ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

როგორ გამოისყიდი სახელმწიფო მიწას, რომელსაც იჯარით სარგებლობ – ახალი წესი

11.05.2021
როგორ გამოისყიდი სახელმწიფო მიწას, რომელსაც იჯარით სარგებლობ – ახალი წესი

მოიჯარეს, რომელსაც სახელმწიფოსგან მიწა იჯარით აქვს აღებული, შეუძლია ეს მიწა შეისყიდოს, უკვე მისი ღირებულების 75%-ის გადახდით. მიწის ფასს დამოუკიდებელი ექსპერტი ადგენს. ამ დრომდე მოიჯარეს მიწის გამოსასყიდად ღირებულების 100% უნდა გადაეხადა.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიწის გამოსყიდვა შეუძლია იმ მოიჯარეს [ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს], რომელსაც იჯარის ხელშეკრულება ამ პროგრამის ამოქმედებამდე, ანუ 2020 წლის 24 ივლისამდე, არანაკლებ 6 თვით ადრე აქვს დადებული სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან; ამასთან, განცხადების წარდგენის დროისათვის ეს ხელშეკრულება მოქმედია და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა 10 მაისს განაცხადა, რომ მოიჯარეებს, რომელთაც მიწის გამოსყიდვა მოუნდებათ, სახელმწიფო 25%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს.

2021 წლის 11 მაისიდან კი ძალაში შევიდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც „პროგრამით დადგენილი წესით მოიჯარისთვის უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, საპრივატიზებო თანხა განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დას­კ­ვნით დადგენილი მიწის ნაკვეთისა (მასზე არსებული ნარგავების ღირებულების ან/და მოიჯარის მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურის გარეშე) და იჯარის ხელშეკრულების დადებისას ამავე მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის საბაზრო ფასის 75%-ის ოდენობით.“

მოიჯარემ უძრავი ნივთის საპრივატიზებო თანხა უნდა გადაიხადოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: