ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მერია ბათუმისთვის 40 ახალი ავტობუსის შესაძენად ფასს ადგენს

12.05.2021 • 2173
მერია ბათუმისთვის 40 ახალი ავტობუსის შესაძენად ფასს ადგენს

ბათუმის მერია 40 ახალი საქალაქო ავტობუსის შესაძენად ფასებს აზუსტებს. ავტობუსები უნდა იყოს სიგრძით 10 მეტრი [16 ცალი] და 8,5 მეტრი [24 ცალი], დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავით – არანაკლებ Euro 5 და Euro 6 ემისიის სტანდარტის შესაბამისი.

ავტობუსები უნდა იყოს ადაპტირებული, ამასთან, არანაკლებ 60 მგზავრზე გათვლილი. საქალაქო ავტობუსების შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევა „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ გამოაცხადა.

დაინტერესებული პირებისგან კომერციულ წინადადებებს „ავტოტრანსპორტი“ 2021 წლის 18 მაისამდე პერიოდში მიიღებს. ღირებულების წარდგენა დასაშვებია ლარში. ფასების დადგენის შემდეგ კი, ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება.

ავტობუსების მიწოდების საორიენტაცია პერიოდი 4 თვე იქნება. რაც შეეხება თანხის გადახდის პირობას, ბაზრის კვლევის მიხედვით, მიმწოდებელს პირველ ეტაპზე, ავტობუსების მიღებიდან 10 დღეში გადაუხდიან ღირებულების 10 პროცენტს, დანარჩენ 90 პროცენტს კი ოთხ ეტაპად: 2022  წლის 1-ელ ივლისამდე – 22,5 %; 2022 წლის 31 დეკემბრამდე – 22,5%; 2023 წლის 1-ელ ივლისამდე  – 22,5 %  და 2023 წლის 31 დეკემბრამდე – 22,5%.

2021 წლის ბათუმის მერიის ბიუჯეტში ავტობუსების შესაძენად თანხა გათვალისწინებული არ არის. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ფასების დაზუსტების შემდეგ, ავტობუსების შესყიდვას დააფინანსებს როგორც მერია [ქალაქის ბიუჯეტიდან], ასევე „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, საკუთარი შემოსავლებიდან.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: