მთავარი,სიახლეები

მერიამ „ბილაინის“ ანტენა ამხანაგობის თანხმობის გარეშე კომპანიას დაუკანონა

20.05.2021 • 1692
მერიამ „ბილაინის“ ანტენა ამხანაგობის თანხმობის გარეშე კომპანიას დაუკანონა

„მესაკუთრეების თანხმობის გარეშე დგას „ბილაინის“ ანტენაა ჩვენი სახლის სახურავზე 2015 წლიდან და ბოლოს მერიამ ჩვენი თანხმობის გარეშე გასცა ნებართვა,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ნანა ბერიძე. ის ბათუმის მერიის შენობის მეზობლად ცხოვრობს ფარნავაზ მეფის 77-ში. ნანა ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში დაობს.

კომპანიამ „ვიონი საქართველო“ საფირმო სახელწოდებით „ბილაინი“ შეფუთული ანტენა და საბაზო სადგური ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მრავალბინიანი სახლის სახურავზე 2015 წელს განათავსა. ნანა ბერიძე ამბობს, რომ ეს საკითხი 2018 წელს გააქტიურდა მას შემდეგ, როცა მეხუთე სართულზე მცხოვრებმა მზია ჩახვაშვილმა ბინა ნანა ბერიძეს მიჰყიდა, ხოლო ერთი ოთახი თავისთვის დაიტოვა და „ბილაინს“ მიაქირავა.

„თავიდან არ ვიცოდი, რომ სახურავზე ანტენა იყო და იმ დაკეტილ ოთახში სადგური, თურმე ამაში ქირას უხდის კომპანია მესაკუთრეს და ასეა დღემდე…“ – გვიყვება ნანა ბერიძე. – „აუტანელი ხმაური იყო, ქარის და წვიმის დროს ეს ანტენა მოძრაობდა, არ იყო ჩამოსხმული და ისე მოძრაობდა, ახალგარემონტებული ბინის კედლები დამებზარა… კომპანიამ შემომთავაზა რემონტი, მაგრამ უარი ვთქვი. ჩემი პოზიციაა, რომ არ მინდა საერთოდ აქ ანტენა მქონდეს. მზად ვარ ბინაც გავყიდო… შესაძლოა, ბევრმა არ დამიჯეროს, მაგრამ რაც ამ ბინაში გადმოვედით საცხოვრებლად, სულ ავად ვართ. 2019 წლიდან ვდაობ. ამ პერიოდში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ „ბილაინმა“ ხმის დამხშობები დააყენა და ხმა აღარ გვაწუხებს“, – ამბობს ნანა ბერიძე.

ნანა ბერიძე სასამართლოში ბათუმის მერიის მიერ გამოცემულ იმ სამართლებრივ აქტის ბათილობას ითხოვს, რომლის მიხედვითაც შპს „ვიონი საქართველოს“ სახლის სახურავზე მსუბუქი მოწყობილობის განთავსების ნებართვა მიეცა. მსგავსი ხასიათის ნებართვას რომ ამხანაგობის წევრთა უმრავლესობის თანხმობა სჭირდება, ამას კანონიც ამბობს და მერიის პრესცენტრშიც დაგვიდასტურეს.

„თუ მშენებლობა დაგეგმილია სხვა პირის კერძო საკუთრებაში ან საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე, მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა დამატებით უნდა წარადგინოს შესაბამისი მესაკუთრის/თანამესაკუთრის თანხმობა,“ – წერია „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“.

ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციითაც, შესაბამისი სამსახურის განმარტების მიხედვით, მსგავს მოწყობილობას მესაკუთრეების ნებართვა სჭირდება, მაგრამ დეტალური ინფორმაციის მოსაძიებლად დროა საჭირო.

როგორ გასცა მერიამ ნებართვა ამხანაგობის თანხმობის გარეშე? – დღის განმავლობაში კითხვაზე პასუხი ბათუმის მერიიდან ვერ მოგვაწოდეს.

შენიშვნა: დღეს, 1 მაისს ბათუმის მერიიდან მოგვწერეს, რომ „ნებართვის გაცემისას წარმოდგენილი იყო საექსპერტო დასკვნა, ასევე იმ მესაკუთრის თანხმობა, უშუალოდ ვის კუთვნილებაში არსებულ ფართზეც დამონტაჟდა ანძა“. მერიაში ამ ეტაპზეც ვერ დაგვიზუსტეს, როგორ შეითანხმა მერიამ პროექტი ამხანაგობის ნებართვის გარეშე.

მნიშვნელოვანი გარემოება – მერიის მხრიდან შესაბამისი ნებართვის გაცემამდე ბათუმის მერიამაც უკანონოდ მიიჩნია „ბილაინის“ ანტენის განთავსება მრავალბინიანი სახლის სახურავზე. 2019 წელს, როცა მოქალაქეებმა მერიას ანტენის დემონტაჟი მოსთხოვეს, მერიამ მზია ჩახვაშვილი [ვისაც ოთახი საბაზო სადგურისთვის აქვს გაქირავებული] 500 ლარით დააჯარიმა. მერიის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 2019 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ დაადასტურა.

საქმის მასალების მიხედვით, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის ამ გადაწყვეტილების შემდეგ სწრაფად მოგვარდა პრობლემა მოქალაქეების გვერდის ავლით – 2019 წლის 29 ოქტომბერს კომპანია „ვიონი საქართველომ“ ბათუმის მერიას მიმართა და თანხმობა ითხოვა. ამ წერილს თან ერთვის მხოლოდ სანიტარული დაცვის ზონის ორგანიზაციის და კეთილმოწყობის პროექტი, ჰიგიენური დასკვნა პროექტზე და მშენებლობის პროექტი.

2019 წლის 16 ნოემბერს მერიის ქალაქგანვითარების და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა უპასუხა „ვიონ საქართველოს“ და განმარტა, რომ ეს პირველი კლასის ობიექტია და ამ მშენებლობას ნებართვა არ სჭირდება. მერიის პასუხის მიხედვით არ ჩანს მკაფიოდ, კონკრეტულად რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს კომპანიამ, რომ მისი პროექტი მერიამ შეთანხმებულად ჩათვალოს. ამ წერილის მიხედვით, მერიას „ბილაინისთვის“ ამხანაგობის თანხმობა არ მოუთხოვია და საბოლოოდ, კომპანიამ ისე მიაღწია შეთანხმებას მერიასთან, რომ ამხანაგობის თანხმობა არ ჰქონია.

შეფუთული ანტენა მრავალბინიანი სახლის სახურავზე, ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა

გადაბეჭდვის წესი