რა შემთხვევაში ერგება ქალს ქონება მემკვიდრეობით? – იურისტის განმარტება სტერეოტიპებსა და კანონზე

მშობლების ქონება ერგება თუ არა თანაბრად ბიჭს და გოგოს? – ეს კითხვა 21-ე საუკუნის საქართველოში ისევ აქტუალურია. მშობლების ქონების მემკვიდრე ძირითადად მაინც ვაჟიშვილია. თუ მშობელს ორი ან მეტი ვაჟი ჰყავს, მათ შორის მეტ-ნაკლებად თანაბრად ნაწილდება მშობლების ქონება, თუმცა, ტრადიციულად, ეს წესი გოგოზე ნაკლებად ვრცელდება. იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს, კანონის თანახმად როგორ ნაწილდება მემკვიდრეებს შორის ქონება და რა უნდა ვიცოდეთ, რომ მემკვიდრეობის მიღებისას პრობლემები არ შეგვექმნას:

__

ძალიან ხშირია საუბარი ტრადიციულ გაგებაზე, რაც საქართველოში არსებობს – ვინ შეიძლება იყოს მემკვიდრე და ამ ტრადიციულ გაგებაში შეიძლება თუ არა ქალიშვილი იყოს მემკვიდრე. არაერთხელ უკითხავთ, რომ მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს ეკუთვნით მემკვიდრეობა, ანუ ქალიშვილს მემკვიდრის სტატუსით არ განიხილავენ. საუბარია დაინტერესებულ პირებზე.

თუმცა, მთავარი და მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა სქესს, მემკვიდრე არის ის სუბიექტი, რომელსაც კანონი განსაზღვრავს და კანონით 5 კატეგორიის მემკვიდრეთა წრე გვაქვს. მეხუთე კატეგორიის შემდეგ არის სახელმწიფო – როდესაც არავინ არ არის მემკვიდრე და უმკვიდროდ რჩება ქონება, სახელმწიფო არის ერთადერთი პასუხისმგებელი სუბიექტი, მიიღოს აღნიშნული ქონება.

რაც შეეხება მემკვიდრეების პირველ კატეგორიას, ესენი არიან შვილები, მეუღლეები და მშობლები. მეუღლე არის პირველი რიგის მემკვიდრე – როდესაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მეუღლე, სამკვიდროს მიღების დროს ქონების წილობრივი მონაწილეობა და ქონების მიღების წილობრივი მაჩვენებელი ცოტა განსხვავებულია. კერძოდ, სამკვიდრო ქონებაში არ შევა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების ½, – ის მეუღლეს კანონით ეკუთვნის. უფრო მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, 100 %-იანი ქონებრივი მოცულობიდან 50 % ავტომატურად არის მეუღლის საკუთრება, ხოლო დარჩენილი 50% წარმოადგენს სამკვიდრო ქონებას.

მეუღლის შემდგომ შვილებიც არიან პირველი რიგის მემკვიდრეები. მემკვიდრე შეიძლება იყოს მუცლად მყოფი შვილიც. პირის გარდაცვალებიდან დაახლოებით ათი თვის ვადაში დაბადებულ შვილს გაუჩნდება ლეგიტიმური უფლება, კანონიერმა წარმომადგენელმა მოითხოვოს სამკვიდრო ქონება.

პირველი რიგის მემკვიდრეები არიან მშობლებიც.

მემკვიდრეთა წრეში შედის ასევე ნაშვილები – არის ხშირად კითხვა ნაშვილებ პირს რამდენად აქვს სამკვიდროს მიღების უფლება. კანონის თანახმად, ნაშვილები პირი თავისი უფლებამოსილებით უტოლდება ბიოლოგიურ მემკვიდრეს და ამასთან დაკავშირებით არავითარი განსხვავებული ჩანაწერი კანონში არ გვხვდება.

პირველი რიგის მემკვიდრეთა წრეს ემატება შვილიშვილი, შვილთაშვილები და იმის შვილები.

მეუღლესთან დაკავშირებით კი კანონში გვაქვს ერთი გამონაკლისი, რომელიც დაბრკოლებას უქმნის მემკვიდრეებს – თუ მეუღლე რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა გარდაცვლილთან, მაშინ პირველი რიგს მემკვიდრის სტატუსის მოპოვება შეუძლებელი იქნება, ანუ კანონი მას არ ანიჭებს პირდაპირ პირველი რიგის მემკვიდრის უფლებამოსილებას. ამ შემთხვევაში გამოსავალი შეიძლება იყოს შვილები. თუ ჰყავდათ მეუღლეებს შვილები, ირიბად იქნება შესაძლებლობა მეუღლემ მიიღოს ზედმეტი წინაღობის გარეშე სამკვიდრო ქონება შვილების სახელით, ანუ შეძლებს იმ აქტივის მართვას, რომელიც გარდაცვლილ მეუღლესთან ერთად შექმნა.

  • რამდენად ხშირია არარეგისტრირებული ქორწინებით გამოწვეული პრობლემა საქართველოში?

ეს პრობლემა საქართველოში ძალიან ხშირია და არის ამასთან დაკავშირებული არაერთი სამართლებრივი დავა.

თუ ქონებასთან დაკავშირებით დავა წარმოიქმნება და გაჩნდებიან დაინტერესებული მხარეები, რომლებიც პრეტენზიას უყენებენ მეუღლეს იმის თაობაზე, რომ ის არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში და მას არ აქვს უფლება იყოს პირველი რიგის მემკვიდრე, მეუღლეს შესაძლებლობა რჩება სხვა სამართლებრივი მექანიზმებით განაცხადოს მოთხოვნა სამკვიდრო ქონებაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი საერთო ქონების სამართლებრივი რეგულირება, რაც ზოგ შემთხვევაში ძალიან რთული პროცედურაა. არ არის მარტივი იმის მტკიცება, მეუღლესთან ერთად როდის შექმენი და რა შექმენი, ამიტომ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ – რეგისტრირებული ქორწინება გარკვეულწილად ამარტივებს პროცედურას.

  • გარდაიცვალა ქმარი, ვისთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში ვიმყოფებოდი, ვერ მივიღებ მემკვიდრეობას?

პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც 30-40 წელი თანაცხოვრება ჰქონდათ მეუღლეებს და ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მეუღლეს შეექმნა ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით დილემა. ამ ეტაპზე სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული რაიმე მექანიზმი, მარტივი პროცედურა იმისთვის, რომ ზედმეტი ძალისხმევა არ დასჭირდეს დაინტერესებულ მხარეს სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლება მიიღოს.

ძირითადი შესაძლებლობაა სასამართლო და ამ სამართლებრივი დავის პროცესშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გარანტირებულად საუბარი იმაზე, რომ შეიძლება რაღაც პერიოდი იმყოფებოდი თანაცხოვრებაში, მეუღლესთან ერთად ქმნიდი რაღაც ქონებას და ამ ქონების სრული საკუთრების უფლების მქონე სუბიექტი რომ გახდე. სამართლებრივი დავის დროს ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იქნება მტკიცების სტანდარტზე – რა მტკიცებულებებს მივიტანთ, ვინ გვეყოლება მოწმე, ვინ დაგვიდასტურებს ამ გარემოებებს.

ასეთ დროს ადვოკატები პროცედურულად ხშირად ვიყენებთ „შემოვლით გზებს“: სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული სამკვიდრო ქონების მიღებასთან, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ თუ თანაცხოვრების დროს რაიმე ქონებას ვქმნიდი მეუღლესთან ერთად, კანონის თანახმად ამ ქონებაზე წარმოიქმნება ჩემი საკუთრების უფლება.

  • ვის აქვს მემკვიდრეებს შორის უპირატესობა, როგორ განისაზღვრება რიგითობა?

კანონის თანახმად თითოეულ რიგს აქვს თავისი საფეხური, ეტაპი – პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. მაგრამ ძირითადი მოთხოვნა, რაც კანონში გვხვდება, პირველი რიგის მემკვიდრე თუ არ გვყავს სახეზე, მაშინ ავტომატურად რიგითობა გადადის მეორე რიგის მემკვიდრეებზე და ასე შემდეგ.

მეორე რიგის მემკვიდრეები არიან ძმები, დები და ოჯახის ის წევრები, რომლებიც არიან ბიოლოგიურ ნათესაურ კავშირში გარდაცვლილ პირთან.

  • მამამ თავისი ქონება დაუტოვა მეგობარს და არა ჩვენ – შვილებს. აქვს თუ არა დავას აზრი?

ნოტარიული ან ნებისმიერი ანდერძის არსებობის შემთხვევაში თუ მამკვიდრებელი მთელ თავის ქონებას განკარგავს, ამ შემთხვევაში ის აქტივი/ქონება, რომელიც არსებობს, მიემართება იმ მემკვიდრისკენ, რომელმაც მიიღო ანდერძით ეს ქონება. მაგრამ კანონი ადგენს ერთ დამცავ მექანიზმს – ქმნის ვალდებულებას პირველი რიგის მემკვიდრეები არ დარჩნენ ყოველგვარი ქონების გარეშე.

კანონი ადგენს წესს, რომ ასეთ დროს მათ მიეცემათ სავალდებულო წილის მოცულობა იმ გაანგარიშებით, რომელსაც ისინი მიიღებდნენ ანდერძის არარსებობის შემთხვევაში, მაგრამ სავალდებულო წილი იქნება თეორიულად მისაღები ქონების ნახევარი. უფრო მარტივად რომ ავხსნათ ეს პროცედურული ღონისძიება: წარმოვიდგინოთ ორი მემკვიდრე, რომლებიც მიიღებდნენ ქონების 100%-ს, მაგრამ სავალდებულო წილის უფლება შემოვიდა, ანუ ეს ქონება განკარგა მამკვიდრებელმა სიცოცხლეში. ამ შემთხვევაში მემკვიდრეები მიიღებენ არა 50-50 % ქონებრივ შესაძლებლობას, არამედ ¼-ს თითოეული.

სავალდებულო წილი არის ქონების მოცულობის იმ წილის ნახევარი, რომელსაც ისინი მიიღებდნენ ანდერძის არარსებობის შემთხვევაში. ფაქტობრივად ნახევარი ქონება ისევ ნახევრდება და ეს ნახევარი მიეცემა სავალდებულო წილის სახით მეუღლეს, შვილებს ან მშობლებს, გააჩნია ვინ იქნება სახეზე წარმოდგენილი.

  • რა ვადაში უნდა მივიღოთ მემკვიდრეობა და როდის აღარ აქვს მემკვიდრეობაზე დავას აზრი?

სამკვიდრო ქონების მიღების ეტაპზე დღის წესრიგში დგება საკითხი, თუ რომელმა მემკვიდრემ რომელი ქონება უნდა დაირეგისტრიროს ინდივიდუალურად. ამის თაობაზე ხშირად მიმართავენ ნოტარიუსს და ითხოვენ კონკრეტული ქონების რეგისტრაციას ინდივიდუალურ საკუთრებაში. ამ შემთხვევაში პროცედურულად არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა – პირველი შესაძლებლობაა, როდესაც თავად მემკვიდრეები თანხმდებიან და ეს შეთანხმება ამარტივებს სამკვიდრო ქონების განაწილებას.

თუ მემკვიდრეები განაწილების წესზე ვერ თანხმდებიან, ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რომელი ქონება არის მათი ინტერესის საგანი და რეგისტრაცია რომელმა რომელს უნდა დაუთმოს, ამ შემთხვევაში არის საერთო წესი/პროცედურა, როდესაც ყველა მემკვიდრე გაიფორმებს სამკვიდრო ქონებას, თითოეული მემკვიდრე გახდება სრულად მესაკუთრე თითოეული ქონების. თუ მემკვიდრე გვყავს ხუთი, ხუთივე მემკვიდრე იქნება არსებული სრული ქონების მესაკუთრე და ამის შემდეგ მათ უფლება აქვთ დაიწყონ სამკვიდრო ქონების რეალურ გაყოფაზე საუბარი.

სამართლებრივი პროცედურა აჩენს შესაძლებლობას, ინდივიდუალურად ამტკიცონ კონკრეტული ქონების გამოყოფა, რომელიც მათ აინტერესებთ, რატომ არის უპირატესი, რატომ უნდა გაიმიჯნოს კონკრეტული ქონება სხვა ქონებისგან და რატომ უნდა ჩაითვალოს ეს ქონება მათ ინდივიდუალურ საკუთრებად.

ეს არის ცალკე დავის საგანი, რომელიც სამკვიდრო ქონების მიღების ეტაპზე არ არის ხელის შემშლელი გარემოება. ანუ ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს მივიღოთ ქონება და შემდგომ გადავწყვიტოთ, როგორ, რა ფორმით, სამართლებრივი პროცედურით გამოვყოთ ეს ქონება საერთო ქონებიდან.

  • მითხრეს, რომ შესაძლოა „უღირს მემკვიდრედ“ ჩამთვალონ და საერთოდ არ შემხვდეს ქონება. რას ნიშნავს ეს?

სამკვიდრო ქონების მიღების ეტაპზე დღის წესრიგში დგება საკითხი, როდესაც კონკრეტული მემკვიდრე მეორე მემკვიდრის უღირს საქციელზე მიუთითებს – საუბრობს მამკვიდრებლის მიმართ მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე თუ ამორალურ ქმედებაზე და მოითხოვს, რომ ამ მემკვიდრეს არ ჰქონდეს უფლებები ქონებასთან მიმართებაში.

პრაქტიკაში ხშირად არის ეს მომენტი და ამ საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს პრეროგატივაა. პირის უღირს მემკვიდრედ გამოცხადების უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს. რა გარემოებები შეიძლება დაედოს პირის უღირს მემკვიდრედ გამოცხადებას, გვაქვს რამდენიმე მიმართულება – ეს შეიძლება იყოს მამკვიდრებლის მიმართ ჩადენილი ამორალური საქციელი, დანაშაული, მამკიდრებლის ნება-სურვილის ფორმირებაში ზეგავლენა და მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღება. როდესაც ამ ტიპის სამართლებრივი მოცემულობაა – ვინ შეიძლენა იყოს უღირს მემკვიდრედ გამოცხადებული, ეს უფლებამოსილება აქვს სასამართლოს… და არც ერთ შემთხვევაში ნოტარიუსს, პოლიციას თუ მეზობლებს.

20 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 733 ახალი შემთხვევა

23 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 733 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 972 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 20 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 14 326 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 4152 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 228 პირი

22 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.04%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.21%.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 23 მაისის 21 საათიდან 24 მაისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა,ზოგან დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა.

სამშაბათს, 25 მაისს  ზოგან მოსალოდნელია  ელჭექის ხასიათის წვიმა, მომდევნო 2 დღეს, 26-27 მაისს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 23 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

აჭარაში კოვიდის 62 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 23 მაისი

23 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 428 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით, მათგან 11 ხელოვნურ სუნთქვაზეა.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 270 ადამიანი იმყოფება.

რაც უფრო მეტი წელი გადის გერმანიაში ცხოვრების, მით უფრო ვქართველდები – ინტერვიუ ნინო ხარატიშვილთან 

„ბათუმელებმა“ ინტერვიუ გერმანულენოვან ქართველ მწერალთან, ნინო ხარატიშვილთან ზუგდიდში, ოკუპაციის ზოლთან მდებარე სოფელ კოკის საჯარო სკოლაში ჩაწერა. გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) საქართველომ კოკის საჯარო სკოლაში „თანასწორობის კუთხე“ გახსნა. მწერალი „თანასწორობის კუთხის“ გახსნაზე სტუმრად იყო მიწვეული.

  • დღეს, როდესაც ამ ინტერვიუს ვწერთ, თქვენ ჩართული ხართ გაეროს მოსახლეობის ფონდის პროექტში. დაესწარით „თანასწორობის კუთხის“ გახსნას. მინდა გკითხოთ, როგორ ეხმარება ლიტერატურა ადამიანს თანასწორობის სწავლაში?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჩემი მხრიდან ცოტა არაკორექტული მგონია, იმ მხრივ, რომ არ მიყვარს – ლიტერატურა არის ეს, ნიშნავს ამას, ან წიგნი ემსახურება ამას. ძალიან ინდივიდუალურია. ხელოვნებაში მე ეს მიყვარს  – ყველა იმას ვპოულობთ, რასაც ვეძებთ. ჩვენ რომ წავიკითხოთ ერთი და იგივე წიგნი, შეიძლება სულ სხვა აზრი გვქონდეს,  სხვა რამ აღმოაჩინოთ თქვენ და სხვა – მე. მგონია, რომ ეს ძალიან კარგია.

ზოგადად, ალბათ იმაში ეხმარება, რომ ცხოვრების სტილს, ადამიანს, დროს, გარემოს გვაცნობს. ზოგადად და საერთოდაც, რაც უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს, რაც უფრო ფართოა ჩვენი ჰორიზონტი, რაც უფრო ვიცით, რომ მარტო ის რეალობა, რომელიც ამ წუთას ჩვენს გარშემოა, არ არის ერთადერთი და არსებობს კიდევ მილიონი სხვა ვარიანტი, ეს საერთოდ აფართოებს ბევრ რამეს.

ძალიან ბევრი რამ შეიძლება აღმოვაჩინოთ. ზოგ ადამიანთან შეიძლება არ მივიდეს იმიტომ, რომ მას სხვა რამ სჭირდება, სხვა გზა სჭირდება იმისთვის, რომ რაღაცა აღმოაჩინოს, რაღაცა შეცვალოს. ესეც არ არის სამყაროს დასასრული. მაგრამ ჩემთვის კი, ნამდვილად არის… რომ გავიხსენო სკოლის ასაკი, [ლიტერატურაში] ნამდვილად ეს მიყვარს და ეს არის ჩემთვის გადამწყვეტი, რომ მე შემიძლია ვიყო ძალიან ბევრ ადგილას, ძალიან ბევრი ადამიანი. ბევრი ადამიანის ჭრილით და აღქმით დავინახო სამყარო, ცხოვრება…

რა თქმა უნდა, ეს ილექება სადღაც და ცვლის ჩვენს პერსპექტივას ბევრ რამეზე.

  • თქვენი ბოლო ინტერვიუ ვნახე, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში დაბრუნდით. ადამიანები საქართველოდან წასვლას ცდილობენ. თქვენ დაბრუნდით. რატომ?

არასწორად გაჟღერდა, რომ სულ დავბრუნდი. ვცდილობ მეტი დრო დავყო საქართველოში, იმიტომ, რომ ძალიან მენატრება. იმიტომ, რომ ბევრი რაღაცა მაკლია. იმიტომ, რომ თუნდაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მინდა ჩემმა შვილებმა მეტად… ჰო, ალბათ მეტად მიიღონ რაღაცა ამ საზოგადოებისგან, ქვეყნისგან, რაც ჩემთვის ფასეული და ძვირფასია. სამწუხაროდ, არ მაქვს ის შესაძლებლობა და ფუფუნება, რომ მთლიანად ესე ყველაფერი ჩავჭრა გერმანიაში, იმიტომ, რომ ჩემი საქმიანობა, ჩემი სამსახური, ძალიან ბევრი რამაა მიბმული გერმანიაზე და გერმანულ ენაზე. ის, რომ აღარ ჩავბრუნდე იქ, ესე არ გამოვა.

მაგრამ გეგმაში მაქვს და ვცდილობ [პანდემიამ ამ კუთხით რაღაცნაირად ხელი შემიწყო], რომ მეტი დრო დავყო აქ. მეტად ვიყო, მეტად აქაც ჩავერთო რაღაცებში. არ ვიცი, ალბათ მომენატრა ძალიან და ვთვლი, რომ აქ ძალიან ბევრი პროცესია. ვთვლი, რომ აქ ძალიან ბევრი პრობლემაა, ძალიან ბევრი გასაბრაზებელი რამ არის. ბევრი პროცესია და მგონია, რომ ამ პროცესებში ჩართვა, ყოველ შემთხვევაში იმის მცდელობა, რომ ჩავერთო თუ არ შევცვლი, თუ ვერ შევცვლი, მცდელობა მაინც მქონდეს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ახლა რაღაცა გერმანიაში… კი, ისიც არ არის უპრობლემო საზოგადოება, მაგრამ იქ ძალიან ბევრი რამ არის როგორც მოცემულობა. აქ პროცესია, რომელიც 30 წელია მიმდინარეობს.

  • რაზე ბრაზდებით? რაში გინდათ ჩართვა? რა ცვლილებების განხორციელების სურვილი გაქვთ?

ბევრ რამეში, რაზეც ვბრაზდები, იმაში, სამწუხაროდ, ვერ ჩავერთვები. ეს არის პოლიტიკა პირველ რიგში. ძალიან ვბრაზდები იმაზე, რომ 30 წელია… ვთვლი, რომ საქართველოს აქვს იმის შანსი, ადამიანს ელემენტარული პურის ფული არ უჭირდეს და მისი ღირსება არ შეილახოს. შეიძლება ფუფუნებაში არ იცხოვროს, მაგრამ ღირსეულად, მისი შრომით შეეძლოს თავის გატანა. ეს ამდენი წელია არ იცვლება და მხოლოდ ერთეულებს – ძალიან მცირე პროცენტს აქვს ეს ძალაუფლება, პრივილეგიები, ფუფუნება. ის, რომ ყველაფერი კონცენტრირდება ერთეულებზე და მოხუცი ქალი, რომელიც ათი წლის წინ მათხოვრობდა, ახლაც მათხოვრობს, ჩემთვის ძალიან გასაბრაზებელია.

თუმცა უსუსურად ვგრძნობ თავს. არ ვიცი. მე კონკრეტულად ამას ვერ შევცვლი, მაგრამ რაღაცის გაპროტესტება, იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ ყველა საზოგადოების წევრი ვართ, შეცვლილია. რასაც ვუყურებ ახალ თაობას ნამდვილად აქვს ეგ. ჩემს თაობაში არ იყო ეს მოცემულობა. უფრო შეგუებულები ვიყავით თითქოს რაღაცებს. თუნდაც ის, რომ ეს უსამართლობაა და ჩვენ ამას ვაპროტესტებთ, ეგეც მგონია კარგია, დასაფასებელია და კიდევ ბევრი, ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება, რომ ადამიანმა [იგრძნოს] ჩვენ ყველა ვართ ამ საზოგადოების ნაწილი და ერთი ადამიანი ვერ გადაგვიწყვეტს, ვერაფერს ვერ გააკეთებს. ყველამ თავის წვლილი უნდა შეიტანოს, ვისაც როგორ შეუძლია.

სამწუხაროდ, ისე, როგორც მე იდეალურ შემთხვევაში წარმომიდგენია, ეს პრობლემები ვერ ალაგდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა სულ უნდა იყოს…

  • პროტესტის თემას გავაგრძელებ. ამ წუთისთვის ქვეყანაში რამდენიმე საპროტესტო კერაა, სადაც მოქალაქეები აპროტესტებენ შრომით უფლებებს, მათი ეკოლოგიური და საარსებო გარემოს შეცვლას. თუ გაქვთ, ვინმეს მიმართ თანაგრძნობა? თქვენს სამოქალაქო პოზიციას თუ დააფიქსირებთ ვინმეს მიმართ?

ყველასთან მაქვს სოლიდარობა, ვინც აპროტესტებს უსამართლობას, რაღაცას, რაც არასწორია. იმდენად დიდი ხნის ჩამოსული არ ვარ, რომ ყველა საპროტესტო კერაში ვიყო დეტალურად გარკვეული, მაგრამ არაფერი არ დამაკავებს, არანაირი პრობლემა არ მექნება, რაღაცას, რასაც სწორად ჩავთვლი, აუცილებლად შევუერთდე და დავაფიქსირო ჩემი სამოქალაქო პოზიცია. მე, პირველ რიგში, საზოგადოების წევრი ვარ და მოვალედაც ჩავთვლი ალბათ [თავს]. მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ზედაპირულად ვხედავ რაღაცებს, ბევრი რაღაც არ ვიცი, რა თქმა უნდა ვადევნებ თვალს და ვხედავ, რომ აქ რაღაცა პროტესტია, იქ რაღაცა… თუნდაც ის, რომ როდესაც თბილისში, რუსთაველზე გავდივარ, იქ დღემდე არის რაღაც კარვები, პარლამენტის წინ. ეგეც ძალიან ბევრი რამის მანიშნებელია და ცოტა დე ჟავუ მაქვს, მაგრამ ნამდვილად რაც გასაპროტესტებელია, უნდა გავაპროტესტოთ.

უბრალოდ, მე ცოტა ფრთხილად ვარ, სანამ გავერკვევი იქ რა ინტერესთა კონფლიქტებია. ზედაპირულად არ მიყვარს, არ შემიძლია. უნდა ვიცოდე ზუსტად რა ინტერესთა კონფლიქტებია, ვინ ვის ებრძვის, რა რის ნიადაგზე ხდება, რომ მერე მეც შევძლო ჩემი აზრის თუ პოზიციის მკვეთრად დაფიქსირება.

ინტერვიუ ნინო ხარატიშვილთან | Nino Haratischvili

  • როგორი ჩანდა ცხოვრება საქართველოში გერმანიიდან? ახლა როცა აქ დროებით საცხოვრებლად გადმოხვედით, რამე თუ შეიცვალა თქვენს წარმოდგენებში?

ყოველთვის კავშირში ვარ ადამიანებთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, სოციალური მედიაც მეხმარება ამაში. ყოველთვის ჩამოვდიოდი წელიწადში ერთხელ, ორჯერ, შეძლებისდაგვარად. მაქსიმალურად ვცდილობდი ყოველდღიურობაში ვყოფილიყავი ჩართული, ეს მაკლდა.

ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა ახალია. ყოველ ჯერზე სხვადასხვა ახალი პრობლემაა აქტუალური. ვერ ვიტყვი, რომ რამე ჩემთვის ძალიან უცხო აღმოჩნდა – ჩემი რაღაც ნაწილი იმდენად კონტაქტშია საქართველოსთან, რომ არაფერი უცხოდ არ მომჩვენებია. თუმცა ბევრი დეტალია, რასაც უკეთესად ვხედავ, ბევრი ნიუანსია, რაც ადრე არ დამიფიქსირებია. რაღაცებს ვსწავლობ, რაღაცებს ახლიდან აღმოვაჩენ. ჩემთვისაც საინტერესოა. რაღაც ნაცნობია ერთის მხრივ, თან ბევრი რაღაცა შეცვლილია. საბედნიეროდ, გაუცხოება, რომ რაღაცა ჩემთვის უცხოა, ან გაურკვეველი, არ მქონია, იმიტომ, რომ ყოველთვის კავშირში ვარ აქაურობასთან.

  • როგორც დრამატურგს მიღებული გაქვთ არაერთი პრემია. თქვენი პიესები რამდენიმე ქვეყანაში იდგმება.  როგორც მწერალი გერმანიაში გახდით შილერის პრემიის ლაურეატი. რა შეცვალა თქვენთვის წარმატებამ? როგორია იყო წარმატებული და როგორია წარმატების თქვენეული განსაზღვრება? დღეს ახალგაზრდებმაც გკითხეს წარმატებაზე. რას ურჩევდით მათ?

ძალიან სასიამოვნოა, კარგია, როდესაც რაღაცას აკეთებ და ეს გიფასდება. ასევე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენთვის, ხელოვანებისთვის, დიდი ფუფუნებაა და მე ძალიან მადლობელი ვარ, რომ მე შემიძლია იმ საქმით, რასაც ვაკეთებ და რაც მიყვარს, ამით ვიცხოვრო.

ჩემთვის ეს ძალიან გრძელი გზა იყო, ბევრი წელი პროცესი იყო ესეც და რაღაც მხრივ მადლობელიც ვარ, რომ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა. მაგრამ ძალიან უმადური ვიქნები თუ არ აღვნიშნავ, რომ ასევე გამიმართლა. ძალიან ბევრი სწორი ადამიანი შემხვდა. ბევრი, ვინც წამახალისა, ვინც იმედი მომცა, საკუთარ თავში რწმენა, შანსი მომცა. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ხელოვნების სფეროში, იმიტომ, რომ მე რაც არ უნდა კარგად ვწერდე, თუ ვიღაც არ ჩათვლის სწორად, რომ ეს წიგნი გამოსცეს და მიიტანოს მკითხველამდე, მე უსუსური ვიქნები. ასე შემდეგ და ასე შემდეგ…

ამიტომ, ალბათ რაღაცა ნაზავია, რა თქმა უნდა შრომის და ბრძოლის, საკუთარ თავთან და საკუთარ თავზე და ალბათ გამართლებისაც, რომ იმ მომენტში სწორ ადგილას და სწორ ადამიანებში აღმოჩნდი, ვინც მოგცა ეს რაღაცა შანსი. მე ყოველთვის მაქვს შიშები, ეჭვები, ეს ნაწილია ალბათ ამ პროცესის და სწორიცაა. 100 % -ით ვერასდროს იქნები და არც უნდა იყო  ადამიანი საკუთარ თავში დარწმუნებული და ეს ძალიან კარგია.

მე ვფრთხილობ ასეთ რამეებზე ახალგაზრდებს ვურჩიო ესა და ეს… იმდენად ინდივიდუალურია ყველას გზა, ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ხასიათი, ჩვენი ტიპაჟი, რომ ვიღაცისთვის შეიძლება ერთი გზა იყოს ძალიან სწორი, ვიღაცისთვის პირიქით, ეს იყოს აბსოლუტურად მიუღებელი. უბრალოდ, ალბათ მნიშვნელოვანია მაინც, ყველანაირ პირობაში [ჩემთვის ასეა] საკუთარ თავად დარჩე. არაფერი ისეთი არ გააკეთო, რომ მერე თუნდაც სარკეში ვერ შეხედო საკუთარ თავს. არანაირი წარმატება არ ღირს იმად, რომ საკუთარი თავი დაკარგო.

ნამდვილად ძნელია, როდესაც რაღაცას აკეთებ და ეს არ გიფასდება, არ აინტერესებთ. ამისთვის უნდა იბრძოლო, ის კრიტიკაც აიტანო, ის რაღაცა უარყოფაც. მე მაინც მგონია, რომ ჯადოსნური გასაღები ამ ყველაფრის ის არის, რომ ალბათ ძალიან უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. ნებისმიერი საქმე. მაშინ სირთულეები ისე რთულად აღარ გეჩვენება, ის მაინც ისე ძალიან გიყვარს, ისე გავსებს, რომ იმასაც რაღაცნაირად იტან. თუ წარმოვიდგენ, რომ რაღაც ისეთს ვაკეთებ, რასაც ჩემთვის არ მოაქვს სიხარული, ხალისი, უბრალოდ ამის გაკეთება მიწევს, ამ გადმოსახედიდან ბევრად უფრო რთულად და დამთრგუნველად აღვიქვამდი. ვიდრე რეალურად როგორც იყო.

შეიძლება ეს დიდი კრიტიკაც იყო, დიდი წინააღმდეგობაც, მაგრამ როცა ესე რაღაცა გიყვარს და ამისი გჯერა, გგონია, რომ უფრო იოლად გადაგაქვს რაღაცები.

  • რამდენად რთული იყო თავის დამკვიდრება გერმანიაში არაგერმანელისათვის?

ვსწავლობდი. იქ დავამთავრე. მერე მოხდა ისე, რომ დავიწყე გერმანულად წერა. ერთს მეორე მოჰყვა. გეგმიურად არ მომხდარა დამკვიდრება. კარგი ის იყო, რომ როცა ჩავედი ენა ვიცოდი. კულტურასაც ასე თუ ისე ვიცნობდი. ეს ჩემთვის უცხო ადგილი არ ყოფილა. ამის მიუხედავად, მაინც იყო სიუცხოვე და მაინც დიდი პროცესის გავლა მომიწია. ყოველთვის რაღაცა მქონდა – შემდეგ წელს დავბრუნდები, შემდეგ წელს დავბრუნდები და მაგანაც გამიიოლა ბევრი რამ. გამიმართლა, იმ კუთხით, რომ ბევრი კარგი ადამიანი ვიპოვე, მეგობარი ვიპოვე. ჩემს სფეროში მაინც უფრო იოლია, იმიტომ, რომ ხშირად იქ მაინც უფრო არაორდინალური ადამიანები არიან, ადამიანები არასწორხაზოვანი ბიოგრაფიით. გამიმართლა, რომ ბევრ ეგეთ ადამიანთან გადავიკვეთე და ამანაც რაღაცნაირად გამიიოლა ალბათ ის სიუცხოვე.

თუმცა დღემდე არის ძალიან ბევრი რამ, როცა ვგრძნობ, რომ ვერასდროს ვერ გავხდები იმ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი – ეს ჩემში არ არის. არის ძალიან ბევრი რაღაც, რაც ჩემთვის უცხოა.

უცნაური ისაა, რომ რაც უფრო მეტი წელი გადის იქ ცხოვრების, მით უფრო მეტად რაღაცნაირად ვქართველდები, მე ასე მოვიხსენიებ. მით უფრო ბევრ რაღაცას ვიჭერ ჩემს თავში, რაც სრულიად განსხვავებულია. ძალიან მიკვირს ხოლმე, თითქოს პირიქით უნდა იყოს, მაგრამ ეგეც რაღაცა ბუნებრივი პროცესია.

მერე უფრო მეტად აფასებ რაღაცებს. თავიდან რომ მიდიხარ, უფრო ის გაქვს, რომ ადაპტირდე, იმ საზოგადოებაში როგორც არის მიღებული, იქაურ წესებზე გადახვიდე. გინდა, რომ იმ საზოგადოების წევრი გახდე. გინდა, რომ მოერგო. ყოველ შემთხვევაში მე მინდოდა. მაგრამ წლების მერე, რაღაცა გადაფასება მიდის. დისტანცია ჩნდება. უყურებ შენს თავს. იგივე იმ პერსპექტივიდან დანახული საქართველო, ან თუნდაც აქედან მერე გერმანია. აი, ამ ორ რაღაცას შორის იწყებ მოძრაობას და ჰო, სადღაც მანდ იბუდებ.

  • თქვენი წიგნი „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“ ისტორიულ პერიოდზეა. თუ შეგიძლიათ წერის და კვლევის პროცესზე რომ მოგვიყვეთ? რა დრო დახარჯეთ თუნდაც სტალინური ეპოქის შესწავლაზე? რამე წინააღმდეგობები თუ შეგხვდათ ამ დროს?

ოთხი წელი ვწერდი მთლიანობაში, აქედან ორი წელი… კვლევით თავიდანვე ვიკვლევდი, მაგრამ კვლევა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია ალბათ, იმიტომ, რომ თავიდან დავიწყე, უბრალოდ ვკითხულობდი მასალებს, რაც მოვიძიე.

მერე რაღაცები ვერ მოვიძიე. ფილმებს ვუყურებდი, დოკუმენტაციებს. ვცდილობდი ინფორმაციის მოძიებას. მაგრამ აი, კვლევა რასაც ჰქვია, კვლევა, არქივი, პრესა, დოკუმენტების კითხვა, თუნდაც ინტერვიუების ჩაწერა, უფრო მერე იყო და ეს არ ყოფილა ორწლიანი ეტაპი. მე მქონდა მაშინ სტიპენდია, კვლევითი. ხშირად მიწევდა რუსეთში ჩასვლა. იქ მქონდა არქივებთან შეხება. იქ ძალიან ბევრი ვიმუშავე იმ დროის პრესასთან – 10-იანი, 20-იანი, 30-იანი წლების პრესასთან. ძალიან კარგ სურათს ხატავს თუნდაც პროპაგანდა, რაზე წერდნენ, რაზე არ წერდნენ, ეს ძალიან მეხმარებოდა იმ დროის თუ ეპოქის აღქმაში.

ადამიანებს ველაპარაკებოდი, პოლიტიკურ ცენტრებში დავდიოდი, გამოფენებს ვნახულობდი. უბრალოდ ვცდილობდი… ადგილები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რაღაც მომენტში აღვიქვი, არ არის საკმარისი მე მარტო ვიკითხო, მე ის ადგილები უნდა ვნახო, რასაც აღვწერ, ან რაც მნიშვნელოვანია ამ წიგნისთვის.

დოკუმენტურ მასალასთან ამ დოზით შეხება მე მანამდე არ მქონია. კი შეიძლება, პიესისთვისაც დაგჭირდეს კვლევა, მაგრამ ეს ბევრად უფრო მწირია და არა რაღაცა ასეთი მასშტაბური.

ამიტომ გეგმა არ მქონია. თვითონ მასალა მთხოვდა. ხანდახან იყო, რომ კითხვა როცა მიჩნდებოდა, ვიღაც ადამიანს ვკითხავდი და ძალიან სწრაფად ვიღებდი საჭირო ინფორმაციას. ხანდახან გუგლი იყო, ხანდახან წიგნები, ხანდახან დოკუმენტაცია, ხანდახან არქივი და ა.შ. უბრალოდ რა მომენტშიც რას მთხოვდა ეს მასალა, იმას მივყვებოდი.

  • ახლა რაზე მუშაობთ?  

ახალი რომანი დავამთავრე. ახლა მიდის რედაქტირება. ვიმედოვნებ, რომ პარალელურ რეჟიმში, როცა ჩვენ რედაქტირებას დავასრულებთ გერმანიაში, ქართულად თარგმანიც დაიწყება. ძალიან მინდა, რომ არ გაჭიანურდეს ეს პროცესი. გამიხარდება თუ არ დასჭირდება ამ წიგნს ორი, სამი ან ოთხი წელი, სანამ საქართველომდე მოაღწევს.

  • რა ჰქვია ნაწარმოებს?

ვერ ვიტყვი. საიდუმლო კი არ არის, გერმანულადაც ცოტა ისეთი უცნაური სიტყვათა შეთავსებაა. ქართულში კარგი შესატყვისი უნდა მოვუძებნო, ამიტომ არ ვიცი რა ერქმევა ქართულად.

____

ნინო ხარატიშვილი გერმანულენოვანი ქართველი მწერალია. მიღებული აქვს არაერთი პრემია, მათ შორის გერმანული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. მისი პიესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იდგმება, ხოლო ნაწარმოებები სხვადასხვა ენაზე არის ნათარგმნი.

რამდენი შეშა ეკუთვნის ოჯახს და რა ფასი დაადგინა მთავრობამ – ტყით სარგებლობის წესი ამოქმედდა

საქართველოს მთავრობამ შეშის ფასი დაადგინა. 1 კუბური მეტრი შეშა, ტრანსპორტირების ჩათვლით, 85-90 ლარი ეღირება, ხოლო ტრანსპორტირების გარეშე – 70-75 ლარი. ტყით სარგებლობის ახალი წესი 2021 წლის 21 მაისიდან ამოქმედდა. მოსახლეობა ამ ფასად შეშას მხოლოდ საქმიან ეზოებში იყიდის. 2023 წლამდე ერთდროულად იქნება დასაშვები როგორც შეშის მოჭრა ბილეთით, ასევე შეშის ყიდვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. 2023 წლიდან კი შეშის შეძენა მხოლოდ საქმიან ეზოებში იქნება შესაძლებელი.

დღეისათვის მოქმედი რეგულაციით ყოველწლიურად ერთ ოჯახს [კომლს], შეუძლია 7 მეტრ კუბი შეშა მოჭრას ბილეთით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში არაუმეტეს 15 მეტრ კუბისა. ტყეში შეშის მოჭრის შესაძლებლობა ბილეთით ოჯახებს კიდევ ორი წელი ექნებათ. 2023 წლიდან კი მოსახლეობა ტყეში შეშას ვეღარ მოჭრის.

ტყით სარგებლობის ახალი წესით, „საშეშე და სამასალე მერქანის დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ, დაახარისხებენ და განათავსებენ დასაწყობების ადგილებზე, ე.წ. „საქმიან ეზოებში“.

2023 წლამდე კი, მოსახლეობას შეეძლება ისარგებლოს ხე-ტყის დამზადების ბილეთითაც [როგორ არის დღეს], ასევე შეშა იყიდოს „საქმიან ეზოებშიც“. თუმცა, ორთავე შემთხვევაში შეშის მოცულობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ერთი კომლისთვის დადგენილ ზღვარს – 7 ან 15 [მაღალმთიან დასახლებაში] კუბურ/მეტრს.

თუ მოქალაქე აღნიშნული მოცულობის შეშას მთლიანად „საქმიან ეზოში“ იყიდის, მას აღარ ექნება უფლება ისარგებლოს ხე-ტყის დამზადების ბილეთით. ხოლო, თუ მოსახლეობისათვის გათვალისწინებული, 7 ან 15 კუბ/მ მოცულობიდან მხოლოდ ნაწილობრივ იყიდის „საქმიან ეზოში“, ასეთ შემთხვევაში პირს უფლება აქვს მოცულობაში სხვაობა დამატებით დაამზადოს [შეივსოს] სოციალური ჭრისათვის გამოყოფილი შესაბამისი ტყე-კაფის ფარგლებში ხეტყის დამზადებით [ანუ ისარგებლოს ბილეთით].

ტყით სარგებლობის წესი მთავრობამ 2021 წლის 10 მაისს დაამტკიცა და ის 2021 წლის 21 მაისს ამოქმედდა.

როგორი იქნება შეშის ფასი „საქმიან ეზოებში“? – ახალი წესით ასეთი ეზოებიდან შეშის გაყიდვის ფასებიც დადგინდა და 1კუბ/მ შეშა 85-90 ლარი ეღირება [ტრანსპორტირებით], ხოლო ტრანსპორტირების გარეშე – 70-75 ლარი.

წყარო: ტყითსარგებლობის წესი

შენიშვნა: დადგენილი სარეალიზაციო ფასები ტრანსპორტირებით მოცემულია 30 კმ-ის ჩათვლით, ხოლო 30 კმ-ის ზევით, ყოველ მომდევნო კილომეტრზე ფასს ემატება 1 მ​​​3-ისთვის 0,50 ლარი; ამასთან, ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, პირდაპირი მიყიდვის წესით გასაცემი საშეშე მერქნული რესურსის მიწოდება უზრუნველყოს დაპობილ-დაჩეხილი სახით. ასეთ შემთხვევაში, დამატებით გადახდილი უნდა იქნეს 20 ლარი 1 კუბ/მ-ზე.

ანუ, თუ საქმიან ეზოში, ტრანსპორტირების გარეშე, ადგილზე შეიძენთ, ვთქვათ 3 კუბ/მ დაპობილ შეშას [ფოთლოვანი ხის], სატყეო სამსახურს ჯამში 285 ლარს გადაუხდით [დაუპობელში კი – 225 ლარს].

დაუპობელი საშეშე მერქანი კი, ამ წესის მიხედვით, არის ხე-ტყის დამზადების შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის მერქნული რესურსი.

ტყით სარგებლობის წესის ამოქმედებით ტყეში კენკროვანების და სხვა არამერქნული რესურსის კომერციული მიზნით შეგროვებაც უკვე დაშვებულია. ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია სარეალიზაციოდ შეაგროვოს ეს რესურსი, რისთვისაც კონკრეტულ მოსაკრებელს გადაიხდის.

რაც შეეხება მოქალაქეებს/ფიზიკურ პირებს, მათ ასეთი რესურსის შეგროვებას როგორც აქამდე, მომავალშიც ყოველგვარი ნებართვისა და ფასის გადახდის გარეშე შეძლებენ. საუბარია, მაგალითად, მოცვზე, მაყვალზე, ტყის მარწყვზე, ასკილზე, ეკალაზე, სოკოზე და ა.შ.

ამ თემაზე:

დაიბეგრებით, თუ ტყეში მოცვს, მაყვალს, მარწყვს კომერციული მიზნით შეაგროვებთ – ახალი წესი

 

 

აკვაკულტურის წარმოებას სპეციალური ნებართვა დასჭირდება – ახალი წესი

ხმელეთზე, მდინარეში, ტბასა თუ ზღვაში აკვაკულტურის წარმოებისთვის სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო, რომელიც აუქციონით, არაუმეტეს 20 წლის ვადით გაიცემა. ნებართვას ეროვნული სააგენტო გასცემს, ნებართვის მოწმობის ფორმას კი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დაამტკიცებს.

პირს, რომელიც ხმელეთზე განთავსებული 50 მ​3-მდე მოცულობის შესაბამისი კონსტრუქციით აწარმოებს აკვაკულტურას, ნებართვის აღება არ სჭირდება.

იმ პირებს კი, რომლებიც „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე [ანუ, 2021 წლის პირველ მარტამდე] აწარმოებდნენ აკვაკულტურას, უფლება აქვთ, გააგრძელონ ეს საქმიანობა. თუმცა ისინი ვალდებულნი არიან, ნებართვა 2023 წლის პირველ მარტამდე აიღონ.

აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები ძალაში 2021 წლის 21 მაისს შევიდა.

ამ წესის დებულებები საზღვაო წყლებში აკვაკულტურის საქმიანობის [მარიკულტურა] განხორციელებასთან დაკავშირებით კი, ძალაში შევა აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონის დამტკიცების თაობაზე მთავრობის სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან.

ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები აწესრიგებს აკვაკულტურის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს:

  • ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციების მეშვეობით აკვაკულტურის განხორციელებისას;
  • აკვაკულტურის კონსტრუქციების მეშვეობით საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურის განხორციელებისას [მარიკულტურა];
  • საქართველოს შიდა წყლებში [წყალსატევებში] აკვაკულტურის კონსტრუქციების განთავსებით აკვაკულტურის განხორციელებისას.

 

[toggle title=”აკვაკულტურა, ექსტენსიური აკვაკულტურა, აკვაკულტურის კონსტრუქცია – განმარტებები ნახეთ აქ:”]

აკვაკულტურა − წყლის ცოცხალი ორგანიზმის (თევზი, მოლუსკი, კიბოსნაირი, წყლის მცენარე) ისეთი საშუალებების გამოყენებით მოშენება (კულტივირება, გამოზრდა, გამრავლება), რომელთა მიზანია ამ ორგანიზმის წარმოების გაზრდა გარემოს ბუნებრივი შესაძლებლობების მიღმა. ეს ორგანიზმი ერთი ან ერთზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში რჩება მთელი პერიოდის განმავლობაში − გამოზრდიდან პროდუქციის მიღების ჩათვლით. წყლის ცოცხალი ორგანიზმის მოშენება გულისხმობს ამ ორგანიზმის გაზრდის ორგანიზებულ პროცესს, მათ შორის, მის გამრავლებას ან რეგულარულ შენახვასა და კვებას ან/და მტაცებლისგან ან სხვა, მსგავსი ჩარევისგან დაცვას აღნიშნული ორგანიზმის ბუნებრივი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში;

ექსტენსიური აკვაკულტურა − ბუნებრივი წყალსატევის (ტბა, მდინარე, წყალჭაობიანი ადგილი და სხვა) ან ხელოვნური წყალსატევის (წყალსაცავი, ზოგიერთი არხი და სხვა წყალსატევი, გარდა აკვაკულტურის კონსტრუქციისა) ხელოვნურად გამრავლებული ქვირითით, ლარვით, ლიფსიტითა და ახალმოზარდეულით ბუნებრივი საკვები ბაზის ხარჯზე დათევზიანება, ამ წყალსატევში არსებული ბუნებრივი თევზის რესურსის აღწარმოების ხელშეწყობა და შემდგომ მისი ზრდის შედეგად თევზჭერა;

აკვაკულტურის კონსტრუქცია − აკვაკულტურის მიზნებისთვის მოწყობილი ნებისმიერი ხელოვნური წყალსატევი (ტბორი, გუბურა, არხი, ავზი, რეზერვუარი და სხვა), წყალსატევში განთავსებული სხვადასხვა ფორმისა და ტიპის თევზსაშენი გალია, თევზსაშენი ოჩხი, სხვადასხვა ფორმისა და ტიპის აკვაკულტურის კოლექტორი, ბაგირის, ბადისებური ტომრის, კალათის კონსტრუქცია, ხელოვნური მყარი ფსკერული კონსტრუქცია (მათ შორის, ხელოვნური რიფი), რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემა, აკვაკულტურის ობიექტის გამოზრდისთვის განკუთვნილი სხვა სახის კონსტრუქცია ან მოწყობილობა. აკვაკულტურის კონსტრუქციას არ განეკუთვნება ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ექსტენსიური აკვაკულტურისთვის განსაზღვრული ხელოვნური წყალსატევი.

კანონიდან „აკვაკულტურის შესახებ“

[/toggle]

 

აკვაკულტურის საქმიანობაზე ნებართვა აუქციონით გაიცემა, თუმცა შესაბამის წესში აღნიშნულია, რომ „იმ შემთხვევაში, თუ სოციალური და ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არსებობს სააგენტოს დასაბუთებული შუამდგომლობა, სამინისტრო მომართავს საქართველოს მთავრობას აუქციონის გარეშე, მთავრობის თანხმობით, ნებართვის პირდაპირი წესით გაცემის თაობაზე“.

ამასთან, „ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის შემთხვევაში, ნებართვის გაცემაზე სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს პირდაპირი წესით, თუ ნებართვის მაძიებელი წარადგენს მიწაზე საკუთრების/სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს და აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს“.

აუქციონის წესით ნებართვა გაიცემა იმ იურიდიულ პირზე, რომელიც იკისრებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს ნებართვის გამცემის მიერ ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული მოთხოვნები და წარმოადგენს ყველაზე მაღალ ფასს.

აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით. აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას, აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, სააგენტო აქვეყნებს თავის ინტერნეტგვერდზე. აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

ნებართვის მაძიებელი განაცხადს წარუდგენს სააგენტოს. ამასთან მას უფლება აქვს, სააგენტოსგან მოითხოვოს წინასწარი კონსულტაცია ნებართვის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით.

წესის მიხედვით:

  • საზღვაო წყლებში ნებართვა გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. საზღვაო წყლებში ნებართვის გაცემაზე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე. დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, წარადგინონ მოსაზრებები განაცხადთან დაკავშირებით.
  • საზღვაო წყლებში ნებართვის გაცემაზე განაცხადის განხილვისთვის სავალდებულოა, აკვაკულტურის საქმიანობისთვის მოთხოვნილი არეალი მდებარეობდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკვაკულტურისათვის გამოყოფილ ზონაში.
  • სახელმწიფო ტყის/დაცული ტერიტორიების ფარგლებში ნებართვის გაცემისთვის სავალდებულოა სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს/სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანხმობა.
  • თუ ნებართვის მაძიებელი აპირებს უცხო სახეობის მოშენებას, ნებართვის გაცემამდე სავალდებულოა აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს დასკვნა.

აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა უნდა შეიქმნას ზღვაში გონიო-კვარიათის მიმდებარედაც. ეს ზონები კი, მნიშვნელოვნად შეზღუდავს ადგილობრივ თევზმჭერთა ტრადიციულ საქმიანობას.

„ეს ჩვენი ტრადიციაა, მეთევზეები ვართ, ჩვენ როცა ვთვლით საჭიროდ, მაშინ გავდივართ სათევზაოდ და სხვის ფერმაში რა გვინდა სამუშაოდ. ჩვენი შემოსავალი ჩვენ მიერ დაჭერილი თევზია. ჭოროხის შესართავთან თევზაობა საერთოდ აკრძალულია. როცა ისეთ კანონებს იღებენ, რაც თევზაობას, ზღვას უკავშირდება, უნდა შეეკითხონ მეთევზეს, უნდა მოუსმინონ. რახან ასე არ მოხდა, გამოდის, რომ მთავარია ვიღაცებმა ფული გააკეთონ და ჩვენ ყველანაირად გვზღუდავენ. პლაჟიო, ტურიზმიო, ზღვაში გასასვლელი ადგილიც აღარ დაგვიტოვეს. ეტყობა არ უნდათ ტრადიციული მეთევზეობა, როგორც დარგი განვითარდეს ან შენარჩუნდეს მაინც“, – გვითხრეს გონიოელმა მეთევზეებმა.

ამავე თემაზე ვრცლად:

ზღვის სარგებელი ეკონომიკაში

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ტურისტულ მანიშნებლებს დაამონტაჟებენ

აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ საოჯახო სახლებისა და ტურისტული ლოკაციების მარკირებაზე ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა.

ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ტურისტული მანიშნებლები მეწყობა შემდეგ მარშრუტებზე/ლოკაციებზე:

  • შუახევის მუნიციპალიტეტი, ჭვანის ხეობა, ხაბელაშვილები-ლელთის ტბის მარშრუტის მარკირება: სოფ. ხაბელაშვილები – სოფ. ნაღვარევი – ლელთის ტბა;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ტბიყელის მარშრუტის მარკირება: სოფ. ჭახათი-კინტრიშის დაცული ტერიტორიები-ხინოწმინდის მონასტერი-ტბა (უკვემარკირებულ მარშრუტებზე ხდება ნიშნულების დამატება);
  • ქედის მუნიციპალიტეტი, გოდერძის ჩანჩქერებთან მისასვლელი ბილიკის მარკირება სამი სოფლიდან: სოფ. ოქტომბერი, სოფ. გარეტყე, სოფ.მეძიბნა:
  • ქედის მუნიციპალიტეტი, დანდალოს ჩანჩქერის მარკირება;
  • ხულოს მუნიციპალიტეტი, უჩხოს ჩანჩქერის მისასვლელი სოფლის გზის მარკირება;
  • საოჯახო სასტუმრო სახლის მარკირება შუახევის მუნიციპალიტეტში: სოფ ტომაშეთში.
  • საოჯახო სასტუმრო სახლებისა და მარნების მარკირება – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სოფ. კვირიკე, სოფ ხალა;
  • საოჯახო რეწვის სახლის მარკირება – ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. უჩხითი.
  • ღვინის მარნის მარკირება მახინჯაურში.

ტურისტული მანიშნებლების ზუსტი ლოკაციის მიწოდება გამარჯვებულ პრეტენდენტზე მოხდება ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ. ასევე, გამარჯვებულ პრეტენდენტს სააგენტო გადასცემს ტურისტული ნიშნულების საბეჭდ ვერსიასა და მზა დიაზაინს.

სატენდერო თანხა 50 700 ლარია. წინადადებების მიღება კი 2021 წლის 11 ივნისს დასრულდება. სამუშაოები, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღეში უნდა დამთავრდეს.

ამავე თემაზე:

43 450 ლარი ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოსაწყობი დოკუმენტებისთვის

 

კორონავირუსისგან 33 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 071 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 22 მაისის დილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა; ამავე პერიოდში გარდაიცვალა 33 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 985 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 333 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 652 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  336  840-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 680 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 317 069-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი, ვირუსს ჯამში 4 602 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.11%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.18%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 071ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 581 შემთხვევა, აჭარა – 96, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 55, შიდა ქართლი – 42, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 100, კახეთი – 55, მცხეთა-მთიანეთი – 23, სამცხე-ჯავახეთი – 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 143, საიდანაც: 4 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 365, აჭარაში – 482, იმერეთში – 525. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 903 პირი, მათ შორის, თბილისში – 436, აჭარაში – 103, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 229 პირი, მათგან თბილისში – 152, აჭარაში – 10, იმერეთში – 16. 701 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 369 – თბილისში, 288- აჭარაში. 10 172 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 80 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 46, ხოლო აჭარაში – 33.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 255 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 407 პირი, აჭარაში – 1 741, იმერეთში – 1 158.

კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 1 პაციენტი – 22 მაისი

22 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 ადამიანი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 89.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 424 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით, მათგან 10 ხელოვნურ სუნთქვაზეა.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 260 ადამიანი იმყოფება, კორონავირუსს ბინაზე მკურნალობს 560 ადამიანი.

ავტომობილების განბაჟების ვადა 31 მაისს იწურება

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე, პერიოდში შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, განბაჟების ვადა, 2021 წლის 1-ლი მარტის ნაცვლად, 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით აქვთ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეღავათი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც დარღვეულია ამ სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტში დეკლარირების შემდეგ დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა. აღნიშნული შეღავათი დაახლოებით  19 000 ავტოსატრანსპორტო საშუალებას შეეხება.

31 მაისის ჩათვლით, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი აგრეთვე  თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ავტოიმპორტიორებს დაიცვან კანონით დადგენილი საბაჟო გაფორმების პროცედურები და ვადები.

ამავე თემაზე:

პანდემიის პერიოდში საქართველოში 112 ათასი ავტომანქანა შემოიტანეს, 43 ათასი კი გაიტანეს

ევროკავშირის დიდი პროექტი, რომელიც ახალგაზრდების დასაქმებას შეუწყობს ხელს

დღეს, 21 მაისს, სასტუმრო „ლე მერიდიანში“ ოთხ პროფესიულ სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. თანამშრომლობა დაიგეგმა „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის (LINKS)“ ფარგლებში. 

მემორანდუმის გაფორმება პროფესიულ სასწავლებლებთან სასტუმრო ,,ლე მერიდიანში”.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოლეჯები ,,ბლექსი“ და ,,ახალი ტალღა“ – ეს ის სასწავლებლებია, რომლებიც მემორანდუმით იღებენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ ახალგაზრდების დასაქმებას და გააუმჯობესონ საგანმანათლებლო, პროფესიული სერვისების ხარისხი, უზრუნველყონ საგანმანათლებლო სიკეთეებზე რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის ხელმისაწვდომობა.

„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს, „საქართველოს გაეროს ასოციაცია“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF). ეს არის მასშტაბური პროგრამის ნაწილი სახელწოდებით – „განათლება დასაქმებისთვის“ (skill4jobs).

პროექტი ოთხ სამიზნე რეგიონში: აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ხორციელდება.

ევროკავშირის დიდი პროექტი ახალგაზრდების დასაქმებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ დღევანდელ შეხვედრას უწევდა ორგანიზებას. მისი წარმომადგენელი, სალომე ფუტკარაძე ამბობს, რომ ორგანიზაცია კოორდინირებას გაუწევს პროექტის მიმდინარეობას აჭარის რეგიონში.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ მოხალისე ახალგაზრდების მიღება და უპირატესობა მივანიჭეთ სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს, მოწყვლად ჯგუფებს, მათ, ვისაც არ მიუღია განათლება და შესაბამისად არც არასდროს ჰქონია სამსახური. ისინი დაესწრებიან ინგლისური ენის სემინარებს, მეწარმეობისა და ციფრული უნარების ტრენინგებს, კარიერული მზაობისთვის საჭირო სწავლებასაც გაივლიან.

შემუშავებულია მოკლე მოდულები სწრაფი სწავლებისთვის. ვასწავლით როგორ მოემზადონ დამსაქმებელთა წარსადგენად.

გვექნება ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა და კომუნიკაცია ბიზნესის წარმომადგენლებთან. კომპანიებში ახალგაზრდები არამხოლოდ სტაჟირებას გაივლიან, არამედ მხარს დავუჭერთ ინიციატივებს, რომ ამავე, ან მსგავს კომპანიებში დასაქმდნენ კიდეც გრძელვადიანად სტაჟიორები. სემინარები ჩატარდება ონლაინ, დისტანციურად, რაც საშუალებას მისცემს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს ქალაქში ჩამოსვლის გარეშე განივითარონ უნარები და ჩაერთონ პროექტში“, – ამბობს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის წარმომადგენელი, სალომე ფუტკარაძე.

,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” წარმომადგენელი სალომე ფუტკარაძე

როგორც კოლეჯ  ,,ბლექსის“ წარმომადგენელმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა,  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებულ პროექტში ჩაერთვება მათი კოლეჯი. პროფესიული განათლება, მისივე თქმით, ეკონომიკის განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალაა.

საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენელი, თეონა ლებანიძე ამბობს, რომ პროექტები ხელს შეუწყობს დასაქმებას და იმ უნარჩვევების გამომუშავებას, რაც დასაქმებაში დაეხმარება ახალგაზრდებს, პროექტების სამიზნე აუდიტორია 14-29 წლის ახალგაზრდებით განისაზღვრება.

„მნიშვნელოვანია პროფესიული სასწავლებლების ჩართულობა პროექტში, რადგან ჩვენი მიზანია შეიქმნას კავშირები, რაც სამომავლოდ დიდ გავლენას მოახდენს საქართველოსთვის უმწვავეს პრობლემაზე, კომპლექსურ უმუშევრობაზე.

პროექტის დასაწყისიდანვე აჭარაში დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ეს ჩვენთვის ძალიან გასახარი ამბავია. სამწლიან პროექტს ვახორციელებთ, რომელიც 2023 წლის ზაფხულის ბოლოს უნდა დასრულდეს. ჩვენ, როგორც ორგანიზაცია ყველა საქმიანობას ვუყურებთ გრძელვადიანად და წარმატებული შედეგების შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ გაგრძელდეს პროექტი“, – ამბობს გაეროს წარმომადგენელი თეონა ლებანიძე.

გაეროს წარმომადგენელი თეონა ლებანიძე

შეხვედრაზე ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება, ეს ის რგოლია, რაც სკოლასა და უნივერსიტეტს აკავშირებს ერთმანეთთან. შესაბამისად, დასაქმების ყველაზე სწრაფი საშუალებაა.

„ბსუ“-ს წარმომადგენლის თქმით, პროექტის კარგი შედეგებით დასრულების მოლოდინს აჩენს ის ფაქტი, რომ პროექტის განხორციელების საქმეში ისეთი სანდო და კომპეტენტური ინსტიტუტები არიან ჩართულები, როგორიცაა ევროკავშირი, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“, გაერო და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

მემორანდუმს ხელი მოაწერა საზღვაო აკადემიამაც, მისმა წარმომადგენელმა დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აკადემიას ბევრი პროფესიული მიმართულება აქვს და ახლახანს მათ სამეგრელოშიც გახსნეს 1000 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული სასწავლებლის ფილიალი.

გაეროს, ევროკავშირისა და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ მიერ მხარდაჭერილ პროექტებს შორისაა სახალხო უნივერსიტეტის მოძრაობა, მისი ორგანიზატორი მკვლევარი ირაკლი ირემაძეა.

სახალხო უნივერსიტეტის მოძრაობა გულისხმობს დაახლოებით 60 სოფელსა და დაბაში ლექციების ციკლს. როგორც ირაკლი ირემაძე ამბობს, ეს იდეა მათ 100 წლის წინანდელი პრაქტიკიდან გააცოცხლეს.

„არსებობდა მსგავსი ინსტიტუტი საქართველოში, პირველი რესპუბლიკის პირობებში. სოფლებში ჩავიყვანთ საინტერესო სპიკერებს და გავმართავთ საინტერესო ლექციებს, არამხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ საკითხებზეც – ეკოტურიზმზე, აგროტურიზმზე, დასაქმების შესაძლებლობაზე სოფელში, სოფლის განვითარებაზე და ა.შ.

უკვე 40-მდე შეხვედრა გავმართეთ შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, აჭარასა და გურიაში. აჭარაში სულ ახლახანს გვქონდა დაბასა და სოფლებში ლექციები და რახან მაისია, პირველ რესპუბლიკაზე, მის გამოცდილებაზე და სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე, ამ პროცესში ახალგაზრდების წვლილზე ვისაუბრეთ“, – ამბობს ირაკლი ირემაძე.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი

დღევანდელ შეხვედრას ,,ლე მერიდიანში“ ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს გაეროს ასოციაციის, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; ასევე კოლეჯების: „ახალი ტალღა“ და „ბლექსი”, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის და აჭარის დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლები.

___

აფხაზი მუჰაჯირები – 154 წლის წინანდელი ტრაგიკული თარიღის გამოძახილი

დღეს, 21 მაისს, აფხაზები მუჰაჯირობის დაწყების ტრაგიკულ თარიღს იხსენებენ. აფხაზეთს გარეთ კი, ეს თარიღი არავის ახსოვს. აფხაზეთში მუჰაჯირობას მოჰყვა მუჰაჯირობა აჭარიდან, თუ სამცხედან. 154 წლის წინ ქვეყანაში დაწყებული დრამატული ისტორია საინტერესოა იმითაც, რომ კარგად ჩანს, თუ როგორ აინტერესებდა რუსეთს აფხაზეთის კეთილდღეობა.

ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, 1867 და 1877 წლებში აფხაზეთიდან თურქეთში რუსეთის იმპერიამ 50 ათასზე მეტი აფხაზი გადაასახლეს. ამ თარიღზე დღეს საჯაროდ, თუ სოციალურ ქსელში საუბარს, ან მსჯელობას იშვიათად, ან თითქმის ვერ შეხვდებოდით. პოლიტიკოსებმა, კონფლიქტოლოგებმა, თუ ისტორიკოსებმა ამჯერადაც გვერდი აუარეს ამ თარიღს. მუჰაჯირობას რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური შეფასება სჭირდება, ამაზე აქცენტი, მაგალითად, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ გააკეთა.

„ეს იყო მრავალწლიანი პროცესი და უკავშირდებოდა ლოიალური მოსახლეობის გაცლას ორ იმპერიას შორის. შემდეგ მათი ნაწილი ბრუნდებოდა საქართველოში, იპარებოდნენ ნავებით და მალულად, გარკვეულ წლებში შეეძლოთ დაბრუნება, მაგრამ იყო მთელი რიგი შეზღუდვები,“ – გვიყვება ისტორიკოსი, უახლესი კვლევების ცენტრის „ფრონეზისიდან“ დავით ჯიშკარიანი.

ისტორიკოსი ხაზს უსვამს იმას, რომ აფხაზთა მუჰაჯირობაზე ბევრი კვლევა ამ დრომდე არ არსებობს.

„მათ შორის, არც იმაზე, რა დამოკიდებულება ჰქონდა ოსმალეთის იმპერიას მუსლიმი მუჰაჯირების მიმართ,“ – დასძინა ისტორიკოსმა.

დავით ჯიშკარიანის დაკვირვებით, მუჰაჯირობა აქტუალური გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

„აფხაზები აღიქვამდნენ, რომ მუჰაჯირობის დროს ჩაენაცვლნენ ქართველები. აფხაზური ნაციონალური იდენტობისთვის კი, ჩანაცვლების პროცესში ქართველები ვერ იქნებოდნენ სანდო ხალხი. აფხაზებს ყოველთვის ახსოვდათ მუჰაჯირობა, როგორც ტრავმა, მაგრამ პოლიტიკურ პროექტად იგი გასული საუკუნის 90-იან წლებიდან იქცა,“ – ამბობს დავით ჯიშკარიანი.

ისტორიკოსი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ამ თარიღის შეფასების და კვლევების გარდა, საჭიროა მუჰაჯირობის შემდეგ თურქეთში გაჩენილ აფხაზურ დიასპორასთან მუშაობა.

„მეტ-ნაკლებად ცნობილია, რომ აფხაზური დიასპორა თურქეთში მხარს უჭერს აფხაზეთს ბევრ დეტალში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია კვლევების ჩატარება, როგორ ხედავენ ისინი ბოლო პროცესებს,“ – აღნიშნა დავით ჯიშკარიანმა „ბათუმელებთან“.

რატომ შეუწყო ხელი რუსეთის იმპერიამ მიზანმიმართულად მუსლიმი აფხაზების მუჰაჯირობას? – ისტორიკოსი ამას ზოგადად იმპერიების ხასიათით ხსნის, როცა ის მისთვის არალოიალურად განწყობილ მოსახლეობას თავიდან იშორებს.

„იმპერიებში არსებობდა „სანდო ხალხის“ კონცეფცია – ჯობდა, რომ ლოიალური ხალხი გყოლოდა და გაგეძლიერებინა იმპერია, განსაკუთრებით საზღვართან ახლოს. და განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთამდე ოსმალთა იმპერიის ადმინისტრაციულ წესრიგს იყო შეგუებული ეს ხალხი. ფაქტია, რომ ორივე იმპერია ამას ძალიან უწყობდა ხელს. ამავდროულად, ოსმალთა იმპერიიდან გადმოასახლეს ეთნიკური ბერძნები, სომხები…

გარდა ამისა, მუჰაჯირობა არ არის მხოლოდ სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობა, მუჰაჯირობა ძალიან დიდი მასშტაბით ხდებოდა ყირიმის ნახევარკუნძულზეც, ხდებოდა ბალკანეთზეც,“ – გვითხრა დავით ჯიშკარიანმა.

„იყო ეკონომიკური ინტერესიც რუსეთის მხრიდან,“ – მიიჩნევს ისტორიკოსი, ბსუ-ს პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი. ისტორიკოსი თვლის, რომ აფხაზეთიდან და შემდეგ უკვე აჭარაში იმიტომ მოაწყვეს მუჰაჯირობა, რომ საზღვრისპირა და იმავდროულად სარფიანი ადგილები იმპერიისთვის კეთილგანწყობილ და სანდო ხალხისთვის ჩაებარებინათ.

ოთარ გოგოლიშვილი შენიშნავს, რომ აჭარისგან განსხვავებით, სადაც მუჰაჯირობა რუსეთ-თურქეთის ომის დასრულების ეტაპზე დაიწყო, აფხაზეთში მუჰაჯირობა უფრო ადრე, აჯანყებების სერიას მოჰყვა.

„აფხაზეთში ოთხჯერ მოხდა აჯანყება… პოლიტიკური ინტერესი იყო ლოიალური მოსახლეობის ჩასახლება, ვისაც დაეყრდნობოდნენ, მაგრამ წამყვანი, ვფიქრობ, იყო ეკონომიკური ინტერესი. თურქეთის ინტერესი კი ის იყო, რომ აუთვისებელი მიწები ჰქონდათ ბევრი. გარდა ამისა, საბრძოლო ნაწილებს შეავსებდნენ. მაშინ ოსმალთა იმპერიას ბევრი ბრძოლა ჰქონდა. საბოლოოდ, მუჰაჯირობაზე გადაწყვეტილება მიიღეს ბერლინის კონგრესზე, რომ მოსახლეობას უფლება ჰქონდა გადასახლებულიყო ოსმალთა იმპერიაში და თუ ამას მოინდომებდა ხალხი, ამას არცერთი მხარე არ შეაფერხებდა“, – გვიყვება ოთარ გოგოლიშვილი.

ისტორიკოსის თქმით, ისტორიულ დოკუმენტების მიხედვით, მუჰაჯირობის პროცესს ყველაზე მეტად ხელს უწყობდნენ მუსლიმი სასულიერო პირები და ბეგები.

„ეს გადმოცემის დონეზეც არის შემონახული: ძირითადად ეუბნებოდნენ, გიაურები მოდიან და გაგაგიაურებენო. ოსმალთა იმპერია კი, ალლაჰის აღქმული მიწააო. ბეგების უმრავლესობაც მხარს უჭერდა მუჰაჯირობას. აჭარაში, მაგალითად, მუჰაჯირობის გამორჩეული მოწინააღმდეგე შერიფ ხიმშიაშვილი იყო: ფეხი არ მოიცვალოთ აქედანო, ასე ეუბნებოდა ხალხს,“ – გვითხრა ოთარ გოგოლიშვილმა.

რაც შეეხება აფხაზებს, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, საქართველოს ფარგლებს გარეთ თითქმის 400 ათასი აფხაზი ცხოვრობს. ისინი ძირითადად მეცხრამეტე საუკუნის მუჰაჯირების შთამომავლები არიან.

___

მთავარი ფოტო: ფხაზი მუჰაჯირები ქალაქ სამსუნის პორტში, თურქეთი, 1864 წელი

ვერ წარმოიდგენთ, როგორი მოტივაცია აქვთ ისწავლონ ქართული – მასწავლებელი ჯავახეთიდან

სოფელი კარწახი, ჯავახეთში, ცნობილი კარწახის, იგივე ხოზაფინის ტბის პირას, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 1799 მეტრზე მდებარეობს. ამ რეგიონში ზამთარი მკაცრია, ტბაზე კი მინიმალური ტემპერატურა -40℃-იც კი დაფიქსირებულა. სოფელი ეთნიკური სომხებითაა დასახლებული. სკოლაც სომხურენოვანია. სწორედ ამ სოფელში ასწავლის ქართულ ენას თამარ კვინიკაძე, რომელიც შვიდი წლის წინ ჩავიდა. და დღემდე ამ სკოლაში ასწავლის.

ჯავახეთში წასვლამდე, თამარ კვინიკაძე ხაშურში სოფელ ხთისში მუშაობდა. ამბობს, რომ განსხვავებულ გარემოში მუშაობა ყოველთვის აინტერესებდა, მაგრამ მაშინ პატარა ბავშვები მყავდა და სხვა რეგიონში გადასვლას ვერ ვახერხებდიო.

სურვილი 2015 წელს აისრულა და პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში კონსულტანტ-მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. „ერთადერთი ის მაფიქრებდა, თუ როგორი გარემო დამხვდებოდა. მიმიღებდნენ თუ არა, მაგრამ პირველივე დღიდან ვიგრძენი მეგობრული განწყობა. ერთი წუთით არ მიგრძვნია თავი უცხოდ“, – ამბობს თამარი.

ქართული ენის შესწავლაში ბავშვების გარდა, კოლეგებსაც ეხმარება. აქტიურად არის ჩართული მათ პროფესიულ განვითარებაში.

კარწახის საჯარო სკოლა

„გასულ წელს სამმა პედაგოგმა შეძლო საგნობრივი გამოცდის ჩაბარება, წელს პროფესიული უნარების გამოცდისთვისაც ვემზადებით. ქართულის სწავლების მხრივ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებია ყოველდღე აქვთ ქართული, სრულყოფილად მაინც ვერ ფლობენ ენას. ბავშვებს ჯერ კიდევ უჭირთ ქართულად ეროვნული გამოცდების ჩაბარება. ეს პრობლემა უნდა დაიძლიოს“, – გვეუბნება თამარი.

კარწახის სკოლის მოსწავლეები

პედაგოგის თქმით, სახელმწიფო ენის შესწავლას უკეთ შეძლებდნენ ეთნიკური სომხები, მათ გარემო რომ უწყობდეს ხელს. პედაგოგის თქმით, სოფელში სკოლის გარდა არანაირი ქართულენოვანი წყარო არ არსებობს. „ქართული არხებიც კი არ არის, რომ ჩართონ და მოუსმინონ. ვიღაცისგან გაგონილი და მოსმენილი ამბებით არიან. ძირითადად დეზინფორმაციას ისმენენ.

საქართველოში ცხოვრობენ და არ იციან ზუსტად სახელმწიფოში რა ხდება, ვინ არის ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ არის პარლამენტის თავმჯდომარე, ყოველდღიურად რა პროცესები მიდის ქვეყანაში, ისიც კი არ იციან, ვინ არის თუნდაც პარლამენტში მათი წარმომადგენელი.

სადაც კი ხმა მიმიწვდება ყველას ამ პრობლემაზე ვესაუბრები. იქნებ ქართული არხები მაინც ჩავურთოთ უფასოდ. სოფელში ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა. ისედაც დუხჭირი ცხოვრებაა სოფლებში და პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა ყოფა“, – გვეუბნება მასწავლებელი.

მისი თქმით, როგორც სკოლის მოსწავლეებში, ასევე თემშიც არსებობს პოზიტიური განწყობა ქართული ენის შესწავლის მიმართ. „ვერ წარმოიდგენთ როგორი მოტივაცია აქვთ, რომ ისწავლონ ქართული ენა. მხოლოდ იმიტომ, რომ ნიშანი მიიღონ, ამიტომ არ სწავლობენ ქართულს. შინაგანი მოტივაცია აქვთ როგორც მოსწავლეებს, ასევე მშობლებს, რომ ბავშვი ვერ იქნება წარმატებული თუ არ ეცოდინება სახელმწიფო ენა კარგად.

ცხოვრობენ საქართველოში, არიან მოქალაქეები, უნდა იცოდნენ სრულფასოვნად ქართული ენა – ეს განწყობაა მოსახლეობაშიც და მე მათთანაც ვმუშაობ ხოლმე, ვასწავლი ენას. ჩვენთან საბაჟოა ახლოს და რამდენიმე ადამიანი მუშაობს იქ სხვადასხვა პოზიციაზე და მიხვდნენ რომ იქაც სჭირდებათ ქართული ენა“-ამბობს თამარი.

პანდემიამდე სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი სამუშაოდ რუსეთში დადიოდა. რაც საზღვრები ჩაიკეტა, ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა სოფლებში. „ამ სოფელში უშრომელ ადამიანს ვერ იპოვით. ბავშვები და უფროსებიც ყველანი შრომობენ. წელს ბევრი კარტოფილი მოიყვანეს, თუმცა ვერსად გაყიდეს, გაუფუჭდათ. სამწუხაროდ, არავის ადარდებს ეს ამბავი“, – გვეუბნება თამარ კვინიკაძე.

ონლაინგაკვეთილზე

პანდემიამ და ჩაკეტილობამ გავლენა იქონია ბავშვების განათლებაზეც. მასწავლებელი ვეღარ ახერხებდა მათთან უშუალო კომუნიკაციას, ვერც სახლში ამეცადინებდა დამატებით. ყველა ბავშვს კი ხელი არ მიუწვდებოდა ონლაინგაკვეთილებზე. ზოგს ინტერნეტი არ ჰქონდა, ზოგს კომპიუტერი.

„სკოლაში 129 ბავშვი სწავლობს. სასწავლო დანაკარგები, რა თქმა უნდა, ჩვენს სკოლაშიც გვექნება, მაგრამ ვცდილობთ, რომ როგორმე ავანაზღაუროთ ბავშვებთან დამატებითი მუშაობით. ისეთი მდგომარეობაც არ გვაქვს, რომ წლის ბოლოს შეფასება ვერ დავწეროთ.

„ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული არ ვართ, თუცა ყოველთვის ვცდილობ ბავშვებს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში დავეხმარო. გაკვეთილზე იგავ-არაკები შემაქვს ხოლმე და ვეუბნები, რომ წაიკითხონ, ჯერ მშობლიურ ენაზე გაიაზრონ და შემდეგ მე დავეხმარები, რომ ქართულადაც ჩამოაყალიბონ აზრი. გრამატიკულ შეცდომებს უშვებენ, თუმცა აზრის გადმოცემას ახერხებენ“, – ამბობს თამარი.  მისი თქმით, მთავარია ბავშვებმა კითხვას – „რატომ?“, ხშირად გასცენ პასუხი.

რადგან სოფელში ბავშვებისთვის გასართობი სივრცეები არ არსებობს, ცდილობს არაფორმალური განათლებით შეუქმნას საინტერესო გარემო.

„გადავწყვიტე, რომ ინტეგრაციის ამბავში, ხაშურის და კარწახის სკოლები დამეახლოვებინა. ჯერ ხაშურელი მასწავლებლები მოვიწვიეთ, შემდეგ აქედანაც ჩავიდნენ ხაშურში. ბავშვების დაახლოებასაც ვუწყობ ხელს. „თქვენს უკან საქართველოს ვხედავთ“, – ასე მეუბნებიან ხოლმე ეთნიკური სომხები და ეს ყველაზე დიდი შეფასებაა ჩემთვის. ალბათ მარტო ამის გამო ღირდა აქ გადმოსვლა“, – გვეუბნება თამარი.

მისი თქმით, სოფელში აღარ შეინიშნება ნაადრევი ქორწინებები, რადგან მშობლებმა გაიაზრეს, რომ ბავშვებმა უნდა ისწავლონო. „არ აქვს მნიშვნელობა, გოგოა თუ ბიჭი, განათლება უკვე მნიშვნელოვანია ოჯახებისთვის. წელს სამი გოგო ამთავრებს და ორი უმაღლესში აპირებს ჩაბარებას“, – გვეუბნება ის.

თამარის თქმით, ულამაზესი ბუნების და განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ჯავახეთში არც ტურისტული ინფრასტრუქტურაა სათანადოდ განვითარებული. „გზა, მეტ-ნაკლებად არის, წყლის პრობლემაც მოგვარებულია, თუმცა ბუნებრივი გაზი არ არის სოფელში. ულამაზესი ადგილები, ტბებია, თანაც საზღვრისპირა სოფელია, ვფიქრობ უფრო მეტად უნდა ზრუნავდეს ამ რეგიონზე სახელმწიფო“.

თამარ კვინიკაძე კარწახის ტბაზე

თამარი ამბობს, რომ კარწახის ულამაზესი ტბის სანაპიროზე ხშირად დადის, თუმცა ჯერ არ უთევზავია. ეს ადგილი განსაკუთრებულად გამორჩეულია ტურისტებისთვის. სოფლის მაცხოვრებლები როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მხრიდან, ტბაში ხშირად გადიან სათევზაოდ. იყო მცდელობა ტბის კერძო საკუთრებაში გადაცემის, თუმცა  ჯერჯერობით, ტბა ისევ სოფლის საკუთრებაა.

მკაცრი კლიმატის გამო, სოფელში ხილი იშვიათად მოდის. „უფრო მეტად ვაშლი და მსხალი, ახლახანს აყვავდა ბალიც, მაგრამ ხშირად იყინება. ვნახოთ წელს თუ იქნება მოსავალი“, – ამბობს თამარი.

ავარია ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე

ბათუმში, დღეს, 21 მაისს, რამდენიმე წუთის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხიმშიაშვილის ქუჩაზე.

თვითმხილველის თქმით, მსუბუქი ავტომანქანა გზის გამყოფ ზოლზე მოაჯირს შეეჯახა. მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავარია ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე / 21.05.2021 /

 3200 ლარი მკითხველისგან – ქალები ბანკში საპენსიო სესხებს და ვალებს გადაიხდიან

„ბათუმელების“ მკითხველმა რამდენიმე ქალის მხარდასაჭერად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ზუსტად 3200 ლარი გადმორიცხა.

პირველი ქალი

ნონა ტურაშვილი შვილთან ერთად ქუთაისში, ორ ოთახში ცხოვრობს. ორივე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ქალებს სპეციალური მედიკამენტების მიღება ესაჭიროებათ, რაც ყოველთვიურად შემოსავლის ნახევარი უჯდებათ.

წამლები რომ ეყიდათ, დედა-შვილმა ბანკიდან საპენსიო სესხი გამოიტანა. მათი სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 38.43%-ია. 

ხელშეკრულების თანახმად, ნონას და მის შვილს სულ გადასახდელი ჰქონდათ 831 ლარი, აქედან ძირი იყო 628 ლარი, ხოლო პროცენტი – 203. 

ნონასა და მისი შვილისთვის „ბათუმელების“ მკითხველმა 500 ლარი გაიღო. შესაბამისად, ამ თანხით ხვალ, 22 მაისს, დედა-შვილის საპენსიო სესხის ძირითადი ნაწილი დაიფარება.

ნონას და მის შვილს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ და სახელმწიფოსგან 120-ლარიან დახმარებას იღებენ. ამას ემატება მეორე ჯგუფის ინვალიდობის პენსია, 140-140 ლარი, ანუ ჯამში მათი შემოსავალი 400 ლარია. 

ნონას და მისი შვილის ისტორია ვრცლად ნახეთ აქ: პენსია სესხად – წამლებისთვის

“ვსარგებლობდი უფასო სადილით. ექიმთან ვიყავი, ჰემოგლობინი მაქვს დაბალი და კალორიული დიეტა დამინიშნა, ცოტა ხორცი, ცოტა წვნიანი, რომ ჰემოგლობინმა აიწიოს. უტომატო სუპები უნდა მივიღო. რაღაცების ჭამა არ შეიძლება და იქ დიეტური რაღაცები არ აქვთ, მე და ჩემს შვილს რაც გვჭირდება“, – შშმ ქალების საფიქრალი ყოველდღიურ კვებას უკავშირდება და კიდევ იმას, რომ ვირთხებთან ერთად უწევთ ცხოვრება.

მეორე ქალი

შშმ ქალია 34 წლის სალომე დუმბაძეც. ის სამტრედიაში ცხოვრობს. სალომეს მთავარი წუხილის შესახებ საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა ქეთიმ მოაწოდა ინფორმაცია „ბათუმელებს“ – სალომეს ტყუპი შვილი სახელმწიფომ მინდობით აღზრდაში გაიყვანაო. სალომე ამაზე ძალიან წუხს და ყოველ დღე ძალიან ბევრს ტირისო.

სალომემ „ბათუმელებთან“ დაადასტურა, რომ ნამდვილად გაიყვანა სახელმწიფო მისი ტყუპი მინდობით აღზრდაში. სალომე ცდილობს, ბავშვებისთვის საძინებელი მოაწესრიგოს. ფიქრობს, რომ თუ საძინებელი და სველი წერტილები ექნებათ, შვილებს უკან დაიბრუნებს.

სალომე მოგვიყვა, რომ 700 ლარი უკვე ვალი აქვს მაღაზიაში – ოთახის რემონტი გავაჩერე, მრცხვენია მაღაზიის გამყიდველისო.

სალომეს ისტორია ვრცლად ნახეთ აქ: „სიღარიბეს ვერ ვერევი, მაგრამ შვილების დაბრუნება მინდა“ – 34  წლის ქალის ისტორია 

მესამე ქალი

ხატია ბაღათურიამ სწორედ აღდგომის ღამეს გამოუგზავნა „ბათუმელებს“ ვიდეოშეტყობინება, სადაც ის თვალცრემლიანი გვიყვებოდა, რომ თავის ექვსი წლის შვილთან ერთად აღდგომის ღამესაც კი მშიერი იყო.

ხატიას და მის შვილებს „ბათუმელების“ მკითხველმა 1000 ლარი გადმოურიცხა – ქალმა თქვა, რომ ბინის ქირას გადაიხდის და შვილს კომპიუტერს უყიდის.

გაირკვა, რომ ხათუნას კიდევ ერთი შვილი ჰყავს, რომელიც ბებიასთან ცხოვრობს სოფელში. თავად ხათუნა გვიყვება, რომ ყოფილი ქმრისგან ძალადობის მსხვერპლია, ცხოვრობს ქუთაისში ნაქირავებ ბინაში და ემალება თავის ყოფილ მეუღლეს.

 

ხატიას ისტორია ვრცლად ნახეთ აქ: „საჭმელი არაფერი გვაქვს“ – 6 წლის ბიჭი და დედა შიმშილზე აღდგომის დღეს

მეოთხე ქალი

მეოთხე ქალი მაია ჯოყილაძე ბათუმში ოცნების ქალაქში თავის ოთხ ვაჟთან ერთად ცხოვრობს. უფროს შვილს, ოთოს, მოულოდნელად მძიმე დაავადება განუვითარდა. ოთოს დამოუკიდებლად უჭირს გადაადგილება, მაგრამ იმედს არ კარგავს, რომ ამას აუცილებლად შეძლებს.

ოთო უკვე 18 წლისაა და ძვირადღირებული კვლევები სჭირდება. ბათუმელების მკითხველისგან ოთო 500 ლარს მიიღებს.

ოთოს ოჯახი სოციალურად დაუცველია და უფასო სასადილოდან მოტანილი საკვებით იკვებება. თუმცა ოთოს ძმებს ეს ოდნავადაც არ აწუხებთ – ბიჭები იმაზე ოცნებობენ, როდის გაივლის ოთო ისევ. ამ ოცნებაზე უარის თქმას არც თავად ოთო აპირებს.

ოთოს და მისი ძმების ამბავი ნახეთ აქ: „მინდა, ჩემმა ძმამ ისევ გაიაროს“ – 3 ძმის ნატვრა ოცნების ქალაქიდან

 

მეხუთე ქალი

იამზე ბერიძეც ბათუმში, ოცნების ქალაქში ცხოვრობს. მეუღლე 12 წლის წინ ტრაგიკულად დაეღუპა და ორ შვილთან ერთად მიუსაფარი აღმოჩნდა. ახლა ოჯახი ოცნების ქალაქში ცხოვრობს. დედის თქმით, იმისათვის, რომ ბავშვების ონლაინსწავლება ვერ უზრუნველყო, განსაკუთრებით მისი უფროსი ბიჭი ჩამორჩა სწავლას.

იამზეს ოჯახმა „ბათუმელების“ მკითხველისგან 500 ლარი მიიღო.

იამზე ბერიძე

მთავარი ფოტო: მარცხნიდან – ნანული თაფლაძე, სალომე დუმბაძე და ნონა ტურაშვილი

ფიჭვნარის მიწები 1 ლარად – ვინ ააშენებს სასტუმროებს ანტიკურ ნაქალაქარზე

ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში პირობებით გასაცემი 30 ნაკვეთიდან 27 თავისუფალია. ეს ნაკვეთები ინვესტორებს უსასყიდლოდ [სიმბოლურ 1 ლარად], სასტუმროების მშენებლობის პირობით გადაეცემათ. არქეოლოგების თქმით კი, თავისუფალი ტურისტული ზონის ტერიტორია მოქცეულია ფიჭვნარის იმ არეალში, რომელიც არქეოლოგების მიერ დეტალურად შესწავლილი არ არის.

პროექტი, რომელიც თავისუფალ ზონაში სასტუმროების მშენებლობას ითვალისწინებდა, 2010 წელს დაიწყო და დღემდე აქ მხოლოდ 1 სასტუმრო აშენდა [აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აქ სასტუმრო კიდევ 2 ნაკვეთზე შენდება].

პროექტის თანახმად, ფიჭვნარში, ზღვიდან 140 მეტრით დაშორებულ ტერიტორიაზე, 30 სასტუმრო უნდა აშენებულიყო. თავის დროზე სამთავრობო კომისიამ 8 ინვესტორი გამოავლინა კიდეც, რომლებსაც 15 სასტუმრო უნდა აეშენებინათ, თუმცა შემდგომ ზოგიერთმა ინვესტორმა მშენებლობაზე უარი თქვა.

2015 წელს, თავისუფალი ტურისტული ზონის მიმართ დაინტერესების გასაზრდელად, ინვესტორებს ფიჭვნარში სამორინეების გახსნაც შესთავაზეს. მიუხედავად ამისა, აქ ახალი სასტუმრო არ აშენებულა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ინვესტორებისთვის ამ ზონაში ნაკვეთების შეთავაზება სხვადასხვა ტიპის სასტუმროების მშენებლობისთვის დღესაც ძალაშია.

რას სთავაზობს სამინისტრო ინვესტორს:

  • მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემა (0.2 ჰექტარი)
  • განთავისუფლება მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან 2026 წლამდე
  • უფასო სამშენებლო ნებართვა
  • უფასო პროექტი სასტუმროს მშენებლობისთვის (42, 52, და 60-ნომრიანი)
  • გამართული ტექნიკური მომსახურების ქსელი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა ელექტროობა, გაზი, წყალი და ახალი გზები
  • მიმდებარე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეკონსტრუქცია

თავისუფალ ტურისტულ ზონებში, მათ შორის, ფიჭვნარში, სასტუმროების მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის პირობებს, ასევე საგადასახადო და სხვა შეღავათებს „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს.

ქობულეთის ტურისტულ ზონას დღეს, რეესტრის მონაცემებით, მთლიანობაში 17 ჰექტარამდე ფართობი უკავია. აქედან 30 საინვესტიციო ნაკვეთია [თითოეული 1 800 კვ/მ], საიდანაც 27 ნაკვეთი დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია, ხოლო დანარჩენი 115 644 კვ/მ ტერიტორია – ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

ტურისტულ ზონაში 1 ნაკვეთი შპს „აიეტის“ საკუთრებაა, სადაც სასტუმრო ფუნქციონირებს. ამ კომპანიის მესაკუთრე, რეესტრის ბოლო ამონაწერით, არის საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე, გრიგოლ გაფრინდაშვილი.

ამავე ზონაში 2 ნაკვეთია გადაცემული საკუთრებაში შპს „ESCO-Georgia“-ზე. ამ კომპანიის მესაკუთრეა სარგის აღაბეკიანი, სომხეთის მოქალაქე.

„[2010 წელს] ტურისტულ ზონაში მოექცა არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორიის შეუსწავლელი ნაწილი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გაითვალისწინა სპეციალისტთა მოთხოვნა და იმავე წლის მიწურულს მოიძია თანხები მშენებლობისათვის განკუთვნილი ტერიტორიის წინასწარი შესწავლის მიზნით. 2010 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოხერხდა თავისუფალი ტურისტული ზონისათვის გამოყოფილი ტერიტორიის ნაწილობრივი გამოკვლევა. სამუშაოები დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა. ამდაგვარად წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოები უფრო არქეოლოგიური ნარჩენებისაგან მიწის გათავისუფლება იყო, ვიდრე კვლევა, რამაც ძეგლზე მოპოვებული მასალის მეცნიერული ღირებულება საგრძნობლად შეამცირა. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაოს მოცულობა (12 ჰა) ძალიან დიდი იყო, ხოლო დრო ძალიან მცირე, რის გამოც 5 ჰა მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად  შეუსწავლელი დარჩა,“ – არქეოლოგების მიერ სახელმწიფო უწყებებში გაგზავნილი წერილიდან.

ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლების გადარჩენის და დაცვის მიზნით ამ ტერიტორიისთვის „არქეოლოგიური დაცვის ზონის“ დადგენასა და სტატუსის მინიჭებას არქეოლოგთა ერთი ჯგუფი დღემდე ამაოდ ითხოვს.

სპეციალისტთა თქმით, არქეოლოგიურად საინტერესო ტერიტორია ქობულეთ-ფიჭვნარში 100 ჰექტარს მოიცავს. საიდანაც დღემდე მისი მხოლოდ მცირე ნაწილია შესწავლილი. წლების წინ ფიჭვნარის არქეოლოგიურ ძეგლს სტატუსი მოუხსნეს, რომელიც 1976 წლიდან ჰქონდა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წელს ძეგლის სტატუსი 20 ჰექტარამდე ფართობს მიანიჭა, თუმცა 2021 წელს ამავე სააგენტომ ძეგლის ტერიტორიის ფართობი 10 ჰექტარით შეამცირა – სტატუსი მოუხსნა.

თავისუფალ ტურისტულ ზონასა და ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიას შორის დაშორება დაახლოებით 340 მეტრია. სტატუსმინიჭებულ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კი სხვა, გაცილებით მასშტაბური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

თავისუფალი ტურისტული ზონის ტერიტორია ფიჭვნარში, რომელიც არქეოლოგთა თქმით, საფუძვლიანად არ არის შესწავლილი / ცაგო კახაბერიძის ფოტო / 14.05.2021 /

[toggle title=”ფიჭვნარის არქეოლოგიურ ღირებულებაზე ვრცლად ნახეთ აქ:“]

„ქობულეთის რაიონის ფიჭვნარი – ჩოლოქისა და მისი მიმდებარე ტერიტორია შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია. XX საუკუნის 60-იანი წლებიდან ძეგლზე გათხრებს აწარმოებდა ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიცია.

1998 წლიდან სამუშაოები განაახლა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის აშმოლის მუზეუმის ერთობლივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელები – პროფ. ა. კახიძე, მ. ვიკერსი).

მრავალწლიანი არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია სხვადასხვა პერიოდის უაღრესად საყურადღებო არქეოლოგიური ძეგლები:

ადრე ბრინჯაოს ხანის ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარი, შუა ბრინჯაო-ადრერკინის ხანის კოლხური ნამოსახლარები (ჩოლოქისა და ოჩხამურის ნამოსახლარები, ფიჭვნარის ე.წ. დიუნური ნამოსახლარები), ანტიკური ხანის ნამოსახლარი და სამაროვნები (არქაული, კლასიკური, ელინისტური და რომაული ხანის).

არქეოლოგიური გათხრებისა თუ შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად გამოვლენილი ათიათასობით არქეოლოგიური ნივთი (ოქროს სამკაულები, ვერცხლის, ბრინჯაოსა და მინის ჭურჭელი, კერამიკა, მათ შორის ბერძნული მხატვრული კერამიკის ნიმუშები, მონეტები და მრავალი სხვა) დაცულია ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმსა და ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში.

ნივთების ნაწილი არაერთხელ იყო ექსპონირებული საერთაშორისო გამოფენებზე (რუსეთი, გერმანია). ფიჭვნარის ტერიტორიაზე მიკვლეულ ძეგლებს ძალიან დიდი მეცნიერული ღირებულება აქვს არა მხოლოდ საქართველოს ისტორიის, არამედ შავიზღვისპირეთის ბერძნული კოლონიზაციის, ელინიზმის საკითხებისა თუ სხვა მეცნიერული პრობლემების შესასწავლად. გათხრების შედეგად გამოვლენილი მასალები, ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოცემული ნაშრომების წყალობით, დიდი ხანია შესულია საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში“.

არქეოლოგების მიერ კულტურის სამინისტროში გაგზავნილი წერილიდან

[/toggle]

 

ამავე თემაზე:

ქობულეთში დაანონსებული 500-მილიონიანი პროექტი 250 მილიონზე გაფორმებული ხელშეკრულებით 

სად წავიღოთ დაცლილი ელემენტები – მათი გადაყრა ნაგვის ურნაში საშიშია

ელემენტები სახიფათო ნარჩენებია. ისინი შეიძლება შეიცავდეს ისეთ საშიშ ქიმიკატებს, როგორიცაა: ტყვია, ლითიუმი, კადმიუმი, თუთია და მერკური. როდესაც ელემენტები სხვა ნარჩენებთან ერთად ხვდება ან იწვის, ზიანდება მათი გარსი და მათ შემცველობაში შემავალი ტოქსიკური ქიმიკატები გარემოში იჟონება. გაჟონილი მასით შეიძლება დაბინძურდეს ნიადაგი და წყალი, ზოგიერთი ელემენტი შეიძლება დაგროვდეს ველურ ბუნებასა და ადამიანის ორგანიზმში. მიუხედავად ამისა, საქართველოში მათი უტილიზაცია არ ხდება.
მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა სახიფათო ნარჩენების შეგროვება-უტილიზაციის წესებს გამართავს, ამ კონკრეტული ტიპის სახიფათო ნარჩენების შეგროვებას თბილისსა და ბათუმში მოხალისე დაწესებულებები უზრუნველყოფენ. საქართველოში მომუშავე ერთ-ერთი არაკომერციული ეკო-საგანმანათლებლო პროექტის – “პარკი არ მინდა” ინფორმაციით, სხვადასხვა კაფეში შეგროვებული ელემენტები თბილისში, “ისთ ფოინთში” მდებარე შემგროვებელ პუნქტში იგზავნება, იქედან კი კომპანია Madenat Caucasus-ი შეგროვებულ ელემენტებს შემდგომი გადამუშავებისთვის აგზავნის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
“პარკი არ მინდა”: 1 გამოყენებული ელემენტი აბინძურებს 20 კვადრატულ მეტრ ნიადაგს და 400 ლიტრ წყალს. ის შეიცავს ნიადაგის ისეთ არაგანახლებად ამოწურვად ელემენტებს, რომლებიც შეგვიძლია წარმატებით გამოვიყენოთ სხვა პროდუქტების, მათ შორის, ახალი ელემენტების წარმოებისთვის. მაგალითად, 100 ელემენტისგან შეიძლება დამზადდეს 100 ფანქარი (ხის დამატებით), 1 კილოგრამი გამანოყიერებელი ან სპილენძის  ყავის

3 სახარში.

გადასამუშავებლად შეგიძლიათ მიიტანოთ ნებისმიერი A ტიპის ელემენტები, ნებისმიერი ზომის მრგვალი ელემენტები და ლითიუმ-იონის ელემენტები (რომლებიც ტელეფონებში გამოიყენება).

გამოყენებული ელემენტების გადასამუშავებლად ბათუმიდან გაგზავნისთვის, ელემენტები მემედ აბაშიძის 60 ნომერში მდებარე კაფე Rhino Coffee Georgia-ში შეგიძლიათ მიიტანოთ.
ელემენტების მოხმარების შესამცირებლად საუკეთესო მეთოდია იმ ელემენტების გამოყენება, რომლებიც ხელახლა იტენება.

„დღიურად 300 ლირას გვიხდიან“ – რას ჰყვებიან თურქეთში ჩაის საკრეფად წასული ქართველები

„ლირა-ნახევარს, ლირა-ორმოცს გვიხდიან კილო ჩაიში, დღიურად 300 ლირას, ცოტა უჭირთ, მაგრამ მაინც იხდიან,“ – ამბობს თურქეთში სეზონურად დასაქმებული კახა ნოღაიდელი. კახას თქმით, მეზობელ ქვეყანაში ჩაის კრეფის სეზონი რამდენიმე დღეა დაიწყო. ის ჩაილერში მუშაობს.

თურქეთში სეზონურად დასაქმებული ქართველების, ასევე თურქი დამსაქმებლების თქმით, პანდემიის გამო მუშახელის ნაკლებობაა. ანაზღაურება კი, დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა.

„შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ერთმანეთს, ვუგზავნით აქედან მოწვევებს, მოწვევის გარეშე ვერავინ გადმოდის. დაახლოებით 40 პროცენტი არაა იმ ხალხის, რასაც ველოდით წელს. მოლოდინი არ გამართლდა, ჩაის მოსავალი არ არის ისეთი სახარბიელო, როგორც ვფიქრობდით, ფასები კი მაღალია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ვერ ვკრეფთ, რასაც უნდა ვკრეფდეთ. ვწვალობთ, ვჯახირობთ და ასე გაგვაქვს თავი. აქედან ვირჩენთ ყველანი თავს. მთელი ოჯახები. ხალხი არის, რომელიც ორ-სამ ოჯახს არჩენს ჩაის სეზონის დროს,“ – გვიყვება კახა ნოღაიდელი.

კახა ქობულეთიდანაა. მასთან ერთად მუშაობს გულივერ იანვარაშვილი კახეთიდან.

„სეზონი რომ იწყება, არის საშუალება ადამიანმა იშოვოს ფული. იმდენს ვერ იშოვის, რომ რაღაც მდგომარეობა თავის ოჯახის გაიუმჯობესოს და რაღაც შეიძინოს, მაგრამ ოჯახს შეძლებისდაგვარად ეხმარება ადამიანი. ადამიანს თუ ხელს ჯანმრთელობა უწყობს, კარგია, საუკეთესო პირობებია. ვნახოთ, როგორ იქნება, მე მინდა, რომ ეს ჩვენი ემიგრანტობა დაბრუნებულიყოს თავის სამშობლოში, ენახოს ადგილი და მდებარეობა,  სამსახური, რომ ამ გაჭირვებულ ცხოვრებაში არ გადახვეწილიყოს ემიგრაციაში… ცოლს და შვილს ბევრი ვიცი მე, რომ მონატრებულია, ზოგს ტელეფონიც არა აქვს, ვისაც აქვს ტელეფონი, ის აცრემლებული თვალებით უყურებს თავის ოჯახს, ცოლ-შვილს,“ – ამბობს გულივერ იანვარაშვილი.

თურქეთში სეზონურ სამუშაოზე საქართველოდან ყოველწლიურად ათასობით ადამიანი გადადიოდა. უკვე მეორე წელია პანდემიის გამო ყველა მოქალაქე ამას ვეღარ ახერხებს.

___

ამავე თემაზე:

როგორ წავიდე თურქეთში – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები

„შენ ვერ ნახავ ცხვირ-ჩამოშობილს ქობულეთელს“ – რას წერდა 1876 წელს „დროება“

1876 წელს გაზეთ „დროებაში“ ვრცელი წერილი გამოქვეყნდა სათაურით – „რა მოელის ქობულეთსა“, სადაც ამ კუთხის მაშინდელი ყოფაა გადმოცემული. ეს ის დროა, როცა აჭარა ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში იყო მოქცეული.

„სულ ქობულეთში იქნება სამი ათასი კომლი კაცი (მოსახლე), ოციოდე სოფლად დაყოფილი.

ქობულეთელებსა და გურულებს შორის იმოდენივე განსხვავება იქნება, როგორც ზემო-ქართლელსა და ქვემო-ქართლელებს შორის, სხვა და სხვა ხელმწიფის მფლობელობას ქვეშ რომ ჰყოფილიყო ზემო და ქვემო ქართლი,“ – წერს „დროება“ [სტილი დაცულია].

სტატია მე-18 საუკუნის 70-იანი წლების ქობულეთის ყოფის ბევრ საინტერესო დეტალს ეხება, მათ შორის იმასაც, თუ როგორ იყო მოწყობილი ამ დროს სასამართლო სისტემა ქობულეთში.

„მახლობელი მთავრობა შედგება ყაიმაყამიდგან (ჩვენებური უეზდის უფროსი), ყადიდგან და მეჯლიშებიდგან (ხალხისგან არჩეული მოსამართლეები), რომელიც იმყოფება ქობულეთის ქალაქში. ამ მმართებლობის წევრებს ხალხის შინაურს ცხოვრებაზე არავითარი გავლენა არა აქვს. ყაიამაყამი ერთსა და იმავე დროს ადმინისტრატორიც არის და მსაჯულიცა; მმართებლობისგან დანიშნული ყადი და ხალხისგან ამორჩეული მეჯლიშები კი მხოლოდ მსაჯულები არიან.

ყველა ესენი ერთად განარჩევენ საქმეებს. იმათი გადაწყვეტილება ქობულეთელის დანაშაულობისა ცარიელ გადაწყვეტილებად რჩება, თუ დამნაშავემ თვითონ არ ისურვა მსაჯულების წინაშე თავის ნებით გამოცხადება.

თუ გადაწყვეტილება რამე შედგა ქობულეთელზე და თითონ ის არ გამოეცხადა მმართებლობას, ის შეიქმნა ამითი ფირალად (გავარდნილი, თული).

ამგვარად ქობულეთში მუდამ არის ასობით ფირალები, რომელთაც სასამართლო მაინცდამაინც ვერ ჰკიდებს ხელსა და აღარც დიდი მონდომებით ეძებს; თვითონ ხალხი კი თავის დღეში არ გასცემს, თუ კი სისხლი არ მართებს და სისხლიც რომ ემართოს, სასამართლოში არ მიიქცევა, თუ მეტად აბდალაი (უხეირო) არ არის…

წელიწადში ერთხელ ან ორ-სამ წელიწადში ერთხელ ჯარი წამოვა სოფლების ფირალებისაგან გასაწმენდათ, მაგრამ თითქმის ყოველთვის ცარიელი ბრუნდებიან, რადგან ამ დროს ფირალები სხვა ადგილებს აფარებენ თავს. თუ სამი-ოთხი წელი შეინახა თავი ფირალმა, მძიმე დამნაშავეც რომ იყოს, მერმე უშიშრად შეუძლიან თავისივე ოჯახში ცხოვრება“.

სტატიაში ქობულეთელების დახასიათებასაც ვხვდებით. „დროება“ წერს, რომ ქობულეთელები ლამაზი, ნიჭიერი, თანაც ამაყი და ახირებული ხალხია.

„საზოგადოთ ქობულეთის ხალხი შესანიშნავი გულოვანი, ლამაზი, ცოცხალი, ბუნებით ნიჭიერი და ჭკვიანი, ტანით მრთელი და სტუმართმოყვარე ხალხია. ამასთან ახირებული ამაყი და თავმოყვარე – საკმაო არის ცოტა რამ შეურაცხყოფის მიყენება, რომ სისხლი მოითხოვოს და აიღოს კიდეცა.

გალახვას ხომ, სანამ სული უდგია, ვერ მოინელებს.

…მაგრამ თუ კაცურად მოეპყრობი, იმ შემთხვევაში, იცოდე, ის შენი ერთგული ძმა არის უკანასკნელ სისხლის წვეთამდის.

დიდად საიმედო მეგობრობა იცის ქობულეთელმა და ამასთანავე, საშინელი მტრობაცა; თუ მეგობარი არის, შენთვის თავს მოიკლავს და თუ მტერია, შენ მოგკლავს“.

ხუცუბანი. აჭარელი თევზითა და ლიმნით მოვაჭრე. დიმიტრი ერმაკოვის ფოტო.

„დროება“ ქობულეთელების კიდევ ერთ თვისებაზე ამახვილებს ყურადღებას:

„რომ შეხედავ, იტყვი: ეს ხალხი თავის ბედის კმაყოფილი არისო.

 აქ შენ ვერ ნახავ კისერჩახრილს, ცხვირ-ჩამოშობილს, ფერ მიმკრთალ კაცს. აქ შენ მხოლოდ წელში გამართული, თავაწეული, ფეროვანი კაცები შეგხვდებიან.“

____________________

მთავარ ფოტოზე: ხუცუბანი, დიმიტრი ერმაკოვის ფოტო. მანანა ქუთათელაძის ფოტოკოლექცია. dspace.nplg.gov.ge

ბათუმი-თბილისის მიმართულებით 27 მაისიდან 2 მატარებელი იმოძრავებს – ნახეთ ახალი განრიგი

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 2021 წლის 27 მაისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად ორი შემადგენლობა იმოძრავებს.

[red_box]მატარებლების მოძრაობის გრაფიკი 27 მაისიდან:[/red_box]

პირველი შემადგენლობა:

  • თბილისიდან გასვლა 08:00 საათზე, ბათუმში ჩასვლა 13:35 საათზე
  • იგივე შემადგენლობა ბათუმიდან გავა 14:55 საათზე და თბილისში ჩავა 20:29 საათზე

მეორე შემადგენლობა:

  • თბილისიდან გასვლა 15:00 საათზე, ბათუმში ჩასვლა 20:38 საათზე
  • იგივე შემადგენლობა ბათუმიდან გავა 08:30 საათზე და თბილისში ჩავა 14:04 საათზე

 

 

 

 

ტერაბანკი საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora-ს გამარჯვებულია

ტერაბანკმა საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora-ს ჯილდო მოიგო. ბანკის პროექტმა „ტერაბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად“ ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში – მცირე ბიზნესისა და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში – გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ წელს კონკურსი სწორედ იმ ინიციატივებს ეძღვნებოდა, რომლებიც კომპანიებმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, COVID-19-თან საბრძოლველად განახორციელეს.

გამარჯვებული პროექტი 2020 წელს ტერაბანკის 50 ბიზნესკლიენტისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების პაკეტით დასაჩუქრებას გულისხმობდა. პაკეტებს შორის იყო ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდის შექმნა, შესაბამისი საქმიანობების ტურისტულ პლატფორმებზე პოპულარიზაცია, ფოტოგადაღება, ელექტრონული კომერციის გამართვა, სასწავლო ტრენინგების ჩატარება, ბიზნესების შესახებ ინფორმაციის სატელევიზიო ეთერსა და ტერაბანკის საკომუნიკაციო არხებზე განთავსება და სხვა. ინიციატივის განხორციელება 2020 წლის გაზაფხულიდან, პანდემიის პირველივე ეტაპიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მას წინ ბიზნესკლიენეტების საჭიროებების დეტალური კვლევა უძღოდა, რათა ყველა მომსახურება მათი საქმიანობის განვითარებაზე მაქსიმალურად მისადაგებული ყოფილიყო. პროექტის მონაწილეებად კი ის კომპანიები შეირჩნენ, რომლებიც ბანკის შესაბამის განაცხადს პირველები გამოეხმაურნენ.

„ეს ჯილდო ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა. ბუნებრივია, ვამაყობთ ამ ძალიან საპასუხისმგებლო კონკურსში გამარჯვებით, თუმცა, ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის ფაქტიც, რომ ჯილდო მიიღო პროექტმა, რომელიც ჩვენთვის მართლაც განსაკუთრებულია, რადგან სრულად გამოხატავს იმ თანადგომასა და პარტნიორობას, რაც ტერაბანკსა და ბიზნესკლიენტებს შორის ზოგადად არსებობს. მოხარულები ვართ, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით პანდემიის ზიანის შემცირებაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ“, – აცხადებენ ტერაბანკში.

აღსანიშნავია, რომ  ინიციატივაში ჩართულები იყვნენ ტერაბანკის პარტნიორი კომპანიებიც, რომლებმაც ბიზნესკლიენტებს დახმარება საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში გაუწიეს. მათთან ურთიერთობა, კონსულტაცია და საქმიანობის სრულყოფაში დახმარება კვლავაც გრძელდება.

Meliora ბიზნესკომპანიებს მათ მიერ განხორციელებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივებისათვის აჯილდოებს. ნომინანტებს წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი, დამოუკიდებელი ჟიური აფასებს და გამარჯვებულს საუკეთესო CSR ინიციატივების სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის კრიტერიუმების მიხედვით ავლენს. კონკურსი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ტარდება.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

 

რას საყვედურობენ „იუნისეფს“ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით – ინტერვიუ

საქართველოში გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის მისამართით არაერთი კრიტიკული კითხვა გაჩნდა. მათ შორის ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა არგანაშვილი წერს, რომ „ჯერ არც ერთი კომენტარი ამ თემაზე არ გაუკეთებია იუნისეფს“. საუბარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის არშეშვებაზე და იქ არსებულ მდგომარეობაზე.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ასევე ითხოვს პანსიონში შესვლას იქ მცხოვრები ბავშვთა უფლებების ადვოკატირების მიზნით. თუმცა ამის უფლება არც მათ მისცეს. სხალთის ეპისკოპოსი ასევე საჯაროდ შეურაცხყოფს სახალხო დამცველს.

ამ თემაზე „ბათუმელები“  UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს საქართველოში, მაია ქურციკიძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო მაია, რამდენიმე დღის წინ თქვენი ორგანიზაცია სასულიერო პირებს შეხვდა ახალქალაქში, თუმცა არ გაგიკეთებიათ საჯარო განცხადება პანსიონში ბავშვთა უფლებების მდგომარეობის შესახებ. რატომ?

ჩვენ პანსიონის საკითხზე ორი კვირაა ვლაპარაკობთ მედიასთან. მიგვაჩნია, რომ ყველა ინსტიტუციას, რომლებიც არიან უფლებამოსილნი აწარმოონ ბავშვთა უფლებების მონიტორინგი, უნდა მიეცეს ამის საშუალება. ყველგან, სადაც ბავშვები არიან, უფლებამოსილი ინსტიტუტები უნდა შევიდნენ, რომ ვნახოთ ბავშვის უფლებები როგორაა იქ დაცული.

რასაკვირველია, ჩვენი პოზიციაა, რომ ბავშვთა სახლი არ არის ის ადგილი, სადაც ბავშვი უნდა იმყოფებოდეს. ბავშვი უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში. ეს არის როგორც ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებული, ასევე საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსითაც.

„იუნისეფი“ წლების განმავლობაში მხარს უჭერდა სახელმწიფოს ბავშვზე ზრუნვის რეფორმის განხორციელებაში, რომელიც ითვალისწინებს ყველა დიდი ზომის ინსტიტუციის დახურვას და ბავშვების გადაყვანას ოჯახურ გარემოში. შეიქმნა კიდეც ალტერნატიული ზრუნვის ფორმები.

  • თუმცა საპატრიარქოს დაქვემდებარებული ბავშვთა სახლები დარჩა.   

სამწუხაროდ, დარჩა ინსტიტუციები, რომლებიც სახელმწიფოს არ ექვემდებარებოდნენ და იყვნენ რელიგიური კონფესიების დაქვემდებარების ქვეშ. რამდენიმეს მიეცა კიდეც ლიცენზია, მათ შორის ნინოწმინდის ბავშვთა სახლიც არის ლიცენზირებული სახელმწიფოს მხრიდან.

თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ ინსტიტუცია არ არის ის ადგილი, სადაც ბავშვი უნდა იმყოფებოდეს. სანამ ბავშვები იქ არიან და სანამ არ შექმნილა ალტერნატიული გარემო, მათი მონიტორინგი, რასაკვირველია, უნდა ხდებოდეს.

  • ლიცენზიის მიცემა ამ პანსიონისთვის ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო არც განიხილავს მისი გაუქმების საკითხს?

არა, რასაკვირველია. ყველა ინსტიტუცია, როგორც სამთავრობო, ასევე სოციალური მუშაკები, ყველა, ვინც უფლებამოსილია კანონის მიხედვით, ყველას აქვს მონიტორინგის უფლება, რომ გავიგოთ იქ რა მდგომარეობაა.

  • თუმცა ამ უფლებამოსილ პირებს, მათ შორის ადვოკატებს, არ უშვებენ ბავშვთა სახლებში და ამაზე დუმს სახელმწიფო.

როცა ნინოწმინდაში ჩავედით, რასაკვირველია, გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და როგორც მეუფე ნიკოლოზს, ასევე სხვა რელიგიურ პირებსაც ველაპარაკეთ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე. გავაცანით ჩვენი პოზიცია, გავაცანით ის, რაც გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა კოდექსით და რაც არის ბავშვებისთვის ოჯახური გარემოს შექმნისთვის აუცილებელი. ამ თემაზე მიდის მუშაობა.

  • ალბათ თქვენც ნახავდით „იუნისეფის“ მიმართ შეფასებას, რომ სათანადოდ კრიტიკული არ არის საპატრიარქოს მიმართ ამ კონკრეტულ საკითხზე და იჩენს ლოიალობას ხელისუფლების მსგავსად, ასეა?

დღეს გავაკეთებთ განცხადებას. თუმცა არც აქამდე გავჩერებულვართ და ვლაპარაკობთ მედიასთან. ოფიციალური განცხადებაც იქნება.

ჩვენ ჩვენი კომპეტენცია და ჩვენი მანდატი გვაქვს და ამ მანდატის ფარგლებში ვმუშაობთ. ჩვენ ვმუშაობთ ყველასთან, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ასევე რელიგიურ ლიდერებთან, არასამთავრობო სექტორთან. ყველასთან, ვისაც რაიმეს შეცვლა შეუძლია ბავშვებთან დაკავშირებით. ადვოკატირება სხვადასხვა სტრატეგიას ითვალისწინებს, მათ შორის, საჯარო განცხადებებსაც და სხვა ტიპის მუშაობასაც.

  • ხშირად, როცა საპატრიარქო ავლენს უპატივცემლო დამოკიდებულებას კანონის მიმართ და არღვევს ადამიანის უფლებას, სახელმწიფო დუმს. გაჩნდა მოსაზრება, რომ  საერთაშორისო ორგანიზაციებიც ცალკეულ კანონდარღვევაზე ავლენენ დამოკიდებულებას: „საპატრიარქოა, ვერ შევბედავთ“. „იუნისეფის“ შემთხვევაში რა ხდება? 

ჩვენ, „იუნისეფი“, არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალურად ვთანამშრომლობთ რელიგიურ ლიდერებთან. ისინი საკმაოდ ახლოს არიან ხალხთან, აქვთ მათზე გავლენა, ამიტომ მნიშვნელოვანია გვქონდეს მათთან დიალოგი.

სასულიერო პირებს ჩვენი მანდატის და კომპეტენციის ფარგლებში ვესაუბრებით. ვაწვდით ინფორმაციას, რადგან ძალიან ხშირად ეს ინფორმაცია არ აქვთ და ბევრ რამეს იგებენ ამ დისკუსიების შედეგად. ჩვენ მათ ვესაუბრებით კოვიდზეც, ბავშვთა უფლებებზეც, ვესაუბრებით იმაზე, თუ რა არის ოჯახის უფლება და რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვი იყოს ოჯახში, რომ სიღარიბე არ არის მიზეზი ბავშვი გაიყვანო ოჯახიდან. ეს დიალოგი ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ თუნდაც იმ საკითხებზე ვიმსჯელოთ, რაზეც ახლა ვსაუბრობთ.

  • თუ არ შეცვალეს პოზიცია, თუ არ მისცეს სახალხო დამცველს ნინოწმინდის ბავშვთა სახლის მონიტორინგის უფლება, როგორი იქნება თქვენი შემდგომი რეაგირება ამაზე?

მოდით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

გარდაიცვალა 29 პაციენტი, დადასტურდა 1064 ახალი შემთხვევა – კოვიდი საქართველოში

21 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1064 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 564 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 29 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 14 785 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 4261 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

20 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.13%.

აჭარაში კოვიდის 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 21 მაისი

21 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 444 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით, მათგან 12 ხელოვნურ სუნთქვაზეა.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 254 ადამიანი იმყოფება.

დღეს „სინოვაკის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია იწყება

დღეს, 21 მაისს, 12 საათიდან იწყება ჩინური „სინოვაკის“ ვაქცინით რეგისტრაციის პროცესი.

მოქალაქეების „სინოვაკით“ აცრა დაიწყება 24 მაისიდან.

„სინოვაკი“, „სინოფარმისგან“ განსხვავებით, არ არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა.

„სინოვაკის ვაქცინა, სინოფარმის მსგავსად, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა.

სინოვაკის ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization) მიერ“ – წერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება. „სინოვაკით“  აცრა შეუძლიათ 18 წელს გადაცილებულ პირებს.

„სინოვაკი“ ინაქტივირებული ვაქცინაა, რომელსაც ჩინური კერძო კომპანია აწარმოებს. 100 000 დოზის რაოდენობის „სინოვაკის“ ვაქცინა საქართველომ ჩინეთის მთავრობისგან საჩუქრად მიიღო.

ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის პროცესი, თუმცა „ასტრაზენეკა“ მხოლოდ 45 წელს გადაცილებული პირებისათვის არის ხელმისაწვდომი.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში 21 მაისის 21 საათიდან 22 მაისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა.

დღეს, 21 მაისიდან 22 მაისის დილამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხვალ, შაბათს კი, დღისით წვიმაა მოსალოდნელი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 23-24 მაისს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.

სამსახურებრივ გულგრილობაზე 3 პირი ამხილეს, მათ 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 3 პირი ამხილეს.

ბრალდებულები არიან იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, რომელთაც დავალებული ჰქონდათ აღნიშნულ რეგიონში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა.

„სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას მათ მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული დაკისრებული მოვალეობები, რამაც საშუალება მისცა კონტრაქტორ კომპანიას რეალურად შეესრულებინა ნაკლები მოცულობის სამუშაოები, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები,“ – იუწყება საგამოძიებო სამსახური.

საგამოძიებოს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

მერიამ „ბილაინის“ ანტენა ამხანაგობის თანხმობის გარეშე კომპანიას დაუკანონა

„მესაკუთრეების თანხმობის გარეშე დგას „ბილაინის“ ანტენაა ჩვენი სახლის სახურავზე 2015 წლიდან და ბოლოს მერიამ ჩვენი თანხმობის გარეშე გასცა ნებართვა,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ნანა ბერიძე. ის ბათუმის მერიის შენობის მეზობლად ცხოვრობს ფარნავაზ მეფის 77-ში. ნანა ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში დაობს.

კომპანიამ „ვიონი საქართველო“ საფირმო სახელწოდებით „ბილაინი“ შეფუთული ანტენა და საბაზო სადგური ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მრავალბინიანი სახლის სახურავზე 2015 წელს განათავსა. ნანა ბერიძე ამბობს, რომ ეს საკითხი 2018 წელს გააქტიურდა მას შემდეგ, როცა მეხუთე სართულზე მცხოვრებმა მზია ჩახვაშვილმა ბინა ნანა ბერიძეს მიჰყიდა, ხოლო ერთი ოთახი თავისთვის დაიტოვა და „ბილაინს“ მიაქირავა.

„თავიდან არ ვიცოდი, რომ სახურავზე ანტენა იყო და იმ დაკეტილ ოთახში სადგური, თურმე ამაში ქირას უხდის კომპანია მესაკუთრეს და ასეა დღემდე…“ – გვიყვება ნანა ბერიძე. – „აუტანელი ხმაური იყო, ქარის და წვიმის დროს ეს ანტენა მოძრაობდა, არ იყო ჩამოსხმული და ისე მოძრაობდა, ახალგარემონტებული ბინის კედლები დამებზარა… კომპანიამ შემომთავაზა რემონტი, მაგრამ უარი ვთქვი. ჩემი პოზიციაა, რომ არ მინდა საერთოდ აქ ანტენა მქონდეს. მზად ვარ ბინაც გავყიდო… შესაძლოა, ბევრმა არ დამიჯეროს, მაგრამ რაც ამ ბინაში გადმოვედით საცხოვრებლად, სულ ავად ვართ. 2019 წლიდან ვდაობ. ამ პერიოდში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ „ბილაინმა“ ხმის დამხშობები დააყენა და ხმა აღარ გვაწუხებს“, – ამბობს ნანა ბერიძე.

ნანა ბერიძე სასამართლოში ბათუმის მერიის მიერ გამოცემულ იმ სამართლებრივ აქტის ბათილობას ითხოვს, რომლის მიხედვითაც შპს „ვიონი საქართველოს“ სახლის სახურავზე მსუბუქი მოწყობილობის განთავსების ნებართვა მიეცა. მსგავსი ხასიათის ნებართვას რომ ამხანაგობის წევრთა უმრავლესობის თანხმობა სჭირდება, ამას კანონიც ამბობს და მერიის პრესცენტრშიც დაგვიდასტურეს.

„თუ მშენებლობა დაგეგმილია სხვა პირის კერძო საკუთრებაში ან საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე, მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა დამატებით უნდა წარადგინოს შესაბამისი მესაკუთრის/თანამესაკუთრის თანხმობა,“ – წერია „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“.

ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციითაც, შესაბამისი სამსახურის განმარტების მიხედვით, მსგავს მოწყობილობას მესაკუთრეების ნებართვა სჭირდება, მაგრამ დეტალური ინფორმაციის მოსაძიებლად დროა საჭირო.

როგორ გასცა მერიამ ნებართვა ამხანაგობის თანხმობის გარეშე? – დღის განმავლობაში კითხვაზე პასუხი ბათუმის მერიიდან ვერ მოგვაწოდეს.

შენიშვნა: დღეს, 1 მაისს ბათუმის მერიიდან მოგვწერეს, რომ „ნებართვის გაცემისას წარმოდგენილი იყო საექსპერტო დასკვნა, ასევე იმ მესაკუთრის თანხმობა, უშუალოდ ვის კუთვნილებაში არსებულ ფართზეც დამონტაჟდა ანძა“. მერიაში ამ ეტაპზეც ვერ დაგვიზუსტეს, როგორ შეითანხმა მერიამ პროექტი ამხანაგობის ნებართვის გარეშე.

მნიშვნელოვანი გარემოება – მერიის მხრიდან შესაბამისი ნებართვის გაცემამდე ბათუმის მერიამაც უკანონოდ მიიჩნია „ბილაინის“ ანტენის განთავსება მრავალბინიანი სახლის სახურავზე. 2019 წელს, როცა მოქალაქეებმა მერიას ანტენის დემონტაჟი მოსთხოვეს, მერიამ მზია ჩახვაშვილი [ვისაც ოთახი საბაზო სადგურისთვის აქვს გაქირავებული] 500 ლარით დააჯარიმა. მერიის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 2019 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ დაადასტურა.

საქმის მასალების მიხედვით, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის ამ გადაწყვეტილების შემდეგ სწრაფად მოგვარდა პრობლემა მოქალაქეების გვერდის ავლით – 2019 წლის 29 ოქტომბერს კომპანია „ვიონი საქართველომ“ ბათუმის მერიას მიმართა და თანხმობა ითხოვა. ამ წერილს თან ერთვის მხოლოდ სანიტარული დაცვის ზონის ორგანიზაციის და კეთილმოწყობის პროექტი, ჰიგიენური დასკვნა პროექტზე და მშენებლობის პროექტი.

2019 წლის 16 ნოემბერს მერიის ქალაქგანვითარების და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა უპასუხა „ვიონ საქართველოს“ და განმარტა, რომ ეს პირველი კლასის ობიექტია და ამ მშენებლობას ნებართვა არ სჭირდება. მერიის პასუხის მიხედვით არ ჩანს მკაფიოდ, კონკრეტულად რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს კომპანიამ, რომ მისი პროექტი მერიამ შეთანხმებულად ჩათვალოს. ამ წერილის მიხედვით, მერიას „ბილაინისთვის“ ამხანაგობის თანხმობა არ მოუთხოვია და საბოლოოდ, კომპანიამ ისე მიაღწია შეთანხმებას მერიასთან, რომ ამხანაგობის თანხმობა არ ჰქონია.

შეფუთული ანტენა მრავალბინიანი სახლის სახურავზე, ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა

„жизнь ворам” – სამინისტროს განცხადებით, მოსწავლე მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა

განათლების სამინისტროს განცხადებით, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მანდატურის სამსახურის უფროსის სტუმრობისას საკლასო დაფაზე არსებული წარწერის – „жизнь ворам”  მედიით გაშუქების გამო სკოლის კონკრეტული მოსწავლე რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

„ასევე, მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან მისი თანაკლასელებიც,“- წერს სამინისტრო.

სამინისტროს განცხადებით, მედიასაშუალებებმა განსაკუთრებული სიფრთხილე და პროფესიონალიზმი უნდა გამოიჩინონ მოზარდებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გაშუქებისას, – „არ დაარღვიონ მათი უფლებები, რათა ზიანი არ მიადგეს ბავშვების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას“.

შემთხვევა გუშინ, 19 მაისს მოხდა, როცა მანდატურის სამსახურის უფროსს ძველი თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ვიზიტისას დაფაზე დახვდა წარწერა  – „жизнь ворам“.
სამინისტროს ინფორმაციით, მანდატურის სამსახურის უფროსი  გელა გელაძე  საჯარო სკოლებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს ეცნობოდა.

„ველური სვანეთი”- XIX საუკუნის ბრიტანელი მოგზაურის 600-გვერდიანი წიგნი

 

„უშგული ისეთი განუმეორებელია, ისეთი განსხვავებულია ყველა ქალაქისა და სოფლისგან რაც კი ოდესმე, სადმე მინახავს, ცალკე თავი უნდა მივუძღვნა“, – წერს 1883 წელს გამოცემულ ინგლისურენოვან წიგნში ბრიტანელ-კანადელი დიპლომატი, სამართალმცოდნე, მწერალი და მოგზაური – კლაივ ფილიპს უოლი. წიგნს „ველური სვანეთი“/„Savage Svanetia” ჰქვია.

კლაივ ფილიპს უოლი ორ ნაწილად გამოცემულ 600-გვერდიან ტექსტს უძღვნის საქართველოში, სვანეთში მოგზაურობას. „ველური სვანეთის“ პირველი ნაწილი 272 გვერდისგან შედგება, მეორე 250-გვერდიანია. წიგნში რიონის ხეობისა და სვანეთის ამსახველი არაერთი საინტერესო, ძველი გრავიურაა.

სოფლები – მულახი და მუგალი
სოფელი მულახი და მთა უშბა

უოლის თხრობა მსუბუქი, ყოფის ცოცხალი სურათების ამსახველია და ოდნავადაც არ გბეზრდება. ეს არ არის ეგზოტიკური გარემოს ეთნოგრაფიული, მშრალი აღწერა, უფრო ნოველებს მოგაგონებთ, მით უფრო, რომ უზარმაზარი ტექსტი პატარა, მცირე თავებადაა დაყოფილი, დასათაურებული და დამოუკიდებელ ამბებად იშლება.

ემოციური მთხრობელია, არ ერიდება აღტაცების გამომხატველ ფრაზებს და საკუთარ დამოკიდებულებებზე ვრცლად წერას. შთამბეჭდავად აღწერს რიონის სანაპიროებს ფოთში:

„რიონის შესართავები ფოთში ძირითადად შავი ტალახის სანაპიროებისგან შედგება და ვერ იტყვი, რომ ლამაზია. წყალი მუდამ მღვრიეა და მდორედ მიედინება, ხშირი ჯაგნარი და ეკალბარდი გაფიქრებინებს, რომ აქ ციებ-ცხელებაა გამეფებული  და მხოლოდ გარეული ღორები ბინადრობენ“, – წერს უოლი.

რიონის ხეობა

სვანეთში ჩასული, გარდა ადამიანებისა და მათი ყოფისა, იქაურ ბუნებას, ტყეში უზარმაზარნაყოფიან კენკრის ბუჩქებს, მათ სურნელებას და გემოს აღწერს… დიდ პეპლებს, რომლებიც, როგორც თავად წერს, სხვაგან არსად უნახავს. სვანების ბანაობის ბუნებრივ წესზე ჰყვება – ღია ცის ქვეშ, კლდეებზე გადმომდინარ დიდ თუ პატარა ჩანჩქერებში, რომლებიც თითქოს ნამდვილი აბაზანებივით სპეციალურად შემოუღობავთ გვიმრებისა და ველური მოცხარის ბუჩქებით, მობანავეები რომ სხვა თვალმა ვერ შენიშნოს. უოლი ამბობს, რომ  ბანაობის უზომოდ მოყვარული ბრიტანელებიც კი აღფრთოვანდებოდნენ ღიაცისქვეშა ბუნებრივი აბაზანებითო.

ავტორი დროის ქართულ გაგებაზეც წერს:

„როცა საქართველოში ცხენით მოგზაურობ და ვინმეს ეკითხები, რა დრო დაგჭირდება დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, უნდა იცოდე – პასუხისას არ ითვალისწინებენ, დღე რომ 12-საათიანია. თუ გპასუხობენ, რომ ერთი დღეა საჭირო რომელიმე სოფლამდე მისაღწევად, ეს ნიშნავს, რომ მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე დროს გულისხმობენ.

საინტერესოა დაკვირვება ოჯახებზე, სადაც საკლავს კლავენ. თუ, მაგალითად, ვინმე გარეულ ღორს მოინადირებს სვანეთში და შინ მიიტანს, იმ ოჯახში გარშემო მცხოვრები მეზობლები დაუპატიჟებლად მოდიან. წესია, რომ რამხელა ღორი, ძროხა ან ხარიც არ უნდა დაკლას ოჯახმა, იმ დღესვე უნდა გათავდეს. „მეორე დღეს ამ საკლავისგან აღარაფერი რჩება”, – წერს მოგზაური.

ტექსტი სავსეა მოგზაურის უმნიშვნელო ცხოვრებისეულ სიამეებზე ვრცელი თხრობით. წერს, მაგალითად, რომ გზადაგზა ჩაისთვის შაქარი შემოაკლდათ, ბოლოს საერთოდაც უშაქროზე გადავიდნენ, მაგრამ ასეთმა ყოფამ ჩაის ახალი არომატი აღმოაჩენინათ – უშაქრო, ხის ლამბაქიდან მირთმეული მუქი ჩაის გემო – ხის სურნელს შერეული.

 

  • ვინ არის კლაივ ფილიპს უოლი
კლაივ ფილიპს უოლი

კლაივ ფილიპს უოლი [ნათლობის სახელით ედვარდ კლაივ ოლდნოლ ლონგ ფილიპსი] ბრიტანელ-კანადელი ჩინოვნიკი იყო. სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრი, მწერალი, მოგზაური და გარეულ ცხოველებზე მონადირე.

მისი ორი ყველაზე ცნობილი ლექსია „ზღვის დედოფლის გაღვიძება“ და „გამეფების ჰიმნი“, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჯორჯ V-ს კორონაციის აღსანიშნად დაიწერა.

უოლი 1853 წელს დაიბადა გაერთიანებულ სამეფოში – უიმბორნში. მამამისი – სახელმწიფო სკოლის მასწავლებელი რიჩარდ ავგუსტ ლონგ ფილიპსი, თავის მხრივ, ცნობილი ინგლისელი პოლიტიკოსის, ლორდ რობერტ კლაივის შორეული ნათესავი იყო. უოლიმ განათლება როსოლის სკოლაში მიიღო.

20 წლის ფილიპს უოლი ყირიმში, ქერჩში გაამწესეს ბრიტანეთის დიპლომატიური მისიის ვიცე-კონსულად.

იკვლევდა კავკასიას, აქვე ნადირობით იყო დაინტერესებული და პარალელურად სწავლობდა სამართალს, იყო მიდლ-ტამპლის ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ეუფლებოდა იურისპრუდენციის პრაქტიკას.

ფილიპსმა, როგორც ერთადერთმა ვაჟმა, წინაპრებისგან მემკვიდრეობით უოლის მამულები მიიღო და ბრიტანეთის საკონსულო დატოვა. შეუერთდა სამხრეთ უელსის მესაზღვრეთა მეოთხე ბატალიონს, შეისწავლა მიზანში სროლა და მიიღო კაპიტნის წოდება.

1882 წელს 2 თვით ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე – ბრიტანეთის კოლუმბიაში გაემგზავრა სანადიროდ. 1887 წელს კი ცოლთან ერთად კანადაში მიდის, აქ ისინი დიდ დროს დაჰყოფენ ვიქტორიაში – ბრიტანეთის კოლუმბიაში.

დაწერილი და გამოცემული აქვს ესეები ნადირობის შესახებ.

1896 წელს უოლი ჯანდაცვის საკითხებში კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწევა ბრიტანეთის კოლუმბიის მთაგორიან მხარეში.

1908 წლიდან ის საზოგადოებას აფრთხილებდა საშიშროების შესახებ, რაც გერმანული ფლოტის სწრაფი ტემპით გაძლიერება-გაფართოებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა და 1910 წელს უერთდება კანადის საზღვაო-სამხედრო ძალთა ლიგას.

ბრიტანეთის იმპერიის თემაზე შექმნილი პატრიოტული პათოსის ლექსების და საზღვაო სამხედრო ლიგაში გაწეული სამსახურის გამო ფილიპს უოლის 1914 წელს რაინდის წოდება მიანიჭეს. ასე იქცა ის ბრიტანეთის კოლუმბიიდან ერთადერთ მწერლად, რომელსაც რაინდის ტიტული ხვდა წილად.

უოლი ადმირალ უილიამ ჰენრი ფენვიკის შვილზე, ჯეინზე დაქორწინდა 1879 წელს. წყვილს სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავდა, ეს უკანასკნელი უფროსი ლეიტენანტი გახდა და 1914 წლის 22 სექტემბერს ეკიპაჟის დანარჩენ 47 წევრთან ერთად ჩაიძირა გერმანული წყალქვეშა ნავით U-9.

თავად ფილიპს უოლი კი ბრიტანეთის კოლუმბიის დუნკანში გარდაიცვალა 1918 წლის 8 ივლისს.


კლაივ ფილიპს უოლის ,,ველური სვანეთის” შესახებ მოწოდებული მასალისთვის ,,ბათუმელები” მადლობას უხდის შოთა გუჯაბიძეს.

ავარია ქედაში – არიან დაშავებულები

ქედაში, სოფელ ზვარესთან, მსუბუქი ავტომანქანა სატვირთოს შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, დაშავდა ორი მგზავრი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია დაიწყო თუ არა ფაქტზე გამოძიება: „დაზუსტდება მუხლი და გეტყვით“.

როდის დასრულდება ბარცხანის ხიდის რეაბილიტაცია [Video]

ბათუმში, ბარცხანის ხიდზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

ამ დროისთვის ხიდი მთლიანად გათავისუფლებულია ასფალტის საფარისგან, თითქმის მოხსნილია მოაჯირები, უახლოეს პერიოდში კი ხიდზე გამავალი საკომუნიკაციო ქსელების გადატანა დაიწყება.

ხიდს, როგორც ადგილზე დასაქმებულებმა გვითხრეს, სპეციალისტები კიდევ ერთხელ შეისწავლიან [ბურჯების მდგრადობას და სხვა კონსტრუქციებს].

სპეციალურად შეიწამლება ხიდის კონსტრუქციაც, მასზე ამოსული მცენარეების ფესვების გასახმობად.

ამ ყველაფრის შემდეგ კი, დაიწყება სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ბარცხანის ხიდის რეაბილიტაცია / 14.05.2021

რკინიგზაზე გადასასვლელი ე.წ. ბარცხანის ხიდი 1984 წელში აშენდა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. ხიდის სიგრძე 366.3 მეტრია.

ბარცხანის ხიდის რეაბილიტაცია / 19.05.2021

გოგოლის ქუჩისა და ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციისთვის ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს ხელშეკრულება შპს „ბომონდი-2009“-თან 2 582 697 ლარზე აქვს გაფორმებული.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ზოგიერთ ხაზზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტი დროებით შეცვლილია [დროებითი მარშრუტი ნახეთ ამ ბმულზე].

აღნიშნული სამუშაოების გამო მოძრაობა ნებისმიერი სახის ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდულია ბარცხანის ხიდისა და გოგოლის ქუჩის მიმართულებით.

ამ თემაზე:

ფიროსმანისა და გორგასლის ქუჩები ჯავახიშვილის ქუჩასთან გადაიკეტა

მთავარი ფოტო: ბარცხანის ხიდის რეაბილიტაცია / 19.05.2021

მიწის ნაკვეთები ზღვასთან ახლოს – ქონების სააგენტოს შეთავაზება ბიზნესს

პროექტის – „100 შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ქობულეთში, ზღვასთან ახლოს,  მიწის რამდენიმე ნაკვეთს ყიდის. სააგენტოს ელექტრონულ აუქციონზე გატანილი აქვს ორი მიწის ნაკვეთი ბუკნარში, ჯამში 7000 კვ.მდე ტერიტორია. ქონების საწყისი ფასი 890 000 ლარია.

გასაყიდი ნაკვეთი ბუკნარში

სააგენტო ყიდის ასევე 25 547 კვ.მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე. ქონების საწყისი ფასი 815 000 ლარია.

ამის პარალელურად, საწარმოს ამოქმედების პირობით, აუქციონზე გატანილია ორი ნაკვეთი ბათუმში, ადლიის დასახლებაში. იყიდება 1470 კვ.მეტრი მიწის ფართობი, ამ ადგილზე არანაკლებ 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებისა და  საწარმოს ამოქმედების პირობით.

მთავრობა აუქციონის წესით ყიდის კიდევ ერთ ნაკვეთს ადლიაში. ნაკვეთის ფართობი 4409 კვ. მეტრია, ქონების საწყისი ფასი: 470 000 ლარი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, 2019 წლიდან ახორციელებს პროექტს – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“.

შეთავაზებები განკუთვნილია ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორებისთვის როგორც მსხვილი, ისე მცირე ბიზნესისთვის და ითვალისწინებს სახელმწიფო ქონების როგორც გაყიდვას, ასევე გრძელვადიანი იჯარის წესით გასხვისებას.

დადასტურდა კოვიდის 1104 შემთხვევა, 21 პაციენტი გარდაიცვალა

20 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1104 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 032 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 21 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 14 885 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 4221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

აჭარაში კოვიდის 83 ახალი შემთხვევაა | 20 მაისი

20 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 83 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 436 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით, მათგან 13 ხელოვნურ სუნთქვაზეა.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 263 ადამიანი იმყოფება.

Exit mobile version