განათლება,მთავარი,სიახლეები

ქართველმა სტუდენტებმა მართლმსაჯულების საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვეს

11.05.2021 • 5505
ქართველმა სტუდენტებმა მართლმსაჯულების საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვეს

სამი ქართველი სტუდენტისგან შემდგარმა გუნდმა მართლმსაჯულების საერთაშორისო კონკურსში  გაიმარჯვა.

ნინო საყვარელიძე, მარიამ გეგუჩაძე და ანა ჯიქია გამარჯვებული გუნდის წევრები არიან. ისინი კემბრიჯის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან.

ნინო საყვარელიძე კი, რომელიც საუკეთესო სპიკერადაც დასახელდა, ლუქსემბურგშიც გაემგზავრება სტაჟირებაზე ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში. 

გამარჯვებული გუნდის წევრებს „ბათუმელები“ ესაუბრა. ნინო საყვარელიძე „თავისუფალ უნივერსიტეტში“ სწავლობს, მარიამი და ანა კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტები არიან.

კონკურსი Central and East European Moot Court Competition-ი 1996 წლიდან იმართება და საქართველო წელს პირველად გახდა ამ კონკურსის გამარჯვებული. კონკურსში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 20-მდე ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველოც.

„საკონკურსო საკითხები მთლიანად ეხებოდა ევროკავშირის სამართალს, საჯარო შესყიდვებს და მოცემული გქონდა კონკრეტული ქეისები  ევროკავშირის სასამართლო საქმეებიდან, რაზეც უნდა გვემსჯელა. დაახლოებით 30-ზე მეტი საქმე იყო, ასევე საკითხები მოიცავდა ევროკავშირის კანონმდებლობას და რეგულაციებს.

ჩეხეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის წევრები არიან და ამ მხრივ მათ წარმომადგენლებს  მეტი გამოცდილება ჰქონდათ, რადგან კონკრეტულ ქეისებთან ჰქონდათ შეხება, ჩვენ კი, ამ მხრივ დიდი გამოცდილება არ გვქონია. ამის მიუხედავად, ტრენერის გარეშე, ჩვენ სამმა მაინც შევძელით ამ შედეგის მიღწევა,“ – გვითხრა ნინო საყვარელიძემ.

ნინო, მარიამი და ანა კონკურსში მონაწილეობის დროს

გოგოების თქმით, სახელმწიფო შესყიდვები აქტუალური საკითხია საქართველოსთვის და ამიტომაც დაინტერესდნენ მსგავსი კონკურსით.

„კონკურსის სპეციფიკა ის იყო, რომ ამ ქეისებიდან ამოგვეკრიფა რელევანტური არგუმენტები. ერთ-ერთ ქეისში საუბარი იყო იმაზე, რომ კერძო კომპანიამ ყოველგვარი შეჯიბრის გარეშე გააფორმა ხელშეკრულება სხვა კომპანიასთან, ანუ ქვეკონტრაქტორთან  და უნდა განგვეხილა, ჰქონდა თუ არა მას ვალდებულება ქვეკონტრაქტორის აყვანაზე საჯაროდ გამოეცხადებინა კონკურსი, რადგან მას თანხა მიღებული ჰქონდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან.

ერთი მხარის არგუმენტი იყო, რომ კონკურსი უნდა ყოფილიყო საჯარო, რადგან ევროკავშირის ბიუჯეტთან გვაქვს საქმე,  თუმცა მეორე მხარე ამტკიცებდა, რომ ის კერძო კომპანიაა და უნდა ჰქონდეს ამ თანხის თავისუფლად განკარგვის უფლება, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მიიღო ეს თანხები“ – გვეუბნება ნინო. მისი თქმით, ასეთ იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობა საინტერესოა იმით, რომ სწორი პასუხი რეალურად არავის არ აქვს და დღემდე მსჯელობენ როგორც კანონმდებლები, ასევე ევროსასამართლოს მოსამართლეები.

„საქართველოში საჯარო ტენდერებთან შეხება არ მქონია, თუმცა ყოველთვის, ყველა ქვეყანაში აქტუალურია ეს საკითხი იმ მხრივ, რომ ყოველთვის არსებობს კორუფციის რისკები,“ – ამბობს ნინო.

შეჯიბრი ოთხი ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე კონკურსანტ გუნდს უნდა მოემზადებინა მემორანდუმი, შემდეგ იყო პირველი ზეპირი გამოსვლა, სადაც გუნდს ორი თამაში ჰქონდა. თამაშში მონაწილეობდა როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე მხარე. შემდეგ არის ნახევარფინალი სადაც ასევე ორი მხარე მონაწილეობს დაპირისპირებულ თამაშში. ფინალურ ეტაპზეც ორი თამაში იყო მოცემული, თუმცა როგორც გოგონები ამბობენ, განსხვავება  კითხვებს და თემებს შორის იყო.

„სლოვენიის გუნდი იყო მეორე ფინალისტი და მათ ვეთამაშეთ. ობიექტურად, ძალიან რთული იყო  ფინალური რაუნდი, რადგან მოქმედი კანონმდებლები მონაწილეობდნენ და მოქმედი მოსამართლეები მსაჯობდნენ. არასწორი პასუხის შემთხვევაში მაშინვე გისახელებდნენ საპირისპირო არგუმენტს და იქვე უნდა მოგეფიქრებინა სწორი პასუხიც,“ – ამბობს ნინო.

მისი თქმით, ერთ-ერთი თემა შეეხებოდა დავას. თუკი რომელიმე მხარე საჯარო შესყიდვის შედეგებს ვინმე გაასაჩივრებდა, ეს დავა უნდა გადაწყვეტილიყო შიგნით, ფარულად თუ საჯაროდ? „მხარეები ამბობდნენ, რომ საჯაროდ, რადგან ეს გამორიცხავს მოსყიდვის რისკებს“ – გვეუბნება ნინო საყვარელიძე.

„ჩვენს ერთ-ერთ ქეისში ერთ მხარეს იყო კერძო კომპანია, მეორე მხარეს კი  – ევროკომისია. იყო კითხვა, რომ ევროკომისიამ ეს ხელშეკრულება დადო როგორც კერძო პირმა, თუ საჯარო ორგანომ და ჩვენ ამაზე უნდა გვემსჯელა,“ – ამბობს ნინო.

მარიამ გეგუჩაძის თქმით, ქართულ უნივერსიტეტებში იმიტირებული შეჯიბრებები თითქმის არ იმართება, ცოდნას ძირითადად თეორიულად იღებენ სტუდენტები და აუცილებელია, რომ ეს კომპონენტი გაძლიერდეს.

„პრაქტიკულ გამოცდილებას ნაკლებად ვიღებთ ხოლმე სტუდენტები. ამასთან, ჩვენ რადგან კერძო სამართლის მიმართულებით ვსწავლობთ, ევროკომისიის მოსამართლეები გვესწრებოდნენ, ისინი მსაჯობდნენ და მათთანაც მუშაობის გამოცდილება ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო.

სრულიად განსხვავებულია ქართველი მოსამართლეებისგან მათი კითხვების დასმის ტექნიკაც და ენობრივი ბარიერების დაძლევის მხრივაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ,“ – ამბობს მარიამი.

მისი თქმით, ამ კონკურსში გამარჯვებამ ის კიდევ ერთხელ დაარწმუნა გუნდური მუშაობის მნიშვნელობაში.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გუნდური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროფესიისთვის. პირველი შემთხვევაა ისიც, რომ ორი უნივერსიტეტი გაერთიანდა და გაიმარჯვა საქართველოს სახელით“.

მარიამის აზრით, უნივერსიტეტებში იმიტირებული თამაშების დაფინანსებით კერძო კომპანიებიც უნდა დაინტერესდნენ, რადგან ევროპულ უნივერსიტეტებს სწორედ ეს თანამშრომლობა ეხმარებათ პრაქტიკული ცოდნის გაძლიერებაში.

ანა ჯიქია ამბობს, რომ მისთვის იმ მხრივ იყო ამ კონკურსში მონაწილეობა მნიშვნელოვანი, რომ დამამთავრებელ კურსზეა და სხვა დროს არ ჰქონია ასეთი შესაძლებლობა.

„მე პირადად არასამთავრობო ორგანიზაციაში ვსაქმიანობ და ეს სფერო დამეხმარა საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლაში. ჩვენი ქეისიც ეხებოდა ევროკავშირის გრანტს და მის ფარგლებში დაკისრებულ გარკვეულ ვალდებულებებს,“ – ამბობს ანა.

უნივერსიტეტებში პრაქტიკის გაძლიერებაზე ანაც საუბრობს. მისი თქმით, ქართულ უნივერსიტეტებში რამდენიმე საერთაშორისო იმიტირებული პროცესი დანერგილია, თუმცა ამ შემთხვევაში არ ყოფილა უნივერსიტეტის მხრიდან ხელშეწყობა და საერთაშორისო მართლმსაჯულების კონკურსში მონაწილეობისთვის გოგოები მოხალისეობრივად გაერთიანდნენ.

„მე, პირადად, პრაქტიკული გამოცდილება მუშაობის პროცესში შევიძინე და არა უნივერსიტეტში სწავლის დროს,“ – გვითხრა ანამ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: