მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

იწვევს კოვიდის ვაქცინა უშვილობას? – ჯანმოს განმარტება 

15.06.2021
იწვევს კოვიდის ვაქცინა უშვილობას? – ჯანმოს განმარტება 

ჯერ კიდევ ვაქცინის გამოჩენამდე გავრცელდა უამრავი მითი იმის შესახებ, რომ ვაქცინა სხვადასხვა გზით აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას. ერთ-ერთი ასეთი დეზინფორმაცია ეხებოდა იმას, რომ ვაქცინები რეპროდუქციულ სისტემას აზიანებენ.

მეცნიერების შეფასებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ვაქცინა გავლენას ახდენს ნაყოფიერებაზე ანუ დაორსულების შესაძლებლობასა და ბავშვის გაჩენაზე.

„ამ საკითხის ირგვლივ ბევრი მითი გვხვდება. თუმცა მეცნიერულად არ არის დადასტურებული რაიმე კავშირი ვაქცინაციასა და შვილოსნობის უნარს შორის, ქალებისა თუ მამაკაცების შემთხვევაში. ვაქცინა იმუნური სისტემის სტიმულირებას ახდენს მხოლოდ კონკრეტული ვირუსის ან ბაქტერიის კონკრეტული ცილის ან ანტიგენის მიმართ.

კოვიდის შემთხვევაში ვაქცინაციის შედეგად ხდება იმუნური სტიმულაციის გამოწვევა SARS-CoV-2 (COVID-19 გამომწვევი) ვირუსის სპაიკცილების მიმართ. შესაბამისად, გამორიცხულია ქალისა თუ კაცის რეპროდუქციული ორგანოების მუშაობის რაიმე შეფერხება. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ: COVID 19 ვაქცინა შვილოსნობის უნარზე / ფერტილობაზე რაიმე ზეგავლენას არ ახდენს”, – ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [ჯანმო] მთავარი მეცნიერი, სომია სვამინათანი.
მენსტრუაციის დროს ვაქცინაციას მეცნიერულად არაფერი უშლის ხელს გარდა იმ ფაქტისა, რომ ასეთ დროს ქალს შესაძლოა ჰქონდეს დაღლილობის შეგრძნება. თუ ვაქცინაციისთვის დაჯავშნილი დრო დაემთხვევა მენსტრუაციას, ვაქცინაციისთვის რამე ხელშემშლელი ფაქტორი არ არსებობს.

ვაქცინების გლობალური ალიანსის GAVI-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ ინფორმაციები მენსტრუალური ციკლის ცვლილებების შესახებ აქამდე ძირითადად სოციალური მედიის საშუალებით ვრცელდება და რომ არანაირი მეცნიერული საფუძველი ამ კავშირს არ გააჩნია. GAVI-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში მითითებულია აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერების კვლევა, რომელიც ამბობს, რომ ვაქცინები უსაფრთხოა ორსულებისთვისაც: „35 000 ადამიანის კვლევამ, რომლებიც აცრის დროს ორსულად იყვნენ, აჩვენა, რომ არ არსებობს გაზრდილი რისკი მწვავე გვერდითი მოვლენებისა ან ორსულობის არასასურველი შედეგების დადგომისა არც Moderna-ს და არც Pfizer / BioNTech-ის ვაქცინებით აცრისას”.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: