ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როგორი იქნება „ოცნების ქალაქი“ – საჩივარი სამინისტროს წინააღმდეგ დავების საბჭოში

15.06.2021 • 2889
როგორი იქნება „ოცნების ქალაქი“ – საჩივარი სამინისტროს წინააღმდეგ დავების საბჭოში

ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმისა და ამავე გეგმის მიხედვით, ერთ-ერთ კვარტალში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის კონკურსში ოთხი პრეტენდენტი მონაწილეობდა, აქედან სამი – ამხანაგობაა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ოთხი მონაწილიდან ორს [„მეგაპოლისი“ და „ინჟარქიტექტი“] დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა. მათგან ერთ-ერთი, ამხანაგობა „მეგაპოლისი“ კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დავების საბჭოში უჩივის.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობდნენ:

  • ამხანაგობა „მეგაპოლისი“
  • ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა – შპს „თბილქალაქპროექტი“,შპს „ჯდ სტუდიო“, შპს „არქ ქრიატიონ“ და ააიპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“
  • ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“
  • შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“

კონკურსი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. საკონკურსო კომისიას გამარჯვებული ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობასა და „ნიუ სითი დეველოფმენთს“ შორის უნდა შეერჩია, თუმცა, ვინაიდან დავების საბჭოში საჩივარი შევიდა, კანონის მიხედვით, გამარჯვებულის შერჩევის პროცედურა შეჩერებულია.

„დაველოდებით რა გადაწყვეტილებას გამოიტანს დავების საბჭო და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – გვითხრეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიის ქალაქმშენებლობითი განვითარების ხედვა / ზემოთ – შპს „ნიუ სითი დეველოფმენთის“, ხოლო ქვემოთ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის საკონკურსო დოკუმენტებიდან

შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს ამხანაგობა „მეგაპოლისმა“ 2021 წლის 10 ივნისს მიმართა.

„ჩვენს შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება დააფუძნა ისეთ გარემოებებზე, რომლებიც არ ყოფილა დეტალური შესწავლის საგანი, საკითხს ნაჩქარევად მისცა მცდარი და მიკერძოებული სამართლებრივი შეფასება და მიიღო არსებითად უკანონო გადაწყვეტილება ამხანაგობა „მეგაპოლისის“ დისკვალიფიკაციაზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სატენდერო კომისიას, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, არ განუხორციელებია საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, რითაც დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი.

ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის [შესაბამისი] ბრძანების [ერთ-ერთი] პირობა, რომლის მიხედვითაც: „სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს“, – აღნიშნულია „მეგაპოლისის“ საჩივარში.

მოსარჩელე ითხოვს „გაუქმდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი N2 და შესყიდვის პროცედურები წარიმართოს კანონმდებლობის სრული დაცვით.“

დავის განხილვის დროდ 15 ივნისია ჩანიშნული.

„ოცნების ქალაქი“/ფოტომონტაჟი / ამხანაგობა „მეგაპოლისის“ საკონკურსო დოკუმენტიდან

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიის საპროექტო გეგმა / ამხანაგობა „ინჟარქიტექტის“ საკონკურსო დოკუმენტიდან

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი 2021 წლის 29 აპრილს გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით – 844 ათასი ლარი.

კონკურსის პირობის მიხედვით, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე უნდა დაგეგმარდეს საცხოვრებელი კორპუსები; ასევე საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, სარეკრეაციო ზონა და სხვა.

რას ითხოვს სამინისტრო [საკონკურსო დოკუმენტაცია]:

„განაშენიანების დეტალური გეგმა უნდა დამუშავდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის #260 დადგენილების „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მიხედვით. გდგ-ს შემუშავებისას კონტრაქტორმა უზრუნველყოს საჭირო პროცედურების [საჭიროებიდან გამომდინარე სგშ-ს ან გზშ-ს დამუშავება, საჯარო განხილვები, შესაბამის სტრუქტურებთან – ბათუმის აეროპორტის ფრენის უსაფრთხოების, ბათუმის მერიასთან, კომუნალური ქსელების ოპერატორ კომპანიებთან და სხვა] გატარების ორგანიზება.

გდგ-ს შემუშავებისას ძირითადი აქცენტი გაკეთდეს საპროექტო ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განთავსებაზე, ასევე საჯარო სკოლის [საორიენტაციოდ 700 მოსწავლეზე], საბავშვო ბაღისა [საორიენტაციოდ 150 აღსაზრდელზე] და სარეკრეაციო ზონის განთავსებაზე.

დამკვეთის მიერ მითითებულ საპროექტო კვარტალზე დაგეგმარდეს სოციალური დანიშნულების მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, ხოლო საცხოვრებელი კვარტლების განვითარებისათვის გამოყოფილი დარჩენილი კვარტლები დაგეგმარდეს საცხოვრებელი კომპლექსებისათვის, საინვესტიციოდ“.

ამასთან, პირველი ეტაპზე, „კონკურსში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 150 კალენდარული დღისა დამკვეთთან შესათანხმებლად წარმოადგინოს სოციალური მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის [რომელიც „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახებისთვის იქნება განკუთვნილი – ავტ.] არქიტექტურული პროექტი ძირითადი გეგმარებითი და სივრცითკომპოზიციური გადაწყვეტის ჩვენებით, რომელსაც დამკვეთი განიხილავს 10 კალენდარული დღის განმავლობაში. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, საპროექტო გადაწყვეტა შემსრულებლის მიერ უნდა ჩასწორდეს შენიშვნების შესახებ წერილის მიღებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა“.

საბოლოოდ, როგორც კონკურსში გამარჯვებული დააგეგმარებს და შემდეგ სამინისტრო დაამტკიცებს, იმ გეგმის მიხედვით უნდა განვითარდეს „ოცნების ქალაქის“ ტერიტორია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: