ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბსუ ბათუმში 120 საწოლზე გათვლილ საუნივერსიტეტო კლინიკას ააშენებს

11.12.2021 • 3933
ბსუ ბათუმში 120 საწოლზე გათვლილ საუნივერსიტეტო კლინიკას ააშენებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი არაუმეტეს 120 საწოლზე გათვლილი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის. უნივერსიტეტმა პროექტის შესყიდვაზე ტენდერი 100 ათასი ლარით გამოაცხადა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საწოლების რაოდენობა „შესაძლოა დაზუსტდეს/შემცირდეს პროექტირების დროს“.

საუნივერსიტეტო კლინიკა ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე უნდა აშენდეს. საპროექტო შენობა–ნაგებობა გათვალისწინებულია საუნივერსიტეტო სტაციონარისათვის.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, საუნივერსიტეტო სტაციონარი, ეს არის „სამედიცინო პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კუთვნილი, მრავალპროფილიანი, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე, კვალიფიციური ექიმებითა და აკადემიური პერსონალით დაკომპლექტებული სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, რომელშიც მიმდინარეობს დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება და სამეცნიერო კვლევა; საუნივერსიტეტო კლინიკა, იმავდროულად, წარმოადგენს რეფერალურ მრავალპროფილიან (მ.შ. პედიატრიულ) სტაციონარს.“

უნივერსიტეტის ინფორმაციით, სასწავლებელში ხორციელდება „ფიზიკური მედიცინის და სამედიცინო რეაბილიტაციის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და უნივერსიტეტი ამ მიმართულებით ამზადებს კადრებს, შესაბამისად კლინიკაში გათვალისწინებული უნდა იყოს რეაბილიტაციის ცენტრი. ასევე, ვინაიდან საუნივერსიტეტო სივრცეში ყურადღება ექცევა სამეცნიერო კველვების წარმართვას, საუნივერსიტეტო კლინიკაში უნდა გამოიყოს გარკვული სივრცე კლინიკური კველევებისთვის“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 18 დეკემბერს დაიწყება და 20 დეკემბერს დასრულდება. „ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარული დღეში უნდა მოხდეს არქიტექტურული ესკიზის წარმოდგენა. იმ შემთხვევაში თუ ესკიზი არ იქნა დამაკმაკოფილებელი დამკვეთისათვის ავტორს მიეცემა დამატებით 5 დღე კონკრეტული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

ტენდერში გამარჯვებულმა ესკიზური პროექტის შეთანხმების შემდეგ 50 კალენდარული დღის ვადაში, უნივერსიტეტს სრული პროექტი უნდა წარუდგინოს.

პირობის მიხედვით, „არქიტექტურული, კონსტრუქციული, საინჟინრო-გეოლოგიურ და სახარჯთაღრიცხვო ნაწილებზე ექსპერტიზა და შესაბამისი დადებითი დასკვნა შეიძლება წარმოდგენილი იყოს სერთიფიცირებული და შესაბამისი გამოცდილების იურიდიული, ან ფიზიკური პირის შესრულებით“.

ამ დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ განისაზღვრება საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობისთვის საჭირო თანხა და ვადები.

„იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩნდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გაუთვალისწინებელი დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა, ამ დამატებითი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა განხორციელდება ანაზღაურების გარეშე. პროექტირების პერიოდში საპროექტო დავალებით გაუთვალისწინებელი სამუშაოების დაპროექტების საკითხი წერილობით თანხმდება შემსყიდველთან.“ – აღნიშნულია ტენდერში.


ბათუმში ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობისას ოფიციალურად ითქვა, რომ ის საუნივერსიტეტო კლინიკა იქნებოდა. თუმცა, ეს ასე ვთქვათ პროფილი, ახალ კლინიკას აღარ აქვს.

ბათუმის რესპუბლიკურში ეს საკითხი სამი წლის წინ ასე განმარტეს: „ცოტა არასწორადაა აღქმული ეს საუნივერსიტეტო კლინიკის არსი. საუბარია კლინიკის ისეთი მუშა სტრუქტურის შექმნაზე, რომელშიც გარკვეული როლი აქვს აკადემიურ კომპონენტს. საუნივერსიტეტო კლინიკა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ის უნივერსიტეტს ეკუთვნის… ჩვენ და უნივერსიტეტი ვთანამშრომლობთ რამდენიმე წელია და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება, უბრალოდ, ახალ კორპუსში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ ყველა დეპარტამენტში იყოს სასწავლო ოთახები. ამასთან, შევეცდებით შევიძინოთ ისეთი აპარატურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გარდა სამედიცინო ფუნქციისა, შეასრულოს სწავლების ფუნქციაც“.

ახალ კლინიკას შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ მართავს. კლინიკამ ფუნქციონირება 2020 წლის აპრილში დაიწყო და ის ამ პერიოდიდან ძირითადად COVID 19-ის მართვაშია ჩართული.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: