მთავარი,სიახლეები

„ველური სვანეთი”- XIX საუკუნის ბრიტანელი მოგზაურის 600-გვერდიანი წიგნი

20.05.2021 • 4666
„ველური სვანეთი”- XIX საუკუნის ბრიტანელი მოგზაურის 600-გვერდიანი წიგნი

 

„უშგული ისეთი განუმეორებელია, ისეთი განსხვავებულია ყველა ქალაქისა და სოფლისგან რაც კი ოდესმე, სადმე მინახავს, ცალკე თავი უნდა მივუძღვნა“, – წერს 1883 წელს გამოცემულ ინგლისურენოვან წიგნში ბრიტანელ-კანადელი დიპლომატი, სამართალმცოდნე, მწერალი და მოგზაური – კლაივ ფილიპს უოლი. წიგნს „ველური სვანეთი“/„Savage Svanetia” ჰქვია.

კლაივ ფილიპს უოლი ორ ნაწილად გამოცემულ 600-გვერდიან ტექსტს უძღვნის საქართველოში, სვანეთში მოგზაურობას. „ველური სვანეთის“ პირველი ნაწილი 272 გვერდისგან შედგება, მეორე 250-გვერდიანია. წიგნში რიონის ხეობისა და სვანეთის ამსახველი არაერთი საინტერესო, ძველი გრავიურაა.

სოფლები – მულახი და მუგალი

სოფელი მულახი და მთა უშბა

უოლის თხრობა მსუბუქი, ყოფის ცოცხალი სურათების ამსახველია და ოდნავადაც არ გბეზრდება. ეს არ არის ეგზოტიკური გარემოს ეთნოგრაფიული, მშრალი აღწერა, უფრო ნოველებს მოგაგონებთ, მით უფრო, რომ უზარმაზარი ტექსტი პატარა, მცირე თავებადაა დაყოფილი, დასათაურებული და დამოუკიდებელ ამბებად იშლება.

ემოციური მთხრობელია, არ ერიდება აღტაცების გამომხატველ ფრაზებს და საკუთარ დამოკიდებულებებზე ვრცლად წერას. შთამბეჭდავად აღწერს რიონის სანაპიროებს ფოთში:

„რიონის შესართავები ფოთში ძირითადად შავი ტალახის სანაპიროებისგან შედგება და ვერ იტყვი, რომ ლამაზია. წყალი მუდამ მღვრიეა და მდორედ მიედინება, ხშირი ჯაგნარი და ეკალბარდი გაფიქრებინებს, რომ აქ ციებ-ცხელებაა გამეფებული  და მხოლოდ გარეული ღორები ბინადრობენ“, – წერს უოლი.

რიონის ხეობა

სვანეთში ჩასული, გარდა ადამიანებისა და მათი ყოფისა, იქაურ ბუნებას, ტყეში უზარმაზარნაყოფიან კენკრის ბუჩქებს, მათ სურნელებას და გემოს აღწერს… დიდ პეპლებს, რომლებიც, როგორც თავად წერს, სხვაგან არსად უნახავს. სვანების ბანაობის ბუნებრივ წესზე ჰყვება – ღია ცის ქვეშ, კლდეებზე გადმომდინარ დიდ თუ პატარა ჩანჩქერებში, რომლებიც თითქოს ნამდვილი აბაზანებივით სპეციალურად შემოუღობავთ გვიმრებისა და ველური მოცხარის ბუჩქებით, მობანავეები რომ სხვა თვალმა ვერ შენიშნოს. უოლი ამბობს, რომ  ბანაობის უზომოდ მოყვარული ბრიტანელებიც კი აღფრთოვანდებოდნენ ღიაცისქვეშა ბუნებრივი აბაზანებითო.

ავტორი დროის ქართულ გაგებაზეც წერს:

„როცა საქართველოში ცხენით მოგზაურობ და ვინმეს ეკითხები, რა დრო დაგჭირდება დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, უნდა იცოდე – პასუხისას არ ითვალისწინებენ, დღე რომ 12-საათიანია. თუ გპასუხობენ, რომ ერთი დღეა საჭირო რომელიმე სოფლამდე მისაღწევად, ეს ნიშნავს, რომ მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე დროს გულისხმობენ.

საინტერესოა დაკვირვება ოჯახებზე, სადაც საკლავს კლავენ. თუ, მაგალითად, ვინმე გარეულ ღორს მოინადირებს სვანეთში და შინ მიიტანს, იმ ოჯახში გარშემო მცხოვრები მეზობლები დაუპატიჟებლად მოდიან. წესია, რომ რამხელა ღორი, ძროხა ან ხარიც არ უნდა დაკლას ოჯახმა, იმ დღესვე უნდა გათავდეს. „მეორე დღეს ამ საკლავისგან აღარაფერი რჩება”, – წერს მოგზაური.

ტექსტი სავსეა მოგზაურის უმნიშვნელო ცხოვრებისეულ სიამეებზე ვრცელი თხრობით. წერს, მაგალითად, რომ გზადაგზა ჩაისთვის შაქარი შემოაკლდათ, ბოლოს საერთოდაც უშაქროზე გადავიდნენ, მაგრამ ასეთმა ყოფამ ჩაის ახალი არომატი აღმოაჩენინათ – უშაქრო, ხის ლამბაქიდან მირთმეული მუქი ჩაის გემო – ხის სურნელს შერეული.

 

  • ვინ არის კლაივ ფილიპს უოლი

კლაივ ფილიპს უოლი

კლაივ ფილიპს უოლი [ნათლობის სახელით ედვარდ კლაივ ოლდნოლ ლონგ ფილიპსი] ბრიტანელ-კანადელი ჩინოვნიკი იყო. სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრი, მწერალი, მოგზაური და გარეულ ცხოველებზე მონადირე.

მისი ორი ყველაზე ცნობილი ლექსია „ზღვის დედოფლის გაღვიძება“ და „გამეფების ჰიმნი“, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჯორჯ V-ს კორონაციის აღსანიშნად დაიწერა.

უოლი 1853 წელს დაიბადა გაერთიანებულ სამეფოში – უიმბორნში. მამამისი – სახელმწიფო სკოლის მასწავლებელი რიჩარდ ავგუსტ ლონგ ფილიპსი, თავის მხრივ, ცნობილი ინგლისელი პოლიტიკოსის, ლორდ რობერტ კლაივის შორეული ნათესავი იყო. უოლიმ განათლება როსოლის სკოლაში მიიღო.

20 წლის ფილიპს უოლი ყირიმში, ქერჩში გაამწესეს ბრიტანეთის დიპლომატიური მისიის ვიცე-კონსულად.

იკვლევდა კავკასიას, აქვე ნადირობით იყო დაინტერესებული და პარალელურად სწავლობდა სამართალს, იყო მიდლ-ტამპლის ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ეუფლებოდა იურისპრუდენციის პრაქტიკას.

ფილიპსმა, როგორც ერთადერთმა ვაჟმა, წინაპრებისგან მემკვიდრეობით უოლის მამულები მიიღო და ბრიტანეთის საკონსულო დატოვა. შეუერთდა სამხრეთ უელსის მესაზღვრეთა მეოთხე ბატალიონს, შეისწავლა მიზანში სროლა და მიიღო კაპიტნის წოდება.

1882 წელს 2 თვით ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე – ბრიტანეთის კოლუმბიაში გაემგზავრა სანადიროდ. 1887 წელს კი ცოლთან ერთად კანადაში მიდის, აქ ისინი დიდ დროს დაჰყოფენ ვიქტორიაში – ბრიტანეთის კოლუმბიაში.

დაწერილი და გამოცემული აქვს ესეები ნადირობის შესახებ.

1896 წელს უოლი ჯანდაცვის საკითხებში კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწევა ბრიტანეთის კოლუმბიის მთაგორიან მხარეში.

1908 წლიდან ის საზოგადოებას აფრთხილებდა საშიშროების შესახებ, რაც გერმანული ფლოტის სწრაფი ტემპით გაძლიერება-გაფართოებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა და 1910 წელს უერთდება კანადის საზღვაო-სამხედრო ძალთა ლიგას.

ბრიტანეთის იმპერიის თემაზე შექმნილი პატრიოტული პათოსის ლექსების და საზღვაო სამხედრო ლიგაში გაწეული სამსახურის გამო ფილიპს უოლის 1914 წელს რაინდის წოდება მიანიჭეს. ასე იქცა ის ბრიტანეთის კოლუმბიიდან ერთადერთ მწერლად, რომელსაც რაინდის ტიტული ხვდა წილად.

უოლი ადმირალ უილიამ ჰენრი ფენვიკის შვილზე, ჯეინზე დაქორწინდა 1879 წელს. წყვილს სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავდა, ეს უკანასკნელი უფროსი ლეიტენანტი გახდა და 1914 წლის 22 სექტემბერს ეკიპაჟის დანარჩენ 47 წევრთან ერთად ჩაიძირა გერმანული წყალქვეშა ნავით U-9.

თავად ფილიპს უოლი კი ბრიტანეთის კოლუმბიის დუნკანში გარდაიცვალა 1918 წლის 8 ივლისს.


კლაივ ფილიპს უოლის ,,ველური სვანეთის” შესახებ მოწოდებული მასალისთვის ,,ბათუმელები” მადლობას უხდის შოთა გუჯაბიძეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: