Batumelebi | რას საყვედურობენ „იუნისეფს“ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით – ინტერვიუ რას საყვედურობენ „იუნისეფს“ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით – ინტერვიუ – Batumelebi
RU | GE  

რას საყვედურობენ „იუნისეფს“ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით – ინტერვიუ

საქართველოში გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის მისამართით არაერთი კრიტიკული კითხვა გაჩნდა. მათ შორის ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა არგანაშვილი წერს, რომ „ჯერ არც ერთი კომენტარი ამ თემაზე არ გაუკეთებია იუნისეფს“. საუბარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის არშეშვებაზე და იქ არსებულ მდგომარეობაზე.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ასევე ითხოვს პანსიონში შესვლას იქ მცხოვრები ბავშვთა უფლებების ადვოკატირების მიზნით. თუმცა ამის უფლება არც მათ მისცეს. სხალთის ეპისკოპოსი ასევე საჯაროდ შეურაცხყოფს სახალხო დამცველს.

ამ თემაზე „ბათუმელები“  UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს საქართველოში, მაია ქურციკიძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო მაია, რამდენიმე დღის წინ თქვენი ორგანიზაცია სასულიერო პირებს შეხვდა ახალქალაქში, თუმცა არ გაგიკეთებიათ საჯარო განცხადება პანსიონში ბავშვთა უფლებების მდგომარეობის შესახებ. რატომ?

ჩვენ პანსიონის საკითხზე ორი კვირაა ვლაპარაკობთ მედიასთან. მიგვაჩნია, რომ ყველა ინსტიტუციას, რომლებიც არიან უფლებამოსილნი აწარმოონ ბავშვთა უფლებების მონიტორინგი, უნდა მიეცეს ამის საშუალება. ყველგან, სადაც ბავშვები არიან, უფლებამოსილი ინსტიტუტები უნდა შევიდნენ, რომ ვნახოთ ბავშვის უფლებები როგორაა იქ დაცული.

რასაკვირველია, ჩვენი პოზიციაა, რომ ბავშვთა სახლი არ არის ის ადგილი, სადაც ბავშვი უნდა იმყოფებოდეს. ბავშვი უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში. ეს არის როგორც ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებული, ასევე საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსითაც.

„იუნისეფი“ წლების განმავლობაში მხარს უჭერდა სახელმწიფოს ბავშვზე ზრუნვის რეფორმის განხორციელებაში, რომელიც ითვალისწინებს ყველა დიდი ზომის ინსტიტუციის დახურვას და ბავშვების გადაყვანას ოჯახურ გარემოში. შეიქმნა კიდეც ალტერნატიული ზრუნვის ფორმები.

  • თუმცა საპატრიარქოს დაქვემდებარებული ბავშვთა სახლები დარჩა.   

სამწუხაროდ, დარჩა ინსტიტუციები, რომლებიც სახელმწიფოს არ ექვემდებარებოდნენ და იყვნენ რელიგიური კონფესიების დაქვემდებარების ქვეშ. რამდენიმეს მიეცა კიდეც ლიცენზია, მათ შორის ნინოწმინდის ბავშვთა სახლიც არის ლიცენზირებული სახელმწიფოს მხრიდან.

თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ ინსტიტუცია არ არის ის ადგილი, სადაც ბავშვი უნდა იმყოფებოდეს. სანამ ბავშვები იქ არიან და სანამ არ შექმნილა ალტერნატიული გარემო, მათი მონიტორინგი, რასაკვირველია, უნდა ხდებოდეს.

  • ლიცენზიის მიცემა ამ პანსიონისთვის ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო არც განიხილავს მისი გაუქმების საკითხს?

არა, რასაკვირველია. ყველა ინსტიტუცია, როგორც სამთავრობო, ასევე სოციალური მუშაკები, ყველა, ვინც უფლებამოსილია კანონის მიხედვით, ყველას აქვს მონიტორინგის უფლება, რომ გავიგოთ იქ რა მდგომარეობაა.

  • თუმცა ამ უფლებამოსილ პირებს, მათ შორის ადვოკატებს, არ უშვებენ ბავშვთა სახლებში და ამაზე დუმს სახელმწიფო.

როცა ნინოწმინდაში ჩავედით, რასაკვირველია, გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და როგორც მეუფე ნიკოლოზს, ასევე სხვა რელიგიურ პირებსაც ველაპარაკეთ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე. გავაცანით ჩვენი პოზიცია, გავაცანით ის, რაც გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა კოდექსით და რაც არის ბავშვებისთვის ოჯახური გარემოს შექმნისთვის აუცილებელი. ამ თემაზე მიდის მუშაობა.

  • ალბათ თქვენც ნახავდით „იუნისეფის“ მიმართ შეფასებას, რომ სათანადოდ კრიტიკული არ არის საპატრიარქოს მიმართ ამ კონკრეტულ საკითხზე და იჩენს ლოიალობას ხელისუფლების მსგავსად, ასეა?

დღეს გავაკეთებთ განცხადებას. თუმცა არც აქამდე გავჩერებულვართ და ვლაპარაკობთ მედიასთან. ოფიციალური განცხადებაც იქნება.

ჩვენ ჩვენი კომპეტენცია და ჩვენი მანდატი გვაქვს და ამ მანდატის ფარგლებში ვმუშაობთ. ჩვენ ვმუშაობთ ყველასთან, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ასევე რელიგიურ ლიდერებთან, არასამთავრობო სექტორთან. ყველასთან, ვისაც რაიმეს შეცვლა შეუძლია ბავშვებთან დაკავშირებით. ადვოკატირება სხვადასხვა სტრატეგიას ითვალისწინებს, მათ შორის, საჯარო განცხადებებსაც და სხვა ტიპის მუშაობასაც.

  • ხშირად, როცა საპატრიარქო ავლენს უპატივცემლო დამოკიდებულებას კანონის მიმართ და არღვევს ადამიანის უფლებას, სახელმწიფო დუმს. გაჩნდა მოსაზრება, რომ  საერთაშორისო ორგანიზაციებიც ცალკეულ კანონდარღვევაზე ავლენენ დამოკიდებულებას: „საპატრიარქოა, ვერ შევბედავთ“. „იუნისეფის“ შემთხვევაში რა ხდება? 

ჩვენ, „იუნისეფი“, არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალურად ვთანამშრომლობთ რელიგიურ ლიდერებთან. ისინი საკმაოდ ახლოს არიან ხალხთან, აქვთ მათზე გავლენა, ამიტომ მნიშვნელოვანია გვქონდეს მათთან დიალოგი.

სასულიერო პირებს ჩვენი მანდატის და კომპეტენციის ფარგლებში ვესაუბრებით. ვაწვდით ინფორმაციას, რადგან ძალიან ხშირად ეს ინფორმაცია არ აქვთ და ბევრ რამეს იგებენ ამ დისკუსიების შედეგად. ჩვენ მათ ვესაუბრებით კოვიდზეც, ბავშვთა უფლებებზეც, ვესაუბრებით იმაზე, თუ რა არის ოჯახის უფლება და რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვი იყოს ოჯახში, რომ სიღარიბე არ არის მიზეზი ბავშვი გაიყვანო ოჯახიდან. ეს დიალოგი ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ თუნდაც იმ საკითხებზე ვიმსჯელოთ, რაზეც ახლა ვსაუბრობთ.

  • თუ არ შეცვალეს პოზიცია, თუ არ მისცეს სახალხო დამცველს ნინოწმინდის ბავშვთა სახლის მონიტორინგის უფლება, როგორი იქნება თქვენი შემდგომი რეაგირება ამაზე?

მოდით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com