მთავარი,სიახლეები

რა უნდა ვიცოდეთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე – პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

14.03.2021 • 1745
რა უნდა ვიცოდეთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე – პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

15 მარტს საქართველოში დაიწყება COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე მედპერსონალი უნდა აცრან. ვაქცინაცია არის უფასო და როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო.

საქართველოში ვაქცინაცია კოვიდის წინააღმდეგ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იწყება. რა ვიცით ამ ვაქცინაზე? „ბათუმელები“ გთავაზობთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს.

  • ვინ შექმნა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა? 

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა სახელწოდებით – AZD1222 – ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის, „ასტრაზენეკას“ პროდუქტია. ვაქცინა დაშვებული იქნა 2020 წლის 30 დეკემბერს, ხოლო 2021 წლის 4 იანვარს დიდ ბრიტანეთში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირველი ადამიანი, 82 წლის ბრაიან პინკერი აცრეს  ჩერჩილის ჰოსპიტალში, ოქსფორდში.

  • რამდენად ეფექტურია „ასტრაზენეკას“ ვაქცინა?

ჯანმოს ცნობით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა SARS-CoV-2-სგან 63,09 პროცენტით იცავს, თუმცა თებერვალში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის ეფექტურობა COVID19-ის სიმპტომური ინფექციის წინააღმდეგ მეორე დოზით აცრის შემდეგ 82%-მდე იზრდება.

  • რამდენად უსაფრთხოა ასტრაზენეკას ვაქცინა? 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, არ დადგენილა მიზეზობრივი კავშირი „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და ჯანმრთელობის პრობლემებს შორის.

  • როგორ მოქმედებს ვაქცინა? 

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა შექმნილია ე.წ. „გაციების“, უფრო ზუსტად – ადენოვირუსის დასუსტებული ვერსიისგან, მას არ შეუძლია დაავადების გამოწვევა.

ვაქცინაციის შემდეგ ვაქცინა ეხმარება ორგანიზმს ვირუსისგან დამცავი მექანიზმის, ანტისხეულების წარმოქმნაში, რაც ვაქცინირებულ პირს საჭიროების შემთხვევაში ეხმარება COVID-19-ისგან დაცვაში. ვაქცინის არცერთ ინგრედიენტს არ შეუძლია გამოიწვიოს COVID-19.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა კეთდება 18 წლის ასაკიდან.

  • რამდეჯერ კეთდება „ასტრაზენეკას“ ვაქცინა?

აღნიშნული ვაქცინა კეთდება ორჯერ, კუნთში, ჩვეულებრივ – მკლავზე.

მეორე ინექციის გაკეთება შესაძლებელია პირველი ინექციიდან 4-12 კვირის პერიოდში. მეორე ინექცია ასევე უნდა ჩატარდეს იმავე და არა სხვა კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინით.

  • რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს ვაქცინას? 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, გვერდითი მოვლენები, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ AstraZeneca-ს ვაქცინის კლინიკური კვლევების დროს, შემდეგი იყო:

ძალიან ხშირი [შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1 ადამიანზე მეტს] – ნანემსარ ადგილას ტკივილის, სითბოს ან ქავილის შეგრძნება; ზოგადი სისუსტე; დაღლილობის შეგრძნება; შემცივნება ან სიცხე; თავის ტკივილი; გულისრევის შეგრძნება; სახსრების ან კუნთების ტკივილი.

ხშირი [შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1 ადამიანს] – შეშუპება ან სიწითლე ინექციის დროს; ცხელება.

ასეთივე გვერდითი მოვლენები აქვს არაერთ ვაქცინას, რომლებიც წლებია წარმატებით გამოიყენება მსოფლიოში.

  • რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინის გაკეთებამდე? 

ჯანმოს ცნობით, უნდა უთხრათ ექიმს ან ექთანს ვაქცინაციის დაწყებამდე, თუ თქვენ როდესმე გქონიათ მწვავე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) სხვა ვაქცინის ინექციის შემდეგ; თუ თქვენი იმუნური სისტემა შესუსტებულია (იმუნოდეფიციტი), ან იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც ასუსტებენ იმუნურ სისტემას (მაგალითად, მაღალდოზიანი კორტიკოსტეროიდები, იმუნოდეპრესანტები ან კიბოს სამკურნალო საშუალებები); თუ ვაქცინაციის მომენტისთვის გაქვთ მწვავე ინფექცია მაღალი ტემპერატურით (38 ° C- ზე მეტი); თუ გაქვთ სისხლდენა ან სისხლჩაქცევები, ან იღებთ სისხლის გასათხელებელ მედიკამენტებს (ანტიკოაგულანტებს).

  • რამდენ ხანს იცავს ვაქცინა? 

ამჟამად არ არის ცნობილი, რამდენ ხანს შეძლებს COVID19-ისგან დაცვას „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. კვლევები გრძელდება.

ჯანმოს ცნობით, როგორც ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში, AstraZeneca-ს ვაქცინამ შეიძლება ყველა არ დაიცვას, ვინც COVID-19-ისგან დაცვის მიზნით ვაქცინაცია ჩაიტარა.

  • შეიძლება თუ არა ორსულების აცრა? 

ცხოველებზე წინასწარი კვლევები არ აჩვენებს მავნე ზემოქმედებას ორსულობაზე, თუმცა ორსული ქალების ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ ჯანდაცვის სპეციალისტები, სარგებლისა და რისკის გათვალისწინებით.

  • რომელ ქვეყნებში  იყენებენ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას? 

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, მექსიკაში, ნიგერიაში და ა.შ.

  • რატომ შეაჩერეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ზოგიერთ ქვეყანაში? 

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა პირველად დანიამ შეაჩერა 14 დღით, რადგან ქვეყანაში რამდენიმე ადამიანს თრომბი განუვითარდა, 1 შემთხვევა კი ფატალურად დასრულდა. მოგვიანებით მსგავსი გადაწყვეტილება ნორვეგიამ და ისლანდიამაც მიიღეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა პარასკევს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „ასტრაზენეკა შესანიშნავი ვაქცინაა“ და არ დადგენილა მიზეზობრივი კავშირი მასსა და ჯანმრთელობის ზემოხსენებულ პრობლემებს შორის. მისივე თქმით, ჯანმოს ამ დრომდე არ გამოუვლენია გარდაცვალების შემთხვევა, რომელიც ვაქცინაციასთან იყო დაკავშირებული.

სახელმწიფოებს „ასტრაზენეკას“ გამოყენების შეჩერებას არც „ევროპის მედიკამენტების სააგენტო“ (EMA) ურჩევს. ორგანიზაცია დასძენს, რომ არ გამოვლენილა ნიშანი, რომელიც ვაქცინასა და მისი გამოყენებით აცრილ ადამიანთა შორის თრომბის განვითარებას ერთმანეთთან დააკავშირებს.

  • როგორ ინახება ვაქცინა? 

„ფრაიზერის“ ვაქცინისგან გასხვავებით, რომელიც ინახება -70 გრადუსზე, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შენახვა შესაძლებელია ჩვეულებრივ მაცივარშიც, რაც აადვილებს მის შენახვას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: