მთავარი,სიახლეები

ბიზნესმენის თქმით, 2 ათას დოლარად ღირებულ 1 კვადრატს, მერიის მოხელე ხუთასად სთხოვდა

10.12.2021 • 9834
ბიზნესმენის თქმით, 2 ათას დოლარად ღირებულ 1 კვადრატს, მერიის მოხელე ხუთასად სთხოვდა

„დავა იყო ქონებაზე, კომერციული ფართობის დათმობას ითხოვდა, რაც ღირდა კვადრატული მეტრი 2 ათასი დოლარი, ის დამითმე 500 დოლარადო…“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე, რომელმაც გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა მუქარის შემთხვევაზე.

ბიზნესმენის თქმით, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მოადგილე მას იარაღით დაემუქრა. გამოძიება მუქარის მუხლით მიმდინარეობს.

მუქარის სავარაუდო შემთხვევა დღეს, 10 დეკემბერს, აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა.

„დამინახა იქ ვიდექი და მოვიდა საქმის გასარჩევად, შემდეგ ამოიღო იარაღი და დამემუქრა, ვიდეოებიც არის გადაღებული… აპროტესტებდა იმას, რომ მუნიციპალური ინსპექციის ჯარიმებს ვასაჩივრებ და რამდენიმე სასამართლო დავა მოვუგე კიდეც. მას შემდეგ გადამეკიდნენ, როცა კომერციული ფართობი ბესარიონ ცეცხლაძეს არ დავუთმე,“ – ამბობს მერაბ ფარტენაძე.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მერაბ ფარტენაძე მუქარაზე საუბრობს.

ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე მაღაზიათა ქსელის, „ფარფურის“ მფლობელია. ის მუქარის შემთხვევაზე მიმდინარე წლის ივნისშიც საუბრობდა. მაშინ  „ფარფურის“ 2 მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა, ხოლო მერაბ ფარტენაძე ამბობდა, რომ ქურდული სამყაროს ავტორიტეტის, „ენცოს“ სახელით ემუქრებოდნენ. მაღაზიებში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიებამ ერთი არასრულწლოვანი დააკავა.

მერაბ ფარტენაძის თქმით, მას ქონების შეღავათიან ფასად დათმობა მუნიციპალური ინსპექციის მოადგილემ, ბესარიონ ცეცხლაძემ დაახლოებით 2 წლის წინ მოსთხოვა.

„თვითონ არ უნდოდა, კლიენტები მომიყვანა და მაიძულებდა, რომ გამეყიდა ამ ფასად. ის კომერციული ფართობი ფარნავაზ მეფის ქუჩაზეა – დაახლოებით 450 კვადრატული მეტრი… დღეს რა შემთხვევაც იყო, ის ობიექტი საერთოდ არაა ჩემი, ჩემი მეგობრისაა, იაშა გოჩიტიძის, რომელიც ავტოსალონს აწყობს… იქ ვიდექი, როცა ბესარიონ ცეცხლაძემ მანქანიდან დამინახა და მოვიდა,“ – გვიყვება მერაბ ფარტენაძე.

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრის განმარტებით, „აეროპორტის გზატკეცილზე 259 ბ-ში პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობაზე მონიტორინგის მიზნით გასულ მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფს მოქალაქეთა ნაწილმა საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით წინააღმდეგობა გაუწია, რასთან დაკავშირებითაც ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

აღნიშნული ობიექტი მუნიციპალური ინსპექციის მიერ ეტაპობრივად 10-ჯერ იქნა დაჯარიმებული მშენებლობის გაგრძელების ფაქტზე. დღეს, მორიგი აქტის შედგენის პროცედურას კი, მოჰყვა აღნიშნული ინციდენტი,“ – აღნიშნულია მუნიციპალური ინსპექციის წერილობით განმარტებაში.

____

ფოტოზე: ბესარიონ ცეცხლაძე და მერაბ ფარტენაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: