დღეს, 15 ივნისს, ხანდაზმულებზე ძალადობის შემეცნების მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს გლობალური სოციალური პრობლემაა, რომელიც მილიონობით ასაკოვანი ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს აქვეითებს.
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, მოხუცებზე ძალადობა ხშირად ტაბუდადებული თემაა, თუმცა ცალკეული გახმაურებული შემთხვევები და პოლიციის მიერ დაფიქსირებული სტატისტიკა მოწმობს, რომ მოხუცებზე ძალადობა კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემაა.
მოხუცებზე ძალადობაში მხოლოდ ფიზიკური ძალადობა არ იგულისხმება, ოჯახში ძალადობას შესაძლოა ჰქონდეს ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ხასიათი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში წერს, რომ საქართველოში ხანდაზმულები მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან და სიღარიბის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა. ისინი ხშირად დამოკიდებულები არიან სოციალურ დახმარებასა და პენსიაზე, ცხოვრობენ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში.
„სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზით დგინდება, რომ წლების განმავლობაში უცვლელი და სისტემური ხასიათის პრობლემები დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან, როგორიცაა თავად მსხვერპლთა მხრიდან ძალადობის ფაქტის აღქმა, შესაბამისი უწყებებისადმი ძალადობის მსხვერპლთა დაბალი მიმართვიანობა, ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული ფსიქოსოციალური და ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამების არარსებობა. სახალხო დამცველის შეფასებით, პრობლემურია მათი ხანგრძლივად დაცვა ძალადობისგან და დახმარების სერვისების ამოქმედება” – წერს ჯანმო.
სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშებში წლებია მიუთითებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 45 წელს გადაცილებულ პირთა ძალადობის ერთიან სტატისტიკას აწარმოებს, რაც, ბუნებრივია, ვერ ასახავს უშუალოდ ხანდაზმულ პირთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ზუსტ მონაცემებს. სიახლეა ის, რომ 2021 წლიდან შსს-მ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ასაკის თვლისას 45-60 და 61 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობას ცალკე ითვლის.
2021 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის სტატისტიკაში 61 წელს გადაცილებული 120 მსხვერპლი დააფიქსირა, მათგან 41 კაცი და 79 ქალია.
შსს-ს მონაცემების მიხედვით მოძალადეთა უმრავლესობა კაცია, კერძოდ, 2021 წლის იანვარ-აპრილში ოჯახში მომხდარი ძალადობის შემთხვევებში მოძალადე 567 შემთხვევაში იყო კაცი და 153 ქალი. რაც შეეხება მოძალადეთა ასაკს, ყველაზე ხშირად ეს 25-დან 44 წლამდე ადამიანები არიან.
შსს-ს მონაცემები
ჯანმო: მიუხედავად იმისა, რომ მოხუცებისადმი ცუდად მოპყრობის მასშტაბები უცნობია, ამ საკითხის სოციალური და მორალური მნიშვნელობა აშკარაა. არსებითად, ეს საკითხი მოითხოვს გლობალურ მრავალწახნაგოვან საპასუხო ზომებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება მოხუცი ადამიანების უფლებების დაცვაზე.
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პერსპექტივის მიხედვით, სანამ პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექტორები არ იქნება კარგად აღჭურვილი ამ პრობლემების ამოსაცნობად და გადასაჭრელად, მოხუცთა ძალადობა კვლავ იქნება ნაკლებად გამოვლენილი და ნაკლებად ფოკუსირებული.
65-მა კომპანიამ 243 სხვადასხვა ვაკანსია წარმოადგინა, ჯამში ფორუმზე 1008 სამუშაო ადგილი იყო ხელმისაწვდომი, სამსახურის მაძიებლად კი 450 პირი დარეგისტრირდა დღევანდელ ფორუმზე.
ფორუმზე თითოეულ კომპანიას საკუთარი სტენდი და მაგიდა ჰქონდა. აქვე იყვნენ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც დეტალურად უხსნიან დასაქმების მსურველებს ვაკანსიების პირობებს.
ფორუმზე ვაჭრობისა და დისტრიბუციის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, დაზღვევა-ფინანსების, მშენებლობის, ადმინისტრაციული მომსახურების, მრეწველობის, განათლების, სასტუმრო-რესტორნებისა და ჯანდაცვის წარმომადგენელი კომპანიების თანამშრომლები ხვდებოდნენ დასაქმების მსურველებს.
დასაქმების ფორუმი ბათუმში
გარდა სეზონური სამსახურებისა, კომპანიები დასაქმების მაძიებლებს ფორუმზე სთავაზობდნენ მენეჯერებისა და ადმინისტრაციული სამსახურების ვაკანსიებს, წარმოდგენილი იყო, მაგალითად, რესტორნების გენერალური მენეჯერების, ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, იმპორტის მენეჯერის, ბრენდმენეჯერისა და შოურუმის მენეჯერის პოზიციები, ასევე გემთწამყვანის, გემის კაპიტნის, თანაშემწეებისa და გემთმექანიკოსების, მატროსების ვაკანსიები.
არასეზონური, ხანგრძლივი კონტრაქტის პირობებით აქვს ვაკანსიები წარმოდგენილი, მაგალითად, „მედცენტრს“, „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს“, სასტუმრო „გრანდ გლორიას“ და სხვებს.
მედცენტრს, მაგალითად, 3 ვაკანსია აქვს: სანიტრის, კლინიკის რეგისტრატორისა და კოორდინატორის პოზიციები.
„ეს დროებითი სამსახური არ არის, პირველ ეტაპზე ვაფორმებთ დროებით ხელშეკრულებას და გამოსაცდელი დროის შემდეგ ვაფორმებთ გრძელვადიან კონტრაქტს“, – ამბობს ლუკა სალუქვაძე, „მედცენტრის“ დირექტორის მოადგილე.
„ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ შრომითი რესურსების მენეჯერი, ქეთევან ორაგველიძე ამბობს, რომ მათ ორი ვაკანსია აქვთ ტექნიკური პერსონალის საინჟინრო განყოფილებაში და სპეციალისტების პოვნა, მისივე თქმით, ამ სფეროში არცთუ ისე მარტივია.
„სპეციფიკური სამსახურის შესრულებაა საჭირო და სერტიფიცირებული, გამოცდილი კადრები გვჭირდება, რადგან დასაქმებულები პირდაპირ მუშა პროცესში უნდა ჩაერთონ“, – ამბობს ქეთევან ორაგველიძე.
ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის შრომითი რესურსების მენეჯერი, ქეთევან ორაგველიძე
სასტუმრო „გრანდ გლორია“ ეძებს როგორც მომსახურების სფეროში მუშაობის მსურველებს, ასევე ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ-მენეჯერს.
„ვეძებთ პირს, ვინც მართავს ტექნიკურ გუნდს, ეს არ არის მხოლოდ ტექნიკოსის ან მხოლოდ მენეჯერის პოზიცია, საჭიროა თანაბრად ორივე უნარების ფლობა. ფორუმის შემდეგაც, დასაქმების მსურველებს შეუძლიათ პირდაპირ მოვიდნენ ჩვენთან ადგილზე და შეავსონ საჭირო სააპლიკაციო ფორმა დასასაქმებლად” – ამბობს სასტუმრო „გრანდ გლორიას” HR მენეჯერის ასისტენტი ია ბედინაძე.
სასტუმრო „გრანდ გლორიას” HR მენეჯერის ასისტენტი ია ბედინაძე
სარემონტო მასალების კომპანია „ზოდი“ ეძებს შოურუმის მენეჯერს, რომლის მოვალეობაც 16 სხვადასხვა სექციის კონსულტანტების გუნდის მართვაა. გვითხრეს, რომ ამ პოზიციაზე ხელფასი საშუალოდ 1000 ლარია დამატებითი ბონუსებით, დღეში 8-საათიანი და კვირაში 5-დღიანი სამუშაო გრაფიკის პირობებში.
დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! [ისწავლე დასაქმებისთვის!]“ ფარგლებში გაიმართა.
პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტისა“ (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2021 წლის ათეულში შერჩეული პედაგოგების ვინაობა ცნობილია. ათეულის უმრავლესობა თბილისის კერძო და საჯარო სკოლის პედაგოგებისგან არის დაკომპლექტებული.
სოფო ბაჩილავა – თბილისის კერძო სკოლა „ოპიზას“ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
ლამარა ბოლქვაძე – მარნეულის მუნიციპალიტეტში მარადისისა და კასულმოს სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
გიტა თვალაბეიშვილი – თბილისის 168-ე სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
ზეინაბ კაკალაშვილი – თელავის მე-5 საჯარო სკოლის მე და საზოგადოება და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
ხათუნა რაზმაძე – თბილისის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
ქეთევან სეფიაშვილი – თბილისის მე-10 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი
გიორგი ტერუნაშვილი – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ჩვენი საქართველოს და ქართულის მასწავლებელი
აზა ხანგოშვილი – სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელი
მარინა ხარიტონაშვილი – თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია, აია-ჯესსის გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი
მაკა ხელაძე – თბილისის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
შერჩეული ათეულიდან აგვისტოს თვეში 5 მასწავლებელი გადავა ფინალში, ოქტომბერში კი ერთი პედაგოგი მიიღებს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს.
გამარჯვებული დაჯილდოვდება ფულადი პრიზით – 10 ათასი ლარით.
ჯერ კიდევ ვაქცინის გამოჩენამდე გავრცელდა უამრავი მითი იმის შესახებ, რომ ვაქცინა სხვადასხვა გზით აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას. ერთ-ერთი ასეთი დეზინფორმაცია ეხებოდა იმას, რომ ვაქცინები რეპროდუქციულ სისტემას აზიანებენ.
მეცნიერების შეფასებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ვაქცინა გავლენას ახდენს ნაყოფიერებაზე ანუ დაორსულების შესაძლებლობასა და ბავშვის გაჩენაზე.
„ამ საკითხის ირგვლივ ბევრი მითი გვხვდება. თუმცა მეცნიერულად არ არის დადასტურებული რაიმე კავშირი ვაქცინაციასა და შვილოსნობის უნარს შორის, ქალებისა თუ მამაკაცების შემთხვევაში. ვაქცინა იმუნური სისტემის სტიმულირებას ახდენს მხოლოდ კონკრეტული ვირუსის ან ბაქტერიის კონკრეტული ცილის ან ანტიგენის მიმართ.
კოვიდის შემთხვევაში ვაქცინაციის შედეგად ხდება იმუნური სტიმულაციის გამოწვევა SARS-CoV-2 (COVID-19 გამომწვევი) ვირუსის სპაიკცილების მიმართ. შესაბამისად, გამორიცხულია ქალისა თუ კაცის რეპროდუქციული ორგანოების მუშაობის რაიმე შეფერხება. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ: COVID 19 ვაქცინა შვილოსნობის უნარზე / ფერტილობაზე რაიმე ზეგავლენას არ ახდენს”, – ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [ჯანმო] მთავარი მეცნიერი, სომია სვამინათანი.
მენსტრუაციის დროს ვაქცინაციას მეცნიერულად არაფერი უშლის ხელს გარდა იმ ფაქტისა, რომ ასეთ დროს ქალს შესაძლოა ჰქონდეს დაღლილობის შეგრძნება. თუ ვაქცინაციისთვის დაჯავშნილი დრო დაემთხვევა მენსტრუაციას, ვაქცინაციისთვის რამე ხელშემშლელი ფაქტორი არ არსებობს.
ვაქცინების გლობალური ალიანსის GAVI-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ ინფორმაციები მენსტრუალური ციკლის ცვლილებების შესახებ აქამდე ძირითადად სოციალური მედიის საშუალებით ვრცელდება და რომ არანაირი მეცნიერული საფუძველი ამ კავშირს არ გააჩნია. GAVI-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში მითითებულია აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერების კვლევა, რომელიც ამბობს, რომ ვაქცინები უსაფრთხოა ორსულებისთვისაც: „35 000 ადამიანის კვლევამ, რომლებიც აცრის დროს ორსულად იყვნენ, აჩვენა, რომ არ არსებობს გაზრდილი რისკი მწვავე გვერდითი მოვლენებისა ან ორსულობის არასასურველი შედეგების დადგომისა არც Moderna-ს და არც Pfizer / BioNTech-ის ვაქცინებით აცრისას”.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კორონავირუსი დაუდასტურდებათ, საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან. მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს ორი კვირის შემდეგ, გეოგრაფიული დაფარვის გათვალისწინებით.
ცენტრის ინფორმაციით, გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით:
მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია
მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას
დაიმუშავონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით
„ცენტრი წელსაც მოაწყობს საკარანტინე სივრცეებს იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული Covid 19“ – აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ცენტრი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50 პროცენტზე. თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით;
მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი. კონდიციონერები ირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში.
გარდა ამისა, ქვეყანაში დაწესებული ზოგადი რეგულაციის შესაბამისად, პირბადის ტარების წესი გავრცელდება საგამოცდო პროცესში მონაწილე ყველა პირისთვის“.
17, 10 და 5 წლის ბავშვებმა სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგეს.
„ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც არასრულწლოვნებმა ბავშვზე მორგებული სარჩელის ფორმით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს დედასთან დაბრუნება. სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება სასამართლომ უკანონოდ ცნო.
ბავშვებმა თავად დაწერეს სარჩელი და შეიტანეს სასამართლოში, მოთხოვნებიც თვითონ განსაზღვრეს და თვითონ მოითხოვეს წერილობით, რომ მათი უფლებები ჩვენ დაგვეცვა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი სოფი მენაბდიშვილი. მისი თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც ბავშვებმა ბავშვთა კოდექსით იხელმძღვანელეს და ბავშვზე მორგებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს.
„სასამართლომ მოუსმინა ბავშვებს და ისინი 2020 წლის სექტემბერში დედასთან დააბრუნა. მანამდე ბავშვები სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. სიღარიბის გამო მინდობით აღზრდაში ბავშვების გადაყვანა და ოჯახთან დაცილება უკანონოდ ცნო და დაზარალებულ სამ ბავშვს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 35 000 ლარი მიაკუთვნა. კომპენსაცია ბავშვების სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ.
ბავშვები 2 წლის წინ სოციალურმა სამსახურმა უკანონოდ, ოჯახის გაძლიერების გარეშე, გამოიყვანა სახლიდან და დედას დააცილა. ბავშვებმა ორი წელი მშობლისგან მოშორებით გამოწვეული სტრესის ქვეშ იცხოვრეს. ეს გარემოება სასამართლომ მიიჩნია უკანონოდ და დააკმაყოფილა PHR-ის სარჩელი,“ – ამბობს მენაბდიშვილი.
„ვითხოვთ უკანონო პატიმრების გათავისუფლებას“ – ამ მოთხოვნით დღეს, 15 ივნისს, ბრალდებული ძმები წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლებმა ბათუმში ავტომანქანებით საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ბრალდებულები პოლიტიკური ნიშნით არიან პატიმრობაში. მათ დღეს ასევე დააანონსეს საპროტესტო აქცია კვირას, აჭარის მთავრობის სახლთან.
ძმები წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე რიონის ხეობის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის შემდეგ, 15 აპრილს დააკავეს. მათ გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დაზარალებული „უძლიერესი მამაკაცების ფედერაციის“ ხელმძღვანელი პირია და კიდევ რამდენიმე სპორტსმენი ამ ფედერაციიდან. მათ გამოძიებას უთხრეს, რომ წულუკიძეები და ჭელიძეები თავს დაესხნენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით ორი დოზით აცრილების კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 0,2 პროცენტია.
„ორი დოზით აცრილებში გვაქვს 0,2 პროცენტი ინფიცირების, ერთი დოზით აცრილებში კი ეს პროცენტია დაახლოებით 0,8. უმრავლესი შემთხვევები არის მხოლოდ მსუბუქი, ბინაზე მკურნალობით,“ – განაცხადა დღეს, 15 ივნისს, ამირან გამყრელიძემ.
კორონავირუსზე ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა და სიკვდილის რისკს.
დღეის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად ჩატარდა 212 163 აცრა, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 69 197 ადამიანი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 15 ივნისის 21 საათიდან 16 ივნისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 23 – 28 გრადუსი
ღამით: 15 – 20 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ღამით: 11 – 16 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 17-18 ივნისს, აჭარაში ღამით და დილის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმისა და ამავე გეგმის მიხედვით, ერთ-ერთ კვარტალში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის კონკურსში ოთხი პრეტენდენტი მონაწილეობდა, აქედან სამი – ამხანაგობაა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ოთხი მონაწილიდან ორს [„მეგაპოლისი“ და „ინჟარქიტექტი“] დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა. მათგან ერთ-ერთი, ამხანაგობა „მეგაპოლისი“ კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დავების საბჭოში უჩივის.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობდნენ:
ამხანაგობა „მეგაპოლისი“
ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა – შპს „თბილქალაქპროექტი“,შპს „ჯდ სტუდიო“, შპს „არქ ქრიატიონ“ და ააიპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“
ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“
შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“
კონკურსი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. საკონკურსო კომისიას გამარჯვებული ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობასა და „ნიუ სითი დეველოფმენთს“ შორის უნდა შეერჩია, თუმცა, ვინაიდან დავების საბჭოში საჩივარი შევიდა, კანონის მიხედვით, გამარჯვებულის შერჩევის პროცედურა შეჩერებულია.
„დაველოდებით რა გადაწყვეტილებას გამოიტანს დავების საბჭო და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – გვითხრეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიის ქალაქმშენებლობითი განვითარების ხედვა / ზემოთ – შპს „ნიუ სითი დეველოფმენთის“, ხოლო ქვემოთ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის საკონკურსო დოკუმენტებიდან
შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს ამხანაგობა „მეგაპოლისმა“ 2021 წლის 10 ივნისს მიმართა.
„ჩვენს შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება დააფუძნა ისეთ გარემოებებზე, რომლებიც არ ყოფილა დეტალური შესწავლის საგანი, საკითხს ნაჩქარევად მისცა მცდარი და მიკერძოებული სამართლებრივი შეფასება და მიიღო არსებითად უკანონო გადაწყვეტილება ამხანაგობა „მეგაპოლისის“ დისკვალიფიკაციაზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სატენდერო კომისიას, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, არ განუხორციელებია საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, რითაც დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი.
ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის [შესაბამისი] ბრძანების [ერთ-ერთი] პირობა, რომლის მიხედვითაც: „სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს“, – აღნიშნულია „მეგაპოლისის“ საჩივარში.
მოსარჩელე ითხოვს „გაუქმდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი N2 და შესყიდვის პროცედურები წარიმართოს კანონმდებლობის სრული დაცვით.“
დავის განხილვის დროდ 15 ივნისია ჩანიშნული.
„ოცნების ქალაქი“/ფოტომონტაჟი / ამხანაგობა „მეგაპოლისის“ საკონკურსო დოკუმენტიდან„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიის საპროექტო გეგმა / ამხანაგობა „ინჟარქიტექტის“ საკონკურსო დოკუმენტიდან
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი 2021 წლის 29 აპრილს გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით – 844 ათასი ლარი.
კონკურსის პირობის მიხედვით, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე უნდა დაგეგმარდეს საცხოვრებელი კორპუსები; ასევე საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, სარეკრეაციო ზონა და სხვა.
რას ითხოვს სამინისტრო [საკონკურსო დოკუმენტაცია]:
„განაშენიანების დეტალური გეგმა უნდა დამუშავდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის #260 დადგენილების „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მიხედვით. გდგ-ს შემუშავებისას კონტრაქტორმა უზრუნველყოს საჭირო პროცედურების [საჭიროებიდან გამომდინარე სგშ-ს ან გზშ-ს დამუშავება, საჯარო განხილვები, შესაბამის სტრუქტურებთან – ბათუმის აეროპორტის ფრენის უსაფრთხოების, ბათუმის მერიასთან, კომუნალური ქსელების ოპერატორ კომპანიებთან და სხვა] გატარების ორგანიზება.
გდგ-ს შემუშავებისას ძირითადი აქცენტი გაკეთდეს საპროექტო ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განთავსებაზე, ასევე საჯარო სკოლის [საორიენტაციოდ 700 მოსწავლეზე], საბავშვო ბაღისა [საორიენტაციოდ 150 აღსაზრდელზე] და სარეკრეაციო ზონის განთავსებაზე.
დამკვეთის მიერ მითითებულ საპროექტო კვარტალზე დაგეგმარდეს სოციალური დანიშნულების მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, ხოლო საცხოვრებელი კვარტლების განვითარებისათვის გამოყოფილი დარჩენილი კვარტლები დაგეგმარდეს საცხოვრებელი კომპლექსებისათვის, საინვესტიციოდ“.
ამასთან, პირველი ეტაპზე, „კონკურსში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 150 კალენდარული დღისა დამკვეთთან შესათანხმებლად წარმოადგინოს სოციალური მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის [რომელიც „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახებისთვის იქნება განკუთვნილი – ავტ.] არქიტექტურული პროექტი ძირითადი გეგმარებითი და სივრცითკომპოზიციური გადაწყვეტის ჩვენებით, რომელსაც დამკვეთი განიხილავს 10 კალენდარული დღის განმავლობაში. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, საპროექტო გადაწყვეტა შემსრულებლის მიერ უნდა ჩასწორდეს შენიშვნების შესახებ წერილის მიღებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა“.
საბოლოოდ, როგორც კონკურსში გამარჯვებული დააგეგმარებს და შემდეგ სამინისტრო დაამტკიცებს, იმ გეგმის მიხედვით უნდა განვითარდეს „ოცნების ქალაქის“ ტერიტორია.
ვინ და როდის აღადგენს ხიდს, რომელიც ბათუმში 11 ივნისს ჩავარდა? – ბათუმის მერიაში კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. აჭარის გზების დეპარტამენტში კი გვითხრეს, რომ ამ ხიდის აღდგენა მათი საქმე არ არის.
ხიდი გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩაზე, იმ დროს ჩავარდა, როცა ზედ სატვირთო ავტომანქანა მოძრაობდა. ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„მსუბუქი ავტომანქანა ზოგიერთი გადმოდის ხიდზე, მაგრამ ძირითადად არაა მოძრაობა, შორი გზიდან ვმოძრაობთ…“, – ამბობენ ბათუმის ამ უბანში მცხოვრებნი.
დეტალური ინფორმაცია არც ბათუმის მერის რწმუნებულს აქვს ბონი-გოროდოკის დასახლებაში, თუმცა ანზორ დავითაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ხიდს ბათუმის მერია არ აღადგენს.
„ხიდს ბათუმის მერია არ აღადგენს, რადგან ეს ხიდი ქვედა სამებას უკავშირდება, ქვედა სამება კი, ხელვაჩაურის ტერიტორიაა. მე როგორც ვიცი, ხელვაჩაურის მერია აპირებს მიხედოს ხიდს, როგორ და როდის, ეს დეტალები არ ვიცი,“ – გვიპასუხა ანზორ დავითაძემ.
ანზორ დავითაძის თქმით, ამ ხიდით დაახლოებით 30 ოჯახს შეექმნა პრობლემა, თუმცა ალტერნატიული გზებიც არსებობს.
„ვიცი, რომ მხოლოდ ფეხით გადადიან, მანქანით არა, ალტერნატიული გზა ბევრია,“ – დასძინა მერის რწმუნებულმა.
ხულოში აქტივისტი ქალები, რომლებმაც ძალადობაზე საუბარი დაიწყეს და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს მხარდაჭერა აღმოუჩინეს, ძალადობაში დადანაშაულებული პირების ნათესავების ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ.
ფატიმა ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის“ წარმომადგენელია. ფატიმა ამბობს, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ძალადობის მსხვერპლ ქალს, მზიური მელაძეს მხარი დაუჭირა.
ძალადობის მსხვერპლ ქალთან, მზიური მელაძესთან ინტერვიუ გადაცემა „ჰეშთეგმა“ ჩაწერა. ქალი ჰყვებოდა, რომ წლების განმავლობაში იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი [მზიური მელაძის ქმარს და დედამთილს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა]. რეპორტაჟში, რომელიც მზიურის შესახებ მომზადდა, ასევე იყო ორი აქტივისტი ქალის ინტერვიუ. ისინი საუბრობდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სათანადო დახმარების აღმოჩენა.
„არ მოეწონათ ჩვენი შეფასებები და ოჯახის წევრების საშუალებით შემოგვითვალეს, არ ჩაერიონ, ჯერ სასამართლო პროცესი არაა დასრულებული, განაჩენი არაა საბოლოო და თავი შეიკავონ, რატომ გააკეთეს ასეთი განცხადებებიო. ჩემთან მიმართებაში იყო ისიც, თუ „ქალთა ოთახი“ ქალების უფლებებს იცავს, დედამთილის პოზიცია რატომ არ დაიცვაო.
მთელი ერთი წელია ეს ამბავია. მზიური თავად მოვიდა ჩვენთან, დახმარება ითხოვა. მის დედამთილს კი პროფესიულად არასდროს მოუმართავს. მე არ მაქვს უფლება, რომ სახლში ან მსგავს სიტუაციებში მივიდე, ჩავერიო და დავკითხო. მე არც გამომძიებელი ვარ, არც პროკურორი და არც ჟურნალისტი, რომ ასე გადავამოწმო.
მხოლოდ შემოთვლები ჰქონდა. ინტერვიუმდე ხდებოდა ეს. როცა გაიგეს დედამთილმა და მისმა მხარემ, რომ [მზიურის] ვეხმარებოდი, ვამხნევებდი, ვაწვდიდი საკონტაქტო ინფორმაციას სხვადასხვა სამსახურის შესახებ, რომ მიეღო კონკრეტული სერვისები, ჩემი ოჯახის წევრთან მივიდნენ და უთხრეს – „არაფერში არ ჩაერიოს, არაფერში დაეხმაროსო“.
ფაქტობრივად, მეუბნებოდნენ, შენი საქმე არ გააკეთოო.
ძალიან ბევრი ქალი უჭერს მზიურის მხარს, თუმცა ასე თამამად ვერ ამბობენ, ვერ აფიქსირებენ თავიანთ აზრს. ზეპირად მეუბნებიან – ყოჩაღ თქვენ, რომ გაბედეთ, ისაუბრეთ. ხულო პატარაა. ერთმანეთის რიდი აქვთ, შიში აქვთ და მათი ოჯახის წევრებთანაც რომ არ დაიწყოს მუქარა-შემოთვლები, ურთიერთობა არ გაუფუჭდეთ, ცდილობენ, რომ რაღაცა დაფარონ,“ – ამბობს ფატიმა ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ .
ფატიმა ბოლქვაძე
„იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა,“ – ამბობს „ქალთა ოთახის“ მეორე მოხალისე მადონა ბოლქვაძე და დეტალურად იხსენებს ყველაფერს, რისი გადატანაც მოუწია, როგორც აქტივისტს.
„მე დამირეკეს, ჩემს ოჯახში დედაჩემს დაურეკეს, ჩემს უფროს ძმას დაურეკეს – რატომ დათანხმდა ინტერვიუზეო. საახლობლო წრისგან წამოვიდა უკმაყოფილო საუბარი. მე ვერავის დავადანაშაულებ, შეურაცხყოფას და მუქარას ადგილი არ ჰქონია, ალბათ იციან, რამდენად ძლიერი ქალი ვარ. მე დიდი პიროვნება და მაღალ თანამდებობაზე არ ვარ, მაგრამ ვიცი, როგორ დავიცვა ადამიანის უფლებები.
ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აღმოვჩნდი ინტერვიუს მიცემის გამო. ეს იყო ჩემთვის ძალიან სტრესული. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კომენტარებში არ ყოფილა მზიურის მეუღლის კრიტიკა. მე შევეცადე მზიურისთვის, როგორც ქალისთვის, დამეჭირა მხარი და მის ღირსებებზე მესაუბრა – ის მშრომელი, პატიოსანი, ჩემთვის გმირი დედაც კი არის, 4 შვილს გადაფარებული იცავს. მისთვის მთავარია შვილების გვერდით იყოს. ასეთ ქალს რომ მხარდაჭერა გამოვუცხადე და მის ღირსებებს ხაზი გავუსვი, ესეც კი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის მიუღებელი,“ – ამბობს მადონა ბოლქვაძე.
მადონა ბოლქვაძე
მადონა ამბობს, რომ მიუხედავად სტრესისა, რომელიც ძალადობის მსხვერპლისადმი მისმა საჯარო მხარდაჭერამ მოუტანა, როგორც აქტივისტს, თავისი ქცევა არ უნანია.
„ძალიან მნიშვნელოვანია ხმა აიმაღლონ ქალებმა. ქალმა უნდა გაიაზროს, რა არის მისი უფლება. ოჯახში, სამსახურში, ქუჩაში… ქალი და კაცი რომ თანასწორუფლებიანები არიან, ეს ქალმა უნდა გაიაზროს, რომ არ დაიჩაგროს არც ოჯახში და არც სამსახურში. მთაში ცხოვრება არის რთული. ამას ვამბობ ადამიანი, რომელსაც ხულო უყვარს… სიუჟეტს დადებითი გამოხმაურებაც ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, კომენტარს საჯაროდ ვერავინ აკეთებს. ქუჩაში რომ მოვდივარ, დღეში მინიმუმ ორი ქალი მაინც მეუბნება, რომ მადონა ყოჩაღ და შენ გვერდით ვარ. შენ გვერდით ვარ, ამას პირისპირ მეუბნებიან, გულწრფელობა იგრძნობა, მაგრამ საჯაროდ ვერ გამოხატავენ და ბევრი იმაზეც კი გაოცებულია, მე და ფატიმამ ეს ტელევიზიით როგორ გამოვთქვით, მაშინ, როდესაც თვითონ კომენტარსაც ვერ წერენ ფეისბუქგვერდზე. ამ დროს ყველამ იცის, რომ სიმართლეა ეს ამბავი. ყოველ შემთხვევაში ასე მოდის ჩემამდე ამბები.
ამ ინტერვიუს შემდეგ ერთმა ახლობელმა ქალმა მითხრა – ეგ რა ისაუბრე, რა გააკეთეო. ამ ასაკში ჩემმა მეუღლემ ყელზე მომიჭირა ხელი და კინაღამ დამახრჩოო. რა ვქნა ახლა, ხმამაღლა გამოვიდე, ვისაუბრო და ოჯახი დავანგრიოო? ანუ ქალები ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას შეგუებულები არიან და შეთვისებულ -შესისხლხორცებული აქვთ.
ეს თურმე ოჯახს გარეთ არ უნდა თქვა. ასე ფიქრობს ქალების უმრავლესობა.
რომ ვუყურებ, ჯერ კიდევ არ არიან ქალები მზად ლაპარაკისთვის. წლები დასჭირდება ალბათ კიდევ იმას, რომ ქალმა თავისი უფლებები გაიაზროს. ქალაქებში ალბათ ასე არ ხდება. სოფელში ჯერჯერობით ამისთვის ქალები მზად არ არიან, თუმცა თითო- ოროლა მაინც ლაპარაკობს. ხანდახან მგონია, რომ ნაადრევად მოგვიწია ამასთან შებრძოლება.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ემიგრანტმა ქალებმა დაგვიჭირეს მხარი. ფინანსური მხარდაჭერა გაუწიეს მზიურის. ამას გარდა, ტანსაცმელი გამოუგზავნეს ბავშვებს. მხარდაჭერა და სოლიდარობა ბევრს ნიშნავს ჩემთვის,“ – ამბობს მადონა.
რას ჰყვება ძალადობის მსხვერპლი
მზიური მელაძეს 4 შვილი ჰყავს. ორი გოგო და ორი ბიჭი, უფროსი 11 წლისაა, უმცროსი – ხუთი თვის. მზიური ამბობს, რომ წლების განმავლობაში იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. მზიურის თქმით, დედამთილი მასზე ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად ძალადობდა, ქმარი – ფიზიკურად. ქმარმა ფიზიკურად მასზე მაშინაც კი იძალადა, როცა ის ფეხმძიმედ იყო. ახლა მზიურის ქმარს და დედამთილს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. მზიური აპირებს დამცავი ორდერის გამოსაწერად მიმართოს სასამართლოს, რადგან ზეწოლა და მუქარა მასზე დედამთილის და მისი ნათესავების მხრიდან არ წყდება.
„არ მიცავს პოლიცია“, – ამბობს ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელმაც გაბედა და ოჯახურ ძალადობაზე ხმამაღლა ილაპარაკა: „მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი, მაგრამ არ მაქვს მე იმედი. არ მიცავს პოლიცია. მოსამართლე, სასამართლო, გამოძიება ყველა მეუბნება, რომ ყველაფერი არის რიგზე და წესრიგში. ინტერვიუს გასვლის შემდეგ დიდი ზეწოლა იყო ჩემზე. დედამთილის ნათესავების მხრიდან მოდის ზეწოლა – ლანძღვა-გინება, ყველაფერი. დედამთილსაც შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი, მაგრამ ვერ აკავებს შემაკავებელი, ისე იქცევა. დედამთილი და ჩემი მეუღლე მედავებიან და მეუბნებიან დავცალო სახლი, რადგან მათი საკუთრებაა და გავეცალო იქაურობას. ბავშვებზე აცხადებს ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები არ არიანო. დედამთილი კიდევ ამბობს, იმის გამო ვყრი სახლიდან, რომ ჩემი ბადიშები არ არიანო. კანონს მივსდევ ფეხდაფეხ, არაფერზე უკან არ დავიხევ, ოღონდ დამტკიცდეს ჩემი სიმართლე და ბოლოს და ბოლოს დავიძინო ისე, რომ არ ვტიროდე და არ ვნერვიულობდე”.
„ბევრმა გამკიცხა, ხულოში არ ხდება ასეთი რამეები და რატომ გამოიტანე საჯაროდ ეს თემაო. ხულოში ქალები ბევრ რამეს ვმალავთ და შენ რამდენი უფლება გამოიყენეო. ბევრმა კიდევ დამირეკა – რა დღეში ვართ ჩვენ, ხმას ვერ ვიღებთ და შენ ამხელა ძალა როგორ გაქვს, რომ ხმა ამოიღე, როგორ გაბედე, ეს ძალა ჩვენც დაგვანახეო,“ – ამბობს მზიური მელაძე, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, ოთხი შვილის დედა.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ექსპერტის შეფასება
რაზე მეტყველებს საზოგადოების მსგავსი ტიპის დამოკიდებულება, ერთი მხრივ, ძალადობის მსხვერპლი ქალისადმი და მეორე მხრივ, იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ძალადობის მსხვერპლს ეხმარებიან? – „ბათუმელებმა“ ეს კითხვა გოგა ხატიაშვილს დაუსვა, ექსპერტს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში.
„ამ შემთხვევამ და განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საზოგადოების ნაწილი თავისი აზროვნებითა და დამოკიდებულებებით ჯერ კიდევ ძალადობაში მხილებულ პირს უჭერს მხარს, ვიდრე მსხვერპლს და იმ ადამიანებს, რომლებიც მსხვერპლის გარშემო ერთიანდებიან. საზოგადოება ოჯახში ძალადობას ისევ მსხვერპლისა და მოძალადის პირად საქმედ აღიქვამს და ფიქრობს, რომ ამ ურთიერთობებში ჩარევა დაუშვებელია. აი, ამგვარი დამოკიდებულება ჯერ კიდევ რჩება საზოგადოების ნაწილისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ცნობიერება წლიდან წლამდე იზრდება.
გოგა ხატიაშვილი,ექსპერტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში
ეს შემთხვევა სწორედ ამაზე მეტყველებს. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად არამარტო ძალადობის მსხვერპლი ხდება ხოლმე ამ ტიპის ბულინგის მსხვერპლი, არამედ საზოგადოების აგრესია მიემართება იმ ადამიანებსაც, რომლებიც მსხვერპლს უჭერენ მხარს. ეს მხარდაჭერა გამოიხატება ძალადობის დაგმობაში, მსხვერპლის გაძლიერებაში, მსხვერპლის მხარდაჭერაში და ა.შ.
ამ აგრესიას და ზეწოლას, ძალადობის მსხვერპლის და მისი მხარდამჭერების მიმართ, მივყავართ იქითკენ, რომ მსხვერპლი ფარხმალს ჰყრის და აღარ აგრძელებს ბრძოლას მოძალადის წინააღმდეგ. ყოფილა შემთხვევები, სასამართლოში უთქვამთ, რომ მას აღარ აქვს სურვილი მოძალადის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. ან სურს განცხადების/საჩივრის უკან გახმობა. ერთ-ერთი მიზეზი ამის არის ზუსტად ის, რომ მსხვერპლი განიცდის ზეწოლას ძალადობაში მხილებულის ნათესავების მხრიდან. ამ სტრესს და ზეწოლას, ამხელა ზემოქმედებას ვეღარ უძლებს ხოლმე მსხვერპლი და იძულებულია დაემორჩილოს მათ მოთხოვნას.
ამას უკუქცევითი შედეგებიც აქვს. მხოლოდ ის ხომ არ არის, რომ აი, მსხვერპლი არ აძლევს ჩვენებას და დამთავრდეს. უბრალოდ, როდესაც მსხვერპლი არ აძლევს ჩვენებას, ძალიან რთულდება შესაბამისი მტკიცებულებების შეკრება ძალადობის დასადასტურებლად. ისედაც ძალადობა ხდება ძალიან ლოკალურ, ჩაკეტილ სივრცეში, სადაც [ფაქტს] ბევრი თვითმხილველი, ბევრი მოწმე არ ჰყავს. ან ჰყავს ისეთი მოწმეები, რომლებიც ასევე იმუნიტეტით სარგებლობენ, რომ არ მისცენ ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. აი, ამგვარ პირობებში, როდესაც მსხვერპლიც აღარ აძლევს ჩვენებას, ძალიან რთულია ხოლმე ძალადობის დამტკიცება და იმ მტკიცებულებების სტანდარტის შექმნა, რომელიც დაადასტურებდა, რომ იქ ნამდვილად მოხდა ძალადობა.
ამიტომაც ამგვარი ზემოქმედებისას, გარდა იმისა, რომ ეს ძალიან მძიმეა მსხვერპლისთვის და უწევს საკმაოდ მძიმე ბრძოლის გადატანა, მართლმსაჯულების მძიმე გზას გადის ამ პროცესში, ასევე პრობლემას შექმნის იმ თვალსაზრისით, რომ თუ მან უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, ჭირს იქ პირის გამტყუნება ჩადენილ ძალადობაში.
მზიურის აქტიურობის პარალელურად იზრდება ზეწოლა სანათესაოს მხრიდან მასზე და იმ აქტივისტ ქალებზე, რომლებიც მას მხარდაჭერას უცხადებენ. სად არის გამოსავალი? ვინ უნდა დაეხმაროს ქალს, როცა აქტივისტები, რომლებიც მას ეხმარებიან, ასევე ზეწოლის ქვეშ არიან?
სამწუხაროდ, ეს შემთხვევა არ არის გამონაკლისი. როდესაც მსხვერპლი საჯაროდ იწყებს საუბარს ძალადობაზე, აგრესია არის უფრო ძლიერი და უფრო მრავალრიცხოვანი საზოგადოების ნაწილის მხრიდან.
ხანდახან მეჩვენება, რომ საზოგადოება ითხოვს მსხვერპლისგან მტკიცებულებების ბღუჯის წარდგენას იმის დასაჯერებლად, რომ ის ნამდვილად მსხვერპლია.
ან ზოგჯერ საზოგადოება მოითხოვს, რომ [მსხვერპლი იყოს] დასახიჩრებული – ნაიარევები ჰქონდეს სახეზე იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად მსხვერპლია. სხვა მხრივ, როდესაც მსხვერპლი გამოდის და საუბრობს ძალადობაზე, თითქოს ძალიან უჭირს საზოგადოებას დაჯერება, რომ ის შეიძლება იყოს ძალადობის მსხვერპლი.
გამოსავალი არ არის მარტივი – მხოლოდ ერთი მოქმედებით, მხოლოდ ერთი ღონისძიებით შეუძლებელია ის, რომ არსებითად შეიცვალოს სიტუაცია. სიტუაციის შეცვლაში ვგულისხმობ საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებას მასზე.
იმიტომ, რომ ეს არის თუნდაც ცნობიერების ამაღლების მნიშვნელოვანი კომპონენტი. სწორედ სახელმწიფოა ვალდებული პერმანენტულად იზრუნოს საზოგადოების ცნობიერების გაზრდაზე. ცნობიერებაში მოიაზრება მათ შორის ისიც, რომ საზოგადოებას აუხსნას სათანადოდ – ოჯახში ძალადობა არ არის მსხვერპლისა და მოძალადის პირადი საქმე. მსხვერპლს სჭირდება დახმარება, რა ბარიერებს გადის მსხვერპლი, როცა პოლიციას მიმართავს და ა.შ.
რაც შეეხება მეორე საკითხს, როდესაც ხორციელდება ზემოქმედება, ზეწოლა არა მარტო მსხვერპლზე, არამედ მის მხარდამჭერებზეც, ასეთი შემთხვევები პოლიციამ უნდა შეისწავლოს. უნდა გამოკვეთოს ხომ არ არსებობს დანაშაულის ნიშნები. ხომ არ არის იძულება, ხომ არ არის მუქარა. თუ ამ ფორმით არის გამოხატული ზეწოლა, ბუნებრივია, ეს ცალკე დანაშაულის ნიშნების შემცველია და ამ კუთხით რეაგირებაც უნდა მოახდინონ. საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და [მსხვერპლის მხარდამჭერებს] თუ ვინმე ხელს შეუშლის, ამას მოჰყვება მკაცრი პასუხი.
ძალადობაში დადანაშაულებული პირის ნათესავები აქტივისტ ქალებზე ზეწოლას იმ მოტივითაც ახორციელებდნენ, რომ ძალადობის ფაქტის კომენტირებისას რატომ არ მოუსმინეს მათ მეორე მხარეს. ამ შემთხვევაში მეორე მხარედ იგულისხმება ძალადობაში დადანაშაულებულები. აქვს ამ ამბავს მეორე მხარე? მაშინ, როდესაც სახეზე გვაქვს ძალადობის ფაქტი და როდესაც არსებობს პოლიციის მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი?
როცა სავარაუდო მსხვერპლი საუბრობს ძალადობაზე, მას უნდა დავუჯეროთ. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. უნდა მივიღოთ ის მოცემულობა, რომ ეს რეალურად მოხდა. და სწორედ აი, ამ გადმოსახედიდან, აი, ამ პრეზუმფციით უნდა დავიწყოთ რეალობის გარკვევა. ის, რომ უკვე გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, ეს რას ნიშნავს? ე.ი. ძალადობა დადასტურდა, ამას ნიშნავს. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა ძალადობის ფაქტზე. ე.ი. იქ დადასტურდა, რომ ძალადობა ნამდვილად მოხდა და ადამიანებს მიენიჭათ მოძალადის სტატუსი.
იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანები ამას არ ეთანხმებიან, ამისთვის არსებობს სამართლებრივი გზა. სამართლებრივი გზა არის ამ შემაკავებელი ორდერების გასაჩივრება. შეუძლიათ [ძალადობაში დადანაშაულებულებმა] გაასაჩივრონ სასამართლოში შემაკავებელი ორდერი და ამის თაობაზე იდავონ სამართლებრივი წესით.
მთავარია, სამართლებრივი წესის დაცვით წარიმართოს პროცესი. ბუნებრივია, რაღაც ნაწილებს შეიძლება არ ეთანხმებოდეს [ძალადობაში დადანაშაულებული], მაგრამ ამის გამო ზემოქმედება მოახდინოს და მით უმეტეს შეურაცხყოფა მიაყენო მსხვერპლს, ეს არის დაუშვებელი.
დამოკიდებულება, როდესაც მისი არ სჯერათ, როდესაც მას არ ენდობიან, ძალიან აბრკოლებს მსხვერპლს. შეუძლებელია მსხვერპლმა ბევრი მტკიცებულება წარადგინოს, რადგან კიდევ ერთხელ ვიტყვი, ისედაც ისეთ სივრცეში ხდება ძალადობა, ამის დამადასტურებელი ბევრი მტკიცებულება ბუნებაში ვერ იარსებებს.
თან შესაძლებელია, რომ თავის დროზე როდესაც ძალადობა ხდება, მსხვერპლმა ვერ მიმართოს პოლიციას დასახმარებლად. ძალიან ბევრი დაბრკოლება არსებობს. შესაძლებელია მიმართოს თვეების შემდეგ, წლების შემდეგ. ბუნებრივია, დროის გასვლასთან ერთად მტკიცებულებები მცირდება, ნადგურდება.
აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, ერთი მხრივ, ის მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. მაგალითად, 10 ათასზე მეტი შემაკავებელი ორდერია გამოცემული გასულ წელს ოჯახში ძალადობის ფაქტზე. უმეტესად ქალები არიან დაზარალებულები.
მეორე მხრივ, გაითვალისწინონ ის სტანდარტი, რომლითაც მსხვერპლი საუბრობს სავარაუდო ძალადობაზე. რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ იმ პრეზუმფციით, რომ ის ნამდვილად ხდება – თითქმის არ არსებობს შემთხვევა, როდესაც მსხვერპლი ამის თაობაზე იტყუება, რადგან მსხვერპლს ისედაც უჭირს ამაზე საუბარი.
ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება არის ასეთი – როდესაც მსხვერპლი იწყებს ძალადობაზე საუბარს ან ადამიანი ხდება ძალადობის მსხვერპლი. მაშინვე საზოგადოების აზროვნება მიემართება სავარაუდო მოძალადისკენ და კითხვები რის გარშემო ისმება – დაისჯება თუ არა მოძალადე? რამდენი წლით ჩაჯდება ციხეში? როდის გამოვა ციხიდან? რა ბედი ელის?
ნებსით თუ უნებლიეთ საზოგადოების ყურადღება ყოველთვის მიმართულია მოძალადის მდგომარეობისკენ. მაშინ, როდესაც არავინ არ კითხულობს, როგორ არის მსხვერპლი. რა მდგომარეობაშია ის, რა დახმარება სჭირდება. ყოველთვის კითხვა ისმის ხოლმე პირველი – იქნებ იტყუება?
და იქნებ არ იტყუება? ხომ შეიძლება კითხვა სხვანაირად დაისვას?
გამოძიებისას მთავარი პრინციპი არის ის, რომ უნდა დაუჯერო მსხვერპლს. თუ არ დაუჯერებ, გამოვა, რომ რეალობასაც ვერ გავარკვევთ და თუ დავუჯერებთ, შემდეგ დავიწყებთ რეალობის გარკვევას. ხომ ასეა?
ასეთი სტერეოტიპული განწყობები არის იმ ტიპის საქმეებზე და იმ ტიპის ძალადობებზე, რომლის მსხვერპლები უმეტესად არიან ქალები.
ოჯახში ძალადობის საქმეები, სექსუალური ძალადობის საქმეები, არის ის საქმეები, როდესაც მსხვერპლის არ სჯერათ.
მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მოხდა ქურდობა, ადამიანს გაუქურდეს სახლი. ეს ადამიანი გამოვიდა და თქვა, რომ სახლი გამიქურდეს. ითხოვს დახმარებას. ვინმე ეტყვის მას, რომ მისი არ სჯერა? ან თუ მოგისმენიათ საზოგადოებისგან ეთქვათ, სახლში ლამაზი ნივთები არ გქონოდა, არც არავინ შემოვიდოდა და არც არავინ გაგქურდავდაო. ხომ არ ისმის საზოგადოებისგან ასეთი კითხვები? ან მაგალითად თუკი ქუჩაში მიდის ადამიანი, ვიღაცა თავს დაესხა და ჩამოგლიჯა ლამაზი სამკაული. ვინმე ეტყვის მას – ლამაზი სამკაული არ გკეთებოდა და არც არავინ გაგტაცებდაო? ხომ არ ეტყვის. ან ხომ არ ეტყვის, რომ შენ იტყუები, მე შენი ამ მჯერა და მოდი აბა მეორე მხარესაც შევხედოთო.
როგორც წესი, ასეთი კითხვები ამ ტიპის საქმეებზე ნაკლებია. არის ბევრი კითხვა, რომელსაც აქვს გენდერული ატმოსფერო. ასეთია სწორედ ოჯახში ძალადობა, სექსუალური ძალადობა. სექსუალური ძალადობის დროს ქალს შეიძლება უთხრან – მოკლე კაბა არ გცმოდა და არც არავინ გაგაუპატიურებდა.
თუ ამ პრინციპით ვუდგებით, რომ შეიძლება სექსუალური ძალადობის პროვოცირება, ქურდობის პროვოცირება არ შეიძლება? შეიძლება, როგორ არ შეიძლება, მაგრამ მე არ მსმენია, რომ საზოგადოებას სხვა დანაშაულებზე ეს კითხვა გასჩენოდა.
ქურდობის მსხვერპლი სქესის მიხედვით კი არ შეირჩევა, იმის მიხედვით, ვისაც კარგი ქონებრივი შესაძლებლობა აქვს. ჩვენ გვაქვს რაღაც ტიპის დანაშაულები – ოჯახში ძალადობა, სექსუალური ძალადობა, როცა პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ უმეტესად დაზარალებულების როლში არიან ქალები. სწორედ ეს არის იმის განმაპირობებელი, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს აქვს ასეთი დამოკიდებულება მსგავსი შემთხვევების მიმართ.
კულტურული ფაქტორების დაძლევას რამ უნდა შეუწყოს ხელი და სახელმწიფოს როლს როგორ ხედავთ?
ეს არის ისტორიულად ჩამოყალიბებული არათანასწორი ურთიერთობა. ძირითადად ამ დანაშაულის მიზეზი არის სწორედ გენდერული დისკრიმინაცია: ქალები აღიქმებიან, როგორც დაქვემდებარებული სუბიექტები, რომელზეც ფიქრობენ, რომ გარკვეული უფლებები შეიძლება ჰქონდეს სხვა ადამიანს. როდესაც ქალი არ ასრულებს თავის სოციალურ როლს, ამ მოტივით ხდება ძალადობის ჩადენა, ეს არის სწორედ გენდერული დისკრიმინაციის საფუძველი. მთავარი ის არის, რომ ოჯახში ძალადობა ვერ აღმოიფხვრება, თუ არ იქნება მიღწეული გენდერული თანასწორობა.
მთავარი მოტივი, რის გამოც ხდება ამ გენდერული დანაშაულის ჩადენა, არის გენდერული დისკრიმინაცია, რომელიც ისტორიულად არის ჩამოყალიბებული. ამას სჭირდება პერმანენტული მუშაობა და არა ფრაგმენტული ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები.
მაგალითად, ჩვენ ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე საზოგადოების აზროვნება იცვლება, მაგრამ ქცევა არ იცვლება – ისევ რაღაცნაირად ძალადობრივ ქცევაში გამოხატავენ რაღაც ქმედებებს.
ვინაიდან მოცემულ სიტუაციაში ამბავი მუნიციპალიტეტში ვითარდება, მჭიდროდ დასახლებულ თემში, ადგილობრივი თვითმმართველობის როლს სად და როგორ ხედავთ? რა უნდა გააკეთონ ოჯახში ძალადობის მსხვერპლების დასაცავად?
ადგილობრივ თვითმმართველობებს და იქ დასაქმებულ პირებს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვთ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ნაწილში. მათი პირდაპირი მოვალეობა, რომ სათანადო ღონისძიებები შეიმუშაონ, ერთის მხრივ ძალადობის პრევენციის, მეორე მხრივ მსხვერპლთა გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიმართულებით.
ასევე მხარდამჭერი განცხადებები არის მნიშვნელოვანი, მით უმეტეს თავიანთი თანამშრომლების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ „ქალთა ოთახს“. ამ „ქალთა ოთახს“ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. მათი ფუნქცია არის კონსულტაციის გაწევა, პრევენციაზე მუშაობა. ახლა ფაქტობრივად გამოდის, რომ ესენი როდესაც ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, იმ მოვალეობას, რაც მათ კომპეტენციაში შედის, საზოგადოების ნაწილისგან დაიმსახურეს აგრესია. ბუნებრივია, ამ ადამიანებს სჭირდებათ მხარდაჭერა, რაც შეიძლება მათმა სამსახურმა გააკეთოს.
რა თქმა უნდა, მედიასაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, იმისათვის, რომ ასეთი ფაქტები გააშუქოს და საზოგადოებას აჩვენოს, რომ ეს ადამიანები არ არიან მარტონი და ეს ადამიანები არ არიან ერთეულები, რომლებიც საუბრობენ ძალადობაზე ან მხარს უჭერენ იმ ადამიანს, ვინც ძალადობაზე საუბრობს.
ვფიქრობ, იმ შემთხვევაში თუკი იკვეთება დანაშაულის, გარკვეული ძალადობის ნიშნები, მათ შორის იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ და, ზოგადად, აფასებენ სიტუაციას ძალადობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ესეც პოლიციამ შეისწავლოს.
თუ ასეთი ნიშნები ვლინდება, კარგი იქნება, თუ ეს ადამიანები პოლიციას მიმართავენ დასახმარებლად. პოლიციამ უნდა შეაფასოს დანაშაულის, ძალადობის ნიშნები იკვეთება თუ არა. ეს ღონისძიებები შეიძლება გატარდეს ამ ადამიანების დასახმარებლად.
დღეს, 14 ივნისს, ავტოავარიის შედეგად ბათუმში შუახნის კაცი დაშავდა.
ავტოავარია მელიქიშვილის ქუჩის კვეთაში მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ტაქსი ქვეითს დაეჯახა. დაშავებულია შუახნის მამაკაცი, რომელიც კლინიკა ბაუ-ში გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, ამჟამად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას იკვლევენ, მას ხელი აქვს დაზიანებული, პაციენტი კონტაქტურია.
14 ივლისს პრაქტიკოსი მასწავლებლები საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდას ჩააბარებენ.
გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს გამოცდების დეტალებთან დაკავშირებით.
უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე მაქსიმალური ქულა რამდენია?[checklist]
უფროსი სპეციალური მასწავლებლებისთვის პროფესიული უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 54. იმისათვის, რომ გამოსაცდელმა გადალახოს ბარიერი და მოიპოვოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, მან უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60 პროცენტზე მეტი ანუ 33 ქულა. გამოცდის ხანგრძლივობა არის 4 საათი. პროფესიული უნარების ტესტში 3 ტიპის დავალებაა: არჩევითპასუხებიანი, შესაბამისობისა და ღია დავალებები.
[/checklist]
თუ სთავაზობთ მასწავლებლებს რაიმე სახის დამხმარე მასალას, რაც მათ უკეთესად მომზადებაში დაეხმარება და სად შეიძლება მოვიძიოთ ამის შესახებ ინფორმაცია?
[checklist]
დამხმარე მასალები მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია.
[/checklist]
მასწავლებლობის მსურველს რა შემთხვევაში ეთვლება ზღვარი დაძლეულად?
[checklist]
მაძიებელ მასწავლებელს ზღვარი დაძლეულად ეთვლება იმ შემთხვევაში, თუ ის გამოცდაზე მაქსიმალური ქულის 60 პროცენტზე მეტს დააგროვებს.
[/checklist]
მასწავლებლობის მსურველმა საგნის გამოცდის გარდა, პროფესიული უნარებიც უნდა ჩააბაროს თუ არა და რას ისახავს მიზნად ეს ტესტი?
[checklist]
მასწავლებლობის მსურველი პირები აბარებენ მხოლოდ საგნის გამოცდას. პროფესიული უნარების ჩაბარების ვალდებულება კი აქვთ პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს. პროფესიული უნარების ტესტი მიზნად ისახავს იმის შეფასებას, თუ რამდენად აკმაყოფილებს პედაგოგი მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რამდენად შეუძლია მას სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვა, მოსწავლეთა სწავლით დაინტერესება და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვა, მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ურთიერთობებისა და კლასში ეთიკური ღირებულებების დამკვიდრება. მასწავლებლის პროფესიული უნარების კომპეტენციის დადასტურება იმის ერთგვარი წინაპირობაა, რომ სკოლებში იმუშავებენ პედაგოგები, რომელთაც არა მარტო შესაბამისი საგნის საფუძვლიანი ცოდნა ექნებათ, არამედ პროფესიისათვის აუცილებელი უნარებიც.
[/checklist]
მასწავლებლობის მსურველები და მოქმედი მასწავლებლები ერთსა და იმავე ტესტს აბარებენ? და თუ განსხვავდება რამით მათი გამოცდა ერთმანეთისაგან?
[checklist]
პრაქტიკოსი და მაძიებელი პედაგოგების ტესტი იდენტურია. ისინი ერთად და ერთსა და იმავე დღეს გადიან ტესტირებაზე. მათი განაწილება საგამოცდო ცენტრებსა და სექტორებში ხდება შემთხვევითობის პრინციპით.
[/checklist]
მასწავლებლის გამოცდა შეიძლება თუ არა ჩააბაროს სტუდენტმა?
[checklist]
საგნის გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს მხოლოდ დამამთავრებელი კურსის სტუდენტს, რადგან დიპლომის გარეშე შედეგის გამოყენება შეუძლებელია პედაგოგიური საქმიანობისათვის.
[/checklist]
ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტს წელს ცვლილება თუ შეეხო?
[checklist]
ტესტი კვლავ სამი ნაწილისაგან შედგება: ქართული ენა; ქართული ლიტერატურა და მხატვრული ტექსტის ანალიზი. თუმცა ცვლილებები შეეხო ტესტის სამივე ნაწილს. ქართული ენა – 2021 წელს სტილისტიკის, გრამატიკისა და პუნქტუაციის ცოდნა შემოწმდება 6 ორქულიანი ღია ტიპის დავალებით, გასულ წელს ამ ტიპის დავალება იყო 7. ასევე, ამოღებულია ერთი კომპლექსური (ოთხქულიანი) დავალება, რომელიც გრამატიკის თეორიულ ცოდნასა და სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებს ამოწმებდა. დარჩა ორი კომპლექსური დავალება: პირველი, პუბლიცისტურ ტექსტში დასმულ პრობლემატიკაზე მსჯელობა, რომელიც შეფასდება 11 ქულით, ნაცვლად 7 ქულისა და მეორე – მოსწავლის ნაწერის შეფასება, რომელსაც ცვლილებები არ შეხებია. ქართული ლიტერატურა – 2021 წელს ლიტერატურის ცოდნა შემოწმდება 15 არჩევითპასუხებიანი დავალებით (15 ქულა), გასულ წელს ამ ტიპის დავალება იყო 20. მხატვრული ტექსტის ანალიზი – დავალების პირობა იგივე რჩება. ცვლილებები შეეხება შეფასების კრიტერიუმებს. მაქსიმალური შეფასება იქნება 20 ქულა (გასულ წელს ამ დავალების მაქსიმალური შეფასება იყო 15 ქულა). 2020 წელს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტს მოაკლდა 10 არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება). როგორც დაკვირვებამ გვიჩვენა, შესაძლებელი გახდა ტესტირების ხანგრძლივობის შემცირება. 2021 წელს ტესტური დავალებების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა და მთლიანობაში შეადგინა 17 დავალება. ამდენად, 2021 წელს ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, ხოლო ტესტირების ხანგრძლივობა – 4 საათი.
[/checklist]
სამოქალაქო განათლების გამოცდას 2021 წელს შეეხო გარკვეული ცვლილებები, კონკრეტულად რა ცვლილებას გულისხმობთ?
[checklist]
2021 წლის სამოქალაქო განათლების საგამოცდო ტესტის ფორმატის განახლების შედეგად ტესტის მაქსიმალური ქულა გახდა 55, ტესტის შესრულებისათვის საჭირო დრო კი – 4 საათი, ტესტურ დავალებათა რაოდენობა – 23. 2021 წლის საგამოცდო ტესტში აღარ შევა შემდეგი დავალებები: დავალება N11 (1-ქულიანი) – სამოქალაქო განათლების საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხთა ცოდნას შეამოწმებს 10 არჩევითპასუხიანი დავალება, ნაცვლად 11 დავალებისა; დავალება N 19 (6-ქულიანი) – დავალებაში მოცემული იყო ერთ თემასთან დაკავშირებული ორი ტექსტი (პირობითად მოსწავლის მიერ შესრულებული დავალება) და შეფასების სქემა. გამოსაცდელს მოეთხოვებოდა ტექსტების გაანალიზება, შეცდომების აღმოჩენა და ქულების მინიჭება შეფასების სქემით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. 2 ქულა გადანაწილდება სხვა ღია დავალებებზე.
[/checklist]
თუ შეიძლება ისაუბრეთ პასუხების მონიშვნის ინსტრუქციაზე, რათა შეცდომა არ დავუშვათ.
[checklist]
პასუხების ფურცელზე მოძებნეთ დავალების შესაბამისი ნომერი. თქვენ მიერ არჩეული პასუხი აღნიშნეთ X ნიშნით. მაგალითად, თუკი მე-3 საკითხის პასუხად აირჩიეთ B პასუხის ვარიანტი, მაშინ პასუხების ფურცელზე უნდა მოძებნოთ მე-3 საკითხის დავალების რიგი და ამ რიგში პასუხის (B) სვეტის შესატყვის უჯრაში დასვათ X ნიშანი. დასაშვებია, რომ X ნიშანი გამოსცდეს თეთრ უჯრას, მაგრამ იგი არ უნდა იყოს უჯრაზე მოკლე. თითოეული საკითხის შესაბამის რიგში უნდა მონიშნოთ მხოლოდ ერთი პასუხი, ანუ მხოლოდ ერთ უჯრაში დასვით X ნიშანი. თუ რიგში ერთზე მეტ X ნიშანს დასვამთ, ამ საკითხის არც ერთი პასუხი არ ჩაითვლება სწორად. თუ გსურთ პასუხების ფურცელზე მონიშნული პასუხის გასწორება, მთლიანად გააფერადეთ უჯრა, რომელშიც დასვით X ნიშანი და შემდეგ მონიშნეთ პასუხის ახალი ვარიანტი (დასვით X ნიშანი ახალ უჯრაში). ელექტრონული პროგრამა არჩეულ პასუხად მხოლოდ X-ნიშნიან უჯრას აღიქვამს. ღია დავალებების შემთხვევაში პასუხების ფურცელზე, დავალების შესაბამისი ნომრის გასწვრივ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ჩაწერეთ თქვენი პასუხი. შესაძლებელია პასუხის გადასწორება (არასწორი პასუხის გადახაზვა და გვერდით სწორი პასუხის დაწერა). თქვენი პასუხი არ უნდა გასცდეს დავალებისათვის გამოყოფილ არეს. პასუხების ფურცლის ნიმუში მოცემულია ცალკე ფაილად.
[/checklist]
2021 წლის საგნობრივ გამოცდაზე 28 700-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული.
2021 წლის იანვრიდან აპრილამდე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 94 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 6 ადამიანი – აჭარაში.
დაღუპულთაგან 16 ქვეითი იყო.
ამავე პერიოდში 1613 ადამიანი დაშავდა საქართველოში ავტოავარიის შედეგად.
ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებს შორის კვლავ პირველ ადგილზეა რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა. ამ მიზეზით სამ თვეში საქართველოში 21 ადამიანი დაიღუპა და 688 დაშავდა.
“ეს საქმეც შევა ანგარიშებში, ბატონო მოსამართლევ,” – ირონიულად მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, როცა მოსამართლემ ადვოკატის არგუმენტების გათვალისწინებაზე უარი თქვა.
“სააკაშვილის ზღვიდან შესაძლო შემოპარვის საქმის” დღევანდელ პროცესზე პროკურორებმა სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, რუსლან დოლიძის, როგორც მოწმის ჩვენების წაკითხვა ითხოვეს. მიზეზი – მოწმე უკვე დიდ ბრიტანეთშია სასწავლო პროგრამით და წლის ბოლომდე საქართველოში ვერ დაბრუნდება.
“ამ წერილით არ ჩანს, რომ 22 დეკემბრამდე ზღვაში იქნება გასული და შეუძლებელი იქნება მასთან დაკავშირება. როუმინგით თუ დაუკავშირდნენ ახლა, რატომაა შეუძლებელი სკაიპით დაკავშირება?” – იკითხა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
კითხვის პასუხად მოსამართლემ ადვოკატს კანონის ჩანაწერი წაუკითხა, რომლის მიხედვითაც, როცა “მოწმე საქართველოში არ იმყოფება”, ეს არის მიზეზი, რომ მოწმეს მოსამართლემ პირდაპირ კი არ მოუსმინოს, არამედ მხოლოდ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება გაჟღერდეს.
აქვე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პროკურორ ლადო თურმანიძეს გაახსენა ტრეფიკინგის ერთ-ერთი საქმე, სადაც მოწმის ჩვენების ზეპირი წაკითხვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
“ტრეფიკინგის საქმეები განსაკუთრებით ყურადსაღებია, რადგან ეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებშიც ხვდება…” – დასძინა მოსამართლემ. როცა მას ადვოკატმა უთხრა, რომ უკრაინელი ბრალდებულების ამბავიც მოხვდება ანგარიშებში, მოსამართლემ თქვა: “არა, ეს არ არის ისეთი საქმე”.
“თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არის,” – დასძინა ადვოკატმა.
საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავსსაქმის პროკურორი ლადო თურმანიძეა
დღევანდელ პროცესზე სასაზღვრო პოლიციის ჩვენება პროკურორებმა წაიკითხეს. ამ ჩვენების მიხედვით, იახტა წინასწარი შეთანხმების გარეშე შემოვიდა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.
“არავითარ უკანონობას არ ჰქონია ადგილი,” – ეს უკვე მოსამართლეს მოწმე ვალერიან იმნაიშვილმა უთხრა. ის საზღვაო დარგის ექსპერტად და საზღვაო სამართლის მაგისტრად გაეცნო მოსამართლეს. ეს ექსპერტი სასამართლოში დაცვის მხარემ მოიწვია.
“შესაძლოა, ეს იყო ადმინისტრაციული დარღვევა, სამსჯელოა, მაგრამ ეს არ იყო საზღვრის უკანონო კვეთა,” – განმარტა მოწმემ.
ვალერიან იმნაიშვილის თქმით, იახტას საქართველოში შემოსვლის შესახებ სასაზღვრო პოლიციისთვის იმ შემთხვევაში უნდა ეცნობებინა, თუკი იახტა პორტში შემოვიდოდა.
სასამართლო სხდომაზე იმსჯელეს იახტის დაბრუნებაზეც. სასამართლოს წინა სხდომაზე მიმართა იახტის მფლობელმა და მოითხოვა იახტის, როგორც დალუქული ნივთმტკიცების დაბრუნება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, იახტა მესაკუთრეს დაუბრუნდება.
“ბევრი საკითხი ბუნდოვანია”, – უთხრა ბრალდებულებს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.
მოსამართლემ ასევე თქვა, რომ ამ საქმის არსებითი განხილვის დაწყების დროს ცდებოდა.
“მე გითხარით მაშინ, რომ ეს მარტივი საქმე იყო, მაგრამ ამ ნაწილში შემეცვალა წარმოდგენა,”- აღნიშნა მოსამართლემ.
დღევანდელი პროცესით ამ საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა. დარჩა ბოლო ეტაპი, სადაც მხარეები იტყვიან დასკვნით სიტყვებს და მოსამართლე განაჩენს გამოიტანს.
“სადღაც ივნისის ბოლოს ან ივლისის პირველ დეკადაში დავასრულებთ,” – დააანონსა მოსამართლემ.
———–‐————
უკრაინის მოქალაქეები – ვოლოდიმერ დიაჩენკო და იური ხიმინჩი, ასევე საქართველოს მოქალაქე – მიხეილ ბატურინი გასული წლის ნოემბერში დააკავეს. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავება. მიხეილ ბატურინი უკრაინაში ცხოვრობს და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი იყო. სააკაშვილთან მეგობრობს დანარჩენი ორი ბრალდებულიც. ისინი იახტით მიემგზავრებოდნენ უკრაინიდან თურქეთში, თუმცა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გონიოს ნაპირიდან 12 კმ-ში დააკავეს.
„გამოძიებას ჰქონდა ეჭვი, რომ უკანონო მიგრანტი შემოიყვანეს საქართველოში. ეს აღკვეთის შეფარდების პროცესზეც დაადასტურა პროკურორმა, თუმცა განკარგულებაში ეს არ ჩაუწერიათ,“ – ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია. ზღვაში გაჩერებულ იახტაზე სამართალდამცველებს უნახავთ სველი ჰიდროციკლი და საცურაო ჟილეტი, რამაც ეჭვები სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის უკანონო შემოყვანაზე გააძლიერა.
ამ საქმეზე ოფიციალურმა კიევმა საქართველოს ბრალდებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
ქედაში სოფელ ზვარეს მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2007 წელს მიანიჭეს. მეჩეთი 1834 წლით თარიღდება. თუმცა, როგორც ამ ფოტოებზე ხედავთ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურების რეალური საფრთხის წინაშეა. ძეგლს რეაბილიტაცია სჭირდება.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მეჩეთის, როგორც კულტურის ძეგლის რეაბილიტაცია, ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაში შედის და აჭარას მეჩეთის რეაბილიტაცია დაგეგმილი არ აქვს.
ასე გამოიყურება იატაკი ზვარეს ისტორიულ მეჩეთში/ფოტო: მამუკა ნაკაიძე.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში კი გვითხრეს, რომ ძეგლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და უახლოეს პერიოდში არც მისი რეაბილიტაცია იგეგმება.
ქედა. სოფელი ზვარე. ისტორიულ მეჩეთში იატაკი ამორტიზებულია, დაზიანებულია სხვა ფრაგმენტებიც. ფოტო: მამუკა ნაკაიძე.ზვარეს მეჩეთის ერთ-ერთი ფრაგმენტი.
აქ.ახლა ელექტრონული წიგნის პლატფორმა „საბა“ და ბილეთების ონლაინ პლატფორმა TKT.GE 15 ივნისიდან მგზავრებს არა მარტო საქართველოში, არამედ ლიტერატურულ სამყაროში უსასრულო მოგზაურობასაც ჰპირდებიან. ხვალიდან ნებისმიერი მგზავრი, რომელიც TKT.GE-ზე მატარებლის ბილეთს შეიძენს ნებისმიერი მიმართულებით, „საბას“ ბიბლიოთეკის 1 თვიან პაკეტს მიიღებს, რაც ნიშნავს, რომ მას 6 500-ზე მეტ ელექტრონულ და ხმოვან წიგნთან ულიმიტო წვდომა ექნება.
ხშირად მგზავრობა მოსაწყენ, დამღლელ და გაწელილ პროცესად გვეჩვენება, თუმცა ხვალიდან ის ბევრისთვის უფრო სახალისო და საინტერესო გახდება. იდეა პანდემიური რეალობიდან გამომდინარე გაჩნდა. მაშინ, როცა ჩვენი გადაადგილების მარშრუტი უფრო მეტად შეზღუდულია, ვიდრე აქამდე იყო, ლიტერატურა თავგადასავლებისა და მოგზაურობის ულიმიტო სივრცედ რჩება. ახალი ამბები და თავგადასავლები კი არავისთვის არ არის ისეთი საინტერესო, როგორც ადამიანისთვის, რომელიც თავად მიდის სამოგზაუროდ და თავგადასავლების საძიებლად.
შეგახსენებთ, რომ „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას – კლასიკურ და თანამედროვე ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია SABA Reader-ი. დღესდღეობით „საბას“ ბიბლიოთეკაში 6500-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.
რაც შეეხება TKT.GE-ს, იგი კავკასიაში ონლაინ ბილეთების ყველაზე დიდი პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად მაქსიმალურად კომფორტულ სერვისს ქმნის. ქართული პლატფორმა დღეისათვის 450,000 -ზე მეტ ერთგულ მომხმარებელს სთავაზობს კინოს, სპორტის, თეატრების, ოპერის, კონცერტების, ფესტივალების, მატარებლისა და ავია ბილეთების შეძენას ელექტრონული ფორმით.
“ორივე ხელი ავაფარე, მაგრამ მე ის ვერ შევაჩერე, ორჯერ დაარტყა დანა, პირველად მუხლთან ახლოს ჩაარტყა, მეორედ – მარცხნივ, გულის მხარეს. ის ჩაიკეცა…” – გაუჭირდა მოწმეს ზურაბ ბ.-ს ძმისშვილის მკვლელობის გახსენება, რასაც თავად შეესწრო.
მოწმე გასული წლის 2 ოქტომბერს ქედაში მოკლული 32 წლის კაცის, მურმან ბ-ის ბიძაა. მან დღეს, 14 ივნისს, ნაფიც მსაჯულებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჩვენება მისცა. ეს პირველი შემთხვევაა ბათუმში, როცა საქმეს მოსამართლის ნაცვლად ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გია ბ.-მ თავისივე ბიძაშვილი (დედის მხრიდან) მოკლა რამდენიმე ახლობლის და, მათ შორის, მამის თვალწინ. გამოძიების ვერსიით, მკვლელობის იარაღი დანა იყო. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გია ბ. წინასწარპატიმრობაშია და ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის ან უვადო პატიმრობა.
“მოხელეებად ვმუშაობდით ჩვენ ერთად,” – გისოსებიან კუთხეში მოთავსებულ ბრალდებულს გახედა მოწმემ და შემდეგ აკანკალებული ხმით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოუყვა მსაჯულებს, რა მოხდა ოქტომბრის იმ საღამოს ქედის ცენტრში, სადაც მურმან ბ. მოკლეს.
“იმ დღეს ჩემს ძმას ვეხმარებოდი ღობის ჩამოსხმაზე, შუადღისკენ გაწვიმდა და სახლში შევედით, ყავა დავლიეთ…” – განაგრძო მოწმე ზურაბ ბ.-მ.
მოწმის ჩვენების მიხედვით, ამ დროს გაირკვა, რომ მის ძმისშვილებთან დალაპარაკება სურდა ბრალდებულს.
“თქვენ ჭორები ახსენეთ, რა ჭორები იყო ეს?” – ჰკითხა გარდაცვლილი კაცის ბიძას ადვოკატმა შოთა ხორავამ.
“ეს ორი წლის წინანდელი ამბავია… ითქვა, რომ გიას ცოლთან ურთიერთობა ჰქონდა აჩიკოს. რაღაც ნაწერები ნახა ტელეფონშიო,” – განმარტა მოწმემ.
მოწმის მიერ დასახელებული აჩიკო მოკლული მურმან ბ.-ს ძმაა.
მოწმის ვერსიით, სოფელში გავრცელებული ჭორის გამო, ბრალდებული გია ბ. მურმანსაც ესაუბრა და ეს რომ ტყუილია, დასტურდება იმით, რომ ბრალდებული გია ცოლთან არ განქორწინებულა.
“2 ოქტომბრის შემთხვევა ამ დაძაბულობის გამო მოხდა?” – ჩაეკითხა მოწმეს ისევ ადვოკატი.
“არ ვიცი” – ჩაილაპარაკა მოწმემ და უარყოფის ნიშნად ორივე ხელი გაიქნია. თქვა, რომ მან ვერ გაიგო, გიამ რატომ დაარტყა დანა მურმანს.
“ისმოდა გინება… ორჯერ როცა დაარტყა, შემდეგ იქვე, პატარა მდინარეში გადააგდო დანა… მესმოდა, ვიღაც ამბობდა, პოლიციაში ვრეკავო და გიამ უპასუხა, არაა საჭირო, ჩემი ფეხით მივალო… მერე სასწრაფოს გამოძახებას ვარჩიეთ მანქანით წაგვეყვანა საავადმყოფოში მურმანი, მე საჭესთან დავჯექი. მურმანს ძალა უკვე აღარ ჰქონდა,” – დაძაბული ხმითვე დაასრულა მკვლელობის ამბის გახსენება მოწმემ.
32 წლის მურმან ბ. კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
“მესამედ რომ დაერტყა, რა შეუშლიდა ხელს?” – იკითხა ადვოკატმა.
მოწმეს არაფერი უპასუხია და იმის საჩვენებლად, რომ თავისი ვერსია არ აქვს, ისევ ორივე ხელი გაშალა.
მოწმის თქმით, ბრალდებული გია ბ. შემთხვევის ადგილზე ასევე ნასვამი მივიდა.
“გაგიგია, რომ ჩემი ნასვამობით მიადგა ზიანი ვინმეს?” – უცებ თავად ბრალდებულმა ჰკითხა მოწმეს.
“მე ხომ ეს არ მითქვამს?” – იუხერხულა მოწმემ.
“ნაფიცი მსაჯულებისგანაც შემოვიდა კითხვა,” – აღნიშნა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ (მსაჯულები ღიად კითხვებს არ სვამენ, ისინი მოსამართლეს წერილობით აწვდიან კითხვებს, რასაც შემდეგ მოსამართლე აჟღერებს).
ამ შემთხვევაში მსაჯულებმა იკითხეს: რატომ იყო შემთხვევის ადგილზე მყოფი მურმანი დასამშვიდებელი? – მოწმის, მოკლული მურმან ბ.-ს ბიძას ჩვენების მიხედვით, როცა ის ბრალდებულ გიას აკავებდა, ამ დროს მურმანის შეჩერებას მეზობელი [რამაზ ბ.] ცდილობდა.
მოწმემ კითხვას მოკლედ უპასუხა და იმდენად ხმადაბლა, რომ დარბაზამდე მისმა ხმამ ვერ მოაღწია.
“რა განწყობით მოვიდა გია ბ. შეხვედრის ადგილზე?” – ესეც მსაჯულებმა იკითხეს.
“თავისთავად სიხარულით არ მოსულა,” – გაღიზიანდა მოწმე.
მოწმეთა დაკითხვა გრძელდება. ნაფიცი მსაჯულები ყოველდღიურ რეჟიმში უსმენენ მოწმეებს. ესეც კანონით განსაზღვრული წესია.
14 ივნისს ბათუმში თავისი პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრები წარადგინა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
ბათუმში გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი თავდგირიძე იქნება, ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი, ხოლო აჭარაში პარტიას უხელმძღვანელებს ირაკლი მიქელაძე, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი „ოცნებიდან“, რომელმაც მმართველი პარტია 2019 წელს დატოვა.
ირაკლი მიქელაძემ განაცხადა, რომ პარტიაში ელიან ყველა ადამიანს, რომელიც იზიარებს ექსპრემიერის მოსაზრებებს.
პრეზენტაციაზე იმყოფებოდა კოტე ანანიაშვილი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და გახარიას გუნდის წევრი. მან არ უპასუხა კითხვას, მომავალი თვითმმართველობის არჩევნებზე თავად ხომ არ იქნება ბათუმში მერობის კანდიდატი გახარიას პარტიიდან.
დღეს პრეზენტაციაზე იმყოფებოდა ბათუმის ყოფილი მერი ჯემალ ანანიძეც, რომელმაც „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ აქ „გაცნობის“ და „ცნობისმოყვარეობის“ გამო მოვიდა. თუმცა, ისიც დასძინა, რომ გარკვეული პროგრამების შექმნაში მიიღებს მონაწილეობს და შესაძლოა, რაღაც იდეები მიაწოდოს გუნდს.
პრეზენტაციაზე დღეს იმყოფებოდნენ ბათუმის მერიის სერვისების სააგენტოს მოქმედი ხელმძღვანელი აკაკი გვიანიძე და დიმიტრი ჭეიშვილი, ბათუმის საკრებულოს მოქმედი წევრი, რომელმაც მმართველი გუნდი ახლახან დატოვა.
პრეზენტაციაზე ასევე იმყოფებოდნენ მერაბ ბლადაძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი. მერაბ ბლადაძე უმაღლეს საბჭოში პატრიოტთა ალიანსის სიით შევიდა, თუმცა შემდეგ პარტია დატოვა. ასევე ბათუმის საკრებულოს წინა მოწვევის წევრი გიორგი კაკაბაძე, რომელმაც „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ჯერჯერობით გახარიას პარტიის წევრი არ არის.
შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ პრეზენტაციას ესწრებოდა „ხალხის პარტიის“ წარმომადგენელი ჯუმბერ თავართქილაძე, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რისთვისაც ჯუმბერ თავართქილაძეს რედაქცია ბოდიშს უხდის.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამების მთავარი ბენეფიციარი სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოქალაქეებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. პროგრამები უშუალოდ მორგებულია მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე.
ნახეთ პროგრამები სრულად:
სამინისტრო აღნიშნული მიმართულებით თითქმის ყოველწლიურად ამოქმედებს ახალ პროგრამას, ან მიმდინარეობს უკვე არსებული პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და მომსახურების ნუსხის, ბენეფიციართა რაოდენობისა და დაფინანსების ოდენობის გაზრდა-გაფართოება.
2021 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გაიზარდა მექანიკური და ოთახის სავარძელ-ეტლების ღირებულების ლიმიტი.ასევე გაიზარდასმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფისათვის ციფრული სმენის აპარატების დაფინანსება. მიმდინარე წელს შეიცვალა კოხლეარული იმპლანტის პროცესორის ღირებულებადა ნაცვლად 18300 ლარისაფინანსდება 23500 ლარით.ასევე გაიზარდა„მზრუნველობამოკლებულპირთარეინტეგრაციისხელშეწყობისა“ და „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის“ პროგრამებში ჩართულ შშმ სტატუსის მქონე ბენეფიციართა დღიური დაფინანსების ლიმიტი.
„სამინისტროს პროგრამები იგეგმება და ხორციელდება გამოვლენილი საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით. ჩვენი მიზანია სახელმწიფოს მხრიდან კიდევ უფრო გაძლიერდეს ფინანსური თანადგომა და მხარდაჭერა, რომელიც მიმართული იქნება მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვისკენ, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და სოციალური უსაფრთხოებისკენ“ – აცხადებს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე.
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე.
მინისტრი დასძენს, რომ ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას იმართება პრიორიტეტების საბჭოს სხდომა, სადაც მოწვეულნი არიან დარგის ექსპერტები და პროგრამების შემუშავებისას ხდება მათი წინადადებების გათვალისწინება.
„პანდემიის გამო გასულ წელს დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები დისტანციურად მოვისმინეთ. ტრადიციას წელს აღვადგენთ და ერთ სივრცეში შევხვდებით ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს. უახლოეს დღეებში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლების დაცვის კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 2022 წლის პროგრამების დასაგეგმად ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებები და წინადადებები“, – ამბობს მინისტრი, ნინო ნიჟარაძე.
განსაკუთრებული საჭიროებებისა და შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისა და მოზარდების სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში გრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი ქვეპროგრამების განხორციელება, როგორიცაა „ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია“, „ბავშვთა ადრეული განვითარება“, „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“, „სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია“ და „შშმ ბავშვთა სოციალური ადაპტაცია“.
ასევე, ერთ „ქუდში“ მოექცა სქოლიოზისა და დისპლაზიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამები, რამაც განაპირობა გაფართოებულიყო სამიზნე ჯგუფი. ამუშავდა „ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“, რომლის ფარგლებშიც მომსახურება მიეწოდება არა მარტო სქოლიოზის, მენჯ-ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობისა და დისპლაზიის მქონე ბავშვებს, არამედ განიხილება ძვალსახსროვანი სხვა დეფორმაციებიც, მათ შორის ტერფმრუდობა, ტრავმის შემდგომი მდგომარეობა და სხვა.
ცვლილებები შეეხო ხანდაზმულთა და შშმ პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის რიგ პროგრამებს. კერძოდ:
პროგრამა – „სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა“ გარდა აქამდე გათვალისწინებული ციფრული აპარატებისა, მე-3-4 მძიმე ხარისხის სმენადაქვეითებული ბავშვების, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის პროგრამის ფარგლებში გაიცემა გაძლიერებული ადაპტაციური თვისებების მქონე სმენის აპრატები.
გაფართოვდა პროგრამით – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა“ გათვალისწინებული სავარძელ-ეტლების სახეობა. გარდა ოთახის სავარძელ-ეტლებისა, ასევე ფინანსდება შშმ სტატუსის მქონე პირთათვის განკუთვნილი მექანიკური და ელექტრო სავარძელ-ეტლები.
პროგრამა – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა“ მეოთხე წელია წარმატებით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სხვადასხვა დამხმარე/მოვლის საშუალებათა საჭიროების მქონე პირები. პროგრამით გათვალისწინებული დამხმარე საშუალებათა ჩამონათვალი ყოველწლიურად ივსება მომართვიანობისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება:
[checklist]
ხმის წარმომქმნელი აპარატი (ლარინგექტომიის შ/მდგომარეობა)
შშმ პირთათვის განკუთვნილი სამედიცინო ამწე
კოხლეარული იმპლანტის პროცესორი
ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი
ნახველის ამოსაღები აპარატი
ჟანგბადის კონცენტრატორი
ფუნქციური საწოლი
ღამის აპნოეს აპარატი
[/checklist]
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2020 წელს აამოქმედა ახალი პროგრამა – „ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფა“, რომლის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს 18 წლისა და მეტი ასაკის პირი, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო დადგენილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, არ აღენიშნება სოციალური და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დეფიციტი და არ აქვს შესაბამისი მხარდამჭერი გარემო. პროგრამაში ჩართვა მიმდინარეობს შესაბამისი სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე. სერვისით უკვე ისარგებლა 77-მა ბენეფიციარმა.
გასულ წელს სამინისტრომ პირველად დაიწყო – „მზრუნველობამოკლებულპირთარეინტეგრაციისხელშეწყობისპროგრამის“ განხორციელება, რომლის ფარგლებში 2021 წლიდან შშმ სტატუსის მქონე ბენეფიციარისათვის დღიური დაფინანსების ოდენობა გაიზარდა და 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 30 ლარს. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს 18-დან 25 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც აღარ იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, არ ჰყავთ თანადგომის ქსელი და ვერ ხერხდება მათი ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაცია.
ასევე გაიზარდა დღიური დაფინანსების ოდენობა პროგრამის „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა“ მოსარგებლე შშმ ბენეფიციართათვის. კერძოდ, 2021 წლიდან 19 ლარის ნაცვლად დღიური დაფინანსება შშმ ბავშვის შემთხვევაში 30 ლარს შეადგენს, ხოლო შშმ დედის შემთხვევაში – 20 ლარს.
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ფარგლებში, სხვადასხვა სტატუსის მქონე მოქალაქეებთან ერთად სამედიცინო სერვისები უფინანსდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს. კერძოდ ფინანსდება – მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები, ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, საზღვარგარეთ მკურნალობის თანაგადახდა, სახსრების ენდოპროთეზირება, ონკოლოგიური პაციენტებისათვის ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობა, ძვირადღირებული კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდა, გაფანტული სკლეროზის ძვირადღირებული მედიკამენტები, რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა. ასევე ხდება მათი საჭიროებების განხილვა და დაფინანსება „მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში.
ცალკე აღსანიშნავია „მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის“ პროგრამა, რომლის დაფინანსება აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წელს აჭარის მოსახლეობისათვის ქვეყნის მასშტაბით პირველმა დაიწყო. პროგრამა დღემდე წარმატებით ხორციელდება.
გასულ წელს აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაიწყო, აუტიზმის ადრეული დიაგნოსტიკისა და დროული მართვის მიზნით პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან რეფერირებული რეგიონის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 2-7 წლის ასაკის ბავშვთა აუტიზმის სკრინინგული შეფასება და საჭიროების შემთხვევაში დიაგნოსტიკა.
შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებულ პროგრამას – “შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობა“ ახორციელებს აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტო. გადამზადებულ ბენეფიციართა ნაწილი კურსის დასრულების შემდეგ დასაქმდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წარმოადგენს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დასაქმების სფეროში ერთიანი სამთავრობო პოლიტიკის გამტარებელ ორგანოს.
მონაზონი სიდონია, რომელიც დიდი ხანია საჯარო სივრცეში არ გამოჩენილა, წერილს ავრცელებს.
„გაორებული ვწერ, ამდენი ბრძოლის მერეც კი, მაინც კომპლექსი მაქვს, რომ ქალი ჩუმად უნდა იყოს, მაშინ როცა „არცა მამაკაცება, არცა დედაკაცება, არამედ თქვენ ყოველნი ერთ ხართ“ (გალ. 3,28). ნუ აჯერებთ მრევლს, რომ მონაზვნობა „ხმის ჩაკმენდას“ ნიშნავს!
ეს ცხოვრების წესია, რომელიც ჩემიარჩევანი და ნებაყოფლობითი აქტია, და არა გარიგება პიროვნული თავისუფლების დათრგუნვის ხარჯზე სტატუსის მიღებისა! მონაზვნობა არ არის განაჩენი! და ეს სად, იმ ეკლესიაში, სადაც ქალმა, წმინდა ნინომ იქადაგა, აჩრდილივით მომყვება ეს კომპლექსი, მიუხედავად რომ, გავიაზრე – ეს ასე არ არის“ – წერს მონაზონი სიდონია.
ის წერილში ეხმიანება ნინოწმინდის პანსიონის თემასაც.
„რაც შეეხება ნინოწმინდის პანსიონს, სანამ პრობლემატიკაში გავერკვეოდი, თვალში მომხვდა ორი რამ: ბავშვების მიმართ ცივი დამოკიდებულება და მეორე, მოუვლელი ეზო… რომელიც, ძალიან ბევრს მეტყველებს გარემოს მიმართ დამოკიდებულებაზე.. მე ვინც მიყვარს, ასეთ ეზოში არ ვაცხოვრებ“.
დღეს, 14 ივნისს, ბათუმში პარტიის ოფისი გახსნა ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარაში პარტიის ოფისის ხელმძღვანელი ირაკლი მიქელაძე იქნება.
ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრია. 2017 წელს, როცა ის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, იგი თვეების განმავლობაში გერმანიაში იმყოფებოდა და საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა, თუმცა მის სახელზე პრემია და ხელფასი მაინც იწერებოდა და იღებდა ბენზინისა და ტელეფონის ხარჯებსაც, რისთვისაც 16 450 ლარი დაიხარჯა ჯამში.
ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ მიქელაძემ პრემიის სახით მიღებული 7050 ლარიდან 1800 ლარი დააბრუნა ქალაქის ბიუჯეტში.
2019 წელს ირაკლი მიქელაძემ დატოვა „ქართული ოცნება“, რის მიზეზადაც ოჯახური მდგომარეობა დაასახელა.
გახარიამ მთავრობის მეთაურის პოსტი 2021 წლის თებერვალში დატოვა „ქართული ოცნების“ და მთავრობის სხვა ლიდერებთან შეუთანხმებლობის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით.
ახალი პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ გიორგი გახარიამ 29 მაისს წარადგინა.
შუახევის კულტურის ცენტრის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის 1 200 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი ამ თანხით შუახევის მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან „განახლებული რეგიონების“ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.
ამ პროგრამის ფარგლებში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში [ბათუმისა და შუახევის ჩათვლით] სარეაბილიტაციო ობიექტების დაპროექტება-მშენებლობაზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსაც აქვს გამოცხადებული. როგორც შუახევის მერიაში გვითხრეს, ფონდის ტენდერიდან ამოღებული იქნება შუახევი.
„ჩვენ კულტურის ცენტრის დეტალური პროექტი და ხარჯთაღრიცხვა რამდენიმე წელია უკვე მზად გვაქვს. მიმდინარე წელს განვაახლეთ და „განახლებული რეგიონების“ პროექტის ფარგლებში 100 პროცენტით დაგვიფინანსეს. ამიტომ, მშენებელ კომპანიას ჩვენ გამოვავლენთ, ხოლო მუნიციპალური ფონდის ტენდერში შუახევს ამოიღებენ. ფონდის ტენდერში გამარჯვებული აჭარაში დანარჩენ მუნიციპალიტეტებში [მათ პროექტები არ აქვთ] მდებარე სარეაბილიტაციო პროექტებს შეადგენს და სამუშაოებსაც ჩაატარებს,“ – გვითრეს შუახევის მერიაში.
პროექტის მიხედვით, შუახევის კულტურის ცენტრის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორიაც.
შუახევის კულტურის ცენტრის შენობა დღეს / ფოტო ტენდერიდან
კულტურის ცენტრის ფასადზე რეაბილიტაციის შემდეგ ფერადი მოხატულობა არ შენარჩუნდება.
ასეთი იქნება შუახევის კულტურის ცენტრი რეაბილიტაციის შემდეგ / ფოტო პროექტიდან
პროექტით, ასევე დაგეგმილია კულტურის ცენტრის შენობაზე ოთახების მიშენება.
შუახევის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია შენობის უკანა მხარეს მიშენებას ითვალისწინებს / ფოტორენდერი პროექტიდან
შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 19 ივნისს დაიწყება და 22 ივნისს დასრულდება.
პირობის მიხედვით, შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში [240 დღეში] უნდა დასრულდეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზედამხედველობას ის კომპანია განახორციელებს, რომელსაც ტენდერით მუნიციპალური ფონდი შეარჩევს.
ზედამხედველის შესარჩევად ფონდს ტენდერი 5 333 000 ლარით სხვადასხვა სამუშაოზე ერთობლივად აქვს გამოცხადებული [შერჩეულმა პირმა ზედამხედველობა უნდა გაუწიოს წალენჯიხის, ხობის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, შუახევის, ხულოს, ხელვაჩაურის, მესტიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სამუშაოებს. ასევე „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში – ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, მესტიის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ფოთის, ხობის, სენაკის, აბაშის, ზუგდიდის, ლენტეხის, ონის, ცაგერის, ამბროლაურის, ტყიბულის, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, ქუთაისის, ვანის, საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის, შუახევის, ქედის, ხულოს, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებს].
აჭარაში პროექტები შემდეგ ადგილებში განხორციელდება:
ბათუმი – მწვანე კორიდორი გმირთა ხეივანში [ჟიული შარტავას გამზირი];
ქობულეთი – ქობულეთის სანაპირო ზოლი [მდ. აჭყვიდან მდ. კინტრიშამდე];
ხელვაჩაური – მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკვერი და ბავშვთა გასართობი ადგილები;
ქედა – ქედის ცენტრალური ტერიტორია [ადმინისტრაციული ცენტრი];
შუახევი – კულტურის ცენტრი და მიმდებარე ტერიტორია;
ხულო – მემედ აბაშიძის ქუჩა, რუსთაველის და ტბელ აბუსერიძის ქუჩები.
ამ ობიექტების [ოღონდ, უკვე შუახევის გარდა] დაპროექტება-მშენებლობაზე ფონდმა ტენდერში შპს „საბა კონსტრაქშენი“ გამოაცხადა. ხელშეკრულება 14 ივნისის მდგომარეობით ჯერ გაფორმებული არ არის.
—
მუნიციპალური განვითარების ფონდს ტენდერი, რომლითაც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში ჯამში მაქსიმუმ 20 მილიონამდე ლარი უნდა დაიხარჯოს, ხელახლა ჰქონდა გამოცხადებული.
15 ივნისს ბათუმში ოფიციალურად გაიხსნება ტურისტული სეზონი.
სეზონის გახსნისთვის ბათუმის ბულვარში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. გარდა ამისა, საგანგებოდ, სეზონის გახსნისთვის, რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, პეტრას ციხესა და გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმში შესვლა უფასო იქნება.
ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეზოში სტუმრებისთვის გაიმართება სპექტაკლი „ჰელადოსი“ , რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
პროგრამა ასე გამოიყურება:
[checklist]
ზღვის სანაპირო, კოლონადებთან
[/checklist]
ფრანების შოუ სანაპიროზე – 12:00 – 20:00 სთ.
[checklist][/checklist]
[checklist]
საზაფხულო თეატრთან
[/checklist]
ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი – 12-13 სთ.
ბალეტი ღია ცისქვეშ – 16:30-17:30 სთ.
პანტომიმა – მოძრაობის თეატრი საზღვაო თემატიკით – 17:00-19:00
DJ – 13:00 – 22:00 სთ.
[checklist]
თოჯინების თეატრი
[/checklist]
„მერი პოპინსი“ – დასწრება ბავშვებისთვის უფასოა. წარმოდგენა დაიწყება 15 და 18 საათზე.
[checklist]
ზღვის სანაპირო, ანაბანის კოშკთან
[/checklist]
საზღვაო ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა 17:00 – 20:00 სთ;
მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის ავია შოუ 16:00 – 17:00 სთ.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდკლინიკაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.
ორივე გარდაცვლილი მამაკაცია, 68 და 83 წლის.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. 14 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში 5060 ადამიანია გარდაცვლილი კორონავირუსით.
დღეს, 13 ივნისს, 15 წლის ბიჭი, რომელსაც პროკურატურა მაღაზია „ფარფურში“ ხანძრის გაჩენას ედავება, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 1000 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
საუბარია ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ფარფურში“ 9 ივნისს გაჩენილ ხანძარზე. წინა დღეებში ამავე სუპერმარკეტების ქსელის კიდევ ორ მაღაზიაში გაჩნდა ხანძარი. პროკურატურამ ამ საქმეზე მხოლოდ ერთი მოზარდი დააკავა ბოლო ხანძრის შემდეგ, როცა ეს ფაქტი უკვე მედიაში გახმაურდა და „ფარფურის“ მფლობელებმა თქვეს, რომ ბიზნესმენი და მათი ყოფილი ბიზნესპარტნიორი მურმან ჯინჭარაძე „ქართული ოცნების“ აქტივისტთან – გოჩა ბარამიძესთან ერთად ემუქრებოდა ქურდული სამყაროს ავტორიტეტის, „ენცოს“ სახელით.
„მან აღიარა დანაშაულის ჩადენა. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მოზარდმა თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ „ფარფურის“ მაღაზიაში რაღაც ნისიად არ მისცეს და ამიტომ სცადა მაღაზიის დაწვა, მას არ დაუკონკრეტებია ჩვენებაში რა უნდოდა ნისიად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი ლია მაისურაძე.
მოზარდი, რომელსაც მაღაზიის დაწვას ედავებიან, სკოლაში არ დადის.
„ეს არის შეთხზული საქმე და მარტივად დასანახია ეს ყველაფერი, გამოიყენეს მოზარდი იმისთვის, რომ ვიღაცას თითქოს მართლა მოუნდა მაღაზიის დაწვა,“ – მიიჩნევს თამარ კახიძე, „ფარფურის“ ერთ-ერთი მფლობელი. მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ 15 წლის ბიჭმა მართლა გააჩინა ხანძარი მის მაღაზიაში, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მას ამის გაკეთება მოზარდს სხვებმა დაავალეს.
თამარ კახიძის თქმით, მისთვის გამოძიებას არაფერი უკითხავს იმაზე, რასაც მოზარდი ფაქტთან დაკავშირებით ამბობს.
„არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ მოზარდს რამე ეთხოვა და არ მიგვეცა, არათუ ნისიად, ისე მივცემდით საკვებს, თუ ალკოჰოლს და სიგარეტს არ ითხოვდა, მაგრამ ასეთი ფაქტი არც კი ყოფილა,“ – ამბობს მაღაზიის მესაკუთრე თამარ კახიძე.
_______________
მაღაზიებში ხანძრის გაჩენამდე „ფარფურის“ მესაკუთრეებმა სასამართლო დავა დაიწყეს ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძის წინააღმდეგ და მას ვალის დაბრუნება მოსთხოვეს.
„ფარფურის“ ერთ-ერთი მესაკუთრე, მერაბ ფარტენაძე ამბობს, რომ მას სავარაუდოდ კრიმინალური ავტორიტეტი „ენცოც“ დაემუქრა. „მოგელანდები ყველგან“, „ჩემთან ომი პატარა საქმე არ არის“, – მისწერეს ბიზნესმენს სოციალურ ქსელში.
მიმოწერით არ დასტურდება, რომ მერაბ ფარტენაძეს ნამდვილად ე.წ. კანონიერი ქურდი „ენცო“ სწერს, თუმცა ბიზნესმენის თქმით, ამ მიმოწერამდე მას უცხო ქვეყნის კოდით დაურეკეს და უთხრეს, რომ „ენცო“ [დავით ტუღუში] ესაუბრებოდა.
ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძეს, „ოცნების“ აქტივისტს გოჩა ბარამიძეს და კანონიერ ქურდს „ენცოს“ მუქარაში სდებს ბრალს ასევე სოფო ნებიერიძეც. ის მურმან ჯინჭარაძის სამშენებლო კომპანიაში დირექტორად მუშაობდა.
ბისნესმენი მურმან ჯინჭარაძე და „ენცო“ ფიგურირებდნენ „წულუკიძეების საქმეშიც“ – გასული წლის ზაფხულში ბრალდებულმა რეზო წულუკიძემ მოსამართლე დავით მამისეიშვილს უთხრა, რომ შეკრებაში კანონიერი ქურდიც იყო ჩართული. მაშინ სპორტსმენმა და ევროპის ჩემპიონმა ჭიდაობაში, ფირუზ წულუკიძემ [რეზო წულუკიძის ძმა] „ბათუმელებთან“ დააზუსტა, რომ წინასაარჩევნოდ ე.წ. ზონდერჯგუფების შექმნის საქმეში „ენცო“ მონაწილეობდა, იგივე დავით ტუღუში.
სასამართლო პროცესზე გაჟღერდა „ბიზნესმენი მურმან ჯინჭარაძეც“. კონკრეტულად კი, ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ თქვა, რომ ის ამ საქმეზე ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძეს შეხვდა, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს.
ადვოკატი მოსამართლეს არწმუნებდა, რომ ბიზნესმენის ხელით „ქართულმა ოცნებამ“ ამ საქმის სათავისოდ გამოყენება სცადა. „ცენტრალური ხელისუფლება ფირუზ წულუკიძეს ბოდიშის მოხდას და ნათქვამის უარყოფას სთხოვდა… თუ ფირუზ წულუკიძე ამას გააკეთებდა, მაშინ ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე მიიღებდნენ თავისუფლებას,“ – თქვა დავით ჯაფარიძემ.
ამ სასამართლო პროცესამდე ცოტა ხნით ადრე კი, ფირუზ წულუკიძემ აჭარის მთავრობის სახლის წინ თქვა, რომ მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის – თორნიკე რიჟვაძის მამა პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელ უფროსთან, კოტე ანანიაშვილთან ერთად შეხვდა და წინასაარჩევნოდ სპორტსმენების მონაწილეობით ე.წ. ზონდერჯგუფის შექმნა შესთავაზა. წულუკიძეების თქმით, შეთანხმება მთავრობასთან არ შედგა. რამდენიმე თვის შემდეგ კი, წინასაარჩევნოდ, თორნიკე რიჟვაძე, როგორც „ქართული ოცნების“ კანდიდატი, წულუკიძეებმა სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს.
ახლა რეზო წულუკიძე ისევ პატიმარია უკვე სხვა საქმეზე. დააპატიმრეს ფირუზ წულუკიძე და კიდევ ხუთი პირი და ეს მას შემდეგ, როცა ისინი რიონის ხეობის დასაცავად გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ. გამოძიება მათ ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება, თუმცა ჩნდება კითხვები ამ საქმის მიმართ პოლიტიკურ ინტერესზე, მით უფრო მაშინ, როცა ბრალდებული წულუკიძეები და ჭელიძეები „ნაცმოძრაობის“ ყველა აქციაში მონაწილეობდნენ და აქტიურად უპირისპირდებოდნენ „ოცნებას“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყეს.
ეს პირველი შემთხვევაა ბათუმში, როცა სისხლის სამართლის საქმეს მოსამართლის ნაცვლად 12 ნაფიცი მსაჯული განიხილავს.
საუბარია 2020 წლის 2 ოქტომბერს ქედაში მომხდარ მკვლელობაზე – გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა თავისივე ბიძაშვილი, ახალგაზრდა კაცი მოკლა.
გამოძიების ვერსიით, მკვლელობის იარაღი დანა იყო, დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გ.ა. წინასწარ პატიმრობაშია და ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის ან უვადო პატიმრობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 13 ივნისის 21 საათიდან 14 ივნისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 13 – 18 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 15-16 ივნისს, აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი
PCR ტესტი უფასოდ გერგებათ, თუკი გაქვთ კორონავირუსის სიმპტომები და ოჯახის ექიმი დანიშნულებას მოგცემთ, მაგრამ თუ ფასიანი PCR ტესტის ჩატარება გსურთ, ეს ბათუმში რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.
ფასებს შორის მცირედი სხვაობაა. მომსახურება ძირითადად მაშინ ძვირდება, თუკი ტესტის პასუხის მიღება ბინიდან გაუსვლელად გსურთ.
მაგალითად, სამედიცინო ჰოსპიტალ „მედცენტრში“ PCR ტესტი 90 ლარი ღირს, ბინაზე გამოძახებით – 100 ლარი. კლინიკაში გვითხრეს, რომ დილის 10 საათამდე ჩაბარებული მონაცემის პასუხი საღამოს 5 საათამდეა, ხოლო დილის 10 საათის შემდეგ ჩაბარებული მონაცემების შესახებ პასუხს საღამოს 10-დან 11 საათამდე მიიღებთ.
PCR ტესტი 100 ლარი ღირს ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში. მომსახურება შეთანხმების მიხედვით ძვირდება ბინაზე მისვლის შემთხვევაში. აქ შუადღემდე ჩაბარებული ნიმუშის პასუხები დღის ბოლომდეა ცნობილი, შუადღის შემდეგ კლინიკაში მისული ადამიანები კი პასუხს მეორე დღეს იღებენ.
85 ლარი ღირს PCR ტესტი ლაბორატორია Neo Lab-ში, თუკი არ გეჩქარებათ და ტესტის პასუხის მიღება მეორე დღეს გაწყობთ. იმავე დღეს PCR ტესტის პასუხის მიღება ამ ლაბორატორიაში 170 ლარი ღირს. ბინაზე გამოძახების შემთხვევაში PCR ტესტის გაკეთება 125 ლარი დაგიჯდებათ. ამ შემთხვევაშიც პასუხს მეორე დღეს მიიღებთ.
„ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 14 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება დილის თორმეტის ნახევრიდან დღის 4 საათამდე: კობალაძის, ინასარიძის, ლ.ასათიანის, ბარათაშვილის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ზ.გორგილაძისა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ანგისის დასახლების ნაწილში.
შუქი გაითიშება ხელვაჩაურის სოფლებშიც: ფერია, ახალშენი, მნათობი, განახლება, ასევე ურეხსა და მახვილაურის დასახლების ნაწილში დღის 3 საათიდან 6 საათამდე.
ქობულეთში დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე გაითიშება შუქი დაბა ჩაქვის ნაწილსა და სოფელ სახალვაშოში.