მთავარი,სიახლეები

შშმ პირებს რეგიონებში ეტლი, ყავარჯენი თუ სმენის აპარატი ადგილზე არ მიეწოდებათ

23.11.2021 • 1888
შშმ პირებს რეგიონებში ეტლი, ყავარჯენი თუ სმენის აპარატი ადგილზე არ მიეწოდებათ

შშმ პირებს სახელმწიფო პროგრამით შეძენილი ეტლი, ყურსასმენი ან სხვა აუცილებელი ნივთები ადგილზე არ მიეწოდებათ. მაგალითად, თუ შშმ პირი სოფელში ცხოვრობს, ის იძულებულია ნივთის მისაღებად თბილისში ან ბათუმში ჩავიდეს და ჩამოიტანოს.

ამ პრობლემაზე „ბათუმელებს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ კონსულტანტი დეა ერემაშვილი ესაუბრა.

„მაგალითად, ქედაში ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც ორი არასრულწლოვანი შშმ შვილი ჰყავს და ორივეს სჭირდება ეტლი.

ეტლი რომ აიღოს, ამისთვის ბათუმში უნდა ჩამოვიდეს და ჩამოიტანოს. ქედის მუნიციპალიტეტი არ ეხმარება ტრანსპორტირებაში. გარდა იმისა, რომ ამ ადამიანისთვის დამატებითი ხარჯია ბათუმში ჩასვლა, ბავშვებსაც ვერ ტოვებს და ამდენი ხანია ამის გამო ვერ იღებს ეტლებს.

სოფლიდან ჩამოსვლა და ორი ეტლის ატანა კიდევ ცალკე ხარჯია, რადგან ტრანსპორტი უნდა იქირაო. ამ პროცესში შუამავალი რგოლის ფუნქციას მუნიციპალიტეტი ან სხვა რომელიმე უწყება არ ასრულებს.

წელიწადში დაახლოებით 100 შშმ პირია, ვინც დროულად ვერ იღებს ადგილზე მისთვის აუცილებელ ნივთებს“, – ამბობს დეა ერემაშვილი.

დეას თქმით, იყო შემთხვევა, როცა 30-ლარიანი ყავარჯნის ასაღებად შშმ პირს თბილისში უწევდა ჩასვლა. „წარმოიდგინეთ, გზაში უნდა დახარჯოს მინიმუმ 60-70 ლარი, რომ ჩამოიტანოს 30-ლარიანი ყავარჯენი. ეს რეალურია? ბოლოს მე დამიკავშირდა ჯანდაცვის სამინისტრო და მთხოვა, რომ დავხმარებოდი“, – ამბობს დეა.

მისი თქმით, შშმ პირებისთვის შეძენილი ნივთები, იქნება ეს მექანიკური ეტლის, სმენის აპარატების, ყავარჯნების თუ სხვა მნიშვნელოვანი ნივთების ტრანსპორტირება არ არის გათვალისწინებული შესყიდვის ბიუჯეტში. ეს პრობლემა ძირითადად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებით შეძენილ აღჭურვილობებს ეხება.

„ელექტრო ეტლების ადგილზე მიწოდების და მორგების საკითხი მოგვარებულია, თუმცა მექანიკური ეტლების შემთხვევაში მიწოდების თანხა არ არის გათვალისწინებული“, – გვეუბნება დეა.

როგორც დეა ამბობს, ანალოგიური პრობლემაა სმენის აპარატების შესყიდვის დროსაც.

„მაგალითად, ჩემი ოჯახის წევრს აქვს სმენის პრობლემა, ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა აპარატს და მე ჩავიტანე თბილისში გასასწორებლად,  მივიტანე პაციენტის გარეშე და აუდიოგრამით ხვეწნა-ხვეწნით გავასწორებინე, რისთვისაც 3 დღე დამჭირდა.

ახლა წარმოიდგინეთ შშმ პირი, რომელიც არ მუშაობს და 100-ლარიანი პენსიის პირობებში უნდა წავიდეს თბილისში: შეიძლება ექიმმა იმ დღეს ვერ მიიღოს, უნდა დარჩეს 2-3 დღე და დაბრუნდეს უკან. ეს ხომ დიდი ხარჯია ამ ადამიანისთვის, არა?

წესით, სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს, რომ რეგიონებში ადგილზე უნდა ხორციელდებოდეს სერვისი – სახელმწიფო, როგორც საერთაშორისო კონვენციით, ასევე შშმ პირთა კანონით ვალდებულია, სახლთან ახლოს მომაწოდოს სერვისი.

შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ და რეგიონში გაცემულ ვაუჩერზე დაამატოს 20-30 ლარი, მწარმოებელმა ადგილზე რომ მიაწოდოს პროდუქცია შშმ პირს“, – ამბობს დეა ერემაშვილი.

დეას თქმით, ძალიან ბევრი შშმ პირი უმუშევარია, ამიტომ 40, 60 ლარი მათთვის რთული მოსაძიებელია.

„გასულ წელს აჭარაში 20 შშმ პირს დასჭირდა სერვისების მიწოდება და იგივე მდგომარეობაა ყოველ წელს.

ჩვენ აჭარაში გვაქვს ის პრივილეგია, რომ აჭარის პროგრამები გვეხმარება სხვადასხვა სერვისის შევსებაში, მაგრამ ქუთაისს, ზუგდიდს ან სხვა რეგიონს ხომ არ აქვს იგივე პრივილეგიები, არა? სხვა რეგიონებში მცხოვრებ შშმ პირებს, ყველას თბილისში უწევს ამ აუცილებელი ნივთებისთვის ჩასვლა და ჩამოტანა“, – გვეუბნება დეა.

დეას თქმით, გამოსავალი ერთია – ან მუნიციპალიტეტებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე ცენტრალური პროგრამით შეძენილი ნივთების ადგილზე მიწოდება, ან ცენტრალური ბიუჯეტიდან შესყიდვის თანხას უნდა დაემატოს ადგილზე მიწოდების ხარჯი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: