მთავარი,სიახლეები

ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ჯუმბერ ბეჟანიძე ასრულებს

13.12.2021
ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ჯუმბერ ბეჟანიძე ასრულებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ამჯერად ჯუმბერ ბეჟანიძე ასრულებს. უცნობია, როდემდე იქნება ის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბათუმის სასამართლოში თავმჯდომარის დანიშვნას არ ჩქარობს.

2016 წლიდან 2021 წლის აგვისტომდე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი იყო. ის სამუშაოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადავიდა. აგვისტოდან სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას მოსამართლე დავით კეკენაძე ასრულებდა, რომელიც უკვე პენსიაში გავიდა.

რატომ არ ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს? – საბჭოს პრესცენტრში განმარტეს, რომ კანონი არ აწესებს კონკრეტულ ვადას თავმჯდომარის დასანიშნად, ხოლო თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება ჯუმბერ ბეჟანიძეს დაეკისრა.

„უახლოეს პერიოდში საბჭო იმსჯელებს ამ საკითხზე, კონკრეტულ თარიღს ვერ გეტყვით,“ – გვითხრეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში.

ჯუმბერ ბეჟანიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა 1999 წლიდან. 2004 წელს ის ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეც გახდა, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2005 წლის 16 აგვისტოს, იგი უშუალოდ პრეზიდენტის დადგენილებით გაათავისუფლეს. 2008 წელს ჯუმბერ ბეჟანიძე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გახდა, 2009 წლიდან კი, ჯუმბერ ბეჟანიძე ისევ ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა.

2019 წლიდან ჯუმბერ ბეჟანიძე უვადო მოსამართლედ გაამწესეს.

ამ დროისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში სულ 10 მოსამართლეა, მათ შორის, 3 მოსამართლე განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მოსამართლეობისთვის თავის დანებებას აპირებს თამარ ბეჟანიშვილი, თუმცა ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დაგვიდასტურეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: