მთავარი,სიახლეები

რატომ არ დააფინანსა მოტობლოკები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ – ინტერვიუ 

11.05.2021 • 4109
რატომ არ დააფინანსა მოტობლოკები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ – ინტერვიუ 

ფერმერების მიერ დაწერილი პროექტების განხილვა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილმა კომისიამ უკვე დაასრულა. შერჩეულ ფერმერებს მონიტორინგის ჯგუფები ამ დღეებში ადგილზე ნახავენ და დააზუსტებენ, რამდენად შეესაბამება რეალობას ის, რაც ფერმერებმა პროექტში ჩაწერეს.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე „ბათუმელებთან“ ინტერვიუში საუბრობს: როგორ შეირჩა პროექტები, რას მიენიჭა უპირატესობა და რის დაფინანსებაზე თქვა უარი სამინისტრომ 2021 წელს.

  • ბატონო გიორგი, რამდენი პროექტი შეირჩა „საოჯახო მეურნეობების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში და რა ეტაპზე ხართ ახლა? 

სულ იყო 3 ათასამდე საპროექტო განაცხადი და შერჩეულია 317 პროექტი. კომისიამ ყველა განაცხადი შეისწავლა, დასორტირდა მიმართულებების მიხედვით და არსებული ბიუჯეტის ფარგლებში გამოიყო პრიორიტეტულად დასაფინანსებელი მიმართულებები. შეირჩა ის პროექტები, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩვენს პრიორიტეტულ მიმართულებას და წესთან შესაბამისობაშია.

როგორც ცნობილია, ჩვენ გვაქვს ბიუჯეტი 1 მილიონამდე ლარი. შესაბამისად, შეირჩა ისეთი მიმართულებები, რის დაძლევასაც შეძლებს ეს ბიუჯეტი. პანდემიის პირობების გათვალისწინებით, მაგალითად, ჩვენ მცირე ტექნიკის დაფინანსებაზე უარი ვთქვით, რადგან ბოლო 10 წლის განმავლობაში დიდი რაოდენობით მცირე ტექნიკაა გაცემული: შესაწამლი აპარატები, მოტობლოკები და მსგავსი დანადგარები.

  • 2 953 ფერმერიდან, ვინც სამინისტროს პროექტით მიმართა, უმრავლესობა – 2 231 ადამიანი ითხოვდა მცირე მექანიზაციის საშუალებებს, მათ შორის, ძირითადად მოტობლოკებს. რის საფუძველზე მიიჩნიეთ, რომ ეს არ იყო პრიორიტეტი? განაცხადების ეს რაოდენობა აჩვენებს, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა მოტობლოკებზე იყო. 

მოთხოვნა დიდი იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრიორიტეტულია… გეტყვით, როგორ ვიმსჯელეთ: თითქმის 8 ათასამდე ტექნიკა გვაქვს დარიგებული 2013 წლის შემდეგ. ეს  მოტობლოკები შესაძლოა ისურვოს ნებისმიერმა იმის მიუხედავად, რამდენად სჭირდება. გარდა ამისა, ჩვენ წელს ასევე გვაქვს პროგრამა უფასო ხვნა-თესვის და ფარცხვის მიმართულებით. შარშანდელთან შედარებით 500-600 ჰექტარით მეტ მიწის ფართობს დავამუშავებთ. რეალურად არ დარჩება ფერმერი, რომელსაც მიწის ნაკვეთი დარჩება დაუხნავი.

მეორე კატეგორიაა მეციტრუსეები, რომლებსაც მოტობლოკის დაფინანსება სურთ, თუმცა ციტრუსის ნაწილში მოტობლოკის გამოყენება საერთოდ არაა რეკომენდებული.

  • მინიმუმ წინასწარ რატომ არ უთხარით ფერმერებს ამის შესახებ, რომ მათ ეს მოლოდინი არ გასჩენოდათ და ტყუილად პროექტები არ დაეწერათ? 

სამინისტრო განსაზღვრავს პოლიტიკას. იცით, როგორ არის? ყველა ეს განაცხადი მოტობლოკზე რჩება აქტიური. 2021 წელს მოტობლოკების დაფინანსება პრიორიტეტულად არ ჩაითვალა, თუმცა 2022 წლის ბიუჯეტს დავგეგმავთ შემოსული განცხადებების საფუძველზე. ჩვენ შემოსული განაცხადით დავთვალეთ რომელი მიმართულება რა დაჯდებოდა: მაგალითად, მრავალწლიან კულტურებზე შემოსულ განაცხადებს დასჭირდებოდა დაახლოებით 2 მილიონი, სათბურებს – 3-4 მილიონი ლარი, მოტობლოკებს – 4-5 მილიონი ლარი.

ჩვენ რომ დაგვეწყო მოტობლოკების დაფინანსება, გაცილებით ნაკლებ პროექტს დავაფინანსებდით და ეს იმ პირობებში, როცა აჭარაში უფასოდ ვხნავთ მიწის ნაკვეთებს. მოტობლოკებზე შემოსული განცხადების დაფინანსება პრიორიტეტად არ ჩაითვალა, თუმცა რაც წელს დაფინანსდა, მაგალითად, მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურა და კენკროვანი კულტურა, მომავალ წელს ამ კულტურებს აღარ დავაფინანსებთ და დავაფინანსებთ ან სათბურებს, ან მოტობლოკებს და შესაწამლ აპარატებს, კიდევ სხვა მიმართულებებს, რაც წელს არ დავაფინანსეთ: ვაზი, თხილის სარჩევი, ღვინის მარნები.

მომავალ წელს რა მიმართულებაზეც გვექნება დაფინანსება, განვიხილავთ უკვე წელს მიღებულ განაცხადებს. თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ მოთხოვნილი განაცხადი არის დადგენილ წესთან მიმართებით სრულყოფილი, ასეთი ტიპის განცხადებები დაფინანსდება. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს პირველად მიეცა შესაძლებლობა ფერმერს, თავად განესაზღვრა საჭიროებები. ჩვენთვის მარტივად დასანახია ფერმერთა ხედვები ქვემოდან ზემოთ და ამის შესაბამისად განისაზღვრა პრიორიტეტები. ამ მიდგომამ ასევე მოგვცა შესაძლებლობა, რომ 2022 წლის ბიუჯეტი დავგეგმოთ მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად.

  • კონკრეტულად რა სახის პროექტები დაფინანსდა წელს? 

წელს პრიორიტეტად შევარჩიეთ კაკლოვანი და კენკროვანი კულტურები ანუ მრავალწლიანი ბაღების გაშენება, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მეფრინველეობა. ადრე თუ ჩვენ მხოლოდ კაკლის ნერგებს ვარიგებდით, წელს ასე აღარ იქნება: ფერმერმა რაც გადაწყვიტა, რომ სჭირდება, იმის შეძენას დავუფინანსებთ. ასევე დაფინანსდა საშრობი, კომპოსტის წარმოება, მესაქონლეობა, მეფუტკრეობა, მებოცვრეობა, მეფრინველეობა, მეღორეობა, დაფნა, ვაშლი, თხილი, მოცვი, კაკალი, ჟოლო, ხურმა, ტყემალი, ქლიავი, კივი, ციტრუსი, წვეთოვანი სისტემები.

ეს 317 პროექტი, რაც შერჩეულია, მის განხორციელებას დასჭირდება მილიონ-ნახევარი ლარი, თუმცა ვვარაუდობთ, რომ მონიტორინგის შედეგად რაღაც გაიცხრილება და საბოლოო ჯამში ჩამოვა მილიონ ლარამდე. თუკი მოხდა ისე, რომ ბევრი პროექტი გაიცხრილა, მაშინ არსებული განაცხადებიდან, რაც შემოსულია და არ შეგვირჩევია, დავამატებთ პრიორიტეტულ მიმართულებას. მაისის ბოლომდე მონიტორინგის პროცესი დასრულდება და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ.

გიორგი სურმანიძე

  • ყველაზე მეტი რა სახის პროექტები დაფინანსდა? საინტერესოა ასევე გადანაწილება მუნიციპალიტეტების მიხედვით.

ყველაზე მეტი გამოდის მოცვის ბაღები. მოცვი, რა თქმა უნდა, პრიორიტეტია, რადგან ფასი ძალიან კარგია და დღითიდღე იზრდება ამ პროდუქტზე მოთხოვნა. ბაზარზე გაყიდვის პრობლემაც მოცვს არ აქვს.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტს: 317 შერჩეული, მაგრამ დასამონიტორინგებელი განაცხადიდან ხულოდან არის 98, შუახევიდან – 35, ქედიდან -47, ხელვაჩაურიდან – 62, ბათუმიდან – 11, ქობულეთიდან – 64. ჩვენი მიდგომა ასეთია, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში დავაფინანსოთ მინიმუმ 30 განაცხადი, ანუ ეს კვოტაა, ხოლო 30-ის შემდეგ იქნება უკვე საერთო კონკურენცია. თუ ბენეფიციარს უკეთესი მონაცემები აქვს სხვა ფერმებთან შედარებით, მნიშვნელობა აღარ მიენიჭება მუნიციპალიტეტს, სადაც მას აქვს მიწის ნაკვეთი.

  • თუკი მონიტორინგით გამოვლინდა, რომ ფერმერების მიერ შევსებული მონაცემები ზუსტია, როგორ შეარჩევთ სასურველი რაოდენობის პროექტებს, რომ ჯამში მილიონ ლარს არ გასცდეს დაფინანსება? 

აქ იქნება მნიშვნელოვანი, ვის უფრო დიდი მიწის ნაკვეთი აქვს, მონაწილეობდა თუ არა ჩვენს რომელიმე პროგრამაში აქამდე. მაგალითად, თუკი მიღებული აქვს წლების წინ მოტობლოკი და გაყიდა ან გააჩუქა, ეს შეიძლება იყოს პირობა, რამდენად კეთილსინდისიერად იყენებს სიკეთეს, რასაც სახელმწიფოსგან იღებს.

  • დაფინანსდა თუ არა რომელიმე ინოვაციური პროექტი? 

ყველაზე საინტერესო იყო კომპოსტის წარმოება ჭიაყელების გამოყენებით. ახალგაზრდა ფერმერს აქვს ეს ბიზნესი შუახევში და მის გაფართოებაზე შემოიტანა განაცხადი. ის ჭიაყელების გამოყენებით ქმნის სასუქს. ცნობილია, რომ ბიოწარმოება არის პრიორიტეტი ზოგადად და ბიომეურნეობებისთვის ასეთი სასუქები არის ძალიან მნიშვნელოვანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: