Batumelebi | რატომ უნდა ავირჩიოთ სამეცნიერო კარიერა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში რატომ უნდა ავირჩიოთ სამეცნიერო კარიერა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში – Batumelebi
RU | GE  
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

რატომ უნდა ავირჩიოთ სამეცნიერო კარიერა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

როგორია მეცნიერი თქვენს წარმოდგენაში? შესაძლოა ახალგაზრდების აზრით, მეცნიერის ყოველდღიური ცხოვრება მხოლოდ რუტინულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული, რაც თავის თავში ჩაკეტილობასთანაც არის ასოცირებული. ამ წარმოადგენას თავისი ობიექტური თუ მცდარი მიზეზები აქვს, თუმცა მეცნიერის ცხოვრება დღეს ნამდვილად განსხვავდება ამ სტერეოტიპისგან.

საინტერესო კვლევები და აღმოჩენები; საქმე, რომელიც ნამდვილად გიყვარს და ყოველდღე გაოცებს; მეგობრები დედამიწის გარშემო; მოგზაურობა, მასშტაბური თუ მეგობრული შეხვედრები საინტერესო თემების გარშემო და ნორმალური ანაზღაურება – ესაა მეცნიერებით დაკავებული ადამიანების ყოველდღიურობა.

სესილი გოგიძე

სესილი გოგიძე

„დღეს ისეთი სპეციალობებია ტრენდული, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებაზეა დაფუძნებული. ადამიანები კი, განსაკუთრებით სტუდენტები, ძნელად თუ წარმოიდგენენ, რომ მეცნიერის ყოველდღიურობაც სწორედ ასეთია: თუკი აზროვნებ, სვამ კითხვებს და ეძებ მათზე პასუხებს, რაღაცის გაკეთება შეგიძლია, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება მზადაა, მიგიღოს“, გვიყვება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სესილი გოგიბერიძე. „მით უმეტეს, ინტერნეტისა და ტექნოლოგიების ეპოქამ ეს საქმიანობა სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანა“, აღნიშნავს ის.

სამეცნიერო საქმიანობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო პროდუქტის შექმნაზეა ორიენტირებული. კვლევები, კონფერენციები, ფორუმები, მრგვალი მაგიდები, შრომები – სწორედ ამ მიმართულებით ხორციელდება.

ბოლო რამდენიმე წელია, უნივერსიტეტში ამ მხრივ საქმიანობა კიდევ უფრო გააქტიურდა. პარალელურად გაზრდილია დაფინანსებაც სამეცნიერო მიმართულებით, რაც კსუ-ს საერთო ბიუჯეტის 7%-ს შეადგენს.

უნივერსიტეტს ორი ტიპის საგრანტო დაფინანსება გააჩნია სამეცნიერო კვლევებისთვის: „მცირე გრანტები“, რომელიც თითოეული პროექტისთვის დაახლოებით 5000 ლარის ოდენობისაა და „გრანტები ფუნტამენტური კვლევებისთვის“. ამ შემთხვევაში გრანტის ოდენობა 20-25 000 ლარს შეადგენს. ორივე შემთხვევაში, კონკურსების გამარჯვებულებს მოეთხოვებათ, სტატიები საერთაშორისო ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში გამოაქვეყნონ.

გარდა ამისა, უნივერსიტეტი აგრეთვე თანადაფინანსებასაც ახორციელებს. კსუ-ს სამეცნიერო პერსონალი, დოქტორანტები თუ მაგისტრანტები ხშირად იღებენ მონაწილეობას სამეცნიერო კონკურსებში. ძირითადად, ეს არის რუსთაველის სამეცნიერო ფონდის კონკურსები, რომელში გამარჯვების შემთხვევაშიც, ისინი უნივერსიტეტისგანაც იღებენ თანადაფინანსებას. ეს შეიძლება იყოს არამხოლოდ კვლევითი პროექტი, არამედ – კონფერენციაც ან სამეცნიერო მივლინება.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ან თანადაფინანსებული სამეცნიერო პროექტების შინაარსობრივი არეალი საკმაოდ ფართოა. უნივერსიტეტში უამრავი საინტერესო პროექტი განხორციელდა.

მათგან აღსანიშნავია ჩატარებული 3 მასშტაბური კონფერენცია: „ქართული ღვინო და ვაზი, ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები“, „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგიის მე-2 საერთაშორისო სკოლა/კონფერენცია“; საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სიმსივნის იმუნოთერაპია და იმუნომონიტორინგი”.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში გაიხსნა „სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოპრეპარატების სინთეზის და კვლევის ცენტრი“, სადაც პროფესორები თენგიზ წივწივაძე და ნოდარ ჩიგოგიძე აწარმოებენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

როგორ უნდა ჩაერთო სამეცნიერო საქმიანობაში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეს გზა ფაქტობრივად გაკვალულია. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გრანტის გაცემისას არის ის, რომ კვლევაში აუცილებლად უნდა იყონ ჩართული სტუდენტებიც.

„შემდეგ უკვე მკვლევარსა და პროექტის ხელმძღვანელზეა დამოკიდებული, როგორ და რა ფორმით იქნებიან ჩართული სტუდენტები სამეცნიერო პროექტში. ეს შეიძლება იყოს ინფორმაციის მოგროვება, ან  მისი დამუშავება, ანალიზი“, გვიყვება ქალბატონი სესილი. „ამ პროცესში, ჩვენთვის, სამეცნიერო დეპარტამენტისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ახალი თაობა აქტიურად ჩაერთოს სამეცნიერო საქმიანობაში; ხელმძღვანელზე ბევრი რამეა დამოკიდებული: როგორ აანთებს, როგორ დამუხტავს სტუდენტს ამ სფეროში ჩასართველად“, აღნიშნავს ქალბატონი სესილი.

სამეცნიერო საქმიანობას სტუდენტები უნივერსიტეტში მოხვედრისთანავე იწყებენ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამას ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციით უზრუნველყოფს, რომელიც წელს უკვე მერვედ ჩატარდა.

ასევე, გარდა საგრანტო კონკურსებისა, უნივერსიტეტმა პრესტიჟული პრემია „თამარი“ დააწესა. პრემია ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა პირველი და მეორე ადგილები, მესამე კი – ახალგაზრდა მეცნიერის კატეგორიაში. პირველმა კონკურსისთვის რომელიც 2017 წელს ჩატარდა, განვლილი 5 წლის სამეცნიერო საქმიანობა შეჯამდა, ხოლო მეორე კონკურსისთვის 2020 წლის დასაწყისში, ორწლიანი საქმიანობა.

ცოდნას, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ახალი თაობები ამდიდრებენ. სამეცნიერო ჟურნალები, გამოცემები, მონოგრაფიები, კვლევები თუ სტატიები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალებში დაიბეჭდა – ხელმისაწვდომია, როგორც მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის.

სამეცნიერო საზოგადოების 2020

კითხვაზე, რამდენად შეაფერხა 2020 წლის საყოველთაო პანდემიამ სამეცნიერო საქმიანობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქალბატონი სესილი გოგიბერიძე არაერთგვაროვნად პასუხობს – პირველ რიგში, უნივერსიტეტს, ცხადია, მოუხდა იმ პროექტების დაკორექტირება ან შეჩერება, რომელიც სამეცნიერო მივლინებებსაც ითვალისწინებდა. თუმცა მეორე მხრივ, პანდემიამ და ამის გამო ონლაინში გადასულმა სამუშაოების დიდმა ნაწილმა აბსოლუტურად სხვა გზები გაუხსნა ქართველ მეცნიერებს.

„ჩვენ ისეთ ფორუმებსა თუ კონფერენციებსაც დავესწარით დისტანციურად, რასაც სხვა დროს ვერ მოვახერხებდით ფინანსების თუ სხვა მიზეზების გამო. ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს, ყველაფერი სახლიდან, „ზუმის“ მეშვეობით ტარდებოდა“, იხსენებს ქალბატონი სესილი.

მიუხედავად შეწყვეტილი მივლინებებისა თუ სხვადასხვა საინტერესო პროექტების შეჩერებისა, 2020 წელი პუბლიკაციების თვალსაზრისით, მაინც საკმაოდ წარმატებული გამოდგა. სოფიო კასრაძე, გიორგი ლომიძე, დავით მაღრაძე, ვახტანგ მაისაია, ბექა ქანთარია, შორენა ქურდაძე, ალექსანდრე რუსეცკი, ოლღა დოროჰინა, ნინო ბარათაშვილი, ნინო მინდიაშვილი, თეა კასრაძე და სხვანი – ეს ის მეცნიერები არიან, რომლებმაც სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალებში თავიანთი პუბლიკაციები გამოაქვეყნეს.

უნივერსიტეტი 2021 წელს გეგმებითა და დაკორექტირებული, თუმცა კვლავაც აქტუალური პროექტებით აგრძელებს. ქართველი მეცნიერები საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან ერთად ცდილობენ უპასუხონ იმ კითხვებს, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის საინტერესოა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი