განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმის რომელ სკოლებში დაემატება ადგილები პირველკლასელებისთვის – რესურსცენტრი

13.05.2021 • 6922
ბათუმის რომელ სკოლებში დაემატება ადგილები პირველკლასელებისთვის – რესურსცენტრი

სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს, თუმცა პირველკლასელთა ნაწილი სასურველ სკოლაში ვერ მოხვდა. ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბათუმის შვიდ სკოლაში ამ დროისთვის 175 თავისუფალი ადგილია. თუმცა ამ სკოლებზე მოთხოვნა, როგორც ჩანს, არ არის ან ტერიტორიულად არ მიესადაგება კონკრეტულ პირველკლასელს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვი ვერ დარეგისტრირდა იმ უბანში ან ახლომდებარე სკოლაში, სადაც ცხოვრობს?

„თუ მაინც და მაინც მესამე სკოლას ელოდებიან, იქ ფიზიკურად არ არის შესაძლებლობა დარეგისტრირების. შეიძლება პირველ, მეორე, მესამე საჯარო სკოლებში ვერ მოხვდეს ბავშვი, მაგრამ სხვა, ცოტა განაპირა სკოლებში ადგილები დაემატება.

ჩვენ ვმუშაობთ სკოლებთან და ვისაც აქვს დამატებითი კლასის გახსნის საშუალება, იქ დაემატება პარალელური კლასები. მაგალითად, ბათუმის მე-6 სკოლას 50 ადგილი დაემატება, მე-14 სკოლას – 25 ადგილი. მე-20 სკოლასაც დაემატება კლასები. ასევე ბენზეში და გოროდოკში მე-5 სკოლას დაემატება თითო-თითო კლასი. შესაძლოა მე-9 სკოლაშიც დაემატოს კლასი. ასე, რომ ამ საკითხებზე ვმუშაობთ. ყოველ შემთხვევაში, არც ერთი ბავშვი არ დარჩება სკოლის გარეთ“, – ამბობს გოჩა დავითაძე.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ათას-ათასი ადგილი რომც გამოუყონ პირველ, მეორე და მესამე სკოლას, მაინც შეივსება. „ყველა ამ სკოლებში წავა. ახლახან დამირეკა ერთმა მოქალაქემ, რომელიც ხელვაჩაურში ცხოვრობს, იქ, 22-ე და 25-ე სკოლებში ადგილები იყო და არ დაარეგისტრირა შვილი, მაინც და მაინც მესამე სკოლა გვინდაო. რა ვქნათ? ასეა გონიოს, ახალსოფლის, ახალშენის შემთხვევაშიც, ყველას უნდა ქალაქის ცენტრში დარეგისტრირება“, – ამბობს დავითაძე.

სისტემა მშობელს აძლევს უფლებას, იმ სკოლაში დაარეგისტრიროს შვილი, რომელიც მას სურს, მიუხედავად გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა. „დასწრებაზეა რეგისტრაცია, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვი ვერ დარეგისტრირდა ახლომდებარე სკოლაში, შეგვიძლია მივმართოთ საქართველოს განათლების მინისტრს და მივიღოთ უფლება, რომ 26-ე ან 27-ე მოსწავლედ ჩაირიცხოს ბავშვი. თუმცა ეს მხოლოდ რეგისტრაციის დასრულების შემდეგაა შესაძლებელი“.

გოჩა დავითაძის თქმით, სკოლებმა ჯერ კიდევ თებერვალში განსაზღვრეს რამდენი პირველკლასელის მიღებას აპირებდნენ, თავიანთი მატერიალურ-ტექნიკური ბაზიდან გამომდინარე და ეს არის 2 746 ადგილი.

„აქედან 2 571  დარეგისტრირდა და დარჩა 175 ადგილი“, – ამბობს გოჩა დავითაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: