მთავარი,სიახლეები

რატომ არ იმჩნევს მთავრობა, რომ გლეხებს ტონობით კარტოფილი ულპებათ ახალქალაქში 

12.05.2021 • 3504
რატომ არ იმჩნევს მთავრობა, რომ გლეხებს ტონობით კარტოფილი ულპებათ ახალქალაქში 

„30 თეთრად გავყიდე 100 ტონა კარტოფილი. გაფუჭებას და გადაყრას ასე სჯობდა. სხვები ამ ფასადაც ვერ ყიდიან,“ – ამბობს ენოკ ბაბაჯანიანი, რომელიც ახალქალაქში, სოფელ მურჯახეთში ცხოვრობს. ენოკი გვიყვება, რომ მყიდველმა კარტოფილი გადაარჩია და რჩეული კარტოფილის ფასი იყო 30 თეთრი. წინა წლებში კი, როცა კარტოფილის ასეთი დიდი მოსავალი არ იყო, კარტოფილს დაახლოებით 40-70 თეთრად ყიდდა.

„დღეს რომ ჩავიარე სოფლის ცენტრში, იმასაც ამბობდნენ, უფასოდაც მივცემთ ვინმეს, ფუჭდება და სუნი აქვს უკვეო,“ – ამბობს ენოკი. მისი თქმით, მეკარტოფილეების პრობლემა ხელისუფლებამ კარგად იცის, მაგრამ არ იმჩნევს. ხელისუფლება კარტოფილზე სუბსიდიის გაცემასაც არ აპირებს და საჭიროდ არ მიიჩნევს განმარტოს: რა გამოსავალს სთავაზობს სახელმწიფო ადამიანებს, რომლებიც კარტოფილის მოყვანით ირჩენენ თავს.

„სახელმწიფოს შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება, მით უფრო ახლა, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი. როცა ის მინისტრი იყო, ინიციატივა ჰქონდა დიდ საბიუჯეტო ინსტიტუციებს, როგორიცაა: ჯარი, პოლიცია და პენიტენციური სისტემა, გარკვეული საკვები, მათ შორის, კარტოფილი, მხოლოდ საქართველოში წარმოებული შეესყიდათ.

„გაგიჟდიო? – მირეკავდნენ. სამინისტროს შიგნითაც ბევრი დამიპირისპირდა ამის გამო. განათლებულ ადამიანს ეს როგორ გეშლება, ეს არის პროტექციონიზმიო. მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ეს მიდგომა უპირისპირდება თავისუფალი ბაზრის პრინციპს, მაგრამ რეალური არგუმენტი ხშირ შემთხვევაში იყო ის, რომ ეს სისტემა მათ ბიზნესს დაარტყამდა.

ჩემი დასაბუთება იყო შემდეგი: თუკი მილიონებს ხარჯავს სახელმწიფო კონკრეტული დარგების განვითარებისთვის, წყალში იყრება ეს ფული, თუკი გლეხს გასაღების ბაზარი არ ექნება და მოსავალი ლპება. ვამბობდი, რომ ეს ჩარევა უნდა ყოფილიყო არა მუდმივი ხასიათის მქონე, არამედ, მაგალითად, 4 წლის ვადით, როცა ფერმერული მეურნეობები გაძლიერდებოდა, სესხსაც უფრო მარტივად მიიღებდნენ და შემდეგ მარტივად შევიდოდნენ ბაზარზე… ჩემი ინიციატივა იყო, რომ ჯარს, პენიტენციურ სისტემას და შსს-ს ერთობლივად დაგვეწყო ეს, რადგან გაჩენილიყო ერთიანი ბაზა და გამსხვილებული სისტემა მიგვეღო, რომელიც სტაბილურად უზრუნველყოფდა, მაგალითად, იგივე კარტოფილის მოწოდებას, რადგან მიზანი არის ის, რომ ჯარისკაცი მშიერი არ უნდა დაგრჩეს,“ – მინისტრობის დროინდელ გამოცდილებას გვიზიარებს თინა ხიდაშელი.

თინა ხიდაშელი იმ წლებში, როცა ის თავდაცვის მინისტრი იყო, ახალქალაქსა და ახალციხეში მეკარტოფილეებს შეხვედრია იმის გასარკვევად, თუ რამდენად რეალურად მოახერხებდნენ ფერმერები ჯარისთვის კარტოფილის მიწოდებას. თავდაცვის ყოფილი მინისტრი იხსენებს, რომ ამ პროცესში მალევე მარტო დარჩა და კანონშიც შესაბამისი ცვლილებების შეტანა ვერ მოხერხდა, რაც ამ მიდგომის სამართლებრივ საფუძველს შექმნიდა, როცა ჯარი თუ ციხე ქართულ კარტოფილს  მიიღებდა.

„მთავრობის სხდომაზე ვთქვი, თუ ვერ ესწრება საკანონმდებლო ცვლილებები, მზად ვარ, კანონი დავარღვიო და დამიჭირეთ-მეთქი. საბოლოოდ, მხოლოდ ხორცზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება ინდივიდუალურად სამინისტროში, კარტოფილამდე ვეღარ მივედით… ლევან იზორია როგორც კი გახდა მინისტრი, ეს გადაწყვეტილებაც ხორცზე შეცვალა. თუმცა, შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროიდან, ხორცი ისევ საქართველოში წარმოებული შედის ჯარში, როგორც ვიცი,“ – გვიყვება თინა ხიდაშელი.

რამდენად გამართლებულია სამართლებრივად, როცა საჯარო უწყება აცხადებს ტენდერს და პირობაში წერს, რომ ის „მხოლოდ ქართულს“ შეიძენს? – ესეც ვკითხეთ პროფესიით იურისტ თინა ხიდაშელს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს სატენდერო დოკუმენტებში არც ახლაა ნახსენები ის, რომ ხორცი აუცილებლად საქართველოში წარმოებული უნდა იყოს, მაგრამ პირობა იმგვარადაა შედგენილი, რომ სხვა ქვეყნიდან ხორცის მიწოდება ჯარისთვის პრაქტიკულად ვერ მოხერხდება. თინა ხიდაშელი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თუკი პოლიტიკური ნება არსებობს და ფერმერის ხელშეწყობა სურს ხელისუფლებას, „იურიდიული გამოსავალი“ მოიძებნება.

„მეც თავის დროზე იმას კი არ ვამბობდი, რომ ევრორეგულაციები დავარღვიოთ, ან რამე ჩუმად გავაკეთოთ-მეთქი. ვამბობდი, რომ ეს ყველაზე მეტად წაახალისებს ფერმერული მეურნეობების განვითარებას და დროის რაღაც მონაკვეთში შესაძლებელი იყო შექმნილიყო ასეთი სისტემა,“ – დასძინა თინა ხიდაშელმა „ბათუმელებთან“.

რამდენად გამართლებულია სუბსიდია, ე.წ. კვოტების დაწესება იმპორტირებულ საკვებზე ან ჯარისა და ციხეებისთვის საქართველოში წარმოებული პროდუქტის შეძენა, მით უფრო, როცა ჭარბი მოსავალი გვაქვს? – ეკონომისტების და იურისტების პოზიციები განსხვავებულია. დომინანტურია პოზიცია, რომ მსგავსი ჩარევები დაუშვებელია, არღვევს თავისუფალი ვაჭრობის ჩარჩოს და თავისუფალი ბაზრის პრინციპის დაცვაა გამოსავალი. როცა ამ მოსაზრების დამცველ ექსპერტებს ახსენებ, რომ საუბრის პარალელურად ჯავახეთში ტონობით კარტოფილი ულპება მეკარტოფილეებს, გიპასუხებენ, რომ „უკიდურეს სიტუაციაში საჭიროა ჩარევა“.

„ძალიან ბევრი ასეთი პროგრამაა, რომელთა ეფექტურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შესაძლებელია გვქონდეს მსგავსი სოციალური პროექტი, მაგრამ ნუ ვიტყვით, რომ ეს არის ბიზნესის გაძლიერებისთვის,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე, ირინე გურული.

ეკონომისტი განმარტავს, რომ ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტული დარგების სუბსიდიაც გაუმართლებელია იმ ფონზე, როცა ღარიბი ქვეყანა ვართ და საგარეო ვალი „ძალიან მაღალ ნიშნულზეა ასული“.

ევროპის ქვეყნებიც ხომ გასცემენ სუბსიდიას სოფლის მეურნეობების კონკრეტულ დარგებზე?

„ეს ძირითადად ხდება ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების გადასახედიდან. არსებობს გათვლა, რომ რაღაც რაოდენობა ქვეყნის შიგნით უნდა იწარმოებოდეს, რომ მთლიანად იმპორტდამოკიდებული არ იყვნენ… ჩვენ რომ გვქონდეს ავსტრიის მსგავსი ბიუჯეტი, გასაგები იქნებოდა მაშინ, მაგრამ ჩვენთან ამის სახსრები არ არის ბიუჯეტში“, – ამბობს ირინა გურული.

როგორ ხდება, რომ სხვა ქვეყანაში მოყვანილ და მერე იქედან საქართველოში შემოტანილ კარტოფილს უფრო იაფად აწვდიან, მაგალითად, ჯარს და უფრო ძვირია საქართველოში მოყვანილი კარტოფილი? – ესეც ვკითხეთ ეკონომისტს.

„მათი პროდუქტიულობა გაცილებით დიდი, ათჯერ, ოცჯერ მეტია და იგებენ მასშტაბის ხარჯზე. ბევრი ქვეყნის მიერ წარმოებული პროდუქცია არის უფრო იაფი და ხარისხიანი, ვიდრე ჩვენი. ჩვენ ხშირად ვაწარმოებთ არაკონკურენტულ პროდუქციას: ხარისხის მხრივ არის მიუღებელი, ან ფასი არის იმაზე უფრო მაღალი, ვიდრე შემოტანილი. თუ გვაქვს ჭარბი მოსავალი და ვერ ვყიდით, ვერ შევდივართ კონკურენციაში, მაშინ უნდა შევეშვათ სოფლის მეურნეობას, სუბსიდია გამოსავალი არ არის, ე.წ. კვოტები მით უმეტეს,“ – მიიჩნევს ირინე გურული.

„როცა ჭარბია მოსავალი, შესაძლებელია დროებით კარტოფილის იმპორტის შეზღუდვა,“ – მიიჩნევს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ჟღენტი.

ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ დადგენილი რეგულაციები არ დაირღვევა და ვერც ვერავინ მოგვედავება.

კონსტანტინე ჟღენტი ზოგადად სუბსიდიას არ ემხრობა, მაგრამ მიაჩნია, რომ თუკი საქართველო სათანადოდ შეამოწმებს სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი კარტოფილის ხარისხს, მაშინ საქართველოში დახლებზე ძირითადად ქართული კარტოფილი დარჩება.

„ნიშნის მოგებით კი არ ვამბობ, უბრალოდ ვიცი, რომ იგივე თურქეთიდან საქართველოში შემოტანილი კარტოფილი არაერთხელ შემოწმდა ფიტოსანიტარიული წესით და უკან გააბრუნეს. ახალქალაქის კარტოფილი მართლაც უფრო ჯანსაღია, აქ არაა გავრცელებული კარტოფილის კიბო და ასე შემდეგ. გამიგია, რომ კარტოფილის უკან დაბრუნებაც იყო პოლიტიკოსებს შორის საუბრის თემა,“ – გვითხრა კონსტანტინე ჟღენტმა.

პანდემიის გამო სახელმწიფოსგან კონკრეტულ ჩარევას არათუ მისაღებად, არამედ საჭიროდ მიიჩნევს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. იურისტის აზრით, პანდემიის დროს, როცა ეკონომიკური შეფერხებები მკაფიოა, სახელმწიფომ ფერმერებს სუბსიდიაც უნდა მისცეს, მოწეული მოსავლის რეალიზებაშიც უნდა დაეხმაროს, ან თავად შეისყიდოს პირდაპირი შესყიდვის წესით.

„მთავარია, ამას არ ჰქონდეს სისტემური ხასიათი, რომ არ გაჩნდეს კორუფციის რისკი. ჩვენ ვიცით წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, რა შედეგს ვიღებთ, როცა სახელმწიფო პირდაპირ ინტერვენციას ახდენს რომელიმე ეკონომიკური მიმართულებით… თუმცა დღევანდელი მოცემულობა განსხვავდება წინა წლებისგან. ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა არის აუცილებელი,“ – მიიჩნევს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

გიორგი ხიმშიაშვილი „წონადს“ უწოდებს იმ ადამიანების არგუმენტს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სუბსიდია არ უნდა გაიცეს.

„მაგრამ პანდემია არის სხვა მოცემულობა. ფაქტია, რომ ახლა არც ტურიზმია და არც სხვა სექტორები, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის, როგორც ბიზნესის სტიმულაციას. ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ სხვადასხვა გზით ფერმერი უნდა წაახალისოს კიდეც, მაგალითად, შესაძლებელია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შეძენა, რაც, ცხადია, შეამცირებს ხარჯებს და, საბოლოო ჯამში, პროდუქციის ფასსაც შეამცირებს,“- დასძინა გიორგი ხიმშიაშვილმა.

რას აპირებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეკარტოფილე ფერმერების დასახმარებლად? გაიცემა თუ არა სუბსიდია ჯავახეთში მცხოვრები ფერმერებისთვის, როგორც ეს ხდება, მაგალითად, კახეთში რთველის დროს ან აჭარაში ციტრუსის სეზონზე? – ვკითხეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ მეკარტოფილეებს ექსპორტიორებს დააკავშირებენ, ხოლო დანარჩენი „თავისუფალ ბაზარზეა დამოკიდებული“.

ზოგიერთ გლეხს ახალქალაქში 50-100 ტონა კარტოფილი აქვს გასაყიდი

___

ამავე თემაზე:

ჩვენ მოსავალი გვიფუჭდება, ჯარში კი იმპორტირებული კარტოფილი შეაქვთ – გლეხები ახალქალაქიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: