ბათუმი,მთავარი,სიახლეები

სახიფათო ადგილები ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე [ფოტო]

12.05.2019 •
სახიფათო ადგილები ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე [ფოტო]

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი რამდენიმე ადგილზე იმდენადაა დაზიანებული, რომ საფრთხეს უქმნის როგორც ქვეითებს, ასევე ავტომანქანების მოძრაობას. ამ ადგილებში, სავარაუდოდ, ადიდებული მდინარე აჭარისწყლის მიერ გამორეცხილია ფერდობი, დაზიანებულია სპეციალური რკინის მოაჯირები, მდინარის კალაპოტი კი თითქმის გზის [ასფალტის საფარის] ზოლიდან იწყება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის გზის მოვლა-შენახვაზე ხელშეკრულება [სხვადასხვა მონაკვეთზე – ანგისიდან ხულომდე] ორ უცხოურ კომპანიასთან არის გაფორმებული. „ბათუმელებმა“ ამ კომპანიებთან დაკავშირება ვერ შეძლო. ქედის მერიაში კი გზის მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებელ კომპანიად „ზიმო 7“ დაგვისახელეს.

„როცა ქვა-ღორღი ჩამოიყრება გზაზე ან სხვა შეფერხებაა, ჩვენ „ზიმო 7“-ის წარმომადგენელს ვუკავშირდებით და წმენდენ. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზის უმეტესი მონაკვეთი მოასფალტებულია, გარკვეულ მონაკვეთზე კი ორმული სამუშაოები ჩაატარეს. დასაგებია ასფალტი, მოსახლეობაც შეწუხებულია, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ტენდერი უნდა გამოაცხადოს საქართველოს გზების დეპარტამენტმა. ამ შემთხვევაში, მდინარის მიერ დაზიანებული მონაკვეთების აღდგენაზე კი, კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს“, – გვითხრეს ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურში.

„ზიმო 7“-ის წარმომადგენლის თქმით, გზის აღნიშნულ მონაკვეთს ზედამხედველობს ხორვატიული კომპანიაც და „ზიმო 7“-იც.

„ჩვენ ხელშეკრულება გზის მოვლა-შენახვაზე გაფორმებული გვაქვს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან. ამ ხელშეკრულებაში მდინარის კალაპოტის გასწვრივ გზის ჩაწყვეტილი ადგილების აღდგენა არ შედის. ყველა ასეთი ადგილი დასურათებულია და გადაგზავნილია გზების დეპარტამენტში. ალბათ ჩამოვლენ დეპარტამენტის საპროექტოდან სპეციალისტები და შეადგენენ პროექტს, რომლის მიხედვითაც ამ ადგილების აღდგენა-გამაგრებაზე დეპარტამენტი, ალბათ, ტენდერს გამოაცხადებს. სამუშაოებს კი, ტენდერში გამარჯვებული შეასრულებს. ასეთი სამუშაო [გზის გამაგრება მდინარის გასწვრივ – ავტ.] გზის ამ მონაკვეთში კარგა ხანია არ ჩატარებულა“, – გვითხრეს „ზიმო 7“-ში.

ბათუმი-ახალციხის გზის დაზიანებული მონაკვეთები ქედის ტერიტორიაზე:

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი /ქედის მუნიციპალიტეტი / 10.05.2019

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი /ქედის მუნიციპალიტეტი / 10.05.2019

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი /ქედის მუნიციპალიტეტი / 10.05.2019

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი /ქედის მუნიციპალიტეტი / 10.05.2019

გადაბეჭდვის წესი


ასევე: