რომ თვალი არ მეხუჭება. ძირითადად ტელეფონში ჩამოტვირთული თამაშებით გამყავს დრო. ტკივილი გაუსაძლისია. ვგრძნობ, რომ რაც დრო გადის, უფრო და უფრო აგრესიული ვხდები, ფსიქიკური პრობლემები დამეწყო ტკივილის გამო“, – გვიყვება 18 წლის ოთო თაფლაძე.

ექიმები ვერ არკვევენ ოთოს დიაგნოზს. კვლევების ნაწილი მას თურქეთში ჩაუტარდა. დიაგნოზში წერია, რომ აქვს ცილა ენერგეტიკული დეფიციტი; წონაში მკვეთრი კლება. დიაგნოზში მითითებულია, რომ მისი დაავადება ქრონიკულია. წამლებმა, რაც ოთოს თურქეთში გამოუწერეს, ღვიძლის პრობლემები შეუქმნა. ხელახალი კვლევები კლინიკა მედცენტრშიც ჩაიტარა.

ოთოს ტკივილი დღითიდღე უძლიერდება. შეჩვეული გამაყუჩებლები ტკივილს ვეღარ ერევა. იმისთვის, რომ მკურნალობის ახალი მეთოდი შეიმუშავონ ექიმებმა და ყველაზე მარტივი რამ, ახალი გამაყუჩებლები დუანიშნონ, საჭიროა ექიმთან ვიზიტი. უფულობის და პანდემიის გამო ოთოს კლინიკამდე მიყვანა აქამდე ვერ მოხერხდა. შედეგად კი ტკივილი იმატებს და იმატებს. ყველაზე რეალური და უახლოესი გეგმა მისთვის ჯერ ეფექტური გამაყუჩებლების პოვნაა, რომ ტკივილისგან თავდაღწევა, ღამით ძილი შეძლოს.

„ამას ბევრი სახსრები სჭირდება, ოჯახი ამას ვერ გაწვდა და დიდი ხანია აღარც გამოჩენილან. ჩვენ მივმართეთ მაშინ ჯანდაცვის სამინისტროსაც, მაგრამ კვლევების ნაწილი ვერ დაფინანსდა, სამწუხაროდ. მედცენტრში რა კვლევებიც იყო ხელმისაწვდომი, ჩავუტარეთ. ყველანი ძალიან ვიყავით დაინტერესებული ამ ბავშვით. ძალიან გვეცოდებოდა, მაგრამ თვითონაც დაიკარგნენ. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ავტოიმუნურ გენეტიკურ დაავადებას ჰგავს ეს ყველაფერი, მაგრამ ამას მტკიცებულებები და მეტი კვლევა სჭირდება. ასეთი შემთხვევა ათასში ერთიც არ გვაქვს, ძალიან რთულია დაავადების სახელის გარკვევა. გვახსოვს ეს ბავშვი, ოთო, ექიმებს. მუდარით სავსე თვალები ჰქონდა“, – ამბობს ენდოკრინოლოგი არჩილ ირემაძე.

 

  • „მხოლოდ გამაყუჩებლებს ვასმევ, ესაა ჩვენი მკურნალობა“

ოთოს ოჯახი ,,ოცნების ქალაქის“ დასახლებაში ცხოვრობს. ჰყავს დედა, ბებია და სამი ძმა – სამივე არასრულწლოვანი. ერთ-ერთმა, 15 წლის რამაზმა, გადაწყვიტა ოჯახს დახმარებოდა და ბათუმში დაიწყო მუშობა, ავტოტექმომსახურებაში, ღევაბდა ავტომანქანებს და ტექნიკოსებს ეხმარებოდა, მაგრამ დიდხანს ვერ შეძლო მძიმე სამუშაოს გაგრძელება.

„ამბობდა, ოთოს წამლებისთვის მაინც ვიმუშავებ და ოდნავ მაინც დაგეხმარებითო, მაგრამ ბავშვია. მაგასაც თუ მოვტეხე წელი, რა აზრი აქვს ასეთ შრომას“, – ამბობს მოზარდების დედა, მაია ჯოყილაძე. სკოლაში არც 15 წლის რამაზი დადის ახლა, როგორც დედა ამბობს, პანდემიის გამო, როცა სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, რამაზმა ვერ შეძლო ონლაინგაკვეთილებზე დასწრება უტელეფონობის გამო.

სახლის კედელზე ოთხი ძმის სახელი წერია: ოთო, რამო, ბექა, ირაკლი – ძმების ოცნებაა 18 წლის ოთო ფეხზე ისევ დადგეს და ისევ შეძლოს ეზოში კალათბურთის თამაში, როგორც 6 თვის წინ შეეძლო.

ოჯახი სოციალურად დაუცველია. მაია ჯოყილაძე და ბიჭების ბებია, ნანული თაფლაძე ამბობენ, რომ ოჯახს საკვები აქვს – სარგებლობენ უფასო სასადილოთი და მათივე თქმით, ყოველთვიურად 35 კგ. კარტოფილს, რამდენიმე ლიტრ ზეთს, ტომრით ფქვილს და სხვადასხვა პროდუქტს იღებენ. ეს, ძირითადად, საკმარისია თვიდან თვემდე ოჯახის ექვსივე წევრის გამოსაკვებად.

თუმცა ოჯახს არ აქვს არანაირი სახსრები ჩაუტაროს ოთოს ყველა საჭირო კვლევა, რაც დიაგნოზის დასასმელადაა საჭირო.

„მხოლოდ გამაყუჩებლებს ვასმევ, ესაა ჩვენი მკურნალობა“, – ამბობს ოთოს დედა. ამასობაში კი ბიჭის ორგანიზმი კიდევ უფრო სუსტდება. საფუძვლიანი გამოკვლევები ოთოსთვის ოცნებაა.

მისი ერთადერთი ,,თავშესაფარი“ ინტერნეტია.

„პენსიას რომ ვიღებ, გადავდებ ყველაფერს და ოთოს ინტერნეტის ფულს მაინც შევინახავ, ჯანდაბას, თუ წამალი დამაკლდება“, – ამბობს ბებია, ნანული თაფლაძე.

ნანული თაფლაძე
  • პანდემია და ბავშვების ოცნება ჯანმრთელობაზე „ოცნების ქალაქში“

„საჭმლის ფული მე არ მიჭირს. სანამ პანდემია დაიწყებოდა, თურქეთში გადავდიოდი. სიგარეტი გადამქონდა და ვაბარებდი. თითო გადასვლისას 15, 25 ლარი მრჩებოდა. ეს ფული ოთოს რამე რომ მონდომებოდა, მაგისთვის იყო: ტკბილეული, ხილის წვენი, რამე ასეთი… მთელი დღეა საწოლშია, რამით ხომ უნდა გაიხაროს. ახლა საზღვარი დაკეტილია. ეს შემოსავალი ხელიდან გამომეცალა“, – ამბობს მაია ჯოყილაძე.

ოჯახის შემოსავალი ბავშვების პენსია და სოციალური დახმარებაა. პენსია მაია ჯოყილაძეს სესხად აქვს გამოტანილი და ნაწილს ბანკში იხდის, მხოლოდ ნაწილი რჩება. ბებიას, ნანული თაფლაძესაც, საკუთარი პენსია ასევე სესხად აქვს გამოტანილი. 280 ლარიდან მხოლოდ 150 ლარს იღებს.

ოთოს ძმა – რამაზ თაფლაძე და ბებია ნანული თაფლაძე.

ოჯახმა ორივე მარჩენალი დაკარგა: რამდენიმე წლის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა ბავშვების მამაც და ბაბუაც.

როცა ოთოსთან მივედით, შინ მხოლოდ ოთო, ბებია ნანული და ოთოს ძმები: რამაზი და ბექა დაგვხვდნენ. ბიჭები ყოველდღე ველოსიპედით დაქრიან და მეგობრებთან ერთად თამაშობენ ხან ფეხბურთს, ხან კალათბურთს. „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში მცხოვრებ ამ ბავშვებს ერთადერთი ოცნება აქვთ: გაიგონ რა სჭირს ზუსტად მათ ძმას, ოთოს, რომ მან ისევ ისე შეძლოს კალათბურთის თამაში ეზოში, როგორც 6 თვის წინ შეეძლო.

ყველა სოფელს თავისი ფული – როგორ ეხმარებიან არასამთავრობოები ქედის მცხოვრებთ [Video]

„სოფლის პროგრამაში არის ძალიან ბევრი, სასარგებლო წინადადება, რაც გამაცნეს და მინდა მონაწილეობის მიღება. აუცილებლად ჩავერთვები და ვეცდებით, რომ ეს პროგრამა სოფლის წინსვლისკენ, მომავლისკენ, სიხარულისკენ იყოს მომართული და სოფელში ახალგაზრდობის დარჩენის საწინდარი იყოს“, – ამბობს იამზე გოგიაშვილი, რომელიც სოფელ ცხემნაში ცხოვრობს.

იამზე გოგიაშვილი

ცხემნა მაღალმთიანი სოფელია ქედაში, რომელიც მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 400 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი დაბის თემში შედის და ის ქედის ცენტრიდან 2 კილომეტრითაა დაშორებული.

ქედის მერია მიმდინარე წელს ახორციელებს პროგრამას „მონაწილეობითი ბიუჯეტი“, რომელიც ჯამში 900 ათასი ლარითაა დაფინანსებული ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ეს თანხა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელზე, მათ შორის, დაბა ქედაზეც არის გადანაწილებული – ის პროექტები უნდა დაფინანსდეს, რომლებსაც თითოეული სოფლის თუ დაბის მოსახლეობა თავად წარადგენს და თავადვე შეარჩევს.

სოფელ ცხემნაში კონსულტანტი მოსახლეობას „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ შესახებ ინფორმაციას აწვდის

პროგრამის ფარგლებში სოფელ ცხემნისთვის 10 ათასი ლარია გათვალისწინებული. პროგრამის შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების კუთხით კი, ქედის მერიასთან არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ თანამშრომლობს.

ჯემალ ტაკიძე

„ამ პროგრამით მიმდინარე წელს ყველა სოფელს აქვს თავისი თანხა. პირველად საპილოტე პროექტი – „მონაწილეობითი ბიუჯეტი“, ქედის მუნიციპალიტეტმა დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში და დაბა ქედაში 2020 წელს დაიწყო. 2021 წელს კი პროექტისთვის 900 ათასი ლარია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელიც ყველა სოფელზე გადანაწილდა. პროგრამის განხორციელებაში წელს ჩვენი პარტნიორები არიან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება [GIZ] და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტის იდეის დარეგისტრირება 14 წლის ასაკიდან ქედის ნებისმიერ მკვიდრს შეუძლია, პროექტისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა კი, მხოლოდ 18 წელს გადაცილებულ მოსახლეობას აქვს“, – ამბობს ქედის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე.

ასლან ჭანიძე

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება [GIZ] მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის მიერ შერჩეული 15 კონსულტანტი ქედის მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით აცნობს იმ სიახლეებს, რომელსაც ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტი სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში. ეს პროგრამა ხორციელდება ქედის 64-ვე სოფელში და ასევე დაბა ქედაში. კონსულტანტები დაბას და ასევე ყველა სოფელს ფარავენ. ისინი მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას პროგრამის შესახებ“, – ამბობს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.

ასლან ჭანიძის თქმით, კონსულტანტები მოსახლეობას შემდგომში ასევე დაეხმარებიან პროექტების წერის პროცესში – გაუწევენ კონსულტაციებს, დაარეგისტრირებენ პროექტებს და გადასცემენ მერიას, რომ უკვე კომისიამ განიხილოს: „ჩვენი ორგანიზაცია უზრუნველყოფს იმას, რომ ინფორმაცია ყველა ოჯახში, ყველა ადამიანთან მივიდეს. ასევე დაეხმარებიან კენჭისყრის დროს ტექნიკურ საკითხებში, იქნება საჯარო შეხვედრები. მოსახლეობას ვურიგებთ საინფორმაციო მასალებს, განაცხადის ფორმებს“.

ლილი ტაკიძე

ლილი ტაკიძე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შერჩეული ერთ-ერთი კონსულტანტია. ლილი ამბობს, რომ ასეთი პროგრამა ქედაში პირველად ხორციელდება და კმაყოფილია, პროცესში ჩართვის საშუალება მასაც რომ მიეცა: „ამ პროგრამით ხელი ეწყობა სოფლის განვითარებას, მოსახლეობას შეუძლია თავად შეცვალოს საკუთარი საცხოვრებელი გარემო უკეთესობისკენ, რაშიც ასეთი პროგრამები დიდად დაეხმარება“.

„დაბის თემში ვარ კონსულტანტი. სოფლებში მოსახლეობას მათთვის სასარგებლო ინფორმაციას ვაწვდი ამ პროგრამის შესახებ. მაქვს მათთან ხშირი და უშუალო კონტაქტი კარდაკარის პრინციპით. ვუხსნით, თუ რა თანხაა გამოყოფილი მათი სოფლისთვის, რომ შეუძლიათ წარადგინონ ესა თუ ის იდეა/პროექტი, რომლის განხორციელებასაც საჭიროდ თავად თვლიან. შემდეგ კი, შერჩეულ პროექტებზე კენჭისყრა ჩატარდება სოფელში და უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი პროექტი დაფინანსდება. მოსახლეობა თავად არჩევს რა პრობლემებია და თავადვე წყვეტს, რა უნდა გაკეთდეს“, – გვეუბნება ლილი ტაკიძე.

სოფელ ცხემნაში კონსულტანტები მოსახლეობას „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ შესახებ ინფორმაციას აწვდიან

ლილი ტაკიძის თქმით, „სოფლის მოსახლეობა ძალიან გახარებულია და რასაც ვაკვირდები, ისინი პრობლემებზე ინდივიდუალურად კი არ ფიქრობენ, არამედ ამბობენ, რომ შეიკრიბებიან და ერთად გადაწყვეტენ, რისი გაკეთება სჯობს. იციან, რომ საერთო სარგებლობისთვის უნდა გამოიყენონ ის თანხა, რაც მერიის პროგრამით არის მათი სოფლისთვის გათვალისწინებული. აქტიურად არიან ჩართულები და უკვე შემოდის იდეებიც, თუ რისი გაკეთება იქნება უმჯობესი ამ ეტაპზე.“

აჩიკო ცინცაძე

ცხემნაში მცხოვრები აჩიკო ცინცაძე ამბობს, რომ ასეთი პროგრამები, მით უმეტეს, როცა სოფელი თავად ირჩევს რა უნდა გაკეთდეს, კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივებისთვის იმ პრობლემების გადასაჭრელად, რაც მათ აწუხებს.

„მაგალითად, დიდი ხანია გვინდა 150-200 კაცზე გათვლილი ინვენტარი შევიძინოთ სოფლისთვის. არის რაღაც ღონისძიებები და სხვადასხვა სოფელში ვქირაობთ. მგონი გაგვიმართლა, ვისარგებლებთ ამ შანსით, პროგრამის ფარგლებში შევიტანთ პროექტს დაფინანსებაზე და შევიძენთ ალბათ. თუმცა კიდევ შევიკრიბებით, ჩამოვყალიბდებით და რომელიც საუკეთესო პროექტი იქნება, იმას განვახორციელებთ“, – ამბობს აჩიკო ცინცაძე.

მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, ჯემალ ტაკიძის თქმით, „პროექტი არ ზღუდავს არავის იდეებს. შეუძლიათ ნებისმიერი მიმართულების პროექტის განაცხადი შემოიტანონ და დაარეგისტრირონ. აქტიურადაა ჩართული თითოეული სოფლის მცხოვრები, აინტერესებთ, უკვე შემოდის პროექტებიც. უბრალოდ, ერთი მნიშვნელოვანი რამაა გასათვალისწინებელი – სოფელში კენჭისყრაზე თუ ადგილობრივი მოსახლეობის 20% არ მივა, რომელიმე პროექტისთვის შესარჩევად ხმის მისაცემად, სოფელში პროექტი არ განხორციელდება. მინდა, რომ ეს ჩვენმა მოსახლეობამ გაითვალისწინოს – მინიმუმ 20% თუ მივა, იქედან უმრავლესობის პრინციპით გამარჯვებულ პროექტებს ქედის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელსვე განახორციელებს“.

სოფელ ცხემნაში კონსულტანტი მოსახლეობას „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ შესახებ ინფორმაციას აწვდის

ქედის მუნიციპალიტეტის თემებში კონსულტანტები „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ კონკურსით შეარჩია, რომლებსაც თვითმმართველობის კომპეტენციებზე, ქედის სამოქალაქო ბიუჯეტირებასა და კარდაკარ საინფორმაციო კამპანიის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. სათემო კონსულტანტების მიერ უკვე დაიწყო და ხორციელდება კარდაკარ საინფორმაციო კამპანია.

აღნიშნული აქტივობები განხორციელდა პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

მასალა მომზადებულია პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

 

ჩვენ მოსავალი გვიფუჭდება, ჯარში კი იმპორტირებული კარტოფილი შეაქვთ – გლეხები ახალქალაქიდან

ახალქალაქში წელს კარტოფილის დიდი მოსავალია, თუმცა ფერმერები კარტოფილის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. სოფელ ალასტანში გლეხები ამბობენ, რომ საკუთარ მოსავალს, 700 ტონა კარტოფილს – მერიასთან დაყრიან, რადგან ამ დრომდე მათ კარტოფილის გასაღების გზები სახელმწიფომ ვერ შესთავაზა.

„ბათუმელები“ სოფელ მურჯახეთის ერთ-ერთ მცხოვრებს, ენოკ ბაბაჯანიანს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ წელს კარტოფილის მოსავალი დიდია, თუმცა რეალიზაციაში ფერმერებს არავინ ეხმარება.

„5 ჰექტარზე 80 ტონა კარტოფილი ამოვიღე. კარტოფილის ფართობებიც გაიზარდა სოფლებში, რადგან პანდემიის გამო ადამიანები ვეღარ წავიდნენ სხვა ქვეყნებში სამუშაოდ და უფრო მეტი მიწები დამუშავდა. ამის გარდა, წელს დისტრიბუტორებმაც ცუდად იმუშავეს, რადგან კოვიდის გამო ბაზრებიც დაკეტილი იყო.

ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ საქართველოში კარტოფილი თურქეთიდან შემოდის და ჩვენი პროდუქცია ნაკლებად იყიდება. ფასიც დაეცა – 25 თეთრია საბითუმო ფასი. გარდა ამისა, ყველაზე დიდი მომხმარებელი არის ჯარი და ციხე, სადაც იმპორტირებული კარტოფილი შეაქვთ და არა ქართული კარტოფილი. ასეთი საკითხები უნდა იყოს მოგვარებული“, – გვითხრა ენოკ ბაბაჯანიანმა. მისი თქმით, ყველაზე მეტი კარტოფილი საქართველოდან აზერბაიჯანში გადიოდა, თუმცა წელს რატომ არ გავიდა, ამაზე ინფორმაციას ფერმერები არ ფლობენ.

ენოკის აზრით, ხელისუფლება იმით უნდა დაეხმაროს ფერმერებს, რომ იმპორტზე დააწესოს ლიმიტი და ადგილობრივ პროდუქციას მისცეს გასაქანი.

„ბათუმელებმა“ ახალქალაქის მერს, იურიკ უნანიანს ჰკითხა, რატომ ვერ ყიდიან გლეხები მოწვეულ პროდუქციას და რაში ხედავს ის გამოსავალს.

„არ იყიდება კარტოფილი. მიზეზი ის არის, რომ ბევრია კარტოფილი. მარტო ალასტანში კი არა, მთლიანად რაიონის პრობლემაა ეს, რომ გლეხებმა კარტოფილი ვერ გაყიდეს. ფასიც დაწიეს წელს, 50 თეთრად ყიდიან კილოს, მაგრამ მაინც ჭირს გაყიდვა. ამ დროისთვის, დაახლოებით 10 ათას ტონაზე მეტი იქნება გასაყიდი კარტოფილი“, – ამბობს მერი.

ახალქალაქში გლეხები კარტოფილს ვერ ყიდიან/ ფოტო: „სამხრეთის კარიბჭე“.

მისი თქმით, კარტოფილის რეალიზაციას პანდემიისგან გამოწვეულმა რეგულაციებმაც შეუშალა ხელი. „ტურიზმი გაჩერებულია, ხალხი აღარ დადის, რესტორნები, სასტუმროები გაჩერებულია, ამ ყველაფერმა იმოქმედა გაყიდვებზე.

მერის თქმით, ახალქალაქის კარტოფილი ქართულ ბაზარზე შემოსულია, თუმცა ეს რეალიზაციისთვის საკმარისი არ არის.

„აზერბაიჯანში გავიტანეთ შარშან, წელს არ შედის. ალბათ თავისი აქვს და მაგიტომ. საბაზრო ეკონომიკაა, თუ არ მოვიდა მყიდველი, რას ვიზამთ. როცა ბევრია მოსავალი ან არ იყიდება, ან იაფია“, – ამბობს მერი.

მერის პირველი მოადგილე შალვა ბალახაძე კი ამბობს, რომ წელს რუსეთში, თურქმენეთსა და მოლდოვაში გაიტანეს ახალქალაქის კარტოფილი, თუმცა ამ ქვეყნებშიც ნაკლებია მოთხოვნა. „შარშან გაყიდეს 1-1.50 ლარად ამ პერიოდში და წელს უფრო იაფია“, – ამბობს ბალახაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ ჰქონდათ ამ საკითხზე ცენტრალურ მთავრობასთან კომუნიკაცია და რაში ხედავენ პრობლემის გადაჭრის გზას, იურიკ უნანიანი ამბობს, რომ გამოსავალი  არის ის, რომ გლეხებმა კარტოფილის დათესვა დაიწყეს. „რომ არ გაფუჭდეს ან უნდა დათესონ, ან გაყიდონ. საქმის კურსშია მთავრობაც, სოფლის მეურნეობის სამინისტროც და იმედია, გააკეთებენ ყველაფერს“, – ამბობს მერი.

„ბათუმელები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც დაუკავშირდა კომენტარისთვის. უწყებაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო საბაზრო პოლიტიკაში ვერ ჩაერევა. „გვქონდა გარკვეული შეხვედრები და ქართველი ექსპორტიორები ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ არის ჭარბი მოსავალი და შემდგომ უკვე ფერმერებს და ექსპორტიორებს ერთმანეთში უნდა ელაპარაკათ და ფასზე შეთანხმებულიყვნენ. ერთადერთი მხოლოდ ეს გავაკეთეთ, რომ მივაწოდეთ ინფორმაცია ექსპორტიორებს“, – ამბობენ სამინისტროში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის სამ თვეში [იანვარი-მარტი] საქართველოში 2,9 მილიონი აშშ დოლარის კარტოფილია შემოტანილი უცხოეთიდან. აქედან 543 ათასი აშშ დოლარის კარტოფილი – სათესლედ.

ბოლო წლების განმავლობაში, აქამდე არსებული პრაქტიკით, საქართველოს ხელისუფლება ტარიფის სხვაობას ყოველთვის ასუფსიდირებს მანდარინსა და ყურძენზე.

_________________________

მთავარი ფოტო: „სამხრეთის კარიბჭე“.

ბათუმში მოზარდი დაჭრეს

დღეს, 6 მაისს, ბათუმში, საჯარო ბიბლიოთეკასთან მოზარდი დაჭრეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით [ძალადობა] დაიწყო.

თვითმხილველის თქმით, ერთმა ახალგაზრდამ მეორე დანით ბეჭის არეში დაჭრა, რის შემდეგაც ისინი მალე დაიშალნენ. კონფლიქტში 16-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

შემთხვევის  ადგილზე არის სისხლის წვეთები.

დაჭრილი სასწრაფო სამსახურს არ გადაუყვანია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, იგი თანატოლებმა წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან.

ადგილზე მუშაობს კრიმინალური პოლიცია.

____________

 

„სილქფესტი“ ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებიდან სასურველი კომბინაციის შერჩევას გთავაზობთ

სილქნეტი აბონენტებს 7 მაისს ულიმიტო სასაუბრო და  ინტერნეტ პაკეტებს შეთავაზებს. კომბინაციით *202# აბონენტი (ფიზიკური/იურიდიული) 30 დღით გაიაქტიურებს:

[checklist]

  • 20 GB უსწრაფესი ინტერნეტი –  14 ლარად
  • ულიმიტო სასაუბრო პაკეტს + 5 GB ინტერნეტი 18 ლარად
    პაკეტი ვრცელდება ადგილობრივ ზარებზე*.
  • ულიმიტო სასაუბრო პაკეტს + ულიმიტო ინტერნეტი 28 ლარად
    პაკეტი ვრცელდება ადგილობრივ ზარებზე*.

[/checklist]

პაკეტის ვადის ფარგლებში, მეგაბაიტების ამოწურვის შემთხვევაში 1მბის ფასი შეადგენს 0.15 ლარს.

*  პაკეტებში შემავალი სასაუბროს/მეგაბაიტების დაჯამება შეზღუდულია
** სასაუბრო დრო არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე. ასევე, სპეციალური დანიშნულების ნომრებზე.

რამდენად იოლია ჩაის სეზონზე თურქეთში წასვლა და რამდენით გაძვირდა კრეფა

რამდენიმე დღეში ჩაის კრეფის სეზონი იწყება. ამ სეზონს ელის ათასობით საქართველოს მოქალაქეც, ვისი ზუსტი რაოდენობაც არასდროს არავის დაუთვლია, მაგრამ ფაქტია, რომ პერიოდულად თურქეთში გადადის ჩაის საკრეფად და ლუკმაპურის ფულის მისაღებად. თურქეთში ამოქმედებული ლოქდაუნის ფონზე, ჩაის პლანტაციების მფლობელები თუ მკრეფავები საქართველოდან ზუსტად ვერ ამბობენ, ვინ როდის და რას შეძლებს.

„დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა ფასი, მკრეფავები კი ჯერ არ ჩანან,“ – ამბობს კახა ნოღაიდელი ქობულეთიდან. ის ახლა თურქეთშია, ჩაილერში და ჩაის პლანტაციებს ამუშავებს. კახას ახლა სამუშაო არ აქვს, მაგრამ რამდენიმე დღეში ჩაის კრეფას შეუდგება.

„დაახლოებით დღეში 250 ლირას გვიხდიან… კრეფის დროს დღიური ფასი დაახლოებით 270-280 ლირა იქნება. ეს დაახლოებით 30 პროცენტით მეტია იმ ფასებთან შედარებით, რაც პანდემიამდე იყო. ვმუშაობთ ისევ დილის 7-დან საღამოს 5-მდე. გააჩნია, როგორ შეუთანხმდები დამსაქმებელს,“ – გვიყვება კახა ნოღაიდელი.

კახა ნოღაიდელი

კახა ამბობს, რომ თურქეთში ამოქმედებული ლოქდაუნის დროს პრობლემაა ის, რომ მფლობელი სახლიდან გარეთ ვერ გამოდის, ხოლო ჩაის პლანტაციასთან მისვლა, რომელიც სახლიდან მოშორებითაა, ტაქსით უწევს.

„ტაქსით მივდივარ, რომელსაც საშვი აქვს… ახლა ჩაის პლანტაციის მოვლის და განახლების დროა, სასუქები უნდა გაიტანო, აზოტი და ასე შემდეგ. მე წლებია ერთსა და იმავე ოჯახში დავდივარ, შევეჩვიე და ისინიც შემეჩვიენ. მგონი,“ – პოზიტიურ განწყობაზე დგება კახა.

ჩაილერში, ასევე სარფთან ახლოს მდებარე ქალაქებსა და სოფლებშიც ახლა ნაკლები მუშახელია. კახას დაკვირვებით, ადამიანები საქართველოსა და თურქეთშიც ლოქდაუნის გაუქმებას ელიან და არსებული შეზღუდვების ფონზე მიმოსვლისგან თავს იკავებენ.

„ამბობენ, რომ 17-დან გაუქმდებაო, მაგრამ არავინ იცის კონკრეტულად, რა გაუქმდება შეზღუდვებიდან… ქართველი მკრეფავები ორგანიზებას ვერ ახერხებენ, თორემ არაფერი შეცვლილა, თუ მოწვევას მიიღებ, დასაქმება იოლია,“ – გვიხსნის კახა ნოღაიდელი.

„ბაირამის მერე გამოვაგზავნი ალბათ მოსაწვევს საქართველოში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერჰან ქოსიოუღლუმ. ის თურქეთში, სოფელ დემირისარიში ცხოვრობს და ჩაის პლანტაცია აქვს. ერჰანი ჩაის პლანტაციებს წელს თავად აწესრიგებს, ხოლო მკრეფავებს ისევ საქართველოდან ელოდება.

„გაურკვეველია, რა იქნება. რამდენიმე ბიჭი მუშაობს ჩემს სოფელშიც, ბევრნი არ არიან, დაახლოებით 20 მაისს დავიწყებთ კრეფას… ეს ჩაკეტვები, ლოქდაუნი, ყველას აშინებს, საბუთების მოგვარებაც პრობლემაა, ფული უნდა,“ – ამბობს ერჰანი. მისი თქმით, მოსაწვევის გამოგზავნა საქართველოში პრობლემა არ არის.

ერჰან ქოსიოღლუ ვერ ამბობს, რას გადაუხდის ჩაის მკრეფავებს მაისის სეზონზე. მისი თქმით, ეს შეთანხმებაზეა დამოკიდებული და ჩაის კრეფის ფასი წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 10 პროცენტით გაიზარდა.

„ბათუმელები“ რამდენიმე ისეთ ადამიანსაც ესაუბრა, რომელიც წლებია თურქეთში ჩაის საკრეფად დადიან. ისინი ვერ ამბობენ საიდან გაიგეს, მაგრამ ასე იციან, რომ 17 მაისამდე თურქეთში სამუშაოდ გადასვლას ვერ შეძლებენ.

„გვითხრეს, რომ 17 მაისამდე ვერ გადავალთ… ჩემმა დამსაქმებელმა თქვა ისიც, რომ ნოტარიუსებიც დაკეტილია და ლოქდაუნის დასრულებამდე ვერ მოხერხდება,“ – გვითხრა, მაგალითად, ხვიჩა ცენტერაძემ ქობულეთიდან.

აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ კახიძის თქმით, თურქეთში ამოქმედებული ლოქდაუნის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი შეცვლილა, ვისაც თურქეთში დასაქმება სურს.

აჭარის დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის 3 აგვისტოდან 2021 წლის 4 მაისის ჩათვლით საქართველოდან თურქეთში სამუშაოდ გადავიდა 17 917 ადამიანი, მათ შორის, განმეორებით – 1015. თურქეთში სამუშაოდ წასვლისთვის განაცხადი ამ პერიოდში სულ 23 705-მა ადამიანმა შეავსო.

 

თურქეთი, სოფელი დემირისარი, ერჰან ქოსიოღლუს ფოტო

___

მთავარი ფოტო: თურქეთი, სოფელი დემიირისარი, ერჰან ქოსიოღლუს ფოტო.

ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში „სინოფარმით“ ასაცრელად ყველა ადგილი დაჯავშნილია 

6 მაისის მდგომარეობით, ბათუმისთვის განკუთვნილი ჩინური „სინოფარმის“ ყველა დოზა დაჯავშნილია. იგივე ვითარებაა ქობულეთსა და ხელვაჩაურში – ამ ეტაპზე ვაქცინის ყველა დოზა ორივე მუნიციპალიტეტში ასევე დაჯავშნილია.

booking.moh.gov.ge -ს თანახმად, „სინოფარმით“ აცრის მსურველები საკმაოდ აქტიურად რეგისტრირდებიან ქედის მუნიციპალიტეტშიც.

იმავეს ვერ ვიტყვით შუახევსა და ხულოზე. ხულოში ამ დროისთვის მხოლოდ 27 ადამიანია დარეგისტრირებული. რაც შეეხება შუახევს – ამ მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით ყველაზე ნაკლები, მხოლოდ 12 ადამიანია დარეგისტრირებული.

6 მაისის მდგომარეობით სინოფარმის ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გასავლელად მხოლოდ ორკვირიანი პერიოდია გახსნილი. ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე „სინოფარმით“ ასაცრელად ადგილები სრულად დაჯავაშნილია თბილისშიც.

„სინოფარმზე” რეგისტრირებულთა ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ავტორიზაცია ჯერ არ აქვს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით,  6 მაისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 51 600 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 7873 ადამიანი.

__

ამავე თემაზე: ბათუმელები, რომლებიც „სინოფარმით“ აიცრნენ, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ:

კოვიდზე აცრის შემდეგ მოქალაქე 45 წუთი უნდა დარჩეს კლინიკაში

 

Exit mobile version