Batumelebi | ერთი დაკრძალვა და ბევრი სათქმელი ერთი დაკრძალვა და ბევრი სათქმელი – Batumelebi
RU | GE  

ერთი დაკრძალვა და ბევრი სათქმელი

ბავშვობაში არაფრის მეშინოდა. თავად შიშისაც კი. იმიტომ, რომ ბებიაჩემი, ასე ვთქვათ, ჯადოქარი იყო. იცოდა მრავალგვარი ლოცვა: „თვალისა”, „შეშინებულისა”, კიდევ ისეთი, მეძუძურ დედებს რომ შველოდა, როცა ძუძუს ვერ აწოვებდნენ პატარებს.

ეს ლოცვები განსაკუთრებით მაშინ გამომადგა, როცა გავიზარდე და სახლში გვიან დავიწყე მისვლა. აჭარაში ამბობენ, ღამე თუ გარეთ, განსაკუთრებით უცნობ ადგილებში დადიხარ, „უჟმური” [ავი სული] აგყვებაო, მერე ეს უჟმური ძილს დაგიფრთხობს და მოსვენებას დაგაკარგვინებს. ჰოდა, ეს უჟმური ჩვენს სახლს ახლოსაც ვერ ეკარებოდა ბებიაჩემის შიშით.

რა უცნაურია ისე, როცა ბებიასთან ერთად იზრდები, გგონია, რომ არასდროს მოკვდება. როცა ასე ხდება, დიდხანს არ გჯერა. ამ წერილის დაწერაც არაცნობიერად, ალბათ, იმიტომ მომინდა, რომ ვაღიარო ეს ამბავი. სახლში მისული ბებიაჩემი აღარ ვეძებო და რაც მთავარია, მოვუყარო თავი მასზე ჩემს მეხსიერებაში არსებულ პატარა ამბებს.

ბებიაჩემი 1940 წლის ცხელ ზაფხულს დაიბადა სოფელ კირნათში და იზრდებოდა 3 დისა და 4 ძმის გარემოცვაში. უფროსი და იყო და ყველას უვლიდა. მერეც, როცა ის და ბაბუა ქალაქში გადმოვიდნენ საცხოვრებლად, ყველა ჩვენი ახლო ნათესავი ჩვენს სახლში ათევდა ღამეს. ბებიაჩემი იხსენებდა, როგორ ააშენეს სახლი, როგორ დაჰქონდა ქვები, მერე ამუშავებდა კოლექტივის მიწას, ბაზარში ყიდდა პროდუქტებს და თან თეატრშიც დადიოდა, უყვარდა ზღვის წყალში ფეხების ჩაწყობა და ლამაზი კაბები. ჰო, კიდევ წითელი “მანიკურები”, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ატარა.

ბებიაჩემს არასდროს ავიწყდებოდა დაბადების დღეები. ეს წერილი 2015 წელს დამიწერა, როცა 19 წლის გავხდი. იმ წლებში, როცა თბილისში ვსწავლობდი, მიგზავნიდა წერილებს, ლამაზ ლექსებს, რომელშიც მუდამ იყო ოცლარიანები გახვეული. ჩემს სახელზე “კამფეტები” იყიდეო.

თუ ვიტყვით, რომ ადამიანები გემოებთან ერთად შემოდიან ჩვენს მეხსიერებაში, ბებიაჩემს ჩემთვის ტკბილი ხარჩოს გემო აქვს. არ ვიცი, საერთოდ ეს საჭმელი არსებობდა მანამდე თუ ბებიაჩემმა გამოიგონა, მაგრამ ნალექიანი ყავის მოდუღებასთან ერთად, ერთ-ერთი პირველი რამ იყო, რასაც დამოუკიდებლად ვამზადებდი. რეცეპტი მარტივზე მარტივია:

მარგარინი (მაშინ კარაქი დიდი ფუფუნება იყო) უნდა გაგედნო პატარა ქვაბში, მერე შაქარს ამატებდი, როცა გალღვებოდა ცოტა წყალსაც, ადუღების მერე კი ძველი პურის ნატეხებს ჩაყრიდი ამ სიროფში და 2 წუთში უგემრიელესი ხარჩოც მზად იყო.

სიარული გვიყვარდა ორივეს, სანამ პანდემია დაიწყებოდა. ბევრგან წავაწყდი სიტყვებს, რომ 2020-2021 ბებია-ბაბუების დაკარგვის წლები გამოდგაო, მართლაც ასე იყო. ბებიაჩემი კოვიდით არ გარდაცვლილა, ალბათ, უფრო პანდემიამ გადაიყოლა. თავისი რიტმიდან ამოვარდა, სულ სახლში მოუწია ყოფნა და ვატყობდი, როგორ დააღონა ამ ყველაფერმა.

პირველ კლასში ვიყავი, როცა აჭარის მთავარ მდინარეებს მივუყვებოდით მისი და-ძმების სოფლებისკენ, ბებიაჩემი გზადაგზა მეუბნებოდა მდინარეების სახელებს: ჭოროხი, მაჭახელა, აჭარისწყალი, მეც ვიმახსოვრებდი. ბებიაჩემის მისტიკური ცოდნის გამოისობით დავინტერესდი მეცნიერებით; სულ მთვარეს აკვირდებოდა, აი, ახლა მთვარე რომ შეიცვლება, გამოიდარებს, მთვარე აღმა რომ იქნება, მზე გამოვა, ძველი მთვარეობისას თმის შეჭრა კარგია, თუ არ გინდა, რომ მალე გაგეზარდოს, თუ პირიქით გინდა, ახალმთვარეობისას უნდა შეიჭრაო; როცა მოხარშულ მაკარონს ან მარცვლეულს ცხელ წყალს უწურავ, ონკანში ცივი წყალიც მოუშვი, რომ მილები არ დაზიანდესო. რაც უფრო დამოუკიდებელი ვხდები, მით უფრო ვიაზრებ ამ ცოდნის ღირებულებას.

მარცხნიდან: 1. ბებიაჩემი ბოსტანში გადააქვს ჩითილები. 2 ბაბუაჩემი და ბებიაჩემის ქორწინების საიუბილეო ფოტო. 3. ბებიაჩემი კურორტ სულორში 1980 წ.

ვერაფრით მოვინელეთ, რომ სიცოცხლის ბოლო დღეები საავადმყოფოში გაატარა, ჩვენ კი ვერც ვნახეთ.

სამგლოვიარო სუფრისთვის ძირითადად უხორცო საჭმელს ამზადებენ. ასევე ზოგ რაიონში 7 დღემდე ხორციანი საკვების მომზადებისგან თავს იკავებენ

ეს ფოტოები მისი სახლში ყოფნის ბოლო დღეებში გადავიღე, ყველაფერი ისე ჩატარდა, როგორც თვითონ ისურვებდა. ოჯახში სიკვდილს ყველაზე უფრო პრაგმატულად ბებიაჩემი უყურებდა, ძალიან ბევრი წლით ადრე უკვე გამზადებული ჰქონდა თეთრი სუფთა მარლა, რომელსაც პირზე გადააფარებდნენ, როცა გარდაიცვლებოდა.

აჭარაში, ტრადიციულად, გასვენების წინა საღამოს კეთდება ჰალვა, რომელიც გასვენების დღეს ჭირისუფალს ურიგდება. ასევე ჰალვას აკეთებენ მეშვიდე და 52-ე დღეს.

იმ საღამოს თავისი საყვარელი ჰალვაც გავაკეთეთ სახლში.

აჭარაში მუსლიმური ტრადიციებით დაკრძალვისას ძირითადად კუბოს თავსახურს არ ახურავენ. აქაურების რწმენით ამგვარი დაკრძალვა იმქვეყნიურ ტვირთს უმსუბუქებს მიცვალებულს და ბუნებასთან მარტივად შერწყმას უადვილებს სხეულს.

ყველაზე სევდიანი იმ სახლში დაბრუნებაა, რომლის ამშენებელიც და გამმართავიც ცოტა ხნის წინ მიაბარე მიწას. თუმცა თან იმასაც გრძნობ, თუ რამდენი რამ გაიღეს წინაპრებმა იმისთვის, რომ ღირსეულად გეცხოვრა, ჯანსაღ გარემოში გაზრდილიყავი და ყველაფერი გქონოდა.

სანამ გარდაცვლილს სახლიდან გაასვენებენ სარკეებს ქსოვილებით ფარავენ

აჭარაში ადამიანის გარდაცვალებიდან 52-ე დღეს სულის მოსახსენიებელ ლოცვებს კითხულობენ და გარდაცვლილის ნივთებს უნაწილებენ ახლო ნათესავებს ან მათ, ვისაც ეს ყველაზე უფრო სჭირდება.

აჭარაში სწამთ, რომ გარდაცვალებიდან 52-ე დღეს მიცვალებულის “ძვალი და რბილი” ერთმანეთს შორდება, სული კი მარადისობაში გადადის. ამ დღეს ოჯახში სულის სავედრებელ ლოცვებს კითხულობენ, აკეთებენ ბევრ ჰალვას და ახლობლებს ურიგებენ.

 

52 დღემდე გარდაცვლილის ფოტოსთან წყლით სავსე ჭიქასაც დგამენ,  რომელსაც ზემოდან ხშირ შემთხვევაში დანა ადევს.

სანამ ტანსაცმელს გააჩუქებენ, თურმე წესი ყოფილა, სამჯერ უნდა გაირეცხოს ყველაფერი. როგორი ტრადიციაა, თითქოს იმ ადამიანის სუნისა და კვალის წაშლაა, რომელიც ფიზიკურად აღარ არსებობს. თავიდან ძალიან გავბრაზდი ამაზე, მერე ნელ-ნელა შევეგუე ამ აზრსაც, ბოლოს და ბოლოს, ნივთებია-მეთქი.

ბებოს ნივთებიდან ეს საფულე შემხვდა, ძირითადად,  ქაღალდის ერთ კუპიურას და ხურდებს ინახავდა. “მარო, ფული თუ გინდა, ჩემს საფულეში ნახე” – ეს ფრაზა ალბათ, ყველაზე უფრო მეტჯერ მექნება მოსმენილი მეც და ბებიას სხვა შვილებსა და შვილიშვილებს.

არ ვიცი, მაინცადამაინც საფულე რატომ წამოვიღე, ეს ხომ თითქოს პასუხისმგებლობის წამოღებას ჰგავს იმ სახლიდან, სადაც დაიბადე და გაიზარდე. მაგრამ ალბათ უცებ იზრდები, როცა ბებიას კარგავ.

მშვიდობით, თინა, არ მოგკლებოდეს ლამაზი კაბები და ზაფხულის გრილი ნიავი, რომელიც ასე გიყვარდა, იქ, სადაც ხარ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი