23 წლის ბათუმელი ხატია ხოზრევანიძე პროფესიით ბუღალტერია, თუმცა პანდემიის დროს სხვა საქმიანობამაც გაიტაცა და აგერ უკვე წელიწადზე მეტია ჰერბარიუმისგან სამკაულებს ამზადებს.
„ზოგადად, ძალიან მიყვარს ბუნება, ყვავილები განსაკუთრებით. როცა ვხედავდი უცხოურ საიტებზე მსგავს ნაკეთობებს, ყოველთვის აღფრთოვანებით ვუყურებდი და გამიჩნდა სურვილი, მეც გამეკეთებინა.
ყვავილები ძალიან მიყვარს და ყველაზე მეტად ის აღმაფრთოვანებს, რომ მათთვის ახალი სიცოცხლის მიცემა და სამუდამოდ შენახვა შემიძლია,“ – ამბობს ხატია.
მოკლე ხანში ბრენდიც შექმნა და მას „ლულუნა“ დაარქვა:
„ლულუნა ვარ მე, მეგობარმა შემარქვა და ძალიან მიყვარს, თან შეიცავს მთვარეს – ისიც ძალიან მიყვარს და ხშირად ვაკეთებ მთვარის აქსესუარებსაც. იდეაც ძალიან მომეწონა – ლულუნას ლულუნები“.
სამკაულების დამზადება ინტერნეტის საშუალებითა და კომპეტენტური ადამიანების რჩევებით ისწავლა, ნელ-ნელა ყველაფერი გამოუვიდა.
ხატიას დამზადებული სავარცხლები. ფოტო: ლულუნა • Luluna/facebook
აქსესუარი, რომელიც პირველად შექმნა, ტელეფონის დამცავი იყო:
„2020 წლის გაზაფხულზე შევქმენი ტელეფონის ქეისი, რომელიც საკმარისად კარგი არ გამომივიდა და შემდეგ დავიწყე ყელსაბამების კეთება.
ყოველთვის მქონდა გამხმარი ყვავილები. ჩემთვის, ჩემი მეგობრებისთვის შევქმენი, მერე ეს ჰობი ვაქციე ბიზნესად“.
გვირილა ხატიას საყვარელი ყვავილია, აქსესუარშიც გამოიყენა და პირველი სამკაული, რომელიც ტელეფონის დამცავის შემდეგ დაამზადა, სწორედ გვირილას ყელსაბამი იყო.
„გიფსოფილები [მცენარე] მიყვარს ძალიან, ხშირად ვამზადებ აქსესუარებს მათი გამოყენებით“ – ამბობს ხატია.
სამკაულებს ეპოქსიდისა და ჰერბარიუმისგან ამზადებს, ფორმებს ყალიბების საშუალებით ანიჭებს.
ხატიას დამზადებული ყელსაბამები. ფოტო: ლულუნა • Luluna/facebookხატიას დამზადებული ყელსაბამები. ფოტო: ლულუნა • Luluna/facebook
ხატია ამბობს, რომ აქსესუარებში გამოყენებულ მცენარეებს თავიანთი მნიშვნელობა აქვთ:
„ყვავილებს აქვთ თავიანთი დატვირთვა იმ კუთხით, რომ სამახსოვროდ შენახულ მცენარეებს ვიყენებ. მაგალითად, ჩემსას, მეგობრის ან მომხმარებლის, მაგრამ, ძირითადად, მაინც გემოვნების საკითხია“.
დღისით თავისი ძირითადი პროფესიით მუშაობს, ამიტომ აქსესუარებს საღამოობით ამზადებს.
„ფიზიკურად არ მაქვს დრო, რომ დღისით ვიმუშაო, ამიტომ სამკაულებს ღამით ვამზადებ, თუმცა შექმნის პროცესი იმდენად სასიამოვნოა ჩემთვის, რომ არასოდეს ვიღლები.
თანაც ძალიან მოსწონთ მომხმარებლებს ჩემი ნაკეთობები, განსაკუთრებით, გვირილებიანი აქსესუარები და მათზე მოთხოვნაც დიდია.
ისეც ყოფილა, რომ გვიან ღამით შემხმიანებია მომხმარებელი და დაძინების ნაცვლად აქსესუარები გამიკეთებია.
კეთებისას დროს ვერასდროს ვაკონტროლებ.
ჩემს ნაკეთობებს ინდივიდუალიზმი ახასიათებს. მათ სიყვარულით ვქმნი, მომხმარებლის სურვილს ვითვალისწინებ და ბუნებრივ ყვავილებს ვიყენებ,“ – ამბობს ხატია.
ხატიას დამზადებული ბეჭდები. ფოტო: ლულუნა • Luluna/facebookხატიას დამზადებული ყელსაბამები. ფოტო: ლულუნა • Luluna/facebook
სამკაულები რამდენჯერმე ფესტივალებსა და გამოფენებზეც გაუტანია, მაგრამ, უმეტესად, სოციალური ქსელების დახმარებით ყიდის:
„ძირითადად, ვყიდი ონლაინ, ერთ-ერთ მაღაზიაშიც მიდევს სამკაულების ნაწილი.
გამოფენებზეც გამიტანია – შავი ზღვის ფესტივალზე და მანდარინის ფესტივალზე.
გამოფენებმა თავდაჯერებულობა შემმატა იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი დადებითი შეფასება იყო მომხმარებლებისგან.
ამან მოტივაცია მომცა, რომ გამეგრძელებინა ამ საქმის კეთება“.
ამბობს, რომ სამკაულს, რომელიც თავისთვის დაიმზადა, არასოდეს გაყიდის:
„ჩემთვის მაქვს დამზადებული ერთი ყელსაბამი ნეკერჩხლის ფოთლით, რომელსაც არ გავყიდი“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ამჯერად ჯუმბერ ბეჟანიძე ასრულებს. უცნობია, როდემდე იქნება ის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბათუმის სასამართლოში თავმჯდომარის დანიშვნას არ ჩქარობს.
2016 წლიდან 2021 წლის აგვისტომდე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი იყო. ის სამუშაოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადავიდა. აგვისტოდან სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას მოსამართლე დავით კეკენაძე ასრულებდა, რომელიც უკვე პენსიაში გავიდა.
რატომ არ ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს? – საბჭოს პრესცენტრში განმარტეს, რომ კანონი არ აწესებს კონკრეტულ ვადას თავმჯდომარის დასანიშნად, ხოლო თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება ჯუმბერ ბეჟანიძეს დაეკისრა.
„უახლოეს პერიოდში საბჭო იმსჯელებს ამ საკითხზე, კონკრეტულ თარიღს ვერ გეტყვით,“ – გვითხრეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში.
ჯუმბერ ბეჟანიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა 1999 წლიდან. 2004 წელს ის ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეც გახდა, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2005 წლის 16 აგვისტოს, იგი უშუალოდ პრეზიდენტის დადგენილებით გაათავისუფლეს. 2008 წელს ჯუმბერ ბეჟანიძე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გახდა, 2009 წლიდან კი, ჯუმბერ ბეჟანიძე ისევ ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა.
2019 წლიდან ჯუმბერ ბეჟანიძე უვადო მოსამართლედ გაამწესეს.
ამ დროისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში სულ 10 მოსამართლეა, მათ შორის, 3 მოსამართლე განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მოსამართლეობისთვის თავის დანებებას აპირებს თამარ ბეჟანიშვილი, თუმცა ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დაგვიდასტურეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
რატომ არ გადადის სახელმწიფო შშმ პირის სტატუსის მინიჭების სოციალურ მოდელზე და რა პრობლემის წინაშე აყენებს ეს შშმ პირებს?
საქართველომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას გაეროში 2009 წელს მოაწერა ხელი, რითაც დაადასტურა სახელმწიფოს მიზნების თანხვედრა იმ მიზნებსა და პრინციპებთან, რომლებსაც აღნიშნული კონვენცია ეყრდნობა.
2013 წლის 28 დეკემბერს კი, საქართველოს პარლამენტმა ამ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, რომელიც მომდევნო წელს შევიდა ძალაში.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესებიდან ცხრა წელი გავიდა, საქართველო დღემდე არ გადასულა სოციალურ მოდელზე და, შესაბამისად, არც შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესებულა ქვეყანაში. ამ ფაქტს 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, სახალხო დამცველიც გამოეხმაურა.
შშმ პირების თქმით, ხელისუფლებას ამ ხნის მანძილზე არც ერთი რეალური რეფორმა არ გაუტარებია. დღემდე არ არის შემუშავებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების შეფასების სოციალური მოდელი, არ შექმნილა გაეროს კონვენციის აღსრულებაზე პასუხისმგებელი მექანიზმი, არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი სტატისტიკა და ასე შემდეგ.
„ბათუმელები“ ესაუბრა დეა ერემაშვილს, რომელიც შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის – „შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ კონსულტანტია და ასევე, თავადაც არის შშმ პირი.
დეას თქმით, სტატუსის მინიჭების დროს ბიუროკრატიული ბარიერების წინაშე დგანან შშმ პირები და ასევე არ არის გათვალისწინებული ინდივიდუალური საჭიროებები.
„მაგალითად, პრობლემაა ის, რომ არასრულწლოვნების შემთხვევაში სტატუსის გადამოწმება ხდება ყოველ წელს და იმისათვის, რომ გაუგრძელდეს შშმ პირს სტატუსი, გარკვეული სამედიცინო კვლევებია ჩასატარებელი.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გვეუბნებიან, გარკვეულ კვლევებს სახელმწიფო 70 პროცენტით აფინანსებს, თუმცა გვაქვს შემთხვევები, როცა გარკვეული სამედიცინო დაწესებულებები მაინც 100 პროცენტით ახდევინებენ თანხას.
ნერვოლოგის და ფსიქიატრის მომსახურების გარდა ყველა სხვა კვლევა უფასოდ უნდა მიიღონ შშმ პირებმა, თუმცა ასე არ ხდება. ჩვენ ვიცით ერთ-ერთი შემთხვევა, როცა 120 ლარი გადაახდევინეს სტატუსის მინიჭებისთვის.
თუ ექიმის კონსულტაცია 50 ლარი ღირს და სახელმწიფო 70%-ით მაფინანსებს, 120 ლარი რატომ უნდა გადაახდევინოს კლინიკამ შშმ პირს? იმასაც კი არ ეუბნებიან, რაში ახდევინებენ ამ თანხას“, – გვეუბნება დეა ერემაშვილი.
მისი აზრით, ასევე გაუგებარია, თუ რატომ სთხოვს სახელმწიფო სტატუსის გადამოწმებას ისეთ შშმ პირებს, ვის შემთხვევაშიც წლების გასვლის შემთხვევაშიც, რეალურად, არაფერი შეიცვლება.
„მაგალითად, ადამიანს კიდური აქვს ამპუტირებული. ყველა ორ წელიწადში რომ სტატუსის გადამოწმებას სთხოვს, რა, კიდური ამოუვა იმ ადამიანს? სმენის არმქონეს ან დაუნის სინდრომის მქონეს, რატომ სჭირდება ყველა ორ წელიწადში გადამოწმება, დიაგნოზი შეიცვლება? ანუ ორ წელიწადში დაუნის სინდრომი აღარ ექნება ადამიანს? ვფიქრობ, ფულს აკეთებენ უბრალოდ“, – ამბობს დეა.
დეა აქცენტს აკეთებს იმ შშმ პირების მდგომარეობაზეც, რომლებიც სოფლად ან მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ.
„თოვლი რომ მოვა და გზა ჩაიკეტება, ამ პერიოდში თუ მოუწევს პირს სტატუსის გადამოწმება და ვერ მოასწრებს, პენსია უჩერდება. ეს ნორმალურია?
ჩვენი თანამშრომლის შვილი ახლახან გახდა 18 წლის და, წესით, მუდმივი სტატუსი უნდა მიენიჭებინათ. მიანიჭეს მხოლოდ 1 წლით, რატომ? აუტიზმის სპექტრი ერთ წელიწადში გაქრება?“ – კითხულობს დეა ერემაშვილი.
მის თქმით, მსგავსი ხარვეზების აღმოფხვრას სწორედ სოციალური მოდელი შეუწყობს ხელს, რომელზეც სახელმწიფო აქამდე ჯერ კიდევ არ გადავიდა.
„სოციალური მოდელი ამას აღმოფხვრის, რადგან ამ მოდელით შეფასების მენეჯერი გადაამოწმებს შშმ პირის მდგომარეობას და თუ სხვა რაიმე დამატებითი სერვისი გჭირდება, დაამატებენ“.
დეას თქმით, პანდემიის პერიოდში შშმ პირებმა ვერ მიიღეს 100-ლარიანი დახმარება მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სისტემამ შეუშალა ხელი.
„როცა შშმ პირი გადადის ასაკობრივი პენსიის მიმღებთა ბაზაში, იქ არ მიჰყვება სტატუსი და სისტემა ვერ ხვდება, რომ ესა თუ ის ადამიანი შშმ პირია. შესაბამისად, მას უწყდება შშმ პირის პენსია. ამ პრობლემით მოგვმართა 7-მა ადამიანმა პანდემიის პერიოდში, რადგან სახელმწიფო დახმარებების გაცემის დროს ისინი ასაკობრივი პენსიის ბაზაში გადავიდნენ, ვეღარ დაინახა სისტემამ და 100-ლარიანი დახმარება დაკარგეს. მივმართეთ სახელმწიფოს და კვლავ აისახა მათი სტატუსი, მაგრამ ეს პროცესი დროშია გაწელილი და შშმ პირის 2 თვის პენსია ვეღარ აიღეს“, – ამბობს დეა ერემაშვილი.
შშმ პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის კოორდინატორი აჭარაში თომა კაკაბაძე ასევე საუბრობს არსებული მოდელის ხარვეზებზე.
მისი თქმით, დღეს არსებული სამედიცინო მოდელი ხედავს მხოლოდ დიაგნოზს და ამაზე დაყრდნობით ანიჭებს სტატუსს, ერთი დიაგნოზის ქვეშ კი რამდენიმე ადამიანი შეიძლება ერთიანდებოდეს. მაგალითად, ერთ ადამიანს ცერებრალური დამბლა შესაძლოა მსუბუქი ფორმით ჰქონდეს და დამოუკიდებლადაც გადაადგილდებოდეს, მაგრამ მეორე შემთხვევაში, შესაძლოა ეტლით მოსარგებლე იყოს პირი.
ერთ შემთხვევაში შესაძლოა არ ჰქონდეს ინტელექტუალური შეზღუდვა პირს, მეორე შემთხვევაში შესაძლოა ეტლშიც იჯდეს და სხვა მრავლობითი დარღვევებიც ჰქონდეს. ეს ყველაფერი შესაძლოა გაერთიანებული იყოს ერთი დიაგნოზის ქვეშ.
„ამიტომ ახალი, სოციალური მოდელი, ამის დიფერენცირებას მოახდენს და კონკრეტულ ადამიანს, რა საჭიროებაც აქვს, იმის მიხედვით მიენიჭება სტატუსი. ამასთან, სახელმწიფო ზუსტად განსაზღვრავს და მიზნობრივ პროგრამებს შეიმუშავებს იმის მიხედვით, თუ ვის რა საჭიროებები გააჩნია და არ ექნება ვარაუდზე აგებული პროგრამები.
რის გამოც წელიწადში ორჯერ უწევთ ბიუჯეტის შეცვლა და მაინც არ არის საკმარისი, მუდმივად მომლოდინეთა რიგებია. უფრო ნათელი გახდება, ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება ადამიანს, თუ მხოლოდ დამხმარე საშუალებებიც საკმარისია; პერსონალური ასისტენტი სჭირდება, თუ შინ მოვლის პროგრამა. ამ ყველაფერს კი ბიო-ფსიქოსოციალური მოდელი შემოიტანს“, – ამბობს თომა კაკაბაძე.
მისი თქმით, თუ ამ მოდელით მიანიჭებენ სტატუსებს, ეს სახელმწიფოს მისცემს სრულყოფილ და ზუსტ სტატისტიკას შშმ პირების რაოდენობაზე.
სოციალურ მოდელზე გადასვლის გეგმა სახელმწიფომ 2023 წლის პირველ იანვრამდე უნდა შეადგინოს. თუმცა როგორც შშმ პირები ამბობენ, რეალურ ძვრებს ამ მიმართულებით ვერ ხედავენ.
ბათუმის მერიაში საკადრო ცვლილებებია. დღეს, 13 დეკემბერს, ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, ისაუბრა ბრიფინგზე ამ ცვლილებების შესახებ.
ბათუმის ვიცე-მერი ლევან დავითაძე გახდა, რომელიც აქამდე შპს „ბათუმის წყალს“ ხელმძღვანელობდა.
ლევან დავითაძე „ბათუმის წყლის“ დირექტორად 2021 წლის თებერვალში არჩილ ჩიქოვანმა დანიშნა, რომელიც მაშინ მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ბათუმელებმა“ „ბათუმის წყლის“ მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი დააფიქსირა – კერძოდ, „ბათუმის წყალმა“ მმართველი პარტიის ოფისში კუთვნილი ავტომობილით სკამები მიიტანა მაშინ, როცა საარჩევნო კოდექსით წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება აკრძალულია და დასჯადი.
ლევან დავითაძე, ახლა უკვე ბათუმის ვიცე-მერი, საბიუჯეტო ორგანიზაციაში დაწინაურებიდან დღემდე სწრაფი ტემპით მდიდრდება. 2016 წელს, ბათუმის მერიის ა(ა)იპის – ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელად დანიშვნის დროს, მას საკუთარი ბინა არ ჰქონდა. 2020 წლისთვის კი, რამდენიმე თანამდებობის ცვლილების პარალელურად, ორი ბინის და მიწის ნაკვეთის შეძენა მოახერხა, ასევე აიშენა 700 კვადრატული მეტრი სახლი ევრორემონტით ქალაქის გარეუბანში.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, სააგენტოში, 15 დეკემბრიდან დაიწყება განაცხადების მიღება თურქეთის რესპუბლიკაში დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის (სპეციალური) ნებართვების გასაცემად.
ნებართვები გაიცემა 15 დეკემბრიდან, დილის 9.00 საათიდან – სააგენტოს თბილისის, ბათუმისა და ფოთის ოფისებიდან.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ერთ კომპანიაზე გაიცემა მხოლოდ ორი ნებართვა (ერთ ავტომობილზე ერთი ცალი), მიუხედავად განმცხადებლის მფლობელობაში არსებული ავტომობილების რაოდენობისა, ხოლო, ინდივიდუალურ მეწარმეზე გაიცემა მხოლოდ ერთი ნებართვა.
სამივე ფილიალში ნებართვა გაიცემა, როგორც დაჩქარებული, ასევე, დაუჩქარებელი წესით.
„ECMT, ტრასეკას ნებართვების ქონა არ წარმოადგენს თურქეთის სპეციალური ნებართვის მიღებისთვის დამაბრკოლებელ გარემოებას. აუცილებელია წარმოდგენილ იქნას გახარჯული თურქეთის სპეციალური ნებართვა ორიგინალის სახით.
ნებართვის მისაღებად არ არის საჭირო CMR-ის ან ხელშეკრულების წარმოდგენა“ – იუწყება სააგენტო.
აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 – 15 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში იქროლებს, აჭარაში მოსალოდნელი არ არის.
„აჭარაში ძლიერ ქარს არ ველოდებით“ – გვითხრა გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უფროსმა, რუსუდან დიასამიძემ.
მისივე თქმით, თბილი, უმეტესად უნალექო ამინდი აჭარაში 17 დეკემბრამდე შენარჩუნდება, შემდეგ კი აცივდება.
„17 დეკემბრიდან ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი. გახშირდება წვიმიანი ამინდი, მთებში მოთოვს,“ – ამბობს რუსუდან დიასამიძე.
„სოკარის“ ცნობით, ხვალ, 14 დეკემბრის 10:00 საათიდან 14 დეკემბრის 16:00 საათამდე ბათუმში გაზის მიწოდება შეუწყდებათ გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის აბონენტებს.
ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.
„სოკარის“ ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზი სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად მიეწოდება.
„სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დღეს, 13 დეკემბერს, სილქნეტის მობილურ ქსელში ჩართულ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მრავალფეროვანი შეთავაზებიდან აირჩიონ ერთი ან რამდენიმე პაკეტი.
კომბინაციით *202# მსურველი მთელი თვით გაიაქტიურებს სასურველ პირობას:
400 ლოკალური წუთი – 6 ₾
5 GB + 100 ლოკალური წუთი – 7 ₾
700 ლოკალური წუთი – 9 ₾
15 GB უსწრაფესი ინტერნეტი – 10 ₾
30 GB უსწრაფესი ინტერნეტი – 15 ₾
აქციაში ჩართვა შესაძლებელია, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიულ პირებისთვის. ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.
მეგაბაიტების ამოწურვის შემთხვევაში, აქციის ვადის ფარგლებში, ისარგებლებთ ტარიფით 1MB=0.15₾ . წუთები არ ვრცელდება გლობალსელის, ასანეტის და სპეც. დანიშნულების ნომრებზე სასაუბროდ.
ბათუმის საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან მერის კაბინეტიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით, მიწოლით, გაიყვანა.
რეზო ხარაზი იმყოფება მერის კაბინეტის კართან და პოლიციას მიმართავს. ის აცხადებს, რომ „კაბინეტში კორუმპირებული ჩინოვნიკები ზიან“ და პოლიციისგან ითხოვს რეაგირებას:
„იქ შეიარაღებული ჩინოვნიკები ზიან, მერს ველაპარაკებოდი და პოლიცია მომიყვანა, რა უნდა ელაპარაკო.“
რეზო ხარაზმა მიმართა ასევე პოლიციის კონკრეტულ მაღალჩინოსანს, რომელიც ძალადობაში დაადანაშაულა:
„ის სულ ძალადობს აქციებზეც, ხან პანჩურს ურტყამს მოქალაქეებს“.
რეზო ხარაზი ამ წუთებში მერის კაბინეტთან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კრიტიკულ დასკვნას ხმამაღლა კითხულობს.
მერიის შენობაში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ოპოზიციიდან ლევან ანთაძე და ელგუჯა ბაგრატიონიც მივიდნენ.
ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია დღეს, 13 დეკემბერს, დილიდან მერიაში აქციას მართავს. საკრებულოს წევრები მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილისა და ბიზნესმენს შორის დაპირისპირების შემდეგ, მერისგან რეაგირებას ითხოვენ.
13 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 1 527 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 21 264 ტესტი კორონავირუსზე.
გასულ 24 საათში 46 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, აჭარაში – 97, იმერეთში – 216, ქვემო ქართლში – 71, შიდა ქართლში – 98, გურიაში – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 119, კახეთში – 65, მცხეთა-მთიანეთში – 32, სამცხე-ჯავახეთში – 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -4.
12 დეკემბრის ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.80% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.45%.
ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია მერიაში აქციას მართავს. საკრებულოს წევრები მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილისა და ბიზნესმენს შორის დაპირისპირების შემდეგ მერისგან რეაგირებას ითხოვენ.
„იარაღით უნდა ირბინონ მერიის თანამშრომლებმა – მიიღე გადაწყვეტილება?“ – მიმართეს საკრებულოს წევრებმა მერს.
ამ წუთებში საკრებულოს წევრები მერის კაბინეტში იმყოფებიან. ოპოზიციის წევრებმა მერიაში მიიტანეს გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის ფოტოები.
გარდა ამისა, საკრებულოს წევრებმა მერს აუდიტის კრიტიკული დასკვნა შეახსენეს.
ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე ამბობს, რომ მერიის მაღალჩინოსანი, ბესო ცეცხლაძე მას იარაღით დაემუქრა, გავრცელდა დაპირისპირების კადრებიც.
„119 მშენებლობიდან 50-მდე არის უკანონო. ეს წერია აუდიტის დასკვნაში. ჩინური კვარტალი, რომელსაც აშენებენ ბათუმში, ეს არის კორუფცია. ამბასადორი რომ უკანონოდ აშენებს ბათუმის ბულვარში, ესეც არის უკანონობა. მერიის თანამშრომელი ბესო ცეცხლაძე რომ იარაღით დარბის ქუჩებში, ეს არის ბანდფორმირება მერიაში“, – აცხადებს რეზო ხარაზი, ენმ-ს წევრი ბათუმის საკრებულოში“.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, ბიზნესმენი გამოკითხვაზეც იმყოფებოდა, გამოკითხეს ბესო ცეცხლაძეც.
ამ საკითხთან დაკავშირებით არჩილ ჩიქოვანმა განმარტა „ბათუმელებთან“ ჩართვის დროს. მერი ამბობს, რომ დარღვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საქმის წარმოება, ადგილზე შემოწმებისას მუნიციპალურ ინსპექციას გაუწიეს წინააღმდეგობა, თუ რა მოხდა კონკრეტულად, ამას დაადგენს გამოძიება.
ბათუმელი მარიტა ცეცხლაძე 16 წლისაა, მას სხვადასხვა სატელევიზიო მუსიკალური შოუებიდან უკვე იცნობენ.
ბოლო შოუ, რომელშიც მარიტა მონაწილეობდა, „ვოისი“ იყო. მანამდე კი იყო „X ფაქტორი“, სადაც მარიტამ 12 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა.
ახლა მარიტა აბიტურიენტია, ბათუმის #2 საჯარო სკოლაში, XII კლასში სწავლობს და სტუდენტობისთვის ემზადება. პარალელურად ზაქარია ფალიაშვილის პირველ სამუსიკო სკოლაში იღებს მუსიკალურ განათლებას.
„საბავშვო ბაღში, 3 წლის ასაკში შევასრულე პირველი სოლონომერი და იქიდან მოყოლებული არასდროს შემიწყვეტია სიმღერა.
„სიმღერა ჩემშია. გამუდმებით. ყველა მომენტში, ყველა ადგილას ვმღერი, მაშინაც კი, როცა ჩუმად ვარ,“ – ამბობს მარიტა.
მისი მთავარი სიყვარული ჯაზია.
„ყველა ჟანრი მიყვარს, თუმცა ჯაზი ჩემთვის სხვა განზომილებაა. ჯაზი თავისუფლებაა, თავის თავში ყველა ჟანრს მოიცავს, საზღვრებს არ გიწესებს და იმპროვიზაციის საშუალებას გაძლევს.
ჯაზი ცხოვრებაა, რომელსაც შენ ქმნი და თავად ხარ პასუხისმგებელი სიღრმეებზე, რაც მაყურებლამდე უნდა მიიტანო.
სიმღერის დროს მიჭირს საზღვრების დაწესება. ორჯერ ერთი და იმავე სიმღერის ერთნაირად შესრულება ჩემთვის შეუძლებელია. ჩემი ყველა ნამღერი ემოციურადაც განსხვავებულია,“ – ამბობს მარიტა.
2021 წლის ნოემბერში მარიტას მიერ შესრულებული დუკ ელინგტონის სიმღერა – I Don’t Mean a Thing – „ვოისის“ გლობალური პროექტის 2021 წლის ჯაზის 10 საუკეთესო შესრულებას შორის მოხვდა. მარიტა ამბობს, რომ ეს მისთვის ძალიან დიდი სიხარული იყო.
„ეს ჩემთვის კიდევ ერთი მოულოდნელი სიურპრიზი იყო, რადგან მასშტაბებიდან გამომდინარე ამ შესრულების ნახვა შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. სხვა პროექტებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ „ვოისში“ გატარებულმა სამმა თვემ იმაზე მეტი მომცა, ვიდრე აქამდე ჩემს ცხოვრებაში განვლილმა კონკურსებმა,“ – ამბობს მარიტა.
მარიტა ცეცხლაძე
მან გვითხრა, რომ სცენა მისთვის არასდროს ყოფილა უცხო, თუმცა დიდ სატელევიზიო პროექტებში მონაწილეობამ მეტი გამოცილება და თავდაჯერებულობა შესძინა.
„პროექტში გამოჩენამდე ჩემთვის სცენა არც საქართველოში და არც ქვეყნის ფარგლებს გარეთ უცხო არ იყო, მაგრამ სატელევიზიო პროექტი დიდ აუდიტორიას გულისხმობს და ეს ჩემთვის ნამდვილად იყო გამოწვევა. პირველ რიგში საკუთარი თავისთვის უნდა დამემტკიცებინა, რომ მე ეს შემიძლია.
„X ფაქტორის“ დროს 12 წლის ვიყავი. მაშინაც, როგორც „ვოისის“ მიმდინარეობისას, ყველაზე პატარა მონაწილე ვიყავი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია თანაბარი კონკურენციისთვის.
ბავშვობიდან ვმონაწილეობდი სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო კონკურსებში, მაქვს აღებული 7 გრანპრი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შენ ხარ შენი ქვეყნის სახე და გეამაყება, როდესაც შენთან ერთად შენი ქვეყანაც იმარჯვებს.
სატელევიზიო პროექტებმა ჩემი ცნობადობა გაზარდა და ამასთანავე დამარწმუნა, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, გუშინდელი დღეა და დღეიდან ახალი ცხოვრება იწყება, სუფთა ფურცლიდან,“ – ამბობს მარიტა.
მარიტას საყვარელი მუსიკოსები არიან ჯაზის შემსრულებლები: დუკ ელინგტონი, ლუი არმსტრონგი, ელა ფიცჯერალდი, ჩეტ ბეიკერი და სხვები. ძალიან უყვარს ევა კესიდი – „ქალი ანგელოზის ხმით“, უიტნი ჰიუსტონი და ჯეიკობ კოლერი – ახალგაზრდა ბრიტანელი მუსიკოსი, რომელიც ბევრ ინსტრუმენტს ფლობს.
„რაც შეეხება ქართველ ჯაზ შემსრულებლებს, ძალიან მიყვარს ბექა გოჩიაშვილი და პაპუნა შარიქაძე. პროექტ „ვოისში“ მონაწილეობით ერთი ოცნება უკვე ავისრულე და ნიკოლოზ რაჭველთან ვითანამშრომლე, დღემდე იგი ჩემი უსაყვარლესი მეგობარია,“ – ამბობს მარიტა.
მარიტა ცეცხლაძე
ახლა მარიტა აბიტურიენტია და მისი სამომავლო გეგმები მუსიკას და ხელოვნებას უკავშირდება. აპირებს უცხოეთში მუსიკალური განათლების მიღებას და უახლოესი გეგმებიც ამის მიხედვით აქვს დალაგებული. ის ახლა სამუსიკო სკოლის მე-9 საფეხურზეა.
„ფორტეპიანოში გენიალური პედაგოგი მყავს, ნანა შალაძე. მისმა პედაგოგიურმა მიდგომებმა განაპირობა ამ ეტაპზე ჩემი სამომავლო გეგმებიც. მან კლასიკური მუსიკის ისეთ სიღრმეებში ჩამახედა, რომ ფორტეპიანომ ჩემს ცხოვრებაში ისეთივე მნიშვნელობა შეიძინა, როგორც სიმღერამ,“ – გვითხრა მარიტამ.
ჯერ არ გადაუწყვეტია სასურველი ფაკულტეტებიდან რომელს შეარჩევს, მაგრამ ერთი რამ ზუსტად იცის – სასწავლებლად ამ ეტაპზე რჩება ბათუმში, თუმცა გვეუბნება, რომ განიხილავს მთელ რიგ შემოთავაზებებს, რომელზეც ჯერ არ სურს საუბარი.
მარიტა ამბობს, რომ ახლა, აბიტურიენტობის პერიოდში, თავისუფალი დრო ფაქტობრივად არ რჩება, „აბიტურიენტობის მიღმა მთელ დროს მხოლოდ მუსიკას ვუთმობ,“ – გვითხრა მან.
გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ქარიანი ამინდის შესახებ.
„13-15 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი,“ – იუწყება სააგენტო.
ბათუმის ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აღარ მართავს. აჭარის მთავრობამ საავადმყოფო მართვაში ა[ა]იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ გადასცა.
ბათუმის ახალ კლინიკას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2020 წლის 14 აპრილიდან მართავდა, თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მართვის უფლების გადაცემაზე 2021 წლის 20 ოქტომბრის შეთანხმებით გაუქმდა.
ახალ შეთანხმებაში აღნიშნულია: „მხარეებმა [აჭარის სამინისტროებმა] განაცხადეს, რომ შეთანხმება ზუსტად გამოხატავს მათ ნებას“ და „ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ“.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ 100 პროცენტი წილი მართვის უფლებით საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს 2021 წლის 21 ოქტომბრიდან გადაეცა. თავის მხრივ, სამედიცინო ჰოლდინგს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მართავს.
შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ 100 პროცენტი წილი, დოკუმენტების მიხედვით, ამ დროისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რჩება.
ბათუმის ახალი კლინიკის საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის გადაცემაზე საუბარი 2019 წლის ბოლოს დაიწყო:
მოგვიანებით, 2020 წლის მარტში, ცნობილი გახდა, რომ ბათუმის კლინიკა ჰოლდინგს იმ დროისთვის არ გადაეცემოდა, თუმცა მაშინ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ამ ჰოლდინგში აუცილებლად შევიდოდა“.
აჭარის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტმა აჭარის მთავრობას მოუწოდა პანდემიის პრევენციის მიზნით დაფინანსება გაეზარდა.
„COVID19 გავრცელების პრევენციის მიზნით განსახორციელებელი საჭირო ღონისძიებისათვის მიზნობრივი დაფინანსების შემცირება, ყოველდღიურად COVID19-ით ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, არამართებულია და საჭიროებს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში აღნიშნული მუხლის ზრდას,“ – აღნიშნულია კომიტეტის შენიშვნაში.
„2021 წლის 21 ოქტომბერს საავადმყოფო მართვის ფუნქციით გადაეცა ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს, ხოლო არსებული კოვიდსიტუაციის გათვალისწინებით რეგიონში ფუნქციონირებს 2 კოვიდსასტუმრო და 1 საკარანტინე სივრცე, რის გამოც 2022-2025 წწ პროგრამის ბიუჯეტი შემცირებულია“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის პასუხში.
უმაღლესი საბჭოს შენიშვნების საპასუხოდ მომზადებულ დოკუმენტში აჭარის მთავრობა ასევე აღნიშნავს, რომ „რეგიონში ვაქცინაციის დონე ყველაზე მაღალია. სამიზნე მოსახლეობის 60% უკვე აცრილია. შესაბამისად აჭარაში შემცირებულია ინფიცირების შემთხვევები და ასევე, ინფიცირებულ პირთაგან კოვიდსასტუმროში განთავსებაზე მომართვიანობაც“.
„თუ ახალი შტამებით სიტუაცია რადიკალურად არ დამძიმდება, ამ ეტაპზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პროგრამის – „ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებები“ 2022 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 3 მილიონი ლარით.
რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ვირუსის გავრცელების არასტაბილური ფაქტორი. მომავალ წელს კოვიდის მასშტაბის და გავრცელების პროგნოზირება ამ ეტაპზე შეუძლებელია და არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს რაიმე ტიპის პროგნოზი გამოქვეყნებული, ამიტომაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აღნიშნული საკითხის მიმართებაში იმოქმედებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან და აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით, სიტუაციის შესაბამისად,“ – აცხადებს აჭარის მთავრობა.
____________________________
ბათუმში ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობისას ოფიციალურად ითქვა, რომ ის საუნივერსიტეტო კლინიკა იქნებოდა. თუმცა ეს მიმართულება ახალ კლინიკას აღარ აქვს.
ახალმა კლინიკამ ფუნქციონირება 2020 წლის აპრილში დაიწყო და ის ამ პერიოდიდან ძირითადად COVID 19-ის მართვაში იყო ჩართული.
რამდენიმე დღის წინ კი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაცხადა ტენდერი, რომლითაც უნივერსიტეტი არაუმეტეს 120 საწოლზე გათვლილი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის.
ბსუ-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საწოლების რაოდენობა „შესაძლოა დაზუსტდეს/შემცირდეს პროექტირების დროს“.
თურქეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი, ომიკრონის შტამის პირველი შემთხვევები დადასტურდა.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ომიკრონით ინფიცირების 6 შემთხვევა სტამბოლსა და იზმირის პროვინციაში გამოვლინდა.
ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა, რომ ომიკრონით ინფიცირებულ პაციენტებს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ და მათი ჰოსპიტალში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა.
SARS-CoV-2 ვირუსის ახალი შტამი B.1.1.529 პირველად გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში 8 ნოემბერს აღებულ ნიმუშში, საერთაშორისო ანგარიშგება ჯანმოში მოხდა 24 ნოემბერს, ხოლო 26 ნოემბერს მიენიჭა ვარიანტს შეშფოთების სტატუსი (VOC) და დაერქვა „ომიკრონი“.
აშშ-ში, კენტუკის შტატში, ასამდე ადამიანი მიიჩნევა დაღუპულად გამანადგურებელი ტორნადოს შედეგად.
კენტუკის გუბერნატორი, ენდი ბეშიარი აცხადებს, რომ ეს იყო ყველაზე გამანადგურებელი ტორნადო შტატის ისტორიაში.
ტორნადომ გაანადგურა სანთლების ქარხანა, სადაც დაახლოებით 110 ადამიანი იმყოფებოდა. ქარხანა ნანგრევებად იქცა, ამ დრომდე მოხერხდა 40-მდე ადამიანის გადარჩენა.
შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დაკარგულების ძებნა გრძელდება.
12 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 2922 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 35 841 ტესტი კორონავირუსზე.
გასულ 24 საათში 36 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 922 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 380 შემთხვევა, აჭარაში – 162, იმერეთში – 481, ქვემო ქართლში – 178, შიდა ქართლში – 171, გურიაში – 81, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 185, კახეთში – 149, მცხეთა-მთიანეთში – 60, სამცხე-ჯავახეთში – 51, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.
11 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.88% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.42%.
ანგელა მერკელის 16-წლიანი ეპოქის დასრულების შემდეგ, სოციალ-დემოკრატების, მწვანეებისა და თავისუფალ დემოკრატთა პარტიების კოალიციამ ოლაფ შოლცი აირჩია კანცლერად. პოლიტიკური კომენტატორების ნაწილის აზრით, ოლაფ შოლცმა გერმანელი ამომრჩეველი დაარწმუნა, რომ ანგელა მერკელს დაემსგავსებოდა და მის წარმატებაც სწორედ ამან განაპირობა.
როგორც მერკელისა და შოლცის გრძელვადიანი პოლიტიკური დამკვირვებელი, რობინ ალექსანდრე ხსნის, “შოლცი ჰგავს ფეხბურთელს, რომელიც სწავლობდა სხვა მოთამაშის ვიდეოებს და ამის მიხედვით ცვლიდა თავის თამაშს.”
63 წლის სოციალ-დემოკრატი შოლცი ნაცნობი სახეა გერმანიის პოლიტიკაში. იგი 20 წელზე მეტ ხანს მსახურობდა ჯერ შროდერისა და შემდეგ მერკელის მთავრობებში. ბოლოს ის მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ფინანსთა მინისტრი იყო.
გზა კანცლერობამდე
შოლცი დაიბადა ოსნაბრიუკში, ჩრდილოეთ გერმანიაში. გაიზარდა ჰამბურგში, ქალაქში, რომელშიც მოგვიანებით მერის პოსტზე მუშაობდა. ბაბუა რკინიგზელი იყო, მშობლები ტექსტილში მუშაობდნენ. ის და მისი ძმები იყვნენ პირველები ოჯახში, ვინც უნივერსიტეტში წავიდა.
ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლობდა, როცა სოციალ-დემოკრატებს შეუერთდა. ახალგაზრდა სოციალისტმა ათი წელი იმუშავა შრომითი უფლებების იურისტად და იცავდა მუშებს, რომლებსაც ქარხნების დახურვის გამო სამსახურის დაკარგვა ემუქრებოდათ.
სოციალ-დემოკრატების პარტიის გენერალური მდივნის, გერჰარდ შროდერის ადმინისტრაციაში მუშაობის დროს, შოლცი ისეთი ეფექტიანობით იცავდა შრომის ბაზრის მტკივნეულ რეფორმებს, რომ მას მეტსახელი “Scholzomat” (შოლცის ავტომატი) შეარქვეს.
2005 წელს შროდერის მთავრობა დამარცხდა და სოციალ-დემოკრატიული პარტია ანგელა მერკელის უმცროსი მმართველი პარტნიორი გახდა. 2007 წელს შოლცი დაინიშნა შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრად. 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, მან ხელი შეუწყო „მოკლევადიანი დასაქმების“ პროგრამის განხორციელებას. ამ პროგრამამ გერმანიას უმუშევრობის კატასტროფა ააცილა. 2011 წელს ის ჰამბურგის არჩევნებში სოციალ-დემოკრატებს წარუძღვა და 2011 წლიდან 2018 წლამდე ჰამბურგის მერად მსახურობდა. 2018 წელს ფინანსთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი გახდა.
2019 წელს შოლცმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეობა სცადა. ის პარტიის კონსერვატიულ ნაწილს წარმოადგენდა. აღიქმებდა პოლიტიკურ ქამელეონად და პრაგმატულ პოლიტიკოსად, რომელიც ადვილად იცვლის პოზიციას მარცხნიდან მარჯვნივ.
პოლიტიკური კომენტატორების აზრით, სწორედ ამან განაპირობა მისი დამარცხება პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში სასკია ესკენთან და ნორბერტ ვალტერ-ბორიანსთან, რომლებიც პარტიის უფრო მემარცხენე პოლიტიკას აძლიერებდნენ.
მაგრამ 2020 წლის აგვისტოში სწორედ ესკენმა და ვოლტერ-ბორიანსმა წარადგინეს ის კანცლერობის კანდიდატად.
ზოგიერთი პოლიტიკური კომენტატორი, პარტიის მხრიდან შოლცის მიმართ პოზიციის ცვლილებას, პანდემიის დროს ასეულობით მილიარდი ევროს დახმარების მიზნით გამოყოფას შოლცს მიაწერს.
როგორ პოლიტიკას უნდა ველოდოთ შოლცისგან?
ზოგი იმედოვნებს, რომ პანდემიის დროს ფინანსური მხარდაჭერის პოლიტიკაში მისი როლი და წინასაარჩევნო კამპანიაში რიგითიმოქალაქეების წინ წამოწევა იმის ნიშანია, რომ შოლცი, რომელიც აქამდე პოსტიდეოლოგიურ ცენტრისტად მიიჩნევდა თავს, შესაძლოა, უფრო რადიკალურ მემარცხენეობას დაუბრუნდეს.
შოლცი სკეპტიკურად უყურებს ბაიდენის პოლიტიკას. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ბაიდენის პოლიტიკა არის „უპირველესად ამერიკა“-ს უფრო თავაზიანი ვერსია. ამიტომ ენერგიას ევროკავშირის გაძლიერებაზე გაამახვილებს, ამბობენ მისი მრჩევლები.
რას უნდა ველოდოთ რუსეთთან მიმართებაში? Financial Times თანახმად, რუსეთი პირველ საგარეო პოლიტიკურ გამოცდას უწყობს გერმანიის მომავალ კანცლერს, ოლაფ შოლცს და მის „შუქნიშან კოალიციას“ – სოციალ-დემოკრატების, მწვანეებისა და ლიბერალების მთავრობას. ეს იქნება ადრეული მინიშნება იმაზე, თუ როგორ გადაუხვევს ახალი მთავრობა მოთმინების დიპლომატიას და ანგელა მერკელის წლების განმავლობაში მხარდაჭერილი მდგრადი ჩართულობის პოლიტიკას.
„ევროკავშირში ანგელა მერკელის მსგავსად სხვას არავის შეეძლო ვლადიმერ პუტინთან გამკლავება უკანა არხებით“, – ამბობს კატრინ კლუვერ ეშბრუკი, გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დირექტორი.
მისივე აზრით, ეს ასევე გამოცდის იმ არგუმენტებს, რომლებიც ბერლინის საგარეო პოლიტიკის კრიტიკოსებმა შემოგვთავაზეს. კერძოდ, არგუმენტები ეხება თავისი გიგანტი მეზობლის მიმართ გერმანიის საუკუნოვან შიშებს, სენტიმენტებსა და დანაშაულის გრძნობას. ამ ყველაფრის გამო გერმანია ვერ ხედავს მოსკოვის რეალურ განზრახვებს.
„გერმანიის ისტორიით განპირობებულმა რეფლექსებმა დაამახინჯა მისი შეხედულება რუსეთის შესახებ და გავლენას ახდენს მისი ქცევაზე“, – ამტკიცებს ჯონ ლაფი თავის ახალ წიგნში, „გერმანიის რუსული პრობლემა“.
გასულ თვეში გამოქვეყნებული კოალიციური კონტრაქტი ასახავს მწვანეთა უფრო მკვეთრ შეხედულებებს პუტინის პოლიტიკის საფრთხეებზე საერთაშორისო მშვიდობისა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის შესახებ. რუსეთთან ურთიერთობა, დიქტატორის წინააღმდეგ ბრძოლაში ბელორუსი ხალხის მხარდაჭერისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის შემდეგ მოდის. ეს ნიშნავს, რომ გერმანია აღიარებას ევროკავშირის პარტნიორების უსაფრთხოების უფრო ღრმა შეშფოთების.
„ჩვენ გავითვალისწინებთ საფრთხის განსხვავებულ აღქმას და ყურადღებას გავამახვილებთ რუსეთის მიმართ ევროკავშირის საერთო და თანმიმდევრულ პოლიტიკაზე“, – ნათქვამია განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია კონსტრუქციული დიალოგისა და ჩართულობის შესახებ. ის ბერლინს ავალდებულებს, „მიხედოს ორივე მხარის ინტერესებს“, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო უსაფრთხოებას – ფორმულირება, რომელიც ატარებს ეგრეთ წოდებულ Putinversteher-ს, ანუ პუტინის ჩურჩულის ანაბეჭდებს შოლცის პარტიაში.
კონტრაქტში არაფერია ნახსენები „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ შეჩერებაზე, როგორც ეს მწვანეებს სურდათ. ამის ნაცვლად, მილსადენის საკითხი გადაეცა გერმანიის ქსელის მარეგულირებელს, რომელსაც შეუძლია პროექტი დაამტკიცოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სრულად შეესაბამება ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობას, რომელიც მოითხოვს მილსადენის საკუთრების განცალკევებას და ფასების გამჭვირვალობას.
ამან გააძლიერა პროექტის კრიტიკოსების, განსაკუთრებით უკრაინის გაზის ოპერატორის იმედები, რომელიც ბალტიის ზღვის მილსადენის გაგრძელების შემთხვევაში სატრანზიტო შემოსავლიდან მილიარდებს დაკარგავს.
შოლცმა, როგორც ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, შესაძლოა უკეთ გაუძლოს ბიზნესის ზეწოლას რუსეთის წინააღმდეგ უფრო ღრმა ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გერმანია იქცეს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ფოლადის შემაკავებელ ძალად.
საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით ადევნებს თვალს, რა პოზიციას დაიჭერს გერმანიის ახალი კანცლერი რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მიმდინარე კრიზისში. შოლცი გამოეხმაურა უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების მოძრაობას. მისი პოზიციაა რუსეთს „ძალიან ნათლად“ განუცხადოს, რომ უკრაინის მიმართ შემდგომი მუქარა მიუღებელია.
ახალმა კანცლერმა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებული დაძაბული სიტუაციაზე საუბრისას თქვა, რომ საჭიროა დეესკალაციის პრინციპების დაცვა. “ამაში შედის საზღვრების ხელშეუხებლობა. ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ იჭრება ისტორიის წიგნებში საზღვრების გადახაზვის მცდელობით”, – თქვა მან. – „ამიტომ, ძალიან, ძალიან ცხადი უნდა იყოს, რომ მიუღებელი იქნება, თუკი უკრაინას საფრთხე დაემუქრება“.
____
სტატია უცხოურ მედიაზე დაყრდნობით მოამზადა ნია კალანდაძემ
60 წლის პენსიონერი, ლიანა ცინცაძე წლებია გარე მოვაჭრეა. ბავშვობაში დედას ეხმარებოდა ვაჭრობაში, დღეს კი სრულიად მარტოა დახლთან და ყვავილებს, სანთლებსა და სხვა წვრილმანებს ყიდის ყოველდღე.
საკუთარი თავისთვის ფულს ვერასდროს იმეტებს, არ ახსოვს, ბოლოს რა ნივთი შეიძინა. დიდი ხანია უნდა ინახულოს შვილები, რომლებიც არ ცხოვრობენ ბათუმში, მაგრამ ვერ ახერხებს. ლიანა ამბობს, რომ მოგზაურობა მისთვის სახიფათოა, რადგან გული აწუხებს.
ლიანა ცინცაძის დღე ადრე დილით იწყება, სახლიდან ვაჭრობის ადგილას ეზიდება გასაყიდ ნივთებსა და მცენარეებს. ლიანას კუთხის თაროები ერთმანეთზე დაწყობილი მუყაოსა და ხის პატარ-პატარა ყუთებია. დახლის მოწყობის შემდეგ ლიანა პატარა სკამში მოკალათდება და გამვლელ-გამომვლელის თვალიერებას იწყებს, გვიან ღამემდე ელოდება მყიდველს.
ლიანას განსაკუთრებით ახარებს, როცა მცენარეებს ყიდულობენ მისგან. უამრავ რჩევას აძლევს ყვავილების მყიდველებს, თუ როგორ უნდა მოუარონ, გაზარდონ და გაახარონ მცენარეები.
ბათუმში ხშირად წვიმს. ლიანა თავის დახლს ცელოფნით ფარავს, თუმცა ეს არ არის საკმარისი წვიმისა და ქარის შესაკავებლად. ხშირად სველდება და სცივა. ამბობს, რომ ბევრი ტანსაცმლის ჩაცმა არ შველის სიცივეს, განსაკუთრებით ბათუმურ თავსხმა წვიმაში.
ლიანა „ბათუმელებს“ თვის მთავარ საზრუნავზეც ესაუბრა, ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და მუდმივი მასაჟი სჭირდებათ, სახელმწიფო პროგრამით სარგებლობენ, მაგრამ არ არის საკმარისიო.
როგორც ქალი ამბობს, კერძო მასაჟი აქამდე 40 ლარი ღირდა. წუხს, რომ შეიძლება ახლა კიდევ უფრო გაძვირდა. „არადა, ბავშვების ფიზიკური განვითარებისთვის გამოსავალი მხოლოდ ეს არის – მასაჟი“.
ლიანას სხვა არაერთი სადარდებელიც აქვს – წამლების ფასებზე სწუხს. ამბობს, რომ წამალი მასაც სჭირდება და ბავშვებსაც. „სოციალური კი აქვთ ბავშვებს, მაგრამ ჭამა ხომ უნდათ? წამალი რითი ვიყიდოთო?“
ბოლოს რა იყიდეთ თქვენთვის და როდის? – ეს იყო კითხვა, რაზე პასუხის გაცემა ყველაზე მეტად გაუჭირდა ლიანას. ამბობს, რომ 1-2-ლარიანი „ნასკის“ ყიდვის უფლებას თუ მისცემს საკუთარ თავს, სხვა რამ კი წლებია არ შეუძენია.
კიდევ ერთი კითხვა, რომელმაც პენსიონერ ქალს საფიქრალი გაუჩინა, იყო მოგზაურობაზე თუ უოცნებია – სხვადასხვა ქვეყანაში წასვლასა და დათვალიერებაზე. თქვა, რომ არა – ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, ახლო-მახლოში თუ გადავალ, ეგ არის ჩემი მოგზაურობაო.
კორონავირუსის პანდემიამდე საზღვრებს მიღმა, სეზონურ სამუშაოზე ასობით ბავშვი მუშაობდა. ბავშვები თხილისა და ჩაის საკრეფად მშობლებთან ერთად გადადიოდნენ და იქ სეზონის დასრულებამდე რჩებოდნენ.
სანდრა ხალვაში 17 წლის აბიტურიენტია ბათუმიდან. 13 წლის იყო, როცა მშობლებთან ერთად სამუშაოდ წავიდა თურქეთში, სამსუნთან ახლოს, თხილის საკრეფად. იმ ზაფხულის ცხელი აგვისტო სანდრამ თხილის კრეფაში გაატარა, საქართველოში დაბრუნებულმა კი გამომუშავებული ფულით ტელეფონი იყიდა.
„ჩემი მშობლები საქართველოში დასაქმებულები არიან, მაგრამ აგვისტოს თვეში ყოველთვის მამაჩემი იღებდა შვებულებას იმის გამო, რომ იქ უფრო მეტს აკეთებდა, ვიდრე აქ, იმ ერთ თვეში. თავიდან ჩემი უფროსი და იყო წასული. ჩამოვიდა და დავინახე, რომ საკუთარი ფულით, რაც უნდოდა იმას ყიდულობდა. მეც მომინდა. ჩემს მშობლებს ვერ მოვთხოვდი მომეცი ტელეფონის ფული, როცა ვთქვათ იქ ტანსაცმლის ყიდვა იყო საჭირო.
თან მაინტერესებდა რას მუშაობდნენ, რას აკეთებდნენ წლების მანძილზე ჩემი მშობლები. თეორიულად კი ვიცოდი, მაგრამ პრაქტიკულად მინდოდა გამომეცადა,“ – ასე იხსენებს სანდრა იმ ზაფხულს, მშობლებს თურქეთში სამუშაოდ წაყვანა რომ სთხოვა.
სამუშაო შავიზღვისპირა ქალაქ სამსუნთან ახლოს სოფელში იყო, იქ 35 დღის განმავლობაში სანდრა მშობლებთან ერთად თხილს კრეფდა. ეს იყო მისი პირველი სამუშაო გამოცდილება.
„მახსოვს, რომ დილით ადგომა, როცა ძილი ყველაზე მეტად მიყვარს, არ გამჭირვებია. მახსოვს, უფროსები, რომლებიც იქ იყვნენ, თვითონ თურქები, არასოდეს გვიშვებდნენ ისეთ ადგილებში, სადაც მუშაობა შეიძლება სახიფათო ყოფილიყო ბავშვისთვის ან მოხუცებისთვის. ვგულისხმობ ხრიოკ, ციცაბო, სახიფათო ადგილებს. დილის ექვსზე ვდგებოდით, შვიდზე უნდა ვყოფილიყავით სამუშაოზე. საღამოს ექვსზე ვამთავრებდით. შუალედში დასვენებაც გამოდიოდა.
ვერ ვიტყვი, რომ ის 35 დღე გამიჭირდა. პირიქით, ყოველი დღე მოტივაციას მაძლევდა, როდესაც ჩემს მიერ შედგენილ კალენდარში მორიგ დღეს გადავხაზავდი ხოლმე და ვამბობდი, აი, დღეს ამდენი ფული მაქვს. ხვალ ამდენი მექნება…“ – იხსენებს სანდრა.
სანდრას თქმით, მიუხედავად დღის განმავლობაში თავაუღებელი შრომისა, ის ზაფხული მაინც კარგად ახსოვს.
„მარტო შრომა არ იყო. გართობაც იყო. საღამოობით როდესაც ვბრუნდებოდით, ტანსაცმელს გამოვიცვლიდით, ვთამაშობდით, ვსაუბრობდით, ვერთობოდით. როცა ჩამოვედი უკვე სკოლის დაწყების დრო იყო. ჩემი კლასელები მეკითხებოდნენ – როგორი იყო? როგორ დგებოდი დილით? არ გიჭირდა? კარგად მახსოვს ჩემი დირექტორის რეაქცია, მასწავლებელს უთხრა სანდრა ახალი ჩამოსულია თურქეთიდან და მოდი ბევრი დავალებებით არ დატვირთოო. მეორე წელსაც ვიყავი წასული. მეორე წელს ისე არ გაამართლა, როგორც პირველ წელს. პირველად თუ 35 დღე ვიყავი, მეორე წელს 15 დღე დავრჩით მხოლოდ,“ – იხსენებს სანდრა.
კითხვაზე რა შეცვალა იმ ზაფხულმა მის ცხოვრებაში, როცა მუშაობა დაიწყო, სანდრა ამბობს, რომ შრომის ფასი ისწავლა.
„ჩემი აზრით, ცხოვრება მარტო გართობა არ არის. ვფიქრობ, ბავშვობიდანვე უნდა მიეჩვიოს ადამიანი ფულის გამომუშავებას, რომ გაიგო ფულის ყადრი. როცა მშობლების ხარჯზე ცხოვრობ, ზრდასრულ ასაკში გიჭირს შენი იშოვო, რადგან სხვანაირად ხარ მიჩვეული. მიჩვეული ხარ, რომ ყოველთვის მშობელმა მოგცეს, ყოველთვის მისი უნდა გამოიყენო. როცა ბავშვობიდან ეჩვევი, ნელ-ნელა იზრდები და იცი როგორ უნდა იშოვო ფული.
ვერ ვიტყვი, რომ როგორც ბავშვმა ფუჭად დავკარგე ის ზაფხული. პირიქით, დიდი გამოცდილება მივიღე. წიგნები მქონდა წაღებული. როცა წვიმდა, წიგნებს ვკითხულობდი. წერა მიყვარს, მაგრამ წერით ვეღარ ვწერდი. მაინც ფიზიკური შრომა მიწევდა, ხელები დაკავებული მქონდა მთელი დღე და აღარ შემეძლო წერა,“ – ამბობს სანდრა.
მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტია, სანდრა მუშაობას ბათუმშიც აგრძელებს. ზაფხულობით მუშაობს მიმტანად, არიგებს ფლაერებს, მუშაობს სტადიონზე ბილეთების შემმოწმებლად.
სანდრას ვკითხეთ, რა განასხვავებს შრომას საქართველოსა და საზღვარგარეთ მისთვის.
„საქართველოში მაინც შენს მშობლიურ მიწაზე ხარ, სხვანაირი შეგრძნებაა. იქ რომ მიდიხარ, უფრო მეტი შიშის გრძნობა გაქვს. უფროსები როგორ მოიქცევიან. როგორი უფროსი გეყოლება. შეიძლება ისეთი ხელმძღვანელი შეგხვდეს, რომ მთელი თვე შიშის ქვეშ იყო. თუმცა საქართველოში ზოგჯერ უფრო კაპასი უფროსები გვყავს, ვიდრე იქ,“ – ამბობს სანდრა და აგრძელებს:
„როგორც არ უნდა მჭირდებოდეს, ჩემს მშობლებს ფულს ვერ ვთხოვ. სულ მერიდება ხოლმე.
დედაჩემს დღემდე ფიზიკურად მუშაობს, სახსრები აწუხებს. რთულია ადგე და უთხრა – მე მჭირდება ფული მეგობრის დაბადების დღისთვის ან რაღაცისთვის. არ არის მარტივი საქმე ფულის შოვნა და მუშაობა. ხანდახან მაინც მიწევს ხოლმე, მაგრამ ძირითადად ვცდილობ პატარ-პატარა სამუშაოები ვიპოვო – ფლაიერების დარიგება იქნება ეს თუ სტადიონზე, ბილეთების გატარება.
ვცდილობ, ისეთ ადამიანებთან მქონდეს კონტაქტი, ვინც დამასაქმებს სეზონურად. რთულია სხვას მოსთხოვო, როცა იცი, რომ არც მას ულხინს ცხოვრებაში“.
აპირებს ფილოლოგი გახდეს, თუმცა ჯერ საბოლოო არჩევანი არ გაუკეთებია ქართულ ფილოლოგიას აირჩევს თუ ინგლისურს. უფრო ინგლისური უნდა, რადგან ფიქრობს საზღვარგარეთ წასვლის ასე უფრო დიდი შანსი ექნება.
„ჩემი ოცნება არის საზღვარგარეთ მოგზაურობა, თუნდაც იქ დასაქმება. იქ უფრო მეტი პერსპექტივაა, ვიდრე საქართველოში. ყველა გარბის საქართველოდან თუ დააკვირდებით, ურჩევნიათ ემიგრაციაში იცხოვრონ, იმუშაონ. ფული გჭირდება იმისათვის, რომ იცხოვრო. საქართველოში ცოტა რთულადაა საქმე. რითი უნდა ირჩინო თავი, როცა ყველაფრის ფასი მირბის ზემოთ და ხელფასები ქვემოთ?
თუ ქართულის მასწავლებელი გავხდები, ალბათ ბავშვებთან ისეთი ვიქნები, რომ ბავშვობიდანვე ვასწავლი არამარტო სამუშაოს მიმართ, არამედ სკოლის მიმართაც სიყვარულს. ძალიან ბევრი ბავშვია, რომელიც სკოლას ვერ იტანს. სინამდვილეში არც ისე საძულველია სკოლა და მინდა ეს სხვანაირადაც ვაჩვენო ბავშვებს. მთავარი ოცნება მაინც ისაა, რომ ჯერ სტუდენტი გავხდე.
ვიცი, ოცნებების ასახდენად მე თვითონ უნდა ვიშრომო და ვიბრძოლო, იმიტომ, რომ ეს ცხოვრება არის ნამდვილი ბრძოლა“.
ბათუმის მერია მიუსაფარი ცხოველების მოვლის მომსახურებას შეისყიდის, შესყიდვის ღირებულება 351 700 ლარია, წინადადებების მიღება 2021 წლის 20 დეკემბერს უნდა დასრულდეს, თუმცა მომსახურებას მერია 2022 წლის ბიუჯეტიდან დააფინანსებს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ საჭიროების შემთხვევაში მიუსაფარი ცხოველების, ძირითადად კატებისა და ძაღლების მოვლის მომსახურებების ვალდებულება უნდა აიღოს.
ბათუმის ტერიტორიიდან [სულ-2600] უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების (ზრდასრული ძაღლი, კატა) დაჭერა და ტრანსპორტირება, სტერილიზაცია, კასტრაცია, კვება, ვაქცინაციასთან დაკავშირებული პროცედურები (ვაქცინაცია, დაბირკვა ან/და ტატუირება), საჭიროების შემთხვევაში კლინიკაში შეყვანილი ცხოველების ევთანაზია (ჰუმანური დაძინება ნარკოზით), ტრავმირებული ცხოველის მკურნალობა მ/შ ოპერაციული მკურნალობა. – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტებში.
სატენდერო დოკუმენტებში გაწერილია ასევე სხვადასხვა ტიპის მომსaხურებების პირობები. გარდა ამისა მერიის მოთხოვნით ვეტერინალურ კლინიკაში, რომელიც გამარჯვებულ კომპანიას მოემსახურება უნდა ფუნქციონირებდეს ცხელი ხაზი დილის 9:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, გარდა კვირისა და დასვენების დღეებისა.
მიუსაფარი ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობას ბათუმში აქციებით აპროტესტებდნენ, ამ საკითხზე ცხოველების დამცველები 2021 წლის ზაფხულში ბათუმის მერისა მოვალეობის შემსრულებელს არჩილ ჩიქოვანსაც შეხვდნენ. ეს შეხვედრა მას შემდეგ შედგა, როცა ბათუმის ცენტრიდან მიუსაფარი ძაღლები ბათუმის ნაგავსაყარზე წაიყვანეს, ტურისტების თვალს მოარიდეს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი არაუმეტეს 120 საწოლზე გათვლილი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის. უნივერსიტეტმა პროექტის შესყიდვაზე ტენდერი 100 ათასი ლარით გამოაცხადა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საწოლების რაოდენობა „შესაძლოა დაზუსტდეს/შემცირდეს პროექტირების დროს“.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, საუნივერსიტეტო სტაციონარი, ეს არის „სამედიცინო პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კუთვნილი, მრავალპროფილიანი, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე, კვალიფიციური ექიმებითა და აკადემიური პერსონალით დაკომპლექტებული სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, რომელშიც მიმდინარეობს დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება და სამეცნიერო კვლევა; საუნივერსიტეტო კლინიკა, იმავდროულად, წარმოადგენს რეფერალურ მრავალპროფილიან (მ.შ. პედიატრიულ) სტაციონარს.“
უნივერსიტეტის ინფორმაციით, სასწავლებელში ხორციელდება „ფიზიკური მედიცინის და სამედიცინო რეაბილიტაციის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და უნივერსიტეტი ამ მიმართულებით ამზადებს კადრებს, შესაბამისად კლინიკაში გათვალისწინებული უნდა იყოს რეაბილიტაციის ცენტრი. ასევე, ვინაიდან საუნივერსიტეტო სივრცეში ყურადღება ექცევა სამეცნიერო კველვების წარმართვას, საუნივერსიტეტო კლინიკაში უნდა გამოიყოს გარკვული სივრცე კლინიკური კველევებისთვის“.
[toggle title=”საუნივერსიტეტო სტაციონარის შესახებ ვრცლად ნახეთ აქ“]რეფერალური მრავალპროფილიანი სტაციონარი (ქვეტიპი „AD“) – რომელშიც 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფილია სრული ამბულატორიულ სადიაგნოსტიკო, IV დონის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (მათ შორის, ტრავმის/დაზიანების მართვის IV დონის) სერვისის, სამივე (I, II და III) დონის ინტენსიური მოვლის, III დონის ქირურგიული, III დონის პერინატალური (სამეანო და ნეონატოლოგიური (ასეთი სერვისის განხორციელების
შემთხვევაში), III დონის კარდიოლოგიური და III დონის ნევროლოგიური სერვისების მიწოდება.
იგი წარმოადგენს რეფერალის ბოლო საფეხურს როგორც გადაუდებელი დახმარების, ასევე, ბაზისური და მთელი რიგი სპეციალიზებული სერვისების მიწოდების თვალსაზრისით. ასევე, ის შეიძლება აწვდიდეს ხანგრძლივი მოვლის სერვისებს. შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში მას, ასევე, შეუძლია აწარმოოს სხვა დამატებითი სერვის(ებ)ი.
ბავშვთა სერვისების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი სპეციალისტების არსებობის შემთხვევაში; ქვეტიპი „AD“ – სერვისები: EmergIV + TrIV +SurgIII+ PerIII7 +ICUI,II,III + CorIII + NeurIII;
IV დონე – პაციენტისათვის 24 საათის მანძილზე ხორციელდება ყოველმხრივი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ერთეულში მორიგეობს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმი-სპეციალისტ(ებ)ი. ამ დონეზე ხორციელდება: თერაპიული, ქირურგიული (მ.შ. ნეიროქირურგია), ტრავმატოლოგიაორთოპედიული, სამეანო-გინეკოლოგიური, პედიატრიული, რეანიმატოლოგიაანესთეზიოლოგიური სერვისების მიწოდება ადგილზე. გასათვალისწინებელია, რომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრმა/დეპარტამენტმა, საჭიროების შემთხვევაში,
უნდა უზრუნველყოს – სხვა ექიმსპეციალისტთა (მ.შ. ხელშეკრულებით განხორციელებული სპეციალისტების არსებობის პირობებში) მომსახურების მიწოდება, სამედიცინო საჭიროების დადგომიდან 30 წუთის განმავლობაში.
ტრავმის/დაზიანების მართვის IV დონე – მრავალპროფილური მაღალტექნოლოგიური ან რეგიონის წამყვანი მრავალპროფილური სტაციონარული დაწესებულება, რომელიც ფლობს სამედიცინო პერსონალის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულ რესურსს ტრავმის/დაზიანების ნებისმიერი ასპექტის ყოველმხრივი მოვლის უზრუნველსაყოფად.
ტრავმის/დაზიანების მართვის ამ დონეზე 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს შემდეგი სერვისები: ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია-ორთოპედია, ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია, ნეიროქირურგია, ნევროლოგია, კარდიოლოგია, ენდოსკოპია, რადიოლოგია (კომპიუტერული ტომოგრაფია ან/და მაგნიტურ-ბირთვული რეზონანსი)და ლაბორატორიული სამსახური, ხოლო სისხლძარღვთა, თორაკალური და პლასტიკური და რეკონსტრუქციულქირურგიული სერვისები შესაძლებელია განხორციელდეს ექიმკონსულტანტების მეშვეობით.
III დონის ინტენსიური მოვლა – ინტენსიური მკურნალობა/მოვლა პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ:
1. ორი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, საჭიროებენ ორი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, ჰემოდინამიკის რეგულაცია, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია) და/ან
2. ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, საჭიროებენ ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, ჰემოდინამიკის რეგულაცია, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია) და პარენტერალურ კვებას და/ან 3. ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა და ნოზოკომიური ინფექცია, საჭიროებენ ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, ჰემოდინამიკის რეგულაცია, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია).
III დონე – დაწესებულება, სადაც ხორციელდება კარდიოქირურგიული სერვისი. სადაც კარდიოლოგიურ სერვისთან ერთად ხორციელდება ინტერვენციული კარდიოლოგიის (ანგიოკარდიოგრაფიული (კათეტერიზაციის) ლაბორატორიით) სერვისი და/ან ენდოკარდიული პეისმეიკერის იმპლანტაცია და კათეტერული აბლაცია. ამ დონეზე გაურთულებელი კარდიოლოგიური შემთხვევების გარდა ხორციელდება შემდეგი მდგომარეობების მართვა: მწვავე კორონარული სინდრომი ST-სეგმენტის ელევაციით, არასტაბილური სტენოკარდია/მწვავე კორონარული სინდრომი ST-სეგმენტის ელევაციის გარეშე, თრომბოზული გართულებების მაღალი და საშუალო რისკის ერთი ან რამდენიმე ნიშნის არსებობისას, რითმისა და გამტარებლობის დარღვევები;
III დონე – დაწესებულება, რომელიც სრულ ნევროლოგიურ სერვისთან ერთად აწარმოებს ნეიროქირურგიულ და რადიოლოგიურ (მ.შ. კომპიუტერული ტომოგრაფია ან/და მაგნიტურბირთვული რეზონანსი) სერვისს. ბავშვთა სერვისების განხორციელების შემთხვევაში, ასევე, ემატება ნეიროფიზიოლოგიური (ეეგ, ემგ) სერვისი.
III დონე – აწარმოებს I, II, III, IV და V კატეგორიის ქირურგიულ ჩარევებს.
ტენდერის ტექნიკური დავალებიდან[/toggle]
ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 18 დეკემბერს დაიწყება და 20 დეკემბერს დასრულდება. „ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარული დღეში უნდა მოხდეს არქიტექტურული ესკიზის წარმოდგენა. იმ შემთხვევაში თუ ესკიზი არ იქნა დამაკმაკოფილებელი დამკვეთისათვის ავტორს მიეცემა დამატებით 5 დღე კონკრეტული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.
ტენდერში გამარჯვებულმა ესკიზური პროექტის შეთანხმების შემდეგ 50 კალენდარული დღის ვადაში, უნივერსიტეტს სრული პროექტი უნდა წარუდგინოს.
პირობის მიხედვით, „არქიტექტურული, კონსტრუქციული, საინჟინრო-გეოლოგიურ და სახარჯთაღრიცხვო ნაწილებზე ექსპერტიზა და შესაბამისი დადებითი დასკვნა შეიძლება წარმოდგენილი იყოს სერთიფიცირებული და შესაბამისი გამოცდილების იურიდიული, ან ფიზიკური პირის შესრულებით“.
ამ დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ განისაზღვრება საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობისთვის საჭირო თანხა და ვადები.
„იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩნდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გაუთვალისწინებელი დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა, ამ დამატებითი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა განხორციელდება ანაზღაურების გარეშე. პროექტირების პერიოდში საპროექტო დავალებით გაუთვალისწინებელი სამუშაოების დაპროექტების საკითხი წერილობით თანხმდება შემსყიდველთან.“ – აღნიშნულია ტენდერში.
ბათუმში ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობისას ოფიციალურად ითქვა, რომ ის საუნივერსიტეტო კლინიკა იქნებოდა. თუმცა, ეს ასე ვთქვათ პროფილი, ახალ კლინიკას აღარ აქვს.
ბათუმის რესპუბლიკურში ეს საკითხი სამი წლის წინ ასე განმარტეს: „ცოტა არასწორადაა აღქმული ეს საუნივერსიტეტო კლინიკის არსი. საუბარია კლინიკის ისეთი მუშა სტრუქტურის შექმნაზე, რომელშიც გარკვეული როლი აქვს აკადემიურ კომპონენტს. საუნივერსიტეტო კლინიკა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ის უნივერსიტეტს ეკუთვნის… ჩვენ და უნივერსიტეტი ვთანამშრომლობთ რამდენიმე წელია და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება, უბრალოდ, ახალ კორპუსში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ ყველა დეპარტამენტში იყოს სასწავლო ოთახები. ამასთან, შევეცდებით შევიძინოთ ისეთი აპარატურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გარდა სამედიცინო ფუნქციისა, შეასრულოს სწავლების ფუნქციაც“.
ახალ კლინიკას შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ მართავს. კლინიკამ ფუნქციონირება 2020 წლის აპრილში დაიწყო და ის ამ პერიოდიდან ძირითადად COVID 19-ის მართვაშია ჩართული.
ბათუმის საკრებულოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილისა და ბიზნესმენის დაპირისპირებას გამოეხმაურნენ. ისინი შესაბამის რეაგირებას ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს სთხოვენ.
„სამწუხარო და ამავდროულად უბედურებაა ის, რომ მერიის თანამშრომლები უკვე, ლამის დეშეკათი დარბიან, იმისთვის, რომ ქალაქში ზედამხედველობის სამსახურმა თავისი ფუნქცია შეასრულოს.
მერის ასე ჩუმად ყოფნა და დუმილი ნიშნავს იმას, რომ მას უფლება აქვს მიცემული, შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა, თუნდაც იმ მოსახლეობას ელაპარაკოს, რომელიც კანონდარღვევით აშენებს. ყველაფერი ეს იმ ფონზე ხდება, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ უკანონობის პიკია, თუნდაც ბულვარში მშენებლობაზე. თუნდაც ჩინური კვარტლის მშენებლობაზე, სადაც ზედამხედველობის სამსახური ხმას არ იღებს“ – განაცხადა ენმ-ის წევრმა, რეზო ხარაზმა ბრიფინგზე.
„ჩინურ კვარტალს“ რეზო ხარაზი უწოდებს გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობას, რომლის შეჩერებაც მერიამ ვერ შეძლო.
ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე ამბობს, რომ მერიის მაღალჩინოსანი, ბესო ცეცხლაძე მას იარაღით დაემუქრა, გავრცელდა დაპირისპირების კადრებიც.
შსს-ს ინფორმაციით ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, ბიზნესმენი გუშინ გამოკითხვაზეც იმყოფებოდა, გამოჰკითხეს ბესო ცეცხლაძეც.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრის განმარტებით, კი „აეროპორტის გზატკეცილზე 259ბ-ში პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობაზე მონიტორინგის მიზნით გასულ მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფს მოქალაქეთა ნაწილმა საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით წინააღმდეგობა გაუწია:
„აღნიშნული ობიექტი მუნიციპალური ინსპექციის მიერ ეტაპობრივად 10-ჯერ იქნა დაჯარიმებული მშენებლობის გაგრძელების ფაქტზე. დღეს, მორიგი აქტის შედგენის პროცედურას კი, მოჰყვა აღნიშნული ინციდენტი,“ – აღნიშნულია მუნიციპალური ინსპექციის წერილობით განმარტებაში.
ბიზნესმენი ამბობს, რომ მუნიციპალური ინსპექციის მაღალჩინოსანი მას კომერციულ ფართობს დაბალ ფასად სთხოვდა:
„დავა იყო ქონებაზე, კომერციული ფართობის დათმობას ითხოვდა, რაც ღირდა კვადრატული მეტრი 2 ათასი დოლარი, ის დამითმე 500 დოლარადო…“
ენმ- ის წევრები ასევე ითხოვენ, რომ ბესო ცეცხლაძემ მუნიციპალურ ინსპექციაში თანამდებობა დატოვოს:
„მისი სამსახური არის უსაფრთხოების სამსახური, წავიდეს და იარაღით ირბინოს უშიშროებაში. ბათუმის მერია არ არის შეიარაღებული ბანდების დაწესებულება, მოვითხოვთ დროულ რეაგირებას.“
11 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 3542 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 57 978 ტესტი კორონავირუსზე.
გასულ 24 საათში 64 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.
10 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.93% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.53%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 542 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა, აჭარაში – 187, იმერეთში – 558, ქვემო ქართლში – 182, შიდა ქართლში – 251, გურიაში – 85, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 276, კახეთში – 154, მცხეთა-მთიანეთში – 117, სამცხე-ჯავახეთში – 64, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 20.
„დავა იყო ქონებაზე, კომერციული ფართობის დათმობას ითხოვდა, რაც ღირდა კვადრატული მეტრი 2 ათასი დოლარი, ის დამითმე 500 დოლარადო…“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე, რომელმაც გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა მუქარის შემთხვევაზე.
ბიზნესმენის თქმით, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მოადგილე მას იარაღით დაემუქრა. გამოძიება მუქარის მუხლით მიმდინარეობს.
მუქარის სავარაუდო შემთხვევა დღეს, 10 დეკემბერს, აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა.
„დამინახა იქ ვიდექი და მოვიდა საქმის გასარჩევად, შემდეგ ამოიღო იარაღი და დამემუქრა, ვიდეოებიც არის გადაღებული… აპროტესტებდა იმას, რომ მუნიციპალური ინსპექციის ჯარიმებს ვასაჩივრებ და რამდენიმე სასამართლო დავა მოვუგე კიდეც. მას შემდეგ გადამეკიდნენ, როცა კომერციული ფართობი ბესარიონ ცეცხლაძეს არ დავუთმე,“ – ამბობს მერაბ ფარტენაძე.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მერაბ ფარტენაძე მუქარაზე საუბრობს.
ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე მაღაზიათა ქსელის, „ფარფურის“ მფლობელია. ის მუქარის შემთხვევაზე მიმდინარე წლის ივნისშიც საუბრობდა. მაშინ „ფარფურის“ 2 მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა, ხოლო მერაბ ფარტენაძე ამბობდა, რომ ქურდული სამყაროს ავტორიტეტის, „ენცოს“ სახელით ემუქრებოდნენ. მაღაზიებში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიებამ ერთი არასრულწლოვანი დააკავა.
მერაბ ფარტენაძის თქმით, მას ქონების შეღავათიან ფასად დათმობა მუნიციპალური ინსპექციის მოადგილემ, ბესარიონ ცეცხლაძემ დაახლოებით 2 წლის წინ მოსთხოვა.
„თვითონ არ უნდოდა, კლიენტები მომიყვანა და მაიძულებდა, რომ გამეყიდა ამ ფასად. ის კომერციული ფართობი ფარნავაზ მეფის ქუჩაზეა – დაახლოებით 450 კვადრატული მეტრი… დღეს რა შემთხვევაც იყო, ის ობიექტი საერთოდ არაა ჩემი, ჩემი მეგობრისაა, იაშა გოჩიტიძის, რომელიც ავტოსალონს აწყობს… იქ ვიდექი, როცა ბესარიონ ცეცხლაძემ მანქანიდან დამინახა და მოვიდა,“ – გვიყვება მერაბ ფარტენაძე.
ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრის განმარტებით, „აეროპორტის გზატკეცილზე 259 ბ-ში პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობაზე მონიტორინგის მიზნით გასულ მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფს მოქალაქეთა ნაწილმა საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით წინააღმდეგობა გაუწია, რასთან დაკავშირებითაც ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.
აღნიშნული ობიექტი მუნიციპალური ინსპექციის მიერ ეტაპობრივად 10-ჯერ იქნა დაჯარიმებული მშენებლობის გაგრძელების ფაქტზე. დღეს, მორიგი აქტის შედგენის პროცედურას კი, მოჰყვა აღნიშნული ინციდენტი,“ – აღნიშნულია მუნიციპალური ინსპექციის წერილობით განმარტებაში.
გამოძიება დაიწყო მუქარის მუხლით – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში შემთხვევაზე, რაზეც ბათუმელი ბიზნესმენი, მერაბ ფარტენაძე საუბრობს. ბიზნესმენის თქმით, მას ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ბესო ცეცხლაძე იარაღით დაემუქრა.
ბიზნესმენი ამ დროისთვის საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზეა.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრის განმარტებით, „აეროპორტის გზატკეცილზე 259ბ-ში პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობაზე მონიტორინგის მიზნით გასულ მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფს მოქალაქეთა ნაწილმა საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით წინააღმდეგობა გაუწია, რასთან დაკავშირებითაც ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.
აღნიშნული ობიექტი მუნიციპალური ინსპექციის მიერ ეტაპობრივად 10-ჯერ იქნა დაჯარიმებული მშენებლობის გაგრძელების ფაქტზე. დღეს, მორიგი აქტის შედგენის პროცედურას კი, მოჰყვა აღნიშნული ინციდენტი,“ – აღნიშნულია მუნიციპალური ინსპექციის წერილობით განმარტებაში.
სხვა კითხვებს დღეს ამ უწყებაში არ უპასუხეს.
ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე მაღაზიათა ქსელის, „ფარფურის“ მფლობელია. ის მუქარის შემთხვევაზე მიმდინარე წლის ივნისშიც საუბრობდა. მაშინ „ფარფურის“ 2 მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა, ხოლო მერაბ ფარტენაძე ამბობდა, რომ ქურდული სამყაროს ავტორიტეტის, „ენცოს“ სახელით ემუქრებოდნენ. მაღაზიებში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიებამ ერთი არასრულწლოვანი დააკავა.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სამსახურის ცნობით, გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
„საქართველოს ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ. მათ მიერ განხორციელებული სხვადასხვა სახის უკანონო ქმედება აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურობას“ – წერს უსაფრთხოების სამსახური.
მოსამართლე სალიხ შაინიძემ შენიშვნა მისცა ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომის დროს დაკავებულ ოთხივე პირს. 26 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე 4 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის გამო დააკავეს.
აქციაზე შეკრებილები აპროტესტებდნენ იმას, რომ ბათუმის ახალი ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცამაშინ, როცა ახალი საკრებულო უკვე არჩეული იყო.
„მოსამართლის გადაწყვეტილება ლმობიერი იყო,“ – ამბობს გია ხალვაში, რომელიც აქციაზე დააკავეს. იგი ყოფილი პოლიციელია და ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი. მას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, გაასაჩივრებს თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
გია ხალვაშის თქმით, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ის, რომ დაკავებულებიდან რომელიმე კანონს არღვევდა.
მოსამართლე სალიხ შაინიძემ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი, თუმცა მას აქციაზე დაკავებულები არ დაუჯარიმებია.
„ჩვენი ოჯახის 3 წევრი იყო კოვიდკლინიკაში. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ორმა მათგანმა მედიკამენტოზური მკურნალობა სახლშიც გააგრძელა. ექიმის დანიშნულებით როცა მივედი აფთიაქში, ფარმაცევტმა დაიანგარიშა და მითხრა, რომ ორივეს წამლებში 427 ლარი უნდა გადამეხადა.
შევეცოდე ფარმაცევტს და შემომთავაზა ზუსტად იმავე შემადგენლობის გერმანული წამლები. თითქმის 100 ლარით იაფი გამოვიდა. ეს ჩემთვის იყო შოკი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კოვიდინფიცირებულების ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა.
ერთი ოჯახის წევრები – ბათუმში მცხოვრები 60 და 86 წლის ქალები კორონავირუსით ოქტომბერში დაინფიცირდნენ. „გაგვიმართლა. მედპერსონალიც ძალიან ზრუნავდა ჩვენზე“, – გვითხრეს ქალებმა.
მადლიერების ნიშნად, რომ მათზე იზრუნეს, ისინი ითხოვენ არ დავასახელოთ კონკრეტული კლინიკა, სადაც მათ გამოუწერეს რეცეპტები, რომლებშიც ძირითადად ქართული წარმოების წამლების სავაჭრო სახელი ეწერა. მათ, უბრალოდ, ის აინტერესებთ, რატომ ღირს გერმანიიდან საქართველოში ჩამოტანილი წამლები უფრო იაფი, ვიდრე აქ წარმოებული, რომ არაფერი ვთქვათ თურქეთზე, სადაც საქართველოსთან შედარებით წამლები ბევრად უფრო იაფია.
წამლების ჩამონათვალი, რომლებიც კოვიდსაავადმყოფოს დატოვების შემდეგ ერთი ოჯახის 2 წევრს დაუნიშნა ექიმმა სამკურნალოდ
ბათუმის სხვადასხვა აფთიაქში ინფორმაციის გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ სინამდვილეა კოვიდგადატანილი მოქალაქეების მიერ მოთხრობილი ისტორია ერთი და იმავე შემცველობის გერმანული და ქართული წარმოების წამლების ფასებზე – რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, საქართველოში ქართული მედიკამენტი ბევრად ძვირი ღირს, ვიდრე გერმანული.
კიდევ ერთი კონკრეტული პაციენტის მაგალითზე თუ განვიხილავთ კოვიდის გადატანის შემდგომი მკურნალობისთვის გამოწერილი მედიკამენტების ფასებს, შემდეგ სურათს მივიღებთ – ამ პაციენტმა ქართული წარმოების წამლები იყიდა, რაშიც 155 ლარი გადაიხადა. თუ ექიმი მას იმავე შემადგენლობის, მაგალითად, გერმანული წარმოების მედიკამენტებს გამოუწერდა, მაშინ მას წამლებში 104 ლარი დაეხარჯებოდა.
რით მკურნალობენ კოვიდკლინიკებიდან წამოსვლის შემდეგ პაციენტები? – მედიკამენტების ჩამონათვალი მრავალფეროვანია. „ბათუმელებს“ ხელთ აქვს რამდენიმე პაციენტის ექიმის მიერ გამოწერილი დანიშნულების ფურცელი, სადაც თითქმის ყველა მედიკამენტი ქართული წარმოებისაა.
ერთ-ერთი პაციენტის რეცეპტი – მას ექიმმა მხოლოდ ქართული წარმოების მედიკამენტები გამოუწერა, რაც ბევრად ძვირია, ვიდრე იმავე შემცველობის გერმანული მედიკამენტები. ფასები აღებულია 10 დეკემბრის მონაცემებით
რატომ ღირს ერთი და იმავე დანიშნულების გერმანული წარმოების 500 მგ „აზინფექსინის“ სამი კაფსულა 18.71 ლარი, ხოლო ქართული წარმოების 500 მგ „აზიმაკის“ სამი კაფსულა 23.50 ლარი? ორივე მედიკამენტის შემადგენლობა ზუსტად ერთი და იგივეა.
[toggle title=”გერმანული და ქართული წარმოების წამლების შემადგენლობა”]
1. ლევო–დენკი 500მგ. ქვეყანა: გერმანია ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს, რაც 512.46 მგ ლევოფლოქსაცინ ნახევრად ჰიდრატის ეკვივალენტურია. დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტის შიგთავსი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ცელულოზა ფხვნილის სახით, პრეჟელატინირებული სახამებელი (სიმინდის), სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი, პოვიდონი K25, ნატრიუმ სტეარილ ფუმარატი
1. ვალმოქსი 500მგ. ქვეყანა: საქართველო 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატს, 500 მგ ლევოფლოქსაცინის ეკვივალენტურს. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Coating premix white: ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, საღებავი ტიტანის დიოქსიდი (E 171).
2. ეფცენ-150 #1კაფსულა. ქვეყანა: საქართველო შემადგენლობა: ფლუკონაზოლი – 50 მგ ან 150 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.
2. ფლუკონა-დენკი 150მგ#1კაფსულა ქვეყანა: გერმანია შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი 150 მგ. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
3. ჰიმოლიტ დუო #20ტ, ქვეყანა: ინდოეთი შემადგენლობა: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ფერმენტული აქტივობის 100000 Armour ერთეულს. გასუფთავებული კონცენტრატი, რომლის აქტივობა განისაზღვრება ტრიფსინის და ქიმოტრიფსინის სპეციფიკური აქტივობის შეფარდებით ექვსი ერთთან.
3. ბიფლაზიმი #20ტ. ქვეყანა: საქართველო შემადგენლობა: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: 300 ერთ. BP (14 მიკროკატალი) ქიმოტრიფსინი 300 ერთ. BP (5 მიკროკატალი) ტრიფსინი. დამხმარე ნივთიერებები: აეროსილი, დექსტრატი, მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სტეარინის მჟავა, აცეტონი, ცელაცეფატი, დიეთილფტალატი, სეპისპერსი ცისფერი K1009.[/toggle]
სპეციალისტები, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებიან, ამბობენ, რომ ზოგადად, წამლების მაღალ ფასს, კონკრეტულად კი უცხოური და ქართული წარმოების მედიკამენტებში ფასთა სხვაობას, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, მწარმოებლების, ექიმებისა თუ კლინიკების კეთილსინდისიერება და, ასევე, ბაზრის მოცულობაც.
საქართველოში დღეს დადგენილი თამაშის წესებით, ზოგიერთი ექიმი არის „წამლის ამომყიდველი სუბიექტი“. ზოგ შემთხვევაში ეს ექიმის დამსაქმებლის პოლიტიკაა, რომელსაც განსაზღვრული აქვს, რომელი მწარმოებლის წამალი უნდა გამოწეროს მასთან დასაქმებულმა ექიმმა. ზოგ შემთხვევაში კი ექიმები ამ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ.
ამის შესახებ ექიმები მათთვის სანდო გარემოში ღიად საუბრობენ, მაგრამ საჯაროდ თითქმის არასდროს.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ახლა უკვე პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი უფრო შორსაც მიდის და ამბობს, რომ ავადმყოფისთვის ერთდროულად გაუმართლებლად მრავალი წამლისა და სამკურნალო პროცედურის დანიშვნა საქართველოში გადაუჭრელი პრობლემაა.
რას ამბობს ექიმი ლევან ანთაძე
ბათუმში კლინიკა „მედალფას“ ყოფილი მენეჯერის, ექიმ ლევან ანთაძის თქმით, წამლის ფასწარმოქმნაში გადამწყვეტ როლს თამაშობს სამი ფაქტორი: ნულოვანი განაკვეთი იმპორტირებულ მედიკამენტებზე – ერთსა და იმავე რეჟიმშია ქართული და უცხოური წარმოება. საქართველოში ვერ აწარმოებ რომელიმე მედიკამენტს 10-20 მილიონი დოზით. მსხვილი მოთამაშეები კონკურენციის გარეშე არიან, რომელთაც შეუძლიათ ფასი აკონტროლონ და ასევე სამედიცინო წარმომადგენლები.
ვინ არიან სამედიცინო წარმომადგენლები, რომლებიც ფასებზე დიდ გავლენას ახდენენ? – ეს არიან ფარმაცევტული კომპანიების მიერ დაქირავებული ადამიანები, რომლებიც წამლების გასაღებაზე მუშაობენ.
სამედიცინო წარმომადგენლები ხვდებიან კლინიკების მენეჯერებს, ექიმებს ინდივიდუალურად და მათთან გარიგებას აფორმებენ პრინციპით – „რამდენსაც გაყიდი, იმდენს მიიღებ“. როგორც „ბათუმელებს“ ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის სამედიცინო წარმომადგენელმა უთხრა, მედიკამენტზე ფასნამატის დაახლოებით 30% სამედიცინო წარმომადგენლისა და ექიმის შემოსავალია.
საქართველოში მედიკამენტების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიები არიან: „პსპ ფარმა“, „გეფა“ (რომელიც ფლობს „ჯი პი სი-ს“ და „ფარმადეპოს“ ქსელებს) და „ავერსი“. ყველა მათგანი ასევე ფლობს როგორც კლინიკებს, ისე სააფთიაქო ქსელს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათთვის მუშაობენ სამედიცინო წარმომადგენლებიც.
ლევან ანთაძე ბათუმში ერთ-ერთ იმ კლინიკის მენეჯერი იყო, რომლის მესაკუთრე მედიკამენტებსაც აწარმოებს და ყიდის კიდეც. სწორედ ამიტომ ვკითხეთ მას, რამდენად ახდენს გავლენას წამლის ფასზე ეს გარემოება.
„მე ვმუშაობდი „ავერსის“ შვილობილ კომპანიაში, მაგრამ ნამდვილად არ ყოფილა სამედიცინო ქსელს და მწარმოებელ კომპანიას შორის დამოკიდებულება, რომ აუცილებლად მისი მედიკამენტი უნდა გაგვეყიდა. 8 წელი ვიყავი რეგიონული დირექტორი, ქსელში 4 საავადმყოფო და ერთი პოლიკლინიკა შემოდიოდა“.
ლევან ანთაძის შეფასებით, სამედიცინო წარმომადგენლები მუშაობენ პოლიკლინიკურ ქსელებზე, ოჯახის ექიმებზე, ანუ ამბულატორიულ პაციენტებზე ხდება ძირითადად ამ წამლების რეალიზაცია და არა კლინიკის პირობებში.
„კლინიკის პირობებში მე მქონდა იმის საშუალება, რომ კონკურენტული მედიკამენტი, თუნდაც სხვა წარმოების, მეყიდა და არ ვიყავი შეზღუდული“, – აცხადებს ბათუმის „მედალფას“ ყოფილი მენეჯერი.
ლევან ანთაძე
ლევან ანთაძის თქმით, ეს პრობლემა ბევრმა ქვეყანამ გამოიარა და მისი დაძლევა შესაძლებელია:
„ჩვენ სამედიცინო სისტემის განვითარების იმ ეტაპზე ვართ, რომ მაინც გვიწევს სამედიცინო წარმომადგენლების გამოყენება – ეს პირდაპირ მიბმულია ექიმის ფინანსურ დაინტერესებასთან. ეს ფაქტია და ამის დამალვას აზრი არ აქვს.
ეს არ არის 1-2 წლის პრობლემა, ეს 15-20 წლის პრობლემაა, ანუ ექიმს პირდაპირ მისი დანიშნული რეცეპტიდან უწევს ანაზღაურება: რამდენსაც გაყიდის, ანაზღაურებასაც შესაბამისად იღებს. ექიმი დაინტერესებულია არა ჯენერიკის, მოქმედი ნივთიერების, არამედ კონკრეტული წარმოების წამლის რეალიზებით, რამაც თავისთავად შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი წამლის დანიშვნა, რადგან ეს პირდაპირ მიბმულია მის ფინანსურ ინტერესთან“.
ლევან ანთაძის თქმით, სამედიცინო პერსონალსა და ექიმებთან სამედიცინო წარმომადგენლების ამ ურთიერთობის შეცვლას, ანუ წამლების რეალიზებიდან „ატკატების“ მიღების მახინჯი ფორმის აღმოფხვრას, დრო დასჭირდება.
რას ამბობს ექიმი ვახტანგ კალოიანი
კიდევ ერთ ცნობილ პრაქტიკოს ექიმს და „ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ვახტანგ კალოიანს ვკითხეთ, რა არის იმის მიზეზი, რომ ქართული წამლები ბევრად ძვირია, ვიდრე უცხოური მედიკამენტები?
ექიმის თქმით, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, ბაზრის მცირე მასშტაბი და ექიმებისა თუ კლინიკების კეთილსინდისიერება.
„გერმანია თუ თურქეთი ბევრად იაფია, მაგრამ იქ 60 მილიონისთვის აწარმოებენ წამალს და არა 2-3 მილიონისთვის. თუ შეადარებთ ქართულ მედიკამენტებს, რომლებიც ექსპორტზე გადის შუა აზიის ქვეყნებში, ისინი შედარებით იაფია. მაგალითად, „ავერსის“ მედიკამენტები, „ჯი ემ პი“-ს მედიკამენტები. ჩვენ რომ ვაწარმოებდეთ 20-მილიონიანი ბაზრისთვის, უფრო იაფი იქნებოდა.
ვახტანგ კალოიანი ასევე ერთ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას – რეცეპტი.
„ეთიკურია, რომ ექიმი ყოველთვის წერდეს მედიკამენტის მოქმედ სუბსტანციას. ვთქვათ, პაციენტს დაენიშნა „ამპიცილინი“, რომელიც შეიძლება იყოს 30 მწარმოებლის. ექიმი ვალდებულია დაუწეროს არა სავაჭრო ნიშნით… რეცეპტი ყოველთვის უნდა დაიწეროს მოქმედი სუბსტანციით და არა სავაჭრო სახელით. მერე პაციენტი გადაწყვეტს, რომელი შეიძინოს.
ავიღოთ ძალიან გავრცელებული „აზიმაკი“. ექიმმა რეცეპტში უნდა დაწეროს „აზიტრომიცინი“ – ეს არის მისი მოქმედი სუბსტანცია და პაციენტი „აზიმაკს“ იყიდის, „აზიმაკ ფორტეს“, „აზემაკ დენკს“ თუ „აზიმაკ როშეს“ – ეს მისი გადასაწყვეტია. როცა გიწერს პირდაპირ „აზიმაკ დენკს“, მიდიხარ და ყიდულობ „აზიმაკ დენკს“. როცა გიწერს „აზიტრომიცინს“, აფთიაქში მიდიხარ და ყველა შესაძლო ვარიანტს გეუბნებიან. ფარმაცია ვალდებულია, მომხმარებელს ყველა ვარიანტი შესთავაზოს და უთხრას მწარმოებლების შესახებ“.
რაც შეეხება ვერსიას, რომ შეიძლება ექიმმა წამლები არა საჭიროების, არამედ პირადი სარგებლის მიზნით დანიშნოს, ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ მას ეს არ სმენია და წარმოუდგენლადაც მიაჩნია: „ეგ რეალურად მკვლელობაა. მე არ გამიგია. რაც არ უნდა ცუდი ექიმი იყოს, მაგას არ იკადრებს.
პოლიპრაგმაზია ანუ ბევრი წამლის დანიშვნა, ზოგადად, არის პრობლემა, მაგრამ კვალიფიკაციის პრობლემაზე გადის, მტკიცებით მედიცინისა და განათლების პრობლემაზე. ბევრი არასაჭირო მედიკამენტის დანიშვნა, ეს მსოფლიო გამოწვევა, რასაც ებრძვიან რეგულაციებით, განათლებით. ძალიან დიდი ბრძოლაა ახლა, ანტიბიოტიკების გამოყენება რომ შემცირდეს“.
ვახტანგ კალოიანი
ვახტანგ კალოიანის თქმით, „უხეში ჩარევები, რომ რაღაც მედიკამენტი ლარი ღირდეს, ჩვენ სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა არ აქვს და როგორც საყოველთაო ჯანდაცვაში განიავდა ძალიან დიდი ფული, იგივე მოხდება ფარმაციაში. ხელმისაწვდომობა მოქალაქეებს უნდა გაეზარდოთ ქრონიკული მედიკამენტების მიმართ და ეს თავისუფლად შეიძლება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ეკონომიკური და ფინანსური ბერკეტების გამოყენებით და არა, ვთქვათ, ადმინისტრაციული ჩარევით. აქ კორუფციის რისკები, არაპატიოსანი რისკებიც მეტია“.
ექიმები – ლევან ანთაძე და ვახტანგ კალოიანი ამავე დროს ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენენ. „ბათუმელებმა“ არაერთგზის სცადა მოესმინა სხვა ექიმების პოზიციებიც იმის თაობაზე, რატომ არის უცხოური წამლები საქართველოში უფრო იაფი, ვიდრე ქართული. საჯაროდ არც ერთმა მათგანმა არ ისურვა საუბარი, კერძო საუბრებში კი მათი პოზიცია ძირითადად ემთხვევა ლევან ანთაძისა თუ ვახტანგ კალოიანის მოსაზრებებს.
რა არის მიზეზები?
სფეროში დასაქმებული ადამიანების გარდა „ბათუმელებმა“ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში სცადა გარკვევა, რა იწვევს მედიკამენტებზე ფასების ზრდას. უწყება მიუთითებს ხოლმე, რომ ჯანდაცვის სამინისტრო/ეს სააგენტო ფასებს არ აკონტროლებს/არ არეგულირებს. შესაბამისად, წლებია ამ კითხვაზე პასუხს აღნიშნული უწყებისგან ვერ ვიღებთ.
ამ კითხვაზე სხვადასხვა აქტორს სხვადასხვა პასუხი აქვს. მაგალითად, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები წლების განმავლობაში ლარში ფასების ზრდის ძირითად მიზეზად ვალუტის დევალვაციას ასახელებენ, პანდემიის პირობებში კი, დამატებით, ტრანსპორტირების ხარჯების ზრდას.
თუმცა, შესაძლოა, სხვა მიზეზებიც არსებობდეს. მაგალითად, მემარცხენე აქტივისტური გაერთიანება „ხმისთვის“ მომზადებულ პუბლიკაციაში მკვლევარი ვახტანგ ნაცვლიშვილი წამლების სიძვირის სამ მიზეზს თვლის:
წამლის ფასის დაურეგულირებლობა
ფარმაცევტული ბიზნესის კორუფციული გარიგებები ექიმებთან (იგივე არაეთიკური მარკეტინგი/სამედიცინო წარმომადგენლები)
ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ოლიგოპოლია (ანუ ბაზარზე რამდენიმე კომპანიის ურთიერთშეთანხმებული თამაში და მცირე ზომის კონკურენტების გარიყვა)
მანამ, სანამ სახელმწიფო უწყებები პრობლემის მოგვარებას შეუდგებოდნენ, საჭირო იყო სახელმწიფოს მხრიდან პრობლემის მიზეზების კვლევა – კონკრეტულად რა იწვევს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასების დადგომას – რომელიც ყველა მხრიდან შეაფასებდა არსებულ ვითარებას.
მსგავსი კვლევა – ფარმაცევტული ბაზრის გრძელვადიანი მონიტორინგი, 2018 წელს პარლამენტის დავალებით დაიწყო კონკურენციის სააგენტომ. მონიტორინგის პირველადი შედეგები 9 ნოემბერს გამოქვეყნდა. ანგარიშმა აირეკლა ფასის ზრდის სხვადასხვა აქტორის მიერ დასახელებული სხვადასხვა მიზეზი.
რას ამბობს კონკურენციის სააგენტო?
ამ სტატიაში კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში მითითებულ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შევჩერდებით.
სააგენტოს მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშის თანახმად, იმპორტირებული მედიკამენტების [ბაზარზე ძირითადად სწორედ იმპორტირებული მედიკამენტები იყიდება], საერთო ღირებულება ლარში მზარდია, დოლარში კი – ნაკლებად მზარდი.
წყარო: კონკურენციის სააგენტო
კერძოდ, 2015 წელთან შედარებით, 2020 წელს მედიკამენტების იმპორტის მოცულობა ლარში გაზრდილია 41%-ით, ხოლო ამერიკულ დოლარში – 7%-ით. შესაბამისად, სააგენტო ასკვნის, რომ იმპორტირებული მედიკამენტების ღირებულების ამგვარი ზრდა მეტწილად განპირობებულია ეროვნული ვალუტის გაუფასურებით.
გაძვირებული წამლები და მძიმე ხარჯები
წლებია სხვადასხვა დასახელების მედიკამენტის ფასი საქართველოს სააფთიაქო ქსელებში სტაბილურად იმატებს.
NDI-ის 2019 წლის ერთ-ერთი კვლევა აჩვენებდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ჯანდაცვის სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა მედიკამენტების ფასი იყო.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის 2021 წლის ივლისის ანგარიშის თანახმად, საქართველოში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის მიუხედავად, ჯიბიდან გაწეული სამედიცინო ხარჯები მოსახლეობას კვლავ ტვირთად აწვება.
ამავე ანგარიშის თანახმად, ჯიბიდან გადახდების საშუალო წილი საქართველოში 48%-ია, ეს მაჩვენებელი 18%-ით აღემატება ჯანმოს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს – 30%-ს.
ჯიბიდან გადახდების ყველაზე მაღალი წილი – 69% საშუალოდ – სწორედ მედიკამენტებზე მოდის (2018 წლის მონაცემები). შეძლებული ოჯახებისთვის ეს მაჩვენებელი ნაკლებია, თუმცა უღატაკეს ოჯახებში ჯიბიდან გადახდების წილმა იმავე წელს 90% შეადგინა.
ამასთან, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნახსენები კვლევის თანახმად, საქართველოში მაღალია ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები და ამის შედეგად გაღარიბების შემთხვევები.
„ოლიგოპოლია“?
კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ 3 ყველაზე მსხვილი კომპანიის საერთო წილი ბაზრის იმპორტის დონეზე სტაბილურად მაღალია. კერძოდ:
2016 წელი – 56.6%
2017 წელი – 69,3%
2018 წელი – 70%
2019 წელი – 68.8%
2020 წელი – 67.5%
კვლევა არ ასახელებს ყველა კომპანიას, თუმცა ესენი არიან: „პსპ ფარმა“, „გეფა“ (რომელიც ფლობს „ჯი პი სი-ს“ და „ფარმადეპოს“ ქსელებს) და „ავერსი“.
ეს გარემოება, ავტორების შეფასებით, „ქმნის შესაბამის ბაზრებზე/ურთიერთჩამანაცვლებელი პროდუქტების დონეზე შესაძლო დომინანტური მდგომარეობის მოცემულობას“.
ღარიბაშვილმა წამლების სიძვირეზე წელს უკვე მეოთხედ ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მზარდი სამოქალაქო უკმაყოფილების ფონზე, უკვე არაერთხელ ისაუბრა მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე და განაცხადა, რომ მთავრობა ვალდებულია, „დროული რეაგირება“ ჰქონდეს ამ პრობლემაზე.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მთავრობაში მედიკამენტების ფასების რეგულირებაზე საუბარი გააქტიურდა. გამოქვეყნდა კონკურენციის სააგენტოს ხანგრძლივი კვლევის შედეგებიც.
უცნობია, რას გეგმავს მთავრობა კონკრეტულად
ჯერჯერობით უცნობია საქართველოს მთავრობის კონკრეტული გეგმა. „ქართული ოცნება“, რომელიც 2012 წლის შემდეგ მმართველი ძალაა, ხელისუფლებაში ყოფნის მე-9 წელს, მხოლოდ ახლა აცხადებს, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, რათა მოსახლეობას წამლების ფასი მძიმე ტვირთად აღარ დააწვეს.
ირაკლი ღარიბაშვილი
თუმცა ეს კონკრეტული ნაბიჯებიც უცნობია – ჯანდაცვის სამინისტროში სულ ახლახან დაკომპლექტდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც წამლის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით შეიმუშავებს ინიციატივებს, რასაც, სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, საბოლოოდ საკანონმდებლო სახე მიეცემა.
„მედიკამენტების ფასის რეგულირება პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს, აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად, მოსამზადებელი სამუშაოები დავიწყეთ, რაც ფასისა და ხარისხის დარეგულირებას ისახავს მიზნად და თანხვედრაშია ევროპის კანონმდებლობასთან“, – აღნიშნა 16 ნოემბერს „ჯანმოს“ რეგიონულმა დირექტორმა, სილვიუ დომენტემ.
სამუშაო ჯგუფის წევრები და ჯანმოს ექსპერტები უშუალო ინიციატივებზე ჯერჯერობით მედიასთან კომენტარებს არ აკეთებენ.
საინტერესოა ისიც, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტართა რიგებში ირიცხება ერთ-ერთი იმპორტიორი კომპანია „გლობალფარმის“ მფლობელი, ანტონ ობოლაშვილი. მის მიერ შევსებული ოფიციალური დეკლარაციით, „გლობალფარმის“ ფლობის დამსახურებით პირადად ობოლაშვილმა 2020 წელს 1 218 917 ლარი გამოიმუშავა.
ფარმაცევტულ ბიზნესის წარმომადგენლები არიან ოპოზიციაშიც. მაგალითად, პარლამენტის წევრია სააფთიაქო ქსელ PSP-ს (ასევე, PSP დაზღვევის) დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი, რომელიც უკვე 5 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნებში ის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იყო, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრი გახდა. 2020 წელს კი ის ოპოზიციური პარტიების ბლოკით შევიდა პარლამენტში.
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, რომელიც 10 დეკემბერს აღინიშნება, საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. სახალხო დამცველი განცხადებაში შეეხო საქართველოში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებსაც.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა 12 სტაციონარის/თავშესაფრის და 15 ამბულატორიის მონიტორინგი განახორციელა.
„წინა წლების მსგავსად, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, უგულებელყოფილია პაციენტთა სამართლებრივი დაცვის გარანტიები.
დაწესებულებები ვერ აკმაყოფილებენ ქვეყანაში მოქმედ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მინიმალურ სტანდარტებსაც კი, არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა არ შეესაბამება საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს.
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არ არის გატარებული საკმარისი ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები. ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთათვის ქვეყანაში არ არის საკმარისად განვითარებული თემზე დაფუძნებული საცხოვრისები.
პაციენტებს წასასვლელი არსად აქვთ და შესაბამისად ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ხანგრძლივად უწევთ ყოფნა,“ – აცხადებს სახალხო დამცველი.