ბათუმი,კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოსაწყობად 865 ათასი ლარი დაიხარჯება

11.05.2021 • 10916
ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოსაწყობად 865 ათასი ლარი დაიხარჯება

ხულოში, ხიხაძირის ხეობაში მდებარე ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკი მოეწყობა. სამუშაოებისთვის 865 ათასი ლარია გამოყოფილი. ტენდერი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2021 წლის 27 მაისს დაიწყება და პირველ ივნისს დასრულდება.

„კეთილმოწყობილი ასასვლელი ბილიკი, რომელიც ასვლას არ ამარტივებს, მაგრამ ქმნის უსაფრთხო გარემოს, ციხე-სიმაგრეს კიდევ უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის უკვე არამხოლოდ მოლაშქრეებისთვის, არამედ ვიზიტორებისთვის,“ – აღნიშნულია სატენდერო განცხადებაში.

„შესყიდვის მიზანია აჭარის რეგიონში, ერთ-ერთ ყველაზე მაღალ რელიეფზე მდებარე და რთულად მისასვლელ ციხეზე თანამედროვე სტანდარტების ასასვლელი ბილიკის მშენებლობა და ბილიკთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს სხალთა-ხიხანის ხეობაში ტურისტული ნაკადების ზრდას, ამავდროულად გაზრდის მის როგორც ტურისტული პროდუქტის ცნობადობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე“, – აღნიშნულია სატენდერო განაცხადში.

ხიხანის ციხე / 2018 წელი /

ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და ყველაზე რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა მაღალმთიან აჭარაში. უნიკალურია, როგორც თავისი ადგილმდებარეობით და იერ-სახით, ისე გარშემორტყმული ლანდშაფტით. ციხე განთავსებულია მთის ფერდობზე ერთ-ერთ ყველაზე რთულ რელიეფზე, სადაც ასვლა შესაძლებელია მხოლოდ მთის აღმართში გაკვალული ბილიკით, რომელიც დღეის მდგომარეობით გარკვეულ მონაკვეთებში არის სახიფათო და მისი დალაშქვრა განსაკუთრებულ ფიზიკურ მზაობას მოითხოვს“.

„აქ-კაცო-კაცს-რაუნდა“ – წარწერა ხის ძელზე, რომელიც ციხესთან ასასვლელ ბილიკზე, ფერდობთან, ერთგვარი დაცვის მიზნით არის გადებული /2018 წელი /

მკაცრი კლიმატური პირობების და რელიეფის გამო პროექტით გათვალისწინებულია მდგრადი, ამტანი და მოცურების საწინააღმდეგო კონსტრუქციის მოწყობა, მათ შორის კიბეების, ზოგან კი, ბილიკის გაფართოება.

ხიხანის ციხესთან მისასვლელი ბილიკი – ფოტო პროექტიდან

გარდა ამისა, იქ, სადაც ლანდშაფტი იძლევა საშუალებას – მოსასვენებელი სამ და ოთხადგილიანი სკამები მოეწყობა.

ინფრასტრუქტურა ხიხანის ციხესთან მისასვლელ ბილიკზე – ფოტო პროექტიდან

ტენდერის მიხედვით, ვინაიდან რელიეფიდან გამომდინარე ბილიკზე გავლა შესაძლებელია მხოლოდ მაისი – ოქტომბრის თვეში [სეზონის სხვა პერიოდი ეს ხეობაში თოვლით არის დაფარული], ამიტომ სამშენებლო სამუშაოების პერიოდიც მხოლოდ წლის ამ მონაკვეთს მოიცავს.

ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის პირველ ნოემბრამდე პერიოდი, თუმცა „სამშენებლო ობიექტის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, 2021 წლის 1-ლი ნოემბრიდან 2022 წლის 1-ელ მაისამდე პერიოდი ვალდებულების შესრულების ვადაში არ ითვლება. ამ პერიოდში სამუშაოების წარმოება უნდა შეჩერდეს“.

ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოწყობა ადრე დაიგეგმა. 2020 წელს კი, ხიხანის ციხეზე გეოლოგები და ტოპოგრაფები კვლევით სამუშაოებს ატარებდნენ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/282853/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: