ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რა იგეგმება ხულოში დანისპარაულიდან გოდერძიმდე – კონცეფცია

12.05.2021 • 2541
რა იგეგმება ხულოში დანისპარაულიდან გოდერძიმდე – კონცეფცია

სასტუმრო კომპლექსი, საცხოვრებელი უბნები, საზაფხულო ბანაკი და სპორტული ცენტრი, ასევე, კურორტ გოდერძის ძირითად ნაწილთან შესაძლო შიდა კავშირისათვის საბაგირო გზის მოსაწყობად განკუთვნილი ტერიტორია – ამ ყველაფერს ითვალისწინებს კონცეფცია, რომელიც ხულოში, სოფელ დანისპარაულთან ახლოს მდებარე ტერიტორიის განაშენიანებას ითვალისწინებს. საპროექტო ტერიტორიაზე გამოყოფილია ბიატლონისათვის არენის, სასროლეთისა და საჯარიმო წრისთვის გამოსაყენებელი არეალი.

აღნიშნულ საპროექტო ტერიტორიას კვეთს ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი, კონცეფციის მიხედვით კი, ტერიტორიის განვითარება დაგეგმილია გზის ორივე მხარეს… „ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ამგვარმა განვითარებამ არ გამოიწვიოს შიდასახელმწიფოებრივი გზის შიდაკვარტალურად გარდაქმნა, როგორც ვიზუალური ასევე ქალაქთმშენებლობითი თვალსაზრისით, საცხოვრებელი უბნები დასაგეგმარებელი ტერიტორიის სიღრმეში განთავსდება, გზის მოშორებით“.

საპროექტო არეალი 114,8 ჰექტარია, საიდანაც, კონცეფციის მიხედვით, განაშენიანებული ტერიტორია იქნება 20 ჰექტარი, ანუ მთელი ტერიტორიის 18%.

ფოტო კონცეფციიდან

საპროექტო ტერიტორიაზე არის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთები.

საცხოვრებელი ზონები დაგეგმილია ოთხი ტიპის განაშენიანებით:

  • სააგარაკე საცხოვრებელ ზონაში – ინდივიდუალური საცხოვრებელი კოტეჯების სახით, რომელთა სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 2 სართულს მანსარდული ან ნახევრადმანსარდული სართულის ჩათვლით.
  • დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც შესაძლებელია ერთიანი სისტემაში მოქცეული მცირე საოჯახო სასტუმროების ან ინდივიდუალური საცხოვრებელი ბლოკირებული სახლების მშენებლობა, რომელთა სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 3 სართულს მანსარდული ან ნახევრადმანსარდული სართულის ჩათვლით.
  • საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაში – შესაძლებელია ცალკე მდგომი მრავალბინიანი ან საოჯახო სასტუმროს მშენებლობა, რომელთა სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 5 სართულს მანსარდული ან ნახევრადმანსარდული სართულის ჩათვლით.
  • მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონში, დაგეგმილი სასტუმროების მშენებლობა, მიზანშეწონილია განხორციელდეს ჩამოყალიბებული რელიეფის გათვალისწინებით – ტერასულად, რომლის სართულების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 6 სართულს მანსარდული ან ნახევრადმანსარდული სართულის ჩათვლით.

საპროექტო ტერიტორიის ზონირება გოდერძის მიმდებარედ / ფოტო კონცეფციიდან

ხულოს მერიის ინფორმაციით, „კურორტ „გოდერძი“-ს მიმდებარე ტერიტორიის სამშენებლო განვითარების საკითხი ბოლო წლებში გააქტიურებულია მიწის მესაკუთრეთა მხრიდან. მუნიციპალიტეტის თხოვნის საფუძველზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაწყებული აქვს მითითებული ტერიტორიის განაშენიანების დეტალურ გეგმაზე მუშაობა, ტერიტორიის მოსალოდნელი განაშენიანების რეგულირების, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექნისა და ქაოსური, უსისტემო სამშენებლო განვითარების თავიდან აცილების მიზნით“.

კურორტ „გოდერძის“ მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმის“ პროექტთან დაკავშირებით სკრინინგის განცხადებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხულოს მერიამ მიმართა.

სკრინინგი არის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროებას.

სამინისტროს გადაწყვეტილებით აღნიშნული გეგმა სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას დაექვემდებარა.

 

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება [სგშ] – ეს არის გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: