მთავარი,სიახლეები

რამდენად იოლია ჩაის სეზონზე თურქეთში წასვლა და რამდენით გაძვირდა კრეფა

06.05.2021 • 18870
რამდენად იოლია ჩაის სეზონზე თურქეთში წასვლა და რამდენით გაძვირდა კრეფა

რამდენიმე დღეში ჩაის კრეფის სეზონი იწყება. ამ სეზონს ელის ათასობით საქართველოს მოქალაქეც, ვისი ზუსტი რაოდენობაც არასდროს არავის დაუთვლია, მაგრამ ფაქტია, რომ პერიოდულად თურქეთში გადადის ჩაის საკრეფად და ლუკმაპურის ფულის მისაღებად. თურქეთში ამოქმედებული ლოქდაუნის ფონზე, ჩაის პლანტაციების მფლობელები თუ მკრეფავები საქართველოდან ზუსტად ვერ ამბობენ, ვინ როდის და რას შეძლებს.

„დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა ფასი, მკრეფავები კი ჯერ არ ჩანან,“ – ამბობს კახა ნოღაიდელი ქობულეთიდან. ის ახლა თურქეთშია, ჩაილერში და ჩაის პლანტაციებს ამუშავებს. კახას ახლა სამუშაო არ აქვს, მაგრამ რამდენიმე დღეში ჩაის კრეფას შეუდგება.

„დაახლოებით დღეში 250 ლირას გვიხდიან… კრეფის დროს დღიური ფასი დაახლოებით 270-280 ლირა იქნება. ეს დაახლოებით 30 პროცენტით მეტია იმ ფასებთან შედარებით, რაც პანდემიამდე იყო. ვმუშაობთ ისევ დილის 7-დან საღამოს 5-მდე. გააჩნია, როგორ შეუთანხმდები დამსაქმებელს,“ – გვიყვება კახა ნოღაიდელი.

კახა ნოღაიდელი

კახა ამბობს, რომ თურქეთში ამოქმედებული ლოქდაუნის დროს პრობლემაა ის, რომ მფლობელი სახლიდან გარეთ ვერ გამოდის, ხოლო ჩაის პლანტაციასთან მისვლა, რომელიც სახლიდან მოშორებითაა, ტაქსით უწევს.

„ტაქსით მივდივარ, რომელსაც საშვი აქვს… ახლა ჩაის პლანტაციის მოვლის და განახლების დროა, სასუქები უნდა გაიტანო, აზოტი და ასე შემდეგ. მე წლებია ერთსა და იმავე ოჯახში დავდივარ, შევეჩვიე და ისინიც შემეჩვიენ. მგონი,“ – პოზიტიურ განწყობაზე დგება კახა.

ჩაილერში, ასევე სარფთან ახლოს მდებარე ქალაქებსა და სოფლებშიც ახლა ნაკლები მუშახელია. კახას დაკვირვებით, ადამიანები საქართველოსა და თურქეთშიც ლოქდაუნის გაუქმებას ელიან და არსებული შეზღუდვების ფონზე მიმოსვლისგან თავს იკავებენ.

„ამბობენ, რომ 17-დან გაუქმდებაო, მაგრამ არავინ იცის კონკრეტულად, რა გაუქმდება შეზღუდვებიდან… ქართველი მკრეფავები ორგანიზებას ვერ ახერხებენ, თორემ არაფერი შეცვლილა, თუ მოწვევას მიიღებ, დასაქმება იოლია,“ – გვიხსნის კახა ნოღაიდელი.

„ბაირამის მერე გამოვაგზავნი ალბათ მოსაწვევს საქართველოში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერჰან ქოსიოუღლუმ. ის თურქეთში, სოფელ დემირისარიში ცხოვრობს და ჩაის პლანტაცია აქვს. ერჰანი ჩაის პლანტაციებს წელს თავად აწესრიგებს, ხოლო მკრეფავებს ისევ საქართველოდან ელოდება.

„გაურკვეველია, რა იქნება. რამდენიმე ბიჭი მუშაობს ჩემს სოფელშიც, ბევრნი არ არიან, დაახლოებით 20 მაისს დავიწყებთ კრეფას… ეს ჩაკეტვები, ლოქდაუნი, ყველას აშინებს, საბუთების მოგვარებაც პრობლემაა, ფული უნდა,“ – ამბობს ერჰანი. მისი თქმით, მოსაწვევის გამოგზავნა საქართველოში პრობლემა არ არის.

ერჰან ქოსიოღლუ ვერ ამბობს, რას გადაუხდის ჩაის მკრეფავებს მაისის სეზონზე. მისი თქმით, ეს შეთანხმებაზეა დამოკიდებული და ჩაის კრეფის ფასი წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 10 პროცენტით გაიზარდა.

„ბათუმელები“ რამდენიმე ისეთ ადამიანსაც ესაუბრა, რომელიც წლებია თურქეთში ჩაის საკრეფად დადიან. ისინი ვერ ამბობენ საიდან გაიგეს, მაგრამ ასე იციან, რომ 17 მაისამდე თურქეთში სამუშაოდ გადასვლას ვერ შეძლებენ.

„გვითხრეს, რომ 17 მაისამდე ვერ გადავალთ… ჩემმა დამსაქმებელმა თქვა ისიც, რომ ნოტარიუსებიც დაკეტილია და ლოქდაუნის დასრულებამდე ვერ მოხერხდება,“ – გვითხრა, მაგალითად, ხვიჩა ცენტერაძემ ქობულეთიდან.

აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ კახიძის თქმით, თურქეთში ამოქმედებული ლოქდაუნის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი შეცვლილა, ვისაც თურქეთში დასაქმება სურს.

აჭარის დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის 3 აგვისტოდან 2021 წლის 4 მაისის ჩათვლით საქართველოდან თურქეთში სამუშაოდ გადავიდა 17 917 ადამიანი, მათ შორის, განმეორებით – 1015. თურქეთში სამუშაოდ წასვლისთვის განაცხადი ამ პერიოდში სულ 23 705-მა ადამიანმა შეავსო.

 

თურქეთი, სოფელი დემირისარი, ერჰან ქოსიოღლუს ფოტო

___

მთავარი ფოტო: თურქეთი, სოფელი დემიირისარი, ერჰან ქოსიოღლუს ფოტო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: