მთავარი,სიახლეები

ვინ არის გერმანიის ახალი კანცლერი

11.12.2021 • 2721
ვინ არის გერმანიის ახალი კანცლერი

ანგელა მერკელის 16-წლიანი ეპოქის დასრულების შემდეგ, სოციალ-დემოკრატების, მწვანეებისა და თავისუფალ დემოკრატთა პარტიების კოალიციამ ოლაფ შოლცი აირჩია კანცლერად. პოლიტიკური კომენტატორების ნაწილის აზრით, ოლაფ შოლცმა გერმანელი ამომრჩეველი დაარწმუნა, რომ ანგელა მერკელს დაემსგავსებოდა და მის წარმატებაც სწორედ ამან განაპირობა.

როგორც მერკელისა და შოლცის გრძელვადიანი პოლიტიკური დამკვირვებელი, რობინ ალექსანდრე ხსნის, “შოლცი ჰგავს ფეხბურთელს, რომელიც სწავლობდა სხვა მოთამაშის ვიდეოებს და ამის მიხედვით ცვლიდა თავის თამაშს.”

63 წლის სოციალ-დემოკრატი შოლცი ნაცნობი სახეა გერმანიის პოლიტიკაში. იგი 20 წელზე მეტ ხანს მსახურობდა ჯერ შროდერისა და შემდეგ მერკელის მთავრობებში. ბოლოს ის  მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ფინანსთა მინისტრი იყო. 

  • გზა კანცლერობამდე

შოლცი დაიბადა ოსნაბრიუკში, ჩრდილოეთ გერმანიაში. გაიზარდა ჰამბურგში, ქალაქში, რომელშიც მოგვიანებით მერის პოსტზე მუშაობდა. ბაბუა რკინიგზელი იყო, მშობლები ტექსტილში მუშაობდნენ. ის და მისი ძმები იყვნენ პირველები ოჯახში, ვინც უნივერსიტეტში წავიდა.

ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლობდა, როცა სოციალ-დემოკრატებს შეუერთდა. ახალგაზრდა სოციალისტმა ათი წელი იმუშავა შრომითი უფლებების იურისტად და იცავდა მუშებს, რომლებსაც ქარხნების დახურვის გამო სამსახურის დაკარგვა ემუქრებოდათ.

სოციალ-დემოკრატების პარტიის გენერალური მდივნის, გერჰარდ შროდერის ადმინისტრაციაში მუშაობის დროს, შოლცი ისეთი ეფექტიანობით იცავდა შრომის ბაზრის მტკივნეულ რეფორმებს, რომ მას მეტსახელი “Scholzomat” (შოლცის ავტომატი) შეარქვეს.

2005 წელს შროდერის მთავრობა დამარცხდა და სოციალ-დემოკრატიული პარტია ანგელა მერკელის უმცროსი მმართველი პარტნიორი გახდა. 2007 წელს შოლცი დაინიშნა შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრად. 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, მან ხელი შეუწყო „მოკლევადიანი დასაქმების“ პროგრამის განხორციელებას. ამ პროგრამამ გერმანიას უმუშევრობის კატასტროფა ააცილა. 2011 წელს ის ჰამბურგის არჩევნებში სოციალ-დემოკრატებს წარუძღვა და 2011 წლიდან 2018 წლამდე ჰამბურგის მერად მსახურობდა. 2018 წელს ფინანსთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი გახდა.

2019 წელს შოლცმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეობა სცადა. ის პარტიის კონსერვატიულ ნაწილს წარმოადგენდა. აღიქმებდა პოლიტიკურ ქამელეონად და პრაგმატულ პოლიტიკოსად, რომელიც ადვილად იცვლის პოზიციას მარცხნიდან მარჯვნივ.

პოლიტიკური კომენტატორების აზრით, სწორედ ამან განაპირობა მისი დამარცხება პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში სასკია ესკენთან და ნორბერტ ვალტერ-ბორიანსთან, რომლებიც პარტიის უფრო მემარცხენე პოლიტიკას აძლიერებდნენ. 

მაგრამ 2020 წლის აგვისტოში სწორედ ესკენმა და ვოლტერ-ბორიანსმა წარადგინეს ის კანცლერობის კანდიდატად.

ზოგიერთი პოლიტიკური კომენტატორი, პარტიის მხრიდან შოლცის მიმართ პოზიციის ცვლილებას, პანდემიის დროს ასეულობით მილიარდი ევროს დახმარების მიზნით გამოყოფას შოლცს მიაწერს. 

  • როგორ პოლიტიკას უნდა ველოდოთ შოლცისგან?

ზოგი იმედოვნებს, რომ პანდემიის დროს ფინანსური მხარდაჭერის პოლიტიკაში მისი როლი და წინასაარჩევნო კამპანიაში რიგითი მოქალაქეების წინ წამოწევა იმის ნიშანია, რომ შოლცი, რომელიც აქამდე პოსტიდეოლოგიურ ცენტრისტად მიიჩნევდა თავს, შესაძლოა, უფრო რადიკალურ მემარცხენეობას დაუბრუნდეს.

შოლცი სკეპტიკურად უყურებს ბაიდენის პოლიტიკას. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ბაიდენის პოლიტიკა არის „უპირველესად ამერიკა“-ს უფრო თავაზიანი ვერსია. ამიტომ ენერგიას ევროკავშირის გაძლიერებაზე გაამახვილებს, ამბობენ მისი მრჩევლები.

რას უნდა ველოდოთ რუსეთთან მიმართებაში? Financial Times თანახმად, რუსეთი პირველ საგარეო პოლიტიკურ გამოცდას უწყობს გერმანიის მომავალ კანცლერს, ოლაფ შოლცს და მის „შუქნიშან კოალიციას“ –  სოციალ-დემოკრატების, მწვანეებისა და ლიბერალების მთავრობას. ეს იქნება ადრეული მინიშნება იმაზე, თუ როგორ გადაუხვევს ახალი მთავრობა მოთმინების დიპლომატიას და ანგელა მერკელის წლების განმავლობაში მხარდაჭერილი მდგრადი ჩართულობის პოლიტიკას.

„ევროკავშირში ანგელა მერკელის მსგავსად სხვას არავის შეეძლო ვლადიმერ პუტინთან გამკლავება უკანა არხებით“, – ამბობს კატრინ კლუვერ ეშბრუკი, გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დირექტორი.

მისივე აზრით, ეს ასევე გამოცდის იმ არგუმენტებს, რომლებიც ბერლინის საგარეო პოლიტიკის კრიტიკოსებმა შემოგვთავაზეს. კერძოდ, არგუმენტები ეხება თავისი გიგანტი მეზობლის მიმართ გერმანიის საუკუნოვან შიშებს, სენტიმენტებსა და დანაშაულის გრძნობას. ამ ყველაფრის გამო გერმანია ვერ ხედავს მოსკოვის რეალურ განზრახვებს.  

„გერმანიის ისტორიით განპირობებულმა რეფლექსებმა დაამახინჯა მისი შეხედულება რუსეთის შესახებ და გავლენას ახდენს მისი ქცევაზე“, – ამტკიცებს ჯონ ლაფი თავის ახალ წიგნში, „გერმანიის რუსული პრობლემა“.

გასულ თვეში გამოქვეყნებული კოალიციური კონტრაქტი ასახავს მწვანეთა უფრო მკვეთრ შეხედულებებს პუტინის პოლიტიკის საფრთხეებზე საერთაშორისო მშვიდობისა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის შესახებ. რუსეთთან ურთიერთობა, დიქტატორის წინააღმდეგ ბრძოლაში ბელორუსი ხალხის მხარდაჭერისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის შემდეგ მოდის. ეს ნიშნავს, რომ გერმანია აღიარებას ევროკავშირის პარტნიორების უსაფრთხოების უფრო ღრმა შეშფოთების.

„ჩვენ გავითვალისწინებთ საფრთხის განსხვავებულ აღქმას და ყურადღებას გავამახვილებთ რუსეთის მიმართ ევროკავშირის საერთო და თანმიმდევრულ პოლიტიკაზე“, – ნათქვამია განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია კონსტრუქციული დიალოგისა და ჩართულობის შესახებ. ის ბერლინს ავალდებულებს, „მიხედოს ორივე მხარის ინტერესებს“, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო უსაფრთხოებას – ფორმულირება, რომელიც ატარებს ეგრეთ წოდებულ Putinversteher-ს, ანუ პუტინის ჩურჩულის ანაბეჭდებს შოლცის პარტიაში.

კონტრაქტში არაფერია ნახსენები „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ შეჩერებაზე, როგორც ეს მწვანეებს სურდათ. ამის ნაცვლად, მილსადენის საკითხი გადაეცა გერმანიის ქსელის მარეგულირებელს, რომელსაც შეუძლია პროექტი დაამტკიცოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სრულად შეესაბამება ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობას, რომელიც მოითხოვს მილსადენის საკუთრების განცალკევებას და ფასების გამჭვირვალობას.

ამან გააძლიერა პროექტის კრიტიკოსების, განსაკუთრებით უკრაინის გაზის ოპერატორის იმედები,  რომელიც ბალტიის ზღვის მილსადენის გაგრძელების შემთხვევაში სატრანზიტო შემოსავლიდან მილიარდებს დაკარგავს.

შოლცმა, როგორც ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, შესაძლოა უკეთ გაუძლოს ბიზნესის ზეწოლას რუსეთის წინააღმდეგ უფრო ღრმა ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გერმანია იქცეს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ფოლადის შემაკავებელ ძალად.

საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით ადევნებს თვალს, რა პოზიციას დაიჭერს გერმანიის ახალი კანცლერი რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მიმდინარე კრიზისში. შოლცი გამოეხმაურა უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების მოძრაობას. მისი პოზიციაა რუსეთს „ძალიან ნათლად“ განუცხადოს, რომ უკრაინის მიმართ შემდგომი მუქარა მიუღებელია.

ახალმა კანცლერმა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებული დაძაბული სიტუაციაზე საუბრისას თქვა, რომ საჭიროა დეესკალაციის პრინციპების დაცვა. “ამაში შედის საზღვრების ხელშეუხებლობა. ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ იჭრება ისტორიის წიგნებში საზღვრების გადახაზვის მცდელობით”, – თქვა მან. – „ამიტომ, ძალიან, ძალიან ცხადი უნდა იყოს, რომ მიუღებელი იქნება, თუკი უკრაინას საფრთხე დაემუქრება“.

____

სტატია უცხოურ მედიაზე დაყრდნობით მოამზადა ნია კალანდაძემ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: