Batumelebi | დედასთან დაშორების გამო 3 ბავშვს სახელმწიფო 35 ათას ლარს გადაუხდის – სასამართლო დედასთან დაშორების გამო 3 ბავშვს სახელმწიფო 35 ათას ლარს გადაუხდის – სასამართლო – Batumelebi
RU | GE  

დედასთან დაშორების გამო 3 ბავშვს სახელმწიფო 35 ათას ლარს გადაუხდის – სასამართლო

17, 10 და 5 წლის ბავშვებმა სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგეს.

„ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც არასრულწლოვნებმა ბავშვზე მორგებული სარჩელის ფორმით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს დედასთან დაბრუნება. სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება სასამართლომ უკანონოდ ცნო.

ბავშვებმა თავად დაწერეს სარჩელი და შეიტანეს სასამართლოში, მოთხოვნებიც თვითონ განსაზღვრეს და თვითონ მოითხოვეს წერილობით, რომ მათი უფლებები ჩვენ დაგვეცვა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი სოფი მენაბდიშვილი. მისი თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც ბავშვებმა ბავშვთა კოდექსით იხელმძღვანელეს და ბავშვზე მორგებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს.

„სასამართლომ მოუსმინა ბავშვებს და ისინი 2020 წლის სექტემბერში დედასთან დააბრუნა. მანამდე ბავშვები სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდნენ.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. სიღარიბის გამო მინდობით აღზრდაში ბავშვების გადაყვანა და ოჯახთან დაცილება უკანონოდ ცნო და დაზარალებულ სამ ბავშვს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 35 000 ლარი მიაკუთვნა. კომპენსაცია ბავშვების სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ.

ბავშვები 2 წლის წინ სოციალურმა სამსახურმა უკანონოდ, ოჯახის გაძლიერების გარეშე, გამოიყვანა სახლიდან და დედას დააცილა. ბავშვებმა ორი წელი მშობლისგან მოშორებით გამოწვეული სტრესის ქვეშ იცხოვრეს. ეს გარემოება სასამართლომ მიიჩნია უკანონოდ და დააკმაყოფილა PHR-ის სარჩელი,“ – ამბობს მენაბდიშვილი.

საქმე  მოსამართლე დავით წერეთელმა განიხილა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com