მთავარი,სიახლეები

16 წლის ბათუმელი ბიჭი: პოლიციელმა გაგვიტაცა და იარაღით დაგვემუქრა მუხლებს დაგიხვრეტთო 

11.05.2021 • 5790
16 წლის ბათუმელი ბიჭი: პოლიციელმა გაგვიტაცა და იარაღით დაგვემუქრა მუხლებს დაგიხვრეტთო 

„პოლიციამ იძულებით ჩაგვსვა მანქანაში, გვემუქრებოდა, 20 ტყვია მაქვს და მუხლებს დაგიხვრეტთო. ბოლოს ჭოროხის პირას დაგვყარა“, – ამბობს ბათუმში მცხოვრები 16 წლის მოზარდი. მისი თქმით, მას და კიდევ ორ არასრულწლოვანს პოლიციელი გუშინ, 10 მაისს, ღამით პოლიციის მანქანაში ემუქრებოდა.

16 წლის დათოს [სახელი შეცვლილია] თქმით, ის და მისი ორი მეგობარი დაახლოებით ღამის თორმეტ საათზე ბათუმში, ინასარიძის ქუჩიდან პოლიციელმა სახლამდე მიიყვანა. იმავე პოლიციელს მოზარდები დილის ექვსის ნახევარზეც შეხვდნენ და ისევ ქუჩაში. ბიჭების მონათხრობით, მეორე შეხვედრის შემდეგ პოლიციელმა ისინი ავტომანქანაში ჩაისვა და დაემუქრა.

„ისე მოხდა, რომ დაახლოებით ღამის თორმეტზე მივდიოდით სახლში, ექვსი ვიყავით… პოლიციამ გაგვაჩერა ამ დროს და გვკითხა, რატომ ვიყავით ქუჩაში. ერთ-ერთს, ვინც ჩვენთან ერთად იყო, ადრე პრობლემები ჰქონდა პოლიციასთან. პოლიციელი გვეკითხებოდა, იციან თქვენმა მშობლებმა, რომ ამის მეგობრები ხართო?

მერე პოლიციელმა მე და კიდევ ორი მეგობარი მანქანით წაგვიყვანა სახლში, დანარჩენები ახლოს იყვნენ სახლთან.

დილის ექვსის ნახევარზე მე და ჩემი მეგობრები ისევ გამოვედით გარეთ იმისთვის, რომ საჭმელი გვეყიდა – „ვილმარტში“ წავედით, კობალაძის ქუჩაზე. ჩემთან მყოფი ერთი მეგობარიც 16 წლისაა, მეორე – 13 წლის. „ვილმარტიდან“ როცა გამოვედით, ისევ იმავე პოლიციელმა გაგვაჩერა, თქვენ კიდევ ქუჩაში ხართო? ჩემმა მეგობარმა უთხრა, რა პრობლემაა, კომენდანტი ხომ უკვე მოხსნილიაო და პოლიციელმა გვითხრა, ყ—ზე მკიდია ეგ, დაჯექითო.

მანქანაში ორი პოლიციელი იყო. ერთი პოლიციელი იყო აგრესიული. გვაგინებდა. ასე გვითხრა, თქვენნაირი ბიჭები ბათუმს დედას უტ….სო, აგერ 20 ტყვია მაქვს და მაგრად დაგენ……თო, მუხლებს დაგიხვრეტთო. ვერ გავიგეთ, რა უნდოდათ. რამე დავაშავეთ-მეთქი და რა არ დააშავეთო. მეორე პოლიციელმა მობილური გამომართვა, ჩემს მესინჯერში შევიდა, ვაიბერშიც და მერე დამიბრუნა. ქალაქს რამდენჯერმე დავარტყით წრე და ბოლოს აეროპორტის ბოლოს, ჭოროხთან მისვლამდე ჩამოგვსვა მანქანიდან“, – ამბობს დათო „ბათუმელებთან“.

დათომ გვითხრა, რომ ის დედასთან ერთად ცხოვრობს, რომელიც მუშაობს და თვითონ სკოლაში აღარ დადის.

„მე-9 კლასიდან გამოვედი, ვაპირებ, რომ პროფესიულში ვისწავლო,“ – დასძინა მან.

მოზარდები ბათუმისკენ ფეხით წამოვიდნენ. ბათუმელი კაცი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ მოზარდები მას ახალ ბულვარში შეხვდნენ შემთხვევით, ხელი დაუქნიეს და ისინი სახლამდე (ვილმარტთან) წაიყვანა…

16 წლის დათო და მისი დედა ამბობენ, რომ პოლიციელებს არ უჩივლებენ – „აზრი არ აქვს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: