მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ დავეხმაროთ ადამიანს საკვებით მოწამვლის დროს – ექიმის რჩევები

11.05.2021 • 50084
როგორ დავეხმაროთ ადამიანს საკვებით მოწამვლის დროს – ექიმის რჩევები

ზაფხულის მოახლოებასა და ტემპერატურის მატებასთან ერთად მატულობს საკვებითა და წყლით ინტოქსიკაციის შემთხვევები.

რა სიმპტომებით ამოიცნობა საკვებით მოწამვლა და როგორ მოვიქცეთ ამ დროს? – „ბათუმელების“ კითხვებს პირველადი გადაუდებელი დახმარების სპეციალისტი, ექიმი ტოქსიკოლოგი ვოვა მგელაძე პასუხობს.

  • ბატონო ვოვა, როგორ უნდა ამოვიცნოთ საკვებით მოწამვლა?

საკვებით ინტოქსიკაციის ამოცნობა  ძირითადად ანამნეზის შეკრებით ხდება. კერძოდ, საკვების მიღებიდან მალევე,  მსუბუქ შემთხვევაში, ვითარდება გულისრევა და თავბრუსხვევა, მძიმე შემთხვევაში – ღებინება, მუცლის ტკივილი და ა.შ.

სიმპტომები შესაძლოა საკვების მიღებიდან დაახლოებით ნახევარ საათში განვითარდეს.  მოგეხსენებათ, საკვების შეწოვა ძირითადად იწყება კუჭში, ამიტომაც გააჩნია მიღებული საკვებიდან კუჭში მოხვედრილი ტოქსინის რაოდენობას და ტოქსინის სახეს.

თუ კუჭში მოხვედრილი ტოქსინის რაოდენობა ძლიერია/მაღალია, შეიძლება საკვების კუჭში მოხვედრიდან 15 წუთშიც კი განვითარდეს ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები: ღებინება, თავბრუსხვევა, გულისრევა, ფეხზე დგომის გაძნელება და ზოგადი საერთო სისუსტე – მთავარი სიმპტომი. ამ დროს ადამიანს აწუხებს გულისრევის მუდმივი შეგრძნება, რომელიც არ იხსნება არანაირი მედიკამენტით.

  • რამდენად შესაძლებელია საკვებისგან მოწამვლით განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია?

ანაფილქსიური მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს, როცა ჰიპერმგრძნობიარეა ადამიანი, ალერგიული ჰიპერსენსიტიურობაჰქვია ამას. გააჩნია მდგომარეობას, მაგალითად თაფლით ინტოქსიკაციის დროს, თუ რამდენიმე სახის მცენარეა შემადგენლობაში, რომელიც შეიცავს სპეციფიკურ ალკალოიდებს,  ამ დროს შეიძლება განვითარდეს ბრადიკარდია ანუ გულის ცემის შენელება გულის გაჩერებამდეც კი, ამას ანაფილაქსიური მდგომარეობა ჰქვია. გააჩნია ალკალოიდს, რომლისგანაც წარმოშობილია ეს თაფლი.

  • რა ტიპის საკვებია განსაკუთრებით საყურადღებო მოწამვლის მხრივ?

ძირითადად მოსარიდებელია მალფუჭებადი პროდუქტები და კერძები: არაჟნიანი, ასევე მაიონეზის შემცველი პროდუქტები. საკვები, რომელიც მოითხოვს  შენახვის სპეციფიკურ პირობებს, მაგალითად, +4 გრადუსამდე ტემპერატურას. ასეთი საკვები აუცილებლად უნდა იყოს ახალი.

აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება პროდუქტების რეცხვას. ზაფხულში ნივთიერებათა ცვლა მომატებულია, ძირითადად ხილ-ბოსტნეულსა და ბაღჩეულს მივირთმევთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს პროდუქტი გაირეცხოს ძალიან კარგად, რადგან არსებობს რისკი პროდუქტზე მოხვდეს ის ბაქტერიული ტოქსინები, რომლებიც, მაგალითად, არის მიწაში, შესაწამლ საშუალებებში (იგივე აზოტოვანი თუ სხვა სასუქები).

რძის პროდუქტებიც უნდა იყოს ყოველთვის ახალი. ასევე, მაიონეზიანი სალათის მომზადების დროს მალევე უნდა მოხდეს მისი ათვისება (მირთმევა), რადგან შენახვის პირობების მკაცრი დაცვაც კი არ არის ზოგჯერ გამოსავალი.

  • პირველადი დახმარება როგორია საკვებით მოწამვლის დროს?

მსუბუქ შემთხვევებში უნდა მოხდეს კუჭის ამორეცხვა და მძიმე შემთხვევებში სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება.

მსუბუქი შემთხვევებისას უნდა მოხდეს აუცილებლად გამაღიზიანებელი ხსნარებით კუჭის შიგთავსის დაცლა, ანუ კუჭის ამორეცხვა. ეს არის პირველადად მთავარი ქმედება, რომელიც სახლშიც შეიძლება ჩაიტაროს პაციენტმა და გარეთაც – სანამ სასწრაფო მოვა. გამაღიზიანებელი ხსნარი შესაძლოა იყოს უბრალოდ თბილი წყალი ან სოდანარევი წყალი. თბილი ასეთ დროს იწვევს ღებინების ცენტრისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებას, ამის შემდეგ რეფლექტორულად წარმოიშობა ღებინების რეფლექსი.

თუ ადამიანი უგონოდაა და განვითარდა მოწამვლა, ამ დროს ექიმის მოსვლამდე არაფერი კეთდება, რადგან კუჭის ამორეცხვასაც კი ამ დროს შეიძლება მოჰყვეს ფატალური შედეგი, ე.წ. ასპირაციის სახით, კუჭზე ნაღებინები მასები შესაძლოა გადავიდეს ტრაქეაში და შესაბამისად ფილტვებში.

თუ უგონო მდგომარეობა აღენიშნება ადამიანს, ასპირაციის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია თავი გადავუწიოთ გვერდზე და საჭიროა სასუნთქი გზების გახსნა, იგულისხმება ყბის წინ წამოწევა და არავითარ შემთხვევაში რაიმე სხვა სახის ზედმეტი ძალისხმევა, უბრალოდ ყბა უნდა წამოვწიოთ წინ ისე, რომ არ დავაზიანოთ კბილები.

არის შემთხვევები, როცა ტოქსინის ნაწილი კუჭიდან გადასულია თორმეტგოჯა და თეძოს ნაწლავებში, აქედან გამომდინარე კუჭის ამორეცხვა ტოქსინების რაღაც ნაწილისგან, რა თქმა უნდა, გაათავისუფლებს ორგანიზმს, მაგრამ ამ დროს ნაწლავების ამორეცხვა არ ხდება, შესაბამისად ამორეცხვის შემდეგ შესაძლოა კარგად იგრძნოს თავი ადამიანმა, მაგრამ მალევე დაეწყოს იგივე მოვლენები. ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

ამ შემთხვევაში ინიშნება დეზინტოქსიკაციური ინფუზიური მკურნალობა (გადასხმა), ზოგჯერ ხდება დიარეის ხელოვნური გამოწვევა, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს სტაციონარში. მძიმე შემთხვევებში ვიწვევთ დიარეას, რომ ადამიანი გათავისუფლდეს ტოქსინებისგან, შემდეგ კი  ვავსებთ ორგანიზმში დიარეის დროს დაკარგულ ნივთიერებებს.

მოწამვლისას ძირითადად გამოიყენება ინფუზიური თერაპია, რომელიც 50-იანი წლებიდან არის მოწოდებული და ძალიან კარგად მუშაობს. ასევე ხდება ზოგადი, პირველადი გადაუდებელი დახმარება, რომელიც გულისხმობს პაციენტის მონიტორინგს.

  •  მსუბუქი შემთხვევის დროს როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს რეაბილიტაციაში სახლის პირობებში?

თუ ადამიანს არ აქვს ქრონიკული დაავადებები, ისეთი, როგორიცაა, მაგალითად, თირკმლის უკმარისობა ან გულის უკმარისობა, ასევე ჰიპერტენზია, როცა სითხით დატვირთვა შეზღუდულია,  მაშინ მოწამლულ ადამიანს შეუძლია მიიღოს სითხე, ასევე აბსორბენტული [შემწოვი] საშუალებები, ესენია: ნახშირი, ენტეროსგელი, რაც ბოჭავს დარჩენილ ტოქსინს ნაწლავებში. ასეთი ქრონიკული ასეთი დაავადებების მქონე ადამიანებმა, თუნდაც ინტოქსიკაციის დროს,  ზედმეტი სითხის მიღებისგან უნდა შეიკავონ თავი და პირდაპირ მიმართონ ექიმს.

თუ ადამიანი ნორმალურად გამოყოფს მიღებულ სითხეს და არ აღენიშნება ამ მხრივ რაიმე გართულებები, სითხით დატვირთვა ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, ასევე რეკომენდებულია დიეტა –  ცხარე, მჟავე და შემწვარი საკვების გამორიცხვა და მოხარშულის მიღება.

_______________________

საკვებით მოწამვლა ხშირად გადადის 48 საათში, იმისთვის, რომ თავს დაეხმაროთ გამოჯანმრთელებაში, MayoClinic გირჩევთ:

  • დაასვენეთ მუცელი. შეწყვიტეთ საკვებისა და სითხის მიღება რამდენიმე საათის განმავლობაში.
  • სცადეთ სითხის მიღება პატარა ყლუპებით ან ყინულის პატარა ნატეხით. ასევე შეგიძლიათ სცადოთ მინერალური წყალი.
  • თუ გაქვთ დეჰიდატრაციის სიმპტომები ან დიარეა, შეგიძლიათ მიიღოთ რეჰიდრატაციის ორალური საშუალებები (თუ თქვენი ნორმალურად შარდავთ და შარდი არ არის მუქი ფერის, ესეიგი საკმარის სითხეს ღებულობთ).
  • დაიწყეთ კვება რბილი, არაცხიმიანი, მარტივად გადასამუშავებელი საკვებით, როგორიცაა ტოსტი, ბანანი და ბრინჯი. შეწყვიტეთ ჭამა, თუ ღებინების შეგრძნება დაგიბრუნდათ.
  • მოერიდეთ კონკრეტულ საკვებსა და ნივთიერებებს, მანამ სანამ თავს უკეთესად იგრძნობთ. ეს არის რძის პროდუქტები, კოფეინი, ალკოჰოლი, ნიკოტინი, ცხიმიანი ან ძლიერად შეკმაზული კერძები.
  • დაისვენეთ, რადგან ავადმყოფობამ და გაუწყლოებამ შეიძლება დაგასუსტოთ და დაგღალოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: