მუსლიმური სამყარო დღეს მარხვის დასრულების დღესასწაულს, რამადან ბაირამს აღნიშნავს. ბათუმში მცხოვრები მუსლიმების ნაწილმა ბაირამი ბათუმის ახალ მეჩეთში, ნაწილმა კი ძველ მეჩეთში აღნიშნა.
ლოცვა დილის 6:40 საათზე დაიწყო. ბათუმის ახალ მეჩეთში მომლოცველთა დიდი ნაკადი იყო. მათ პირბადები ეკეთათ, თუმცა დისტანციის დაცვა ვერ ხერხდებოდა. საჯარო სივრცეში შეკრებისას დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებიდან ერთ-ერთია.
ბათუმის ახალ მეჩეთში არ გამოჩენილან არც ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი და არც აჭარის მთავრობის წარმომადგენლები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მხოლოდ ქუთაისის ქუჩაზე მდებარე ძველ მეჩეთში მივიდა.
ქართველი მუსლიმები წლებია ითხოვენ ბათუმში მეჩეთის მშენებლობას. მიუხედავად იმისა, რომ იყიდეს მიწა, ბათუმის მერია მათ სალოცავის აშენების უფლებას არ აძლევს. მუსლიმებმა უკვე ორი ინსტანციის სასამართლოში მოუგეს დავა ბათუმის მერიას.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 30 სექტემბერს დისკრიმინაციად მიიჩნია მუსლიმი თემის მიმართ ბათუმის მერიის დამოკიდებულება „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მერიის გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს.
2021 წლის 13 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ძალაში დატოვა.