მთავარი,სიახლეები

სად რა ვაკანსიაა ბათუმში – დასაქმების ფორუმი 

15.06.2021 • 3720
სად რა ვაკანსიაა ბათუმში – დასაქმების ფორუმი 

65-მა კომპანიამ 243 სხვადასხვა ვაკანსია წარმოადგინა, ჯამში ფორუმზე 1008 სამუშაო ადგილი იყო ხელმისაწვდომი, სამსახურის მაძიებლად კი 450 პირი დარეგისტრირდა დღევანდელ ფორუმზე.

ფორუმზე თითოეულ კომპანიას საკუთარი სტენდი და მაგიდა ჰქონდა. აქვე იყვნენ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც დეტალურად უხსნიან დასაქმების მსურველებს ვაკანსიების პირობებს.

ფორუმზე ვაჭრობისა და დისტრიბუციის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, დაზღვევა-ფინანსების, მშენებლობის, ადმინისტრაციული მომსახურების, მრეწველობის, განათლების, სასტუმრო-რესტორნებისა და ჯანდაცვის წარმომადგენელი კომპანიების თანამშრომლები ხვდებოდნენ დასაქმების მსურველებს.

დასაქმების ფორუმი ბათუმში

გარდა სეზონური სამსახურებისა, კომპანიები დასაქმების მაძიებლებს ფორუმზე სთავაზობდნენ მენეჯერებისა და ადმინისტრაციული სამსახურების ვაკანსიებს, წარმოდგენილი იყო, მაგალითად, რესტორნების გენერალური მენეჯერების, ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, იმპორტის მენეჯერის, ბრენდმენეჯერისა და შოურუმის მენეჯერის პოზიციები, ასევე გემთწამყვანის, გემის კაპიტნის, თანაშემწეებისa და გემთმექანიკოსების, მატროსების ვაკანსიები.

არასეზონური, ხანგრძლივი კონტრაქტის პირობებით აქვს ვაკანსიები წარმოდგენილი, მაგალითად, „მედცენტრს“, „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს“, სასტუმრო „გრანდ გლორიას“ და სხვებს.

მედცენტრს, მაგალითად, 3 ვაკანსია აქვს: სანიტრის, კლინიკის რეგისტრატორისა და კოორდინატორის პოზიციები.

ეს დროებითი სამსახური არ არის, პირველ ეტაპზე ვაფორმებთ დროებით ხელშეკრულებას და გამოსაცდელი დროის შემდეგ ვაფორმებთ გრძელვადიან კონტრაქტს“, – ამბობს ლუკა სალუქვაძე, „მედცენტრის“ დირექტორის მოადგილე.

„ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ შრომითი რესურსების მენეჯერი, ქეთევან ორაგველიძე ამბობს, რომ მათ ორი ვაკანსია აქვთ ტექნიკური პერსონალის საინჟინრო განყოფილებაში და სპეციალისტების პოვნა, მისივე თქმით, ამ სფეროში არცთუ ისე მარტივია.

„სპეციფიკური სამსახურის შესრულებაა საჭირო და სერტიფიცირებული, გამოცდილი კადრები გვჭირდება, რადგან დასაქმებულები პირდაპირ მუშა პროცესში უნდა ჩაერთონ“, – ამბობს ქეთევან ორაგველიძე.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის შრომითი რესურსების მენეჯერი, ქეთევან ორაგველიძე

სასტუმრო „გრანდ გლორია“ ეძებს როგორც მომსახურების სფეროში მუშაობის მსურველებს, ასევე ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ-მენეჯერს.

„ვეძებთ პირს, ვინც მართავს ტექნიკურ გუნდს, ეს არ არის მხოლოდ ტექნიკოსის ან მხოლოდ მენეჯერის პოზიცია, საჭიროა თანაბრად ორივე უნარების ფლობა. ფორუმის შემდეგაც, დასაქმების მსურველებს შეუძლიათ პირდაპირ მოვიდნენ ჩვენთან ადგილზე და შეავსონ საჭირო სააპლიკაციო ფორმა დასასაქმებლად” – ამბობს სასტუმრო „გრანდ გლორიას” HR მენეჯერის ასისტენტი ია ბედინაძე.

სასტუმრო „გრანდ გლორიას” HR მენეჯერის ასისტენტი ია ბედინაძე

სარემონტო მასალების კომპანია „ზოდი“ ეძებს შოურუმის მენეჯერს, რომლის მოვალეობაც 16 სხვადასხვა სექციის კონსულტანტების გუნდის მართვაა. გვითხრეს, რომ ამ პოზიციაზე ხელფასი საშუალოდ 1000 ლარია დამატებითი ბონუსებით, დღეში 8-საათიანი და კვირაში 5-დღიანი სამუშაო გრაფიკის პირობებში.

შემოთავაზებული ვაკანსიები წარმოდგენილი იყო ვებგვერდზე: forum.hrajara.gov.ge 

დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! [ისწავლე დასაქმებისთვის!]“ ფარგლებში გაიმართა.

პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტისა“ (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: