მეამა არის კომპანია, რომელიც მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებელზე და ცდილობს საკუთარი პროდუქცია, სერვისი და მომსახურება შეთავაზოს მათ ყველგან, სადაც ისინი არიან.
სპეციალურად ზაფხულისთვის და სანაპიროსთვის შექმნილი, განსხვავებული კონცეფციის – მეამაქოლექთიზღვაზე უკვე გაიხსნა, სადაც მომხმარებლები ამ ობიექტებისთვის შექმნილი ყავისა და ჩაის, როგორც ახალ, ასევე უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობ სხვადასხვა უნიკალური გემოს კოქტეილებს და მეამას ყავას დააგემოვნებენ.
მეამა ქოლექთი ზღვაზე
მეამაქოლექთიზღვაზე, ვიზუალურად ძალიან განსხვავდება უკვე არსებული ობიექტებისგან და იქ განსაკუთრებული გემოებისა და ემოციების მოყვარულებს, შესაძლებლობა აქვთ ბართან დააგემოვნონ უნიკალური გემოს ცივი სასმელები და თავისუფალი დრო განსაკუთრებულ გარემოში გაატარონ.
მეამა ქოლექთის სანაპირო ობიექტები განთავსებულია სანაპიროზე: 26 მაისის ქუჩის მოპირდაპირედ (შერატონთან) და შ.ხიმშიაშვილის N18-ის მოპირდაპირედ (კოლიზეუმთან).
მეამას ახალი ობიექტების არქიტექტურა და დიზაინი, როგორც ყოველთვის არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის.
ბათუმში მეამა სრული კონცეფციით არის წარმოდგენილი, სანაპიროს ორი ობიექტის გარდა ქალაქში მეამას ბრენდული სივრცე და მეამა ქოლექთის 4 ფილიალია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პორტებში ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის (PCS) დანერგვისათვის ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების კვლევას იწყებს.
PCS – ი არის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ნავსადგურის მართვის სხვადასხვა სისტემას პროფილურ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფი გაცვლის მიზნით. პროექტის განხორციელება გააუმჯობესებს ნავსადგურებისა და ლოგისტიკური პროცესების მართვას და ავტომატიზაციას, აგრეთვე ხელს შეუწყობს უწყებათაშორისი კოორდინაციას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ მოთხოვნებსა და ბიუროკრატიას.
კვლევა შეისწავლის ასოცირებულ რეგიონულ სისტემებთან აღნიშნული ელექტრონული პლატფორმის ინტეგრირების შესაძლებლობებსაც, მაგალითად, შავი ზღვისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან და ევროკავშირის სისტემებთან.
ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის (PCS) დანერგვის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევას ესტონურ – გერმანული კონსორციუმი განახორციელებს, რომელმაც საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა. კონტრაქტორი კომპანია 10 თვის ვადაში ჩაატარებს როგორც უშუალოდ კვლევას, ასევე მოამზადებს და საქართველოს მხარეს გადმოსცემს სტრატეგიასა და სახელმძღვანელო პრინციპებს საქართველოში PCS-ის შემუშავების, განხორციელების და მართვის შესახებ.
საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის ზრდისთვის მნიშვნელოვანია პორტებში სახელმწიფო სერვისების გაციფროვნება და ერთ ონლაინ-პლატფორმაზე – „ერთი ფანჯრის პრინციპით“ (MSW) გაერთიანება. საქართველოში აშშ-ს საელჩოს და EXBS პროგრამის დაფინანასებით საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უკვე განახორციელა „ერთი ფანჯრის პრინციპის“ პროექტის ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების კვლევა. აღნიშნული პროექტი დანერგვის ეტაპზე 2021 წლის სექტემბერში გადავა.
საზღვაო სატრანსპორტო ჯაჭვის გაციფროვნებისა და გლობალურ მიწოდების ჯაჭვში სრულად ინტეგრირებისათვის ქართული ნავსადგურების MSW სისტემა უნდა დაუკავშირდეს ნავსადგურების გაერთიანებულ სისტემას (PCS). სწორედ აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის საქართველომ, საინვესტიციო საბჭოს დახმარებით მიიღო EBRD-ს ფინანსური მხარდაჭერა. აღნიშნული გააუმჯობესებს
საქართველოს პორტების ეფექტიანობას, მკეთრად შეამცირებს შეფერხებებს პორტებში, გაამარტივებს დოკუმენტაციასთან მუშაობის პროცესს და არსებითად გაზრდის ტვირთბრუნვას. პროექტი ასევე დაეხმარება საქართველოს, შეამციროს საზღვაო ტრანსპორტის ნეგატიური ზემოქმედება გარემოზე და ხელს შეუწყობს საქართველოს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესს. ყოველივე გაზრდის საქართველოს მისწრაფებას გახდეს რეგიონული ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, პრიორიტეტული ჯგუფებიდან, რომლებიც მოიცავს ექიმებს, ექთნებს, სხვა მედპერსონალს, სკოლის პერსონალს, შს სამინისტროს პერსონალს, თავდაცვის სამინისტროსა და პენიტენციურ სისტემას, ყველაზე ცოტა ადამიანი Covid 19-ის ვაქცინით სკოლის პერსონალიდან აიცრა, ასეთი სულ 572 ადამიანია.
NCDC-ს 18 ივლისის მონაცემებით, მასწავლებლებს შორის სრულად ვაქცინირებულია 192.
მასწავლებლები ხშირად მონაწილეობენ ანტივაქსერულ კამპანიაში, რომელიც სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს.
15 მარტიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოში სულ 289 399 აცრა ჩატარდა, მათგან სრულად აცრილია 113 895 ადამიანი.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, აცრას ყველაზე აქტიურად ახალგაზრდები იკეთებენ – აცრილების თითქმის ნახევარი მოდის 18-49 წლის ასაკის ადამიანებზე.
ავტორი: დალი ცქიტიშვილი, ილიაუნის იურიდიული სამსახურის უფროსი
ჩემს ბავშვობაში სოფელში გვყავდა ერთი კეთილი ჟუჟუ, რომლის სახლშიც იდგა პატარა, წიგნებით სავსე კარადა. ეს კარადა ყველა ოჯახში იყო „ნამყოფი“ და იმ ბნელ 90-იანებში რიგშიც კი იდგნენ მეზობლები – ვის, როდის, რომელი წიგნი უნდა წაეკითხა!
ბავშვებისთვის ამ კარადაში ცოტა რამ თუ მოიძებნებოდა, მაგრამ მაინც გვიყვარდა ის კარადა! ამ პერიოდის შემდეგ გავიდა ბევრი დრო და ვნახეთ უფრო დიდი, საინტერესო და მრავალფეროვანი ბიბლიოთეკები. თუმცა ის მაინც მეხსიერებაში ჩარჩა, როგორც ყველაზე საუკეთესო! რაც მაშინ გვაკლდა ბავშვებს და არ იყო იმ პატარა კარადაში, ვერც სკოლის ბიბლიოთეკამ ვერ შეგვივსო. ეს დანაკლისი ზრდასრულ ასაკშიც კი გვახსენებს თავს!
როდესაც ჩემმა მეგობრებმა მომიწვიეს პროექტში – „მოგზაური ბიბლიოთეკა“ ჩემი ბავშვობა გამახსენდა. არ მინდა, რომ ეს დანაკლისი ჩვენს ბავშვებს 21-ე საუკუნეშიც ჰქონდეთ!
იმისთვის, რომ ბავშვები იყვნენ ბედნიერები, სკოლის ბიბლიოთეკაში ბევრი წიგნი ჰქონდეთ და მათი ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისაკენ მე ვუჭერ მხარს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ არაჩვეულებრივ წამოწყებას – აჭარის მთის 65 სოფლის/სკოლის ბიბლიოთეკებისთვის წიგნების მიწოდების ინიციატივას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე ერთი დოზით უკვე აიცრა 289 399 ადამიანი, მათ შორის აჭარაში აცრილია 23 258 ადამიანი. ოფიციალური მონაცემების თანახმად, რეგიონებს შორის აჭარაში ყველაზე მეტი ადამიანი აიცრა და მეორე ადგილზეა.
ყველაზე მეტი აცრა კი თბილისში ჩატარდა – ერთი დოზით უკვე აიცრა 132 685 ადამიანი, ხოლო 83 903 – ორივე დოზით.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, მესამე ადგილზე იმერეთის რეგიონია [18 175 აცრილი]. ბოლო ადგილზეა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 1942 აცრილით. ზოგადი სურათი კი ასეთია: ქვეყნის რეგიონებში აცრის პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, აცრას ყველაზე აქტიურად ახალგაზრდები იკეთებენ – აცრილების თითქმის ნახევარი მოდის 18-49 წლის ასაკის ადამიანებზე.
რაც შეეხება ვაქცინებს – ქვეყანაში სინოფარმით აიცრა ყველაზე მეტი -100 632 ადამიანი. მას მოსდევს ასტრაზენეკა [58 564], სინოვაკი [46 358] და ფაიზერი [19 707].
შრომის ინსპექციამ სამუშაო ადგილებზე კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრება აკრძალა.
მსგავსი პრაქტიკა საქართველოში გავრცელებულია. მაგალითად, სუპერმარკეტებში კონსულტანტებს შეიძლება მოსთხოვონ ზარალის ანაზღაურება მაშინაც კი, თუ არ არის დადასტურებული, რომ ზარალი კონკრეტული კონსულტანტის ან კონსულტანტების მიზეზით არის გამოწვეული.
ცვლილების მიხედვით, დამსაქმებელი დასაქმებულს, მისი უშუალო ბრალეულობის დადგენის გარეშე, სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ვეღარ მოსთხოვს.
შრომის ინსპექციის ცნობით, ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ შემთხვევებში, სხვადასხვა ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესში არსებული ჩანაწერების მიხედვით, ყველა დასაქმებული დამსაქმებლისათვის მიყენებულ ზიანზე კოლექტიურ პასუხისმგებლობას იღებდა.
„დასაქმებული ვალდებული იყო აენაზღაურებინა დანაკლისი იმ შემთხვევაშიც, როდესაც ვერ დგინდებოდა პროდუქციის თუ თანხის დანაკლისის მიზეზი. ასევე, დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო ერთ-ერთი დასაქმებულის მხრიდან არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გამო პასუხისმგებლობა გაევრცელებინა სხვა დასაქმებულებზეც.
სხვადასხვა შემთხვევაში, დასაქმებულს კაბალური პირობების დაკმაყოფილება და პასუხისმგებლობის კერძო საკუთრებით – უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფაც უხდებოდა.
ზემოთ ჩამოთვლილთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის სამსახურმა დაასკვნა, რომ იმ შემთხვევაში, როცა კომპანიის მიერ არ არის ცნობილი ზიანის მიმყენებელი კონკრეტული დასაქმებულის ვინაობა, მატერიალური პასუხისმგებლობის კოლექტიურად გადანაწილება სცდება კანონით დადგენილ დასაქმებულთა პასუხისმგებლობის შრომის კოდექსით დადგენილ ფარგლებს.
კომპანიაში მოქმედი „კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ“ ხელშეკრულებები მკვეთრად აუარესებს დასაქმებულთა მდგომარეობას და ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კანონმდებლობას. შესაბამისად, კომპანია ვალდებულია თანამშრომელთა პასუხისმგებლობის სახეები განსაზღვროს ინდივიდუალურად“ – წერს შრომის ინსპექცია.
უფლებების დარღვევის შემთხვევაში, დასაქმებულმა უნდა მიმართოს შრომის ინსპექციის სამსახურს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: infolio@moh.gov.ge ან დარეკოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15-05
თურქეთში, რიზეში, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე გადმოვიდა კალაპოტიდან და გზები და ქალაქის მიმდებარედ არსებული სახნავ-სათესი მინდვრები დატბორა.
რიზეს პროვინციაში რამდენიმე ქალაქი დაიტბორა.
ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მეტეოროლოგების ცნობით, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში წვიმიანი ამინდი გაგრძელდება. თურქი მეტეოროლოგების ინფორმაციით, ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი ტრაბზონის მახლობლად, რიზესა და ართვინში.
კადრი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოებიდანკადრი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოებიდან
საქარველოს პარლამენტის ქალმა წევრებმა 18 ივლისს პარლამენტში პარლამენტარი ქალების მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართეს.
ერთ-ერთი მათგანი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ ფეხქვეშ ითელება ყველა რეფორმა, რაც პარლამენტმა მიიღო ქალთა უფლებების დასაცავად:
„მივმართავთ კახა კუჭავას, მიიღოს სათანადო ზომები პარლამენტის იმ წევრების დასასჯელად, ვინც ფიზიკურად გამოიყენა ძალა ქალი პარლამენტარების მიმართ, რადგან მსგავსი ქმედება ფეხქვეშ თელავს ყველა იმ რეფორმას ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომელიც პარლამენტს მიუღია.
18 ივლისს კაცებმა პარლამენტში გვითხრეს, რომ თუ ქალი პარლამენტარის საუბარი, მისი გამოხატვის მანერა არ მოსწონთ, შეუძლიათ ხელით ფიზიკურად გააჩერონ ის. ამიტომ ბატონო კახა, გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი პოზიცია და იმოქმედოთ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში იმისთვის, რომ პასუხი გავცეთ მოძალადე პარლამენტის წევრ კაცებს“.
18 ივლისს პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თავისი ქალი კოლეგა ძალის გამოყენებით შეაჩერა. მან ქალი დეპუტატი თინა ბოკუჩავა ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა ტრიბუნიდან.
18 ივლისს ქალ დეპუტატებზე სხვა სახის ძალადობებიც განახორციელეს მმართველი პარტიის კაცმა დეპუტატებმა. ამ და შემდეგ დღეებში მმართველი პარტიის როგორც ქალმა, ისე კაცმა დეპუტატებმა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებზე ძალადობა გაამართლეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 22 ივლისის 21 საათიდან 23 ივლისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა, ღამით – ზოგან ძლიერი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15, ზოგან 17-22 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 23 – 28 გრადუსი
ღამით: 18 – 23 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 24 ივლისს ზოგან ელვა-ჭექა და წვიმა იქნება, მომდევნო 2 დღეს კი, 25-26 ივლისს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
ბათუმში 57 წლის კაცი მოკლეს, ის ბათუმის ბულვარში, კაფე „ვივა ლათინოს“ დაცვის თანამშრომელი იყო. შემთხვევა გუშინ ღამით, „ვივა ლათინოსთან“ მოხდა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, 57 წლის კაცი დანით მოკლეს. თავდაპირველად კონფლიქტი დაიწყო კლუბში, სწორედ ამიტომ გაიყვანეს გარეთ 25 წლის ბიჭი. მანამდე მას კაფეში მყოფ ერთ-ერთ პირთან სიტყვიერი შელაპარაკება ჰქონდა.
კაფედან გაყვანის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა გულის არეში დაჭრა დანით დაცვის თანამშრომელი.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო კორონავირუსით გარდაიცვალა 18 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 410 ადამიანი.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 952 კვლევა PCR ტესტით, 20 704 კვლევა კი – ანტიგენის ტესტით.
21 ივლისს საქართველოში სხვადასხვა ვაქცინით 8 659 ადამიანი აიცრა.
დაახლოებით ერთი თვის წინ ბათუმის მერიამ „საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერისთვის გათვალისწინებულ თანხას ბიუჯეტში 55 000 ლარი დაამატა. ჯამში პროგრამის ბიუჯეტი 210 000 ლარია. წინასწარი ინფორმაციით, წელს ბათუმში მინიმუმ რვა საერთაშორისო ფესტივალი უნდა გაიმართოს, 5 ფესტივალი აგვისტო-სექტემბერში ჩატარდეს.
მერიაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ საერთაშორისო ფესტივალების დაგეგმვა-ჩატარებასთან დაკავშირებული მთავარი სამუშაო უკვე დაასრულა. წარდგენილი განაცხადებიდან შეარჩიეს რვა პროექტი, რომელთა დამტკიცებაზეც მერს რეკომენდაცია მისცეს.
ეს ფესტივალებია:
გია ყანჩელის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი
„ღამის სერენადები“
ბათუმის მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალი
ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა საერთაშორისო ფესტივალი ,,ნანი’’
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი – BIAFF
ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“
გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის მე-14 საერთაშორისო ფესტივალი.
ბათუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სტუდენტური ფესტივალი lemON 23- 27 ნოემბერი.
პარალელურად მთავრობა სულ უფრო და უფრო ხშირად იმეორებს, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მძიმდება.
დღევანდელი, 21 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 26 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. 20 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.03% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.53%-ია.
ამის გათვალისწინებით საინტერესოა, როგორ აპირებს ბათუმის მერია დაგეგმილი საერთაშორისო და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარებას, დისტანციის უზრუნველყოფასა და ყველა იმ რეკომენდაციის დაცვას, რაზეც სპეციალისტები ბოლო პერიოდში თითქმის ყოველდღე მოგვიწოდებენ.
კითხვები ვირუსის გავრცელების პრევენციაზე აქტუალურია მით უმეტეს მაშინ, როცა ფესტივალები, რომლებზეც ბიუჯეტიდან ფული იხარჯება, რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული პირისთვის უნდა იყოს მისაწვდომი.
ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის, მერაბ ქიძინიძის ინფორმაციით, შერჩეული ფესტივალების ჩამონათვალი მერის მოვალეობის შემსრულებელს ჯერ არ დაუმტკიცებია.
ის არ გამორიცხავს, რომ თუ ეპიდვითარების გამწვავების ფონზე რეგულაციები გამკაცრდება, მერის მოვალეობის შემსრულებელმა საერთოდ არ დაამტკიცოს დაგეგმილი ფესტივალები. დოკუმენტის დამტკიცების თარიღიდან კი, მერია იტოვებს გარკვეულ ვადას ხელშეკრულებების გაფორმებამდე. ასევე მექანიზმს, რომ ვითარების დამძიმების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეაჩეროს ღონისძიება.
როგორც მერაბ ქიძინიძემ განგვიმარტა, შესაბამისი ღონიძიებების გატარება მერიამ ისევ ფესტივალის ორგანიზატორებს დააკისრა. „მათ წარმოგვიდგინეს ასევე პრევენციის ღონისძიებების გეგმა“, – აღნიშნა მერაბ ქიძინიძემ.
ამ გეგმებში ძირითადად სანიტაიზერის, პირბადის გამოყენების, დისტანციის დაცვის და სხვა მსგავსი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფაზეა საუბარი.
მერაბ ქიძინიძის თქმით, PCR ტესტზე მოთხოვნა გათვალისწინებული არ ყოფილა, თუმცა შესაძლოა დაემატოს.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ გააკონტროლებს თავად ფესტივალის ორგანიზატორებს, რამდენად შეასრულებენ ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებულ ნაკისრ ვალდებულებებს, მერიაში გვითხრეს, რომ ამას მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის თანამშრომლები უზრუნველყოფენ: „ფესტივალების მიმდინარეობისას, სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა თანამშრომელი იქნება მიმაგრებული“. საჭიროების შემთხვევაში მერია უფრო მეტ თანამშრომელსაც ჩართავს ამ პროცესში.
„ლედიკ, მოდი აქ“ – ეძახის მხატვარი ირმა ტრაპაიძე თავის ერთ-ერთ ძაღლს, იმის შიშით, რომ ადგილის უქონლობის გამო ერთმანეთზე მიწყობილ, კარადებზე შემოდებულ თუ თაროებზე ჩამომწკრივებულ ნახატებს ძაღლი უნებურად დააზიანებს.
ირმა ადრე ძველ ბათუმში ცხოვრობდა, გარკვეული დრო ნაქირავებ ბინაშიც გაატარა, თუმცა თანხის გადახდა ვეღარ მოახერხა და ქუჩაში დარჩა. ბოლოს, სახელმწიფოს დახმარებით აღმოჩნდა პატარა ოთახში 2 ძაღლთან და თავის ნამუშევრებთან ერთად. სივიწროვის გამო ირმას ბევრი ნამუშევარი ოთახში უბრალოდ არ ჩანს.
ირმა ამბობს, რომ ხატვა მისთვის ძვირფასი ადამიანის დაკარგვის შემდეგ დაიწყო.
ირმა ტრაპაიძე
„არასოდეს ვხატავდი. ახლობელი ადამიანი გარდამეცვალა, დავდიოდი ზღვაზე, სტრესი მქონდა და ქვებს ვეძებდი, მათზე გამოსახვით თითქოს მინდოდა, რაღაც ნაწილი მაინც გამეცოცხლებინა“- გვიყვება ირმა.
ირმამ 6 წელია რაც ხატვას მიჰყო ხელი. მანამდე ლაბორანტად მუშაობდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ამჟამად ირმა უმუშევარია, გულის მანკი და დიაბეტი აქვს და სოციალურ დახმარებას იღებს სახელმწიფოსგან.
2016 წელს ირმას ბათუმის საზაფხულო თეატრში გამოფენა ჰქონდა, ნახატებიც გაყიდა.
ირმა ამბობს, რომ კვლავ სურს გამოფენის მოწყობა და შიშობს, რომ უსახსრობის გამო ხატვა შესაძლოა ვეღარ გააგრძელოს.
„ამ პატარა სივრცეში ბევრი რაღაცის აღმოჩენა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის დამალვა მიწევს. ერთი სახელოსნო მჭირდება, რომ დავხატო და შეიძლება გამოფენაც მოვაწყო“ – ამბობს ირმა და თავის ერთ-ერთ ნახატს უცქერს, რომელსაც, როგორც თვითონ გვეუბნება, მისი გამოხედვა აქვს.
„შემიძლია კვირები ვიფიქრო იმაზე, თუ რის დახატვას ვაპირებ. მნახველი თუ დააკვირდება, აუცილებლად დაინახავს ჩემს დარდს, ცხოვრების მძიმე წუთებს, რადგან ყველა ნახატში არის რაღაც ჩემი. ხატვის პროცესი მავიწყებს დარდს, შედეგი კი მაჩვენებს, რომ ძლიერი ვარ“ – გვიამბობს ირმა.
ირმა ტრაპაიძის ნამუშევრები. ანა მალაყმაძის ფოტოირმა ტრაპაიძის ნამუშევრები. ანა მალაყმაძის ფოტო
ირმა ხატავს ყველგან, ყველაფერზე და ყველაფერს.
„ყველაფრის ხატვა მიყვარს, თუმცა გასაქანი არ მაქვს. ფოთლების და თეფშების გამოყენებაც დავიწყე, ხეზეც ვხატავ, სხვა გზა არ მაქვს, ტილოს ვერ ვყიდულობ.
შემიძლია კვირები ვიფიქრო იმაზე, თუ რის დახატვას ვაპირებ. მნახველი თუ დააკვირდება, აუცილებლად დაინახავს ჩემს დარდს, ცხოვრების მძიმე წუთებს, რადგან ყველა ნახატში არის რაღაც ჩემი. ხატვის პროცესი მავიწყებს დარდს,შედეგი კი მაჩვენებს,რომ ძლიერი ვარ.ყველაფრის ხატვა მიყვარს,თუმცა გასაქანი არ მაქვს.ფოთლების და თეფშების გამოყენებაც დავიწყე,ხეზეც ვხატავ,სხვა გზა აქ მაქვს, ტილოს ვერ ვყიდულობ..“ – გვიყვება ირმა.
ბათუმელ მხატვარს ქალიშვილიც ჰყავს. ის ამჟამად ფარმაცევტია და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებას ცდილობს, რათა სტომატოლოგია შეისწავლოს.
ირმას იმედი აქვს, რომ ახლო მომავალში ექნება საშუალება ვიწრო ოთახის კუთხეებში დამალული ნახატები გამოფინოს და დამთვალიერებლები მისი ნამუშევრების ხილვას შეძლებენ.
ირმა ტრაპაიძის ნამუშევრები. ანა მალაყმაძის ფოტო
_______________________
მასალა მომზადებულია „მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის“ ფარგლებში, რომელსაც „ბათუმელები“ ახორციელებს „ამერიკულ კუთხესთან“ ერთად. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
ავტორი: არჩილ კახაძე, batumelebi.ge-ს მარკეტინგის მენეჯერი
საბავშვო ბაღში არ მივლია, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან რამდენიმე თვეში გავხდი პირველკლასელი. ამის შემდეგ როგორც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში მოვლენები ყველამ იცის. მე, ისევე როგორც უმრავლეს ბავშვს მაშინდელ საქართველოში, შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი კი არა, ბავშვობა საერთოდ არ მქონია.
როცა მეხსიერებას ვძაბავ და ვცდილობ ბავშვობიდან ისეთი მომენტი გავიხსენო, როცა რაღაც დროის შუალედში ბედნიერი ვიყავი, 3 სცენა ამომიტივტივდება ხოლმე გონებაში:
ფეხშიშველი ან დიდი და უკვე გაფუჭებული ფეხსაცმლით უბნის ბავშვებთან ერთად შებინდებამდე ვთამაშობ ფეხბურთს.
ზამთარია, ღამეა, შუქი არაა და ოთახს მხოლოდ აგიზგიზებული შეშის ღუმელიდან გამოჭრილი სინათლის სხივები ანათებს. მამაჩემი აკორდეონს უკრავს, ჩემი ძმა დოლს და ცეკვავს და ყველა ხმამაღლა ვიცინით.
მუშამბას [დამდნარ სანთელში ამოვლებულ მიტკლის ნაჭერი] ვიპარავ და ბალიშის ქვეშ ვმალავ. როცა ნავთის ლამფას ჩავაქრობთ [უნდა გამოვიზოგოთ შუქი ხვალისთვის] და ყველას ჩაეძინება, ვაძრობ ე.წ. განათებას და ვაგრძელებ დაწყებული წიგნის კითხვას, ვიდრე ეგრეთ წოდებული სანთელი ბოლომდე არ ჩაიწვება.
ბოლოს ნახსენები „ბედნიერება“ ყველაზე ხშირად მქონდა ცხოვრებაში. ვკითხულობდი ყველგან და ყოველთვის, როცა თავისუფალი დრო მქონდა. მეგობრებიც გამინაწყენებია სათამაშოდ გაყოლაზე უარის თქმით. მახსოვს, ყოველთვის მიჭირდა იმის ახსნა, სად „გაიქცეოდა ის წიგნი“ და რატომ არ შემეძლო მოგვიანებით, თამაშის შემდეგ წამეკითხა. როგორ უნდა ამეხსნა, რომ როცა წიგნს ვკითხულობდი გონებაში ფილმის კადრებად ვხედავდი ტექსტს, ბოლომდე ვიძირებოდი, მოქმედი პერსონაჟი ვხდებოდი და მიჭირდა ბოლოში გასვლამდე სიუჟეტის შეწყვეტა.
რამდენი გმირის სიხარული გამხარებია, რამდენის მწყენია, რამდენთან ერთად მიბრძოლია, გამიმარჯვია და დავმარცხებულვარ – არ შემიძლია დათვლა, არც იმის რამდენი „ნაგავი“ წავიკითხე, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებით შემიძლია თქმა, რომ დაკარგული ბავშვობის ნაწილი ლიტერატურით ავინაზღაურე. მეტიც: გასული საუკუნის 90-იანებში ბავშვობა, მოსწავლეობა და შემდეგ თინეიჯერობა ქობულეთში მსუბუქად რომ ვთქვათ, ბევრისთვის ნამდვილად არ დასრულდა კარგად. მე წიგნებმა გადამარჩინეს.
ახლა რომ შევდივარ წიგნის მაღაზიებში და ვათვალიერებ, შურით ვსკდები რამდენი ფერადი და კარგი წიგნია წასაკითხი, ჩემი დროის რუხი, გაქუცული წიგნებისგან განსხვავებით. ძველ, კლასიკურ ლიტერატურასთან ერთად უამრავი ახალი წიგნია დაწერილი და თარგმნილი. საბავშვო წიგნები კი განსაკუთრებულად ლამაზებია.
რაც თითქმის არ შეცვლილა ჩემი ბავშვობის შემდეგ, ისაა, რომ უამრავ ბავშვს, განსაკუთრებით სოფლებში ისევ არ მიუწვდება ხელი ახალ წიგნებზე. ის კი არადა, ნანახიც კი არ აქვს ბევრ მათგანს დიდი და სავსე წიგნის მაღაზია. მშობლებს ისევ უწევთ არჩევანის გაკეთება პროდუქტს, წამალს, ტანსაცმელსა და წიგნს შორის. არც გაემტყუნებათ ალბათ, პირველადი ამოცანა ფიზიკური გადარჩენაა. რომ შევხედოთ ჩვენს სამომხმარებლო კალათას, საშუალო სტატისტიკური ოჯახის შემოსავალსა და წიგნის ფასს, ზოგიერთი გამოცემა „ფუფუნების საგნადაც“ კი შეიძლება ჩაითვალოს.
„თუ კითხვა უნდა მაინც წაიკითხავს“, „თუ სწავლა უნდა მაინც ისწავლი“, „ვაჟა-ფშაველა სოფელში გაიზარდა, მაგრამ შეხედეთ“ და მსგავსი შეძახილები რეალურ ცხოვრებაში დიდად არ მუშაობს. გამონაკლისების არსებობას არ უარვყოფ, მაგრამ ბავშვები საქართველოს სოფლებიდან, დაბადებიდან არათანაბარ სასტარტო პირობებში არიან ქალაქელ ბავშვებთან შედარებით. განსაკუთრებით, ბავშვები მაღალმთიანი საქართველოდან. ისედაც რა პირობებია საქართველოში, ზოგადად, და კიდევ იმასთან შედარებით დაბალი ხარისხის საკვები რომ გექნება, ჯანდაცვა, განათლება და ინფრასტრუქტურა, თითქმის წარმოუდგენელი ხდება ჩამორჩენის აღმოფხვრა დარჩენილ ცხოვრებაში.
არადა, მე მგონია, რომ წიგნის კითხვას უმეტესად თავისი ასაკი აქვს. აი, სადღაც მე-8 მე-12 კლასების შუალედი. ამ დროს თუ ძალიან ბევრი წიგნი არ წაიკითხე, შემდეგ, იშვიათად, რომ ასე ინტენსიურად მხატვრული ლიტერატურისთვის მოიცალოს ადამიანმა. ალბათ, ყველაზე მეტადაც ამ პერიოდში ყალიბდება ადამიანში ემპათიის განცდა, რომლის ნაკლებობასაც ყველაზე ხშირად ვხედავთ საჯარო აქციებზე, პოპშოუებში, გართობის თუ გაჭირვების დროს.
სწორედ ამ პერიოდში, ყველა იმ ბავშვისთვის ვისაც კითხვა უყვარს, ახალი და სასურველი წიგნი ისევე აუცილებელია, როგორც მაგალითად, წამალი, ჯანსაღი საკვები და მზრუნველი ოჯახი და კარგი მასწავლებელი.
ბათუმელების „ბუქმობილი“ კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მთიანი აჭარის ყველაზე მიუვალ სოფლებშიც კი ჰქონდეთ ბავშვებს ახალი წიგნები. თუმცა, „ბუქმობილმა“ რომ იმოძრაოს, ჩვენი, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოწოდებები არ მიყვარს, მაგრამ გულით მჯერა, რომ ეს იდეა იმსახურებს მინიმუმ წიგნის მოყვარულებისგან ფინანსურ მხარდაჭერას. თქვენი საყვარელი წიგნის საყიდლად რომ გეყოფოდათ დასაწყისისთვის იმდენის ჩარიცხვაც საკმარისი იქნებოდა.
მინიმუმ 25 ადამიანი დაიღუპა ჩინეთში, წყალდიდობით დაზარალებულ ხენანის პროვინციაში, მათგან ათი – მეტროში იმყოფებოდა, რომელიც წვიმამ დატბორა – იუწყება „როიტერსი“.
სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მატარებლის მგზავრები მკერდამდე წყალში და სიბნელეში არიან. ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 500-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხოდ გადაიყვანეს დატბორილი მეტროდან.
სპეციალისტების შეფასებით, ეს ყველაზე ძლიერი წვიმა იყო ჩინეთში ბოლო 1000 წლის განმავლობაში.
დაახლოებით 100 000 ადამიანი ევაკუირებულია დედაქალაქ ჟენჯოუში, სადაც სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის მიმოსვლა შეფერხებულია.
ხენანის პროვინციაში კაშხლები და წყალსაცავები გამაფრთხილებელ დონემდე აივსო, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ათასობით ჯარისკაცი.
კოკისპირული წვიმების შედეგად, რომლებიც გასულ შაბათ-კვირას დაიწყო, პროვინციაში მინიმუმ 25 ადამიანი გარდაიცვალა და 7 დაიკარგა.
ხენანის პროვინციაში უახლოესი სამი დღის განმავლობაშიც წვიმებია მოსალოდნელი.
ისევე როგორც ბოლოდროინდელი სიცხეები შეერთებულ შტატებში, კანადასა და დასავლეთ ევროპაში დაფიქსირებული ძლიერი წყალდიდობა, ჩინეთში მოსული უხვი ნალექებიც, სავარაუდოდ უკავშირდება გლობალურ დათბობას, განაცხადეს მეცნიერებმა Reuters-თან საუბრისას.
„ბოლო სამი კვირის განმავლობაში დაახლოებით 4 ათასამდე ბავშვის ინფიცირება გვაქვს,“ – აღნიშნა „რუსთავი 2“-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
„უმრავლესობა ამ შემთხვევებისა არის მუსუბუქად მიმდინარე, ბავშვებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა, თუმცა ვნახეთ მძიმე შემთხვევებიც. სამწუხაროდ, ორი გარდაცვალების შემთხვევაც დაფიქსირდა ახალშობილებში სწორედაც კორონავირუსის ინფექციით. 350-მდე საწოლია მობილიზებული ქვეყნის მასშტაბით დღეს ბავშვებისთვის,“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
დღეს, 21 ივლისს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სატელევიზიო ეთერში „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანის საკითხზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მოსახლეობამ საკუთარ თავს არ უნდა მისცეს დალოდების უფლება.
„ყოველი დღე, თითოეული დაკარგული დღე, უკვე უტოლდება ადამიანურ დანაკარგს“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
„ფაიზერის მოწოდება დაიწყო მცირე დოზებით. ჩვენ ვიცით, რომ გასულ კვირაში შემოვიდა გარკვეული რაოდენობა. დიდი დოზების მოწოდებას ჩვენ ძალიან მალე ველოდებით.
მაგრამ დღეს აუცრელი ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა, თავის თავს აყენებს რისკის ქვეშ და რისკის ქვეშ აყენებს თავის გარემოცვას, იმიტომ, რომ ის ვაქცინები, რომლებიც ჩვენ დღეს გვაქვს ხელმისაწვდომი, ბევრ ქვეყანაში უკვე გამოყენებულია და დადასტურებულია მათი ეფექტურობა.
ჩვენთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ ინფექციის გადაცემა სრულად აღიკვეთოს, ჩვენთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ თუ ადამიანი გახდა ავად, შემთხვევა იყოს მსუბუქად მიმდინარე და არ დადგეს ლეტალური გამოსავალი, ანუ ავიცილოთ თავიდან ადამიანური დანაკარგი. ამდენად, მოცდის საშუალება და უფლება არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს. ჩემი ოჯახის წევრებიც, ყველა, სხვა ვაქცინით აიცრნენ, არც ერთი არ დალოდებია „ფაიზერს“.
„ფაიზერი“ ძალიან კარგი ვაქცინაა, შემოვა, გვექნება მისი გამოყენების საშუალება, მაგრამ მანამდეც ყველა დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ აქტიურად, თითოეული მოქალაქე ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში.
მე ვფიქრობ, სულ რამდენიმე დღე დაგვჭირდება იმისთვის, რომ უკვე ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის კამპანია და რეგისტრაციის შესაძლებლობაც გაიხსნას „ფაიზერთან“ მიმართებაში, მაგრამ სხვა, დანარჩენი ვაქცინები, რაც გვაქვს, ძალიან ეფექტურია და ჩემი თხოვნა იქნება მოქალაქეებთან, რომ მეტად აქტიურად ჩაერთონ და ბიზნესი განსაკუთრებით, აცრან თავიანთი დასაქმებულები, ხელი შეუწყონ, თორემ გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, თითოეული მოქალაქის მხარეს არის და ნებაყოფლობითია ეს პროცესი” – თქვა მან.
ქედაში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან, ავარიის შედეგად მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და პოლიცია.
თვითმხილველის ინფორმაციით, დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში გვითხრეს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია, უტარდება კვლევები.
„ყოველდღე ნაგავსაყრელზე ხორცის კონსერვის და „ბუმის“ კოლოფებს ვაგროვებ, 20-25 კოლოფი მაინც უნდა მოაგროვო, კილო რომ გამოვიდეს. სახელმწიფო მხოლოდ 22 ლარს მიხდის, როგორ ვიარსებოთ? 3 შვილი მყავს, მეშინია, მშიერი არ მომიკვდეს შვილები… 22 ლარს იმიტომ მიხდიან, რომ აგვისტოს ომის ვეტერანი ვარ,“ – ამბობს 39 წლის ჯემალ ბერიძე, რომელიც წლებია ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობს.
„მეორე ქვეით ბრიგადაში ვმსახურობდი,“ – ომს იხსენებს აგვისტოს ომის მონაწილე, რომელსაც ნაგავსაყარზე ქოხი ჩაუდგამს და იქვე ნაპოვნი ხასხასა, წითელი ნაჭრებით დაუფარია ერთადერთი ოთახის კედლები. ოთახში მხოლოდ საწოლია, პატარა ტელევიზორი და ძველი ქვაბი, თეფში და ყავის ჭიქები.
„როცა ომი დასრულდა, ჩემი სამხედრო მანქანა ავარიაში მოყვა,“ – განაგრძობს თხრობას ჯემალ ბერიძე, – „ჩემთან ერთად ვინც იყო, ის იქვე დაიღუპა, მე თავის ტვინის დახურული ტრავმა მქონდა, წელი მოტეხილი, ხელებში ძალა ახლაც არ მაქვს, ელენთა ამომიღეს… გორის ჰოსპიტალში ვიწექი. მითხრეს, პენსია და ყველაფერი ხუთიანზე იქნებაო, მაგრამ არაფერი. 5-ჯერ თუ 6-ჯერ მივმართე მთავრობას, მაგრამ ვერ გავიგე პასუხი“.
ჯემალ ბერიძეს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ომის ვეტერანის შვილებს თამაში ნაგავსაყარზე უწევთ.
„ცოლ-შვილი და დედა ბათუმში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ, მაგრამ ხშირად აქ მოდიან და ღამითაც ჩერდებიან, იქაც სიღარიბეა და აქაც.
ვიცი, რომ ძალიან ცუდია, როცა ნაგავსაყარზე ბავშვები თამაშობენ, მაგრამ სხვა გამოსავალი არის?“ – კითხულობს ომის ვეტერანი.
ჯემალ ბერიძეს საცხოვრებელი სახლი ქობულეთში, სოფელ ლეღვაში აქვს, თუმცა იქ ცხოვრება მეწყრული პროცესების შემდეგ საშიში გახდა.
„15-20 წელია, რაც ნაგავსაყარზე ქოხი ჩავდგი და აქ ვცხოვრობ. ესაა ყველაფერი, რაც გამაჩნია,“ – წითელ კედლებს უყურებს ვეტერანი და საწოლზე გაშლილ საძილე ტომარას.
„ჯარიდან ეს შემომრჩა მხოლოდ,“ – დასძინა მან.
რატომ არის სახელმწიფო უყურადღებო ომის ვეტერანის მიმართ, ვისი სოციალური მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა? – ქობულეთის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ჯემალ ბერიძის საცხოვრებელი სახლი სოფელ ლეღვაში მართლაც ავარიულია, მაგრამ ის აღდგენას ექვემდებარება.
„2016 წელს ჯემალ ბერიძემ მიიღო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 7 ათასი ლარი, თუმცა მონიტორინგის პროცესში გაირკვა, რომ მას მიზნობრივად ეს თანხა არ გამოუყენებია. სხვა სახის განცხადებით ჯემალ ბერიძეს მუნიციპალიტეტისთვის არ მოუმართავს,“ – გვიპასუხეს ქობულეთის მერიის პრესცენტრში.
ჯემალ ბერიძის შესახებ ვიკითხეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრშიც. უწყებაში განმარტებას დაგვპირდნენ. იმ შემთხვევაში, თუ მათგან პასუხს მივიღებთ, აქვე შემოგთავაზებთ.
___
მკითხველების თხოვნით, ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს, რომელზეც შეგიძლიათ თანხის გადმორიცხვა აგვისტოს ომის ვეტერანის, ჯემალ ბერიძის ოჯახის დასახმარებლად.
საქართველოს ბანკი
GE89BG0000000498951882
მიმღები: ხათუნა კახაძე
დანიშნულება: ჯემალ ბერიძის
ამ თემაზე:
___
ამავე თემაზე:
აგვისტოს ომის კიდევ ერთი ვეტერანის ამბბავი წაიკითხეთ აქ
ბათუმში მეჩეთი რომ არ აშენდეს, ბათუმის მერმა – არჩილ ჩიქოვანმა, წინასაბაირამოდ უზენაეს სასამართლოს მიმართა. სასამართლოს ორმა ინსტანციამ დაადგინა, რომ ბათუმის მერის მიდგომა მუსლიმი თემის მიმართ უკანონო და დისკრიმინაციულია. ამის მიუხედავად მერია უკვე ბოლო ინსტანციაში ეცდება მოიპოვოს უფლება – მუსლიმებს ბათუმში მეჩეთის აშენების შესაძლებლობა არ მისცეს.
„საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს. ამ დღეს თითოეული თქვენგანი ზეიმობს და მეც ვუერთდები თქვენს სიხარულს. გისურვებთ, ეს დღე ყოფილიყოს სიკეთის, ბედნიერებისა და წარმატებების მომტანი,“ – უზენას სასამართლოში საჩივრის შეტანის შემდეგ ამ სიტყვებით მიულოცა ბაირამი მუსლიმებს არჩილ ჩიქოვანმა.
უზენაეს სასამართლოს ბათუმის მერიამ გასულ კვირას მიმართა. სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია სარჩელის დასაშვებობის საკითხზე. საქმეს ასაჩივრებს მუსლიმი თემიც, რომელიც ასევე ითხოვდა, რომ სასამართლომ დაავალოს ბათუმის მერიას ახალი მეჩეთის მშენებლობაზე შესაბამისი ნებართვის გაცემა, ვინაიდან დისკრიმინაციული მიდგომის გამო, როგორც ყოფილი მერი – ლაშა კომახიძე, ასევე მერის მოვალეობის შემსრულებელი – არჩილ ჩიქოვანი კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლების დაცვას არ აპირებენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 30 სექტემბერს დისკრიმინაციად მიიჩნია მუსლიმი თემის მიმართ ბათუმის მერიის დამოკიდებულება „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მერიის გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ მიღებული გაადწყვეტილება 2021 წლის 13 აპრილს ძალაში დატოვა.
ზაფხულის მზესა და მაღალ ტემპერატურას, განსაკუთებით ისეთ ცხელ ზაფხულში, როგორიც წელსაა, შეუძლია ნეგატიური გავლენა მოახდინოს არა მარტო ჩვენს კანზე, არამედ თვალებზეც – ისინი სიცხის მიმართ საკმაოდ მგრძნობიარენი არიან. თვალებთან დაკავშირებული პრობლემები წელიწადის ამ დროს რამდენიმე ყოველდღიურმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს.
მათ შესახებ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ასისტენტ პროფესორი ანა დვალიშვილი საუბრობს:
თვალის ალერგიები – ერთ-ერთ ყველაზე ხშირ პრობლემას მიეკუთვნება ალერგიები. მომატებული ტემპერატურა, მტვერი, ტენიანობა წარმოადგენს თვალის ალერგიების განვითარების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს. თვალისმიერი ალერგიის სიმპტომებს მიეკუთვნება: თვალის ქავილი, სიწითლე, გაღიზიანება, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, ცრემლდენა და მზის სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
თვალის ალერგიების პრევენციის მიზნით რეკომენდებულია მზის სათვალეების გამოყენება. საცურაო აუზში აუცილებელია წყლის სათვალის გამოყენება, არ უნდა მოისრისოთ თვალები. თვალთან შეხებამდე აუცილებლად უნდა დაიმუშავოთ ხელები.
რქოვანას დამწვრობა – ჭარბი რაოდენობით მზის სხივების მავნე ზეგავლენის კიდევ ერთ გამოვლინებაა. როდესაც ხდება მზით კანის დამწვრობა, ასევე თვალის წინა, გამჭირვალე ზედაპირის რქოვანას დაზიანებაც მზის სათვალეების გამოუყენებლობის შემთხვევაში. ამ დროს აღინიშნება თვალების წვა, გამოშრობა და სიწითლე, ასევე მხედველობის დაქვეითება.
კონიუქტივიტი – ზაფხულის კიდევ ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. კონიუქტივიტებიდან განსაკუთრებით ხშირია ვირუსული და ბაქტერიული ფორმები. მიზეზებს მიეკუთვნება ჰიგიენური ნორმების დაუცველობა, სხვა ადამიანის კოსმეტიკის გამოყენება, კონტაქტური ლინზის გამოყენების ნორმების არასწორი შესრულება. აუცილებელია კონტაქტურ ლინზას ყოველდღიურად შევუცვალოთ ხსნარი, ლინზის გამოყენებამდე კარგად დავიმუშავოთ ხელები. ყოვლად დაუშვებელია ლინზით ზღვაზე ან საცურაო აუზში შესვლა. არ უნდა მოხდეს ლინზის კონტაქტი წყალთან.
კონიუქტივიტები უმეტესად ვლინდება თვალის სიწითლით, ქავილით და თეთრი ფერის გამონადენით თვალიდან. პაციენტს დილით გაღვიძებისას აღენიშნება ქუთუთოების შეწეპება, შეშუპება და სიწითლე.
მშრალი თვალის სინდრომი – საკმაოდ ხშირი პრობლემაა, რომელიც ადამიანებს აწუხებთ წლის ნებისმიერ დროს, თუმცა დაავადებას გამწვავება ახასიათებს ზაფხულის პერიოდში. ამ დროს თვალის წინა ზედაპირის გამოშრობას იწვევს, პირველ რიგში, ჰაერის მაღალი ტემპერატურა გარეთ, ხოლო ავტომანქანაში, სახლსა და ოფისებში – ჰაერის გამაგრილებელი სისტემები (კონდიციონერი).
მშრალი თვალის სინდრომის დამახასიათებელ სიმპტომებს მიეკუთვნება თვალების წვა, ქავილი, ცრემლდენა, უცხო სხეულის შეგრძნება, მხედველობის გარდამავალი დაბინდვა.
მშრალი თვალის სინდრომის დროს აუცილებელია თვალის დამატენიანებელი წვეთების გამოყენება, რათა მოხდეს სიმპტომების შემსუბუქება.
მშრალი თვალის სინდრომის გამომწვევი ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა სისტემური დაავადება, როგორიცაა: აუტოიმუნური დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადება, A ვიტამინის დეფიციტი.
რეკომენდაციები ზაფხულში:
აუცილებელია მზის სათვალეების გამოყენება განსაკუთრებით ზაფხულში, სანაპიროზე ყოფნის დროს.
იმ ადამიანებმა, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს, აუცილებელია ყოველდღიურად შეუცვალონ ლინზას ხსნარი, ასევე კონტაქტური ლინზის წყალთან კონტაქტი ყოვლად დაუშვებელია.
რუჯის მიღების დროს აუცილებელია ქუთუთოებზე მზის სხივებისაგან დამცავი საშუალებების გამოყენება.
არასოდეს უყუროთ სათვალეების გარეშე მზეს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბადურა გარსის დაზიანება, რომელიც სრულდება მხედველობის დაქვეითებით.
თუკი გამოხატულია თვალების სიწითლე, გამონადენი თვალებიდან და თვალების ტკივილი, არ უნდა გამოვიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები, ხელები უნდა დავიბანოთ ხშირად, რათა კონიუქტივიტი არ გავრცელდეს სხვა ადამიანებზე. კონტაქტური ლინზის გამოყენება უნდა შეწყდეს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs” ფარგლებში, ცხადდება საგრანტო კონკურსი გურიაში (ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური) სამეგრელოსა (ზუგდიდი, სენაკი, წალენჯიხა) და აჭარაში (ბათუმი, ქედა, ქობულეთი) მოქმედი ბიზნესსუბიექტებისთვის.
პროექტის შესახებ:
პროექტი – „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs” – დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნორობით.
პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებობების გაუმჯობესებას სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში. სამიზნე რეგიონებია გურია, აჭარა, სამეგრელო.
საგრანტოპროგრამის მიზანი:
საგრანტო პროგრამის მიზანია ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა, რათა მათ შექმნან ადგილზე დასაქმების შესაძლებლობები.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სამეწარემო სუბიქეტებს (ინდ. მეწარმე, შპს, რეგსიტრირებული კოოპერატივი და ა.შ.), რომელთა ძირითადი საქმიანობა ხორციელდება ზემოთხსენებულ სამიზნე რეგიონების მუნიციპალიტეტებში.
მოთხოვნები სამეწარმეო სუბიექტის მიმართ:
[checklist]
სამეწარმეო სუბიექტი რეგისტრირებული უნდა იყოს მინიმუმ სამი წელი;
სამეწარმეო სუბიექტის ბრუნვა წლის განამვლობაში არ უნდა აღემატებოდეს 500 ათას ლარს;
[/checklist]
საგრანტო დაფინანსების პრინციპი:
[checklist]
საგრანტო კონურსის ფარგლებში დაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 2500 ევროს, ხოლო მაქსიმალური 6000 ევროს.
საგრანტო დაფინანსება ხორციელდება თანამონაწილეობის პრინციპით და განმცხადებლის წილი უნდა შეადგენდეს განაცხადის საერთო ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს.
აჭარის შემთხვევაში, საგრანტო კონკურსის ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ სამეწარმეო სუბიექტებს, რომელთა სამიანობა და განაცხადი დაკავშირებულია აგრარულ და ტურიზმის სექტორთან.
[/checklist]
განაცხადის შეფასების კრიტერიუმები:
საგრანტო განაცხადით წარმოდგენილი იდეის კავშირი კონკურსის მიზანთან;
იდეის მკაფიო აღწერა. სამუშაო ადგილების შექმნის გეგმის დეტალური აღწერა. საკონსულტაციო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მკაფიო გეგმა;
განმცხადებლის სტატუსი – განმცხადებლის სტატუსი უნდა შეესაბამებოდეს კონკურსში მონაწილოების უფლების მქონე სუბიექტების სტატუსს;
განმცხადებლის ცოდნა ან/და გამოცდილება წარმოდგენილი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით;
ხელშემწყობი წინაპირობები, პროექტის განხორცილებასთან დაკავშირებული გარემო ფაქტორები და რესურსები (ადამიანური, ტექნიკური და ა.შ.);
პროექტის განხორციელების მიდგომები. პროექტის განხორციელებისათვის დაგეგმილი აქტივობები;
პროექტის ფინანსური დაგეგმარება (ლოგიკური ბიუჯეტი – ხარჯების რეალისტური გათვლა);
პროექტის განხორციელების რისკები და მათი შემცირების გზები;
პროექტის განხორციელების მკაფიო გეგმა-გრაფიკი, პროექტის განხორცილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.
პროექტის განხორციელებით მიღებული შედეგები;
პროექტის სიცოცხლისუნარიანობა;
გრანტის მიმღები ვალდებულია შემოთავაზებული გეგმის მიხედვით დაასაქმონ ზემოთხსენებულ პროექტში ჩართული ბენეფიციარები (ახალგაზრდები, ქალები, შშმ პირები, იძულებით გადაადგილებული პირები შესაბამისი გენდერული ბალანსის გათვავალისწინებით).
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, შერჩევის შედეგები ეცნობება განმცხადებლებს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგის შემთხვევაში. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე განმცხადებელს მიეცემა წერილობითი პასუხი უარის თქმის მიზეზების შესახებ.
საგრანტო განაცხადების შეფასების პროცესში შესაძლებელია დამატებითი ქულა მიენიჭოს ისეთ პროექტებს რომლებიც წარმოადგენს რეგიონის დონეზე ინოვაციას ან/და გარემოზე დადებითი შედეგი (მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების გამოყენება, რომელიც ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას).
საგრანტო თანხით არ დაფინანსდება:
ხელფასები (გამონაკლის შემთხვევაში შესაძლოა დაფინანსდეს ექსპერტის/სპეციალისტის ჰონორარი) და მიმდინარე ხარჯები;
მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის, შინაური ფრინველების, ფუტკრის ოჯახების შეძენა;
უძრავი ქონების შეძენა;
სემინარებში, სამუშაო შეხვედრებში და კონფერენციებში ინდივიდუალური მონაწილეობა;
კვლევების ან ტრენინგების ინდივიდუალური დაფინანსება გარდა იმ შემთხვევებისა როცა ის წარმოადგენს ძირითადი საქმიანობის შემადგენელ კომპონენტს;
აკადემიური და სამეცნიერო კვლევები;
სასწავლო/სამეცნიერო გრანტები;
ჰუმანიტარული აქციები და საქმიანობა;
ვალები და მომავალი შესაძლო ზარალისათვის გათვალისწინებული ხარჯები;
გადასახდელი პროცენტები, საურავები, ჯარიმები;
ზარალი, გამოწვეული სავალუტო კონვერტაციის შედეგად;
მესამე მხარისათვის გაცემული სესხები;
სადაზღვევო ხარჯები;
ავტო სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვისა და შეკეთების ხარჯები (პროექტის და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელია დაშვებული იქნეს გამონაკლისი);
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობები;
საქმიანობები, რომლებიც პირდაპირი ან ირიბი სახით ზიანს აყენებენ გარემოს;
ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ ან რელიგიურ სამიანობასთან.
საქართველოს მოქალაქე, რომელიც კორონავირუსზე აცრილია და ქვეყანაში სახმელეთო გზით PCR-ის გარეშე შემოვა, 8-დღიან თვითიზოლაციაში გადავა.
კოვიდზე აცრილი საქართველოს მოქალაქე თვითიზოლაციიდან იმ შემთხვევაში თავისუფლდება, თუ ის სახმელეთო გზით ქვეყანაში შემოსვლისას, კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად PCR ტესტის ნეგატიურ პასუხსაც წარადგენს.
ივნისის დასაწყისში სახელმწიფო უწყებებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კოვიდზე აცრილ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ არც თვითიზოლაციაში გადასვლის ვალდებულება ექნებოდათ და არც PCR ტესტის ჩატარების.
გუშინ, 20 ივლისს კი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სავალდბულოა PCR ტესტი ან თვითიზოლაცია: „სახმელეთო გზით კოვიდვაქცინით შემოსვლისას უცხო ქვეყნის მოქალაქემ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სახმელეთო გზით კოვიდვაქცინით შემოდის, მაგრამ PCR ტესტის პასუხი არ აქვს, ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ ექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას.
საქართველოს მოქალაქეს საქართველოში ნებისმიერ შემთხვევაში ვუშვებდით და ვუშვებთ, უბრალოდ, როგორც აცრილ, ასევე აუცრელ საქართველოს მოქალაქეს PCR ტესტის პასუხის წარდგენა სახმელეთო საზღვარზე, მხოლოდ სავალდებულო თვითიზოლაციისგან ათავისუფლებს.
ანუ:
კოვიდზე აცრილ საქართველოს მოქალაქეს სახმელეთო საზღვარზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა სჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ ის ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში აღარ გადავიდეს.
ხოლო, თუ საქართველოს მოქალაქე აცრილი არ არის, მაგრამ საქართველოში PCR-ით შემოვა, მას ამ შემთხვევაში ტესტი ეხმარება იმაში, რომ აირჩიოს – თვითიზოლაციაში გადავიდეს ან არ გადავიდეს იზოლაციაში და ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს კვლავ ჩაიტაროს პისიარი“.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კოვიდზე აცრილი საქართველოს მოქალაქე გადადის უცხო ქვეყანაში და იმავე დღეს ბრუნდება საქართველოში? – სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის განმარტებით, ქვეყანაში შემოსვლისას მას აუცილებლად სჭირდება ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა საზღვარზე იმისთვის, რომ თვითიზოლაციისგან გათავისუფლდეს.
„რეგულაციების მიხედვით, საქართველოს მოქალაქემ, რომელიც საქართველოში კოვიდვაქცინით შემოდის, უნდა წარმოადგინოს PCR-ის პასუხიც, რომელიც იმ ქვეყანაში ექნება ჩატარებული, საიდანაც შემოდის. აქ, ვინაიდან ფიქსირდება საზღვრის კვეთა, მნიშვნელობა არ აქვს, ერთი დღით იმყოფებოდი უცხო ქვეყანაში თუ მეტი ხნით. თუ არ ექნება ტესტის პასუხი, ექვემდებარება თვითიზოლაციას“, – გვითხრეს დეპარტამენტში.
დეპარტამენტის განმარტებით, მაგალითად, თუ კოვიდზე აცრილი საქართველოს მოქალაქე საქართველოში ჩაიტარებს ტესტს და ამ ტესტის ჩატარებიდან 72 საათის შუალედში დატოვებს ქვეყანას და კვლავ დაბრუნდება, ის ამ ტესტის პასუხით თვითიზოლაციისგან გათავისუფლდება.
რაც შეეხება საჰაერო გზით საქართველოში შემოსვლას, კოვიდზე აცრილ როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე PCR-ის პასუხის წარდგენის ვალდებულება არ აქვთ და მხოლოდ კოვიდვაქცინით ქვეყანაში თავისუფლად შემოსვლა შეუძლიათ.
რატომ არის სავალდებულო სახმელეთო გზით შემოსვლისას PCR-ის წარდგენა აუცილებელი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის და რატომ არ არის იგივე საჭირო საჰაერო გზით შემოსვლისას? ამასთან, კოვიდით აცრილი საქართველოს მოქალაქე, თუ სახმელეთო გზით შემოვა ტესტის გარეშე, რატომ უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, განსხვავებით იმავე პირობებში საჰაერო გზით შემოსული მოქალაქეებისგან?
საქართველოს მთავრობის ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ზოგადად, „ავიაკომპანიებს აქვთ მითითება, სასურველია ბორტზე მგზავრები მხოლოდ PCR-ის პასუხით დაუშვან. თუმცა, აცრილი მოქალაქეების შემთხვევაში, თავად ავიაკომპანია წყვეტს, მოსთხოვოს თუ არა მგზავრს ტესტის პასუხიც“.
„ხრეში მოვიტანე აქ იმიტომ, რომ ეს ორგანო არის დაკავებული რეკეტით. ვერ მინახეს ვერაფერი, ამიტომაც ფულის ნაცვლად დავუყარე ხრეში შესასვლელში. საგამოძიებო სამსახური რასაც ავრცელებს ჩემ შესახებ, არის ტყუილი და ვუჩივლე სასამართლოში,“ – ამბობს მერაბ ღოღობერიძე, რომელიც „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელია და იმავდროულად ბიზნესიც აქვს. იგი ინერტული მასალის მოპოვებითაა დაკავებული.
მერაბ ღოღობერიძემ დღეს, 21 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ბათუმის ოფისის შესასვლელთან დატოვა ქვიშა. 18 მაისს ამავე ადგილას მერაბ ღოღობერიძემ ბენზინი გადაისხა. ამ დროისთვის მერაბ ღოღობერიძის მიერ დაქირავებული მძიმე ტექნიკა საგამოძიებო სამსახურს უკვე დაყადაღებული ჰქონდა და გამოძიება დაწყებული იყო, თუმცა მერაბ ღოღობერიძისთვის ბრალი წარდგენილი არ ჰქონდათ. მერაბ ღოღობერიძე აპროტესტებდა იმას, რომ რეალურად მის კომპანიას მუშაობის საშუალება არ ჰქონდა და გამოძიებისგან კონკრეტულ პასუხსაც ვერ იღებდა.
გამოძიება ქვიშა-ხრეშის უკანონოდ მოპოვების ფაქტზეა დაწყებული, თუმცა ბრალი მერაბ ღოღობერიძისთვის არც ამ დრომდე წარუდგენიათ.
იმავე დღეს, 18 მაისს, როცა მერაბ ღოღობერიძემ საგამოძიებო სამსახურის შესასვლელთან თავის დაწვა სცადა, საგამოძიებო სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა:
„გამოძიება დაიწყო 2021 წლის 25 თებერვალს, შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, დანაშაულებრივ სქემაში ჩართულია რამდენიმე კომპანია, რომელთა შორის ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, განხორციელებულია უკანონოდ მოპოვებული, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქვიშა-ხრეშის რეალიზაცია,“ – აღნიშნავდა საგამოძიებო სამსახური, რომლის გავრცელებულ ინფორმაციაში ინიციალებით აღნიშნული მ.ღ. რომ მერაბ ღოღობერიძე იყო, ეს ყველასთვის ნათელი გახდა.
„ისე დამდეს ბრალი და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, რომ ჩემთვის ბრალი წარდგენილი არ ჰქონდათ, ბრალი არც ახლა მაქვს წარდგენილი… ეს იყო საზოგადოებრივი აზრის შექმნის მცდელობა, რომ თითქოს მე მილიონზე მეტი ვიშოვე. ბევრი მეკითხებოდა ამ ამბის შესახებ, სად წაიღე ამდენი ფულიო. ეს არის დისკრედიტაცია და საგამოძიებო სამსახურს სასამართლოში ზიანის ანაზღაურებას ვთხოვ, 500 ათასი ლარი იქნება ეს თანხა,“ – უთხრა მერაბ ღოღობერიძემ „ბათუმელებს“.
მერაბ ღოღობერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას აიძულებენ ბიზნესის დათმობას ზეწოლისა და მუქარის გზით. ის ასევე ირწმუნება, რომ ამაში მონაწილეობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი თეიმურაზ გელდიაშვილი.
რა ეტაპზეა გამოძიება და რას ფიქრობენ ასევე უწყებაში იმის შესახებ, რომ პირის ბრალეულობის შესახებ ინფორმაცია ისე გაავრცელეს, რომ მას ბრალი ამ დრომდე წარდგენილი არ აქვს? – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პოზიციას მიღებისთანავე გაგაცნობთ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, გორსა და წალენჯიხაში 5 პირი დააკავა, რომელთაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა ედებათ ბრალად.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი საქართველოს 7 მოქალაქის ფეისბუქგვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე, საქართველოში მცხოვრებ მათსავე 14 მეგობარს, რომლებსაც ონლაინკაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე სხვადასხვა ოდენობის თანხა მოტყუებით ჩაარიცხვინეს.
ბრალდებულები თაღლითური გზით საერთო ჯამში დაეუფლნენ 14 მოქალაქის კუთვნილ 10 500 ლარს. სხვა დაზარალებულებისა და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დადგენის მიზნით ტარდება საგამოძიებო მოქმედებები“ – იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილით „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ბათუმში უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის 4 მოქალაქეს ბრალად ედება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობა და ყალბი დოკუმენტების გამოყენება. ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 1964 წელს დაბადებულ ი.შ.-ს კი ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ყალბი საბუთების გამოყენებით ორი ან მეტი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისთვის წარუდგინეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის ოთხმა მოქალაქემ – ჰ.ბ.-მ, ბ.ი.-მ, ჩ.ჩ.-მ და ი.შ.-მ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლისას, მესაზღვრე-კონტროლიორს საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქის დროებითი ბინადრობის ყალბი მოწმობა წარუდგინა. ბრალდებულები ქუთაისი-მილანის რეისით, მილანის მიმართულებით გაფრენას აპირებდნენ. დადგენილია, რომ აღნიშნული პირების საზღვარზე უკანონოდ გადასვლის ორგანიზებას ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – ი.შ. ახორციელებდა.
პოლიციამ ბრალდებულების მიერ საპასპორტო კონტროლის დროს წარდგენილი ყალბი დოკუმენტები ნივთმტკიცებად ამოიღო“ – წერს შსს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობას, ყალბი დოკუმენტების გამოყენებას, ასევე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ყალბი საბუთების გამოყენებით ორი ან მეტი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს.
დანაშაულები 3-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სტუდენტები, რომლებიც ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს თიბისის სტუდენტური ბარათით გადაიხდიან, სპეციალური საშეღავათო ტარიფით ისარგებლებენ. მგზავრობა ამ შემთხვევაში განახევრებული ფასი – 40 თეთრის ნაცვლად, 20 თეთრი ეღირება.
სიახლე 14 ივლისისდან ამოქმედდა და ის ქუთაისის უნივერსიტეტების, პროფესიული სასწავლებლების და კოლეჯების სტუდენტებზე გავრცელდება.
მათ, ვისაც თიბისის სტუდენტური ბარათი ჯერ არ აქვთ, ბარათის შეკვეთა თიბისის ცხელი ხაზის საშუალებით (032 2 272727), ასევე, თიბისის ნებისმიერ ფილიალში სტუმრობით შეუძლიათ. ხოლო, ისინი, ვინც უკვე არიან თიბისის მომხმარებლები, სტუდენტური ბარათის შეკვეთას ვებ-გვერდზე – www.tbcyouth.ge შეძლებენ. ბარათის მიღების შემდეგ, შეღავათიანი ტარიფი ავტომატურად, მეორე დღეს ამოქმედდება.
ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისისა და ქალაქის სატრანსპორტო ბარათებით მგზავრობა მიმდინარე წლის მაისიდანაა შესაძლებელი, რაც გადახდის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს და მარტივს ხდის.
თბილისიდან ბათუმისკენ მიმავალი მატარებელი იმის გამო, რომ კონდიციონერები არ მუშაობს, მეექვსედ გაჩერდა. შემთხვევა დღეს, 20 ივლისს მოხდა. ჯერჯერობით ბოლო გაჩერება სადგურ ზესტაფონში იყო, სადაც მგზავრებს უთხრეს, რომ შეეძლოთ მატარებელი ცოტა ხნით დაეტოვებინათ.
„თბილისი-ბათუმის მატარებელში არ მუშაობს კონდიციონერი და ხალხი ვეღარ სუნთქავს. საუნაში არიან პრაქტიკულად. ყოველ ნახევარ საათში აჩერებენ მატარებელს და არესტარტებენ კონდიციონერს, რომელიც მუშაობს ცოტა ხანი და მერე ისევ ითიშება. ახლა ბოლოჯერ გააჩერეს ზესტაფონში და ასეთი კიბე მოგვიდგეს – ჩადით მოწიეთო. ქუთაისამდე ჩავიდეთ და თუ გაკეთდა კონდიციონერი გავაგრძელოთ, თუ არადა სხვა მატარებელში გადაგსვამთო,“ – წერს ფეისბუქზე ერთ-ერთი მგზავრი ზაზა დობორჯგინიძე.
მისივე თქმით მგზავრების ერთი ნაწილი ზესტაფონიდან ბათუმში ტაქსით წავიდა, მეორე ნაწილი ზესტაფონში დარჩა, სადაც სხვა მატარებელი უნდა მივიდეს, მესამე ნაწილი კი გაფუჭებულკონდიციონერებიან მატარებელს გაჰყვა.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს: „ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სხვა მატარებელში გადავსვათ ის მგზავრები, სადაც კონდიცირების სისტემას შეექმნა ტექნიკური პრობლემა. ამ ვაგონის მგზავრებს ბილეთის თანხა 100 %-ით აუნაზღაურდებათ. სადაც ტექნიკური პრობლემა არ არის, ის მგზავრები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მგზავრობას“.
რაც შეეხება მგზავრებს, რომლებმაც უკვე დატოვეს მატარებელი და „ბათუმელების“ ინფორმაციით, ტაქსებთ გაემგზავრნენ, საქართველოს რკინიგაზში გვითხრეს, რომ ისინი მხოლოდ დამატებით მატარებელში გადაყვანას უზრუნველყოფენ. „დანარჩენი თუ ვინმე სხვა რამე ალტერნატივას გადაწყვეტს, ეს მათი ნებაა“.
მთავარი ფოტო: თბილისი-ბათუმის მატარებელი ზესტაფონში/ ზაზა დობორჯგინიძე