მთავარი,სიახლეები

კოვიდზე აცრილები ხულოდან, ქედიდან და შუახევიდან

12.05.2021 • 2111
კოვიდზე აცრილები ხულოდან, ქედიდან და შუახევიდან

აჭარის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. ვაქცინაციაზე დარეგისტრირება ამ დროისთვის არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არის შესაძლებელი, ადგილები დაჯავშნილია.

ნარგიზ დეკანაძე ხულოს საკრებულოს წევრი და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. ის რამდენიმე დღის წინ „სინოფარმით“ აიცრა. იგი ფიქრობს, რომ ვირუსისგან დასაცავად ეს ერთადერთი გზაა და სხვებსაც მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დარეგისტრირდნენ და აიცრან. ნარგიზ დეკანაძის თქმით, განსაკუთრებით ის ადამიანები უნდა იყვნენ მობილიზებული, ვინც უახლოეს მომავალში მთაში წასვლას აპირებენ, რომ შემდეგ აუცრელები და დაუცველები არ დარჩნენ.

„მე თვითონაც გადავიტანე ვირუსი, რთულად არა, მაგრამ არც მარტივად. როგორც კი დაიწყო რეგისტრაცია ხულოში, მაშინვე გადავწყვიტე [აცრა].

ნდობა მაქვს ვაქცინაციის პროცესის მიმართ და სხვებსაც მოვუწოდებ.

არ მიყვარს ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ ამ შემთხვევაში ფოტოებიც დავდე, რომ სხვებიც წამეხალისებინა.

ბევრს დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ უნდა ავიცრათ, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს“.

ნარგიზ დეკანაძე

ნარგიზ დეკანაძის ინფორმაციით, ხულოს საკრებულოს თითქმის ყველა წევრი უკვე აცრილია. ის, რომ ხულოში ყველა ვაქცინა დაჯავშნილია, მისთვის სასიხარულო ფაქტია.

ნუგზარ ბერიძე. ფოტო: facebook

„სინოფარმით“ აიცრა კორონავირუსზე ნუგზარ ბერიძე. რეგისტრაციისას თავისუფალი ადგილი შუახევში დაფიქსირდა და მან ამ შესაძლებლობით ისარგებლა.

„ვაქცინაციის გეშინია მაშინ, როცა ინფორმაცია არ გაქვს“, – გვითხრა მან.

ნუგზარ ბერიძე ამბობს, რომ „სინოფარმზე“ ინფორმაცია ინტერნეტში მოიძია, გაეცნო და ასაცრელად დარეგისტრირდა.

„მე კორონავირუსი არ გადამიტანია. რადგან ვაქცინა გამოჩნდა, ვიფიქრე ავიცრები და იქნებ ისეც მოხდეს, რომ საერთოდ არ გადავიტანო-მეთქი. სხვებსაც მინდა ვუთხრა, ნუ შეეშინდებათ, ნახევარი საათის წინ ავიცერი და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მალე მეორე დოზითაც ავიცრები“, – გვითხრა ნუგზარ ბერიძემ.

ჯუმბერ შარაძე ქედის მუნიციპალიტეტის აგროსერვისცენტრის თანამშრომელია. ისიც „სინოფარმით“ აიცრა.

ჯუმბერ შარაძე. ფოტო: facebook

„რეკლამის ფარგლებში მოვუსმინე ინფორმაციას და უცებ მივიღე გადაწყვეტილება, დავრეგისტრირდი და ორი დღის წინ ჩავიტარე ვაქცინაცია. ჩემ გარშემო ადამიანებს ყველას ვურჩიე, რომ აუცილებლად აიცრან და რამდენიმეს დარეგისტრირებაშიც დავეხმარე.

ახლაც ვეწევი აქტიურ აგიტაციას ჩემი სურვილით, რომ ყველამ დაცულად ვიგრძნოთ თავი“, – გვითხრა ჯუმბერ შარაძემ.

დღეის მონაცემებით აჭარაში 6417 ადამიანია აცრილი კორონავირუსზე, მათგან 3240 – „ფაიზერით“, 1814 – „ასტრაზენეკათი“ და 1363 – „სინოფარმით“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: