მთავარი,სიახლეები

„შენ ვერ ნახავ ცხვირ-ჩამოშობილს ქობულეთელს“ – რას წერდა 1876 წელს „დროება“

21.05.2021 • 20273
„შენ ვერ ნახავ ცხვირ-ჩამოშობილს ქობულეთელს“ – რას წერდა 1876 წელს „დროება“

1876 წელს გაზეთ „დროებაში“ ვრცელი წერილი გამოქვეყნდა სათაურით – „რა მოელის ქობულეთსა“, სადაც ამ კუთხის მაშინდელი ყოფაა გადმოცემული. ეს ის დროა, როცა აჭარა ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში იყო მოქცეული.

„სულ ქობულეთში იქნება სამი ათასი კომლი კაცი (მოსახლე), ოციოდე სოფლად დაყოფილი.

ქობულეთელებსა და გურულებს შორის იმოდენივე განსხვავება იქნება, როგორც ზემო-ქართლელსა და ქვემო-ქართლელებს შორის, სხვა და სხვა ხელმწიფის მფლობელობას ქვეშ რომ ჰყოფილიყო ზემო და ქვემო ქართლი,“ – წერს „დროება“ [სტილი დაცულია].

სტატია მე-18 საუკუნის 70-იანი წლების ქობულეთის ყოფის ბევრ საინტერესო დეტალს ეხება, მათ შორის იმასაც, თუ როგორ იყო მოწყობილი ამ დროს სასამართლო სისტემა ქობულეთში.

„მახლობელი მთავრობა შედგება ყაიმაყამიდგან (ჩვენებური უეზდის უფროსი), ყადიდგან და მეჯლიშებიდგან (ხალხისგან არჩეული მოსამართლეები), რომელიც იმყოფება ქობულეთის ქალაქში. ამ მმართებლობის წევრებს ხალხის შინაურს ცხოვრებაზე არავითარი გავლენა არა აქვს. ყაიამაყამი ერთსა და იმავე დროს ადმინისტრატორიც არის და მსაჯულიცა; მმართებლობისგან დანიშნული ყადი და ხალხისგან ამორჩეული მეჯლიშები კი მხოლოდ მსაჯულები არიან.

ყველა ესენი ერთად განარჩევენ საქმეებს. იმათი გადაწყვეტილება ქობულეთელის დანაშაულობისა ცარიელ გადაწყვეტილებად რჩება, თუ დამნაშავემ თვითონ არ ისურვა მსაჯულების წინაშე თავის ნებით გამოცხადება.

თუ გადაწყვეტილება რამე შედგა ქობულეთელზე და თითონ ის არ გამოეცხადა მმართებლობას, ის შეიქმნა ამითი ფირალად (გავარდნილი, თული).

ამგვარად ქობულეთში მუდამ არის ასობით ფირალები, რომელთაც სასამართლო მაინცდამაინც ვერ ჰკიდებს ხელსა და აღარც დიდი მონდომებით ეძებს; თვითონ ხალხი კი თავის დღეში არ გასცემს, თუ კი სისხლი არ მართებს და სისხლიც რომ ემართოს, სასამართლოში არ მიიქცევა, თუ მეტად აბდალაი (უხეირო) არ არის…

წელიწადში ერთხელ ან ორ-სამ წელიწადში ერთხელ ჯარი წამოვა სოფლების ფირალებისაგან გასაწმენდათ, მაგრამ თითქმის ყოველთვის ცარიელი ბრუნდებიან, რადგან ამ დროს ფირალები სხვა ადგილებს აფარებენ თავს. თუ სამი-ოთხი წელი შეინახა თავი ფირალმა, მძიმე დამნაშავეც რომ იყოს, მერმე უშიშრად შეუძლიან თავისივე ოჯახში ცხოვრება“.

სტატიაში ქობულეთელების დახასიათებასაც ვხვდებით. „დროება“ წერს, რომ ქობულეთელები ლამაზი, ნიჭიერი, თანაც ამაყი და ახირებული ხალხია.

„საზოგადოთ ქობულეთის ხალხი შესანიშნავი გულოვანი, ლამაზი, ცოცხალი, ბუნებით ნიჭიერი და ჭკვიანი, ტანით მრთელი და სტუმართმოყვარე ხალხია. ამასთან ახირებული ამაყი და თავმოყვარე – საკმაო არის ცოტა რამ შეურაცხყოფის მიყენება, რომ სისხლი მოითხოვოს და აიღოს კიდეცა.

გალახვას ხომ, სანამ სული უდგია, ვერ მოინელებს.

…მაგრამ თუ კაცურად მოეპყრობი, იმ შემთხვევაში, იცოდე, ის შენი ერთგული ძმა არის უკანასკნელ სისხლის წვეთამდის.

დიდად საიმედო მეგობრობა იცის ქობულეთელმა და ამასთანავე, საშინელი მტრობაცა; თუ მეგობარი არის, შენთვის თავს მოიკლავს და თუ მტერია, შენ მოგკლავს“.

ხუცუბანი. აჭარელი თევზითა და ლიმნით მოვაჭრე. დიმიტრი ერმაკოვის ფოტო.

„დროება“ ქობულეთელების კიდევ ერთ თვისებაზე ამახვილებს ყურადღებას:

„რომ შეხედავ, იტყვი: ეს ხალხი თავის ბედის კმაყოფილი არისო.

 აქ შენ ვერ ნახავ კისერჩახრილს, ცხვირ-ჩამოშობილს, ფერ მიმკრთალ კაცს. აქ შენ მხოლოდ წელში გამართული, თავაწეული, ფეროვანი კაცები შეგხვდებიან.“

____________________

მთავარ ფოტოზე: ხუცუბანი, დიმიტრი ერმაკოვის ფოტო. მანანა ქუთათელაძის ფოტოკოლექცია. dspace.nplg.gov.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: