ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აღარ მართავს

12.12.2021 • 3052
ბათუმის ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აღარ მართავს

ბათუმის ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აღარ მართავს. აჭარის მთავრობამ საავადმყოფო მართვაში ა[ა]იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ გადასცა.

ბათუმის ახალ კლინიკას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2020 წლის 14 აპრილიდან მართავდა, თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მართვის უფლების გადაცემაზე 2021 წლის 20 ოქტომბრის შეთანხმებით გაუქმდა.

ახალ შეთანხმებაში აღნიშნულია: „მხარეებმა [აჭარის სამინისტროებმა] განაცხადეს, რომ შეთანხმება ზუსტად გამოხატავს მათ ნებას“ და „ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ“.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ 100 პროცენტი წილი მართვის უფლებით საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს 2021 წლის 21 ოქტომბრიდან გადაეცა. თავის მხრივ, სამედიცინო ჰოლდინგს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მართავს.

შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ 100 პროცენტი წილი, დოკუმენტების მიხედვით, ამ დროისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რჩება.

ბათუმის ახალი კლინიკის საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის გადაცემაზე საუბარი 2019 წლის ბოლოს დაიწყო:

[blue_box]ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს მთავრობის ახალ ა[ა]იპ-ს გადაეცემა

მოგვიანებით, 2020 წლის მარტში, ცნობილი გახდა, რომ ბათუმის კლინიკა ჰოლდინგს იმ დროისთვის არ გადაეცემოდა, თუმცა მაშინ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ამ ჰოლდინგში აუცილებლად შევიდოდა“.

აჭარის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტმა აჭარის მთავრობას მოუწოდა პანდემიის პრევენციის მიზნით დაფინანსება გაეზარდა.

„COVID19 გავრცელების პრევენციის მიზნით განსახორციელებელი საჭირო ღონისძიებისათვის მიზნობრივი დაფინანსების შემცირება, ყოველდღიურად COVID19-ით ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, არამართებულია და საჭიროებს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში აღნიშნული მუხლის ზრდას,“ – აღნიშნულია კომიტეტის შენიშვნაში.

„2021 წლის 21 ოქტომბერს საავადმყოფო მართვის ფუნქციით გადაეცა ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს, ხოლო არსებული კოვიდსიტუაციის გათვალისწინებით რეგიონში ფუნქციონირებს 2 კოვიდსასტუმრო და 1 საკარანტინე სივრცე, რის გამოც 2022-2025 წწ პროგრამის ბიუჯეტი შემცირებულია“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის პასუხში.

უმაღლესი საბჭოს შენიშვნების საპასუხოდ მომზადებულ დოკუმენტში აჭარის მთავრობა ასევე აღნიშნავს, რომ „რეგიონში ვაქცინაციის დონე ყველაზე მაღალია. სამიზნე მოსახლეობის 60% უკვე აცრილია. შესაბამისად აჭარაში შემცირებულია ინფიცირების შემთხვევები და ასევე, ინფიცირებულ პირთაგან კოვიდსასტუმროში განთავსებაზე მომართვიანობაც“.

„თუ ახალი შტამებით სიტუაცია რადიკალურად არ დამძიმდება, ამ ეტაპზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პროგრამის – „ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებები“ 2022 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 3 მილიონი ლარით.

რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ვირუსის გავრცელების არასტაბილური ფაქტორი. მომავალ წელს კოვიდის მასშტაბის და გავრცელების პროგნოზირება ამ ეტაპზე შეუძლებელია და არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს რაიმე ტიპის პროგნოზი გამოქვეყნებული, ამიტომაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აღნიშნული საკითხის მიმართებაში იმოქმედებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან და აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით, სიტუაციის შესაბამისად,“ – აცხადებს აჭარის მთავრობა.

____________________________

ბათუმში ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობისას ოფიციალურად ითქვა, რომ ის საუნივერსიტეტო კლინიკა იქნებოდა. თუმცა ეს მიმართულება ახალ კლინიკას აღარ აქვს.

ახალმა კლინიკამ ფუნქციონირება 2020 წლის აპრილში დაიწყო და ის ამ პერიოდიდან ძირითადად COVID 19-ის მართვაში იყო ჩართული.

რამდენიმე დღის წინ კი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაცხადა ტენდერი, რომლითაც უნივერსიტეტი არაუმეტეს 120 საწოლზე გათვლილი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის.

ბსუ-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საწოლების რაოდენობა „შესაძლოა დაზუსტდეს/შემცირდეს პროექტირების დროს“.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/379989/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: