მთავარი,სიახლეები

როგორ წავიდე თურქეთში – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები

19.05.2021 • 19166
როგორ წავიდე თურქეთში – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები

14 თვეა საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია. ამ დროის განმავლობაში თურქეთთან მიმოსვლა მხოლოდ ბიზნესაქტივობებისთვის, სამუშაოდ და სამედიცინო მიზნით არის შესაძლებელი. ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ტურისტული მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის.

„ბათუმელებს“ მოქალაქეები ხშირად მომართავენ კითხვებით, რომლებიც თურქეთში წასვლასა და დასაქმებას ეხება. ამ სტატიაში შევეცადეთ თავი მოგვეყარა ყველაზე ხშირად დასმული კითხვებისათვის.

რა საბუთები სჭირდება საქართველოს მოქალაქეს თურქეთში შესასვლელად, თუ ის მუშაობას აპირებს

  • მიწვევა
  • საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობა
  • PCR ტესტი
  • მოქალაქემ გამგზავრებამდე 72 საათით ადრე თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე უნდა შეავსოს ელექტრონული ანკეტა –  register.health.gov.tr და მიიღოს ე.წ. HES კოდი. HES კოდი საჭიროა თურქეთში გადაადგილებისათვის.

ადამიანებს, რომლებიც ვაქცინის ორ დოზას გაიკეთებენ, ექნებათ თუ არა შესაძლებლობა თურქეთში PCR ტესტის გარეშე შევიდნენ?   

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა აქვს გაკეთებული (ფაიზერი, ასტრაზენეკა, სინოფარმი), თურქეთში შესვლისას მაინც სჭირდება PCR ტესტი.

შესაძლებელია თუ არა თურქეთში სამოგზაუროდ წასვლა?

თურქეთში წასვლა შესაძლებელია მხოლოდ სამუშაოდ ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

19 მაისის მონაცემებით, თურქეთში სამოგზაუროდ  ვერ წახვალთ.

მუშაობა თურქეთში

იმისათვის, რომ თურქეთში დროებით სამუშაოზე დასაქმდეთ, საჭიროა დარეგისტრირდეთ დასაქმების სააგენტოს ვებგვერდზე. სააგენტოში ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია საიტის – abroadworkers.moh.gov.ge მეშვეობით ან ტელეფონით (422) 24 78 84.

სააგენტოში მისვლისას თურქეთში წასვლის მსურველმა პირმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური პირის ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული მოწვევა. მოწვევაში უნდა იყოს მითითებული მიწვეული საქართველოს მოქალაქის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მიწვევის პერიოდი – სამი თვე.
  • მიწვევის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
  • მოქმედი ტელეფონის ნომერი. გაითვალისწინეთ, რომ ერთი მობილურის ნომრით შესაძლებელია მხოლოდ ერთი მომხმარებლის რეგისტრაცია.

იმ პირებს, რომლებიც ერთხელ უკვე იყვნენ დროებით სამუშაოზე წასული თურქეთში, ანალოგიურად შეუძლიათ შეავსონ განაცხადი და წავიდნენ.

როგორ მივიღოთ მიწვევა

თურქეთში სამუშაოდ წასვლის მსურველებს აუცილებლად სჭირდებათ სამუშაო მიწვევა. მიწვევის გაკეთება შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელიც არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ან იურიდიულ პირს, რომელიც არის რეგისტრირებული თურქეთის რესპუბლიკაში.

მიწვევაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული საქართველოს მოქალაქის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მიწვევის პერიოდი – სამი თვე. ამასთან მიწვევა უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.

აჭარის დასაქმების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთიდან მიწვევის მიღება შეიძლება როგორც ფიზიკურად (მოწმობის, ფოსტით ან პირადი კონტაქტებით გადმოგზავნა), ასევე ელექტრონული ფორმით (ელ-ფოსტის ან სოციალური ქსელის გამოყენებით).

ელექტრონული ფორმით მიწვევის გადმოგზავნისას მნიშვნელოვანია მკაფიოდ იკითხებოდეს დოკუმენტის ტექსტი.

თურქეთიდან გამოგზავნილი ნოტარიულად დამოწმებული მიწვევა აუცილებლად უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე და ეს თარგმანი დამოწმდეს ნოტარიულად.

მიწვევა შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური.

რა ღირს მიწვევა

აჭარის დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, მიწვევის დამზადება 50-დან 90-მდე ლარი ღირს. მასში შედის:

[checklist]

  • მიწვევის თურქეთში ნოტარიულად დამოწმება – 70-150 ლირა (30-60 ლარი). თანხას ხშირ შემთხვევაში ფარავს მიმწვევი მხარე და მისი საფასური არ იცვლება არც  ჯგუფური მიწვევის დამოწმების შემთხვევაში.
  • საფოსტო გზავნილის ღირებულება – 25 ლირა (10 ლარი). იმ შემთხვევაში, თუკი მიწვევას ელექტრონულად მიიღებთ, ამ ხარჯის გაწევა აღარ მოგიწევთ.
  • მიწვევის ქართულენოვანი თარგმანის მომზადება და მისი ნოტარიულად დამოწმება –  20-25 ლარი. ჯგუფური მიწვევის შემთხვევაში საკმარისია დოკუმენტის ერთი ეგზემპლარის მომზადება და ინდივიდუალურად ყველა განმცხადებლის მიერ სისტემაში ატვირთვა.

[/checklist]

გაითვალისწინეთ, რომ abroadworkers.moh.gov.ge -ზე რეგისტრაციის პროცესი უფასოა.

იმ პირებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ დამსაქმებელთან პირდაპირ კონტაქტს და ამ საკითხის მოგვარებას კერძო კომპანიას სთხოვენ, თურქეთში გადასასვლელი დოკუმენტაციის მოწესრიგება გაცილებით ძვირი ღირს.

რა დრო სჭირდება პასუხის გაგებას, მიიღებთ თუ არა ნებართვას საზღვრის კვეთაზე

საქართველოს მოქალაქის მიერ თურქეთში წასასვლელი ერთჯერადი ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას საქართველოს მთავრობის N164 განკარგულების პირობებთან სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი განიხილავს და ამოწმებს.

განხილვის შედეგის შესახებ მოქალაქეს ინფორმაცია რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 7 დღეში მიეწოდება SMS შეტყობინების სახით.

ნებართვის მიღების შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ ნებართვა არის ერთჯერადი. შესაბამისად,  ამ ნებართვის საფუძველზე მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ გადაკვეთოთ საზღვარი.

რა გჭირდებათ საზღვრის გადასაკვეთად

კორონავირუსის პანდემიის გამო სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი 10:00-18:00 საათებში მუშაობს.

მას შემდეგ, რაც დასაქმების სააგენტოდან ნებართვას მიიღებთ, შეგიძლიათ გამოცხადდეთ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე პირადობის მოწმობით ან საქართველოს მოქალაქის პასპორტით.

გაითვალისწინეთ, რომ სასაზღვრო პუნქტზე აუცილებელია მოქალაქემ წარადგინოს PCR ტესტი, ამასთან გამგზავრებამდე 72 საათით ადრე შეავსოს თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ელექტრონული ანკეტა – register.health.gov.tr და მიიღოს ე.წ. HES კოდი.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ მიუხედავად ნებართვისა, საბოლოო გადაწყვეტილებას, პირი გადაკვეთს თუ არა საზღვარს, იღებს კონკრეტული მესაზღვრე-კონტროლიორი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებმა უნდა დარეკონ აჭარის დასაქმების სააგენტოში: (422) 24 78 82.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: