მთავარი,სიახლეები

როცა მუშაობ, მაგრამ საკუთარი თავისთვის ვერაფერს იმეტებ I VIDEO

11.12.2021
როცა მუშაობ, მაგრამ საკუთარი თავისთვის ვერაფერს იმეტებ I VIDEO

60 წლის პენსიონერი, ლიანა ცინცაძე წლებია გარე მოვაჭრეა. ბავშვობაში დედას ეხმარებოდა ვაჭრობაში, დღეს კი სრულიად მარტოა დახლთან და ყვავილებს, სანთლებსა და სხვა წვრილმანებს ყიდის ყოველდღე.

საკუთარი თავისთვის ფულს ვერასდროს იმეტებს, არ ახსოვს, ბოლოს რა ნივთი შეიძინა. დიდი ხანია უნდა ინახულოს შვილები, რომლებიც არ ცხოვრობენ ბათუმში, მაგრამ ვერ ახერხებს. ლიანა ამბობს, რომ მოგზაურობა მისთვის სახიფათოა, რადგან გული აწუხებს.

ლიანა ცინცაძის დღე ადრე დილით იწყება, სახლიდან ვაჭრობის ადგილას ეზიდება გასაყიდ ნივთებსა და მცენარეებს. ლიანას კუთხის თაროები ერთმანეთზე დაწყობილი მუყაოსა და ხის პატარ-პატარა ყუთებია. დახლის მოწყობის შემდეგ ლიანა პატარა სკამში მოკალათდება და გამვლელ-გამომვლელის თვალიერებას იწყებს, გვიან ღამემდე ელოდება მყიდველს.

ლიანას განსაკუთრებით ახარებს, როცა მცენარეებს ყიდულობენ მისგან. უამრავ რჩევას აძლევს ყვავილების მყიდველებს, თუ როგორ უნდა მოუარონ, გაზარდონ და გაახარონ მცენარეები.

ბათუმში ხშირად წვიმს. ლიანა თავის დახლს ცელოფნით ფარავს, თუმცა ეს არ არის საკმარისი წვიმისა და ქარის შესაკავებლად. ხშირად სველდება და სცივა. ამბობს, რომ ბევრი ტანსაცმლის ჩაცმა არ შველის სიცივეს, განსაკუთრებით ბათუმურ თავსხმა წვიმაში.

ლიანა „ბათუმელებს“ თვის მთავარ საზრუნავზეც ესაუბრა, ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და მუდმივი მასაჟი სჭირდებათ, სახელმწიფო პროგრამით სარგებლობენ, მაგრამ არ არის საკმარისიო.

როგორც ქალი ამბობს, კერძო მასაჟი აქამდე 40 ლარი ღირდა. წუხს, რომ შეიძლება ახლა კიდევ უფრო გაძვირდა. „არადა, ბავშვების ფიზიკური განვითარებისთვის გამოსავალი მხოლოდ ეს არის – მასაჟი“.

ლიანას სხვა არაერთი სადარდებელიც აქვს – წამლების ფასებზე სწუხს. ამბობს, რომ წამალი მასაც სჭირდება და ბავშვებსაც. „სოციალური კი აქვთ ბავშვებს, მაგრამ ჭამა ხომ უნდათ? წამალი რითი ვიყიდოთო?“

ბოლოს რა იყიდეთ თქვენთვის და როდის? – ეს იყო კითხვა, რაზე პასუხის გაცემა ყველაზე მეტად გაუჭირდა ლიანას. ამბობს, რომ 1-2-ლარიანი „ნასკის“ ყიდვის უფლებას თუ მისცემს საკუთარ თავს, სხვა რამ კი წლებია არ შეუძენია.

კიდევ ერთი კითხვა, რომელმაც პენსიონერ ქალს საფიქრალი გაუჩინა, იყო მოგზაურობაზე თუ უოცნებია – სხვადასხვა ქვეყანაში წასვლასა და დათვალიერებაზე. თქვა, რომ არა – ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, ახლო-მახლოში თუ გადავალ, ეგ არის ჩემი მოგზაურობაო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: